კვირის ამბები

საკადრო კრიზისი საჯარო სამსახურებში

12.02.2015 • 1533
საკადრო კრიზისი საჯარო სამსახურებში

 

ნატო გოგმაჩაძე
ნატო გოგმაჩაძე

ორიოდე დღის წინ ღია წერილით მივმართე საქართველოს პრემიერ-მინისტრს. წერილში საუბარი იყო საჯარო სამსახურებში მომუშავე არაკვალიფიციურ კადრებზე, რომელთა არაპროფესიონალიზმი მეც და ჩემი პროფესიის ბევრ ადამიანს ხელს გვიშლის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში… იმავე ფაქტებთან დაკავშირებით პირადად გავუგზავნე წერილი ბატონ ვოლსკის (რომელიც, როგორც გავიგე, რეგიონებში არსებული სიტუაციის შესწავლითაა დაკავებული). შესაბამისად, ვთხოვე მათ და ვურჩიე, შეცვალონ საკადრო პოლიტიკა. როგორც მინიმუმ, ხუთ უცოდინარში ერთი ჭკვიანი მაინც გამოურიონ, ვისთანაც ჩვენ, ადვოკატები შევძლებთ კანონის ენით საუბარს; ვისაც, მინიმუმ, ის მაინც ეცოდინება, რომ შეტანილ საჩივარზე, გაგზავნილ წერილზე 10 დღის ვადაში უნდა გასცეს პასუხი; ან შეძლოს დოკუმენტის ისე შედგენა, რომ სასაცილოდ (ან კიდევ სატირლად) არ გამოიყურებოდეს; ვისაც ეცოდინება, რომ საკუთრების უფლების ხელყოფის უფლებამოსილება საჯარო მოხელეს არა აქვს. ერთი სიტყვით, ვისაც მინიმალური ცოდნა მაინც ექნება.

 

მიმაჩნია, რომ საჯარო სამსახურები არაპროფესიონალი ადამიანებით არის დაკომპლექტებული და აღნიშნულ სამსახურებში კვალიფიციური კადრების სერიოზული კრიზისია. ჩემს მოსაზრებას აქვე ფაქტებით გავამყარებ.

 

ამჯერად თქვენს ყურადღებას შევაჩერებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სამსახურში დასაქმებული კადრების არაკვალიფიციურობასა და სრულ უცოდინრობაზე, იმ განუკითხაობაზე, რაც იქ ხდება.

 

ქობულეთის გამგეობასა და საკრებულოში არიან „ოცნების“ სახელს ამოფარებული ის ადამიანები, რომლებსაც წარმოდგენაც კი არა აქვთ სად მოხვდნენ, რა ფუნქციები, რა ვალდებულებები აკისრიათ. პასუხისმგებლობაც რომ აკისრიათ, ამის თაობაზე საერთოდ არაფერს უწყიან… ასეთი „შემთხვევითი“ ადამიანების ხელშია მუნიციპალიტეტი (სამწუხაროდ, საქართველოში მსგავსი მდგომარეობაა თითქმის ყველგან).

 

აქვე მოგიყვანთ რამდენიმე მაგალითს ჩემი მოსაზრების დასაბუთების მიზნით.

 

გასულ ზაფხულს კლიენტის ინტერესების დასაცავად საჩივარი შევიტანე ქობულეთის გამგეობაში. ეს იყო ჩემი პირველი შეხება ახალი ხელისუფლების მიერ დანიშნულ ახალ კადრებთან. გამგეობიდან გაოგნებული გამოვედი. მივხვდი, რომ ამ ხალხს წარმოდგენა არ ჰქონდა კანონზე. გამგებელი სულხან ევგენიძე კი, ჩემი აზრით, უცოდინრობისა და უვიცობის სრული განსახიერებაა… თუმცა, უნდა ვაღიარო, მასთან ურთიერთობისას, მთელი ჩემი პრაქტიკის განმავლობაში პირველად, გაოგნებისგან „ენა ჩამივარდა“, როცა საჯაროდ განმიცხადა, ჩემი კლიენტის დავაზე – „ქობულეთურად, კუხნაში უნდა გაგვეხილაო“. მანამდე კი პირად საუბარში არაერთხელ მომთხოვა „გლეხურად მელაპარაკეო“. რა ექნა, კანონის ენით ლაპარაკს ვერ ხვდებოდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ გულწრფელი ადამიანი მაინც აღმოჩნდა და თავის მოჩვენება – არიქა, გენიოსი ვარო, არ უცდია, ისევე, როგორც იმავე გამგეობაში მომუშავე ბევრი უვიცი აკეთებს (სიმართლე გითხრათ, გლეხურად კლიენტის უფლებები როგორ უნდა დავიცვა და კანონზე როგორ ვილაპარაკო, ეგ არ ვიცი, მაგის პრაქტიკა არ მაქვს. ქობულეთელი კი ვარ, მაგრამ კუხნაში განხილვაც უცხოა ჩემთვის).

 

ამავე გამგეობაში მიმიწვიეს ჩემი საჩივრის განხილვაზე (კარგი იქნებოდა, განხილვამდე ადმინისტრაცილ კოდექსში ჩაეხედათ), თუმცა მოვლენები ისე განვითარდა, რომ ბოლოს „აბსურდის თეატრის“ მონაწილეობას, ვარჩიე პირდაპირ სასამართლოში წავსულიყავი, რათა დავა კვალიფიციურ ორგანოს განეხილა.

 

მათ მიერ შედგენილი დოკუმენტები, თითოეული მათი ქმედება იმდენად უკანონო და სულელურია, რომ ამ დონის უცოდინრობა უკვე აღმაშფოთებელი ხდება.

 

მოგვიანებით გამგებლისადმი დაქვემდებარებულმა ოთხმა საჯარო მოხელემ, კანონის უცოდინრობიდან გამომდინარე (თუმცა უცოდინრობა არ ათავისუფლებს მათ პასუხისმგებლობისაგან) ვერ გააცნობიერა რა, რომ ეს დანაშაულია, „შეთითხნეს“ ოფიციალური დოკუმენტი, ე.წ. „აქტი“, რომელშიც საუბარი იყო ჩემზე, როგორც ადვოკატზე, არასწორ და არასასურველ კონტექსტში. შესაბამისად, იძულებული გავხდი ისევ მქონოდა ურთიერთობა აღნიშნულ გამგეობასთან – მათთან საჩივარი შევიტანე. ამჯერად პასუხი საერთოდ არ მომწერეს. ხოლო როცა გამგებელს დავურეკე და ჩემი საჩივრის ბედი მოვიკითხე, კიდევ ერთი გამაოგნებელი პასუხი მივიღე: „შენი საჩივარი სწორედ იმ მოხელეს გადავაწერე განსახილველად, ვის წინააღმდეგაც იყო შემოტანილიო“ (თან ეს ისეთი ტონით მითხრა, აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ ჭკვიანურად მოიქცა). მე მას ვურჩიე, ვინმე ჭკვიანი, ერთი გონიერი ადამიანი მაინც აეყვანათ გამგეობაში, ან რჩევა მაინც ჰკითხონ ვინმე პროფესიონალს, თორემ მათი ქმედებები იმდენად უკანონო და არაადეკვატურია, რომ არა მარტო ჩემს, არამედ უკვე ხალხის აღშფოთებასაც იწვევს. ამ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ გავაცნობიერე, რომ მათთან საუბარს აზრი არა აქვს და სხვა შესაბამის ორგანოებს მივმართე.

 

კიდევ ერთი მაგალითი: დაახლოებით ორი თვის წინ მომმართა კლიენტმა, რომელსაც მისმა მეზობელმა გააცნო ქობულეთის გამგეობის მიერ გაცემული წერილობითი ნებართვა, რომლითაც გამგეობამ მეზობელს მისცა ნებართვა ჩამოაჭრას ტოტები ჩემი კლიენტის ეზოში არსებულ ხეს. გამგეობაში გავგზავნეთ წერილი, რომელშიც განვმარტე, რომ საკუთრების უფლება დაცულია კონსტიტუციით, ხოლო, რაც შეეხება ხეს, ს.ს.კ-ის 150-ე მუხლის თანახმად, ის იმავე ადამიანის საკუთრებას წარმოადგენს, ვის საკუთრებაში მყოფ მიწაზეცაა განთავსებული. იქვე გავუგზავნეთ საკუთრების მოწმობა, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ეს მიწა ნამდვილად ჩემი კლიენტის საკუთრება, მისი საკარმიდამო ნაკვეთი გახლდათ. სხვათა შორის, ამავე წერილში მარტივადაც ავუხსენი (ჯერ კანონის ენით, შემდეგ შეძლებისდაგვარად, „გლეხურად“), რომ სხვის ეზოში ხის მოჭრის ნებართვის გაცემა არაკანონიერია და ეს ნებართვა უნდა გაუქმდეს. საპასუხოდ არა თუ გააუქმეს, არამედ თავიდან გასცეს იგივე ნებართვა, თანაც ჩემს კლიენტს „აუხსნეს“, რომ მას უფლება არა აქვს თვითონ მოჭრას ეს ხე, რადგან მის ეზოში ხე აუცილებლად მისმა მეზობელმა უნდა მოჭრას?!

 

ასეთი აბსურდული დოკუმენტების შედგენითა და გაცემით არიან დაკავებული გამგეობის საჯარო მოსამსახურეები _ გამგებელი და მისი აპარატი, სტრუქტურული დანაყოფები (რომლებსაც სანათესაო-სამეგობროთი აკომპლექტებენ), არც საკრებულოშია სახარბიელო მდგომარეობა….

 

და კიდევ ერთი: არ ვიცი ვინ „პატრონობს“ ქობულეთის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს ია ხალვაშს, მაგრამ ყოველგვარ თავხედობას აქვს საზღვარი. მისი უკანონო ქმედებებით შეწუხებულმა არა ერთმა ადამიანმა მომმართა. მას ხელს აფარებენ და უკანონობას აკანონებენ სხვა საჯარო მოხელეები. ამიტომაც, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს: დროზე გამოფხიზლდით! შეცვალეთ საკადრო პოლიტიკა!

 

და ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არანაირი შეხება არა მაქვს პოლიტიკასთან, არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან. მე ვარ ადვოკატი, რომლისთვისაც შემაწუხებელი გახდა საჯარო სამსახურში მოყვანილი ხალხის არაკვალიფიციურობა, ეს ხელს მიშლის პროფესიულ საქმიანობაში და ამავდროულად, საჭიროდ მივიჩნიე, მეთქვა სიმართლე, ანუ ხალხის აზრი, რომელსაც გამგეობასა და საკრებულოში ვოლსკის მსგავსად „სიტუაციის შესამოწმებლად“ მისულ პოლიტიკოსებს არავინ ეტყვის.
და ვისაც ჩემი ნათქვამი სიმართლე არ მოსწონს, შევახსენებ -„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის შესაბამისად აზრის გამოხატვა დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: