მთავარი,სიახლეები

ინგუშეთში რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული ფორუმის ჩატარება იგეგმება – რუსული მედია

05.06.2025
ინგუშეთში რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული ფორუმის ჩატარება იგეგმება – რუსული მედია

რუსული პროპაგანდისტული მედია „ინტერფაქსი“ წერს, რომ ინგუშეთში რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული ფორუმის ჩატარება იგეგმება.

„ინტერფაქსი“ წერს, რომ ინგუშეთის მეთაურმა, მახმუდ-ალი კალიმატოვმა, ინგუშეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარესთან, იური ბალაშოვთან, ქალაქ მაგასში გამართულ შეხვედრაზე განიხილა.

„მხარეებმა განიხილეს ინგუშეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, ასევე რეგიონში საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმის ჩატარება“, – წერს პროპაგანდისტული მედია, ინგუშეთის რესპუბლიკის მეთაურის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

„ინგუშეთი, თავისი მდიდარი ისტორიითა და კულტურით, შესანიშნავი პლატფორმა იქნება ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის. ჩვენ შევქმნით ყველა პირობას ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის პროდუქტიული დიალოგისთვის“, – განაცხადა კალიმატოვმა.

„ინტერფაქსის“ ცნობით, უახლოეს მომავალში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ღონისძიების თარიღებსა და პროგრამას განსაზღვრავს და „საერთაშორისო ფორუმის მთავარი აქცენტი კულტურულ გაცვლაზე, საგანმანათლებლო პროექტებსა და ახალგაზრდული მეწარმეობის მხარდაჭერაზე იქნება გამახვილებული“.

რუსული პროპაგანდისტული მედიის ცნობით ასეთი ფორუმი 2018 წელსაც ჩატარდა რუსეთში, კერძოდ მოსკოვში. კრემლის პროპაგანდისტი გამოცემა „სპუტნიკი“ წერს, რომ ამ ფორუმზე მოსკოვში საქართველოდან დაახლოებით 30-კაციანი დელეგაცია ჩავიდა, რომელშიც შედიოდნენ ექსპერტები, ჟურნალისტები, ბლოგერები, ახალგაზრდა მეწარმეები და სტუდენტები.

დელეგაცია საქართველოდან 2024 წელსაც მონაწილეობდა რუსეთის მიერ ორგანიზებულ „მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალზე“, რომელიც გასულ წელს ჩატარდა რუსეთის ფედერალურ ტერიტორიაზე „სირიუსი“, სოჭთან ახლოს.

_______________________________________________

მთავარ ფოტოზე კადრი 2018 წელს ჩატარებული რუსულ-ქართული ახალგაზრდული ფორუმიდან

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: