სიახლეები

აჭარის პირველი ლეიბორისტის ოჯახი პოლიტიკურ ემიგრაციაში

12.02.2015
აჭარის პირველი ლეიბორისტის ოჯახი პოლიტიკურ ემიგრაციაში


დავით რობაქიძე
დავით რობაქიძე

ბატონო დავით, მართალია თუ არა, რომ საქართველოდან წასვლას აპირებთ?

 

დიახ, ოჯახის ზოგიერთი წევრი –  მეუღლე, შვილი და ჩემი ძმა, ფაქტობრივად, უკვე ემიგრაციაშია. მეც მქონდა სურვილი იქ მეცხოვრა ოჯახთან ერთად, მაგრამ ვერ გავძელი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იქაურობა ჩემი ბუნების არ არის. ვერ მოვშორდი ამ ქვეყანას. ჩემი წასვლის ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ ერთი მარტივი მიზეზის გამო: ნუ ექნება არჩილ ხაბაძეს იმის იმედი, რომ მე სადმე წავალ.

გერმანიის ვიზის მიღების პრობლემა მე არ მაქვს – ორ თვეში ან სამ თვეში ერთხელ ჩავდივარ. ასე რომ, ნუ ექნება ნურავის იმედი, რომ წავალ და ამათ, ხელისუფლებას აქ ასე ლაღად დავტოვებ.

 

რატომ მიიღეთ თქვენი ოჯახის ემიგრაციაში გაშვების გადაწყვეტილება?

 

ამის მიზეზი ის პოლიტიკური სიტუაციაა, რომელიც უკვე დიდი ხანია ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყანაში. ფაქტობრივად, თუ განსხვავებულ აზრს გამოხატავ და განსხვავებულად აზროვნებ, ამ ქვეყანაში შენთვის არაფერი არაა. მე ჯანდაბას, მივეჩვიე ასეთ ცხოვრებას, მაგრამ შვილებს ნამდვილად არ ვურჩევ, რომ ამ ქვეყანაში იცხოვრონ.

 

თქვენ დიდი ხანია, რაც „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ხართ და განსხვავებული შეხედულებების გამო ამ დრომდე ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილება არ მიგიღიათ. ახლა რა მოხდა?

 

ადამიანი როდესაც დილით დგება, იმდენი საფიქრალი და პრობლემა აქვს, რომ… მხოლოდ მე არ ვარ ასე. რომ არ მიყვარდეს ჩემი ქვეყანა ძალიან, არც იარაღასხმული წავიდოდი საბრძოლველად 91-ში, მაშინ როცა დღევანდელი ხელისუფლების წევრები ბიკინების ყიდვით იყვნენ დაკავებულები. ის, რა ცხოვრებაც გავიარე, წინააღმდეგობები, დაბრკოლებები… და რადგან ხარ ოპოზიციაში, აღარაფერი აღარ ხარ ამ ქვეყანაში _ არც სამსახურია შენთვის და არც გამარჯობის მთქმელი… ამას პირდაპირი გაგებით ვამბობ, რადგან ხელისუფლებაში მყოფი ნაცნობი ქუჩიდან ქუჩაზე გადადის, ვინმემ არ დაგვინახოს, გამარჯობა რომ ვუთხარით ერთმანეთსო.

 

ამას ემატება სხვა ფაქტორიც. თქვენ რას ფიქრობთ, ვაზაგაშვილი იმისთვის ააფეთქეს, რომ რაღაც ძაფებს მიაგნო და რაღაცა გამოაშკარავდებოდა? – არა, იმისათვის, რომ ის ადამიანებიც გაეჩუმებინათ, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ სურვილი, რომ ხმა ამოიღონ და ებრძოლონ უსამართლობას. ეს იყო მთავარი მოტივი. მე გადავხედე და გადავწყვიტე, რომ რაღაც ეტაპზე ოჯახი გამერიდებინა აქაურობას.

 

თქვენ აქ დასაქმებული არ ხართ ?

 

როდის ვიყავი – სააკაშვილის  დროს, ივანიშვილის დროს თუ ღარიბაშვილის დროს?  ჩვენთვის ყველაფერი აკრძალული და დაკეტილია. არამარტო ჩემთვის, იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც წარმოადგენენ ჩვენს პარტიას რეგიონში და საქართველოში.

 

 გერმანიის საემიგრაციო ბიუროს მხოლოდ იმაზე უთხარით, რომ სამსახურს ვერ შოულობთ, თუ სხვა გარემოებებზეც მიაწოდეთ ინფორმაცია? გერმანიაში პოლიტიკური დევნილის სტატუსის მოპოვება ხომ ძალიან რთულია?

 

 მე არაფერი მომითხოვია ჯერჯერობით. ჩემმა ოჯახმა მოითხოვა დევნილის სტატუსი, ყველაფერს გადაწყვეტს გერმანიის სასამართლო, რომელიც მიანიჭებს ან არ მიანიჭებს დევნილის სტატუსს ჩემს ოჯახს. საემიგრაციო პოლიტიკა შენგენის ზონის ქვეყნებთან შვეიცარიას აქვს მხოლოდ განსხვავებულად და კიდევ რამდენიმე ახალშეერთებულ ქვეყანას. საფრანგეთს, გერმანიას და სხვა ქვეყნებს სხვაგვარად აქვთ ეს საკითხი მოგვარებული. იქ ადამიანი, რომელიც ბარდება და ითხოვს თავშესაფარს, ნებისმიერს იღებენ. შემდეგ იწყება დაკვირვება მათზე. ჩაბარებიდან ოთხი თვის შემდეგ არის პირველი სასამართლო პროცესი. სასამართლო წყვეტს, დაგატოვებინოს ქვეყანა, თუ მოგცეს ბინადრობის უფლება. ამ შემთხვევაში ადვოკატი გეხმარება, ის აგროვებს დოკუმენტაციას, რომლითაც დაადასტურებს, რომ ნამდვილად მიდიხარ. თუ სასამართლო გამოიტანს უარყოფით გადაწყვეტილებას, გასაჩივრებისთვის გრჩება წელიწადი ან წელიწად-ნახევარი, ამ დროში ბავშვი ეჩვევა იქაურ პირობებს, სკოლას და უკვე გაძლევს ბინადრობის უფლებას. რა თქმა უნდა, ისე არ არის, ოღონდ ჩამოდი შენ გენაცვალეო, ამას თავისი პროცედურები აქვს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.