სიახლეები

რატომ არ აშენებს მერია იაფ სახლს

12.02.2015 • 2224
რატომ არ აშენებს მერია იაფ სახლს

 

კობა ჩხეიძე
კობა ჩხეიძე

ბათუმის 2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო „იაფი სახლის“ პროექტი. მიუხედავად დიდი მოლოდინისა, ბიუჯეტიდან ეს მუხლი გაქრა. მერიისგან უარის თქმის არგუმენტი რა იყო? 


2014 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო 2,5 მილიონი ლარი „იაფი სახლის~ პროექტისთვის. პროგრამა გულისხმობდა 110 ბინის მშენებლობას. თანხა იყო გაწერილი ბაზრის კვლევისთვის, შემდეგ უნდა გამოცხადებულიყო ტენდერი და დაწყებულიყო მშენებლობა, მაგრამ მერიამ არც ერთი ნაბიჯი არ გადადგა პროექტის განსახორციელებლად.

2014 წლის ნოემბერში საკრებულოში შემოვიდა განკარგულების პროექტი, რომლის თანახმადაც მერიამ მოითხოვა იაფი სახლის პროგრამისთვის მიგვენიჭებინა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის სტატუსი, ხოლო მისი განხორციელების ადგილად წარმოადგინა ე.წ. `ბენზეს ბარაკების~ ტერიტორია. თუ სწორად მახსოვს, 9 000 კვადრატულ მეტრზეა საუბარი. მერიამ თქვა – მე გავაერთიანებ და ერთად განვახორციელებ ბარაკების კომპენსაციისა და იაფი სახლის პროგრამას. ორივე პროგრამისთვის ჯამურად თანხამ შეადგინა 5 მილიონ-ნახევარი ლარი. მიუხედავად ჩვენი შენიშვნებისა, უმრავლესობამ განკარგულებას მხარი დაუჭირა. საბოლოოდ არც ერთი პროგრამა არ გამოვიდა.

 

ანუ ე.წ. „იაფ სახლზე“ მერიამ უარი თქვა?


 2015 წლის დასაწყისში მერიამ აღიარა, რომ პროგრამა არ გამოვიდა და ლარის კურსს, ინფლაციას დააბრალა. თუმცა ნოემბრის ბოლოს ინფლაცია არ იყო. მერია ექსპროპრიაციის უფლებასაც ითხოვდა, რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებოდით. მერიამ ბარაკების მფლობელებთან მოლაპარაკებაც კი ვერ აწარმოა. აცხადებდნენ, რომ სამი ოჯახი იქნებოდა წინააღმდეგი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ასეთი ოჯახების რაოდენობა მეტი იყო. ჩვენ ვიკითხეთ, არის თუ არა მზაობა მოსახლეობაში. გვითხრეს, რომ კვლევა ჩატარებულია, თუმცა არც კვლევის შედეგები უჩვენებიათ. 

დღეს მერიის პოზიცია არის ასეთი – ისინი აპირებენ „იაფი სახლის“ პროექტის ხელახლა ინიცირებას და ადგილმონაცვლეობას. ანუ ჩვენ ჯერ გვითხრეს, რომ ბენზეში ბარაკების დასახლება არის ერთადერთი ადგილი, სადაც უნდა აშენდეს „იაფი სახლი“, ხოლო 2015 წლის თებერვალში კი თქვეს, რომ ამ პროექტის განხორციელებას ახლა უკვე ჯავახიშვილის ქუჩაზე აპირებენ. რაც შეეხება ბარაკების დასახლებას, ამაზე ახლა საუბარი საერთოდ აღარ არის.

 

 უკვე მეორე წელია საუბრობენ „იაფ სახლზე“, როგორც ბათუმელი უსახლკაროებისთვის არაკომერციულ ფასად ბინის გამოსყიდვის შანსზე. გამოდის, ეს ყველაფერი ტყუილია?

 

 „იაფი სახლის“ იდეის განხორციელებაზე, კრიტერიუმებისა და კატეგორიების განსაზღვრის მიზნით, პრაქტიკულად მუშაობა არ წარმართულა. 2015 წლის ბიუჯეტში ამ პროგრამის გასწვრივ წერია – ნული, მაგრამ ამბობენ, რომ უახლოეს სხდომაზე ისევ შემოიტანენ საკითხს განსახილველად. `თავისუფალი დემოკრატების~ პოზიციაა, რომ ეს უნდა იყოს სოციალურად დაუცველ, უსახლკარო მოსახლეობაზე, ვისი ქულებიც პირობითად 100 000-ზე ნაკლებია და ასევე, არასტანდარტულ საცხოვრებელში – ბარაკებში მცხოვრებლებზე ორიენტირებული სახლი.

 

საკითხს უახლოეს სხდომაზე თუ შემოიტანენ, ალბათ კრიტერიუმებიც უნდა ჰქონდეთ გაწერილი…


მერიამ ახლა დაიწყო კრიტერიუმებისთვის კომისიის ფორმირება. სავარაუდოდ, მეც ვიქნები კომისიის ერთ-ერთი წევრი. ამ კომისიას რამდენიმე თვე დასჭირდება კატეგორიებისა და კრიტერიუმების განსაზღვრისთვის, მაგრამ მთავარია, მშენებლობის პროცესი დაიწყოს. მერიას შეეძლო იგივე გაეკეთებინა წინა წელსაც. აეშენებინა სახლი და ყოფილიყო ის დახურული მანამ, სანამ არ განისაზღვრებოდა კრიტერიუმები.
როცა დავიწყეთ იდეაზე მუშაობა, ჩვენი თხოვნით შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ ჩაატარა კვლევები, რომლის ფარგლებშიც გამოკითხეს სოციალურად დაუცველი, უსახლკარო და სხვა კატეგორიის მოქალაქეები. მათ გამოთქვეს მზაობა, რომ თუ მიიღებენ ბინას, გადაიხდიან ყოველთვიურ საფასურს. დამატებით შვეიცარიელებმა მოამზადეს 40 ესკიზური ნახაზი ოთახების განლაგების მიხედვით, ფასადისა და ყველა დეტალის გათვალისწინებით. გამოდის, რომ დღეს გვაქვს კვლევა, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია განვსაზღვროთ კრიტერიუმები.

ეს სახლები იმით არის მნიშვნელოვანი, რომ არის ეკონომიური ბინა, პატარა სამზარეულოთი, ყველა ოთახში ფანჯარაა. მიუხედავად ფართობის სიმცირისა, გათვლილია სხვა სანიტარული პირობებიც. ეს არის ერთგვარი სტანდარტი, რომელიც დამკვიდრებულია მსოფლიო პრაქტიკაში.


აქვს მერიას ზუსტი ციფრი, რამდენი უსახლკარო ჰყავს?


 2012 წლის დეკემბერში დავიწყე მუშაობა იაფი სახლის მოდელზე და დაახლოებით 1650 ოჯახის განცხადება ჰქონდა მერიას, _ ისინი ამბობდნენ, რომ არ გააჩნიათ სახლ-კარი. 


თქვენი ფრაქციის პროექტის მიხედვით, კრიტერიუმები როგორ არის განსაზღვრული?


 ბრძოლა მოგვიწევს იმაზე, რომ იაფი სახლი გავრცელდეს სოციალურად დაუცველებზე და არა ხელფასიან თუ სხვა ტიპის მოქალაქეებზე. სოციალურად დაუცველი ვერ შეძლებს გადახდასო, ეს არის ერთი პოზიცია და მერია ამ პოზიციას ემხრობა. ჩემთვის მთავარია ქვევიდან დავიწყოთ პრობლემების მოგვარება. მერე, როცა სამი-ოთხი კორპუსი აშენდება, შესაძლებელი იქნება იმ პირთა წრის გაფართოება, ვინც შეიძლება გამოისყიდოს ბინები. 

ჩვენი პარტიის აზრით, რაც უფრო ნაკლები ქულა ექნება ოჯახს, მით უფრო ხანგრძლივი უნდა იყოს გამოსყიდვის ვადა, ანუ თუ ათწლიანი სესხის განმავლობაში ასი ლარის გადახდა უწევს თვეში, 15-წლიანი სესხის შემთხვევაში მოუწევს 75 ლარის გადახდა. ამ თანხის გადახდას ოჯახი შეძლებს. მთავარია ადამიანს საკუთრების განცდა გაუჩნდეს. კვლევებმაც დაადასტურა, რომ ყველაზე ცუდ დღეში მყოფი ყველაზე დიდ მზაობას გამოხატავს, რომ მიიღოს პროექტში მონაწილეობა. ხოლო ბარაკებში მცხოვრებთათვის შესაძლებელი იყოს ფართობის მონაცვლეობა „იაფ სახლში.“

 

თქვენ ასაბუთებთ, რომ პროექტის დაწყება იყო შესაძლებელი. მაშინ ამ ხნის განმავლობაში რატომ ვერ მოახერხა მერიამ ამის გაკეთება?


ვერ ვხვდები, შეგნებულად თუ სხვა მიზეზით ამბობენ უარს ამ პროექტზე. მერია ვალდებული იყო განეხორციელებინა ეს პროექტი, ბიუჯეტშიც კი იყო გაწერილი. იანვარ-თებერვალში კვლევა უნდა ჩაეტარებინათ, შემდეგ ტენდერი უნდა გამოეცხადებინათ და დაეწყოთ მშენებლობა.

 

 რამდენად რეალურია მოსაზრება, რომ მერია ამ პროექტის გადანახვას მომავალი არჩევნებისთვის აპირებს?

 

ორი წლის მერე თუ აპირებენ ამ ტიპის პროექტის გამოყენებას, ეს საერთოდ სავალალოა, რადგან, როცა ოთხწლიანი მანდატი გაქვს ხელისუფლებაში ყოფნის, მაქსიმალურად უნდა გამოიყენო, საქმით უნდა აჩვენო, რომ ღირსი ხარ, ისევ აგირჩიონ ხელისუფლებაში. არჩევნებზე მიბმული საქმიანობები უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: