კვირის ამბები

75 ოჯახი ავარიულ სახლში

10.02.2015 • 2163
75 ოჯახი ავარიულ სახლში

მარინა ცხოიძის ბინის ავარიული კედელი

ავარიული სახლი ბათუმში, ლერმონტოვის ქ. 102-ში მდებარეობს. სახლში ექვსი სადარბაზოა და სულ 75 ოჯახი ცხოვრობს. კორპუსი 1971 წელსაა აშენებული. მიშენებები არ აქვს, თუმცა ბოლო რამდენი თვეა სახლის საძირკველმა დაწევა დაიწყო. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა მეექვსე სადარბაზოშია. კიბეები კედელს რამდენიმე სანტიმეტრით არის დაშორებული.
„რამდენიმე დღის წინ გასვენება იყო და კიბეები რკინის ბოძებით გავამაგრეთ, რომ არ ჩამონგრეულიყო. სამ-ოთხ ადამიანზე მეტის ასვლა კიბეზე სახიფათოა. კედლებიდან ბათქაში ცვივა და ფანჯრებს ვეღარ ვხურავთ. ბოლო მიწისძვრის დროს კედლები ძალიან დაზიანდა, კიდევ ერთ მიწისძვრას ალბათ ვეღარ გაუძლებს“, – გვეუბნება ამხანაგობის თავმჯდომარე ნაზი ზოიძე.

ამხანაგობის თავმჯდომარის თქმით, სახლს ექსპერტიზა ჩაუტარეს და მონაცემები ქალაქის მერიას გადაეგზავნა: „წინა ხელისუფლების დროს მოვიდნენ და დაათვალიერეს სახლი, მერე ერმაკოვთანაც [ბათუმის მერი] ვიყავით და გვითხრა, თუ ნაქირავებში გადახვალთ, საძირკველს გავამაგრებთო, მაგრამ ივარგებს კი გამაგრებული სახლი?! ნაქირავებში რომც გადავიდეთ, ქირის გადახდა იქნება პრობლემა და ამიტომ არ თანხმდება მოსახლეობა გადასვლაზე“.

ცენტრალური კედელი გახეთქილია ანჟელა ხალვაშის ბინაშიც: „მთელი ღამე ისმის კედლების ჭრიალი. ადრე წვრილი ხაზები ჰქონდა კედლებს, ახლა რამდენიმე სანტიმეტრით გაზრდილია. ექსპერტი ამბობს, რომ სახლს ექსპლუატაციის ვადა გასული აქვს, მერიას სახლის გამაგრება უნდა, მაგრამ თუ სახლი საცხოვრებლად აღარ ვარგა, არ ვიცი რამდენად სანდო იქნება გამაგრება“.

„ბათუმის კორპუსის“ ხელმძღვანელის, ზურაბ ნაკაშიძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში ავარიული სახლების გამაგრებისთვის 600 ათასი ლარია გათვალისწინებული: „რამდენი სახლი შეკეთდება ამ თანხით, ზუსტად არ ვიცი, ეს დაზიანების ხარისხზეა დამოკიდებული. ამ სახლის მცხოვრებლებთან მერიის კეთილმოწყობის სამსახური ორი წელია მოლაპარაკებას აწარმოებს, თუმცა ვერ შეთანხმდნენ. მერია მათ უქირავებს ბინებს, სახლს გავარემონტებთ და დავაბრუნებთ.“

ზურაბ ნაკაშიძის ამბობს, რომ მოსახლეობის წინააღმდეგობის მიზეზი უნდობლობაა: „შეიძლება ეჭვობენ, რომ მერია ბინის ქირას არ გადაიხდის, მაგრამ სახელმწიფო უწყებაა და უნდა ენდო“.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურში კი აცხადებენ, რომ სახლის მდგომარეობისა და მოსახლეობასთან წარმოებული მოლაპარაკებების თაობაზე მერიის აპარატის იურიდიული განყოფილება უნდა ყოფილიყო ინფორმირებული. განყოფილების უფროსი ვახტანგ გედენიძე „ბათუმელებთან“. ამბობს, რომ მას ლერმონტივის 102-ში მდებარე კორპუსის მცხოვრებლებთან არანაირი მოლაპარაკება არ უწარმოებია: „გოგებაშვილის 32-ში მდებარე სახლის მცხოვრებლებთან მქონდა საუბარი, მაგრამ ლერმონტოვის 102-ის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. იქნებ რამაზ მამულაძე იყოს საქმის კურსში, მას დაუკავშირდით“.

„ბათუმელებმა“ იურიდიული განყოფილების ყოფილ უფროსთან, რამაზ მამულაძესთანაც სცადა დაკავშირება. ის შვებულებაში აღმოჩნდა.

ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი ამბობს, რომ ლერმონტოვის 102-ში მცხოვრები მოქალაქეების პრობლემის თაობაზე ინფორმირებულია: „შემოვიდა ჩვენთან განცხადება და ხელმეორედ შევისწავლით ამ საკითხს. ექსპერტიზის მიხედვით სახლი ექვემდებარება რეაბილიტაციას, ამიტომ სახლის მცხოვრებლებს ვთავაზობთ ქირით გადასვლას. არასერიოზულია, როცა ამბობენ, რომ შეიძლება მერიამ აღარ გადაიხადოს ქირის თანხა. თუ სახელმწიფო ვალდებულებას აიღებს, გადაიხდის. ეს შეთანხმება დადასტურდება ხელშეკრულებით და ამის საფუძველზე მოხდება თანხის გადარიცხვაც“- აღნიშნა ქალაქის მერმა „ბათუმელებთან“.

ლერმონტოვის ქუჩის 102-ში მდებარე კორპუსი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: