სიახლეები

რა ხდება ქართული ოცნების აჭარის ორგანიზაციაში

13.02.2015 • 1747
რა ხდება ქართული ოცნების აჭარის ორგანიზაციაში

 

თამაზ თურმანიძე
თამაზ თურმანიძე

ბატონო თამაზ, ახალი ხელმძღვანელი ამბობს, რომ პარტიაში არის პრობლემები. ვიცით, რომ აჭარაში პარტიის ყველა ოფისი დაკეტილია. დაგვიკონკრეტეთ, რა პრობლემები გაქვთ?


 თუ ამას პრობლემებს დავარქმევთ, მაღალმთიან აჭარაში პრობლემები მუშაობასთან დაკავშირებით არ გვაქვს. ძირითადი პრობლემები ის არის, რომ, ჯერჯერობით, არ გვაქვს ოფისები ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში, ძირითად სამუშაოს პარტიული ორგანიზაციები და თავმჯდომარეები სხვა ფორმით ვახერხებთ. დღეს ჭაობის დასახლებაში გვქონდა მე და ბატონ ლაშას (ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი) შეხვედრა. რაც შეეხება ოფისს, ეს იყო კოალიციის საარჩევნო შტაბი და არა პარტიული ოფისი, პარტიული ოფისი დავკეტეთ ცოტა უფრო ადრე. დაფინანსების პრობლემა ჩვენ არ გვაქვს. შერჩევის პროცესში ვართ, გვინდა ნორმალური ოფისი გვქონდეს.


პარტიის ახალი ხელმძღვანელი ამბობს, რომ რეორგანიზაცია იწყება, ადგილობრივ ორგანიზაციაში არის რამე ახალი ამ მიმართულებით?


პოლიტსაბჭო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, ჩვენ ვალდებულები ვართ დავემორჩილოთ. თუ წამოვა შესაბამისი მითითება, ჩვენც იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს დავემორჩილებით. გადაწვეტილებებს აღვასრულებთ ჩვენი კურირების ქვეშ მყოფ ორგანიზაციებში. 


თქვენ თვითონ რა პრობლემებს ხედავთ ადგილზე, რა არის შესაცვლელი?


 მაგალითად, მე ვარ კოორდინატორი, შეიძლება რაღაც პერიოდში აღარ ვიყო მე და იყოს სხვა. თუ ამ პარტიის წევრები ვართ, წესდება მოგვწონს და ვიზიარებთ, შესაბამისად, ვემორჩილებით პარტიულ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ცვლილებები ყოველთვის კარგია, თუნდაც იმიტომ, რომ ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები ხელმძღვანელ რგოლში, ვინც იყო, ახლა ყველა ბათუმის საკრებულოშია, პარტიული მუშაობა და საკრებულოს მუშაობა რომ არ უშლიდეს ხელს, პარტია უნდა ეხმარებოდეს საკრებულოს თავისი აქტივით ინფორმაციის მოპოვებაში და შემდეგ ეს საკრებულომ კარგად უნდა განახორციელოს პრაქტიკაში. ხელმძღვანელები როგორც საჭიროდ მიიჩნევენ, ისე იქნება. 


რამდენად მოსალოდნელია, რომ თქვენ სხვას დაუთმოთ რეგიონში პარტიის ხელმძღვანელის პოსტი?


 ეს თემა განხილული არ ყოფილა, უბრალოდ, მომყავს მაგალითი – სხვისი მაგალითის მოყვანას მირჩევნია ჩემი მაგალითი მოვიყვანო. თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება, მათ შორის თამაზ თურმანიძეც ვალდებულია დაემორჩილოს. ამ შეხედულებებით ჩვენ დიდი ხანია მოვდივართ. 

ახალ სახეებზე ყველა პარტიული ორგანიზაცია მუშაობს, რაც უფრო კარგი სახეები, ლიდერები ეყოლება პარტიას, ეს პარტიული მუშაობისთვის, მის მიმართ ნდობისა და იმ საზოგადოებრივი აზრის მიღებისთვის, რაც ყოველთვის სჭირდება მმართველ პარტიას, მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ცნობად სახეებზე, რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ. ისინი იქნებიან კულტურის, საგანმანათლებლო სფეროდან, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც კარგი ავტორიტეტით გამოირჩევიან, რომლებსაც იცნობენ, უყვართ. ჩვენ ვახდენთ არსებული რესურსის გადაფასებას. შეიძლება ყოველდღიურად ჩვენს შეფასებებს არ ვავრცელებდეთ ვებგვერდით ან ტელევიზიით, მაგრამ ჩვენ ამ შეფასებებს ყოველთვის ვიღებთ. ვატარებთ კვლევებს შიდა მოხმარებისთვის, ვიკვლევთ, სად გვიჭირს. 


 როგორც ბათუმის საკრებულოს უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარე, მერიის მუშაობით თუ ხართ კმაყოფილი და იქნებ გაუმხილოთ საზოგადოებას ისიც, თუ რას ამბობს თქვენი შიდა კვლევები?


მერიის მუშაობას რაც შეეხება, მერი არის ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენი პარტიის ლიდერია ბათუმში, ისევე როგორც სხვა რაიონებში გამგებლები. ეს არის ლიდერთა ჯგუფი. ყველა ფრაქციის წევრი და მერი თუ გამგებელი _ არის ლიდერთა ჯგუფი, რომლებიც ერთად სხდებიან და გადიან ამ პრობლემებს, სწავლობენ, უზიარებენ ერთმანეთს და ისევე როგორც მერი და ისევე როგორც საკრებულოს თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ შემთხვევაში ამ პრობლემებს ერთად განიხილავენ და ცდილობენ გამოსავლის გზების პოვნას და ამაზე ვმუშაობთ. შეიძლება ეს არ ჩანდეს, არ ხდება ისე, რომ ჩვენ ყოველდღე საზოგადოებას ვეუბნებით აი, შედგა მერიისა და ფრაქციის შეხვედრა და ასე შემდეგ. მოდი, ასე ვთქვათ, ერთი გუნდი ვართ.

 

ანუ მერიასთან შენიშვნები არ გაქვთ?


 მოდით, ამას შენიშვნები არ დავარქვათ, ამას ჩვენ ვარქმევთ პრობლემებს. ის პასუხისმგებლობა, რაც გვაქვს ჩვენ ყველას ერთად აღებული, აქ ისე არ არის, რომ ჩვენ მერს გადავაბრალოთ. გადააბრალეს მერს ოპოზიციურმა პარტიებმა ან ოპოზიციაში წასულმა პარტიამ რაღაცები, თუმცა ჩვენ ყველა ერთად მოვედით, ერთი მიზანი და გეგმები გვქონდა და კოალიციური დაპირებები გვქონდა.


გადაბრალება და კრიტიკა სხვადასხვა საკითხია, ალბათ…


 ერთმანეთის მიმართ საკმაოდ კრიტიკულები ვართ, ამას კრიტიკას დავარქმევთ თუ პრობლემას, ჩვენთვის ეს არის მოსაგვარებელი. რა თქმა უნდა, საღი აზრი და კრიტიკა თუ არ მოვისმინეთ ერთმანეთის მიმართ, პრობლემებს ვეღარ მოვაგვარებთ. პირველ რიგში პრობლემას ჩვენ თავში ვეძებთ, რა გვაქვს სასწავლი ან რას ვაკეთებთ არასწორად, ამას ვაფასებთ და ამის შემდეგ ვიწყებთ მუშაობას. 


შეგიძლიათ დამისახელოთ ორი საკითხი მაინც, რაც მიგაჩნიათ, რომ მოსაგვარებელია უახლოეს პერიოდში?


 აღარ დავკონკრეტდები. არის პრობლემა, რომელზეც ვმუშაობთ, არის პრობლემა, რომელზეც გვაქვს რაღაც ბიუჯეტი, ქალაქზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი. ბიუჯეტი საკრებულომ დაამტკიცა და ამის მიხედვით გავდივართ. პრობლემების მოგვარებაზე შესაბამისი სამსახურები იღებენ ვალდებულებას, პასუხისმგებლობას და ფრაქცია უკვე ცდილობს, რომ გადაამოწმოს. საკრებულოს მთავარი მიზანი ისაა, რომ გადაამოწმოს, თუ რამდენად სრულდება ბიუჯეტი. 


 თქვენმა ხელმძღვანელმა – ძლიერ ევროპულ პარტიად უნდა ჩამოვყალიბდეთო. როგორია თქვენი ხედით ევროპული პარტია? 

 

 ჩემს ხედვას, როცა ვზივარ თბილისში, პარტიულ ორგანიზაციაში როცა გვაქვს განხილვა და თათბირი, მაშინ ვაკეთებ. ხელმძღვანელის ნათქვამზე დამატებით კომენტარის გაკეთება ცოტა რთულია. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, მივდიოდით, ოღონდ მივდიოდით ნელა და, რა თქმა უნდა, უნდა გამოვასწოროთ, უნდა წავიდეთ სწრაფად. აქტიურობა საარჩევნო პერიოდში უფრო კარგად იმიტომ ჩანს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ტელევიზია უფრო აქტიურად აშუქებს, ჩვენი მიზანი კი ის არ არის, რომ ყოველდღე კადრში ვიყოთ. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავიგოთ მოსახლეობის აზრი და პრობლემები შევუმსუბუქოთ. თუნდაც დღევანდელ შეხვედრაზე ოცამდე პრობლემა მოვინიშნეთ და მათი ნაწილი უკვე მოგვარდა, ნაწილიც კვირის ბოლომდე უკვე მოგვარდება. ამაში ტელევიზიები და პიარი ნაკლებადაა ჩართული, ეს პრობლემა შეიძლება გვქონდეს ჩვენ.

 

 კოალიციის შიგნით არსებულ პრობლემებზე რას იტყვით?


 ჩვენ ერთად მოვედით კოალიციურ რეჟიმში და მოვედით ერთად. თუმცა, დაზღვეულები არავინ ვართ. პირადი მიზნებითა და შეხედულებებით ჩვენ არ ვუდგებით საკითხებს, აქ არის ის, რომ ყველამ უნდა ვიაზროვნოთ სახელმწიფოებრივად. დღეს ამის პრობლემა არ გაგვაჩნია, თუმცა ჩვენ არ ვავალდებულებთ ადამიანებს, ეს არის დემოკრატიული. აზრი ყველამ უნდა დავაფიქსიროთ, არ შეიძლება _ ჩვენ ასე გვინდა და ასე უნდა გავაკეთოთ. ჩვენ აზრს ყველა გამოვხატავთ, ეს იქნება შიდა ფრაქციულ თუ სხვა შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, შიგნით გვაქვს დებატები. ჩვენ ერთმანეთს ვუსაბუთებთ, თუ როგორ, რა უნდა გავაკეთოთ, ყველას აქვს თავისი ხედვები და არის წესდება. ამაზე რა გამოხმაურება იქნება. საბოლოოდ ყველა პარტიას აქვს თავისი ხედვები, თავისი წესდება, ჩვენ ვერ დავავალდებულებთ ვერავის, რომ გინდა თუ არ გინდა ამას უნდა მისცე ხმა, ეს უნდა გადაწყვიტოს თავად. მას აქვს მანდატი, რომ თავისი გადაწყვეტილებებით და შეხედულებებით მისცეს ხმა, არა აქვს მნიშვნელობა, რომელ პარტიას წარმოადგენს. ჩვენ ვართ ერთი კოალიციური ოჯახი. 


 ამ „ოჯახში“ არიან განაწყენებულები – ვიღაცამ მეტი დაასაქმა, ვიღაცამ ნაკლები…


 ყველა პარტიას თავისი მომხრე ჰყავს, თუ „ქართულ ოცნებას“ ან „რესპუბლიკელებს“ მეტი მომხრე ჰყავს და ამ მომხრეებს შორის აღმოჩნდება უფრო ძლიერი „რესპუბლიკელებში“, „კონსერვატორებში“ თუ „მრეწველებში“ ის გაიმარჯვებს, ამის შემდეგ უნდა დავითვალოთ. თუ `ქართულ ოცნებას~ ჰყავს 200 წევრი და სხვას ჰყავს 100, უფრო მეტი შანსია იმის, რომ ორასში მეტი ძლიერი აღმოჩნდეს. თუმცა შეიძლება იყოს პირიქითაც. ჩვენი წევრია თუ არაწევრი, ამის დათვლას თუ დავიწყებთ, არასწორი იქნება. შეიძლება, იქ ვიღაც განაწყენებული იყოს და ვინმემ რამე თქვას, მესმის მათი. მე სამი შვილი მყავს და სამივეს თავისი შეხედულებები აქვს, ზოგს შოკოლადი უნდა, ზოგს – წვენი. შეიძლება ჩემმა შვილმა წყენა თავის მეგობარს უთხრას, აი, მე წვენი მინდოდა და მამამ შოკოლადი მიყიდაო. 

 

ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებაში“ ვადამდელ არჩევნებს არ გამორიცხავენ და ამისთვის ემზადებით კიდეც…


 როგორც კი არჩევნები მორჩება, ყველა პარტია უკვე მუშაობს მომავალ არჩევნებზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: