ავსტრიელი ევროპარლამენტარი, ლენა შილინგი ეხმიანება რეზოლუციას, რომელიც ევროპარლამენტმა დღეს, 19 ივნისს მიიღო მზია ამაღლობელის საქმის, პოლიტპატიმრებისა და საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ.
„ეს რეზოლუცია ძლიერი გზავნილია არა მხოლოდ მზიასთვის, არამედ საქართველოში ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც გაბედულად გამოდის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დასაცავად.
ჩვენ არ შეგვიძლია გავიხედოთ სხვა მხარეს ჩვენს კართან არსებული რეპრესიებისა და პოლიტიკური დევნის დროს.
პუტინის ავტორიტარული ქსელი მთელ ევროპაში ვრცელდება არა მხოლოდ ტანკებით, არამედ კანონებით, თვალთვალით და სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობით.
თუ ჩვენ ვერ მოვახერხებთ მკაფიო რეაგირებას, ეს ახალ ნორმად იქცევა.
ამ რეზოლუციით ევროპარლამენტის გზავნილი მკაფიოა – ჩვენ ვდგავართ სამოქალაქო საზოგადოების გვერდით საქართველოში და ჩვენ ვდგავართ მზიას გვერდით“, – აცხადებს ლენა შილინგი.
ავსტრიელი ევროპარლამენტარი ლენა შილინგი ბათუმშიც იმყოფებოდა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასასწრებად. იგი ამბობს, რომ საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნევს შესაძლებლობების გამოყენებას ყველა იმ ადამიანის მხარდასაჭერად, ვინც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის იბრძვის.
ევროპარლამენტარმა პეტიციაც შექმნა მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, რომელზე ხელის მოწერაც მთელი მსოფლიოდან შეუძლიათ მსურველებს.
დღეს, 19 ივნისს, 324 ხმით 25-ის წინააღმდეგ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში მედიის თავისუფლებისა და კერძოდ, მზია ამაღლობელის საქმის შესახებ.
- რა ხდება?
რეზოლუციით ევროპარლამენტი გმობს მზია ამაღლობელის პოლიტიკური მოტივით გამოწვეულ დაპატიმრებასა და დევნას, მოითხოვს მის დაუყოვნებელ და უპირობო გათავისუფლებას და ყველა ბრალდების მოხსნას.
ევროპარლამენტარები ასევე მოითხოვენ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, როგორიცაა აქტივისტი მათე დევიძე, ოპოზიციის ლიდერები: ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ მზია ამაღლობელი „ისჯება კორუფციის გამოაშკარავებისა და 2024 წლის არჩევნების დროს არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის“ და ხელისუფლებამ ის წინასწარი პატიმრობის მკაფიო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დააკავა.
ევროპარლამენტარების შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ თითქმის გაანადგურა ქვეყანაში დარჩენილი დამოუკიდებელი მედიასაშუალებები მაშინ, როდესაც საჯარო საინფორმაციო სივრცე სრულად დომინირებულია რუსული სტილის პროპაგანდის და ანტიევროპული დეზინფორმაციის გამავრცელებელი პროსამთავრობო მედიის მიერ.
ვრცლად:
მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო






