ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორის, ნუკრი ბეჟანიძის თქმით, ქალმა 8 თებერვალს იმშობიარა: „გაურკვეველი სიტუაცია იყო. მერე დამძიმდა მისი მდგომარეობა, როცა შემოვიდა ანემია ჰქონდა მძიმე და გადავიყვანეთ „მედინაში“. „მედინაში“ კიდევ უფრო დამძიმდა მდგომარეობა… უშუალო მიზეზს ვერ გეტყვით. იყო ეგეც, რომ ნაღველა გაუსკდა „მედინაში“, მაგრამ როდის რა მოხდა გაურკვეველია“.
ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორის თქმით, გარდაცვლილი მათთან იყო აღრიცხვაზე: „მაგრამ გვიან დადგა აღრიცხვაზე. ანემიის გამო არაერთხელ შესთავაზა უბნის ექიმმა დაწოლა და გამოკვლევა, რაზეც უარი განაცხადეს. უარზე ხელი აქვს მოწერილი როგორც მას, ისე მის მეუღლეს. სტაციონარში დაწოლაზეც უარს აცხადებდნენ. მე, პირადად, თბილისში გაშვებაც მინდოდა კონსულტაციაზე, მაგრამ ამაზეც უარი განაცხადეს თავის დროზე“.
ახალშობილი ახლაც ბათუმის სამშობიარო სახლშია მოთავსებული.
ბატონო თამაზ, ახალი ხელმძღვანელი ამბობს, რომ პარტიაში არის პრობლემები. ვიცით, რომ აჭარაში პარტიის ყველა ოფისი დაკეტილია. დაგვიკონკრეტეთ, რა პრობლემები გაქვთ?
თუ ამას პრობლემებს დავარქმევთ, მაღალმთიან აჭარაში პრობლემები მუშაობასთან დაკავშირებით არ გვაქვს. ძირითადი პრობლემები ის არის, რომ, ჯერჯერობით, არ გვაქვს ოფისები ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში, ძირითად სამუშაოს პარტიული ორგანიზაციები და თავმჯდომარეები სხვა ფორმით ვახერხებთ. დღეს ჭაობის დასახლებაში გვქონდა მე და ბატონ ლაშას (ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი) შეხვედრა. რაც შეეხება ოფისს, ეს იყო კოალიციის საარჩევნო შტაბი და არა პარტიული ოფისი, პარტიული ოფისი დავკეტეთ ცოტა უფრო ადრე. დაფინანსების პრობლემა ჩვენ არ გვაქვს. შერჩევის პროცესში ვართ, გვინდა ნორმალური ოფისი გვქონდეს.
პარტიის ახალი ხელმძღვანელი ამბობს, რომ რეორგანიზაცია იწყება, ადგილობრივ ორგანიზაციაში არის რამე ახალი ამ მიმართულებით?
პოლიტსაბჭო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, ჩვენ ვალდებულები ვართ დავემორჩილოთ. თუ წამოვა შესაბამისი მითითება, ჩვენც იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს დავემორჩილებით. გადაწვეტილებებს აღვასრულებთ ჩვენი კურირების ქვეშ მყოფ ორგანიზაციებში.
თქვენ თვითონ რა პრობლემებს ხედავთ ადგილზე, რა არის შესაცვლელი?
მაგალითად, მე ვარ კოორდინატორი, შეიძლება რაღაც პერიოდში აღარ ვიყო მე და იყოს სხვა. თუ ამ პარტიის წევრები ვართ, წესდება მოგვწონს და ვიზიარებთ, შესაბამისად, ვემორჩილებით პარტიულ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ცვლილებები ყოველთვის კარგია, თუნდაც იმიტომ, რომ ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები ხელმძღვანელ რგოლში, ვინც იყო, ახლა ყველა ბათუმის საკრებულოშია, პარტიული მუშაობა და საკრებულოს მუშაობა რომ არ უშლიდეს ხელს, პარტია უნდა ეხმარებოდეს საკრებულოს თავისი აქტივით ინფორმაციის მოპოვებაში და შემდეგ ეს საკრებულომ კარგად უნდა განახორციელოს პრაქტიკაში. ხელმძღვანელები როგორც საჭიროდ მიიჩნევენ, ისე იქნება.
რამდენად მოსალოდნელია, რომ თქვენ სხვას დაუთმოთ რეგიონში პარტიის ხელმძღვანელის პოსტი?
ეს თემა განხილული არ ყოფილა, უბრალოდ, მომყავს მაგალითი – სხვისი მაგალითის მოყვანას მირჩევნია ჩემი მაგალითი მოვიყვანო. თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება, მათ შორის თამაზ თურმანიძეც ვალდებულია დაემორჩილოს. ამ შეხედულებებით ჩვენ დიდი ხანია მოვდივართ.
ახალ სახეებზე ყველა პარტიული ორგანიზაცია მუშაობს, რაც უფრო კარგი სახეები, ლიდერები ეყოლება პარტიას, ეს პარტიული მუშაობისთვის, მის მიმართ ნდობისა და იმ საზოგადოებრივი აზრის მიღებისთვის, რაც ყოველთვის სჭირდება მმართველ პარტიას, მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ცნობად სახეებზე, რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ. ისინი იქნებიან კულტურის, საგანმანათლებლო სფეროდან, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც კარგი ავტორიტეტით გამოირჩევიან, რომლებსაც იცნობენ, უყვართ. ჩვენ ვახდენთ არსებული რესურსის გადაფასებას. შეიძლება ყოველდღიურად ჩვენს შეფასებებს არ ვავრცელებდეთ ვებგვერდით ან ტელევიზიით, მაგრამ ჩვენ ამ შეფასებებს ყოველთვის ვიღებთ. ვატარებთ კვლევებს შიდა მოხმარებისთვის, ვიკვლევთ, სად გვიჭირს.
როგორც ბათუმის საკრებულოს უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარე, მერიის მუშაობით თუ ხართ კმაყოფილი და იქნებ გაუმხილოთ საზოგადოებას ისიც, თუ რას ამბობს თქვენი შიდა კვლევები?
მერიის მუშაობას რაც შეეხება, მერი არის ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენი პარტიის ლიდერია ბათუმში, ისევე როგორც სხვა რაიონებში გამგებლები. ეს არის ლიდერთა ჯგუფი. ყველა ფრაქციის წევრი და მერი თუ გამგებელი _ არის ლიდერთა ჯგუფი, რომლებიც ერთად სხდებიან და გადიან ამ პრობლემებს, სწავლობენ, უზიარებენ ერთმანეთს და ისევე როგორც მერი და ისევე როგორც საკრებულოს თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ შემთხვევაში ამ პრობლემებს ერთად განიხილავენ და ცდილობენ გამოსავლის გზების პოვნას და ამაზე ვმუშაობთ. შეიძლება ეს არ ჩანდეს, არ ხდება ისე, რომ ჩვენ ყოველდღე საზოგადოებას ვეუბნებით აი, შედგა მერიისა და ფრაქციის შეხვედრა და ასე შემდეგ. მოდი, ასე ვთქვათ, ერთი გუნდი ვართ.
ანუ მერიასთან შენიშვნები არ გაქვთ?
მოდით, ამას შენიშვნები არ დავარქვათ, ამას ჩვენ ვარქმევთ პრობლემებს. ის პასუხისმგებლობა, რაც გვაქვს ჩვენ ყველას ერთად აღებული, აქ ისე არ არის, რომ ჩვენ მერს გადავაბრალოთ. გადააბრალეს მერს ოპოზიციურმა პარტიებმა ან ოპოზიციაში წასულმა პარტიამ რაღაცები, თუმცა ჩვენ ყველა ერთად მოვედით, ერთი მიზანი და გეგმები გვქონდა და კოალიციური დაპირებები გვქონდა.
გადაბრალება და კრიტიკა სხვადასხვა საკითხია, ალბათ…
ერთმანეთის მიმართ საკმაოდ კრიტიკულები ვართ, ამას კრიტიკას დავარქმევთ თუ პრობლემას, ჩვენთვის ეს არის მოსაგვარებელი. რა თქმა უნდა, საღი აზრი და კრიტიკა თუ არ მოვისმინეთ ერთმანეთის მიმართ, პრობლემებს ვეღარ მოვაგვარებთ. პირველ რიგში პრობლემას ჩვენ თავში ვეძებთ, რა გვაქვს სასწავლი ან რას ვაკეთებთ არასწორად, ამას ვაფასებთ და ამის შემდეგ ვიწყებთ მუშაობას.
შეგიძლიათ დამისახელოთ ორი საკითხი მაინც, რაც მიგაჩნიათ, რომ მოსაგვარებელია უახლოეს პერიოდში?
აღარ დავკონკრეტდები. არის პრობლემა, რომელზეც ვმუშაობთ, არის პრობლემა, რომელზეც გვაქვს რაღაც ბიუჯეტი, ქალაქზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი. ბიუჯეტი საკრებულომ დაამტკიცა და ამის მიხედვით გავდივართ. პრობლემების მოგვარებაზე შესაბამისი სამსახურები იღებენ ვალდებულებას, პასუხისმგებლობას და ფრაქცია უკვე ცდილობს, რომ გადაამოწმოს. საკრებულოს მთავარი მიზანი ისაა, რომ გადაამოწმოს, თუ რამდენად სრულდება ბიუჯეტი.
თქვენმა ხელმძღვანელმა – ძლიერ ევროპულ პარტიად უნდა ჩამოვყალიბდეთო. როგორია თქვენი ხედით ევროპული პარტია?
ჩემს ხედვას, როცა ვზივარ თბილისში, პარტიულ ორგანიზაციაში როცა გვაქვს განხილვა და თათბირი, მაშინ ვაკეთებ. ხელმძღვანელის ნათქვამზე დამატებით კომენტარის გაკეთება ცოტა რთულია. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, მივდიოდით, ოღონდ მივდიოდით ნელა და, რა თქმა უნდა, უნდა გამოვასწოროთ, უნდა წავიდეთ სწრაფად. აქტიურობა საარჩევნო პერიოდში უფრო კარგად იმიტომ ჩანს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ტელევიზია უფრო აქტიურად აშუქებს, ჩვენი მიზანი კი ის არ არის, რომ ყოველდღე კადრში ვიყოთ. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავიგოთ მოსახლეობის აზრი და პრობლემები შევუმსუბუქოთ. თუნდაც დღევანდელ შეხვედრაზე ოცამდე პრობლემა მოვინიშნეთ და მათი ნაწილი უკვე მოგვარდა, ნაწილიც კვირის ბოლომდე უკვე მოგვარდება. ამაში ტელევიზიები და პიარი ნაკლებადაა ჩართული, ეს პრობლემა შეიძლება გვქონდეს ჩვენ.
კოალიციის შიგნით არსებულ პრობლემებზე რას იტყვით?
ჩვენ ერთად მოვედით კოალიციურ რეჟიმში და მოვედით ერთად. თუმცა, დაზღვეულები არავინ ვართ. პირადი მიზნებითა და შეხედულებებით ჩვენ არ ვუდგებით საკითხებს, აქ არის ის, რომ ყველამ უნდა ვიაზროვნოთ სახელმწიფოებრივად. დღეს ამის პრობლემა არ გაგვაჩნია, თუმცა ჩვენ არ ვავალდებულებთ ადამიანებს, ეს არის დემოკრატიული. აზრი ყველამ უნდა დავაფიქსიროთ, არ შეიძლება _ ჩვენ ასე გვინდა და ასე უნდა გავაკეთოთ. ჩვენ აზრს ყველა გამოვხატავთ, ეს იქნება შიდა ფრაქციულ თუ სხვა შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, შიგნით გვაქვს დებატები. ჩვენ ერთმანეთს ვუსაბუთებთ, თუ როგორ, რა უნდა გავაკეთოთ, ყველას აქვს თავისი ხედვები და არის წესდება. ამაზე რა გამოხმაურება იქნება. საბოლოოდ ყველა პარტიას აქვს თავისი ხედვები, თავისი წესდება, ჩვენ ვერ დავავალდებულებთ ვერავის, რომ გინდა თუ არ გინდა ამას უნდა მისცე ხმა, ეს უნდა გადაწყვიტოს თავად. მას აქვს მანდატი, რომ თავისი გადაწყვეტილებებით და შეხედულებებით მისცეს ხმა, არა აქვს მნიშვნელობა, რომელ პარტიას წარმოადგენს. ჩვენ ვართ ერთი კოალიციური ოჯახი.
ამ „ოჯახში“ არიან განაწყენებულები – ვიღაცამ მეტი დაასაქმა, ვიღაცამ ნაკლები…
ყველა პარტიას თავისი მომხრე ჰყავს, თუ „ქართულ ოცნებას“ ან „რესპუბლიკელებს“ მეტი მომხრე ჰყავს და ამ მომხრეებს შორის აღმოჩნდება უფრო ძლიერი „რესპუბლიკელებში“, „კონსერვატორებში“ თუ „მრეწველებში“ ის გაიმარჯვებს, ამის შემდეგ უნდა დავითვალოთ. თუ `ქართულ ოცნებას~ ჰყავს 200 წევრი და სხვას ჰყავს 100, უფრო მეტი შანსია იმის, რომ ორასში მეტი ძლიერი აღმოჩნდეს. თუმცა შეიძლება იყოს პირიქითაც. ჩვენი წევრია თუ არაწევრი, ამის დათვლას თუ დავიწყებთ, არასწორი იქნება. შეიძლება, იქ ვიღაც განაწყენებული იყოს და ვინმემ რამე თქვას, მესმის მათი. მე სამი შვილი მყავს და სამივეს თავისი შეხედულებები აქვს, ზოგს შოკოლადი უნდა, ზოგს – წვენი. შეიძლება ჩემმა შვილმა წყენა თავის მეგობარს უთხრას, აი, მე წვენი მინდოდა და მამამ შოკოლადი მიყიდაო.
ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებაში“ ვადამდელ არჩევნებს არ გამორიცხავენ და ამისთვის ემზადებით კიდეც…
როგორც კი არჩევნები მორჩება, ყველა პარტია უკვე მუშაობს მომავალ არჩევნებზე.
კონკურსის პირობები და ვადები განთავსებულია საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებგვერდზე. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს 21 წლიდან, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკონკურსო განაცხადით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე კონკურსანტთა რეგისტრაცია იწარმოებს 2015 წლის 9 თებერვლიდან 19 თებერვლის ჩათვლით.
2015 წლის 12 თებერვალს IDFI-მ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2014 წლის მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია თბილისში სასტუმრო „მერიოტში“ გიმართა, რომელსაც აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ვლადიმერ მგალობლიშვილი ესწრებოდა.
“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” გუნდის მიერ 2014 წელს პროექტის განხორციელებისას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით 308 საჯარო დაწესებულებაში სულ 5 466 განცხადება გაიგზავნა. IDFI-ს სიგელი გადაეცა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებლის მქონე დაწესებულებებს.
სპეციალური სიგელები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გარდა გადაეცა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს.
IDFI დაწესებულებების გამჭვირვალობის ხარისხს პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა- www.opendata.ge” ფარგლებში 2010 წლიდან აფასებს.
არის რამდენიმე ქუჩა ბათუმში, სადაც მხოლოდ ასეთი სახლები იყო, ცოტა მაღალი სარდაფით, მაგრამ ბელეტაჟები… მაგალითად, ბაღის ქუჩა, რომელსაც დღეს კლდიაშვილის ქუჩა ჰქვია“, – იხსენებს საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი, ძველი ბათუმის ფოტოკოლექციონერი, შოთა გუჯაბიძე.
კლდიაშვილის ქუჩაზე დღეს მხოლოდ რამდენიმე ბელეტაჟი დგას და, ძირითადად, მათი წყალობით ქუჩა ჯერ კიდევ ინარჩუნებს ძველი ბათუმისთვის დამახასიათებელ იერ-სახეს.
„ბათუმის არქიტექტურის ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელი, მასშტაბის თვალსაზრისით, როგორც ჩანს, იყო ერთსართულიანი, ბელეტაჟის ტიპის სახლები“, – ამბობს ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი, „ტფილისის ჰამქარის“ წევრი:
„2007 წელს, როდესაც ქალაქგეგმარების ერთ-ერთი დოკუმენტი – ბათუმის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა გაკეთდა, გამოჩნდა, რომ 1500-ზე მეტი ერთსართულიანი ობიექტი იყო ისტორიულ ზონაში, აქედან 50-ზე მეტს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი: საინტერესოა, კვლევა რომ გაკეთდეს ახლა, რამდენი დარჩა მათგან“.
რას კარგავს ბათუმი იმ შენობების გაქრობით, რომელთაც თავის დროზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ქალაქის არქიტექტურის ჩამოყალიბებაში?
თამარ ამაშუკელი ამბობს, რომ ქალაქი, ფაქტობრივად, ისტორიას კარგავს:
„ქალაქის არქიტექტურა მოქალაქეების მოთხოვნების შესაბამისად იქმნება, არქიტექტურას დიდწილად განსაზღვრავს ურბანული არეალის ფუნქცია, ქალაქი არის კიდეც ერთგვარი ილუსტრირება დროის კონკრეტულ მონაკვეთში მოქალაქეების ცხოვრების სტილის, მათი მოთხოვნების, ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების.
ვიცით, რომ ბათუმი არ აშენებულა როგორც საკურორტო ქალაქი. ეს იყო პორტთან მდებარე, ცოცხალი, სავაჭრო ქალაქი, პორტო-ფრანკო.
მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20 საუკუნის დასაწყისში, 800-მდე დუქანი ყოფილა ბათუმში. ერთსართულიან სახლებს, ბელეტაჟებს ხშირად ჰქონდათ სავაჭრო ფუნქცია, ბათუმში ბევრი ასეთი შენობა მახსენდება ვიტრაჟის ტიპის ღიობებით, რაც პირდაპირ მიგვანიშნებს მის სავაჭრო ფუნქციაზე.
ასეთი ობიექტების გაქრობით ჩვენ ვკარგავთ, ვშლით ბათუმის განვითარების, ისტორიის კონკრეტულ პერიოდს, რაც ვფიქრობ, მიუღებელია“.
მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში ბათუმში ერთ და ორსართულიანი სახლების მშენებლობას კონკრეტული რეგულაციები განაპირობებდა – განმარტავს არქიტექტორი გიორგი რამიშვილი.
„შენობის სიმაღლე არ უნდა ყოფილიყო ქუჩის სიგანეზე მეტი. ერთი წინადადებაა და კიდევ სულ სამმა-ოთხმა წინადადებამ განაპირობა რეალურად რეგულაციის წესები, რომელმაც განსაზღვრა ბათუმის ის სახე, რაც ჩვენ გვიყვარს და მოგვწონს. ბათუმში ქუჩები არის ათიდან თერთმეტ მეტრამდე სიგანის, თითქმის ყველა – ძველ ბათუმს ვგულისხმობ.
მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20-ს დასაწყისში დაწერილი ეს ნორმა უშვებდა, რომ ბათუმი მიჯრით ყოფილიყო განაშენიანებული დაახლოებით 10-11 მეტრი სიმაღლის შენობებით. მაშინდელი გაგებით ეს ორი სართული იყო. ეს მისაღებიც იყო და მისასალმებელიც, შესაბამისი ტექნოლოგიებიც არსებობდა“, – ამბობს გიორგი რამიშვილი.
ბელეტაჟი აბაშიძის ქუჩაზე
ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი ამბობს, რომ სწორედ ამ რეგულაციების უგულებელყოფის ხარჯზე იშლება ახლა ძველი ბათუმის სახე:
„ქალაქის მასშტაბის ცვლა არის ძალიან ცუდი ფენომენი, მასშტაბის ცვლასთან ერთად არ იცვლება ქუჩათა ქსელი. ქუჩა არეგულირებს ყოველთვის შენობის ზომას და აი, ქუჩა რჩება ისეთივე – ვიწრო, მასშტაბი კი იცვლება და ეს ერთმანეთთან მიმართებაში ქმნის ბევრ პრობლემას ქალაქგეგმარების, სატრანსპორტო, განიავებისა და მცხოვრებლების სიმჭიდროვის თვალსაზრისით.
ქალაქი კარგავს საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ იერს. ბათუმში ეს ყველაფერი ხდება ბელეტაჟებისა და ორსართულიანი სახლების ხარჯზე. სავალალოა, რომ, როცა ერთსართულიანი სახლები, ბელეტაჟები ინგრევა, როგორც წესი, ჩანაცვლდება ხოლმე არა ორ-სამსართულიანი სახლებით, არამედ საკმაოდ მაღალსართულიანი მშენებლობით და ქალაქი იცვლება ძალიან აგრესიულად.“
ბელეტაჟები ძველ ბათუმში, ძირითადად, სავაჭრო დანიშნულებით იგებოდა, საცხოვრებლად კი ბელეტაჟის ტიპის სახლს შედარებით ნაკლები მატერიალური შესაძლებლობების მქონე ადამიანები აგებდნენ – მიიჩნევს გიორგი რამიშვილი:
„როგორც წესი, ძველ ბათუმში ეს არა საცხოვრებელი, არამედ უფრო სავაჭრო სახლები იყო. დარაბებს ეძახდნენ და უმეტესი ნაწილი მართლაც ხის დარაბებით იკეტებოდა. მას, ვინც ვერ ააშენა ორსართულიანი სახლი, რა თქმა უნდა, ბათუმის პირობებში ერჩივნა უფრო მაღალზე ეცხოვრა და აგებდა ერთსართულიან შენობას.
ბელეტაჟი ბათუმში
მაშინდელი ბათუმის ნაკლებად პრესტიჟულ უბნებში, ვგულისხმობ ჩამოყალიბების პროცესში მყოფ ბათუმს, ენგელსის ქუჩისკენ, ბონი-გოროდოკისკენ, უფრო ნაკლებად შეძლებული ადამიანები ცხოვრობდნენ და ამ ადგილებში ბელეტაჟების სიმრავლე ამით აიხსნება, ჩემი აზრით. ორსართულიანი სახლი ავტომატურად შეძლებულ ადამიანს გულისხმობდა, რადგან პირველი სართული ან გაქირავებული ჰქონდა, ან დამატებითი დანიშნულებით, მაგალითად, საჯინიბოდ ხმარობდა და მეორე სართულზე ცხოვრობდნენ ხოლმე. ბელეტაჟზე კი ცოტა უფრო ნაკლებად შეძლებული ადამიანები ცხოვრობდნენ“.
ამ მოსაზრებას გარკვეულწილად არ ეთანხმება შოთა გუჯაბიძე:
„ჩემი აზრით, ეს გემოვნების საკითხიც იყო. დღევანდელი თოჯინების თეატრი არის დ. (სავარაუდოდ დიმიტრი) ბიკოვის სახლი, რომელიც ქალაქის თავის თანაშემწე, ანუ მეორე კაცი იყო ქალაქში, პროფესიით ინჟინერი და ეს შეძლებული კაცი ქალაქის ცენტრში აშენებს ერთსართულიან სახლს – აქ უნდა გამოვრიცხოთ ფინანსური პრობლემები. მე მგონი, ეს ხშირ შემთხვევაში ესთეტიკის გამოც იყო და არა მხოლოდ ფულის გამო.“
ბელეტაჟი ბათუმში
რა განასხვავებს ბათუმურ ბელეტაჟებს საქართველოს სხვა ქალაქებში მდებარე მსგავსი სახლებისგან? ამის შესახებ კვლევა არ არსებობს, თუმცა თამარ ამაშუკელი ამბობს, რომ, პირველ რიგში, რაც ერთი შეხედვით ჩანს, ეს სახლების ზომაა.
ბელეტაჟი ბათუმში
„ბათუმური ბელეტაჟები უფრო პატარა ზომისაა თბილისში მდებარე ბელეტაჟებთან შედარებით. ბათუმს სხვა მასშტაბები აქვს და აქ ბელეტაჟები ზუსტადაა მორგებული ქუჩას, სადაც მდებარეობს. ეს არ არის შემთხვევითი კავშირი, ქალაქის დაგეგმარება ძველ ბათუმში საკმაოდ მკაცრად რეგულირდებოდა, როცა ბათუმი შენდებოდა, სამწუხაროდ დღეს რეგულაციები სუსტია და რაც არის, ისიც არ მუშაობს, შესაბამისად ვიღებთ კიდეც ქალაქის დაუგეგმავ, ქაოსურ განვითარებას“, – ამბობს თამარ ამაშუკელი.
გიორგი რამიშვილი ბათუმურ ბელეტაჟებთან დაკავშირებით კიდევ ერთ საინტერესო დეტალს იხსენებს:
„სახლის ზოგიერთი მეპატრონე ცდილობდა წითელ ხაზზე, ქუჩის პირას კი არ განელაგებინა, არამედ სიღრმეში შეეწია ცოტა, თუნდაც ორი მეტრით, პირობით ეზოს უტოვებდნენ, ქვის ფუნდამენტზე ლითონის ღობეს უკეთებდნენ – ესეც მაშინდელი რეგულაციის მოთხოვნა იყო. შესაძლოა, ეს იყო ერთგვარი ხაზგასმა – „მე არ ვარ ისეთი მდიდარი, რომ ორსართულიანი სახლი მქონდეს, მაგრამ სამაგიეროდ მაქვს იმის საშუალება, რომ ქუჩაზე ეზოთი გამოვიდე. რამდენიმე შემთხვევა არის ძველ ბათუმში, თუ დააკვირდებით.“
კვლევა, რამდენი ბელეტაჟი დარჩა ძველ ბათუმსა თუ ქალაქის სხვა უბნებში, არავის ჩაუტარებია. რამდენიმე ბელეტაჟს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, თუმცა ძველი ბელეტაჟების უმრავლესობას, რომელთაგანაც რამდენიმე ასი წლისაცაა, ძეგლის სტატუსი არ აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ბედი მხოლოდ მეპატრონის ნება-სურვილზეა დამოკიდებული.
ერთსართულიანი ბათუმის გაქრობით ბათუმი დაკარგავს საკუთარ თავს – ასე ფიქრობს შოთა გუჯაბიძე. იგი ამბობს, რომ ბათუმური ბელეტაჟების გაქრობის საფრთხე რეალურია „და ეს საფრთხე, პირველ რიგში, მოდის ადამიანებისგან, ხელისუფლებისგან და ე.წ. ინვესტორებისგან, რომელთათვის კანონი ხელშემშლელი გარემოება არ არის“.
ირაკლი ბარამიძის განცხადებით, საქმე ეხება 2011 წელს ქედის მუნიციპალიტეტში ჩოგბურთის კორტებისა და ფრენბურთის მოედნის მშენებლობას.
„მოედნების მშენებლობა 2011 წელს განხორციელდა, სამუშაოები ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „გულებმა“ შეასრულა. სატენდერო თანხა 80 ათას ლარს შეადგენდა.
თანაპარტიელის პროკურატურაში დაბარებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს უმაღლესი საბჭოს უმცირესობის წევრებმა ბრიფინგი გამართეს:
ბრიფინგი ნაციონალურ მოძრაობაში
„ჩვენ ირაკლი ბარამიძის პროკურატურაში დაბარებას პირდაპირ ვუკავშირებთ უმაღლეს საბჭოში განვითარებულ პროცესებს, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ 4 თებერვალს უმაღლეს საბჭოში დაკარგა უმრავლესობა და ჩვენ დავაანონსეთ შესაძლო საკადრო ცვლილების შესახებ, ამისთვის გადავდგით პირველი ნაბიჯი და შევიტანეთ წერილი, უმაღლესი საბჭოს ხუთი წევრი აწერდა ხელს იმას, რომ გადაყენებულიყო ერთ-ერთი კომისიის წევრი. ამ ფონზე გააქტიურდა საქმე, რომელიც ჩვენს კოლეგას მაღალმთიანი რეგიონიდან, ფრაქციის თავმჯდომარეს, ირაკლი ბარამიძეს უკავშირდება და ის დაიბარეს პროკურატურაში მოწმის სტატუსით. გამოძიება 2014 წელს არის დაწყებული, თუმცა მხოლოდ დღეს გააქტიურეს“ – აცხადებს უმაღლესი საბჭოს წევრი პეტრე ზამბახიძე.
მისივე განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ უმაღლეს საბჭოში თითოეულ ხმაზე დაიწყო ნადირობა, რადგან „თითოეული ხმა წყვეტს დღეს უმაღლეს საბჭოში უმცირესობა -უმრავლესობის ბედს“.
„ჩვენ ამას ვუკავშირებთ უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან თანამდებობების დაკარგვის შიშს“ – აცხადებს პეტრე ზამბახიძე.
ბატონო დავით, მართალია თუ არა, რომ საქართველოდან წასვლას აპირებთ?
დიახ, ოჯახის ზოგიერთი წევრი – მეუღლე, შვილი და ჩემი ძმა, ფაქტობრივად, უკვე ემიგრაციაშია. მეც მქონდა სურვილი იქ მეცხოვრა ოჯახთან ერთად, მაგრამ ვერ გავძელი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იქაურობა ჩემი ბუნების არ არის. ვერ მოვშორდი ამ ქვეყანას. ჩემი წასვლის ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ ერთი მარტივი მიზეზის გამო: ნუ ექნება არჩილ ხაბაძეს იმის იმედი, რომ მე სადმე წავალ.
გერმანიის ვიზის მიღების პრობლემა მე არ მაქვს – ორ თვეში ან სამ თვეში ერთხელ ჩავდივარ. ასე რომ, ნუ ექნება ნურავის იმედი, რომ წავალ და ამათ, ხელისუფლებას აქ ასე ლაღად დავტოვებ.
რატომ მიიღეთ თქვენი ოჯახის ემიგრაციაში გაშვების გადაწყვეტილება?
ამის მიზეზი ის პოლიტიკური სიტუაციაა, რომელიც უკვე დიდი ხანია ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყანაში. ფაქტობრივად, თუ განსხვავებულ აზრს გამოხატავ და განსხვავებულად აზროვნებ, ამ ქვეყანაში შენთვის არაფერი არაა. მე ჯანდაბას, მივეჩვიე ასეთ ცხოვრებას, მაგრამ შვილებს ნამდვილად არ ვურჩევ, რომ ამ ქვეყანაში იცხოვრონ.
თქვენ დიდი ხანია, რაც „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ხართ და განსხვავებული შეხედულებების გამო ამ დრომდე ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილება არ მიგიღიათ. ახლა რა მოხდა?
ადამიანი როდესაც დილით დგება, იმდენი საფიქრალი და პრობლემა აქვს, რომ… მხოლოდ მე არ ვარ ასე. რომ არ მიყვარდეს ჩემი ქვეყანა ძალიან, არც იარაღასხმული წავიდოდი საბრძოლველად 91-ში, მაშინ როცა დღევანდელი ხელისუფლების წევრები ბიკინების ყიდვით იყვნენ დაკავებულები. ის, რა ცხოვრებაც გავიარე, წინააღმდეგობები, დაბრკოლებები… და რადგან ხარ ოპოზიციაში, აღარაფერი აღარ ხარ ამ ქვეყანაში _ არც სამსახურია შენთვის და არც გამარჯობის მთქმელი… ამას პირდაპირი გაგებით ვამბობ, რადგან ხელისუფლებაში მყოფი ნაცნობი ქუჩიდან ქუჩაზე გადადის, ვინმემ არ დაგვინახოს, გამარჯობა რომ ვუთხარით ერთმანეთსო.
ამას ემატება სხვა ფაქტორიც. თქვენ რას ფიქრობთ, ვაზაგაშვილი იმისთვის ააფეთქეს, რომ რაღაც ძაფებს მიაგნო და რაღაცა გამოაშკარავდებოდა? – არა, იმისათვის, რომ ის ადამიანებიც გაეჩუმებინათ, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ სურვილი, რომ ხმა ამოიღონ და ებრძოლონ უსამართლობას. ეს იყო მთავარი მოტივი. მე გადავხედე და გადავწყვიტე, რომ რაღაც ეტაპზე ოჯახი გამერიდებინა აქაურობას.
თქვენ აქ დასაქმებული არ ხართ ?
როდის ვიყავი – სააკაშვილის დროს, ივანიშვილის დროს თუ ღარიბაშვილის დროს? ჩვენთვის ყველაფერი აკრძალული და დაკეტილია. არამარტო ჩემთვის, იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც წარმოადგენენ ჩვენს პარტიას რეგიონში და საქართველოში.
გერმანიის საემიგრაციო ბიუროს მხოლოდ იმაზე უთხარით, რომ სამსახურს ვერ შოულობთ, თუ სხვა გარემოებებზეც მიაწოდეთ ინფორმაცია? გერმანიაში პოლიტიკური დევნილის სტატუსის მოპოვება ხომ ძალიან რთულია?
მე არაფერი მომითხოვია ჯერჯერობით. ჩემმა ოჯახმა მოითხოვა დევნილის სტატუსი, ყველაფერს გადაწყვეტს გერმანიის სასამართლო, რომელიც მიანიჭებს ან არ მიანიჭებს დევნილის სტატუსს ჩემს ოჯახს. საემიგრაციო პოლიტიკა შენგენის ზონის ქვეყნებთან შვეიცარიას აქვს მხოლოდ განსხვავებულად და კიდევ რამდენიმე ახალშეერთებულ ქვეყანას. საფრანგეთს, გერმანიას და სხვა ქვეყნებს სხვაგვარად აქვთ ეს საკითხი მოგვარებული. იქ ადამიანი, რომელიც ბარდება და ითხოვს თავშესაფარს, ნებისმიერს იღებენ. შემდეგ იწყება დაკვირვება მათზე. ჩაბარებიდან ოთხი თვის შემდეგ არის პირველი სასამართლო პროცესი. სასამართლო წყვეტს, დაგატოვებინოს ქვეყანა, თუ მოგცეს ბინადრობის უფლება. ამ შემთხვევაში ადვოკატი გეხმარება, ის აგროვებს დოკუმენტაციას, რომლითაც დაადასტურებს, რომ ნამდვილად მიდიხარ. თუ სასამართლო გამოიტანს უარყოფით გადაწყვეტილებას, გასაჩივრებისთვის გრჩება წელიწადი ან წელიწად-ნახევარი, ამ დროში ბავშვი ეჩვევა იქაურ პირობებს, სკოლას და უკვე გაძლევს ბინადრობის უფლებას. რა თქმა უნდა, ისე არ არის, ოღონდ ჩამოდი შენ გენაცვალეო, ამას თავისი პროცედურები აქვს.
„ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება, მაგრამ მაქვს უნივერსიტეტში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება, ვიცნობ ამ კოლექტივს და ვაკმაყოფილებ კრიტერიუმებს. ვფიქრობ, რომ არ არის მარტივი ამ პოზიციაზე მუშაობა, მაგრამ თუ იქნება აკადემიური საბჭოს და ასევე ჩემი კოლეგების მხარდაჭერა, ამ შემთხვევაში შემიძლია ბევრი კარგი რამ გავაკეთო უნივერსიტეტისთვის“ – აღნიშნა მალხაზ ნაკაშიძემ „ბათუმელებთან“.
კითხვაზე, მისი, როგორც რექტორობის კანდიდატის აზრით, რა გამოწვევების წინაშე დგას ამჟამად უნივერსიტეტი, მალხაზ ნაკაშიძე ამბობს, რომ ეს პირველ რიგში სწავლების ხარისხია:
„ამ ეტაპზე ყველაზე დიდი გამოწვევა, ვფიქრობ, არის ის, რომ სტუდენტებს უნდა შევთავაზოთ უფრო უკეთესი პირობები, ვიდრე გვაქვს და ავამაღლოთ სწავლის ხარისხი. სტუდენტებისგან არის მოთხოვნა, რომ უნივერსიტეტში იყოს შესაბამისი აკადემიური რესურსი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვყავს უნივერსიტეტში ბევრი პროფესიონალი, მაგრამ არ არის ეს საკმარისი. ასევე, საერთაშორისო თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და უნდა შევქმნათ ბევრი საერთაშორისო, ინგლისურენოვანი პროგრამა, რომ მოვიზიდოთ რაც შეიძლება მეტი უცხოელი სტუდენტი, და რა თქმა უნდა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რადგან გარემო სტუდენტებისთვის არის მნიშვნელოვანი.“
მალხაზ ნაკაშიძე ამბობს, რომ სამივე მათგანი ღირსეული კანდიდატია.
„ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ, მათთან ერთად მიმუშავია, ვთანამშრომლობდი წარსულში, ვფიქრობ ყოველ მათგანს აქვს შანსი გახდეს რექტორი. კონკურენცია კარგია, მოვისმენთ ერთმანეთის ხედვებს, სტრატეგიებს და ვისაც გადაწყვეტს აკადემიური საბჭო, იმ კანდიდატთან ერთად ვიმუშავებ შემდეგში. თუ მე ვერ გავიმარჯვებ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებ აკადემიურ საბჭოში მუშაობას, მხარს დავუჭერ უნივერსიტეტისთვის ყველა სასიკეთო გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ნორმალური, თანასწორი არჩევნები და არ იქნება არნაირი ჩარევა არავის მხრიდან. ვინც გაიმარჯვებს, მასთან ერთად უნდა გავაგრძელოთ უნივერსიტეტში მუშაობა.“
მალხაზ ნაკაშიძე უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრია. სწორედ აკადემური საბჭო, რვა ადამიანის შემადგენლობით, ირჩევს რექტორს. მალხაზ ნაკაშიძე ამბობს, რომ რექტორის არჩევნებში მონაწილეობა საბჭოს წევრს არ ეზღუდება.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს 16 მარტს შეარჩევს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რვა წევრი – მარინა აროშიძე, გურამ ჩაგანავა, ვაჟა ვერულიძე, მალხაზ ნაკაშიძე, რუსუდან ხუხუნაიშვილი, გული შერვაშიძე, თეიმურაზ ქიქავა და ანზორ დევაძე.
ჯემილე ჩახვაძის მსგავსად 1000 ლარი საპენსიო ანგარიშზე აჭარაში მცხოვრებ 100 წელს გადაცილებულ 41 მოქალაქეს დაერიცხა. თანხას ის მოქალაქებიც მიიღებენ, რომლებსაც 100 წელი წლის ბოლომდე შეუსრულდებათ.
100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2002 წლიდან მოქმედებს, გასულ წელს ფულადი დახმარება 1000 ლარის ოდენობით 100 წელს გადაცილებულ 57 მოქალაქეს გადაეცა.
ტესტირების დღეს, ტესტირებაში მონაწილეობისათვის რეგისტრაციის გასავლელად, კონკურსანტები გრაფიკის შესაბამისად უნდა გამოცხადდნენ ტესტირების ჩატარების ადგილას, რეგისტრაციის დაწყების დროს. ტესტირების მონაწილემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან/და პირადობის მოწმობა ან/და მართვის მოწმობა). პირადობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის გარეშე პირი ტესტირებაზე არ დაიშვება.
პირი, რომელიც დადგენილ დროში არ გაივლის რეგისტრაციას, ტესტირებაზე არ დაიშვება. ტესტირებაზე გამოუცხადებლობის ან დაგვიანების შემთხვევაში, მიუხედავად მიზეზისა (საპატიო თუ არასაპატიო) მონაწილე ფასდება 0 ქულით – აღნიშნულია ბათუმის მერიის ვებგვერდზე.
ორიოდე დღის წინ ღია წერილით მივმართე საქართველოს პრემიერ-მინისტრს. წერილში საუბარი იყო საჯარო სამსახურებში მომუშავე არაკვალიფიციურ კადრებზე, რომელთა არაპროფესიონალიზმი მეც და ჩემი პროფესიის ბევრ ადამიანს ხელს გვიშლის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში… იმავე ფაქტებთან დაკავშირებით პირადად გავუგზავნე წერილი ბატონ ვოლსკის (რომელიც, როგორც გავიგე, რეგიონებში არსებული სიტუაციის შესწავლითაა დაკავებული). შესაბამისად, ვთხოვე მათ და ვურჩიე, შეცვალონ საკადრო პოლიტიკა. როგორც მინიმუმ, ხუთ უცოდინარში ერთი ჭკვიანი მაინც გამოურიონ, ვისთანაც ჩვენ, ადვოკატები შევძლებთ კანონის ენით საუბარს; ვისაც, მინიმუმ, ის მაინც ეცოდინება, რომ შეტანილ საჩივარზე, გაგზავნილ წერილზე 10 დღის ვადაში უნდა გასცეს პასუხი; ან შეძლოს დოკუმენტის ისე შედგენა, რომ სასაცილოდ (ან კიდევ სატირლად) არ გამოიყურებოდეს; ვისაც ეცოდინება, რომ საკუთრების უფლების ხელყოფის უფლებამოსილება საჯარო მოხელეს არა აქვს. ერთი სიტყვით, ვისაც მინიმალური ცოდნა მაინც ექნება.
მიმაჩნია, რომ საჯარო სამსახურები არაპროფესიონალი ადამიანებით არის დაკომპლექტებული და აღნიშნულ სამსახურებში კვალიფიციური კადრების სერიოზული კრიზისია. ჩემს მოსაზრებას აქვე ფაქტებით გავამყარებ.
ამჯერად თქვენს ყურადღებას შევაჩერებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სამსახურში დასაქმებული კადრების არაკვალიფიციურობასა და სრულ უცოდინრობაზე, იმ განუკითხაობაზე, რაც იქ ხდება.
ქობულეთის გამგეობასა და საკრებულოში არიან „ოცნების“ სახელს ამოფარებული ის ადამიანები, რომლებსაც წარმოდგენაც კი არა აქვთ სად მოხვდნენ, რა ფუნქციები, რა ვალდებულებები აკისრიათ. პასუხისმგებლობაც რომ აკისრიათ, ამის თაობაზე საერთოდ არაფერს უწყიან… ასეთი „შემთხვევითი“ ადამიანების ხელშია მუნიციპალიტეტი (სამწუხაროდ, საქართველოში მსგავსი მდგომარეობაა თითქმის ყველგან).
აქვე მოგიყვანთ რამდენიმე მაგალითს ჩემი მოსაზრების დასაბუთების მიზნით.
გასულ ზაფხულს კლიენტის ინტერესების დასაცავად საჩივარი შევიტანე ქობულეთის გამგეობაში. ეს იყო ჩემი პირველი შეხება ახალი ხელისუფლების მიერ დანიშნულ ახალ კადრებთან. გამგეობიდან გაოგნებული გამოვედი. მივხვდი, რომ ამ ხალხს წარმოდგენა არ ჰქონდა კანონზე. გამგებელი სულხან ევგენიძე კი, ჩემი აზრით, უცოდინრობისა და უვიცობის სრული განსახიერებაა… თუმცა, უნდა ვაღიარო, მასთან ურთიერთობისას, მთელი ჩემი პრაქტიკის განმავლობაში პირველად, გაოგნებისგან „ენა ჩამივარდა“, როცა საჯაროდ განმიცხადა, ჩემი კლიენტის დავაზე – „ქობულეთურად, კუხნაში უნდა გაგვეხილაო“. მანამდე კი პირად საუბარში არაერთხელ მომთხოვა „გლეხურად მელაპარაკეო“. რა ექნა, კანონის ენით ლაპარაკს ვერ ხვდებოდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ გულწრფელი ადამიანი მაინც აღმოჩნდა და თავის მოჩვენება – არიქა, გენიოსი ვარო, არ უცდია, ისევე, როგორც იმავე გამგეობაში მომუშავე ბევრი უვიცი აკეთებს (სიმართლე გითხრათ, გლეხურად კლიენტის უფლებები როგორ უნდა დავიცვა და კანონზე როგორ ვილაპარაკო, ეგ არ ვიცი, მაგის პრაქტიკა არ მაქვს. ქობულეთელი კი ვარ, მაგრამ კუხნაში განხილვაც უცხოა ჩემთვის).
ამავე გამგეობაში მიმიწვიეს ჩემი საჩივრის განხილვაზე (კარგი იქნებოდა, განხილვამდე ადმინისტრაცილ კოდექსში ჩაეხედათ), თუმცა მოვლენები ისე განვითარდა, რომ ბოლოს „აბსურდის თეატრის“ მონაწილეობას, ვარჩიე პირდაპირ სასამართლოში წავსულიყავი, რათა დავა კვალიფიციურ ორგანოს განეხილა.
მათ მიერ შედგენილი დოკუმენტები, თითოეული მათი ქმედება იმდენად უკანონო და სულელურია, რომ ამ დონის უცოდინრობა უკვე აღმაშფოთებელი ხდება.
მოგვიანებით გამგებლისადმი დაქვემდებარებულმა ოთხმა საჯარო მოხელემ, კანონის უცოდინრობიდან გამომდინარე (თუმცა უცოდინრობა არ ათავისუფლებს მათ პასუხისმგებლობისაგან) ვერ გააცნობიერა რა, რომ ეს დანაშაულია, „შეთითხნეს“ ოფიციალური დოკუმენტი, ე.წ. „აქტი“, რომელშიც საუბარი იყო ჩემზე, როგორც ადვოკატზე, არასწორ და არასასურველ კონტექსტში. შესაბამისად, იძულებული გავხდი ისევ მქონოდა ურთიერთობა აღნიშნულ გამგეობასთან – მათთან საჩივარი შევიტანე. ამჯერად პასუხი საერთოდ არ მომწერეს. ხოლო როცა გამგებელს დავურეკე და ჩემი საჩივრის ბედი მოვიკითხე, კიდევ ერთი გამაოგნებელი პასუხი მივიღე: „შენი საჩივარი სწორედ იმ მოხელეს გადავაწერე განსახილველად, ვის წინააღმდეგაც იყო შემოტანილიო“ (თან ეს ისეთი ტონით მითხრა, აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ ჭკვიანურად მოიქცა). მე მას ვურჩიე, ვინმე ჭკვიანი, ერთი გონიერი ადამიანი მაინც აეყვანათ გამგეობაში, ან რჩევა მაინც ჰკითხონ ვინმე პროფესიონალს, თორემ მათი ქმედებები იმდენად უკანონო და არაადეკვატურია, რომ არა მარტო ჩემს, არამედ უკვე ხალხის აღშფოთებასაც იწვევს. ამ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ გავაცნობიერე, რომ მათთან საუბარს აზრი არა აქვს და სხვა შესაბამის ორგანოებს მივმართე.
კიდევ ერთი მაგალითი: დაახლოებით ორი თვის წინ მომმართა კლიენტმა, რომელსაც მისმა მეზობელმა გააცნო ქობულეთის გამგეობის მიერ გაცემული წერილობითი ნებართვა, რომლითაც გამგეობამ მეზობელს მისცა ნებართვა ჩამოაჭრას ტოტები ჩემი კლიენტის ეზოში არსებულ ხეს. გამგეობაში გავგზავნეთ წერილი, რომელშიც განვმარტე, რომ საკუთრების უფლება დაცულია კონსტიტუციით, ხოლო, რაც შეეხება ხეს, ს.ს.კ-ის 150-ე მუხლის თანახმად, ის იმავე ადამიანის საკუთრებას წარმოადგენს, ვის საკუთრებაში მყოფ მიწაზეცაა განთავსებული. იქვე გავუგზავნეთ საკუთრების მოწმობა, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ეს მიწა ნამდვილად ჩემი კლიენტის საკუთრება, მისი საკარმიდამო ნაკვეთი გახლდათ. სხვათა შორის, ამავე წერილში მარტივადაც ავუხსენი (ჯერ კანონის ენით, შემდეგ შეძლებისდაგვარად, „გლეხურად“), რომ სხვის ეზოში ხის მოჭრის ნებართვის გაცემა არაკანონიერია და ეს ნებართვა უნდა გაუქმდეს. საპასუხოდ არა თუ გააუქმეს, არამედ თავიდან გასცეს იგივე ნებართვა, თანაც ჩემს კლიენტს „აუხსნეს“, რომ მას უფლება არა აქვს თვითონ მოჭრას ეს ხე, რადგან მის ეზოში ხე აუცილებლად მისმა მეზობელმა უნდა მოჭრას?!
ასეთი აბსურდული დოკუმენტების შედგენითა და გაცემით არიან დაკავებული გამგეობის საჯარო მოსამსახურეები _ გამგებელი და მისი აპარატი, სტრუქტურული დანაყოფები (რომლებსაც სანათესაო-სამეგობროთი აკომპლექტებენ), არც საკრებულოშია სახარბიელო მდგომარეობა….
და კიდევ ერთი: არ ვიცი ვინ „პატრონობს“ ქობულეთის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს ია ხალვაშს, მაგრამ ყოველგვარ თავხედობას აქვს საზღვარი. მისი უკანონო ქმედებებით შეწუხებულმა არა ერთმა ადამიანმა მომმართა. მას ხელს აფარებენ და უკანონობას აკანონებენ სხვა საჯარო მოხელეები. ამიტომაც, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს: დროზე გამოფხიზლდით! შეცვალეთ საკადრო პოლიტიკა!
და ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არანაირი შეხება არა მაქვს პოლიტიკასთან, არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან. მე ვარ ადვოკატი, რომლისთვისაც შემაწუხებელი გახდა საჯარო სამსახურში მოყვანილი ხალხის არაკვალიფიციურობა, ეს ხელს მიშლის პროფესიულ საქმიანობაში და ამავდროულად, საჭიროდ მივიჩნიე, მეთქვა სიმართლე, ანუ ხალხის აზრი, რომელსაც გამგეობასა და საკრებულოში ვოლსკის მსგავსად „სიტუაციის შესამოწმებლად“ მისულ პოლიტიკოსებს არავინ ეტყვის. და ვისაც ჩემი ნათქვამი სიმართლე არ მოსწონს, შევახსენებ -„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის შესაბამისად აზრის გამოხატვა დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით.
ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რელიგიური კონფესიებისა თუ სხვა კერძო პირების მფლობელობაში არსებული ბავშვთა სახლები, სადაც ბავშვთა რაოდენობა 10-ს აღემატება, წინააღმდეგობაში მოდიs სახელმწიფო პოლიტიკასთან. ჯანდაცვის სამინისტრო ამ ტიპის ბავშვთა სახლების კანონმდებლობაში მოსაქცევად ახალი რეგულაციების შემუშავებას აპირებს.
აჭარის ტერიტორიაზე სამუფთოს დაქვემდებარებაში 24 სკოლა-პანსიონია, სადაც 600-მდე არასრულწლოვანი ცხოვრობს, აქედან 150 გოგონაა. საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში კი სამი დიდი ზომის ბავშვთა სახლია – ბათუმში, ნინოწმინდასა და ბედიანში, სადაც მთლიანობაში 334 ბავშვი ცხოვრობს. პანსიონების ზუსტი რაოდენობის შესახებ საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტრო ინფორმაციას არ ფლობს. რამდენიმე თვის წინ კი, როგორც სამინისტროში განაცხადეს, საკანონმდებლო რეგულაციების დარღვევით ქობულეთში კიდევ ერთი დიდი ზომის პანსიონი გაიხსნა, სადაც 20-მდე აღსაზრდელი იმყოფება.
საინფორმაციო შეხვედრა ბავშვთა საკითხებზე ბათუმში
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ სახელმწიფო პოლიტიკას ეწინააღმდეგება დიდი ზომის ბავშვთა სახლების არსებობა. ამის მიუხედავად, ქვეყანაში დღემდე ფუნქციონირებს ასეთი ტიპის ბავშვთა სახლები. სახელმწიფო აღიარებს, რომ რელიგიური ინსტიტუციების დაქვემდებარებაში არსებულ ბავშვთა სახლებს სათანადოდ ვერ აკონტროლებს. უფრო მეტიც, ბავშვთა სახლების დაფინანსების ძირითადი წყარო დღემდე სახელმწიფო ბიუჯეტია, რადგან საქართველოს საპატრიარქოც ბიუჯეტიდან ფინანსდება. აჭარის მთავრობა კი აპირებს სამუფთოს გადასცეს მიწა მედრესეს ასაშენებლად, რომელიც პანსიონის პრინციპით იმუშავებს და ბავშვები იქაც 24 საათის განმავლობაში იცხოვრებენ.
სამინისტროს მიაჩნია, რომ დაწესებულება, რომელიც ბავშვზე ზრუნვას 24 საათის განმავლობაში ახორციელებს, სახელმწიფო რეგულაციებს უნდა ექვემდებარებოდეს. „ლიცენზიის აღებას ექვემდებარებოდა ქობულეთის ბავშვთა პანსიონიც, რომელიც უკანონოდ გაიხსნა. პანსიონში ბავშვები სახელმწიფოს გვერდის ავლით, ანუ სოციალური მომსახურების სააგენტოს შუამდგომლობის გარეშე მიიღეს, რაც კანონის დარღვევაა“, – ამბობს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სოციალური პროგრამების სამმართველოს უფროსი ამირან დათეშაძე. მისი თქმით, კანონი მხოლოდ მცირე საოჯახო ტიპის სახლების არსებობას და მინდობით აღზრდას ითვალისწინებს.
„ბათუმელების“ კითხვას, როგორ უნდა გაძლიერდეს ბიოლოგიური ოჯახები, რა რესურსი აქვს ამისთვის სახელმწიფოს? დავით სერგეენკომ ასე უპასუხა: „ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება გრძელვადიანი პროცესია. რეფორმის შედეგია ის, რომ 2005 წლის შემდეგ 4 500 ბავშვიდან დიდი ზომის ბავშვთა სახლებში დღეს მხოლოდ 500-მდე ბავშვია დარჩენილი. ნელ-ნელა ეს პროცესი უნდა მივიდეს იქამდე, რომ არც მცირე ზომის სახლები გახდეს საჭირო“.
დავით სერგეენკოს აზრით, ბიოლოგიური ოჯახების გაძლიერება მიუღებელია მინდობით აღზრდისთვის განკუთვნილი რესურსით. „თუ ჩვენ ხისტად გადავჭრით ამ საკითხს და იმ თანხას, რასაც მინდობით აღზრდაში ვიხდით, ბიოლოგიურ ოჯახებთან გადავამისამართებთ, ეს იქნება მაპროვოცირებელი ფონი რიგი ოჯახებისთვის, რომლებიც ხელოვნურად შექმნიან პრობლემას და თანხას გამოიყენებენ არამიზნობრივად“.
კითხვაზე, ხომ არ აპირებს სახელმწიფო საპატრიარქოს ბავშვთა სახლების ფინანსური რესურსის გამოყენებას ბიოლოგიური ოჯახების გასაძლიერებლად? – მინისტრი პასუხობს: „საპატრიარქოსთან მე, პირადად, არ მაქვს კომუნიკაციის პრობლემა, მათი ბავშვთა სახლებიც ემორჩილებიან კანონსა და მონიტორინგს, სახელმწიფო პოლიტიკა და კანონი არის ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მიღწეული იქნეს შედეგი“.
რამდენად მისაღებია სახელმწიფო პოლიტიკა რელიგიური კონფესიებისთვის, რომლებიც ბავშვთა სახლებს ფლობენ და ხედავენ თუ არა ისინი თავიანთ როლს ოჯახების გაძლიერებაში? ამ კითხვით საქართველოს საპატრიარქოსა და სამუფთოს მივმართეთ. სრულიად საქართველოს მუფთის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე მათ ჩამოყალიბებული პოზიცია ჯერ არ აქვთ. „არ ვიცი, ეს რამდენად მოსახერხებელია. გავეცნობით მთავრობის მოსაზრებებს და ვნახოთ“, – უთხრა „ბათუმელებს“ სამუფთოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ოთარ ნადირაძემ.
საპატრიარქოს პოზიცია ამ საკითხზე უცნობია, რადგან მათთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ.
ბავშვთა ზრუნვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების პროცესში აქტიურად არის ჩაბმული არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ანა აბაშიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ არა თუ მიუღებელია დიდი ზომის ბავშვთა სახლების გახსნა ან მათი ხელშეწყობა, „ასეთი ტიპის ბავშვთა სახლები ან პანსიონები საერთოდ უნდა გაქრეს“.
„რატომ არ ზრუნავს, ვთქვათ, საპატრიარქო ამ ბავშვების ბიოლოგიური ოჯახების გაძლიერებაზე, მე ზუსტი პასუხი არ მაქვს, თუმცა ვფიქრობ, რომ მათ არც უფიქრიათ იმაზე, რა უფრო უკეთესი იქნება ამ ბავშვებისთვის“, – ამბობს ის.
ანას აზრით, ხშირ შემთხვევაში ბავშვთა სახლების მფლობელები აქცენტს აკეთებენ მატერიალურ ღირებულებებზე და ნაკლებად ფიქრობენ ბავშვის რეალურ ინტერესებზე: „მათი აზრით, ვთქვათ, სუფთა ტანსაცმელი ან კარგად მოწყობილი ოთახი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი. უკვე აღარავინ დავობს იმაზე, რომ ბავშვისთვის ბიოლოგიურ ოჯახში განვითარება ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს განვითარების პერიოდში სჭირდება მხარდაჭერა, დადებითი ემოციის მიღება, რომ ბავშვს უნდა აღიქვამდნენ როგორც ინდივიდს და არა როგორც ჯგუფის წევრს“.
ანა აბაშიძის თქმით, ზოგადად, სასულიერო სასწავლებლების არსებობა არ არის პრობლემა, რადგან კონკრეტულ კონფესიაში ბავშვის აღზრდა არის მშობლის პრეროგატივა. პრობლემა დიდი ზომის ბავშვთა სახლებია, რომლებიც ეწინააღმდეგება როგორც სახელმწიფო პოლიტიკას, ასევე გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციას, რომელზეც საქართველოს ხელი აქვს მოწერილი.
„გარდა ამისა, საკანონმდებლო რეგულაცია თანაბრად უნდა ეხებოდეს როგორც სასულიერო ხაზით, ასევე არასასულიერო ხაზით არსებულ ბავშვთა სახლებს“.
ფონდ „სოციალური პარტნიორობის“ ხელმძღვანელი, გიორგი ქვრივიშვილი ამბობს, რომ ახალი რეგულაციები პრობლემას ვერ მოაგვარებს. “სამწუხაროდ, ბიოლოგიური ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა ამ ეტაპზე არ ამართლებს, რადგან ეს თანხა ბავშვების საჭიროებებს არ ხმარდება და ბავშვის უფლებები ბიოლოგიურ ოჯახშიც ირღვევა“, – მიაჩნია ფონდის ხელმძღვანელს. მის მოსაზრებას არ იზიარებს ანა აბაშიძე: „ბიოლოგიური ოჯახის უზრუნველყოფა გაცილებით ნაკლებხარჯიანია, ვიდრე იმ სახლებში ბავშვების შესახლება, რომლებსაც ისინი აფინანსებენ. გაცილებით მარტივდება მენეჯმენტიც. ბავშვი აუცილებლად უნდა გაიზარდოს ოჯახში, ან მცირე ზომის ოჯახთან მიახლოებულ სახლში. ცხადია, არც მცირე ტიპის ბავშვთა სახლებია ბავშვებისთვის საუკეთესო შეთავაზება, მაგრამ სახელმწიფოებმა გარდამავალ ეტაპზე სწორედ ასეთი გზა აირჩიეს“.
როგორც ანა აბაშიძე ამბობს, ორგანიზაცია, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, გარკვეული ღონისძიებების გატარებას აპირებს ქობულეთის პანსიონთან დაკავშირებით. „ჩვენი მიზანია ეს ბავშვები დავაბრუნოთ ბიოლოგიურ ოჯახებში. რაც შეეხება სასულიერო სასწავლებლებს, მათთან დაკავშირებითაც შემოვა საკანონმდებლო რეგულაციები“, – ამბობს ის.
ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახში განვითარების მომხრეა გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელი ქეთევან მელიქაძეც: „ბავშვზე 24-საათიანი ზრუნვის სისტემა მთლიანად სახელმწიფო ხედვის ქვეშ უნდა მოექცეს, სახელმწიფოს ამოსავალი პრინციპია, დავეხმაროთ ოჯახს. ამიტომ, იქნება ეს საპატრიარქო, სამუფთო თუ სხვა კერძო პირი, სასურველია მათი დახმარება მიმართული იყოს კონკრეტული ოჯახების გასაძლიერებლად“.
ფონდის წარმომადგენლის თქმით, ბავშვის ოჯახიდან გაყვანა შეუძლია მხოლოდ ბავშვზე ზრუნვის ორგანოს, იმ შემთხვევაში თუ არსებობს მკაფიოდ გამოხატული მიზეზები და ბავშვი ოჯახთან მაქსიმალურად მიმსგავსებულ გარემოში უნდა განთავსდეს. „სხვა ყველაფერი არაკანონიერი და რისკების შემცველია“.
ბათუმის 2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო „იაფი სახლის“ პროექტი. მიუხედავად დიდი მოლოდინისა, ბიუჯეტიდან ეს მუხლი გაქრა. მერიისგან უარის თქმის არგუმენტი რა იყო?
2014 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო 2,5 მილიონი ლარი „იაფი სახლის~ პროექტისთვის. პროგრამა გულისხმობდა 110 ბინის მშენებლობას. თანხა იყო გაწერილი ბაზრის კვლევისთვის, შემდეგ უნდა გამოცხადებულიყო ტენდერი და დაწყებულიყო მშენებლობა, მაგრამ მერიამ არც ერთი ნაბიჯი არ გადადგა პროექტის განსახორციელებლად.
2014 წლის ნოემბერში საკრებულოში შემოვიდა განკარგულების პროექტი, რომლის თანახმადაც მერიამ მოითხოვა იაფი სახლის პროგრამისთვის მიგვენიჭებინა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის სტატუსი, ხოლო მისი განხორციელების ადგილად წარმოადგინა ე.წ. `ბენზეს ბარაკების~ ტერიტორია. თუ სწორად მახსოვს, 9 000 კვადრატულ მეტრზეა საუბარი. მერიამ თქვა – მე გავაერთიანებ და ერთად განვახორციელებ ბარაკების კომპენსაციისა და იაფი სახლის პროგრამას. ორივე პროგრამისთვის ჯამურად თანხამ შეადგინა 5 მილიონ-ნახევარი ლარი. მიუხედავად ჩვენი შენიშვნებისა, უმრავლესობამ განკარგულებას მხარი დაუჭირა. საბოლოოდ არც ერთი პროგრამა არ გამოვიდა.
ანუ ე.წ. „იაფ სახლზე“ მერიამ უარი თქვა?
2015 წლის დასაწყისში მერიამ აღიარა, რომ პროგრამა არ გამოვიდა და ლარის კურსს, ინფლაციას დააბრალა. თუმცა ნოემბრის ბოლოს ინფლაცია არ იყო. მერია ექსპროპრიაციის უფლებასაც ითხოვდა, რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებოდით. მერიამ ბარაკების მფლობელებთან მოლაპარაკებაც კი ვერ აწარმოა. აცხადებდნენ, რომ სამი ოჯახი იქნებოდა წინააღმდეგი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ასეთი ოჯახების რაოდენობა მეტი იყო. ჩვენ ვიკითხეთ, არის თუ არა მზაობა მოსახლეობაში. გვითხრეს, რომ კვლევა ჩატარებულია, თუმცა არც კვლევის შედეგები უჩვენებიათ.
დღეს მერიის პოზიცია არის ასეთი – ისინი აპირებენ „იაფი სახლის“ პროექტის ხელახლა ინიცირებას და ადგილმონაცვლეობას. ანუ ჩვენ ჯერ გვითხრეს, რომ ბენზეში ბარაკების დასახლება არის ერთადერთი ადგილი, სადაც უნდა აშენდეს „იაფი სახლი“, ხოლო 2015 წლის თებერვალში კი თქვეს, რომ ამ პროექტის განხორციელებას ახლა უკვე ჯავახიშვილის ქუჩაზე აპირებენ. რაც შეეხება ბარაკების დასახლებას, ამაზე ახლა საუბარი საერთოდ აღარ არის.
უკვე მეორე წელია საუბრობენ „იაფ სახლზე“, როგორც ბათუმელი უსახლკაროებისთვის არაკომერციულ ფასად ბინის გამოსყიდვის შანსზე. გამოდის, ეს ყველაფერი ტყუილია?
„იაფი სახლის“ იდეის განხორციელებაზე, კრიტერიუმებისა და კატეგორიების განსაზღვრის მიზნით, პრაქტიკულად მუშაობა არ წარმართულა. 2015 წლის ბიუჯეტში ამ პროგრამის გასწვრივ წერია – ნული, მაგრამ ამბობენ, რომ უახლოეს სხდომაზე ისევ შემოიტანენ საკითხს განსახილველად. `თავისუფალი დემოკრატების~ პოზიციაა, რომ ეს უნდა იყოს სოციალურად დაუცველ, უსახლკარო მოსახლეობაზე, ვისი ქულებიც პირობითად 100 000-ზე ნაკლებია და ასევე, არასტანდარტულ საცხოვრებელში – ბარაკებში მცხოვრებლებზე ორიენტირებული სახლი.
საკითხს უახლოეს სხდომაზე თუ შემოიტანენ, ალბათ კრიტერიუმებიც უნდა ჰქონდეთ გაწერილი…
მერიამ ახლა დაიწყო კრიტერიუმებისთვის კომისიის ფორმირება. სავარაუდოდ, მეც ვიქნები კომისიის ერთ-ერთი წევრი. ამ კომისიას რამდენიმე თვე დასჭირდება კატეგორიებისა და კრიტერიუმების განსაზღვრისთვის, მაგრამ მთავარია, მშენებლობის პროცესი დაიწყოს. მერიას შეეძლო იგივე გაეკეთებინა წინა წელსაც. აეშენებინა სახლი და ყოფილიყო ის დახურული მანამ, სანამ არ განისაზღვრებოდა კრიტერიუმები. როცა დავიწყეთ იდეაზე მუშაობა, ჩვენი თხოვნით შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ ჩაატარა კვლევები, რომლის ფარგლებშიც გამოკითხეს სოციალურად დაუცველი, უსახლკარო და სხვა კატეგორიის მოქალაქეები. მათ გამოთქვეს მზაობა, რომ თუ მიიღებენ ბინას, გადაიხდიან ყოველთვიურ საფასურს. დამატებით შვეიცარიელებმა მოამზადეს 40 ესკიზური ნახაზი ოთახების განლაგების მიხედვით, ფასადისა და ყველა დეტალის გათვალისწინებით. გამოდის, რომ დღეს გვაქვს კვლევა, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია განვსაზღვროთ კრიტერიუმები.
ეს სახლები იმით არის მნიშვნელოვანი, რომ არის ეკონომიური ბინა, პატარა სამზარეულოთი, ყველა ოთახში ფანჯარაა. მიუხედავად ფართობის სიმცირისა, გათვლილია სხვა სანიტარული პირობებიც. ეს არის ერთგვარი სტანდარტი, რომელიც დამკვიდრებულია მსოფლიო პრაქტიკაში.
აქვს მერიას ზუსტი ციფრი, რამდენი უსახლკარო ჰყავს?
2012 წლის დეკემბერში დავიწყე მუშაობა იაფი სახლის მოდელზე და დაახლოებით 1650 ოჯახის განცხადება ჰქონდა მერიას, _ ისინი ამბობდნენ, რომ არ გააჩნიათ სახლ-კარი.
თქვენი ფრაქციის პროექტის მიხედვით, კრიტერიუმები როგორ არის განსაზღვრული?
ბრძოლა მოგვიწევს იმაზე, რომ იაფი სახლი გავრცელდეს სოციალურად დაუცველებზე და არა ხელფასიან თუ სხვა ტიპის მოქალაქეებზე. სოციალურად დაუცველი ვერ შეძლებს გადახდასო, ეს არის ერთი პოზიცია და მერია ამ პოზიციას ემხრობა. ჩემთვის მთავარია ქვევიდან დავიწყოთ პრობლემების მოგვარება. მერე, როცა სამი-ოთხი კორპუსი აშენდება, შესაძლებელი იქნება იმ პირთა წრის გაფართოება, ვინც შეიძლება გამოისყიდოს ბინები.
ჩვენი პარტიის აზრით, რაც უფრო ნაკლები ქულა ექნება ოჯახს, მით უფრო ხანგრძლივი უნდა იყოს გამოსყიდვის ვადა, ანუ თუ ათწლიანი სესხის განმავლობაში ასი ლარის გადახდა უწევს თვეში, 15-წლიანი სესხის შემთხვევაში მოუწევს 75 ლარის გადახდა. ამ თანხის გადახდას ოჯახი შეძლებს. მთავარია ადამიანს საკუთრების განცდა გაუჩნდეს. კვლევებმაც დაადასტურა, რომ ყველაზე ცუდ დღეში მყოფი ყველაზე დიდ მზაობას გამოხატავს, რომ მიიღოს პროექტში მონაწილეობა. ხოლო ბარაკებში მცხოვრებთათვის შესაძლებელი იყოს ფართობის მონაცვლეობა „იაფ სახლში.“
თქვენ ასაბუთებთ, რომ პროექტის დაწყება იყო შესაძლებელი. მაშინ ამ ხნის განმავლობაში რატომ ვერ მოახერხა მერიამ ამის გაკეთება?
ვერ ვხვდები, შეგნებულად თუ სხვა მიზეზით ამბობენ უარს ამ პროექტზე. მერია ვალდებული იყო განეხორციელებინა ეს პროექტი, ბიუჯეტშიც კი იყო გაწერილი. იანვარ-თებერვალში კვლევა უნდა ჩაეტარებინათ, შემდეგ ტენდერი უნდა გამოეცხადებინათ და დაეწყოთ მშენებლობა.
რამდენად რეალურია მოსაზრება, რომ მერია ამ პროექტის გადანახვას მომავალი არჩევნებისთვის აპირებს?
ორი წლის მერე თუ აპირებენ ამ ტიპის პროექტის გამოყენებას, ეს საერთოდ სავალალოა, რადგან, როცა ოთხწლიანი მანდატი გაქვს ხელისუფლებაში ყოფნის, მაქსიმალურად უნდა გამოიყენო, საქმით უნდა აჩვენო, რომ ღირსი ხარ, ისევ აგირჩიონ ხელისუფლებაში. არჩევნებზე მიბმული საქმიანობები უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში.
თამილა მახარაძის მამა, ამირან მახარაძე ამბობს, რომ 20 თებერვლისთვის გერმანულ კლინიკაში 30 ათასი ევრო აქვთ გადასარიცხი, რის შემდეგაც მარტში გერმანიის საუნივერსიტეტო კლინიკაში შესაბამისი ოპერაციის ჩატარება არის დაგეგმილი. ოპერაციას საგანგებოდ ამერიკიდან მოწვეული პროფესორი ჩაატარებს. ოღონდ, ეს იმ შემთხვევაში, თუ თანხა გადაირიცხება.
თამილა მახარაძე
„ეს ჩვენთვის ბოლო შანსია. თუ არ გადავრიცხეთ ფული, ოპერაცია აღარ ჩატარდება… აქამდე განიხილებოდა კიდურის ამპუტაცია, რაზეც თანახმა ვიყავით, მაგრამ ბოლო მონაცემებით დაგვპირდნენ, რომ ხელსაც შეგვინარჩუნებენ… ეს არის ძალიან მტკივნეული დაავადება, რომელსაც ახასიათებს უჯრედების კვდომა“, – ამბობს ამირან მახარაძე.
თამილას მარჯვენა ხელი იდაყვის სახსრის ჩათვლით უზომოდ აქვს შეშუპებული. მას ერთი თითის ამპუტაცია ცოტა ხნის წინ ჩაუტარდა. მოკვეთილი თითი და ნეკროზული მასალები გერმანიაში, საუნივერსიტეტო კლინიკაში გააგზავნეს – სწორედ ამის შემდეგ დადგინდა ზუსტი დიაგნოზი და განისაზღვრა შესაბამისი ოპერაციის ჩატარებაც.
ამირან მახარაძეს გააზრებული აქვს, რა რთულია ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით თითოეული ლარის ქველმოქმედებისთვის გაღება, მაგრამ ამბობს, რომ საქართველოს საზოგადოებას მაინც შენარჩუნებული აქვს სხვისი ტკივილის გაზიარების უნარი: „დაგვეხმარა სახელმწიფო, მაგრამ გვეხმარება ხალხიც – ვინ 10 ლარს რიცხავს, ვინ – 50 ლარს. კომპანია „ანაგმა“, მაგალითად, 1000 ლარი გადმოგვირიცხა, კომპანია „მარდი ჰოლდინგმა“ – 500 ლარი, კომპანია „დარბილ ჰოლდინგმა“ – 500 ლარი“, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელმა“ – 100 ლარი.
თამილას სიცოცხლისთვის ბრძოლა მახარაძეების ოჯახმა აქამდეც თანადგომით მოახერხა. „რამდენიმე ნათესავის ბინა, ისე როგორც ჩვენი საცხოვრებელი სახლი, იპოთეკით გვაქვს დატვირთული. ჩვენ სახლს, ფაქტობრივად, ვეღარ დავიბრუნებთ. ისე არ გამიგოთ, თითქოს ვწუწუნებდე, ღმერთმა დამიფაროს. უბრალოდ, მეტი არაფერი გვაქვს და ამიტომ მივმართეთ ხალხს დასახმარებლად“.
თამილა მახარაძე ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტია, მაგრამ ამჯერად აკადემიური შვებულება აქვს აღებული. ახლა მის ცხოვრებაში ისეთი ეტაპია, როცა ტკივილს უნდა გაუმკლავდეს.
მაშ ასე, თამილას კიდევ 13 ათასი ევრო სჭირდება.
თამილა მახარაძის დახმარების სურვილისა და შესაძლებლობების შემთხვევაში ისარგებლეთ შემდეგი საბანკო რეკვიზიტებით: GE08PC0033600400008043 პროკრედიტ ბანკი მიმღები: თამილა მახარაძე პირადი ნომერი 61601089371
მინისტრი გედების ტბისა და უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოს დეტალებით დაინტერესდა. ამ ეტაპზე ბულვარში სამუშაოები რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს:გედების ტბის მოაჯირის შეცვლა თანამედროვე დიზაინის ჭედური მოაჯირით; ფარშევანგებისა და თუთიყუშებისთვის თანამედროვე დიზაინის ვოლიერებისა და კარიების მოწყობა;
ბათუმის ბულვარში, ნინოშვილის ქუჩის გასწვრივ არსებული მოაჯირის რეკონსტრუქცია და კორდის საფარის შეცვლა ბუნებრივი გრანიტის ფილებითა და ბაზალტის ბორდიურებით; მელიქიშვილის ქუჩის მიმდებარედ ბუნებრივი გრანიტის ფილებისა და ბაზალტის ბორდიურის შესყიდვა-დაგება.
აღნიშნული სამუშაოები მიმდინარე წლის თებერვალ – მარტში უნდა დასრულდეს. 2015 წელს აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ბულვარის დაფინანსება 5,144,600 ლარით განისაზღვრა. გასულ წელთან შედარებით დაფინანსება 436 000 ლარით არის გაზრდილი.
მოსარჩელეს გასაჩივრებული აქვს რამდენიმე საკანონმდებლო ნორმა, რომელიც განსაზღვრავს პირადობის მოწმობის და ასევე პასპორტის ფორმის დამტკიცების წესს. მოქალაქე თენგიზ ლატარია თავისი სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს სთხოვს იმ ნორმების გაუქმებას, რაც ID ბარათის გაცემის წესებს ადგენს.
მოსარჩელე თენგიზ ლატარია და სასულიერო პირები საკონსტიტუციო სასამართლოში
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ „სადავო ნორმები ეწინააღმდეგება მართლმადიდებელ ქრისტიანთა აღმსარებლობას, ვინაიდან პირადობის მოწმობისა და პასპორტის მონაცემებში არსებული პირადი ნომრები, ფოტოსურათი და ასევე სხვა მახასიათებლები წარმოადგენს ანტიქრისტეს ბეჭედს“.
სასარჩელო მოთხოვნაში ასევე წერია, რომ ID ბარათზე დატანებული სხვადასხვა ნიშანი არის მხეცის ნიშანი.
პროცესს ესწრება ორი სასულიერო პირი – მღვდელი აკაკი მელქაძე და ბასილ ახვლედიანი. ისინი, ისე როგორც მხარეები, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ.
სასარჩელო განცხადებით მოქალაქემ საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის ივნისში მიმართა.
კითხვები უკვე დასვეს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, მისმა მოადგილეებმა და სახალხო დამცველის ბავშთა ცენტრის ხელმძღვანელმა მაია გედევანიშვილმა.
მაია გედევანიშვილმა, რომელსაც ხელში დოკუმენტი ეჭირა, განაცხადა, რომ გასულ წელს ბავშვთა ძალადობის 65 შემთხვევა დაფიქსირდა [ძალადობის ან სავარაუდო ძალადობის]. ეს სტატისტიკა ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურმა მუშაკებმა პოლიციის სატელეფონო თუ წერილობითი შეტყობინებით მიიღეს: „ჩვენ წელიწადნახევარია დავდივართ რეგიონებში, სოციალური მუშაკების 80% გადამზადებულია, თუმცა ეს არაა საკმარისი“, – უთხრა მაია გედევანიშვილმა მინისტრის მოადგილეს. მისი აზრით, სოციალური მუშაკების [რომლებიც ძალადობაზე მუშაობენ] მოტივაცია, პასუხისმგებლობა და კვალიფიკაცია გასაზრდელია.
მაია გედევანიშვილმა ახსენა ხულო, მაღალმთიან რეგიონებში მდებარე ძნელად მიუვალი სოფლები და ითხოვა სოციალური მუშაკებისთვის მაღალი გამავლობის მანქანებით სარგებლობის შესაძლებლობა: „ცაშია გამოკიდული ზოგიერთი სოფელი, შესაძლოა ფეხითაც ვერ მიხვიდე, ამ ადამიანს სჭირდება მანქანა“…
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ წელს გაიზრდება სოციალური მუშაკის უფლება. პროექტის მიხედვით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, სოციალურ მუშაკს ბავშვის ოჯახიდან გაყვანის უფლება მიენიჭება. მისივე განმარტებით, საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანა ინიცირებულია და მთავრობაში განსახილველად უკვე წარდგენილია.
წელს, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, იზრდება სოციალური მუშაკების რაოდენობაც [93 სოციალური მუშაკის დამატება იგეგმება]. მათ გადამზადებაზე ზრუნვას ჯანდაცვის სამინისტრო აპირებს. სიახლეა ისიც, რომ ახალი წლიდან სოციალური მუშაკების თანამდებობრივი სარგო გაიზარდა“, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების მიზნით“.
საჯარო ლექციები გაიმართება როგორც სტუდენტების, ასევე ლექტორების, მასწავლებლებისა და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებისათვის. საჯარო ლექციის თემატიკა შეიძლება მოიცავდეს როგორც ზოგადი, ასევე პროფესიული და უმაღლესი განათლების ასპექტებს.
სამინისტროდან მოთხოვნილი თანხა ერთი საჯარო ლექციისათვის არ უნდა აღემატებოდეს 2500 ლარს.
კონკურსში მონაწილოების მისაღებად სამინისტროში საბუთების მიღება იწარმოებს ორ ეტაპად:
პირველი ეტაპი: 2015 წლის 10 თებერვლიდან 25 მარტის ჩათვლით, იმ ღონისძიებების დასაფინანსებლად, რომლებიც ჩატარდება 2015 წლის პირველი აპრილიდან 2015 წლის 20 ივნისამდე.
მეორე ეტაპი: 2015 წლის პირველი ივლისიდან პირველ აგვისტომდე, იმ ღონისძიებების დასაფინანსებლად, რომლებიც ჩატარდება 2015 წლის 20 აგვისტოდან 10 დეკემბრამდე.
აღნიშნულ პროგრამას სამინისტრო 2014 წლიდან ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში გასულ წელს 10 პროექტი დაფინანსდა.
დღეს თვითმფრინავით ვარშავისკენ გავემგზავრე, მაგრამ იქ მხოლოდ გავლით ვიქნები, ეს დიდი მოგზაურობის პირველი ეტაპია. შემდეგ ქუთაისში გავფრინდები, საქართველოში. იქედან კი ბათუმში ჩავალ, შავი ზღვის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქში. ფრანგები და ბელგიელები ნაკლებად იცნობენ აჭარას და ბათუმს. პირადად მე, იქ ჩასვლამდე მის შესახებ პრაქტიკულად არაფერი ვიცოდი. თუმცა უკვე წაკითხული მქონდა რომანი, სადაც მოქმედების ადგილი ბათუმია. ისტორია ვითარდება ორ ომს შორის და მაშინდელი ბათუმის მოკლე აღწერა სრულებით არ შეესაბამება დღევანდელობას: „პორტის უკან მდებარე ქალაქში უსასრულო პატარა ქუჩები იყო, ზოგან მოპირკეთებული, ზოგან არა, უსახური სახლებით სავსე“. ამ სიტყვების ავტორი არც მეტი არც ნაკლები ჟორჟ სიმენონია, წიგნის სათაური კი „ხალხი მოპირდაპირე სახლიდან“ („Les gens d’en face”). რომანი სიმენონის მნიშვნელოვანი ნაწარმოებია, იგი შეყვანილია პლეადის სამტომეულში, რომელიც კომისარ მეგრეს შემომქმედს ეძღვნება.
5 ოქტომბერი, კვირა
… ქალაქთან მიახლოება შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ლამაზად განათებულმა ადგილმა მაღალი შენობების საკმაოდ თამამი არქიტექტურით პირველივე დანახვისთანავე მიმახვედრა, რომ ჟორჟ სიმენონის მიერ ბათუმზე შექმნილი სურათისგან ძალიან შორს ვიყავი…
6 ოქტომბერი, ორშაბათი
ძველ ბათუმში განვთავსდი. ჩემი სასტუმრო ქალაქის უძველესი შენობა იყო, რომელიც დღეს აღდგენილია. რეზულტატი შესანიშნავია, ამ შენობას განსაკუთრებული შარმი აქვს. ჩემი გიდი ახალგაზრდა ქალბატონი სოფიკო გუჯაბიძეა, რომელიც ორი წლის წინ პოლონეთში, ქალაქ ზაბრჟეში გავიცანი.
გაოცებული ვარ ქალაქის ძველ და ახალ ნაწილს შორის არსებული კონტრასტით: ერთი მხრივ, დიდი, საკმაოდ ორიგინალური შენობები, მეორე მხრივ, შესაშური ურბანული დაგეგმარებით აშენებული დაბალი სახლები, სადაც პარალელური ქუჩები პერპენდიკულარულად კვეთს სხვა პარალელურ ქუჩებს. ძველი ქალაქის განათებას ვერაფერს დაუწუნებ, საკმაოდ მომხივლელად გამოიყურება. შესანიშნავია ასევე პლაჟის გასწვრივ მდებარე ძალიან ფართო პრომენადი, სადაც პრესტიჟული შენობები და სასტუმროები ერთმანეთის მიყოლებითაა განლაგებული. ბათუმის ზღვისპირა ბულვარის მშვენიერებაზე ჯერ კიდევ ჩემთვის ძვირფასი ჟორჟ ბუიონი წერდა, რომელიც დიდ მოგზაურად ითვლება (განსაკუთრებით ყოფილ საბჭოთა კავშირის სივრცეში) და რომელსაც ეკუთვნის წიგნი სათაურით „ოქროს საწმისის ქვეყანაში“. საქართველოთი მოხიბლული ბუიონი ბათუმის ბულვარის ნახვის შთაბეჭდილებას შემდეგნაირად აღწერს: „ფართო პლაჟების გასწვრივ იშლება შესანიშნავი ბულვარი… სკვერებისა და ყვავილების სიმრავლე თვალს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს“.
7 ოქტომბერი, სამშაბათი
ბათუმის ხელოვნების მუზეუმი 50-იანი წლების დასაწყისით თარიღდება. იგი არ არის დიდი, მხოლოდ ორ სართულზეა განთავსებული, თუმცა ვიზიტისთვის სასიამოვნოა. პირველ სართულზე 90-იანი წლებიდან დღემდე თანამედროვე ქართული ხელოვნების ნიმუშები იყო წარმოდგენილი, მეორე სართულზე კი მუზეუმი ცნობილი ბათუმელი მხატვრის ვახტანგ ბესელიას დროებით გამოფენას მასპინძლობდა. …მისი შთაგონების წყარო სხვადასხვაა, თუმცა უპირატესობა პორტრეტებს მივანიჭე, რომლებიც ადამიანური სახეების ნამდვილ ფსიქოლოგიურ ანალიზს წარმოადგენდა. ბესელია თვალების გამოხატვის ნამდვილი ოსტატია, სწორედ ამიტომაც მომეწონა ალბათ განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალის -მარიკა კვაჭაძის პორტრეტი მელანქოლიური გამოხედვით.
8 ოქტომბერი, ოთხშაბათი
გუშინდელი დღე მთლიანად ხელოვნებას მივუძღვენი. საღამოსკენ, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი მოვინახულეთ, რომლის სახელია „41 ჩრდილოეთით-41 აღმოსავლეთით“, რაც განედსა და გრძედს გამოხატავს. ამ სამყაროში მოულოდნელმა შეჭრამ საშუალება მომცა შევხვედროდი გელა წულაძეს, ცენტრის ხელმძღვანელს. იგი ნამდვილი ფრანკო-ქართველია და მასთან საუბარი კიდევ უფრო სასიამოვნო აღმოჩნდა. ხელოვანის მამა სახელგანთქმული ფსიქოანალიტიკოსი იყო. საქართველოში დამკვიდრებულმა საბჭოთა კავშირს ლაკანი გააცნო. გელა წულაძე ავანგარდული ხელოვნებითაა გატაცებული, იგი ასევე კედლის მხატვრობის მიმდევარია… ამგვარად ჩაება იგი ბათუმში „სტრიტ არტის“ ხელოვნების განვითარებაში. შეხვედრის დასასრულს, მან თავის ატელიეში შეგვიპატიჟა, ცენტრის ზედა სართულზე. დიდი ვიტრინების მიღმა ზღვაზე და პორტზე ისეთი ხედი გადაიშალა, მე და სოფიკო აღტაცებულები დავრჩით. შემშურდა ასეთ გარემოში მომუშავე გელა წულაძის.
9 ოქტომბერი, ხუთშაბათი
გუშინ და დღეს ბუნებრივი ღირშესანიშნაობები დავათვალიერეთ. პირველად ზღვისპირა კურორტ ქობულეთის ახლოს მდებარე ისპანის ჭაობი მოვინახულეთ, სადაც სფაგნიუმიან-ტორფიანი ადგილები დომინირებს. მიუხედავად ჩემი ბოტასებისა, გიდმა სპეციალური ბოტების ჩაცმა მირჩია, რომლითაც დიდი ძალისხმევით მივიწევდი წინ. აქ ჭაობის ინტერპრეტაციის ცენტრის შექმნის იდეა არსებობს, რომელიც ტურისტული სოფლის სახით ერთმანეთთან დაკავშირებული პავილიონებითა და ბელვედერით ორიგინალურ პროექტს წარმოადგენს. ჭაობიდან შორს, ღრუბლებში შერეული კავკასიის მწვერვალები შევნიშნე. შემდეგ ქვიანი გზით ჩაქვისთავის ხეობას ავუყევით, სადაც მტირალას ნაციონალური პარკი დავათვალიერეთ. იქ მთები და ტყე, მგლები და დათვები ბატონობს. აღსანიშნავია, რომ ამ პარკში ტყე საერთოდ არ არის ექსპლუატირებული. იქ მცხოვრები მცირე მოსახლეობის გასათბობად მხოლოდ ბუნებრივად უკვე განადგურებულ ხეებს იყენებენ.
10 ოქტომბერი, პარასკევი
დღეს, აჭარის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მუზეუმ შერიფ ხიმშიაშვილის ვიზიტი იყო პროგრამაში. ეს არის მთიან ხეობაში პატარა სოფლის მუზეუმი, სადაც ძირითადად ფოტოებია გამოფენილი. იგი რეგიონისათვის მნიშვნელოვან პერსონაჟს ეძღვნება. ოსმალთა ჯარის გენერალი აჭარის თურქთა ბატონობის პერიოდში რეგიონის უკეთესი მომავლისათვის რუსებთან მოლაპარაკებას აწარმოებდა, სხვათა შორის, იგი სანკ-პეტერბურგში გარდაცვლილა. როგორც ყველა კარგ მუსულმანს, მას ოთხი ცოლი და ოცი შვილი ჰყოლია. ამ მუზეუმის მერე სხალთის მონასტერში წამიყვანეს, სადაც იმ ქრისტიანთა საძვალეა დაცული, რომლებიც მაჰმადიანებმა დახოცეს. ისტორიის მიხედვით, მდინარის ხიდზე მიყვანილ მოსახლეობას ან ქრისტიანობის უარყოფა, ან სიკვდილი უნდა აერჩიათ….დღეს სხალთის მონასტერში რესტავრაცია მიდის, როგორც ეს რეგიონის სხვა ბევრ ეკლასიაში შევნიშნე.
11 ოქტომბერი, შაბათი
მეორედ დავრჩი ადგილობრივ ოჯახში. აქ სამყაროს ბოლოში ვარ, სხალთის მაღალ ხეობაში. ხეობა თურქული მთის არსიანის დომინირების ქვეშ იმყოფებოდა… ხიხაძირის ხეობა ზღვის დონიდან 2000 მეტრზეა. მასპინძელმა, რომელმაც მიგვიღო მე და ჩემი პოლონელი მეგობარი, გაგვიმხილა, რომ პირველი უცხოელი სტუმრები ვიყავით მისთვის. სტუმართმოყვარეობის განსაკუთრებული ნიჭით, ძლიერი თვისებებით გამორჩეული მასპინძელი რელიგიით მუსლიმი იყო, თუმცა მიმდევარი ნაკლებად, რადგან სადღეგრძელოების ტრადიციას ურყევად იცავდა. სადღეგრძელოები კი ყველაფერს ეძღვნებოდა: მეგობრობას, საქართველოს, აჭარას, ბელგიას, ვალონიას, პოლონეთს, ქალებს, ჩვენ….და ასე დაუსრულებლად….
12 ოქტომბერი, კვირა
აჭარაში ჩემი ვიზიტი დასასრულს უახლოვდება. ბოლო საუბრები აქაურ მეგობრებთან… ვისაუბრეთ რეგიონისა და ქვეყნის მომავალზე…. შევეხეთ ახლახან გადატანილი ომის თემას, როცა რუსეთის სამხედრო ძალების ინტერვენციით საქართველოს ორი რეგიონი _ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ჩამოშორდა. ქართველებს აჭარაში საშინლად სტკივათ ეს ორმაგი ამპუტაცია. როგორც მითხრეს, რუსები ახლაც აგრძელებენ მავთულხლართებით „რკინის ფარდის“ მშენებლობას აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის. ჩვენ, დასავლელებს, ყველაფერი ეს კომპლექსურობით გამორჩეულ კავკასიას გვახსენებს: ორ დიდ ქვეყანას _ თურქეთსა და რუსეთს შორის მოქცეულ განსხვავებულ რელიგიათა, ენათა და ხალხთა მოზაიკას. მაგრამ მე მხოლოდ ორი რამ დამამახსოვრდა: აქ ნახული მეგობრობა და სტუმართმოყვარეობა. ეს ის სურათია, რომელიც საქართველოსა და აჭარის შესახებ დამრჩება.
სამინისტროს მირ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სამართალდამცავებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 6 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. “ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა სასროლად ვარგისია. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.” გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
“ბათუმელებს” ასევე აინტერესებდა სტატისტიკური მონაცემები, გასული წლის განმავლობაში რამდენმა პირმა მიიღო თვითდაზიანება საპატიმროებში. როგორც სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის ნანა ბღარაშვილის ხელმოწერილი დოკუმენტით ირკვევა – უწყება მსგავს სტატისტიკას არ აწარმოებს, ანუ არ ითვლის რამდენმა პირმა მიიღო თვითდაზიანება.
კიდევ ერთი წერილით ნანა ბღარაშვილი გვატყობინებს, რომ “2014 წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #3 დაწესებულებაში ადგილი ჰქონდა მსჯავრდებულთა თვითდაზიანების 114 ფაქტს”.
“ბათუმელებს” ასევე აინტერესებდა, თუნდაც თვითდაზიანების ფაქტებთან დაკავშირებით, რა სახის მოკვლევები ჩაატარა უწყებამ, ან თუ გამოიკვეთა პატიმრების მიერ თვითდაზიანების შემთხვევაში, რომელიმე თანამშრომლის როლი და, შესაბამისად, თუ დადგა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი. ამ კითხვას სამინისტრო პასუხს არ სცემს. “მსგავს სტატისტიკას შს სამინისტრო აწარმეობს”, – გვაცნობეს სასჯელაღსრულების სამინისტროდან.
თუმცა, სამინისტროს მიერ მოწოდებულ კიდევ ერთ მონაცემს თუ გაავანალიზებთ, აღმოჩნდება, რომ პატიმრების თვითდაზიანებებში სამინისტროს თანამშრომლობის როლი არ გამოკვეთილა. აი, რას გვწერენ სამინისტროდან: “საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან 2014 წელს პირადი განცხადების საფუძველზე გათავლისუფლდა 32 თანამშრომელი, აქედან უმეტესობა გადავიდა სხვა სამსახურში”.
“ბათუმელები” ასევე ითხოვდა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რატომ დატოვეს თანამდებობები ბათუმის № 3 დაწესებულების დირექტორმა ალექსანდრე პეტროსიანმა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა ნათია ლანდიამ. ამ კითხვის პასუხად სამინისტროდან გვაცნობეს, რომ ეს არის პირის პერსონალური ინფორმაცია, ამიტომ მას არ გაასაჯაროებენ.
„მაშინ მოქმედი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მას [საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს – ირაკლი ჩავლეიშვილს] როგორც აუქციონის გამოცხადების, ისე ნებისმიერ ეტაპზე მისი შეწყვეტის უფლება ჰქონდა“, – განუმარტეს „ბათუმელებს“ ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურში.
ამ სამსახურის ხელმძღვანელის, გოგა ლომაძის განმარტებით, „15-კაციანი კომისია საკრებულოს თავმჯდომარეს ეხმარებოდა აუქციონის გამოცხადების ორგანიზებაში: „მისი [კომისიის] ფუნქცია აუქციონის ორგანიზება და ჩატარებაა და არა აუქციონის გამოცხადება ან შეწყვეტა. კომისია მხოლოდ აუქციონის ჩატარებას უწევს ორგანიზებას“.
ირაკლი ჩავლეიშვილი
გოგა ლომაძის განმარტებით, „მაშინ [2013 წლის აპრილში] მოქმედი კანონის თანახმად, ირაკლი ჩავლეიშვილს იმ შემთხვევაშიც კი შეეძლო აუქციონის გაუქმება, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ხელმოწერილი განცხადება რომ არ ჰქონოდა. „საკრებულოს თავმჯდომარეს საფუძვლის გარეშე შეეძლო გაეუქმებინა აუქციონი ნებისმიერ ეტაპზე“, – განმარტა გოგა ლომაძემ.
გოგა ლომაძისგან განსხვავებით ირაკლი ჩავლეიშვილის ქმედებას, თავის მხრივ, კანონდარღვევად აფასებს ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი კირთაძე. „აქციონის გამოცხადებას მერიაში ხელს აწერდა 15 კაცი, მის გაუქმებას კი ხელი მოაწერა მხოლოდ ჩავლეიშვილმა და მერის მოვალეობის შემსრულებელმა, რაც ცალსახად იყო დარღვევა“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
საქართველოს აუდიტის სამსახურმა 30 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თვითმმართველ ქალაქ ბათუმში 2012-2013 წლებში განხორციელებული ქონების მართვისა და განკარგვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის შედეგად გამოავლინა დარღვევები. აუდიტის სამსახურის მიერ ერთ-ერთ დარღვევად მიჩნეულია ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება, რომლითაც 2013 წლის 24 აპრილს ჩანიშნული აუქციონი გაუქმდა. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარის ამ გადაწყვეტილებით ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობები 1 მილიონზე მეტი ლარით შემცირდა.
მიწა, რომელზეც აუქციონი იყო გამოცხადებული, ბათუმის მერიას ამ დრომდე არ აქვს გასხვისებული.
მინისტრის განცხადებით, რადგან მიწა ბათუმის მერიის საკუთრება იყო, ეკონომიკის სამინისტრო მის გასხვისებას ვერ მოახდენდა.
„ამიტომ, მოვითხოვეთ ამ მიწის გადმოცემა აჭარის მთავრობისთვის, რადგან იმ პერიოდში აჭარის მთავრობა მოლაპარაკებებს მართავდა რამდენიმე ინვესტორთან. ჩვენ ვითხოვდით მიწის გასხვისებას ერთ ლოტად, პირობებიანი ელექტრონული აუქციონის წესით, რადგან ეს უფრო ეფექტური იქნებოდა“- განაცხადა მინისტრმა.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი კირთაძის განცხადებას, მინისტრის თქმით, გიორგი კირთაძემ კონკრეტული დირექტივები აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარისგან ლევან ვარშალომიძისგან მიიღო, რომელსაც ის შვიდ თებერვალს თურქეთის ქალაქ ტრაპზონში, პარტიის სხვა წევრებთან ერთად შეხვდა.
ბათუმის “დინამო” დღეს ავსტრიულ “პარნდორფს” შეხვდა და გიორგი ქავთარაძის გოლით 1:0 დაამარცხა.
ბათუმური კლუბი ბელეკში 30 იანვარს გაემგზავრა. დღევანდელი თამაშის ჩათვლით 4 ამხანაგური მატჩი ჩაატარა, აქედან ორი ფრედ, ორი მოიგო და ერთი წააგო. “დინამომ” პირველი შეხვედრა 2 თებერვალს რუსეთის პრემიერლიგის პერმის “ამკართან” გამართა და ანგარიში ფრედ 2:2 დაასრულა.
5 თებერვალს “დინამომ” უნგრული ნირედიჰაზას “სპარტაკუსი” 2:1 დაამარცხა. “სპარტაკუსის” შემადგენლობაში ორი ქართველი ზურაბ არზიანი და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებისა და თბილისის “ლოკომოტივის” ყოფილი თავდამსხმელ დავით დარციმელიაც თამაშობდა. 7 თებერვალს, მესამე ამხანაგურ შეხვედრაში დინამოელები ყაზახურ კლუბ პავლოდარის “ირტიშსთან” 1:0 დამარცხდნენ. თურქეთის ამხანაგურ შეხვედრაში “დინამომ” მეორე ფრე 8 თებერვალს რუმინეთის “ოცელულთან” ჩაატარა და ანგარიში მეორე მატჩში გიორგი ბერიაშვილის გოლოთ 1:1 გაათანაბრა.
დინამოელები ხვალ საწვრთნო შეკრების ბოლო მატჩს სერბულ „ვოივოდინასთან“ გამართავს.
ბათუმის “დინამო” თურქეთში საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებზე შემდეგი შემადგენლობით იმყოფება:
მეკარეები>>> მიხეილ ალავიძე, შოთა მამინაშვილი, ლევან შოვნაძე; მცველები>>> ბორის მახარაძე, ბადრი ტეტუნაშვილი, ანზორ სუხიაშვილი, ნიკა მგელაძე, ზურაბ ქათამაძე, ვაჟა ქორიძე, მირზა ფარტენაძე, კარენ მაკარიანი, გიორგი სეფიაშვილი; ნახევარმცველები>>> თემურ შონია, ამირან მუჯირი, ირაკლი ჩირიკაშვილი, ბექა ჭკუასელი, გიორგი ქავთარაძე, ვაკო თევდორაძე, ნიკა დიასამიძე, ბექა ვარშანიძე, გიორგი კაშია; თავდამსხმელები: დიმიტრი ტატანაშვილი, გიორგი ბერიაშვილი, ტატო აბუსელიძე, თამაზ მაქაცარია. როგორც დინამოს ოფიციალური საიტი იუწყება ტრავმების გამო შეკრებაზე არ იმყოფებიან გელა გოგოტიძე, მიხეილ კაკალაძე და ნიკოლოზ აშბა.
30 იანვარი
გამგზავრება
2 თებერვალი
ბათუმის დინამო 2-2 ამკარი (რუსეთი)
გოლები:
1 – 0 მგელაძე 38 წთ.
1 – 1 იაკუბკო 43 წთ,
2 – 1 ტეტუნაშვილი 55 წთ.
2 – 2 პრუდნიკოვი 81 წთ.
ბათუმის დინამო – ამკარი | 02.02.2015 | თურქეთი, ქალაქი ბელეკი
5 თებერვალი
ბათუმის დინამო 2-1 სპარტაკუსი (უნგრეთი)
გოლები:
1 – 0 ჩირიკაშვილი 16 წთ;
1 – 1 სეიდი 29 წთ;
2 – 1 აბუსელიძე 53 წთ.
7 თებერვალი
ბათუმის დინამო 0:1 ირტიში (ყაზახეთი)
გოლი: სიბაია (45-წთ)
ბათუმის ”დინამოს” სამწვრთნელო შტაბის წევრები ასლან ბალაძე და შოთა ჭეიშვილი
8 თებერვალი
ბათუმის დინამო 1-1 ოცელული (რუმინეთი)
გოლები:
0 – 1 პოპა 12 წთ.
1 – 1 ბერიაშვილი 76 წთ.
9 თებერვალი
დილის ვარჯიში
10 თებერვალი
ბათუმის დინამო 1:0 პარნოდორფი (ავსტრია)
გოლი: 1 – 0 ქავთარაძე 55 წთ.
ფოტომასალა აღებულია ბათუმის “დინამოს” facebook-ის ოფიციალური გვერდიდან
„ტელეარხი 25”- ის ჟურნალისტს ჯაბა ანანიძეს წერილი პოლიციის ბათუმის სამმართველოს მეორე განყოფილებიდან გაუგზავნეს. რვა თვის წინ საგამოძიები სტუდია “რეკის” რეპორტიორმა ჯაბა ანანიძემ პოლიციას განცხადებით იმიტომ მიმართა, რომ მისი თქმით, მას პროფესიულ საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიდნენ და ღირსების შემლახავ ინფორმაციებს სოციალურ ქსელში ავრცელებდნენ.
ჯაბა ამბობს, რომ მოქმედ ხელისუფლებას, წინამორბედის მსგავსად, იმ ფაქტების გამოძიება არ სურს, რაც ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის ხელშეშლას ეხება.
„პროექტის იდეა ამ წერილების გარშემო შექმნილი პროექტის განვითარებაა, იქნება ეს ადამიანური ისტორიები, პიროვნებები თუ თავად ფაქტი, რომელმაც უნიკალური კვალი დაგვიტოვა და შესაძლოა ყველაზე ზუსტად ასახავდეს ქვეყნის, რეგიონის იმდროინდელ მდგომარეობას, ადამიანურ სურვილებსა და სწრაფვებს,“ – ნათქვამია „ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის“ მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა გააგზავნონ ელექტრონულ მისამართზე batumiartspace@gmail.com ან ორგანიზაციის ფეისბუქ გვერდზე. პროექტში მონაწილეობისათვის მსურველმა უნდა წარადგინოს ნამუშევრების პორტფოლიო, ბიოგრაფია და პროექტ „დედაბრულის“ ფარგლებში განსახორციელებელი იდეის მოკლე მონახაზი.
შეირჩევა მაქსიმუმ 10 ხელოვანი, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში იმუშავებენ ახალი ნამუშევრების შექმნაზე. შერჩეულ მონაწილეებს ექნებათ იდეების დახვეწის საშუალება და ნამუშევრის შესრულებისათვის საჭირო ფინანსური მხარდაჭერა. შესრულებული ნამუშევრები გამოიფინება ბათუმის თანამედროვე სივრცეში.
დღეისათვის „დედაბრული ხელით“ შესრულებული წერილები დაცულია აჭარის ხარიტონ ახვლედიანის მხარეთმცოდნეობისა და ქობულეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში.
აღნიშნული დასკვნა აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა დღეს, 10 თებერვალს გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბათუმის საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარის, ირაკლი ჩავლეიშვილის ბრძანებით გაუქმდა აუქციონი, რომელიც ბათუმში ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთის საკუთრებაში განკარგვაზე იყო გამოცხადებული.
„აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2013 წლის 24 აპრილი, აუქციონის დღეს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით შეწყვეტილ იქნა აუქციონი. ამ მომენტისთვის, მიწის შეძენაზე შემოტანილი იყო განაცხადი და ბეს სახით გადახდილი თანხა შეადგენდა 315 ათას ლარს“.
გიორგი კირთაძე
„ნაციონალური მოძრაობისა“ და ბათუმის საკრებულოს წევრის, გიორგი კირთაძის განცხადებით, ირაკლი ჩავლეიშვილმა კანონდარღვევით გააუქმა აუქციონი, რის გამოც, შესაძლებელია მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს:
„აქციონის გამოცხადებას მერიაში ხელს აწერდა 15 კაცი, მის გაუქმებას კი ხელი მოაწერა მხოლოდ ჩავლეიშვილმა და მერის მოვალეობის შემსრულებელმა, რაც ცალსახად იყო დარღვევა. ჩვენი აზრით, ეს დასკვნა შეიძლება უკავშირდებოდეს ირაკლი ჩავლეიშვილის მოსალოდნელ დაკავებას, რის შესახებაც არაოფიციალური ინფორმაციები უკვე ვრცელდება“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.
აუქციონის გაუქმების მიზეზი, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, დავით ბალაძის განცხადება იყო.
„ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ მომწერა ოფიციალური წერილი იმის თაობაზე, რომ იყო ინვესტორი და ეკონომიკის სამინისტრო აპირებდა ამ მიწის ერთ ლოტად გასხვისებას და ეს იყო რამდენიმე მილიონიანი ინცესტიცია, სადაც დასაქმდებოდა ასეულობით ადამიანი. ამის გამო გაუქმდა აუქციონი“, – განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაანონსებული ინვესტორი არ გამოჩნდა. „რაღაც მიზეზების გამო ამ ინვესტიციის განხორციელება არ მოხერხდა, ამის პასუხი ალბათ დავით ბალაძეს ექნება. რაც შეეხება მიწას, ის ადგილზეა“, – ამბობს ჩავლეიშვილი.
ირაკლი ჩავლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მიერ გაკეთებულ განცხადებას მმართველი პარტიის მხრიდან „რესპუბლიკელების“ ზეწოლაზე უარყოფს. მისი თქმით, აუდიტის განცხადება „ნაციონალების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ უკავშირდება.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, „ბათუმელები“ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის დავით ბალაძის კომენტარს ელოდება. პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე მინისტრი რამდენიმე წუთში ბრიფინგს გამართავს.
ავარიული სახლი ბათუმში, ლერმონტოვის ქ. 102-ში მდებარეობს. სახლში ექვსი სადარბაზოა და სულ 75 ოჯახი ცხოვრობს. კორპუსი 1971 წელსაა აშენებული. მიშენებები არ აქვს, თუმცა ბოლო რამდენი თვეა სახლის საძირკველმა დაწევა დაიწყო. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა მეექვსე სადარბაზოშია. კიბეები კედელს რამდენიმე სანტიმეტრით არის დაშორებული.
„რამდენიმე დღის წინ გასვენება იყო და კიბეები რკინის ბოძებით გავამაგრეთ, რომ არ ჩამონგრეულიყო. სამ-ოთხ ადამიანზე მეტის ასვლა კიბეზე სახიფათოა. კედლებიდან ბათქაში ცვივა და ფანჯრებს ვეღარ ვხურავთ. ბოლო მიწისძვრის დროს კედლები ძალიან დაზიანდა, კიდევ ერთ მიწისძვრას ალბათ ვეღარ გაუძლებს“, – გვეუბნება ამხანაგობის თავმჯდომარე ნაზი ზოიძე.
ამხანაგობის თავმჯდომარის თქმით, სახლს ექსპერტიზა ჩაუტარეს და მონაცემები ქალაქის მერიას გადაეგზავნა: „წინა ხელისუფლების დროს მოვიდნენ და დაათვალიერეს სახლი, მერე ერმაკოვთანაც [ბათუმის მერი] ვიყავით და გვითხრა, თუ ნაქირავებში გადახვალთ, საძირკველს გავამაგრებთო, მაგრამ ივარგებს კი გამაგრებული სახლი?! ნაქირავებში რომც გადავიდეთ, ქირის გადახდა იქნება პრობლემა და ამიტომ არ თანხმდება მოსახლეობა გადასვლაზე“.
ცენტრალური კედელი გახეთქილია ანჟელა ხალვაშის ბინაშიც: „მთელი ღამე ისმის კედლების ჭრიალი. ადრე წვრილი ხაზები ჰქონდა კედლებს, ახლა რამდენიმე სანტიმეტრით გაზრდილია. ექსპერტი ამბობს, რომ სახლს ექსპლუატაციის ვადა გასული აქვს, მერიას სახლის გამაგრება უნდა, მაგრამ თუ სახლი საცხოვრებლად აღარ ვარგა, არ ვიცი რამდენად სანდო იქნება გამაგრება“.
„ბათუმის კორპუსის“ ხელმძღვანელის, ზურაბ ნაკაშიძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში ავარიული სახლების გამაგრებისთვის 600 ათასი ლარია გათვალისწინებული: „რამდენი სახლი შეკეთდება ამ თანხით, ზუსტად არ ვიცი, ეს დაზიანების ხარისხზეა დამოკიდებული. ამ სახლის მცხოვრებლებთან მერიის კეთილმოწყობის სამსახური ორი წელია მოლაპარაკებას აწარმოებს, თუმცა ვერ შეთანხმდნენ. მერია მათ უქირავებს ბინებს, სახლს გავარემონტებთ და დავაბრუნებთ.“
ზურაბ ნაკაშიძის ამბობს, რომ მოსახლეობის წინააღმდეგობის მიზეზი უნდობლობაა: „შეიძლება ეჭვობენ, რომ მერია ბინის ქირას არ გადაიხდის, მაგრამ სახელმწიფო უწყებაა და უნდა ენდო“.
მერიის კეთილმოწყობის სამსახურში კი აცხადებენ, რომ სახლის მდგომარეობისა და მოსახლეობასთან წარმოებული მოლაპარაკებების თაობაზე მერიის აპარატის იურიდიული განყოფილება უნდა ყოფილიყო ინფორმირებული. განყოფილების უფროსი ვახტანგ გედენიძე „ბათუმელებთან“. ამბობს, რომ მას ლერმონტივის 102-ში მდებარე კორპუსის მცხოვრებლებთან არანაირი მოლაპარაკება არ უწარმოებია: „გოგებაშვილის 32-ში მდებარე სახლის მცხოვრებლებთან მქონდა საუბარი, მაგრამ ლერმონტოვის 102-ის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. იქნებ რამაზ მამულაძე იყოს საქმის კურსში, მას დაუკავშირდით“.
„ბათუმელებმა“ იურიდიული განყოფილების ყოფილ უფროსთან, რამაზ მამულაძესთანაც სცადა დაკავშირება. ის შვებულებაში აღმოჩნდა.
ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი ამბობს, რომ ლერმონტოვის 102-ში მცხოვრები მოქალაქეების პრობლემის თაობაზე ინფორმირებულია: „შემოვიდა ჩვენთან განცხადება და ხელმეორედ შევისწავლით ამ საკითხს. ექსპერტიზის მიხედვით სახლი ექვემდებარება რეაბილიტაციას, ამიტომ სახლის მცხოვრებლებს ვთავაზობთ ქირით გადასვლას. არასერიოზულია, როცა ამბობენ, რომ შეიძლება მერიამ აღარ გადაიხადოს ქირის თანხა. თუ სახელმწიფო ვალდებულებას აიღებს, გადაიხდის. ეს შეთანხმება დადასტურდება ხელშეკრულებით და ამის საფუძველზე მოხდება თანხის გადარიცხვაც“- აღნიშნა ქალაქის მერმა „ბათუმელებთან“.
,,ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ინფორმაციით, 2015 წლის 9 თებერვლის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა.
კერძოდ,
ლონდონში InterContinental Exchange Futures Europe-ზე (IСE Futures Europe) – Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 58,34 (+ 0,17) დოლარი/ბარელზე.
ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 52,86 (+ 0, 79) დოლარი/ბარელზე.
,,ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” განცხადებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი 0,01 ევროთი გაიზარდა და შეადგენს საშუალოდ 1,17 ევროს. A-95 მარკის ბენზინი ყველაზე გავრცელებული საწვავის სახეობაა ევროპაში და ყველა ავტოგასამართ სადგურზე გვხვდება.
ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირია საწვავი ნორვეგიაში, იტალიასა და ნიდერლანდებში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 20-25%-ით აღემატება ევროპის საშუალო ფასებს. კერძოდ, ნორვეგიაში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,77 ევროს (დაახლოებით 4,08 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი – 1,68 ევროს (დაახლოებით 3,87 ლარი), დიზელის საწვავი – 1,57 ევროს (დაახლოებით 3,62 ლარი); იტალიაში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,68 ევროს (დაახლოებით 3,87 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი – 1,59 ევროს (დაახლოებით 3,66 ლარი), დიზელის საწვავი – 1,51 ევროს (დაახლოებით 3,48 ლარი); ხოლო ნიდერლანდებში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,64 ევროს (დაახლოებით 3,78 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი – 1,58 ევროს (დაახლოებით 3,64 ლარი), დიზელის საწვავი – 1,29 ევროს (დაახლოებით 2,97 ლარი).
ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: სუპერი ტიპის ბენზინის ფასი – 0,52 ევრო (დაახლოებით 1,20 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი – 0,47 ევრო (დაახლოებით 1,08 ლარი), დიზელის საწვავი – 0,45 ევროს (დაახლოებით 1,04 ლარი).
რაც შეეხება საქართველოს საცალო ქსელს, ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასები შეადგენს: სუპერი ტიპის ბენზინი – 1,82-1,84 ლარი; პრემიუმი ტიპის ბენზინი – 1,74-1,81 ლარი; რეგულარის ტიპის ბენზინი – 1,59-1,66 ლარი; დიზელი ლ-62 – 1,61-1,65 ლარი; ევრო დიზელი – 1,74-1,81 ლარი. არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე საწვავის ფასი უფრო დაბალია.
,,ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” მონაცემებით საქართველოში არსებული საწვავის საცალო ფასები მნიშვნელოვნად იაფია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შედარებით; ასევე ყოფილი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც ნავთობპროდუქტების იმპორტზე არიან დამოკიდებულნი _ სომხეთი, უკრაინა, მოლდავეთი.
საქართველოში არსებულ ფასზე მაღალია ასევე აზერბაიჯანში პრემიუმი და სუპერი ტიპის ბენზინის საწვავი, რომელიც ამ ქვეყანაში არ იწარმოება და იმპორტირებულია. ასევე უფრო მაღალია აზერბაიჯანში ადგილობრივი წარმოებული A-92 რეგულარი ტიპის ბენზინისა და L-62 დიზელის საწვავის ფასი ჩვენს ქსელში არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე არსებულ ფასებთან შედარებით.
„ჰესების მშენებლობისთვის სოფელში მაღალი გამავლობის მძიმეწონიანი ავტომანქანები გადაადგილდება, რის გამოც ადგილობრივი მნიშვნელობის გზები სერიოზულად დაზიანდა. სოფლის გზა ორჯერ გადავკეტეთ, გამგეობაც და კომპანიის წარმომადგენლებიც დაგვპირდნენ, რომ გზების რეაბილიტაციას დაიწყებდნენ, მაგრამ ორივეჯერ მოგვატყუეს“ _ ამბობს „ბათუმელებთან“ სოფლის მცხოვრები მალვინა ზოიძე.
მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელში გადაადგილება ტალახისა და წყლის გუბეების გამო შეუძლებელია, „ბავშვები სკოლამდე მისვლას ძლივს ახერხებენ “.
ახალდაბის მცხოვრებთა თქმით, თუ სოფელში გზების რეაბილიტაცია არ მოხდება, ისინი გზას მანამდე არ გახსნიან, სანამ ხელისუფლება დანაპირებს არ შეასრულებს: „სატვირთო მანქანებს აღარ მივცემთ გადაადგილების შესაძლებლობას“ – ამბობს მოსახლეობა.
აღნიშნული აუდიტი მოიცავდა საზღვაო სფეროს ყველა სტრუქტურის შემოწმებას, იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა IMO – ს წევრი სახელმწიფო მის მიერვე რატიფიცირებული კონვენციების მოთხოვნებს.
სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საქართველოს მთავრობისგან დაეკისრა აღნიშნული აუდიტის კოორდინირება მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული აუდიტი უტარდება არა მხოლოდ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, არამედ მთლიანად სახელმწიფოს, საზღვაო კუთხით აღებული ვალდებულებების შესრულების შესაფასებლად.
ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) აუდიტორები 3 თებერვალს ჩამოვიდნენ და მუშაობა 9 თებერვალს დაასრულეს.
უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია: “დადგენილია, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა განიზრახა აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ მოსახლეობისათვის საკომპენსაციოდ გამოყოფილი თანხის მოტყუებით დაუფლება, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს თემის ყოფილი და მოქმედი რწმუნებულების დახმარებით დაამზადა მიწის ფლობის ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, რის საფუძველზეც საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან მოტყუებით მიიღო დიდი ოდენობით თანხა. “
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 341-ე 342-ე და 362-ე მუხლებით, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სტიქიური მოვლენებისგან მიყენებულმა საერთო ზარალმა 3 500 000 ლარი შეადგინა. აქედან 261 800 ლარი გამოიყო ბათუმის დატბორვის შედეგად დაზარალებული 402 ოჯახის საკომპენსაციოდ. როგორც აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ ტერიტორიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახა შაშიკაძე აცხადებს, დაზარალებულ ოჯახებს კომპენსაცია სოციალური ქულების მიხედვით მისცეს.
„700 ლარი გაიცა საკომპენსაციოდ იმ ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 ათასამდე იყო. გარდა ამისა, მომზადდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია დაზიანებული ობიექტების სარეაბილიტაციოდ და მიმდინარეობს ამ ობიექტების აღდგენა“.
2015 წლის 5 თებერვლის საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 3 223 014 ლარი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო.
აღნიშნული თანხა გათვალისწინებულია ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის, საცხოვრებელი სახლებისა და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენითი სამუშაოების განსახორციელებლად.
ერთი მილიონ 333 ათასი ლარი მოხმარდება საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას აჭარაში, ერთი მილიონი ლარი ბათუმის ინფრასტრუქტურას, 424, 3 – ქობულეთის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის არის გათვალისწინებული, 465,7 ლარი კი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის.
„სტიქიის შედეგად დაზარალდა ხიდები და გზების მონაკვეთები, აღნიშნული თანხა ამ ობიექტების რეაბილიტაციას მოხმარდება“- აცხადებს კახა შაშიკაძე.