სიახლეები

დავით ბალაძის მოთხოვნით გაუქმებული აუქციონი

10.02.2015 • 1618
დავით ბალაძის მოთხოვნით გაუქმებული აუქციონი

ირაკლი ჩავლეიშვილი

აღნიშნული დასკვნა  აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა დღეს, 10 თებერვალს გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბათუმის საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარის, ირაკლი ჩავლეიშვილის ბრძანებით გაუქმდა აუქციონი, რომელიც ბათუმში ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთის საკუთრებაში განკარგვაზე იყო გამოცხადებული.

„აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2013 წლის 24 აპრილი, აუქციონის დღეს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით შეწყვეტილ იქნა აუქციონი. ამ მომენტისთვის, მიწის შეძენაზე შემოტანილი იყო განაცხადი და ბეს სახით გადახდილი თანხა შეადგენდა 315 ათას ლარს“.

გიორგი კირთაძე

„ნაციონალური მოძრაობისა“  და ბათუმის საკრებულოს წევრის, გიორგი კირთაძის განცხადებით, ირაკლი ჩავლეიშვილმა კანონდარღვევით გააუქმა აუქციონი, რის გამოც, შესაძლებელია მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს:

„აქციონის გამოცხადებას მერიაში ხელს აწერდა 15 კაცი, მის გაუქმებას კი ხელი მოაწერა მხოლოდ ჩავლეიშვილმა და მერის მოვალეობის შემსრულებელმა, რაც ცალსახად იყო დარღვევა. ჩვენი აზრით, ეს დასკვნა შეიძლება უკავშირდებოდეს ირაკლი ჩავლეიშვილის მოსალოდნელ დაკავებას, რის შესახებაც არაოფიციალური ინფორმაციები უკვე ვრცელდება“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.

აუქციონის გაუქმების მიზეზი, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, დავით ბალაძის განცხადება  იყო.

„ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ მომწერა ოფიციალური წერილი იმის თაობაზე, რომ  იყო ინვესტორი და ეკონომიკის სამინისტრო აპირებდა ამ მიწის ერთ ლოტად  გასხვისებას და ეს იყო რამდენიმე მილიონიანი ინცესტიცია, სადაც დასაქმდებოდა ასეულობით ადამიანი. ამის გამო გაუქმდა აუქციონი“, – განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაანონსებული ინვესტორი არ გამოჩნდა. „რაღაც მიზეზების გამო ამ ინვესტიციის განხორციელება არ მოხერხდა, ამის პასუხი ალბათ დავით ბალაძეს ექნება. რაც შეეხება მიწას, ის ადგილზეა“, – ამბობს ჩავლეიშვილი.

ირაკლი ჩავლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მიერ გაკეთებულ განცხადებას მმართველი პარტიის მხრიდან „რესპუბლიკელების“ ზეწოლაზე უარყოფს. მისი თქმით, აუდიტის განცხადება „ნაციონალების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ უკავშირდება.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, „ბათუმელები“ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის დავით ბალაძის კომენტარს ელოდება.   პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე მინისტრი რამდენიმე წუთში ბრიფინგს გამართავს.

დავით ბალაძე

დავით ბალაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: