სინდისის პატიმარი ზვიად ცეცხლაძე, ასევე სინდისის პატიმარს, 21 წლის მათე დევიძეს მიმართავს, რომელსაც „ოცნების“ სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით მიუსაჯა პატიმრობა.
წერილი დღეს, 20 ივნისს გაავრცელა მოძრაობა „დაფიონმა“.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩემ გვერდით საკანში ხარ, სრულყოფილად მხოლოდ წერილით თუ მოგაწვდენ სათქმელს. ვიცი, გამხნევება არ გჭირდება, აქედან ან ყველანი ერთად გავალთ, ან – არც ერთი.
და თუ ყველაზე ცუდი სცენარი გველის, არც ეგ არის ტრაგედია.
ჩვენ ცოცხლები და თავისუფლები მანამ ვართ, სანამ ღირსება გაგვაჩნია, დანარჩენი ყველაფერი ფუფუნებაა, ეს სივრცით შეზღუდვაც მხოლოდ და მხოლოდ დროის ამბავია.
იმედია, ბედი გაგვიღიმებს და ზონაზე მაინც გავიცნობთ ერთმანეთს წესიერად. გამაგრდი და კიდევ უფრო გაძლიერდი. გახსოვდეს, რომ თუ შენ გარშემო მხოლოდ წყვდიადს ხედავ, შეიძლება თავად ხარ ნათება.
პ.ს ბიჭები მოკითხვას გიბარებენ“- წერს ზვიად ცეცხლაძე მათე დევიძეს.
წერილი 13 ივნისით თარიღდება.
ზვიად ცეცხლაძეც და მათე დევიძეც პროევროპულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ და აპროტესტებდნენ „ქართული ოცნების“ მიერ საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას და ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებას.
21 წლის მათე დევიძეს 12 ივნისს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ზვიად ცეცხლაძეც 20 წლის სტუდენტია. ის 2024 წლის დეკემბერში საკუთარ სახლში დააკავეს.
ზვიადი ბრალდებულია 225-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში, თუმცა ამ დრომდე ბრალდების მხარე ვერ ახერხებს მტკიცებულებების წარმოდგენას, ისევე როგორც მათე დევიძის ან სხვა სინდისის პატიმრების შემთხვევაში.
__________________
ამავე თემაზე:
„ოცნება“ და სხვისი შვილები, რომლებიც „მხოლოდ რუსული მომავლისთვის ემეტებათ“