დღეს, 18 ივნისს, ხმაური იყო ბათუმში, თამარის დასახლებაში. აქ მოსახლეობა სტადიონის გაუქმებას აპროტესტებს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციელები კონკრეტულ პირს აკავებენ, თუმცა ადგილზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დაპირისპირების დროს არავინ დაუკავებიათ.
დავის საგანი სტადიონია, რომელიც დევნილების კორპუსების მიმდებარედ, კერძო სახლებში მცხოვრებ ადამიანებს დაახლოებით 25 წლის წინ, საკუთარი ძალებით მოუწყვიათ. 2021 წელს თამარის დასახლებაში სახელმწიფო მიწა აუქციონის წესით გაიყიდა – გასხვისდა სტადიონიც, თუმცა ბიზნესმენი ამბობს, რომ ვალდებულების არქონის მიუხედავად, მან მოსახლეობას ახალი სტადიონი უკვე მოუწყო.
„წინასაარჩევნოდ 3 მარშუტკა ჩაგვიყვანა „ოცნებამ“ თბილისში აქციაზე, ახლა აღარ ვჭირდებით? დაგვპირდნენ, რომ სტადიონი ჩვენ დაგვრჩებოდა და მოგვიწყობდნენ კიდეც… ფატი ხალვაში [უმაღლესი საბჭოს წევრი „ოცნებიდან”] იყო მოსული, კიდევ სხვა პირები მთავრობიდან. ახლა არ გვისრულებენ დაპირებას“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმში, თამარის დასახლებაში მცხოვრები დავით ბერიძე.
დავით ბერიძის თქმით, მოსახლეობას არ ჰქონდა ინფორმაცია, თუ ეს მიწა იყიდებოდა.
„ეს რომ გაგვეგო, ჩვენ ვიყიდდით და სტადიონიც დაგვრჩებოდა… ახალი სტადიონი, მართალია, მოეწყო, მაგრამ ის ჩვენ არ გვაწყობს, შორსაა, ჩვენგან 1 კილომეტრშია“, – დასძინა დავით ბერიძემ.
მისივე თქმით, დღეს პოლიციას კომპანია „ნაზილბემ“ გამოუძახა, რომელმაც თამარის დასახლებაში კონკრეტული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, სტადიონის ადგილი შეისყიდა და ახლა სავაჭრო ცენტრს აშენებს.
„მოღობვა დაიწყეს დღეს, აქამდე აჩერებდნენ და პოლიციას გამოუძახეს… გვაკავებდნენ პოლიციელები, მაგრამ მერე მოგვაშორეს იქაურობას, თორემ დაგაკავებთო. ბათუმის წინა მერი, არჩილ ჩიქოვანიც დაგვპირდა, სტადიონი თქვენ დაგრჩებათო, წადით ახლა და წინა მერს მოსთხოვეთო, მერე ასე გვიპასუხეს მერიაში… დავით გაბაიძესთანაც ვიყავით, მაგრამ არავინ არ გვეხმარება,“ – გვითხრა დავით ბერიძემ.
„პირიქით, დაგვაზარალეს. მე ის მიკვირს, ეს კაცი რა უფლებებით სარგებლობს, ან რა სტრატეგიული მნიშვნელობისაა?“ – კითხულობს ბიზნესმენი კახა ბერიძე, რომელიც კომპანია „ნაზილბეს“ მესაკუთრეა.
კახა ბერიძე ამბობს, რომ სტადიონის ტერიტორია დღეს უკვე შემოღობა, ხოლო დაპირების შესაბამისად, ახალი სტადიონის მოწყობასაც ასრულებს.
„ეს ადგილი ვიყიდეთ 2021 წელს, პანდემიის დროს უპირობოდ და ვალდებულებების გარეშე… დავუთმეთ მოსახლეობას და ავაშენეთ ახალი მოედანი. ამ ადამიანს [დავით ბერიძე] აქვს პირადი ინტერესი – საკუთარი ბიზნესი აქვს და უნდოდა სასტუმროს მოწყობა, ეს ტერიტორია პარკინგად გამოეყენებინა და ასე შემდეგ, მერე არ გამოუვიდა და ჩვენ გაგვაჩერა 3 წელი. ბევრი ზარალი ვნახეთ, ინვესტიცია ვერ განვახორციელეთ, საბანკო ვალდებულებები მაქვს… ეს იქნება სავაჭრო ქალაქი სამომავლოდ. რომ მინდოდეს კორპუსებს ავაშენებდი მეც,“ – უთხრა „ბათუმელებს“ კახა ბერიძემ.
ვინ შეუშალა ხელი კონკრეტულად ბიზნესმენს, ამ დრომდე დაეწყო მშენებლობა? – კახა ბერიძე თავს იკავებს პასუხის დაკონკრეტებისგან, თუმცა ამბობს, რომ მას „სახელმწიფო უწყებები აჩერებდნენ“.






