მერია ბათუმში უსახლკაროთა რეგისტრაციის წესს ცვლის. პროექტის მიხედვით, მოქმედ წესში იცვლება ჩანაწერი ქირით ცხოვრების ვადის თაობაზე. ამ დრომდე განმცხადებელს ბათუმში ქირით მინიმუმ 6 თვით უწყვეტად ცხოვრების ცნობა უნდა წარედგინა კომისიისთვის, ახლა ეს ვადა ერთ წლამდე გაიზრდება. ასევე, მოთხოვნებიდან ამოღებული იქნება ჩანაწერი „ოჯახური დასაბუთება“. მერიაში მიიჩნევენ, რომ ეს სუბიექტური და არარელევანტურია.
ცვლილების მიხედვით, შემზღუდველ გარემოებად აღარ ჩაითვლება სარდაფის ან სამეურნეო სათავსოს ფლობა, თუ ისინი გამოუსადეგარია საცხოვრებლად.
ასევე იცვლება ჩანაწერი უსახლკაროდ რეგისტრაციის მსურველის შემოსავალთან დაკავშირებით. განმცხადებელს არ უნდა გააჩნდეს რეგისტრირებული შემოსავალი, ან კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე 6 თვის განმავლობაში მის მიერ მიღებული ყოველთვიური შემოსავალი არ უნდა აჭარბებდეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ მიერ განსაზღვრულ ორმაგ ოდენობას.
მოქმედი წესში ერთმაგი ოდენობა იყო მითითებული.
ეს ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და შესაბამისმა საბანკო დაწესებულებებმა უნდა დაადასტურონ.
ბათუმში უსახლკაროდ რეგისტრაციის წესი მერიამ 2022 წელს შეიმუშავა, შემდეგ კი საკრებულომ დაამტკიცა. უსახლკაროთა რეგისტრაციის მოქმედი წესის მიხედვით, ბათუმში უსახლკაროს სტატუსით შეიძლება დარეგისტრირდეს პირი ან ოჯახი, რომელიც უწყვეტად ბოლო ორი წლის განმავლობაში არის საქართველოს მოქალაქე და რეგისტრირებულია ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
მერია ცვლის ასევე საზღვრის კვეთასთან დაკავშირებულ ჩანაწერს. შეცვლილი წესის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში საზღვრის გაკვეთის რაოდენობა ნაცვლად 30-სა იქნება 10, ხოლო ერთჯერადად საზღვრის გადაკვეთის ვადა ნაცვლად 24 საათისა იქნება 15 კალენდარული დღე.
ასევე მოქმედ წესში მითითებული რეგულაცია, რომ ოჯახის შემადგენლობის ნახევარზე მეტი უნდა იყოს რეგისტრირებული ბათუმში, იცვლება ტერმინით „ნახევარი მაინც“, რითაც ორსულიან ოჯახში ერთი პირის ბათუმში რეგისტრაციის შემთხვევაში მიეცემა ოჯახს ჩაერთოს პროგრამაში.
მერიის წესის შესაბამისად, უსახლკაროს სტატუსის მაძიებელი პირი უსახლკარო პირად დარეგისტრირდება, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
შესაბამისი კომისიის მიერ განმცხადებლის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში უწყვეტად არის საქართველოს მოქალაქე და ამასთან, უსახლკარო პირის სტატუსის მინიჭების მომენტისათვის რეგისტრირებულია ბათუმში. მათ შორის, ისეთი პირი, რომელსაც ამ 2 წლის განმავლობაში შეუწყდა და კვლავ განაახლა ბათუმში რეგისტრაცია. ასვე, თუ ამგვარი შეწყვეტის შემდეგ პირი არ დარეგისტრირებულა სხვა მუნიციპალიტეტში. ინფორმაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გადამოწმდება.
თუ განმცხადებლის მიმართ არ ფიქსირდება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება. გარდა სარდაფის და სხვა სამეურნეო სათავსისა, რომელიც გამოუსადეგარია საცხოვრებლად და არ გამოიყენება კომერციული მიზნებისათვის.
შესაბამისი ორგანოების და მუნიციპალიტეტის სერვისცენტრების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას პირის მიმართ არ ფიქსირდება საცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ნებისმიერ ფართობზე მართლზომიერი მფლობელობის ან უსასყიდლოდ სარგებლობის ფაქტი. [გარდა სარდაფის და სხვა სამეურნეო სათავსისა, რომელიც გამოუსადეგარია საცხოვრებლად და არ გამოიყენება კომერციული მიზნებისათვის]. არ დასტურდება დამოუკიდებლად ბინის ან სხვა ფართობის ქირის, მათ შორის იჯარის, კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში უწყვეტად გადახდის ფაქტი.
ასევე, შესაბამისი კომისიის მიერ ინფორმაციის მოძიებისას განმცხადებელი უნდა იყოს სრულწლოვანი.
პირს არ გააჩნია საკუთრებაში ავტოსატრანსპორტო საშუალება, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების არსებობის შემთხვევაში, კომისიის მხრიდან გადაწყვეტილება მიიღება ავტოსატრანსპორტო საშუალების მარკის, გამოშვების წლისა და მოდელის გათვალისწინებით.
განაცხადებს ბათუმში უსახლკარო პირად რეგისტრაციასთან დაკავშირებით, განიხილავს კომისია და რეკომენდაციას გაუწევს ან არ გაუწევს განმცხადებლის უსახლკარო პირად რეგისტრაციის თაობაზე. კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს ბათუმის მერი.