„ოცნებას“ უნდა იმ ტიპის გამარჯვება, როდესაც მისი ოპონენტებიც აღიარებენ არჩევნების შედეგებს. გახარიაც და ხაზარაძეც ან უნდა დაითანხმოს ამ თამაშის წესებზე, თუ ვერ დაითანხმა, შეიძლება გახარია დაიჭიროს, ხაზარაძე კი იმდენად დაასუსტოს შიგნიდან, რომ დიდი აზრი არ ჰქონდეს. ან რაღაც მეთოდებით აიძულოს რომ ქვეყნიდან წავიდეს“ – ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.
მას „ბათუმელები“ ესაუბრა თემაზე – რა სტრატეგიით და მიზნით ებრძვის ივანიშვილი ოპოზიციას საქართველოში.
- ბატონო გია, ოპოზიციური პარტიების თითქმის ყველა ლიდერი დაკავებულია, ფაქტობრივად მხოლოდ გახარია და ხაზარაძე არიან გარეთ, ანუ იმ პარტიების ლიდერები, რომლებიც აპირებენ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას. ამავე დროს, მათი დაკავების რისკები მაინც არსებობს. თქვენი აზრით, რატომ? რას ელოდება ივანიშვილი, მაგალითად, გახარიასგან?
ივანიშვილის მიზანი არის რუსული ტიპის ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრება, სადაც არის ერთი დომინანტური პარტია და ე.წ „სუვერენული დემოკრატიის“ ფარგლებში რამდენიმე სატელიტი, როგორც რუსეთშია. ვითომ დემოკრატია. პრინციპში, შეკვეთა მოსკოვიდანაც ასეთია და თვითონაც მოსწონს ეს ივანიშვილს.
მასზეა მორგებული „სუვერენული დემოკრატიის“ საფარქვეშ რეალური ავტორიტარიზმის დამკვიდრება.
ავტორიტარიზმის დამკვიდრების ერთ-ერთი ეტაპი, ანუ, ასე ვთქვათ, პირველი ფაზა, გულისხმობს ინსტიტუტების მთლიანად გაუქმებას და ერთ ვერტიკალში განთავსებას. ეს ეტაპი გაიარეს უკვე, რადგან ინსტიტუტები აღარ არსებობს ქვეყანაში, ერთი კაცის მიერ კონტროლდება ყველა და ყველაფერი. მეორე ეტაპი ეს არის დიქტატურა, როდესაც იწყება ალტერნატიული პოლიტიკური და სამოქალაქო აზრის და ქმედების აღკვეთა და ჩვენ ამ ეტაპზე ვიმყოფებით ახლა.
ამის ფარგლებში ივანიშვილს აქვს ძალიან მარტივი ამოცანა, რომ ან არსებული პარტიები უნდა მოათვინიეროს და დაითანხმოს ამ მოდელზე, ანუ სატელიტობაზე უნდა მოაწერონ ხელი და თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, მაშინ უნდა გაიყვანოს პოლიტიკური სივრციდან და შემოიყვანოს ისეთი მოთამაშეები, რომლებიც ამ თამაშის წესებს დათანხმდებიან.

გია ხუხაშვილი
- თქვენ ფიქრობთ, რომ გახარიასგან სატელიტის შექმნა უნდათ?
გახარიასგანაც და ხაზარაძისგანაც. თუ არ დათანხმდებიან, მაშინ უნდა გაიყვანოს ველიდან სხვადასხვა მეთოდით, – ვიღაც ქვეყნიდან გააძევოს, ვიღაც დაიჭიროს. მისი ამოცანაა მოათვინიეროს და მოასუფთაოს პოლიტიკური სივრცე, შემოიყვანოს „გირჩი“ და ვიღაც სხვა პარტიები.
ის, რომ მორალური ბარიერი არ აქვთ, ეს ვიცით დიდი ხანია, რადგან მთლად თავიანთი წიაღიდან დანიშნეს პარლამენტში „ოპოზიცია“. ასეთ მაიმუნობასა და მამაძაღლობაში არიან.
- სატელიტის შექმნა „ოცნებას“ ისედაც არ გაუჭირდება და მაშინ რატომ სჭირდება ამ პარტიების „მოთვინიერება“?
ურჩევნია არსებული. აი, როგორც რუსეთში მოხდა, რუსეთში პუტინმა მოახერხა არსებული, ტრადიციული პარტიების მოთვინიერება, დათანხმება. მოუზომა თავისი ბოსტნები, დაითანხმა ისინი ამ თამაშზე და ერთგვარად ნატურალური სურათი შექმნა ამ სუვერენული დემოკრატიის.
ამიტომ გრძელდება ჯერ პრესინგი ოპოზიციურ პარტიებზე, რომ იქნებ კიდევ მოახერხოს და ვიღაც დაითანხმოს.
- აქამდე სულ გვესმოდა და პროპაგანდაც ამაზე მუშაობდა პრინციპში, რომ „ოპოზიციას არაფერი შეუძლია“, რომ ისინი ვერც პროტესტის ლიდერები გახდნენ, ვერც ხმები დაიცვეს და ასე შემდეგ. თუ ასეთი უსუსურია ოპოზიცია, რატომ ეშინია მათი ლიდერების გარეთ ყოფნის ივანიშვილს?
ნახეთ, რა ხდება – ამ მეორე ფაზის ე.წ. დედლაინი არის ადგილობრივი არჩევნები. ამ არჩევნების მეორე დღეს, ფაქტობრივად, „სუვერენული დემოკრატია“ უნდა იყოს დამკვიდრებული, ანუ დიქტატურამ უნდა გაიმარჯვოს საბოლოოდ.
თუ ეს პარტიები მიიღებენ, ვთქვათ, არჩევნებში მონაწილეობას თბილისში, ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში, ხომ შეიძლება რაღაც პრობლემები შეექმნას „ოცნებას“, რადგან მას დაგეგმილი აქვს, რომ მშვიდად, წყნარად ჩაიდოს ამ არჩევნების შედეგები ჯიბეში ისე, რომ ეჭვქვეშაც კი არ დადგეს მისი გამარჯვება. ოპოზიციის მონაწილეობის შემთხვევაში კი შეიძლება ისევ გაჩნდეს კითხვის ნიშნები გაყალბებაზე.
- ეუთოს მოწვევასაც კი არ აპირებენ, არასამთავროების ხელმძღვანელები შესაძლოა დაიჭირონ, მედიას ზღუდავენ და ასეთ პირობებში ვინ აღიარებს არჩევნებს?
თუ თვითონ მონაწილე პარტიები ისე დალაგდებიან, რომ ე.წ. ოპოზიციური პარტიებიც კი აღიარებენ არჩევნების შედეგებს, მაშინ ვის რა პრეტენზია ექნება. ეუთო-ოდირს რა პრეტენზია უნდა ჰქონდეს, თუ, ვთქვათ, „გირჩი“ მიიღებს თავის 5%-ს და დათანხმდება არჩევნების შედეგებს. თუ ყველა მონაწილე პარტია ასევე დათანხმდება შედეგებს, ეუთომ რა უნდა გააპროტესტოს.
თუ მონაწილე პარტიები დაითანხმა იმაზე, რომ საბოლოო განაწილება იქნება 75-25-ზე – დავუშვათ, ან 70-30-ზე, პრინციპში მას ეს აწყობს. შესაბამისად, ლეგიტიმაციის თემა აღარ იქნება აქტუალური.
ივანიშვილს იმის კი არ ეშინია, რომ არჩევნებს წააგებს, არამედ იმის, რომ შეიძლება პრობლემები შეექმნას თბილისში, სადაც მკვეთრად ანტისახელისუფლებოა განწყობები, ბათუმში შეიძლება ეჭვის ქვეშ დადგეს შედეგები და ასე შემდეგ.
„ოცნებას“ უნდა იმ ტიპის გამარჯვება, როდესაც მისი ოპონენტებიც აღიარებენ არჩევნების შედეგებს. ამიტომ უნდა, რომ დაითანხმოს გახარია და ხაზარაძეც, რომ ამ თამაშის წესებზე შეთანხმდნენ. თუ ვერ დაითანხმა, შესაძლოა გახარია დაიჭიროს, ხაზარაძე შეიძლება იმდენად დაასუსტოს შიგნიდან, რომ დიდი აზრი არ ჰქონდეს, ან რაღაც მეთოდებით აიძულოს ქვეყნიდან წასვლა.
თუ ამის გარანტიები ვერ შეიქმნა ივანიშვილმა, მაშინ დაიჭერს. ანუ ამოცანა ამათი დაჭერა ან არდაჭერა კი არ არის, არამედ ისე მართოს პროცესი, კითხვის ნიშანი რომ აღარ დაისვას, „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო თუ გაყალბდა არჩევნები.
თუ გატეხა-გატეხა და თუ ვერ გატეხა, მერე დაიჭერს ან სხვა რამეს იზამს. ამ პროცესში ვართ.
ეს არის მისი გეგმა და განხორციელდება თუ არა, ეს დიდწილად დამოკიდებულია ამ პარტიების მდგრადობაზე, დამოკიდებულია საზოგადოების წინააღმდეგობაზე, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.
თუ წინააღმდეგობა არავინ გაუწია და ყველა ციხის კარებთან მივიდა თავისი ფეხით და თავი შეუშვირა ეშაფოტზე, მაშინ დაალაგებს ყველაფერს, რა პრობლემაა.
ეს ციხის კარებთან მისვლები პატივსაცემია პიროვნულად, რადგან ციხეში მიდიან ადამიანები და ამაში არაფერია კომფორტული, მაგრამ მეორე მხრივ, ბრძოლის გარეშე დანებება და ციხეში შენი ფეხით წასვლა, პოლიტიკური პრაგმატიზმის პრიზმაში, ჩემი აზრით არასწორი საქციელია.
- წინააღმდეგობის გაწევაში რას გულისხმობთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს ოპოზიციამ?
თუ გიჭერენ, რაღაც ისეთი მაინც გააკეთე, რომ აზრი ჰქონდეს. რამე დიდი წინააღმდეგობა შეხვდა მათ დაჭერას? ხელისუფლების მხრიდან კი ეს არის კიდევ ერთი ძალის დემონსტრირება და ეშინიათ ადამიანებს ძალის.
თუ მაინც მიდიხარ ციხეში, გააკეთე რაღაც, მაღალი ფასი გადაახდევინე ხელისუფლებას.
- რა შეიძლება იყოს ეს მაღალი ფასი დაკავებული ოპოზიციონერების მხრიდან, მაგალითად?
ბევრი რამე. იჩხუბე მაინც ბოლოსდაბოლოს რა, რომ ხალხმა დაინახოს, რომ შენ იბრძვი აქტიურად.
- ესეც ხომ იმის საჩვენებლად იყო, რომ ივანიშვილის მხრიდან ყველაფერი მიტაცებულია და ასეთ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს?
კი, მაგრამ ეს ხომ დანებებაა. კი ბატონო, ბოიკოტიც გზაა, მაგრამ მოდით გავიხედოთ წინ, კვლევებიც აჩვენებს, რომ კი, წავალთ ბოიკოტში, მაგრამ 40%-იან აქტივობას არჩევნებზე „ოცნება“ მაინც აჩვენებს და ეს პროცენტი ადგილობრივ არჩევნებში არის აბსოლუტურად ნორმალური და ბოიკოტში რომ წავედით, მეორე დღეს რას ვაკეთებთ ჩვენ?!
ვიძახით „არალეგიტიმურია“, მაგრამ ჩვენ ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ხელისუფლებისთვის დასავლეთის მხრიდან ლეგიტიმაცია დღეს არის კრიტიკულად გადაულახავი წინააღმდეგობა. მათ ამაზე დიდი ხანია უარი თქვეს. ჩვენ ხომ ვუყურებთ ამას. „ოცნება“ იტყვის, ჩვენ ჩავატარეთ არჩევნები, მიეღოთ მონაწილეობა.
- პროტესტში მყოფი საზოგადოება არ არის მომხრე, რომ ოპოზიციამ მიიღოს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, ეს არის მათი დაკვეთა, მათი მოთხოვნაა, რომ „გადადგეს ოცნების“ ხელისუფლება და თუ არჩევნები ჩატარდა „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, მაშინ ხომ ძალას კარგავს ეს მოთხოვნა?
ხელისუფლებას დღესაც არ აქვს ლეგიტიმაცია და მერე როგორ შეიძენს?! ან რანაირად იღებს ამით ლეგიტიმაციას?! ეს პარტიები თუ მიიღებენ მონაწილეობას, იბრძოლებენ ბოლომდე და ხელისუფლებას „იძულებულს გახდიან“, რომ კიდევ გააყალბოს ეს არჩევნებიც, რადგან ვერანაირად ვერ მოიგებს თუ ბიულეტენებში ნაჯახით არ წერა ციფრები, ლეგიტიმაციას როგორ შეიძენს?! სამაგიეროდ, ოპოზიციის მხრიდან გამოჩნდება ბრძოლა.
- ეს ხალხი ქუჩაში იმიტომ დგას, რომ „ოცნების“ ხელისუფლება წავიდეს, ეს არის მოთხოვნა და მაშინ რა გამოდის, რომ პროტესტი ცალკე რჩება და ოპოზიცია ცალკე?
ასე არ არის. ისინი ვინც ქუჩაში დგას, იმას კი არ უნდა იძახდნენ, რომ „აზრი არ აქვს“, კეთილი ინებოს პროტესტმა და არჩევნების დღეს გავათენოთ, 24 საათი ქუჩაში დავდგეთ და არ მივცეთ ბიულეტენების დაწერის საშუალება.
- არჩევნებზე დაკვირვების მექანიზმები შეზღუდულია რეპრესიული კანონებით, არასამთავრობოები და მედიაც კი შეიძლება არ შეუშვან უბნებზე და როგორ დაიცვან?
ხალხი დადგეს უბნებთან, „ძველი ბიჭები“ არ მიაკარონ… თუ საზოგადოება იქნება აქტიური, ასე ადვილი არ არის გაყალბება. კარგია, რომ პერმანენტული პროტესტი გრძელდება, მაგრამ პიკების გარეშე ხდება ეს ყველაფერი, სად არის პოლიტიკური დინამიკა? სტაგნაციას ვერ გრძნობთ ამ პროცესში? და პოლიტიკური დინამიკის შეძენა შეიძლება სწორედ არჩევნების დღეს.
თუ „ოცნება“ ადგება და ნაჯახით დაიწყებს ისევ ბიულეტენების დაწერას და ეს წინააღმდეგობაც რაღაცას მოიმოქმედებს, ეს იქნება ის კრიტიკული მომენტი, როდესაც საზოგადოებამ უნდა მოახერხოს, რომ ხელისუფლებას ჩამოაშოროს ძალაუფლება.
რადგან თუ ხელისუფალი აყალბებს არჩევნების შედეგებს, ამას სჭირდება მყისიერი რეაქცია და არა გადავადებული, რომ „უი, ეს რა ქნა“ და მოდი მერე 200 დღე დავდგეთ ქუჩში, არამედ – იმ დღესვე.
- მყისიერებაში რა იგულისხმება?
ამაში იგულისხმება ის, რომ ვერცერთი უბნიდან გაყალბებული ბიულეტენი ვერ უნდა გამოვიდეს. რას იზამენ, ყველა უბანთან სპეცრაზმს დააყენებენ?! თუ აქვს ამ საზოგადოებას ამის თავი, დაიცვას ხმები და თუ არ გვაქვს ამის თავი, მაშინ საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ.
ბოიკოტში თუ წავალთ, „ოცნება“ გამოაცხადებს შედეგებს და მერე რას ვშვრებით?!
ვიწუწუნებთ ისევ ხომ?! თუ წუწუნია პოლიტიკა, ვიწუწუნოთ.
გარემო, რა თქმა უნდა, უსამართლოა, მაგრამ ამ უსამართლო გარემოს უნდა ებრძოლო. აბა რა ვქნათ, ეშაფოტზე ავიდეთ ჩვენი ფეხით და წაგვაჭრას თავი?!
- საზოგადოება რომ ეუბნება – „არ გაღიარებ და წადი“, ეს არ არის ბრძოლის ფორმა?
კი, ესეც ბრძოლის ფორმაა და მე კი არ ვაკნინებ ამ ფორმას, მაგრამ შედეგი რა არის ამ ბრძოლის ფორმის. პოლიტიკა ხომ შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული. ხელისუფლება არ რეაგირებს ბრძოლის ამ ფორმაზე, ამიტომ ამ პროტესტს სჭირდება კონსოლიდაცია და გადამწყვეტი ბრძოლის გამოცხადება. რა ფორმით და როდის უნდა მოხდეს ეს გადამწყვეტი ბრძოლა? – მხოლოდ არჩევნებზე.
ძალის გარდა ეს ხელისუფლება არაფერს აღიარებს, ხომ ვხედავთ. და დღე, როდესაც ხალხი იძენს კონსტიტუციურ უფლებას, რომ ხელისუფლების მამაძაღლობა აღკვეთოს, ეს არის არჩევნები. როცა ამ დღეს ხელისუფლება ისევ უსინდისოდ დაიწყებს რიცხვების წერას, ეს არის ის დღე, როცა ხალხს უჭირავს ძალაუფლება, ანუ ამომრჩეველი ხდება ხელისუფალი არჩევნების დღეს და ეს ძალაუფლება იმ დღეს უნდა გამოიყენოს ხალხმა იმისთვის, რომ ხელისუფალმა ვერ გაბედოს კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა, სადაც გაწერილია, რომ ხალხია ძალაუფლების წყარო.
ბიძინა აღიარებს მხოლოდ ძალას და ძალის დემონსტრირების კონსტიტუციური უფლება ხალხს აქვს არჩევნების დღეს. ყველა სხვა მომენტში, ხელისუფლებას შეუძლია ისაუბროს სახელმწიფო გადატრიალებაზე და არჩევნების დღეს ამას ვერ გააკეთებს.