სიახლეები

ბათუმის მერია: ჩავლეიშვილს კანონით ჰქონდა აუქციონის გაუქმების უფლება

10.02.2015
ბათუმის მერია: ჩავლეიშვილს კანონით ჰქონდა აუქციონის გაუქმების უფლება

 

„მაშინ მოქმედი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მას [საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს – ირაკლი ჩავლეიშვილს] როგორც აუქციონის გამოცხადების, ისე ნებისმიერ ეტაპზე მისი შეწყვეტის უფლება ჰქონდა“, – განუმარტეს „ბათუმელებს“ ბათუმის მერიის  საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურში.

 

ამ სამსახურის ხელმძღვანელის, გოგა ლომაძის განმარტებით, „15-კაციანი კომისია  საკრებულოს თავმჯდომარეს ეხმარებოდა აუქციონის გამოცხადების ორგანიზებაში: „მისი [კომისიის] ფუნქცია აუქციონის ორგანიზება და ჩატარებაა და არა აუქციონის გამოცხადება ან შეწყვეტა. კომისია მხოლოდ აუქციონის ჩატარებას უწევს ორგანიზებას“.

 

ირაკლი ჩავლეიშვილი
ირაკლი ჩავლეიშვილი

გოგა ლომაძის განმარტებით, „მაშინ [2013 წლის აპრილში] მოქმედი კანონის თანახმად, ირაკლი ჩავლეიშვილს იმ შემთხვევაშიც კი შეეძლო აუქციონის გაუქმება, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ხელმოწერილი განცხადება რომ არ ჰქონოდა.  „საკრებულოს თავმჯდომარეს საფუძვლის გარეშე შეეძლო გაეუქმებინა აუქციონი ნებისმიერ ეტაპზე“, – განმარტა გოგა ლომაძემ.

 

გოგა ლომაძისგან განსხვავებით ირაკლი ჩავლეიშვილის ქმედებას, თავის მხრივ, კანონდარღვევად აფასებს ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი კირთაძე. „აქციონის გამოცხადებას მერიაში ხელს აწერდა 15 კაცი, მის გაუქმებას კი ხელი მოაწერა მხოლოდ ჩავლეიშვილმა და მერის მოვალეობის შემსრულებელმა, რაც ცალსახად იყო დარღვევა“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

 

საქართველოს აუდიტის სამსახურმა 30 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თვითმმართველ ქალაქ ბათუმში 2012-2013 წლებში განხორციელებული ქონების მართვისა და განკარგვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის შედეგად გამოავლინა დარღვევები. აუდიტის სამსახურის მიერ ერთ-ერთ დარღვევად მიჩნეულია ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება, რომლითაც  2013 წლის 24 აპრილს ჩანიშნული აუქციონი გაუქმდა. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარის ამ გადაწყვეტილებით  ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობები 1 მილიონზე მეტი ლარით შემცირდა.

 

მიწა, რომელზეც აუქციონი იყო გამოცხადებული, ბათუმის მერიას ამ დრომდე არ აქვს გასხვისებული.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: