სიახლეები

ჟან-პიერ ლამბოს აჭარაში მოგზაურობის დღიური

11.02.2015 • 2386
ჟან-პიერ ლამბოს აჭარაში მოგზაურობის დღიური

აჭარაში მოგზაურობის დღიური

 

Adjarie.pdf

შაბათი, 4 ოქტომბერი

დღეს თვითმფრინავით ვარშავისკენ გავემგზავრე, მაგრამ იქ მხოლოდ გავლით ვიქნები, ეს დიდი მოგზაურობის პირველი ეტაპია. შემდეგ ქუთაისში გავფრინდები, საქართველოში. იქედან კი ბათუმში ჩავალ, შავი ზღვის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქში. ფრანგები და ბელგიელები ნაკლებად იცნობენ აჭარას და ბათუმს. პირადად მე, იქ ჩასვლამდე მის შესახებ პრაქტიკულად არაფერი ვიცოდი. თუმცა უკვე წაკითხული მქონდა რომანი, სადაც მოქმედების ადგილი ბათუმია. ისტორია ვითარდება ორ ომს შორის და მაშინდელი ბათუმის მოკლე აღწერა სრულებით არ შეესაბამება დღევანდელობას: „პორტის უკან მდებარე ქალაქში უსასრულო პატარა ქუჩები იყო, ზოგან მოპირკეთებული, ზოგან არა, უსახური სახლებით სავსე“.  ამ სიტყვების ავტორი არც მეტი არც ნაკლები ჟორჟ სიმენონია, წიგნის სათაური კი „ხალხი მოპირდაპირე სახლიდან“ („Les gens d’en face”). რომანი სიმენონის მნიშვნელოვანი ნაწარმოებია, იგი შეყვანილია პლეადის სამტომეულში, რომელიც კომისარ მეგრეს შემომქმედს ეძღვნება.   

5 ოქტომბერი, კვირა

… ქალაქთან მიახლოება შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ლამაზად განათებულმა ადგილმა  მაღალი შენობების საკმაოდ თამამი არქიტექტურით პირველივე დანახვისთანავე  მიმახვედრა, რომ ჟორჟ სიმენონის მიერ ბათუმზე შექმნილი სურათისგან ძალიან შორს ვიყავი…

6 ოქტომბერი, ორშაბათი

ძველ ბათუმში განვთავსდი. ჩემი სასტუმრო ქალაქის უძველესი შენობა იყო, რომელიც დღეს აღდგენილია. რეზულტატი შესანიშნავია, ამ შენობას განსაკუთრებული შარმი აქვს. ჩემი გიდი ახალგაზრდა ქალბატონი სოფიკო გუჯაბიძეა, რომელიც ორი წლის წინ პოლონეთში, ქალაქ ზაბრჟეში გავიცანი.

გაოცებული ვარ ქალაქის ძველ და ახალ ნაწილს შორის არსებული კონტრასტით: ერთი მხრივ, დიდი, საკმაოდ ორიგინალური შენობები, მეორე მხრივ, შესაშური ურბანული დაგეგმარებით აშენებული დაბალი სახლები, სადაც პარალელური ქუჩები პერპენდიკულარულად კვეთს სხვა პარალელურ ქუჩებს. ძველი ქალაქის განათებას ვერაფერს დაუწუნებ, საკმაოდ მომხივლელად გამოიყურება. შესანიშნავია ასევე პლაჟის გასწვრივ მდებარე ძალიან ფართო პრომენადი, სადაც პრესტიჟული შენობები და სასტუმროები ერთმანეთის მიყოლებითაა განლაგებული. ბათუმის ზღვისპირა ბულვარის მშვენიერებაზე ჯერ კიდევ  ჩემთვის ძვირფასი ჟორჟ ბუიონი წერდა, რომელიც დიდ მოგზაურად ითვლება (განსაკუთრებით ყოფილ საბჭოთა კავშირის სივრცეში) და რომელსაც ეკუთვნის  წიგნი სათაურით „ოქროს საწმისის ქვეყანაში“. საქართველოთი მოხიბლული ბუიონი ბათუმის ბულვარის ნახვის შთაბეჭდილებას შემდეგნაირად აღწერს: „ფართო პლაჟების გასწვრივ იშლება შესანიშნავი ბულვარი… სკვერებისა და ყვავილების სიმრავლე თვალს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს“. 

7 ოქტომბერი, სამშაბათი

 

ბათუმის ხელოვნების მუზეუმი 50-იანი წლების დასაწყისით თარიღდება. იგი არ არის დიდი, მხოლოდ ორ სართულზეა განთავსებული, თუმცა ვიზიტისთვის სასიამოვნოა. პირველ სართულზე 90-იანი წლებიდან დღემდე თანამედროვე ქართული ხელოვნების ნიმუშები იყო წარმოდგენილი,  მეორე სართულზე კი მუზეუმი ცნობილი ბათუმელი მხატვრის ვახტანგ ბესელიას დროებით გამოფენას მასპინძლობდა. …მისი შთაგონების წყარო სხვადასხვაა, თუმცა უპირატესობა პორტრეტებს მივანიჭე, რომლებიც ადამიანური სახეების ნამდვილ ფსიქოლოგიურ ანალიზს წარმოადგენდა. ბესელია თვალების გამოხატვის  ნამდვილი ოსტატია, სწორედ ამიტომაც მომეწონა ალბათ განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალის -მარიკა კვაჭაძის პორტრეტი მელანქოლიური გამოხედვით.

8 ოქტომბერი, ოთხშაბათი

 

გუშინდელი დღე მთლიანად ხელოვნებას მივუძღვენი. საღამოსკენ, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი მოვინახულეთ, რომლის სახელია „41 ჩრდილოეთით-41 აღმოსავლეთით“, რაც განედსა და გრძედს გამოხატავს. ამ სამყაროში მოულოდნელმა შეჭრამ საშუალება მომცა შევხვედროდი გელა წულაძეს, ცენტრის ხელმძღვანელს. იგი ნამდვილი  ფრანკო-ქართველია და მასთან საუბარი კიდევ უფრო სასიამოვნო აღმოჩნდა. ხელოვანის მამა სახელგანთქმული ფსიქოანალიტიკოსი იყო. საქართველოში დამკვიდრებულმა საბჭოთა კავშირს ლაკანი გააცნო. გელა წულაძე ავანგარდული ხელოვნებითაა გატაცებული, იგი ასევე კედლის მხატვრობის მიმდევარია… ამგვარად ჩაება იგი ბათუმში „სტრიტ არტის“ ხელოვნების განვითარებაში. შეხვედრის დასასრულს, მან თავის ატელიეში შეგვიპატიჟა, ცენტრის ზედა სართულზე. დიდი ვიტრინების მიღმა ზღვაზე და პორტზე ისეთი ხედი გადაიშალა, მე და სოფიკო აღტაცებულები დავრჩით. შემშურდა ასეთ გარემოში მომუშავე გელა წულაძის.

9 ოქტომბერი, ხუთშაბათი

 

გუშინ და დღეს ბუნებრივი ღირშესანიშნაობები დავათვალიერეთ. პირველად ზღვისპირა კურორტ ქობულეთის ახლოს მდებარე ისპანის ჭაობი მოვინახულეთ, სადაც სფაგნიუმიან-ტორფიანი ადგილები დომინირებს. მიუხედავად ჩემი ბოტასებისა, გიდმა სპეციალური ბოტების ჩაცმა მირჩია, რომლითაც დიდი ძალისხმევით მივიწევდი წინ. აქ ჭაობის ინტერპრეტაციის ცენტრის შექმნის იდეა არსებობს, რომელიც ტურისტული სოფლის სახით ერთმანეთთან დაკავშირებული პავილიონებითა და ბელვედერით ორიგინალურ პროექტს წარმოადგენს. ჭაობიდან შორს, ღრუბლებში შერეული კავკასიის მწვერვალები შევნიშნე. შემდეგ ქვიანი გზით  ჩაქვისთავის ხეობას ავუყევით, სადაც მტირალას ნაციონალური პარკი დავათვალიერეთ. იქ მთები და ტყე, მგლები და დათვები ბატონობს. აღსანიშნავია, რომ ამ პარკში ტყე საერთოდ არ არის ექსპლუატირებული. იქ მცხოვრები მცირე მოსახლეობის გასათბობად მხოლოდ ბუნებრივად უკვე განადგურებულ ხეებს იყენებენ.

10 ოქტომბერი, პარასკევი

დღეს, აჭარის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მუზეუმ შერიფ ხიმშიაშვილის ვიზიტი იყო პროგრამაში. ეს არის მთიან ხეობაში პატარა სოფლის მუზეუმი, სადაც ძირითადად ფოტოებია გამოფენილი. იგი რეგიონისათვის მნიშვნელოვან პერსონაჟს ეძღვნება. ოსმალთა ჯარის გენერალი აჭარის თურქთა ბატონობის პერიოდში რეგიონის უკეთესი  მომავლისათვის  რუსებთან მოლაპარაკებას აწარმოებდა, სხვათა შორის, იგი სანკ-პეტერბურგში გარდაცვლილა. როგორც ყველა კარგ მუსულმანს, მას ოთხი ცოლი და ოცი შვილი ჰყოლია. ამ მუზეუმის მერე სხალთის მონასტერში წამიყვანეს, სადაც იმ ქრისტიანთა საძვალეა დაცული, რომლებიც მაჰმადიანებმა დახოცეს. ისტორიის მიხედვით, მდინარის ხიდზე მიყვანილ მოსახლეობას ან ქრისტიანობის უარყოფა, ან სიკვდილი უნდა აერჩიათ….დღეს სხალთის მონასტერში რესტავრაცია მიდის, როგორც ეს რეგიონის სხვა ბევრ ეკლასიაში შევნიშნე.    

11 ოქტომბერი, შაბათი

 

მეორედ დავრჩი ადგილობრივ ოჯახში. აქ სამყაროს ბოლოში ვარ, სხალთის მაღალ ხეობაში. ხეობა თურქული მთის არსიანის  დომინირების ქვეშ იმყოფებოდა… ხიხაძირის ხეობა ზღვის დონიდან 2000 მეტრზეა. მასპინძელმა, რომელმაც მიგვიღო მე და ჩემი პოლონელი მეგობარი, გაგვიმხილა, რომ პირველი უცხოელი სტუმრები ვიყავით მისთვის. სტუმართმოყვარეობის განსაკუთრებული ნიჭით, ძლიერი თვისებებით გამორჩეული მასპინძელი რელიგიით მუსლიმი იყო, თუმცა მიმდევარი ნაკლებად, რადგან სადღეგრძელოების ტრადიციას ურყევად იცავდა. სადღეგრძელოები კი ყველაფერს ეძღვნებოდა: მეგობრობას, საქართველოს, აჭარას, ბელგიას, ვალონიას, პოლონეთს, ქალებს, ჩვენ….და ასე დაუსრულებლად….

 

 

12 ოქტომბერი, კვირა

 

აჭარაში ჩემი ვიზიტი დასასრულს უახლოვდება. ბოლო საუბრები აქაურ მეგობრებთან… ვისაუბრეთ რეგიონისა და ქვეყნის მომავალზე…. შევეხეთ ახლახან გადატანილი ომის თემას, როცა რუსეთის სამხედრო ძალების ინტერვენციით საქართველოს ორი რეგიონი _ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ჩამოშორდა. ქართველებს აჭარაში საშინლად  სტკივათ ეს ორმაგი ამპუტაცია. როგორც მითხრეს, რუსები ახლაც აგრძელებენ მავთულხლართებით „რკინის ფარდის“ მშენებლობას აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის. ჩვენ, დასავლელებს, ყველაფერი ეს კომპლექსურობით გამორჩეულ კავკასიას გვახსენებს: ორ დიდ ქვეყანას _ თურქეთსა და რუსეთს შორის მოქცეულ განსხვავებულ რელიგიათა, ენათა და ხალხთა მოზაიკას. მაგრამ მე მხოლოდ ორი რამ დამამახსოვრდა: აქ ნახული მეგობრობა და სტუმართმოყვარეობა. ეს ის სურათია, რომელიც საქართველოსა და აჭარის შესახებ დამრჩება.   

გადაბეჭდვის წესი


ასევე: