ანტიკორუფციულმა ბიურომ დაიწყო სოციალური სამართლიანობის ცენტრისა და მედიის განვითარების ფონდის საქმიანობის შესწავლაც.
ორივე ორგანიზაციას სასამართლოს დადგენილება 19 ივნისს ჩაჰბარდა.
მედიის განვითარების ფონდი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
„19 ივნისს მედიის განვითარების ფონდს ჩაჰბარდა სასამართლოს ბრძანება, რომლითაც გვეცნობა, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის შესწავლა დაიწყო.
იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთვის ხელმისაწვდომი დოკუმენტების საფუძველზე საქმის წარმოების და პერსონალური მონაცემების გასაჯაროების ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს, ჩვენ ყველა სამართლებრივ მექანიზმს მივმართავთ ამ გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად და რეპრესიული კანონმდებლობის განხორციელების შესაზღუდად.
მიმდინარე სამართლებრივი დავის, ასევე საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენების პრაქტიკის შესახებ ჩვენ საზოგადოების ინფორმირებას მუდმივად მოვახდენთ. მადლობა ყველას, ვინც ამ ბრძოლაში მხარდაჭერას გვიცხადებს”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
19 ივნისს მსგავსი დადგენილება მიიღო სოციალური სამართლიანობის ცენტრმაც. ორგანიზაციის შეფასებით, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ სამართალწარმოების პროცესის დაწყება მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს. სოციალური სამართლიანობის ცენტრი არ აპირებს გაჩერებას და პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისთვის.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი არ აპირებს გაჩერებას და ამავდროულად გამოიყენებს ყველა სამართლებრივ საშუალებას საკუთარი და სხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად. ამასთან, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი შრომა და ბრძოლა ადამიანის უფლებების, სოციალური კეთილდღეობისა და დემოკრატიის დასაცავად გაგრძელდეს.
ამავდროულად, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი საადვოკატო და უფლებადაცვითი საქმიანობის ფარგლებში მიღებულ პროფესიულ საიდუმლოებას და არ გავამხელთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ასობით ადამიანის, მათ შორის, ქალების, ბავშვების, შშმ პირების, მშრომელების, ქვიარების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, უცხოელების, გარემოსდამცველების, პატიმრების, სასულიერო პირების პირად ცხოვრებას […]
ჩვენ ვიტოვებთ იმედს, რომ ავტორიტარიზმის მძიმე კონტექსტისა და რეპრესიული კანონმდებლობის მიუხედავად, გვექნება შესაძლებლობა გავაგრძელოთ ჩვენი მუშაობა და ბრძოლა სამართლიანი, თანასწორი და თავისუფალი საქართველოსთვის“, – აცხადებს ორგანიზაცია.
18 ივნისს ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ [სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო, საფარი, მომავლის აკადემია, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი] განაცხადა, რომ მათ წინააღმდეგ უკვე დაიწყო რუსული კანონების აღსრულება.
კერძოდ, 17 ივნისს მოსამართლეებმა ამ ორგანიზაციებს ოფიციალურად მოსთხოვეს ანტიკორუფციული ბიუროსთვის ბოლო 17 თვის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გადაცემა. მათ შორის ისეთის, რომელიც განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს შეიცავს, როგორიცაა ორგანიზაციების ბენეფიციართა შესახებ სენსიტიური ინფორმაცია, ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციის და მიმოწერის ამსახველი ინფორმაცია.
ამავე თემაზე:
მიმოწერები, ფოტო-ვიდეო, ბენეფიციარების ინფორმაცია – რას ითხოვს ანტიკორუფციული 5 ორგანიზაციისგან






