სიახლეები

ბათუმის უნივერსიტეტის რექტორობის ახალი კანდიდატი

12.02.2015 • 2106
ბათუმის უნივერსიტეტის რექტორობის ახალი კანდიდატი

 

მალხაზ ნაკაშიძე
მალხაზ ნაკაშიძე

„ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება, მაგრამ მაქვს უნივერსიტეტში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება, ვიცნობ ამ კოლექტივს და ვაკმაყოფილებ კრიტერიუმებს.  ვფიქრობ, რომ არ არის მარტივი ამ პოზიციაზე მუშაობა, მაგრამ  თუ იქნება აკადემიური საბჭოს და ასევე ჩემი კოლეგების მხარდაჭერა, ამ შემთხვევაში შემიძლია ბევრი კარგი რამ გავაკეთო უნივერსიტეტისთვის“ – აღნიშნა მალხაზ ნაკაშიძემ „ბათუმელებთან“. 


კითხვაზე, მისი, როგორც რექტორობის კანდიდატის აზრით, რა გამოწვევების წინაშე დგას ამჟამად უნივერსიტეტი, მალხაზ ნაკაშიძე ამბობს, რომ ეს პირველ რიგში სწავლების ხარისხია:


„ამ ეტაპზე ყველაზე დიდი გამოწვევა, ვფიქრობ, არის ის, რომ სტუდენტებს უნდა შევთავაზოთ უფრო უკეთესი პირობები, ვიდრე გვაქვს და ავამაღლოთ სწავლის ხარისხი. სტუდენტებისგან არის მოთხოვნა, რომ უნივერსიტეტში იყოს შესაბამისი აკადემიური რესურსი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვყავს უნივერსიტეტში ბევრი პროფესიონალი, მაგრამ არ არის ეს საკმარისი. ასევე, საერთაშორისო თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და უნდა შევქმნათ ბევრი საერთაშორისო, ინგლისურენოვანი პროგრამა, რომ მოვიზიდოთ რაც შეიძლება მეტი უცხოელი სტუდენტი, და რა თქმა უნდა,  მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რადგან გარემო სტუდენტებისთვის არის მნიშვნელოვანი.“

 

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი აქამდე სამმა კანდიდატმა გამოთქვა: ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მარინა გიორგაძემ,   პროფესორმა რამაზ ხალვაშმა და პროფესორმა ირაკლი ბარამიძემ, რექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში.

 

მალხაზ ნაკაშიძე ამბობს, რომ სამივე მათგანი ღირსეული კანდიდატია. 

 

„ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ, მათთან ერთად მიმუშავია, ვთანამშრომლობდი წარსულში, ვფიქრობ ყოველ მათგანს აქვს შანსი გახდეს რექტორი. კონკურენცია კარგია, მოვისმენთ ერთმანეთის ხედვებს, სტრატეგიებს და ვისაც გადაწყვეტს აკადემიური საბჭო, იმ კანდიდატთან ერთად ვიმუშავებ შემდეგში. თუ მე ვერ გავიმარჯვებ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებ აკადემიურ საბჭოში მუშაობას, მხარს დავუჭერ უნივერსიტეტისთვის ყველა სასიკეთო გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ნორმალური, თანასწორი არჩევნები და არ იქნება არნაირი ჩარევა არავის მხრიდან.  ვინც გაიმარჯვებს, მასთან ერთად უნდა გავაგრძელოთ უნივერსიტეტში მუშაობა.“

 

მალხაზ ნაკაშიძე უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრია. სწორედ აკადემური საბჭო, რვა ადამიანის შემადგენლობით, ირჩევს რექტორს. მალხაზ ნაკაშიძე ამბობს, რომ რექტორის არჩევნებში მონაწილეობა საბჭოს წევრს არ ეზღუდება.

 

 

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს 16 მარტს შეარჩევს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რვა წევრი – მარინა აროშიძე, გურამ ჩაგანავა, ვაჟა ვერულიძე, მალხაზ ნაკაშიძე, რუსუდან ხუხუნაიშვილი, გული შერვაშიძე, თეიმურაზ ქიქავა და ანზორ დევაძე.


გადაბეჭდვის წესი