კულტურული მემკვიდრეობა,სიახლეები

ერთსართულიანი ბათუმი

12.02.2015 • 8020
ერთსართულიანი ბათუმი

არის რამდენიმე ქუჩა ბათუმში, სადაც მხოლოდ ასეთი სახლები იყო, ცოტა მაღალი სარდაფით, მაგრამ ბელეტაჟები… მაგალითად, ბაღის ქუჩა, რომელსაც დღეს კლდიაშვილის ქუჩა ჰქვია“, – იხსენებს საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი, ძველი ბათუმის ფოტოკოლექციონერი, შოთა გუჯაბიძე.

კლდიაშვილის ქუჩაზე დღეს მხოლოდ რამდენიმე ბელეტაჟი დგას და, ძირითადად, მათი წყალობით ქუჩა ჯერ კიდევ ინარჩუნებს ძველი ბათუმისთვის დამახასიათებელ იერ-სახეს.

„ბათუმის არქიტექტურის ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელი, მასშტაბის თვალსაზრისით, როგორც ჩანს, იყო ერთსართულიანი, ბელეტაჟის ტიპის სახლები“, – ამბობს ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი, „ტფილისის ჰამქარის“ წევრი:

„2007 წელს, როდესაც ქალაქგეგმარების ერთ-ერთი დოკუმენტი – ბათუმის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა გაკეთდა, გამოჩნდა, რომ 1500-ზე მეტი ერთსართულიანი ობიექტი იყო ისტორიულ ზონაში, აქედან 50-ზე მეტს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი: საინტერესოა, კვლევა რომ გაკეთდეს ახლა, რამდენი დარჩა მათგან“.

რას კარგავს ბათუმი იმ შენობების გაქრობით, რომელთაც თავის დროზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ქალაქის არქიტექტურის ჩამოყალიბებაში?

თამარ ამაშუკელი ამბობს, რომ ქალაქი, ფაქტობრივად, ისტორიას კარგავს:

„ქალაქის არქიტექტურა მოქალაქეების მოთხოვნების შესაბამისად იქმნება, არქიტექტურას დიდწილად განსაზღვრავს ურბანული არეალის ფუნქცია, ქალაქი არის კიდეც ერთგვარი ილუსტრირება დროის კონკრეტულ მონაკვეთში მოქალაქეების ცხოვრების სტილის, მათი მოთხოვნების, ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების.

ვიცით, რომ ბათუმი არ აშენებულა როგორც საკურორტო ქალაქი. ეს იყო პორტთან მდებარე, ცოცხალი, სავაჭრო ქალაქი, პორტო-ფრანკო.

მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20 საუკუნის დასაწყისში, 800-მდე დუქანი ყოფილა ბათუმში. ერთსართულიან სახლებს, ბელეტაჟებს ხშირად ჰქონდათ სავაჭრო ფუნქცია, ბათუმში ბევრი ასეთი შენობა მახსენდება ვიტრაჟის ტიპის ღიობებით, რაც პირდაპირ მიგვანიშნებს მის სავაჭრო ფუნქციაზე.

ასეთი ობიექტების გაქრობით ჩვენ ვკარგავთ, ვშლით ბათუმის განვითარების, ისტორიის კონკრეტულ პერიოდს, რაც ვფიქრობ, მიუღებელია“. 

მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში ბათუმში ერთ და ორსართულიანი სახლების მშენებლობას კონკრეტული რეგულაციები განაპირობებდა – განმარტავს არქიტექტორი გიორგი რამიშვილი.

„შენობის სიმაღლე არ უნდა ყოფილიყო ქუჩის სიგანეზე მეტი. ერთი წინადადებაა და კიდევ სულ სამმა-ოთხმა წინადადებამ განაპირობა რეალურად რეგულაციის წესები, რომელმაც განსაზღვრა ბათუმის ის სახე, რაც ჩვენ გვიყვარს და მოგვწონს. ბათუმში ქუჩები არის ათიდან თერთმეტ მეტრამდე სიგანის, თითქმის ყველა – ძველ ბათუმს ვგულისხმობ.

მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20-ს დასაწყისში დაწერილი ეს ნორმა უშვებდა, რომ ბათუმი მიჯრით ყოფილიყო განაშენიანებული დაახლოებით 10-11 მეტრი სიმაღლის შენობებით. მაშინდელი გაგებით ეს ორი სართული იყო. ეს მისაღებიც იყო და მისასალმებელიც, შესაბამისი ტექნოლოგიებიც არსებობდა“, – ამბობს გიორგი რამიშვილი.

ბელეტაჟი აბაშიძის ქუჩაზე

ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი ამბობს, რომ სწორედ ამ რეგულაციების უგულებელყოფის ხარჯზე იშლება ახლა ძველი ბათუმის სახე:

„ქალაქის მასშტაბის ცვლა არის ძალიან ცუდი ფენომენი, მასშტაბის ცვლასთან ერთად არ იცვლება ქუჩათა ქსელი. ქუჩა არეგულირებს ყოველთვის შენობის ზომას და აი, ქუჩა რჩება ისეთივე – ვიწრო, მასშტაბი კი იცვლება და ეს ერთმანეთთან მიმართებაში ქმნის ბევრ პრობლემას ქალაქგეგმარების, სატრანსპორტო, განიავებისა და მცხოვრებლების სიმჭიდროვის თვალსაზრისით.

ქალაქი კარგავს საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ იერს. ბათუმში ეს ყველაფერი ხდება ბელეტაჟებისა და ორსართულიანი სახლების ხარჯზე. სავალალოა, რომ, როცა ერთსართულიანი სახლები, ბელეტაჟები ინგრევა, როგორც წესი, ჩანაცვლდება ხოლმე არა ორ-სამსართულიანი სახლებით, არამედ საკმაოდ მაღალსართულიანი მშენებლობით და ქალაქი იცვლება ძალიან აგრესიულად.“

ბელეტაჟები ძველ ბათუმში, ძირითადად, სავაჭრო დანიშნულებით იგებოდა, საცხოვრებლად კი ბელეტაჟის ტიპის სახლს შედარებით ნაკლები მატერიალური შესაძლებლობების მქონე ადამიანები აგებდნენ – მიიჩნევს გიორგი რამიშვილი:

„როგორც წესი, ძველ ბათუმში ეს არა საცხოვრებელი, არამედ უფრო სავაჭრო სახლები იყო. დარაბებს ეძახდნენ და უმეტესი ნაწილი მართლაც ხის დარაბებით იკეტებოდა. მას, ვინც ვერ ააშენა ორსართულიანი სახლი, რა თქმა უნდა, ბათუმის პირობებში ერჩივნა უფრო მაღალზე ეცხოვრა და აგებდა ერთსართულიან შენობას.

ბელეტაჟი ბათუმში

მაშინდელი ბათუმის ნაკლებად პრესტიჟულ უბნებში, ვგულისხმობ ჩამოყალიბების პროცესში მყოფ ბათუმს, ენგელსის ქუჩისკენ, ბონი-გოროდოკისკენ, უფრო ნაკლებად შეძლებული ადამიანები ცხოვრობდნენ და ამ ადგილებში ბელეტაჟების სიმრავლე ამით აიხსნება, ჩემი აზრით. ორსართულიანი სახლი ავტომატურად შეძლებულ ადამიანს გულისხმობდა, რადგან პირველი სართული ან გაქირავებული ჰქონდა, ან დამატებითი დანიშნულებით, მაგალითად, საჯინიბოდ ხმარობდა და მეორე სართულზე ცხოვრობდნენ ხოლმე. ბელეტაჟზე კი ცოტა უფრო ნაკლებად შეძლებული ადამიანები ცხოვრობდნენ“.

ამ მოსაზრებას გარკვეულწილად არ ეთანხმება შოთა გუჯაბიძე:

„ჩემი აზრით, ეს გემოვნების საკითხიც იყო. დღევანდელი თოჯინების თეატრი არის დ. (სავარაუდოდ დიმიტრი) ბიკოვის სახლი, რომელიც ქალაქის თავის თანაშემწე, ანუ მეორე კაცი იყო ქალაქში, პროფესიით ინჟინერი და ეს შეძლებული კაცი ქალაქის ცენტრში აშენებს ერთსართულიან სახლს – აქ უნდა გამოვრიცხოთ ფინანსური პრობლემები. მე მგონი, ეს ხშირ შემთხვევაში ესთეტიკის გამოც იყო და არა მხოლოდ ფულის გამო.“

ბელეტაჟი ბათუმში

რა განასხვავებს ბათუმურ ბელეტაჟებს საქართველოს სხვა ქალაქებში მდებარე მსგავსი სახლებისგან? ამის შესახებ კვლევა არ არსებობს, თუმცა თამარ ამაშუკელი ამბობს, რომ, პირველ რიგში, რაც ერთი შეხედვით ჩანს, ეს სახლების ზომაა.

ბელეტაჟი ბათუმში

„ბათუმური ბელეტაჟები უფრო პატარა ზომისაა თბილისში მდებარე ბელეტაჟებთან შედარებით. ბათუმს სხვა მასშტაბები აქვს და აქ ბელეტაჟები ზუსტადაა მორგებული ქუჩას, სადაც მდებარეობს. ეს არ არის შემთხვევითი კავშირი, ქალაქის დაგეგმარება ძველ ბათუმში საკმაოდ მკაცრად რეგულირდებოდა, როცა ბათუმი შენდებოდა, სამწუხაროდ დღეს რეგულაციები სუსტია და რაც არის, ისიც არ მუშაობს, შესაბამისად ვიღებთ კიდეც ქალაქის დაუგეგმავ, ქაოსურ განვითარებას“, – ამბობს თამარ ამაშუკელი.

გიორგი რამიშვილი ბათუმურ ბელეტაჟებთან დაკავშირებით კიდევ ერთ საინტერესო დეტალს იხსენებს:

„სახლის ზოგიერთი მეპატრონე ცდილობდა წითელ ხაზზე, ქუჩის პირას კი არ განელაგებინა, არამედ სიღრმეში შეეწია ცოტა, თუნდაც ორი მეტრით, პირობით ეზოს უტოვებდნენ, ქვის ფუნდამენტზე ლითონის ღობეს უკეთებდნენ – ესეც მაშინდელი რეგულაციის მოთხოვნა იყო. შესაძლოა, ეს იყო ერთგვარი ხაზგასმა – „მე არ ვარ ისეთი მდიდარი, რომ ორსართულიანი სახლი მქონდეს, მაგრამ სამაგიეროდ მაქვს იმის საშუალება, რომ ქუჩაზე ეზოთი გამოვიდე. რამდენიმე შემთხვევა არის ძველ ბათუმში, თუ დააკვირდებით.“

კვლევა, რამდენი ბელეტაჟი დარჩა ძველ ბათუმსა თუ ქალაქის სხვა უბნებში, არავის ჩაუტარებია. რამდენიმე ბელეტაჟს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, თუმცა ძველი ბელეტაჟების უმრავლესობას, რომელთაგანაც რამდენიმე ასი წლისაცაა, ძეგლის სტატუსი არ აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ბედი მხოლოდ მეპატრონის ნება-სურვილზეა დამოკიდებული.

ერთსართულიანი ბათუმის გაქრობით ბათუმი დაკარგავს საკუთარ თავს – ასე ფიქრობს შოთა გუჯაბიძე. იგი ამბობს, რომ ბათუმური ბელეტაჟების გაქრობის საფრთხე რეალურია „და ეს საფრთხე, პირველ რიგში, მოდის ადამიანებისგან, ხელისუფლებისგან და ე.წ. ინვესტორებისგან, რომელთათვის კანონი ხელშემშლელი გარემოება არ არის“.

ძველი ბათუმი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: