კვირის ამბები

19 წლის სტუდენტს სიცოცხლის გაგრძელებისთვის კიდევ 13 ათასი ევრო სჭირდება

11.02.2015 • 1343
19 წლის სტუდენტს სიცოცხლის გაგრძელებისთვის კიდევ 13 ათასი ევრო სჭირდება

 

თამილა მახარაძის მამა, ამირან მახარაძე ამბობს, რომ 20 თებერვლისთვის გერმანულ კლინიკაში 30 ათასი ევრო აქვთ გადასარიცხი, რის შემდეგაც მარტში გერმანიის საუნივერსიტეტო კლინიკაში შესაბამისი ოპერაციის ჩატარება არის დაგეგმილი. ოპერაციას საგანგებოდ ამერიკიდან მოწვეული პროფესორი ჩაატარებს. ოღონდ, ეს იმ შემთხვევაში, თუ თანხა გადაირიცხება.  

 

თამილა მახარაძე
თამილა მახარაძე

 

 

„ეს ჩვენთვის ბოლო შანსია. თუ არ გადავრიცხეთ ფული, ოპერაცია აღარ ჩატარდება… აქამდე განიხილებოდა კიდურის ამპუტაცია, რაზეც თანახმა ვიყავით, მაგრამ ბოლო მონაცემებით დაგვპირდნენ, რომ ხელსაც შეგვინარჩუნებენ… ეს არის ძალიან მტკივნეული დაავადება, რომელსაც ახასიათებს უჯრედების კვდომა“, – ამბობს ამირან მახარაძე.

 

თამილას მარჯვენა ხელი იდაყვის სახსრის ჩათვლით უზომოდ აქვს შეშუპებული. მას ერთი თითის ამპუტაცია ცოტა ხნის წინ ჩაუტარდა. მოკვეთილი თითი და ნეკროზული მასალები  გერმანიაში, საუნივერსიტეტო კლინიკაში გააგზავნეს – სწორედ ამის შემდეგ დადგინდა ზუსტი დიაგნოზი და განისაზღვრა შესაბამისი ოპერაციის ჩატარებაც.

 

ამირან მახარაძეს გააზრებული აქვს, რა რთულია ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით  თითოეული ლარის ქველმოქმედებისთვის გაღება, მაგრამ ამბობს, რომ საქართველოს საზოგადოებას მაინც შენარჩუნებული აქვს სხვისი ტკივილის გაზიარების უნარი: „დაგვეხმარა სახელმწიფო, მაგრამ გვეხმარება ხალხიც – ვინ 10 ლარს რიცხავს, ვინ – 50 ლარს. კომპანია „ანაგმა“, მაგალითად, 1000 ლარი გადმოგვირიცხა, კომპანია „მარდი ჰოლდინგმა“ – 500 ლარი, კომპანია „დარბილ ჰოლდინგმა“ – 500 ლარი“, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელმა“ – 100 ლარი.

 

თამილას სიცოცხლისთვის ბრძოლა მახარაძეების ოჯახმა აქამდეც თანადგომით მოახერხა. „რამდენიმე ნათესავის ბინა, ისე როგორც ჩვენი საცხოვრებელი სახლი, იპოთეკით გვაქვს დატვირთული. ჩვენ სახლს, ფაქტობრივად, ვეღარ დავიბრუნებთ. ისე არ გამიგოთ, თითქოს ვწუწუნებდე, ღმერთმა დამიფაროს. უბრალოდ, მეტი არაფერი გვაქვს და ამიტომ მივმართეთ ხალხს დასახმარებლად“.

 

თამილა მახარაძე ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტია, მაგრამ ამჯერად აკადემიური შვებულება აქვს აღებული. ახლა მის ცხოვრებაში ისეთი ეტაპია, როცა ტკივილს უნდა გაუმკლავდეს.

 

მაშ ასე, თამილას კიდევ 13 ათასი ევრო სჭირდება.

 

თამილა მახარაძის დახმარების სურვილისა და შესაძლებლობების შემთხვევაში ისარგებლეთ შემდეგი საბანკო რეკვიზიტებით: 
GE08PC0033600400008043
პროკრედიტ ბანკი
მიმღები: თამილა მახარაძე
პირადი ნომერი 61601089371

გადაბეჭდვის წესი


ასევე: