მთავარი,სიახლეები

მზია ამაღლობელის საქმე და ქართული მედია – რა თქვეს ევროპარლამენტში

19.06.2025
მზია ამაღლობელის საქმე და ქართული მედია – რა თქვეს ევროპარლამენტში

18 ივნისს ბრიუსელში, ევროპარლამენტში, დებატები გაიმართა მზია ამაღლობელის საქმისა და ქართული მედიის მდგომარეობის შესახებ.

ევროპარლამენტარებმა თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ. დებატებისას თითქმის ყველა მათგანი შეეხო მზია ამაღლობელის საქმეს.

ევროკომისია მზია ამაღლობელის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს და მხარდაჭერას უცხადებს დამოუკიდებელ მედიას საქართველოში – ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე კომისიის პოზიცია სტარტაპების, კვლევისა და ინოვაციის ევროკომისარმა ეკატერინა ზაჰარიევამ გაახმიანა.

„მედიის თავისუფლება საქართველოში სერიოზული საფრთხის ქვეშაა. დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები სამიზნედ იქცევიან მხოლოდ იმიტომ, რომ სიმართლეს ავრცელებენ და ახმოვანებენ მათ, ვისი ხმაც არ ისმის.

მზია ამაღლობელი ერთ-ერთი ასეთი ჟურნალისტია, რომელიც დაპატიმრებულია სიმართლისა და სამართლიანობისადმი მისი ერთგულების გამო. მისი საქმე თავისუფალი გამოხატვის სივრცის შემცირების სიმბოლოა. ეს მიუღებელია ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის და ჩვენ მოვუწოდებთ მისი გათავისუფლებისკენ.

დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა და მაუწყებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უსამართლობის გამოაშკარავებისთვის, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ევროკავშირის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის მზარდ ტალღასთან საბრძოლოდ. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს დამოუკიდებელი მედიის გვერდში“, — განაცხადა ევროკომისარმა.

ეკატერინა ზაჰარიევა

მან აღნიშნა, რომ საქართველოში ვითარება საგანგაშო სიჩქარით უარესდება და „ქართული ოცნების“ პირობებში ქვეყანა დემოკრატიულ ნორმებს უფრო და უფრო შორდება.

ევროკომისარმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო თვეებში ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური ხმები განიცდიან შევიწროებას, დაშინებას და პოლიტიკურად მოტივირებულ სამართლებრივ დევნას.

„ახალგაზრდა დემონსტრანტებს არაპროპორციულად მკაცრი სასჯელის წინაშე აყენებენ. დამოუკიდებელ მედიას და პოლიტიკურ კრიტიკოსებს ასამართლებენ — ეს ტაქტიკა აშკარად მიზნად ისახავს განსხვავებული აზრის ჩახშობას და დემოკრატიული სივრცის შემცირებას.

ეს არ შეესაბამება იმას, რასაც ევროკავშირი და, რაც მთავარია, ქართველი მოქალაქეები მოელიან ქვეყნისგან, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს. ჩვენ ვხედავთ დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ფუნდამენტურ უფლებებზე სისტემურ შეტევას. უცხოელი აგენტების რეგისტრაციის კანონი, სამაუწყებლო და სამოქალაქო სექტორის დაფინანსების შესახებ კანონებთან ერთად, კრიმინალურ პასუხისმგებლობას აწესებს, რაც ემუქრება დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობას საქართველოში. ეს ზომები დემოკრატიული მმართველობის საფუძვლებს ურტყამს. ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ეს კანონები, უზრუნველყოს კანონის უზენაესობა და დაიცვას მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებები“, — განაცხადა მან.

ზაჰარიევას თქმით, საქართველოს ევროპული გზა კვლავ ღიაა, მაგრამ ხელისუფლებამ უნდა აირჩიოს, გაუყვეს მას.

„გარე ძალის იდეა დიდი თემაა ავტორიტარული რეჟიმებისთვის. ეს რომ შეიცვალოს, გვჭირდება ნამდვილი ჟურნალისტიკა, რომელსაც მზია ამაღლობელივით პროფესიონალი ჟურნალისტები ქმნიან”, – ამის შესახებ ესპანელმა სოციალ-დემოკრატმა ევროპარლამენტარმა, ნაჩო სანჩეს-ამორმა განაცხადა.

ლიეტუველი ევროპარლამენტარის, დაინიუს ჟალიმასის განცხადებით, ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ერთადერთი გზაა საქართველოში დემოკრატიის აღსადგენად.

„ჩვენ მოწმე ვართ თავდასხმებისა კანონის უზენაესობაზე, დამოუკიდებელიმედიაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლებებზე. „ქართული კოშმარი“ სწრაფად გარდაქმნის ქვეყანას ავტოკრატიად. ერთპარტიული სისტემა აშკარად შეუთავსებელია პლურალისტურ დემოკრატიასთან. ჩვენმა პარლამენტმა უკვე არაერთხელ მოითხოვა ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებელი გათავისუფლება და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ეს არის ერთადერთი გზა დემოკრატიის აღსადგენად.

ევროპარლამენტმა საქართველოს მოქმედი პარლამენტი და პრეზიდენტი არალეგიტიმურად გამოაცხადა. თუმცა არც ისე ბევრი წევრი სახელმწიფო იზიარებს პარლამენტის პოზიციას, და არც კომისია, რომელიც მხარს უჭერს ელჩების აკრედიტაციას საქართველოს არალეგიტიმურ პრეზიდენტთან. მხოლოდ რამდენიმე წევრ სახელმწიფოს დაუწესებია სანქციები. ამიტომ, ჩანს, რომ ევროკავშირი საქართველოს თითქოსდა დაკარგულ ქვეყნად განიხილავს. მაგრამ ეს არის დიდი შეცდომა.

ქართული სამოქალაქო საზოგადოება აგრძელებს ბრძოლას. მათ არც საკუთარი თავი დაუკარგავთ და არც ევროპული მისწრაფებები. ჩვენ არ უნდა მივატოვოთ ისინი, თუ მართლა გვსურს დემოკრატიის მხარდაჭერა“, — განაცხადა ჟალიმასმა.

დებატებზე გამოვიდა ავსტრიელი ევროპარლამენტარი, ლენა შილინგიც, რომელიც ღიად უჭერს მხარს მზია ამაღლობელს და ბათუმშიც იყო ჩამოსული მის სასამართლო პროცესზე დასასწრებად.

ლენა შილინგი

„მზია ამაღლობელი არის საქართველოს ერთადერთი ჟურნალისტი, რომელიც პოლიტპატიმარია. მისი დაკავება ცხადად პოლიტიკურია და შეთხზულ ბრალდებებზეა დაფუძნებული. მე ვიყავი საქართველოში და იქ მის ერთ-ერთ პროცესს დავესწარი. მისი შემთხვევა პირდაპირი შეტევაა პრესის თავისუფლებაზე.

მზია არის იმ მოძრაობის სახე, რომელიც რეპრესიების მიუხედავად, აგრძელებს ბრძოლას დემოკრატიისა და ევროპული მომავლისათვის. ის გამოარჩიეს, რადგან სიმართლის სადარაჯოზე დგას და გაჩუმებას ეწინააღმდეგება.

დღეს ასობით პოლიტიკოსი, აქტივისტი თუ ხელოვანია დაკავებული დემოკრატიისთვის ბრძოლის გამო. ქართველი ხალხი იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რისთვისაც ევროპარლამენტი არსებობს – თავისუფლება, ადამიანის უფლებები და კანონის სამართალი. მზია ამაღლობელის მხარდაჭერა ნიშნავს დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპული საქართველოს გვერდით დგომას. საჭიროა აქ გადავდგათ ნაბიჯი მის მხარდასაჭერად”, – განაცხადა ლენა შილინგმა დებატებზე.

ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა

ლიუდას მაჟილისი                      ხაზი გაუსვა, რომ მზია ამაღლობელის პატიმრობა მიანიშნებს ავტორიტარულ რეჟიმზე.                                 „მზია ამაღლობელის საქმე ასახავს ქართული ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებების კანონზომიერებას – მიმართულს პიროვნებების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ სასამართლო სისტემის გამოყენებით. ეს არის Copy-paste ბელარუსსა და რუსეთში გამოყენებული მეთოდისა და, დიდი ალბათობით, უშუალოდ რუსეთისგან არის შთაგონებული.

შერჩევითი სასამართლო ზეწოლა იქცა ხელისუფლების Modus operandi-ად (მოქმედების ხერხად).

ამაღლობელის დაპატიმრება და დაუსაბუთებელი პატიმრობა არ არის ერთჯერადი შემთხვევა. ეს არის ავტორიტარული რეჟიმის მკაფიო მახასიათებელი.

შესაბამისად, სანამ საქართველოში ინსტიტუციური კოლაფსი სრულად დადგება, უნდა გავაძლიეროთ ზეწოლა იმ პირებზე, ვინც ამ რეჟიმს თანდათან ამყარებს და უნდა შევთანხმდეთ მიზნობრივ სანქციებზე.

ქართველმა ხალხმა, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ქუჩაში გამოვიდა, დაამტკიცა, რომ არ მიუტოვებია თავისი ევროპული მისწრაფებები და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა დავეხმაროთ მათ ამ მისწრაფებების შენარჩუნებაში“, — განაცხადა ევროპარლამენტარმა.

დებატებზე გამოვიდა პოლონელი დეპუტატი ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფიდან (ECR), მალგოჟატა გოშიევსკა. მან განაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატიის შუქი ქრება:

„საქართველოში დემოკრატიის შუქი ქრება.

„ქართული ოცნების“ დომინირებით მოქმედი ხელისუფლება სასტიკად არბევს პრო-დემოკრატიულ პროტესტებს და აწარმოებს ღია ომს თავისუფალი მედიის წინააღმდეგ.

მზია ამაღლობელი, პატივსაცემი ჟურნალისტი, მხოლოდ იმიტომ დააპატიმრეს, რომ მას ჰყოფნიდა გამბედაობა, გამოსულიყო პროტესტზე. დრამატულ მიმართვაში მან განაცხადა: „არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი. ვშიმშილობ. სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა“.

„ქართული ოცნება“, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ კულისებიდან იმართება, აშკარად აშორებს საქართველოს ევროპულ გზას. ქვეყანა, რომელსაც ოდესღაც ჰქონდა ამბიცია, გაწევრებულიყო ევროკავშირსა და ნატოში, დღეს მოსკოვის სატელიტად არის ქცეული. ჩვენ ვერ დავრჩებით უქმად. საქართველო იბრძვის დემოკრატიისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვის, ნორმალური ცხოვრებისათვის. დიქტატურის მხარდაჭერა და მორჩილება დანაშაულია. დუმილი და უმოქმედობა — ასევე დანაშაულია“, — დასძინა გოშიევსკამ .

მალგოჟატა გოშიევსკა

„ჟურნალისტი მზია ამაღლობელი არის სიმბოლო ყველა იმ პატიმრის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა დააპატიმრა. სიტუაცია ყოველდღიურად უარესდება“ – განაცხადა ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა EPP-დან ევროპარლამენტში დებატებზე.

„არ მესმის ევროპის საბჭოს და მისი წევრების სიჩუმე. მზია ამაღლობელი და მისი მეგობრები იმსახურებენ პატივისცემასა და დახმარებას. სერიოზული სანქციებია საჭირო რეჟიმის წინააღმდეგ. ყველა მხრიდან წნეხია საჭირო. არ უნდა ვთხოვოთ რეჟიმს, რომ ევროკავშირის გზაზე დაბრუნდეს, რადგან ისინი არ დაბრუნდებიან. ეს კრემლის რეჟიმია. მათ მოატყუეს თავიანთი ამომრჩეველი ევროკავშირის მიმართ მათი დამოკიდებულების შესახებ, მოგვატყუეს ჩვენც ევროპარლამენტში.

მხოლოდ ახალი არჩევნები დაეხმარება საქართველოს მოსახლეობას, რომ უკან დაბრუნდეს. საქართველოში თითქმის არ დარჩა დამოუკიდებელი მედია. მხოლოდ “სპუტნიკის” მსგავსი პროპაგანდისტული მედიები დარჩა. არ მესმის, ისინი, ვინც ევროკავშირზე “შხამს” ავრცელებენ, რატომ არიან აქტიურები ისევ აქ, ევროპარლამენტში? ქართველი ხალხი მარტო არ უნდა დარჩეს”, – განაცხადა მან.

„კოლეგებო, მედიის თავისუფლება არ არის ფუფუნება. ეს არის დემოკრატიის აუცილებლობა. მას სინათლე შეაქვს და ამხელს, სადაც კორუფცია და ავტოკრატია იმალება. სწორედ ამიტომ ჰყავს ქართულ ხელისუფლებას  უკვე 150 დღეა პატიმრობაში მზია ამაღლობელი – ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ჟურნალისტი.

და მზიას საქმე არ არის ცალკეული შემთხვევა. 400-ზე მეტი ქართველი – ჟურნალისტები, ოპოზიციური ფიგურები, მაგრამ ასევე რიგითი მოქალაქეები – დაკავებულნი, წამებულნი ან დაპატიმრებულნი არიან.

„ქართულ ოცნებას“ ისე ეშინია თავისუფალი მედიის, როგორც ვამპირს სინათლის, რადგან იცის, რომ მხოლოდ ჩრდილში შეუძლიათ გადარჩენა — ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ჩრდილში, რომელიც ღიად გამოსვლას ვერ ბედავს, რადგან იცის, ქართველებს არ სურთ იგი; და პუტინის რეჟიმის ჩრდილში, რომელიც იყენებს დეზინფორმაციას, მუქარას, მანიპულაციას, რადგან იცის, რომ ქართველები არასდროს აირჩევდნენ რუსების მსგავს ცხოვრებას, თუკი მათ ექნებოდათ თავისუფალი არჩევანი.

თავისუფალი მედიისა და თავისუფალი საზოგადოების სინათლე ყველაზე ძლიერ იარაღს წარმოადგენს ტირანიის წინააღმდეგ. მხოლოდ შეგვიძლია მოვუწოდოთ ქართულ ხელისუფლებას, რომ გამოვიდნენ ჩრდილიდან, გააუქმონ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები და მისცენ ქართველ ხალხს შესაძლებლობა, თავისუფლად აირჩიონ საკუთარი მომავალი სინათლეში“, — განაცხადა ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა (გერმანია, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი) მზია ამაღლობელის საქმეზე გამართულ დებატებზე.

19 ივნისს, ხუთშაბათს, ევროპარლამენტი კენჭს უყრის რეზოლუციას მზია ამაღლობელისა და საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხზე. არსებობს რეზოლუციის 7 პროექტი, რომლებზეც ევროპარლამენტარები დებატების დროს იმსჯელებენ.

ამავე თემაზე: 

ევროპარლამენტში მზია ამაღლობელის საქმესა და მედიის თავისუფლებაზე 7 რეზოლუცია დარეგისტრირდა

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: