2013 წლის 24 აპრილს ჩაშლილი აუქციონის მიზეზებზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ კომენტარი გააკეთა. ბალაძის განცხადებით მან საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი ჩავლეიშვილს, ბაგრატიონის ქუჩაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე გამოცხადებული აუქციონის შეწყვეტა აღნიშნული მიწის ეფექტური პრივატიზების მოტივით სთხოვა.
მინისტრის განცხადებით, რადგან მიწა ბათუმის მერიის საკუთრება იყო, ეკონომიკის სამინისტრო მის გასხვისებას ვერ მოახდენდა.
„ამიტომ, მოვითხოვეთ ამ მიწის გადმოცემა აჭარის მთავრობისთვის, რადგან იმ პერიოდში აჭარის მთავრობა მოლაპარაკებებს მართავდა რამდენიმე ინვესტორთან. ჩვენ ვითხოვდით მიწის გასხვისებას ერთ ლოტად, პირობებიანი ელექტრონული აუქციონის წესით, რადგან ეს უფრო ეფექტური იქნებოდა“- განაცხადა მინისტრმა.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი კირთაძის განცხადებას, მინისტრის თქმით, გიორგი კირთაძემ კონკრეტული დირექტივები აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარისგან ლევან ვარშალომიძისგან მიიღო, რომელსაც ის შვიდ თებერვალს თურქეთის ქალაქ ტრაპზონში, პარტიის სხვა წევრებთან ერთად შეხვდა.