ეკომიგრანტების აქცია სოფელ ლაითურში

 

მოსახლეობა სოფლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, სოფელში  ბუნებრივი აირის გაყვანას, მიწების გლეხებისთვის გადაცემას და გზების მოწესრიგებას მოითხოვს.

 

„ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოსახლეობა მასშტაბურ აქციებს კიდევ გამართავს. თუ საჭირო  გახდება დედაქალაქშიც კი წავალთ“- აცხადებენ, აქციაში მონაწილე სოფლის მაცხოვრებლები.  

 

 

 

 

აჭარა საქმიანი ტურიზმისა და ტურისტული ტექნოლოგიების გამოფენაზე

 

 

საქმიანი ტურიზმისა და ტურისტული ტექნოლოგიებს გამოფენა 24 000-მდე ვიზიტორს მასპინძლობს. წლევანდელი გამოფენის წამყვანი თემაა საოჯახო ტურიზმი.

 

 

აზიის ბაზარზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპოლარიზაცია უდიდეს მნიშვნელობას იძენს, რადგან ტურიზმის სტატისტიკურ მონაცემებში ტურისტების რიცხვი სხვადასხვა არაბული ქვეყნიდან ყოველწლიურად მატულობს.

 

დუბაი

მედიატური უცხოელი ჟურნალისტებისთვის ბათუმში

 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ლიტვის ტურისტულ ბაზარზე მუშაობა ვილნიუსიდან საქართველოს მიმართულებით დანიშნული რეგულარული ფრენების შემდეგ დაიწყო. უკვე მეორე წელია ლიტვაში რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა პიარ-ატივობა ხორციელდება. 2015 წელს სარეკლამო კამპანია კიდევ უფრო გაფართოვდა. 6 აპრილიდან 14 ივნისამდე ლიტვის  სამ ქალაქში (ვილნიუსი, კლაიპედა და კაუნასი), აჭარა-ბათუმის სხვადასხვა ფორმატის ფოტოები ცენტრალურ ადგილებშია იქნება განთავსებული.

 

3-6 მაისს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ლიტვის ტურისტული სააგენტოებისა და ტურ-ოპერატორების კიდევ ერთ საინფორმაციო ტურს უმასპინძლებს.

 

უახლოეს მომავალში დაგეგმილია ასევე საინფორმაციო ტური ლიტვის უმსხვილესი ტუროპერატორის „Novaturas” ხელმძღვანელი პირებისათვის, რომლის ფარგლებშიც ლიტვის მიმართულებით ახალი საინტერესო პროექტების განხორციელება იქნება შესაძლებელი.  

 

მედიატურის ფარგლებში აპრილის თვეში, ბათუმში ლიტველი ჟურნალიტების გარდა, პოლონელი და სომეხი ჟურნალისტების ვიზიტიცაა დაგეგმილი.

 

 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი დახმარებას პრეზიდენტს სთხოვს

 

 

 

 

ბატონო ჯემალ, თქვენი ვიცე-სპიკერად არჩევა-არ არჩევის საკითხი ისევ ღიაა, თუ რაიმე გადაწყვეტილებამდე მიხვედით?

 

 იმ პერიპეტიებზე აღარ მოვყვები, რაც მოხდა და საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია. უმაღლესმა საბჭომ ჩემ არჩევასთან დაკავშირებით შესაბამისი დადგენილება არ გამოსცა, ანუ არ აღიარა სხდომის შედეგები ლეგიტიმურად და, ფაქტობრივად, უმაღლესი საბჭო ორ ნაწილადაა გაყოფილი. დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე არჩეული ვარ და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს მოხდა კანონიერების დაცვით.

 

 სასამართლოში რატომ არ იჩივლეთ?

 

 ჩვენ მივიჩნევდით, რომ რადგან ამირჩიეს, რაღა უნდა გამეპროტესტებინა?

 

თუნდაც იმ დადგენილების არ გამოცემა.

 

 ეს დადგენილება აუცილებლად უნდა გამოიცეს, რადგან არსებობს ამ სხდომის სტენოგრაფიული ჩანაწერი. ყველაფერი დაფიქსირებულია, მაგრამ ვაწყდებით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წინააღმდეგობას, ვინც გამოხატავს ე.წ. სახელისუფლებო უმრავლესობის აზრს. ისინი არ ესწრებოდნენ ამ სხდომას, არ მიუღიათ მონაწილეობა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არჩეული ვარ, ისინი მიიჩნევენ, რომ არა ვარ არჩეული. გაურკვეველია, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი. თუ უმაღლესი საბჭოს სესიაზე კიდევ დადგება ვიცე-სპიკერის არჩევის საკითხი და აირჩევენ სხვას, ჩვენ შესაბამის ღონისძიებებს მხოლოდ მას შემდეგ გავატარებთ. მაგრამ ეს გამორიცხულია, რადგან „ქართულ ოცნებას“ უკვე არ აქვს უმაღლეს საბჭოში ის უმრავლესობა, რომ ვიცე-სპიკერის კანდიდატურა გაჩნდეს მათი რიგებიდან. ის დეპუტატები, რომლებმაც ვიცე-სპიკერის არჩევას უკვე დაუჭირეს მხარი, ახალ კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ, რადგანაც მათ უკვე აირჩიეს ვიცე-სპიკერი. ამდენად მე მივიჩნევ, რომ ეს საკითხი ამოწურულია და ახალი ვიცე-სპიკერის არჩევას უმაღლესი საბჭო ვერ შეძლებს.

 

 მაგრამ, თქვენი საუბრიდან გამომდინარე, მარტის თვის ბოლოს კომისიის თავმჯდომარის ხელფასი აგიღიათ და არა ვიცე-სპიკერის. ასეა?

 

თანხა როდესაც ირიცხება, მას არ აწერია რისი სარგოა. კომისიის თავმჯდომარისა და ვიცე-სპიკერის ხელფასს შორის სხვაობა მცირეა. გარდა ამისა, მე სახელფასო სარგოს გაზრდით არ ვარ დაინტერესებული. თუ სარგოზეა საუბარი, მოვითხოვ, რომ შემცირდეს ვიცე-სპიკერის სარგო და თანაფარდობაში მოვიდეს კომისიის თავმჯდომარის ხელფასთან. თანამდებობას, მის ღირებულებას, მის გავლენას უმაღლეს საბჭოში არ ვზომავ ხელფასით. მაგრამ რადგან გაინტერესებთ გეტყვით, რომ ნამატი ჩემს ხელფასზე, ჯერჯერობით, არ ასახულა.

 

 ბატონო ჯემალ, რამდენ ხანს შეიძლება ვიცე-სპიკერის არჩევა-არ არჩევის საკითხი იყოს ღია ან დავის საგანი, ამას კანონმდებლობა არ არეგულირებს? 

 

 ამ საკითხზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს რამდენჯერმე მივმართეთ. თუ ისინი მიიჩნევენ, რომ ჯემალ ფუტკარაძე არ არის არჩეული, მაშინ მათ უნდა დააყენონ ახალი კანდიდატურა. წესით, როგორც კომისიის თავმჯდომარე, ასევე ვიცე-სპიკერი ათი დღის ვადაში უნდა აირჩეს. ისინი შეგუებულნი არიან აზრს, რომ ვიცე-სპიკერი არჩეულია, მაგრამ უჭირთ ამის აღიარება. ალბათ დრო სჭირდებათ, რომ აღიარონ და შესაბამისად დამენიშნება ვიცე-სპიკერის ხელფასი და გადმომეცემა კაბინეტი თუ ავტომობილი, რომელზეც კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მე გართულება არ მაქვს.

 

უმაღლესი საბჭოს სესიაზე მე მოვუწოდე ხელმძღვანელობას და ე.წ. სახელისუფლებო უმრავლესობას, რომ უმაღლესი საბჭო მუშაობის რეჟიმს დაუბრუნდეს. ახლა ის პარალიზებულია. ასევე მივმართე საქართველოს პრეზიდენტს. ცენტრალური ხელისუფლებიდან მხოლოდ მას აქვს პრეროგატივა, რომ ჩაერიოს უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტი დაინტერესდება. მე მჯერა, რომ ეს განცხადება მაინც გამოაფხიზლებს ხელმძღვანელობას და უახლოეს პერიოდში ახალი ძალით შევუდგებით მუშაობას.

 

 პრეზიდენტს მისწერეთ თუ მხოლოდ ზეპირი განცხადება გაავრცელეთ?

 

 ეს განცხადება თითქმის ყველა საინფორმაციო საშუალებამ აჩვენა. მე ვფიქრობ პრეზიდენტის შესაბამისი სამსახურები ამაზე გაამახვილებენ ყურადღებას. ჩვენ დაველოდებით პრეზიდენტის რეაქციას და შემდეგ ჩემს თანამოაზრეებთან ერთად ცალკე მივმართავ პრეზიდენტს. შეიძლება მასთან შეხვედრაც მოვითხოვოთ.

216 სოფლის პრობლემები

 

 

მაღალმთიან სოფლებში ძირითადად გზების შეკეთებას ითხოვენ

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხიდან ყველაზე მეტი თანხა წელს გზების მოწესრიგებას მოხმარდება. თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია, კონკრეტულად რამდენი დაიხარჯება შიდა სასოფლო გზების მოწესრიგებაზე. როგორც მუნიციპალიტეტების გამგეობებში აცხადებენ, ყველა სოფელში ჩატარდა კრება და გამოიკვეთა პრიორიტეტები, გამგეობების შესაბამისი სამსახურები კი, კრების ოქმებს ამუშავებენ.

 

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზაზა აბულაძე ამბობს, რომ ოქმების დამუშავების შემდეგ მონაცემებს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაუგზავნიან შესათანხმებლად, თუ რამდენად შეესაბამება მოსახლეობის მიერ პრიორიტეტად დასახელებული ღონისძიება პროგრამას, რის შემდეგ მუნიციპალიტეტის საკრებულო პროგრამას დაამტკიცებს და სოფლებში სამუშაოების განხორციელებას დაიწყებას.

 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხულოს წელს 909 061 ლარი გამოეყო. კრება 83 სოფელში ჩატარდა და მოსახლეობამ პრიორიტეტად კვლავაც გზების მოწესრიგება დაასახელა, აგრეთვე სანიაღვრე არხებისა და გარე განათების მოწყობა, სასაფლაოების შეღობვა და ა.შ. მას შემდეგ, რაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტი პროგრამას დაამტკიცებს, დავიწყებთ სამუშაოებს სოფლებში“, – განაცხადა ზაზა აბულაძემ.

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებლად შუახევის მუნიციპალიტეტში, გასულ წელთან შედარებით, წელს 3 602 ლარით მეტი თანხაა გამოყოფილი.

 

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის ედნარ შარაშიძის თქმით, თანხის მატება მოსახლეობის რაოდენობის დაზუსტებამ გამოიწვია. მისი თქმით, გასულ წელს რიგ სოფლებში მცხოვრებთა რაოდენობა არასწორად იყო მითითებული.

 

„მალე გამოვაცხადებთ ტენდერს, მშენებლებთან ხელშეკრულებას სავარაუდოდ მაისის შუა რიცხვებში გავაფორმებთ. რაც შეეხება პრიორიტეტებს, მოსახლეობა ძირითადად გზებზე რკინა-ბეტონის საფარის დაგებას, მოტობლოკების შეძენას, გარე განათების მოწყობას ითხოვს“, – ამბობს ედნარ შარაშიძე.

 

ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით 22 282 ლარით ნაკლებ თანხას მიიღებს ქედის მუნიციპალიტეტი პროგრამის განსახორციელებლად. 65 სოფელში ღონისძიების გასატარებლად აქ 552 202 ლარია გამოყოფილი. ქედის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის სულიკო ბოლქვაძის თქმით, ქედაშიც მოსახლეობამ პრიორიტეტად სოფლის გზებზე ბეტონის დაგება მოითხოვა.

 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ ფარგლებში ინვენტარის შეძენასა თუ ინფრასტრუქტურული ღონისძიების გასატარებლად, არსებული კანონმდებლობა მუნიციპალიტეტებს არ ავალდებულებს სამუშაოები ელექტრონული ტენდერით განახორციელონ, შესაბამისად, როგორ გატარდება ღონისძიებები – ტენდერით თუ ერთ პირთან მოლაპარაკებით, გადაწყვეტილებას გამგეობები მიიღებენ.

 

ზაზა აბულაძე იმედოვნებს, რომ სამუშაოების წარმოებისთვის ხულოში ელექტრონული ტენდერები არ გაიმართება: „კრების საფუძველზე გამოვლინდება ის მეწარმეები, რომლებსაც შესასრულებელ სამუშაოებზე ხელშეკრულებას გავუფორმებთ. სამუშაოებზე იმავე სოფლის მცხოვრებლები დასაქმდებიან“.

შვიდი კონკურსი და ორი შედეგი

 

სელიმ ხიმშიაშვილისა და მერაბ კოსტავას ქანდაკებების ესკიზების გარდა კონკურსი გამოცხადებული იყო ცხრა აპრილის, გმირთა მემორიალის, ტბელ აბუსერიძის, ეგნატე ნინოშვილისა და ჟიული შარტავას ქანდაკებების ესკიზებზე, თუმცა საკონკურსო კომისიამ გამარჯვებული, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ გამოავლინა.

 

„ჩვენ მხოლოდ ორი ნიმუში შევარჩიეთ, – სელიმ ხიმშიაშვილისა და მერაბ კოსტავასი. დანარჩენი ნიმუშები არ შეესაბამებოდა საკონკურსო პირობებს“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ მერიის განათლებისა და კულტურის განყოფილების უფროსმა ლამზირა ბოლქვაძემ.

 

სელიმ ხიმშიაშვილის ქანდაკების ესკიზის ავტორი მოქანდაკე დავით ბოლქვაძეა, მერაბ კოსტავას ქანდაკების ესკიზი კიმ გენო ზაქარაიას ეკუთვნის.
სელიმ ხიმშიაშვილის ქანდაკება ბრინჯაოშია გადაწყვეტილი, მერაბ კოსტავასი – თეთრი მარმარილოსგან დამზადდება.

 

სელიმ ხიმშიაშვილის ქანდაკების ესკიზის ბიუჯეტი ხუთი ათასი ლარია, მერაბ კოსტავას ქანდაკების ესკიზის – ოთხი ათასი ლარი.
დარჩენილი ხუთი ქანდაკების ესკიზზე კონკურსებს ბათუმის კეთილმოწყობის სამსახური წელს ხელმეორედ გამოაცხადებს.

 

როგორც სამსახურის უფროსი თენგიზ პეტრიძე ამბობს, საკონკურსო დოკუმენტაცია ქანდაკების ნიმუშების გამოსავლენად თავიდან უნდა შეიქმნას:
„საკონკურსო დოკუმენტაცია გამზადებულია და კომისიაში მოწვეულნი არიან ხელოვნების დარგის სპეციალისტები, არქიტექტორები. როცა კომისია ბრძანებით დამტკიცდება, კონკურსიც ოფიციალურად გამოცხადდება“.

 

ქანდაკებების დადგმაზე ბიუჯეტი გამარჯვებული ნიმუშების გამოვლენის შემთხვევაში დამტკიცდება.

 

სკოლის მოსწავლეების საჩუქრები მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის

 

სკოლის მოსწავლეებმა ერთი კვირის განმავლობაში მოაგროვეს მაკულატურა, ჩააბარეს და აღებული ფულით ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის იყიდეს საჩუქრები. მოსწავლეები ბავშვთა სახლში გაკვეთილების შემდეგ ავიდნენ და რამდენიმე საათს გაჩერდნენ.


საქველმოქმედო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი სამოქალაქოს მასწავლებელი ირმა ცინცაცძე იყო.

საქართველოში ბელარუსის დიპლომატიური წარმომადგენლობა გაიხსნება



ლუკაშენკომ აღნიშნა რომ, პოლიტიკურ თემებზე საქართველოსა და ბელარუსს არანაირი უთანხმოება არ აქვთ და რომ ამ ეტაპზე საქართველოსთან მიმართებაში ნომერ პირველი – სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებია. 

“მე და საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ და დღეს განვიხილეთ ეს პრობლება.  უფრო სწორად არა პრობლემა, არამედ კონკრეტული საკითხი. ჩვენ ბელარუსში ასეთი მიდგომა გვაქვს – როდესაც საკმაოდ მაღალ დონეზე აგვყავს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, მაშინ ვწყვეტთ საელჩოს გახსნის საკითხს. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენს საელჩოებს რამდენიმე განსხვავებული ფუნქცია აქვთ, ვიდრე, მაგალითად, რუსეთის ან საქართველოს საელჩოებს. მაგალითად, საგარეო საქმეთა სამინისტრო საგარეო ეკონომიკური კავშირებით არის დაკავებული, ამიტომ საგარეო საქმეთა სამინისტროში სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები ნომერ პირველი საკითხია” – განაცხადა ლუკაშენკომ. მისივე თქმით, საქართველოსა და ბელარუსს შორის 200 მილიონიან სასაქონლო ბრუნვას ვარაუდობენ და სწორედ ამიტომაც არის აუცილებელი საქართველოში ბელარუსის დიპლომატიური წარმომადგენლობა.

ამ ეტაპზე სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და ბელარუსს შორის 60-70 მილიონი ლარია.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო და ბელარუსი სხვადასხვა მიმართულებით ითანამშრომლებენ, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კი, ეკონომიკური პროექტები იქნება:

ჩვენ ვიმუშავებთ ბევრი მიმართულებით, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური პროექტები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ამ ეკონომიკური პროექტების უკან დგას ის ფაქტი, რომ ბელარუსი აღრმავებს თავის ურთიერთობას საბაჟო კავშირის მიმართულებით და საქართველო ამაღლებს თავის ეკონომიკურ კავშირებს ევროკავშირის მიმართულებით, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვნად ამ ურთიერთობის უკან დგას ის ფაქტი, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს არჩევანს და ამ არჩევანიდან ვცდილობთ, მაქსიმალური შედეგი მოვუტანოთ ჩვენს ქვეყნებს” – თქვა მან. მისივე თქმით, საქართველოსა და ბელარუსის სხვადასხვა ბლოკებში გაერთიანებას ის უყურებს, როგორც შესაძლებლობებს და არა როგორც – ბარიერების შემქმნელ ფენომენს.

”მინდა ასევე ხაზი გავუსვა, რომ პრეზიდენტ ლუკაშენკოს სახით, საქართველომ დაინახა ნამდვილი მეგობარი. მეგობარი, რომელიც პატივს სცემს ქვეყანას, მის სახელმწიფოებრიობას, მის სუვერენიტეტს და ამ წინაპირობებზე დაყრდნობით ფიქრობს მაქსიმალური ურთიერთობების გაღრმავებას და მაქსიმალურად საერთო, მშვიდობიანი გარემოსთვის ერთობლივ მუშაობას. ბელორუსის პრეზიდენტის როლი პოსტსაბჭოთა სივრცეში ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ სწორედ, მინსკი გახდა ის ადგილი, სადაც ბევრი პროცესი თავის მშვიდობიან გამოსავალს ჰპოვებს”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

დღევანდელ შეხვედრაზე ხელი მოეწერა ქალაქ ბრესტსა და ბათუმს შორის დამეგობრების მემორანდუმს. მემორანდუმს ხელი ბრესტის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე როგაჩუკმა და ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა მოაწერეს. გიორგი ერმაკოვის თქმით, ქალაქების მერებმა ისაუბრეს იმ ურთიერთობების შესახებ, რომლებიც შესაძლოა ჩამოყალიბდეს ბრესტსა და ბათუმს შორის – ძირითადად ტურიზმის მიმართულებით.

მემორანდუმის ხელმოწერამდე ალექსანდრე ლუკაშენკო, დღევანდელი ვიზიტის ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძესაც შეხვდა.

 

ღორჯომის მოსახლეობა ჰესების მშენებარე კომპანიას სასამართლოში უჩივის

 

მოსარჩელები და მათი უფლებების დამცველი

 

მოსახლეობის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის იურისტები იცავენ. სარჩელი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეიტანეს, თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ გადაწყვიტა, რომ ეს საქმე თბილისის საქალაქო სასამართლომ უნდა განიხილოს, რადგან მოპასუხე – ამ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო თბილისში არსებობს.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე

სასამართლო დარბაზი დღეს სავსე იყო, პროცესზე დასასწრებად სოფლის მოსახლეობა ღორჯომიდან ბათუმში  ჩამოვიდა, საიას იურისტებმა მოპასუხის შუამდგომლობაზე – საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლომ კი არა თბილისის საქალაქო სასამარლომ უნდა განიხილოს, განაცხადეს, რომ მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები მოსახლეობისთვის ტერიტორიული სიშორე ბარიერს წარმოადგენს, რადგან შორი მანძილის გამო ისინი სასამართლო პროცესზე თბილისში დასწრებას ვერ მოახერხებენ.

„ ჩვენი სიცოცხლის უფლებას საფრთხე ექმნება აქ, აჭარაში, მაშინ როცა კომპანია ჰესებს აჭარაში აშენებს, მოსახლეობაც აქ ვზარალდებით და რატომ უნდა განიხილოს ეს საქმე მოსამართლემ თბილისში?“- იკითხა სასამართლო დარბაზში  ერთ-ერთმა მოსარჩელემ.

მოსახლეობა სასამართლოს იმ აქტების ბათილად ცნობას ითხოვს, რის საფუძველზეც სახელმწიფომ ნორვეგიულ კომპანიას მაღალმთიან აჭარაში ჰესების მშენებლობის უფლება მისცა.

სასამართლო პროცესს მოპასუხეები – კომპანიისა და ეკონიმიკის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


მოპასუხეები

’’ქალაქის მომავალი’’ – საჯარო დისკუსია ბათუმში

 

დისკუსიის მომხსენებლები იქნებიან ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბაგრატ მანველიძე,  
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე – თენგიზ აფხაზავა და  ქალაქმგეგმარებელი, არქიტექტორი – ზურაბ ბაქრაძე.

 

საჯარო დებატებზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: თუ როგორ იგეგმება და ვითარდება ბათუმი? როგორ უნდა გადაიჭრას დღევანდელი პრობლემები და როგორ აისახება ეს საბოლოოდ ქალაქის იერსახეზე? სად არის და როგორ მონაწილეობს აღნიშნულ პროცესებში საზოგადოება? როგორია ბატუმის მომავალი?

 

დისკუსიაზე დასწრება თავისუფალია.

 

მისამართი: ფარნავაზ მეფის ქუჩა # 62-64.

უფასო სამედიცინო აქცია მახუნცეთის თემში

 

მომსახურება ითვალისწინებდა ენდოკრინოლოგის, უროლოგის, ლარინგოლოგის, ოფთალმოლოგის, ალერგოლოგის, ნევროპათოლოგის, კარდიოლოგის, და ექოსკოპისტის კონსულტაციას და სამედიცინო კვლევებს. 

აქცია, „N1 პოლიკლინიკის“ ინიციატივით და აჭარის დანდაცვის სამინისტროს და ქედის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა. 

 

ბოლო ორი თვის განმავლობაში უფასო სამედიცინო აქცია აჭარის 5 მუნიციპალიტეტის 6 თემში ჩატრდა, მომსახურებით კი ჯამში 1297-მა პაციენტმა ისარგებლა.

ბათუმში სომეხთა გენოციდის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მსვლელობა მოეწყო

მსვლელობაში სომხური დიასპორის ორასამდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ბრესტი და ბათუმი დამეგობრდნენ

ხელშეკრულებას ხელი ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა და ბრესტის მერმა  ალექსანდრე როგაჩუკმა მოაწერეს.


ბრესტი ბელორუსის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ვიკიპედიას ცნობით, ქალაქის მოსახლეობა 322 ათასს აღემატება. 

დაძმობილების ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიამდე ალექსანდრე ლუკაშენკო აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდა.  შეხვედრას აჭარის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

დღევანდელი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი იყო ბელარუსის დელეგაციის წევრების, საქართველოს ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილისა და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ზაურ ფუტკარაძის მიერ  ქობულეთში არსებული აგროსერვისცენტრის სანერგე მეურნეობის მონახულება, თუმცა პროგრამაში შეტანილი ცვლილებების გამო ქობულეთში წასვლა აღარ მოხერხდა. პროგრამაში ცვლილების გამო ბელარუსის ოფიციალურმა დელეგაციამ ვერც ბათუმის ბოტანიკური ბაღის დათვალიერება ვერ მოახერხა. 

ბელარუსის პრეზიდენტი საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა. 


„ინტელექტმა“ ქედასა და შუახევში საკრებულოს საუკეთესო წევრები გამოავლინა


ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირის კონკურსის – „საკრებულოს საუკეთესო წევრი“  გამარჯვებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვაჟა ბოლქვაძე გახდა, შუახევში კი, საკრებულოს საუკეთესო წევრად პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატი ფატი ჭაღალიძე დასახელდა.

 

„ობიექტურად მიმაჩნია არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასება, თუმცა ამის მოლოდინი არ მქონდა,  რადგან უმცირესობაში ვართ, ვფიქრობდი, გამოკითხვით საუკეთესოდ არ დაგვასახელებდნენ, თუმცა შეფასებისას სხვა ნიუანსებიც ჰქონდა არასამთავრობო ორგანიზაციას“ – ამბობს ვაჟა ბოლქვაძე.

 

„ინტელექტის“ პროექტების კოორდინატორი დავით არძენაძე აცხადებს, რომ საკრებულოს საუკეთესო წევრები გამოვლინდა სხვა მუნიციპალიტეტებშიც, თუმცა მათი ვინაობა საკრებულოს სხდომებზე გახდება ცნობილი.

 

„ინტელექტის“ პროექტების კოორდინატორის თქმით,  საკრებულოს საუკეთესო წევრების გამოვლენა მათი საქმიანობის მონიტორინგის საფუძველზე მოხდა.

 

 „საუკეთესო დეპუტატის გამოსავლენად ქედის, შუახევის, ხელვაჩაურის, ქობულეთისა და ხულოს მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან გამოვითხოვეთ და შევისწავლეთ საკრებულოს სხდომისა და კომისიის სხდომის ოქმები. საუკეთესო წევრები მუნიციპალიტეტების საკრებულოებში კრიტერიუმების საფუძველზე გამოვლინდა. კრიტერიუმები იყო საკრებულოს სხდომებსა და კომისიის სხდომებზე დასწრება, აქტიურობა, მოხსენებები სხდომებზე, ინიცირებული საკითხების რაოდენობა, შუამდგომლებები ზემდგომ ორგანოებში, მოსახლეობის დახმარება  – შუამდგომლობა, საკრებულოს წევრების რეკომენდაციები.   საკრებულოს საუკეთესო წევრი გამოვავლინეთ ყველა მუნიციპალიტეტში“ – აცხადებს დავით არძენაძე.  

 

არასამთავრობო ორგანიზაციამ გამარჯვებულ დეპუტატებს დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადასცა.

ბათუმში ლუკაშენკო ჩამოვიდა

 

ბელარუსის ოფიციალურ დელეგაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, მთავრობის წევრები და ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი დახვდნენ.

 

ვიზიტის ფარგლებში დღეს დაგეგმილია შეხვედრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან. ასევე, სასტუმრო „შერატონში“ გამართულ ცერემონიაზე ხელი მოეწერება ბრესტისა და ბათუმის დამეგობრების ხელშეკრულებას.



ბელარუსის პრეზიდენტის 3-დღიანი ოფიციალური ვიზიტი ბათუმში სტუმრობით დასრულდება.


 

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობა ბელარუსში ოფიციალური ვიზიტით გამგზავრებას გეგმავს. შესაბამისი მიწვევა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსგან გუშინ, თბილისში მიიღო. 

 




იმუნიზაცია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

1985-2000 წლებში დაბადებულ ბენეფიციარები სამკომპონენტიანი ვაქცინით წითელაზე, წითურასა და ყბაყურაზე აიცრებიან. 

”ჩვენ მუნიციპალიტეტების დონეზე შევხვდით იმუნიზაციის  სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებელ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომლებთანაც განვიხილეთ სხვადასხვა პრობლემატური საკითხები ზოგადად ვაქცინაციასთან დაკავშირებით. გუშინ და დღეს უნივერსიტეტის სტუდენტებს ჩავუტარეთ არაგეგმიური აცრები წითელაზე” – ამბობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო ნიჟარაძე.  

გარდა ამ კონტიგენტისა, აიცრებიან 2001 – 2009 წლებში დაბადებული ბავშვები, რომლებიც არიან აუცრელები ან არასრულად აცრილი, სამედიცინო პერსონალი და დაავადებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანები.

აცრა წითელაზე მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და იგი უფასოა.

უნივერსიტეტში აქამდე 60-მდე სტუდენტი აიცრა, მსურველების სიაში 200-მდე სტუდენტია.


როდის უნდა გაკეთდეს საკეისრო კვეთა

– ბატონო ჯუმბერ, რა სამედიცინო ჩვენება უნდა არსებობდეს, რომ საკეისრო კვეთა გაკეთდეს?

– 2013 წელს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა საკეისრო კვეთის ეროვნული გაიდლაინი, სადაც გაწერილია, თუ რა ჩვენებები აქვს საკეისრო კვეთას. ვფიქრობ, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია არა მარტო მედიცინის მუშაკებისათვის, არამედ მთლიანად საზოგადოებისათვის.

საკეისრო კვეთის ჩვენება დამოკიდებულია დედის ან ნაყოფის მდგომარეობაზე. მაგალითად, დედის მხრივ საკეისრო კვეთის ჩვენება შეიძლება იყოს სამშობიარო მოქმედების სისუსტე, კლინიკურად ვიწრო მენჯი; ინფექციები; ექსტრაგენიტალური დაავადებები; საშვილოსნოს დიდი ზომის მიომა; არასრულფასოვანი საშვილოსნოს კედელი; ხელოვნური განაყოფიერება ხანგრძლივი უნაყოფობითა და დამძიმებული სამეანო-გინეკოლოგიური ანამნეზით და სხვა. ნაყოფის მხრივ ჩვენება შეიძლება იყოს ნაყოფის არაკეთილსაიმედო და არასწორი მდებარეობა; ნაყოფის მენჯით ან ჯდომით, ტერფით ან მუხლით მდებარეობა, ჭიპლარის წინმდებარეობა ან მარყუჟის გამოვარდნა; ნაყოფის ანომალია, დიდი ზომის ნაყოფი (ნაყოფის სავარაუდო წონა 4 500 გრ) და სხვა. ეროვნული გაიდლაინის მიღებამდე, ხშირად, ისეთი გავრცელებული დაავადებები, როგორიცაა: მენჯ-ბარძაყის სახსრის თანდაყოლილი ამოვარდნილობა, მიოპია (ახლომხედველობა) და ა.შ. გახლდათ საკეისრო კვეთის ჩატარების მიზეზი. ამჟამად, თუ დიდი პათოლოგია არ არის (მაგალითად, მიოპია მინუს – 6) არ ითვლება ჩვენებად საკეისრო კვეთისთვის, ხოლო თუ ღრმად წასული პათოლოგიაა მხედველობის მხრივ, ოკულისტი იძლევა ჭინთვების პერიოდის გათიშვის რეკომენდაციას, ხოლო მეან-გინეკოლოგი წყვეტს, თუ რა გზით შეასრულოს აღნიშნული რეკომენდაცია.

– რამდენად ხშირად მოითხოვენ ქალები საკეისრო კვეთის გაკეთებას ჩვენების გარეშე და თქვენი აზრით, რატომ?

– მიუხედავად იმისა, რომ სხვებთან შედარებით ჩვენთან უფრო ძვირი ღირს ეს პროცედურა, ზოგჯერ დღეში 4-5 საკეისრო მაინც კეთდება, ანუ მაღალი ფასიც კი არ არის ამ შემთხვევაში დამაბრკოლებელი ფაქტორი. ჩვენს კლინიკაში საკეისრო კვეთისთვის მაჩვენებელი 34%-ს აქვს, ყველა დანარჩენი საკეისრო მოთხოვნით ტარდება. შარშანდელთან შედარებით წელს მოთხოვნით საკეისრო კვეთის მსურველების რაოდენობა კიდევ უფრო გაზრდილია. ეს უპირველეს ყოვლისა, გამოიწვია იმან, რომ დაიხვეწა გაუტკივარების მეთოდები და საკეისრო კვეთის ტექნიკა. დღეს ჩვენ მაქსიმუმ 20 წუთი გვჭირდება ამ ოპერაციის ჩასატარებლად. გამოიყენება ძალიან კარგი საკერავი მასალა, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს, მაგრამ იოლად გაიწოვება, არ არის ალერგიული, არ ტოვებს ანთებით კერებს და ა.შ. საკეისრო კვეთის გართულებებიც მინიმუმამდეა დაყვანილი. კიდევ ერთი მიზეზია ისიც, რომ ქალებს არ სურთ ტკივილის შეგრძნება და არის ის ფაქტორიც, რომ საკეისრო კვეთის შედეგად მეტი გარანტია აქვთ, ბავშვი უფრო ჯანსაღი გააჩინონ, თუმცა არა მარტო ჩვენი, არამედ მსოფლიო გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ გართულებები საკეისრო კვეთების შემდეგ, როგორც დედის, ისე ნაყოფის მხრივ, ათჯერ უფრო მეტია, ვიდრე ბუნებივი მშობიარობისას.

– რა უპირატესობა აქვს ფიზიოლოგიურ მშობიარობას, საკეისრო კვეთასთან მიმართებაში? და პირიქით – საკეისრო კვეთის უპირატესობები რა არის?

– მშობიარობა ქალისთვის უფრო ბუნებრივია, ვიდრე საკეისრო კვეთა. მშობიარობის შემდეგ ქალს უფრო ადრე მოსდის რძე, უფრო მალე დგება საშვილოსნო მწყობრში. ასევე, მშობიარობისას ქალი კარგავს ნაკლებ სისხლს – 200 მილილიტრს, რაც ფიზიოლოგიურად მიიჩნევა, ხოლო საკეისრო კვეთის დროს საშუალო დანაკარგი 500 მილილიტრამდეა. სტატისტიკურად გართულებები საკეისრო კვეთის დროს არის 12-ჯერ ანუ 1200%-ით უფრო მეტი, ვიდრე მშობიარობის შემთხვევაში. ეს შეიძლება იყოს სისხლის დენა, თრომბოემბოლია, ემბოლია (სისხლძარღვების სანათურების დახშობა) სანაყოფო წყლებით, ცხიმოვანი ემბოლიები, რომლებიც შედარებით უფრო ხშირია და სხვა. დედის სიკვდილობა სტატისტიკურად უფრო მაღალია საკეისრო კვეთისას, ვიდრე ბუნებრივი მშობიარობისას.

გარდა ამისა, მშობიარობა ძალიან კარგია ნაყოფისთვისაც, ეს ბავშვისთვის არის დიდი სტიმულაცია, მისი თირკმელზედა ჯირკვლებისა და საერთოდაც, მყარდება მისი იმუნიტეტი, ბრძოლისუნარიანობა გაცილებით მეტია ბუნებრივი მშობიარობის შემდეგ, ვიდრე საკეისრო კვეთის შემდეგ. თუმცა გარანტია იმისა, რომ ცოცხალი, ჯანმრთელი ბავშვი მიიღოს დედამ საკეისრო კვეთის დროს – უფრო მაღალია.

– ხშირად თავს იკავებენ სპინალური თუ ეპიდურალური ანესთეზიისგან, იმის გამო, რომ ეშინიათ გართულებების, როგორ კეთდება რეგიონული გაუტკივარება და რამდენად უსაფრთხოა ის?

– ეს სრული აბსურდია. ჩვენ 20-ზე მეტწლიანი გამოცდილება გვაქვს ამ მხრივ, გვიმუშავია ამერიკელ და გერმანელ სპეციალისტებთან ერთად, გაგვიკეთებია ათასობით ოპერაცია ასეთი გაუტკივარებით და არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა ისეთი გართულებებით, როგორიცაა: ფეხის მოწყვეტა, დაკოჭლება და ა.შ… ასეთი ფაქტი არც ლიტერატურაში არ არის აღწერილი. რეგიონალური ანესთეზია 10-ჯერ უფრო უსაფრთხოა, ვიდრე საერთო ნარკოზი. გარდა ამისა, საერთო ნარკოზს ნეგატიური ზეგავლენა აქვს ნაყოფზე.

ადგილობრივი გაუტკივარება გარდა საკეისრო კვეთისა, ფიზიოლოგიური მშობიარობის დროსაც კეთდება. ამ დროს ორგანიზმში მხოლოდ ერთი წამალი – ადგილობრივი ანესთეტიკი შეჰყავთ და მშობიარე ხდება მომსწრე ბავშვის დაბადების, ისე, რომ ტკივილს ვერ გრძნობს. რეგიონალურ ანესთეზიას მიეკუთვნება ე.წ. ეპიდურალური ან სპინალური გაუტკივარება, ან ორივეს კომპლექსური გაკეთება. ეპიდურალური, სპინალურისგან განსხვავებით არ შედის ზურგის ტვინში, სპინალური უფრო ღრმა ანესთეზიაა. ორივე მათგანი ტკივილს აყუჩებს იმ ადგილის ქვევით, სადაც შეყვანილია ანესთეზია.
რეგიონალური ანესთეზია დამატებითი 150 ლარი ღირს და თვეში ერთი ან ნული შემთხვევა თუ არის, რომ მშობიარობისას სრული გაუტკივარება მოითხოვოს ქალმა. მშობიარობისას სპაზმების შესასუსტებლად ან მოსახსნელად არსებობს სპაზმოლიტიკები, მაგრამ რეგიონალური გაუტკივარების გარეშე, სრული გაყუჩება ძალიან რთულია. მშობიარობისას რეგიონალურ გაუტკივარებას ახასიათებს ჭინთვების სისუსტე, მშობიარობის გაჭიანურება ნაყოფისთვის არ არის კარგი, თუმცა, ამ გართულებას ჩვენ კარგად ვმართავთ.

– როგორ და სად შეიძლება ორსული ქალი მოემზადოს ფიზიოლოგიური მშობიარობისთვის?

– ქალი მშობიარობისთვის უნდა მოემზადოს როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურადაც, საამისოდ ჩვენთან უკვე ერთი წელია ფუნქციონირებს ”მშობელთა სკოლა”, სადაც წყვილი მოდის ერთად და ქალს ასწავლიან თუ, როგორ უნდა ისუნთქოს, როგორ გაიჭინთოს, გაიყუჩოს ტკივილი; ასევე ასწავლიან სუნთქვით ვარჯიშებს, პრესის ვარჯიშებს და ავარჯიშებენ იმისთვის, რომ შორისი იყოს უფრო ელასტიური. თვეში ორი შეხვედრა გვაქვს და მეცადინეობები უფასოა. აქ არიან ქალთა კონსულტაციის ექიმები, ნეონატოლოგები (პედიატრები) და ფსიქოლოგი. სამწუხაროდ ცოტა აგდებულად დადიან, მიაჩნიათ, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი. ყველა ვინც ითხოვს საკეისრო კვეთას, მიდის ფსიქოლოგთან, მაგრამ 20-დან შეიძლება მხოლოდ ერთის გადარწმუნება მოხერხდეს.

რეგულაციები და ბათუმის ახალი არქიტექტურა ისევ მაღლივი შენობებით


გიორგი ერმაკოვმა დაახლოებით ორი კვირის წინ ხელი მოაწერა ბრძანებას ზონალურ შეთანხმებაზე თანხმობის შესახებ, რომლითაც კომპანია „BIC“-ი ბათუმში, ფარნავაზ მეფის #107-109-111-ში ე.წ K2 კოეფიციენტის გაზრდას 9,0-მდე ითხოვდა. ამ ადგილზე კომპანია მრავალბინიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. 

ამავე ქუჩის # 92-94-ში მდებარე 1296 კვ/მ არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი სახლის აშენებაზე ნებართვა შპს „ბათუმი 2012“-მაც მიიღო. მშენებლობა 2016 წლის 30 მარტამდე უნდა დასრულდეს.

მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას გეგმავს ბათუმში, შავშეთის ქუჩის #24-ში მდებარე 3317 კვ/მ მიწის ნაკვეთზე შპს „ოთხი ძმა“. ამ კოპანიამ განაშენიანების კოეფიციენტის გაზრდა 4,8-მდე მოითხოვა და თანხმობა მიიღო.

ზონალურ შეთანხმებაზე დადებითი პასუხი მიიღო შპს „მომავლის სახლმაც“, რომელიც მელიქიშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას გეგმავს. კომპანიამ ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდა 6,3-მდე მოითხოვა.
შპს „რეალ-მშენმა“ სპეციალური ზონალური შეთანხმების თაობაზე მერიისგან თანხმობა ორი კვირის წინ მიიღო. კომპანია ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე #53-55ბ-ში მდებარე 1091 კვადრატულ მეტრ ფართობზე მრავალფუნციური დანიშნულების ობიექტს აშენებს. კომპანიამ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის 4,8-მდე გაზრდა მოითხოვა და თანხმობაც მიიღო. კომპანიის დირექტორის ზაურ გოგიტიძის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ 11-სართულიან შენობას კიდევ 3-4 სართული დაემატება.

თანხმობა მიიღო შპს „სანდრომაც“ – კომპანია ბათუმში, გუდიაშვილის ქუჩის #16-ში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს ააშენებს.
ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდა ითხოვა შპს „ლიონმაც“, კომპანია მახინჯაურში, 600 კვ.მეტრზე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს აშენებს, კომპანიამ ე.წ. K2 კოეფიციენტის 3,3-მდე გაზრდა მოითხოვა.

ამ პროექტებიდან რამდენიმეს განხორციელება იმ ზონაშია დაგეგმილი, სადაც განაშენიანების ინტენსივობას ბათუმის საკრებულოს დადგენილება არეგულირებს.

ბათუმის ცენტრალურ ნაწილში მშენებლობის რეგულაციები ბათუმის საკრებულომ 2013 წელს გაამკაცრა და ე.წ. ზონალური მოსაკრებელი შემოიღო. ამ იდეის ავტორი მაშინ ქალაქის მთავარი არქიტექტორი გიორგი რამიშვილი იყო. იგი მიიჩნევდა, რომ ქალაქის ცენტრში მშენებლობის ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდისთვის მოსაკრებლის დაწესება დეველოპერების გარეუბნებით დაინტერესებას წაახალისებდა. რეგულაციას თავიდანვე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ეს არათუ წაახალისებდა მშენებლობებს გარეუბნებში, არამედ რეგიონი დაკარგავდა ინვესტორებს, რომლებიც ქალაქის ცენტრში მშენებლობებით იყვნენ დაინტერესებულნი. საკრებულომ მაშინ მოწინააღმდეგეების მოსაზრებები არ გაითვალისწინა.

საკრებულოს დადგენილების მიხედვით, განაშენიანების ინტენსივობის გადასახადი დაწესდა ბათუმში, გოგებაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩის კვეთასთან არსებული წრიულიდან გრიბოედოვის ქუჩის კვეთამდე, ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთიდან ნინოშვილის ქუჩის კვეთამდე, გრიბოედოვისა და ეგნატე ნინოშვილის ქუჩების კვეთიდან სულიკო ჟღენტის ქუჩის კვეთამდე, სულიკო ჟღენტის ქუჩის ორივე მხარეს, გოგებაშვილის ქუჩების კვეთიდან ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში არსებულ წრიულამდე, გოგებაშვილის ქუჩის ორივე მხარეს, სანაპირომდე.

დადგენილების მიხედვით, ქალაქის ცენტრში განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდა ზონალური მოსაკრებლის გადახდას ითვალისწინებს. საზოგადოებრივ საქმიან ზონაში განაშენიანების კოეფიციენტი 3,0-ა, რაც მაქსიმუმ 7 სართულის მშენებლობას ითვალისწინებს, ხოლო საცხოვრებელ ზონაში – 2.2, რაც 5 სართულის მშენებლობას გულისხმობს, რეკრეაციულ ზონაში მშენებლობა დაუშვებელია.

უკვე გაცემული მშენებლობის ახალი ნებართვების მიხედვით კი, ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, რომლის მშენებლობებისგან განსატვირთადაც საკრებულომ ორი წლის წინ რეგულაცია შემოიღო, მაღლივი შენობების აგების ტენდენცია გაგრძელდება. ყველა მშენებელი კომპანია კი, ზონალურ მოსაკრებელს არ გადაიხდის. მოსაკრებელზე შეღავათებს მიიღებენ ის კომპანიები, რომლებიც ახალი კორპუსების აშენებას გეგმავენ მთავრობის პროგრამის ფარგლებში, რომელიც ქალაქში არასტანდარტული საცხოვრისის ჩანაცვლების მიზნით ახალი კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მოსაკრებლისგან თავისუფლდება დეველოპერი, რომელიც 30-მილიონიან ინვესტიციას განახორციელებს: მაგალითად, კომპანია „BIC“-ი, რომელიც ბათუმში, ფარნავაზ მეფის #107-109-111-ში მრავალბინიანი სახლის მშენებლობას გეგმავს, მონაწილეობს `ბათუმში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის სახელმწიფო პროგრამაში~. ამ პროგრამაში მონაწილე კომპანიები კი შეღავათებით ისარგებლებენ – ზონალური მოსაკრებლისგან თავისუფლდებიან. ამ კომპანიამ კოეფიციენტის გაზრდა 9,0-მდე მოითხოვა და თანხმობაც მიიღო.

„K2-ის გაზრდისას გათვალისწინებული უნდა იყოს სხვისი – მშენებლობის ზონაში მცხოვრებლების ან მოპირდაპირე ნაკვეთების მფლობელების ინტერესებიც. თუ განაშენიანების გეგმა დამუშავდება, შესაძლოა ერთ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე მივიღოთ ობიექტები, რომლებსაც ექნებათ გადაჭარბებული კოეფიციენტები. ეს უნდა დაბალანსდეს სხვა მიწის ნაკვეთების ხარჯზე. იმას არ ითვალისწინებენ, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე არქიტექტორი ვარ და მშენებლობას ვემხრობი, მაგრამ ეს უნდა იყოს გონივრულ ფარგლებში“, – ამბობს ბათუმის ყოფილი მთავარი არქიტექტორი გიორგი რამიშვილი.

არქიტექტორის მოსაზრებით, რეგულაციების დაწესება ერთ კონკრეტულ ზონაში კი არა, მთელ ქალაქშია საჭირო: „2013 წელს მოსაკრებლის დაწესებით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ე.წ. ავანტიურისტული პროექტები შევაჩერეთ. მენაშენეს აღარ უღირდა ცენტრში აშენება, რადგან დიდ მოგებას ვეღარ ნახავდა. თანაც რეგულაცია მოსაკრებლის გადახდის შემთხვევაშიც ითვალისწინებს პარამეტრების დაცვას: გადასახადი არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა მიიღოს დეველოპერმა თანხმობა. თბილისში მთელ ქალაქზეა რეგულაცია დაწესებული. ვფიქრობ, ამაზე ჩვენც უნდა ვიმსჯელოთ“.

რას ფიქრობენ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში რაგულაციებს მიღმა წამოწყებულ ახალ მშენებლობებზე საკრებულოში? საკრებულოს წევრი ზაურ ახვლედიანი: „ბოლოს ორი შეხვედრა ჩავატარეთ ფრაქცია რესპუბლიკელებმა ამ თემაზე არქიტექტორებთან ერთად. დეველოპერებსაც ველოდით, თუმცა ისინი ნაკლებად ესწრებიან მსგავს შეხვედრებს. ვისაუბრეთ რეგულაციებზე, რომლებსაც ქართული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, თუმცა ითვალისწინებენ საერთაშორისო კონვენციები, რომლებზეც მიერთებულია საქართველო. ჩვენს მოსაზრებებს, რომ რეგულაციები მოვიყვანოთ საკანონმდებლო დონეზე, ჰყავს მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც, როგორც დეველოპერებში, ასევე არქიტექტორებშიც. რეგულაციებთან დაკავშირებით ივლისამდე ჩამოვყალიბდებით, მაგრამ პირველ ეტაპზე არა მგონია ეს შეეხოს კოეფიციენტებს. ჯერ საკანონმდებლო ჩარჩო უნდა მომზადდეს.“

 

ბათუმში გასული წლის ბიუჯეტის შემოსულობებში ზონალური მოსაკრებლის გადასახადმა მილიონამდე ლარი შეადგინა (ერთ კვადრატულ მეტრზე _ 150 ლარი). ეს იმას ნიშნავს, რომ დეველოპერს რეგულაციის მოქმედების შემთხვევაშიც კი, მშენებლობის წამოწყება მაინც ცენტრალურ ნაწილში ურჩევნია. ქალაქის ამ ნაწილში კვადრატული მეტრი ბინის ფასი 700-1000 დოლარია.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული ქიმიაში

 

საბა თავდგირიძე
საბა თავდგირიძე

საბა ამბობს, რომ მეცხრეკლასამდე ქიმიას ჩვეულებრივ საგნად აღიქვამდა და მის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული არ გამოუჩენია, თუმცა ცოტა ხნის წინ მისი ინტერესი ამ საგნის მიმართ შეიცვალა. „დღეს უკვე ქიმიას ისე ვუყურებ, როგორც თანამედროვე სამყაროში წარმატების მიღწევის ერთ-ერთ საშუალებას, რადგან ქიმია ყველგანაა“ – ამბობს საბა. 


საბამ ქიმიაში მიღწეული წარმატების შემდეგ მომავალ პროფესიაზე ფიქრიც დაიწყო. ამ ეტაპზე ბიოინფორმატიკით და გენური ინჟინერიითაა დაინტერესებული, თუმცა ამ ორს შორის რომელზე გააკეთებს არჩევანს, ჯერ არ იცის. ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ორი წელი ჯერ კიდევ წინ აქვს.

 

„გენური ინჟინერია საკმაოდ პერსპექტიულია საქართველოში. არის ეროვნული ღეროვანი უჯრედების ცენტრი, აგრარულ და თავისუფალ უნივერსიტეტებსაც აქვთ მსგავსი მიმართულებები და როგორც ვიცი, უცხოელი სპეციალისტებიც ჩამოჰყავთ. თუ ამ მიმართულებით წავალ, ალბათ ამ უნივერსიტეტებს ავირჩევ ან უცხოეთში ვისწავლი“.

 

საბა ამბობს, რომ მისი ქიმიაში წარმატება გარდა სკოლის პედაგოგისა, მშობლებისა და პირადი ინტერესის დამსახურებაა:


„ვერ ვიტყვი, რომ სკოლაში ქიმიის სწავლისთვის კარგი პირობებია, ქიმიას ნამდვილად სჭირდება პრაქტიკა, რადგან მხოლოდ თეორიით ძნელია მოსწავლეს გააგებინო, რატომ სწავლობს ქიმიას. მით უმეტეს ბათუმის სკოლებში, სადაც ერთ-ორ ლაბორატორიაში თუ იქნება ცდის ჩატარების შესაძლებლობა. მეც ერთი-ორჯერ ვარ სულ ლაბორატორიაში ნამყოფი. მესმის, რომ ლაბორატორიის შენახვა ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ ეს კაბინეტებიც მხოლოდ იმიტომ არ უნდა იყოს, რომ უბრალოდ ლაბორატორია ეწეროს“ – ამბობს საბა.

 

მისი თქმით, სიყვარული საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ მათემატიკოსი მშობლების დამსახურებაა: „რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ ჩემი პედაგოგის ნანა პაპუნაიშვილის როლს. მან შემაყვარა საგანი და დამატებითაც ვმეცადინეობ მასთან. ცალკე მეცადინეობის დადებითი მხარე ის არის, რომ მასწავლებელი მეტ ყურადღებას გითმობს, თანაც შემიძლია ერთი კვირა კარგად ვიმეცადინო და შემდეგი კვირა საერთოდ დავისვენო. მნიშვნელოვანია თვითგანვითარებაც, რადგან ქართულ ენაზე არ არის ახალი ლიტერატურა ქიმიაში, ამაზონიდან ვიწერ და ინგლისურენოვან წიგნებს ვკითხულობ“.

 

საბა ამბობს, რომ საბუნებისმეტყველო საგნებზე მოთხოვნა რომ გაიზარდოს, ამისთვის სახელმწიფომ მის პოპულარიზაციას უნდა შეუწყოს ხელი.

 

„ცუდია, რომ არც ერთ ტელევიზიაში არ არის სამეცნიერო, შემეცნებითი გადაცემები, რამაც შეიძლება დაგაინტერესოს. არც ლიტერატურაა ხელმისაწვდომი, შესაბამისად, ვერც მასწავლებლები ვითარდებიან და ვერც მოსწავლეები, დღემდე საბჭოთა პერიოდში ნათარგმნი ლიტერატურით სარგებლობენ. მეტი აქტიურობაა საჭირო როგორც მოსწავლეების, ასევე სახელმწიფოს მხრიდანაც. მესმის, რომ მასწავლებლებიც ნაკლებად იხარჯებიან, რადგან დაბალია ანაზღაურება.

 

იმას, რა წარმატებასაც მე მივაღწიე ამ ეტაპზე, შეიძლება მიაღწიო თეორიითაც, თუ კარგად ისწავლი, მაგრამ შემდეგ ეტაპებზე, მარტო თეორიით ძნელია წარმატების მიღწევა. უფრო მაღალი ეტაპები პროექტების მომზადებას ითვალისწინებს, რისთვისაც მე ჯერ არ ვარ მზად“.

 

საბა ამბობს, რომ ქიმიის გარდა მათემატიკა და ხატვაც აინტერესებს. მოსწონს გრაფიკაში მუშაობა: „3D მოდელირება მომწონს და კომპიუტერში ვხატავ ხოლმე. ვმუშაობ ხელითაც. სპორტისთვის მეტ-ნაკლებად ვიცლი, ზოგჯერ მივდივართ კლასელები და ფეხბურთს ვთამაშობთ. კომპიუტერთან მეც ვზივარ, ისევე როგორც სხვა მოზარდები. ფეისბუქში რომ შეხვალ, ვეღარ აღწევ თავს, თუმცა ვახერხებ იმასაც, რომ სასარგებლო ინფორმაციაც მივიღო“.

 

საბა ამჯერად საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ემზადება. ნაკრები თბილისში უნდა შეირჩეს. პირველი ოთხეული გაემგზავრება ბაქოში საერთაშორისო ოლიმპიადაზე, რომელიც ზაფხულში უნდა გაიმართოს, მეორე ოთხეული კი, რეზერვში იქნება. საბა ამბობს, რომ პირველ ოთხეულში მოხვედრის იმედი აქვს.

სხვისი შვილები – როგორ მუშაობს მინდობით აღზრდის პროგრამა

გიული 33 წლისაა და საკუთარი შვილებიც ჰყავს. პატარა ბიჭი მას შემდეგ შეეძინა, რაც აღსაზრდელად ორი ბავშვი – 4 და 6 წლის და-ძმა აიყვანა. გიული ამბობს, რომ ეს საჩუქარი მან სხვისი შვილების სიყვარულის სანაცვლოდ მიიღო. 

„რაც ეს ორი პატარა ავიყვანე, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი წინ წავიდა. სულ მინდოდა, რომ ანას გვერდით კიდევ ყოფილიყვნენ ბავშვები. მეც სახლში ვიყავი, არ ვმუშაობდი და ვიფიქრე, ამ ბავშვების აღზრდით კარგ საქმეს გავაკეთებდი“.

გიული საკუთარ და მინდობილი ბავშვების ემოციებზე გვიყვება: „ისინი დედიკოს მეძახიან, დედას კი, სახელით მიმართავენ. ამაზე ბიოლოგიურ დედას რეაქცია აქვს და ცრემლი ერევა ხოლმე, მაგრამ ვამშვიდებ და ვეუბნები, –  ნუ გეშინია, თქვენზე ყოველთვის ვესაუბრები მათ-მეთქი. ბავშვებსაც ვეუბნები, რომ მას დედა დაუძახონ და უყვარდეთ“.

პატარა და-ძმა საკუთარ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა. დედა ალკოჰოლდამოკიდებულია, მამა კი არ ჰყავთ. „დედა ძმასთან ცხოვრობს, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს. ალბათ სცემდნენ ბავშვებს, რადგან თავდაპირველად დიდი სტრესის ქვეშ იყვნენ. ოთახში მარტო ვერ ვტოვებდი. „არ დაგვტოვო დედიკოო“ – ყვიროდნენ და ყველაფრის ეშინოდათ. ახლა უკეთესად არიან, საბავშვო ბაღშიც დადიან და მათთან ფსიქოლოგიც მუშაობს“, – ამბობს გიული.

ბიოლოგიურ დედას ბავშვების ნახვის უფლება თვეში ერთხელ აქვს, თუმცა, როგორც გიული ამბობს, ბავშვები ამასაც განიცდიან: „წასვლა არ უნდათ, მაშინვე ტირილს იწყებენ. დედაც ძალიან მეცოდება. არ ვიცი, რაიმე სარეაბილიტაციო პროგრამაში არის თუ არა ჩართული და ცდილობს თუ არა, რომ სასმელზე აღარ იყოს დამოკიდებული“.

ოთახში, სადაც უამრავი სათამაშოა, სამივე პატარა ერთად იძინებს: „ანა მეოთხეკლასელია და მათ ფორტეპიანოზე სიმღერებსაც ასწავლის. ზღაპრებსაც ხშირად უკითხავს და-ძმას, რადგან ძალიან უყვართ“.

სახელმწიფოს თითო ბავშვზე თვეში 400 ლარი აქვს გათვალისწინებული. გიული ამბობს, რომ ლარის ინფლაციის პირობებში ცდილობს მაქსიმალური გააკეთოს ბავშვებისთვის: „ბავშვს ბევრი რამე სჭირდება – ჩაცმა, კარგი საკვები, კარგი განათლება, დასასვენებლადაც ხომ უნდა წაიყვანო. ზოგჯერ, როცა მესმის „ფულის გამო აიყვანე“, მაჟრიალებს, რადგან ადამიანებს ვერ წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება სხვისი შვილიც შეიყვარო და საკუთარივით გაზარდო. მე, უბრალოდ, ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე ვამბობ ამას“.

სახლი ნათელი და მზიანია. მწვანე ეზოში პატარა ძაღლი ყეფს, ეზოს კუთხეში პატარა ველოსიპედიც დგას.

„ზღვაზე რომ ჩავიყვანე, გაგიჟდნენ, „სად ვართ, ეს რა არის?“- გვეკითხებოდნენ. არაფერი არ იცოდნენ. ელემენტარული, კოვზის დაჭერაც არ იცოდა ბიჭმა, ისეთ პირობებში იზრდებოდნენ. ახლა ძალიან შეცვლილები არიან. წელს ბიჭი სკოლაში მიდის… მათ სიყვარული აკლდათ და ვფიქრობ, რომ ოჯახში მათ ეს სიყვარული დაინახეს.“

გიული ამბობს, რომ ერთადერთი, რასაც წინასწარ განიცდის, იმ აზრთან შეგუებაა, რომ პატარა და-ძმა ერთ დღეს მათ ოჯახს დატოვებს.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მარი წერეთლის განცხადებით, მინდობით აღზრდის პროგრამა საქართველოში საკმაოდ წარმატებულია.

„როცა დეინსტიტუციონალიზმის პროცესში 45 ბავშვთა სახლი დაიხურა, ბავშვების ნახევარი ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნდა, ნაწილი მცირე საოჯახო ტიპის სახლებში გადავიდა, დიდი ნაწილი კი მინდობით აღზრდაშია, რამაც, ვფიქრობ, ყველაზე კარგად იმუშავა“.

არსებობს სამი ტიპის მინდობით აღზრდა: რეგულარული, გადაუდებელი და ნათესავთან მინდობით აღზრდა. განსხვავებულია ბავშვებისთვის გათვალისწინებული სახელმწიფო დახმარებაც. ნათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებულ ჯანმრთელ ბავშვზე სახელმწიფო თვეში 200 ლარს იხდის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის აღზრდაში კი – 300 ლარს.

არანათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული შშმ ბავშვის აღზრდისთვის სახელმწიფოს დღეში 20 ლარი აქვს გათვალისწინებული, იმდენივე თანხაა განსაზღვრული გადაუდებელი მინდობით აღზრდის შემთხვევაშიც.

მარი წერეთლის თქმით, „აღნიშნული სერვისებით ის ბავშვები და მოზარდები სარგებლობენ, რომლებიც ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი ან მათზე ბიოლოგიური მშობლები უარს ამბობენ.

სახელმწიფოს მიაჩნია, რომ ყველაზე კარგია, როცა ბავშვი ნათესავის ოჯახში იზრდება, „რადგან ასეთი ოჯახი ბავშვისთვის გენეტიკურად ბიოლოგიური გარემოა“. თუმცა, როგორც სტატისტიკა აჩვენებს, ყველაზე მეტი ბავშვი მაინც არანათესაურ მინდობით აღზრდაში იმყოფება.
არის შემთხვევები, როცა მინდობილი ოჯახებიც იცვლება, მაგრამ როგორც მარი წერეთელი ამბობს, მსგავსი ფაქტები არც თუ ისე ხშირია.

ბავშვთა მინდობით აღზრდის პროგრამაზე სახელმწიფო ბიუჯეტში 2015 წელს ექვსი მილიონი ლარია გათვალისწინებული. 

პროკურატურა ვერ იძიებს, სცემეს თუ არა პოლიციელებმა ბრალდებულს

 

 

მინდია ქარცივაძე ახლაც პატიმრობაში იმყოფება. მისი ოჯახის წევრების თქმით, მინდიას ის არ აპატიეს, რომ პოლიციელებს უჩივლა და ჩივილიდან მესამე დღეს მეორედ დააკავეს, ამჯერად დანის ტარებისა და მუქარისთვის.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი, რომელიც მინდია ქარცივაძის უფლებებს იცავს, ამბობს, რომ სახელმწიფო უკვე წლებია ვერ არკვევს, სად და რა ვითარებაში მიიღო ქარცივაძემ სხეულის მძიმე დაზიანება, რაც ექსპერტიზის დასკვნითაც დადგენილია. იურისტის თქმით, სამმართველოს აღრიცხვის ჟურნალში დაკავებულის დაზიანების შესახებ არაფერია აღნიშნული, მაშინ როდესაც სამმართველოდან წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანილი ქარცივაძის დასახმარებლად (სხეულზე არსებული სხვადასხვა დაზიანების გამო) იზოლატორის ხელმძღვანელი იძახებს სასწრაფო დახმარებას და მიმართავს პროკურატურას.

 

საქმის მასალებით, მინდია ქარცივაძე ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, სასაზღვრო პოლიციის შენობის მიმდებარედ დააკავეს. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა. პოლიციის მე-2 განყოფილებაში ქარცივაძეს წელსზევით შიშველს გადაუღეს ფოტო და ვიდეო, გაჩხრიკეს და ამოიღეს ნივთები: ქამარი, კრიალოსანი, ჯვარი, საფულე, დანა.
დაკავებულის ძმის მამუკა ქარცივაძის თქმით, მინდიას დაკავების შესახებ მეორე დღეს შეატყობინეს, როცა ის სასამართლოში გადაჰყავდათ: `დარეკა პოლიციელმა, რომ მიგვეტანა ტანსაცმელი. მანამდე მინდიას არ მისცეს საშუალება დაერეკა ოჯახში ან ადვოკატთან. მე სასამართლო პროცესის დამთავრების შემდეგ ვნახე ჩემი ძმა, სასტიკად იყო ნაცემი. გამოვიძახეთ ადვოკატი, სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში და მოვითხოვეთ ექსპერტიზის ჩატარება”.

 

მინდია ქარცივაძის ოჯახის წევრების თქმით, განყოფილებაში მიყვანის შემდეგ მას ერთ-ერთმა პოლიციელმა მიმართა უხეშად, რის გამოც მინდიამ პოლიციელს შეაგინა. ამიტომ ის პოლიციელებმა სასტიკად სცემეს. მინდიას თქმით, ის უფროსის კაბინეტში სცემეს და იქვე გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.
მინდია დააკავეს ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, შუქნიშანთან, სადაც დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები. დაკავების ადგილის მიმდებარედ განთავსებულია სასაზღვრო პოლიციის შენობა და აფთიაქი „ჯი-პი-სი“. პოლიციას საქმეში არ უდევს სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული მტკიცებულები, რითაც დადგინდებოდა, უწევდა თუ არა დაკავების დროს მინდია პოლიციელებს წინააღმდეგობას. აფთიაქში მტკიცებულების ამოსაღებად მისულ გიორგი ხიმშიაშვილს უთხრეს, რომ პოლიცია იყო მისული სათვალთვალო კამერების ჩანაწერების სანახავად. უცნობია, პოლიციამ აფთიაქიდან ამოიღო თუ არა რაიმე მტკიცებულება, რადგან საქმეში სათვალთვალო კამერების ჩანაწერი არ ჩანს. დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებით მხოლოდ ის ირკვევა, რომ პოლიციას მტკიცებულებასთან შემხებლობა ჰქონდა. დაკავებულის ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ პოლიციამ შეგნებულად წაშალა მტკიცებულება, რადგან ბრალდებული არც ნაცემი იყო და არც შიშველი მანამ, ვიდრე დააკავებდნენ.

 

ადმინისტრაციული პატიმრობიდან მესამე დღეს მინდია ქარცივაძის წინააღმდეგ პოლიციამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო და ის დააპატიმრეს. გამოძიება დაიწყო პოლიციელების მხრიდან დაკავებულის სავარაუდო ცემის ფაქტზეც.
ამ ამბიდან დაახლოებით ორი წელია გასული.
გენერალური ინსპექციის მოკვლევის საფუძველზე ხომ არ შეუჩერებია შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებით უფლებამოსილება იმ თანამშრომლებისთვის, რომლებსაც პატიმარი ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს? – “ბათუმელების” ამ კითხვას უწყებაში ასე უპასუხეს: „ამ დროისთვის გამოძიებას აწარმოებს პროკურატურა. შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის მოკვლევა და შედეგი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას დაადგენს პროკურატურა“.

 

მინდია ქარცივაძის საქმეზე სახალხო დამცველს ადვოკატმა მიმართა გასული წლის ოქტომბერში, სადაც მიუთითებდა აჭარის პროკურატურაში მიმდინარე საქმის გამოძიების გაჭიანურებაზე. ბრალდებულის ძმა სახალხო დამცველთან შეხვედრას ამ დღეებში ისევ გეგმავს. მინდია ქარცივაძე და მისი ოჯახი დამნაშავის დასჯას მოითხოვენ. პატიმარი ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბათუმის მე-2 განყოფილების რვა პოლიციელს ადანაშაულებს.

 

აჭარის მაღალმთიან სოფლებში მოთოვა

 

ხულო. მთისუბანი. ხატია თეთრაძის ფოტო

 

 როგორც ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში აცხადებენ აპრილის თოვს მოსახლეობისთვის პრობლემები არ შეუქმნია.

ირანის კონსული ბათუმში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა

 

აჰმად რეზა არზჯანი დიპლომატიურ მისიას აჭარაში 2010 წლიდან ასრულებს.  

„ შეხვედრაზე შევაჯამეთ განვლილი 3 წელი. აღვნიშნეთ, რომ ბევრი რამ გაკეთდა ამ პერიოდის მანძილზე და დაწყებულია გარკვეული პროექტის განხორციელება. ასევე, შეხვედრისას შევეხეთ რეგიონებს შორის ურთიერთობას. მიმაჩნია, რომ საინტერესო იქნება ახლო მომავალში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ირანის რომელიმე რეგიონთან დამეგობრება. ახალ კონსულთან გავაგრძელებთ აქტიურად მუშაობას და დაწყებულ საქმიანობას. ბატონი კონსულის მოღვაწეობა და ჩვენი ურთიერთობა პოზიტიური გახლდათ“- განაცხადა არჩილ ხაბაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

 

„40 წლიანი პაუზის შემდეგ, 4 წლის წინ, მოხდა საკონსულოს აღდგენა. მას შემდეგ  ვმუშაობ აჭარაში და ჩემი მისია დასრულებულია. სწორედ ამიტომ ბატონ არჩილს გამოსამშვიდობებლად შევხვდი. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობები და თანამშრომლობა ვითარდება და ღრმავდება- აღნიშნა აჰმად რეზა არზჯანიმ

 

 

 

„სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას“ დირექტორი: მოუწიათ წუნდებული სამუშაოს გამოსწორება

 

დავით ლეკიშვილი
დავით ლეკიშვილი

იმ სტატიასთან დაკავშირებით, რომელიც „ბათუმელების“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა 14 აპრილს, მინდა მოგაწოდოთ შემდეგი მონაცემები. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ფაქტი, თითქოსდა „სოკარის“ ქვეკონტრაქტორ კომპანიაში გაიცემა თანამშრომლების კუთვნილი ხელფასების 50%, არის სრული აბსურდი, აღნიშნული პრეტენზია არც აქციის მონაწილე პირებიდან არ გამოთქმულა, აქციის მონაწილეებმა სატელევიზიო ინტერვიუებიც მისცეს და არც იქ გამოთქმულა ეს პრეტენზია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, კომპანიაში არ არსებობს ისეთი თანამშრომელი , რომელსაც კუთვნილი ხელფასის 50% არ აეღოს. ასეთი რამ არ მომხდარა და ეს არის სიცრუე.

 

რაც შეეხება „სოკარის“ საქმიანობას, მინდა საზოგადოებისთვის ცნობილი იყოს, რომ „სოკარი“ ახორციელებს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს და ბუნებრივი გაზის მიწოდებას. „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარა“ წარმოადგენს ლიცენზიანტ კომპანიას, რომელსაც კანონით გათვალისწინებული მთელი რიგი ვალდებულებები აკისრია. აუცილებელია ყველა მოქალაქის გაზმომარაგება მაღალი სტანდარტით – უსაფრთხოების ნორმები უნდა იყოს დაცული და აქედან გამომდინარე კონტროლის მექანიზმები ამ კუთხით ჩვენს კომპანიაში არის ძალიან გაძლიერებული. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ერთ-ერთი წარმატებული კომპანია ვართ და ჩვენზე დაკისრებულ ვალდებულებებს პირნათლად და მაღალი სტანდარტით ვასრულებთ.

 

აღნიშნული უკმაყოფილება გარკვეული ჯგუფის მხრიდან გამოწვეულია მხოლოდ იმ გარემოებიდან, რომ თითოეული სამონტაჟო სამუშაო მოწმდება დეტალურად, რომ არ იყოს დარღვეული უსაფრთხოების ნორმები და სამუშაოები მაღალი ხარისხით იყოს შესრულებული. წუნის შემთხვევაში კონკრეტულ სამონტაჟო სამუშაოებს ექსპლუატაციაში არ ვიღებთ ანუ იმ დრომდე არ გაიცემა კუთვნილი ხელფასი შემსრულებელზე, სანამ აღმოჩენილი წუნი არ აღმოიფხვრება სტანდარტების შესაბამისად.

 

ჩვენს კომპანიაში  ამ საქმიანობით 250-მდე ადამიანია დაკავებული. თითოეულის საშუალო ხელფასი არის 800-1000 ლარი. მათგან 15-20-მა ადამიანმა გაძლიერებული კონტროლის მიმართ გამოთქვა პრეტენზიები. მინდა საზოგადოებისთვის ასევე ცნობილი იყოს, რომ აბსოლუტურად გაუგებარია რაში მდგომარეობდა მათი პრეტენზიები.

 

თქვენ ამბობთ, რომ გაძლიერებული კონტროლი გაქვთ და ამან გამოიწვია პროტესტი, ანუ ხარისხის მოთხოვნამ?

საზოგადოებისთვის მინდა იყოს ცნობილი, რომ ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 1200-1500 ბინაში სრულდება ინდივიდუალური გაზიფიცირება. თითოეული სამუშაო მოწმდება როგორც ტექნიკური, ისე სტანდარტების შესაბამისად. რამდენიმე ათეულ აბონენტთან შესრულებულ სამუშაოებზე დავადგინეთ წუნი. ამიტომ ეს სამუშაოები ექსპლუატაციაში ვერ მივიღეთ – გაზი არ გავუშვით და იმ ათეული მონტაჟის ხარვეზის გამოსწორება მოვითხოვეთ. ესენი გამომუშავებით იღებენ ანაზღაურებას, აქედან გამომდინარე შეჩერდა კონკრეტული 50-მდე სამონტაჟო სამუშაოს შესრულებისთვის განკუთვნილი ხელფასის გაცემა სამუშაოს გამოსწორებამდე.

 

ახალი რეგულაციები გაქვთ კონტროლის ნაწილში, ადრეც ხომ იყო ეს რეგულაციები, თუ რამე ახალი მოთხოვნები შემოვიდა და ეს არის მათთვის მიუღებელი?

არის ეტაპი, როდესაც იმატებს სამონტაჟო სამუშაოების რაოდენობა, ძირითადად ზამთრის პერიოდში, ზაფხულში – იკლებს. როდესაც სამუშაოს მოცულობა იზრდება, ჩვენც, როგორც ხარისხის მაკონტროლებელი, ვაძლიერებთ კონტროლს. ექსპლუატაციისა და ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურები ცალ-ცალკე ამოწმებენ შესრულებულ სამუშაოს. როცა ერთ ადგილას აღმოჩნდა, რომ შესრულებული მონტაჟი არ აკმაყოფილებდა სტანდარტებს, კონტროლი გავაძლიერეთ. 1500 მონტაჟში ვნახეთ დაახლოებით 50 ისეთი მონტაჟი, რომლის მიღებაც ექსპლუატაციაში არ შეიძლებოდა.  დაბალი ხარისხით შესრულებული მონტაჟისთვის არ შეხვდათ ხელფასი, ანუ მოუწიათ წუნდებული სამუშაოს გამოსწორება, ორმაგი შრომა. წუნი აღმოიფხვრა და ხელფასიც გაიცა.

 

ზამთრობით იმატებს მოთხოვნაო თქვით. მოქალაქეები კი იმაზე ჩივიან, რომ დიდხანს უწევთ რიგში დგომა. რატომ არ ამატებთ შტატებს, რომ ადამიანებს რიგში დგომის გარეშე დაუმოტაჟოთ შესაბამისი მოწყობილობა?

ამ მიმართულებით დღეს კომპანიაში მუშაობს 75 ჯგუფი. ეს ნიშნავს, რომ დღეს კომპანიას შეუძლია ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 3 ათასი ინდივიდუალური სამონტაჟო სამუშაო შეასრულოს. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, სამი ათასი ასეთი მატება არც დეკემბერში გვქონია, არც – იანვარში. პიკი მოთხონების იყო 2000-2200 სამონტაჟო სამუშაო. სტანდარტულ სიტუაციაში ეს დაახლოებით 1000-1200 სამონტაჟო სამუშაოა.   კომპანია მობილიზებულია, რომ ყველა დატვირთვას გაუძლოს. ჩვენი ვალდებულებაა შევასრულოთ ეს სამუშაოები და შევასრულოთ ხარისხიანად. ამიტომ მე, როგორც ხელმძღვანელი, თუ დავინახავ რაიმე სახის რისკებს, რა თქმა უნდა, კონტროლს გავაძლიერებ.

 

ბათუმის რამდენი პროცენტია დღეის მდგომარეობით გაზიფიცირების გარეშე?

ახალშემოერთებული ბათუმის ჩათვლით დაახლოებით 25-30%-ი. ბათუმში ელექტროენერგიის მომხმარებელი 100%-ით არის დარეგისტრირებული. თუ ამ სტატისტიკას და ჩვენსას ერთმანეთს შევადარებთ, 53 ათასი მოსახლიდან დაახლოებით 40 ათასი ჩვენი აბონენტია.  

„მოდი გავიქცეთ…” – ბათუმელი ქალისა და ბერძენი მწერლის საბედისწერო შეხვედრა

კაზანძაკისის ჩამოსვლა საქართველოსა და რუსეთში პონტოელი ბერძნების მტკივნეულ თემას უკავშირდებოდა. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე პონტოელი ბერძნები, პირველ რიგში, თურქებმა შეავიწროვეს. ამის მიზეზი მნიშვნელოვანი გეოგრაფიული არეალი იყო, რომელიც პონტოელ ბერძნებს ეჭირათ. ბევრი ოჯახი იძულებული გახდა სახლ-კარი მიეტოვებინა და კავკასიასა და რუსეთში გადასულიყო საცხოვრებლად. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ მათი მდგომარეობა ისევ დამძიმდა. პონტოელი ბერძნების ერთი ნაწილი საქართველოში ჩამოვიდა, მაგრამ დამოუკიდებელ საქართველოს მათთვის ბევრი არაფრის შეთავაზება არ შეეძლო. თუმცა მთავრობას მაინც გამოუყვია ორი მილიონი მანეთი ლტოლვილთა დასახმარებლად, რითაც დევნილმა ყარსელმა ბერძნებმა შეძლეს ოჯახებში დაბრუნება, მაგრამ იქ ყველაფერი გადამწვარი დახვდათ.

1917-1919 წლებში ბევრმა ბერძენმა ლტოლვილმა მოიყარა თავი ბათუმში. მათ დახმარებისთვის საბერძნეთის მთავრობას მიმართეს. ბერძნულმა ხელისუფლებამ მათი შერჩევითი რეპატრიაცია (იმ პირთა დაბრუნება სამშობლოში, რომლებიც სხვადასხვა იძულებითი გარემოების გამო სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ) გადაწყვიტა: 1919 წლის ივნისში 20 მილიონი დრაჰმა გამოყო მათ დასახმარებლად და ამ კონკრეტული შემთხვევისათვის ნიკოს კაზანძაკისი სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს გენერალურ დირექტორად დანიშნეს.

“დავთანხმდი ერთი სხვა გარემოების გამოც. მეტკინა ჩემი ჯვარცმული მოდგმა, რომელიც კვლავ საფრთხეში იმყოფებოდა… სამხრეთიდან ქურთები ჭედავდნენ ცხენებივით, სადაც კი ბერძენს წაახელთებდნენ, ჩრდილოეთიდან ბოლშევიკები მოემართებოდნენ ცეცხლითა და ნაჯახით, შუაში კი ბათუმელი, სოხუმელი, თბილისელი და ყარსის ბერძნები მოქცეულიყვნენ. სულ უფრო ვიწროვდებოდა მათი ყელის გარშემო მარყუჟი და შიშვლები, მშივრები, დაავადებულნი სიკვდილს ელოდებოდნენ”, – წერდა ნიკოს კაზანძაკისი.

1883 წელს კუნძულ კრეტაზე დაბადებული კაზანძაკისი ამ დროს სამშობლოში ერთ-ერთი ცნობილ და გავლენიან ლიტერატორად მიიჩნეოდა. მან 1907 წელს ათენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა და სწავლა პარიზში გააგრძელა. 1947 წელს მუშაობდა იუნესკოში მრჩევლად ლიტერატურის დარგში. გამოქვეყნებული აქვს 13 რომანი, 22 დრამა და უამრავი საგაზეთო სტატია. კაზანძაკისის ნაწარმოებები 50 ენაზეა თარგმნილი, მათ შორის ქართულად თარგმნილია `გველი და შროშანი” და “აღსარება გრეკოსთან”. 46 წელს კაზანძაკისი ნობელის პრემიაზე წარადგინეს, 56 წელს კი მშვიდობის ორდენით დააჯილდოვეს.

კაზანძაკისი საქართველოში სამჯერ ჩამოვიდა: 1919, 1927 და 1928 წლებში.  პირველივე მოგზაურობა, რომელმაც სულ ორ კვირას გასტანა, საბედისწერო იყო არა მარტო მისთვის, არამედ ერთი ბათუმელი ქალისთვისაც. “მშვენიერი ქართველი ქალი, ბარბარე ნიკოლოზის ასული” – ასე მოიხსენიებს მას კაზანძაკისი. ბათუმური ხანმოკლე რომანი კაზანძაკისმა აღწერა თავის უკანასკნელ წიგნში – “აღსარება გრეკოსთან”, რომელიც 74 წლის ასაკში დაწერა. წიგნის ერთ-ერთ თავს, სადაც თავისი და ბათუმელი ქალის შეხვედრაა აღწერილი,  კავკასია ეწოდება.

“მწუხრის ჟამი იდგა. ბათუმი, დახურული ეზო ზღვის მახლობლად, მოფენილი ზღვის თეთრი ნიჟარებით. არაბულ ლერწმებს ხვეული ალუბლისფერი ყვავილები გამოეღოთ…”

ბარბარე ნიკოლოზის ასულმა მწერალი თავის ეზოში მიიპატიჟა. აღელვებული მნახა და შევებრალეო, წერს ნიკოს კაზანძაკისი. “არასოდეს შემხვედრია უფრო ლამაზი ქალი. არა, ლამაზი კი არა, რაღაც სხვა იყო, რასაც ვერ იტევენ სიტყვები – თვალები მწვანე, მომნუსხველი და საშიში, და ვითარცა გველის, ხმა ოდნავ ხრიწიანი, სავსე დაპირებებით, უარყოფით და სიტკბოთი. ვუცქერდი და ვფიქრობდი: ეს წუთი აღარასოდეს განმეორდება. ამ ქალს ვეღარასოდეს შევხვდები. მილიარდობით წლებმა იღვაწეს, ურიცხვმა თავგადასავლებმა, შემთხვევებმა, ბედისწერამ, რომ შობილიყო ეს ქალი და ეს კაცი და ერთმანეთს შეხვედროდნენ კავკასიის ერთ სანაპიროზე, ამ არაბული ლერწმებით მორთულ ეზოში. რა ვქნათ, გავუშვათ ეს ღვთაებრივი წამი?

ქალი შემობრუნდა, მილულა თვალები.

– ნიკოლაი მიხაილოვიჩ, მითხრა, გინდა გავიქცეთ? ავცახცახდი, რასაც ვნატრობდი და თქმას ვერ ვბედავდი, ქალმა გაბედა და თქვა.

– გავიქცეთ! ვუთხარი, სად წავიდეთ?

სადმე შორს აქედან, მომბეზრდა ჩემი ქმარი, აქ ვიხრჩობი, ვჭკნები, მენანება ჩემი სხეული ნიკოლაი მიხაილოვიჩ, მენანება, მოდი გავიქცეთ.

– და მერე მოვალეობა ბარბარა ნიკოლაევნა, ათასობით ადამიანი ჩემსგან რომ ელის შველას?

ქალმა თავი გადააქნია, შეიხსნა ოქროსფერი ბაფთა თმებზე, ჩამოეშალა ოქროსფერი ქერა თმები მხრებზე, ტუჩები მოკუმა ჯიუტად.

– მოვალეობა! თქვა სარკასტულად. ერთი რამ ისწავლე ჩემგან, ერთი მოვალეობა გაკისრია: ნუ მისცემ საშუალებას, რომ ბედნიერება გაგექცეს. ხელი სტაცე თმაში. მტაცე ხელი თმაში, ნიკოლაი მიხაილოვიჩ, ვერავინ გვხედავს.

ვუცქერდი ზღვას. მხოლოდ დემონები იბრძოდნენ ჩემში. არც ერთი ანგელოსი. ბედისწერა ჩამსაფრებოდა და მელოდა. გავიდა ხანი. წამოფრინდა ქალი მთლად ფერგამკრთალი.

მორჩა!  – მითხრა.  – არ დამთანხმდი მაშინვე, აწონ-დაწონე სარგებელი და დანაკარგი, მორჩა! ახლა რომ მოინდომო, მე აღარ დაგთანხმდები. კარგად იყავი ნიკოლაი მიხაილოვიჩ, ყოჩაღ, პატიოსანი კაცუნა ხარ, საზოგადოების ბურჯიო რომ იტყვიან, გაგიმარჯოს და კარგად იყავი! თქვა და დაცალა ღვინით სავსე პატარა ჭიქა“.

ბერძნეთა რეპატრიაციის საქმე მწერალმა წარმატებით დააგვირგვინა, მაგრამ სცენა, რომელიც ბათუმში, თეთრი კენჭებით მოკირწყლულ ეზოში განვითარდა, მას მოსვენებას მთელი ცხოვრება არ აძლევდა. ცხრა წლის შემდეგ, 1928 წელს, ამ შემთხვევის შესახებ წერს კაზანძაკისი ელენი სამიუს: “გული სიმწარითა მაქვს სავსე. გახსოვს ოდესღაც ერთ ეზოში, თეთრი კენჭებითა და არაბული ლერწმებით, ბარბარა ნიკოლაევნამ რომ მითხრა: „რას ნიშნავს მოვალეობა, სამშობლო და ხელოვნება? მოდი გავიქცეთ!“

„ბარბარა ნიკოლაევნა არც საყვარელი იყო ნიკოს კაზანძაკისის და არც უბრალო მეგობარი. ის იყო უფრო მეტი, რაღაც უფრო მტკივნეული, თავისივე სინდისი იყო იგი. ეს იყო ქალი ბედისწერა, ის, რაც ერთხელ, ან ორჯერ გამოეცხადება ხოლმე ყოველ მამაკაცს თავისი ცხოვრების განმავლობაში, რათა სასწორზე შეუგდოს პრინციპები და სურვილები, რომ შეიცნოს რა მძიმეა პასუხისმგებლობისა და მოვალეობის ტვირთი”, – წერს ლიტერატორი გეორგიუს სტამატიუ, კაზანძაკისის მეგობარი და ბიოგრაფი.

ბათუმში კაზანძაკისს, როგორც ჩანს, მელანქოლიამაც შეუტია: “ნელა წვიმს, მონოტონურად, სასტუმროს აივნიდან გავცქერი ბანანებისა და ფინიკის ხეებს, რომ სველდებიან. თეთრად აქაფებულა შავი ზღვა, მეტისმეტად მოწყენილი ვარ და ვისურვებდი, დასრულებულიყოს სიცოცხლე”. – ბათუმი, 1927 წელი, 29 ნოემბერი, წერილი ელის ლამპარიდისს.

ბარბარე ნიკოლოზის ასულს ნიკოს კაზანძაკისი ბათუმიდან გამგზავრების წინც უნახავს. “განშორებისას ბარბარა ნიკოლაევნამ ჩემი კაიუტა თეთრი და წითელი ვარდებით აავსო. გაუსაძლისი სიმწარეა…” – წერდა კაზანძაკისი ერთ-ერთ წერილში.

საქართველოდან კაზანძაკისი გერმანიაში გაემგზავრა, სადაც საბჭოთა კავშირის შესახებ ლექცია წაიკითხა. ერთ-ერთი ბერლინელი გამომცემელი შეჰპირდა მწერალს, რომ სასწრაფოდ გამოსცემდა მის მოგონებებს და მწერალმა მოკლე ხანში, ერთ თვეში, დაწერა წიგნი, რომელსაც “ტოდა რაბა” (ებრაულად – მადლობა) უწოდა. ამ პატარა წიგნის სამი თავი კაზანძაკისმა საქართველოს მიუძღვნა, სადაც წერს: `იდილიური სიზმარი დამოუკიდებელი საქართველოსთვის ქიმერაა… საქართველო გადამწყვეტ გეოგრაფიულ და ფსიქოლოგიურ არეალშია. იგი ორი ძალის შუაა მოქცეული. ახალი საბჭოთა ძალისა – რომლის მიზანიცაა შთანთქას მთელი აზია – და ძველი, კაპიტალისტური ძალისა, რომელიც ცდილობს მას შეეწინააღმდეგოს. საბრალო საქართველო ამ ორ უზარმაზარ დოლაბს შორის მოქცეულ ხორბლის მარცვალს ჰგავს…“

ბათუმელი ქალი, ბარბარე ნიკოლოზის ასული ბერძენ მწერალს მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ დავიწყებია. თავის ბოლო ნაწარმოებში იგი წერს:

“ათასი წლის შემდეგ, გაუხარელი სიბერის ჟამს, ვხუჭავ თვალებს და კვლავ იზრდებიან არაბული ლერწმები, ეხეთქება შავი ზღვა ჩემს საფეთქლებს, მოდის ბარბარე ნიკოლოზის ასული და დამიჯდება წინ, სკამზე კი არა, ფეხმორთხმული, თეთრ კენჭებზე: ვუცქერ, ვუცქერ და ვფიქრობ: ნეტავ სწორად მოვიქეცი, რომ არ ვსტაცე ღვთაებრივ წამს ხელი თმაში?!”

 “მოგზაურობა ძველ ბათუმში”

სტატია მომზადებულია თამარ მესხის წიგნის  – „დიდი ცეცხლის მეწამული ანარეკლის“ მიხედვით. 

დაუბეგრავი მინიმუმი – დაბრუნებულია 34 მილიონზე მეტი ლარი

 

დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების მოთხოვნით დეკლარაციების წარდგენა 2015 წლის 1 აპრილს დაიწყო და ამავე წლის 30 სექტემბრამდე გაგრძელდება. 

აჭარის მოჭიდავეების მორიგი ხუთი მედალი საქართველოს პირველობაზე

 

22 აპრილს გამართულ შეხვედრებში აჭარის ნაკრების წევრებმა ხუთი საპრიზო მედალი მოიპოვეს, მათ შორის სამი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.

საპრიზო ადილებზე გავიდნენ:

• გოდერძი დავითაძე – I ადგილი – 59 კგ – პირადი მწვრთნელი – ზაზა ჯიბლაძე;

• მინდია წულუკიძე – I ადგილი – 71 კგ – პირადი მწვრთნელი – ლევან შავაძე;

• ლაშა გობაძე – I ადგილი – 80 კგ – პირადი – მწვრთნელი – ლევან შავაძე;

• მურად მიქელაძე – II ადგილი – 59 კგ – პირადი მწვრთნელი – ლევან შავაძე;

• ედნარ შავაძე – III ადგილი – 59 კგ- პირადი მწვრთნელი – ლევან შავაძე.

მინდია წულუკიძე | ფოტო: worldsport.ge

ერევანში სომეხთა გენოციდის 100 წლისთავს აღნიშნავენ [ფოტო]

სომეხი ისტორიკოსები და პოლიტიკოსები 1915–1918 წლებში განვითარებულ მოვლენებს ოსმალეთის იმპერიის მიერ ეთნიკური ნიშნით სომხების მასობრივ მკვლელობას გენოციდად მიიჩნევენ. მათი მტკიცებით, ოსმალთა იმპერიამ დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე 1,5 მილიონამდე სომეხი დახოცა. თავად თურქეთი, რომელიც ოსმალეთის იმპერიის სამართალმემკვიდრეა, გენოციდის ფაქტს არ აღიარებს.

წიწერნაკაბერდის მემორიალი. ერევანი, 2015 წლის მარტი [ფოტო: თედო ჯორბენაძე]

24 აპრილს სომხეთში, წიწერნაკაბერდის მემორიალთან (მემორიალი ერევანში ააშენეს 1965 წელს გენოციდის მსხვერპლთა საპატივსაცემოდ), სადაც მარადიული ცეცხლი ანთია, მილიონზე მეტი ადამიანი შეიკრიბება.

წიწერნაკაბერდის მემორიალი. ერევანი, 2015 წლის მარტი [ფოტო: თედო ჯორბენაძე]

წიწერნაკაბერდის მემორიალი. ერევანი, 2015 წლის მარტი [ფოტო: თედო ჯორბენაძე]

გენოციდის მუზეუმი. ერევანი, 2015 წლის მარტი

გენოციდის მუზეუმი. ერევანი, 2015 წლის მარტი

დღეს, 23 აპრილს ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე უნიკალური ჯგუფის System Of A Down-ის კონცერტი გაიმართება, ლოზუნგით – “გააღვიძეთ თქვენი სულები”, რომლის ონლაინ ტრანსლაციის ნახვის შესაძლებლობა მთელ მსოფლიოში ექნებათ.

რესპუბლიკის მოედანი [სომხეთის მთავრობის სახლი] ერევანი, 2015 წლის მარტი

სომხეთის პრეზიდენტის სასახლე. ერევანი, 2015 წლის მარტი

სომხეთის პარლამენტის შენობა. ერევანი, 2015 წლის მარტი [ფოტო: თედო ჯორბენაძე]

დღესვე, 23 აპრილს, 23:15 საათზე, მსოფლიოს ყველა სომხურ ეკლესიაში 100-ჯერ დაირეკება ზარი.

 

სომხეთ-თურქეთის საზღვარი. ხედი ხორ ვირაპის მონასტერიდან

ოფიციალური ინფორმაციით, გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ერევანში მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთის, რუსეთის, სერბეთის და კვიპროსის პრეზიდენტები. ასევე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ენ ბრასერი, ევროპის სახალხო პარტიის ხელმძღვანელი ჯოზეფ დოლი.

ტბა სევანი. სომხეთი. 2015 წლის მარტი [ფოტო: თედო ჯორბენაძე]

ანგარიში მართვადი ინფექციების შესახებ

 

იმუნიზაციას დაქვემდებარებული სამიზნე მოსახლეობის შესახებ ამცრელი უბნებიდან წარმოდგენილი სტანდარტული ანგარიშის საფუძველზე, 2014 წელს ვაქცინოპროფილაქტიკას დაექვემდებარა 1 წლამდე ასაკის 5992 ბავშვი.  ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, რომ შეხვედრის მიზანია, იმუნიზაციის აქტუალობის შესახებ კიდევ ერთხელ ინფორმაციის მიწოდება  ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტებისთვის, მედიისთვის, მოსახლეობისა და სხვადასხვა დაინტერესებული მხარისთვის.

 

საქართველო, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის წევრი ქვეყანა, იმუნიზაციის კვირეულში 2007 წლიდან მონაწილეობს. ევროპის იმუნიზაციის კვირეულის მიზანია რეგიონში ვაქცინაციით მოცვის მაჩვენებლის გაუმჯობესება – იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდითა და მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებზე სპეციალური ფოკუსირებით. 

დისკრიმინაცია სქესის მიხედვით

 

მირანდა კონცელიძეს ორი შვილი ჰყავს. უმცროსი ცხრა თვისაა. მან დეკრეტული შვებულებით პირველად 2013 წელს ისარგებლა, როცა პირველი შვილი გაუჩნდა. მეორე ბავშვზე ორსულობის გამო მირანდამ დეკრეტული შვებულებით სარგებლობის ვადა გააგრძელა. როგორც ამბობს, სამსახურში დათქმულ დროს, 2015 წლის თებერვალში გამოცხადდა, თუმცა სასტუმროს მენეჯერმა, სადაც ის მზარეულის თანაშემწედ მუშაობდა, შვებულების გაგრძელება გაზაფხულამდე, ანუ იმ პერიოდამდე შესთავაზა, ვიდრე ბათუმში ტურისტული სეზონი დაიწყებოდა. სამსახურში მირანდა რამდენიმე დღის წინ ანუ აპრილში მივიდა, მაგრამ სასტუმროში მენეჯმენტი შეცვლილი დახვდა. მას უთხრეს, რომ შეევსო განაცხადი და საჭიროების შემთხვევაში მის რეზიუმეს განიხილავდნენ.
`ავუხსენი, რომ დეკრეტული შვებულებით ვსარგებლობდი. მითხრეს, რომ არ აინტერესებდათ სად ვიყავი. არ უთქვამთ, რომ სამსახურიდან გამიშვეს, არც ის ვიცი, შტატი, სადაც ვმუშაობდი, გააუქმეს თუ არა, ვიცი ის, რომ ვაკანსიები აქვთ გამოცხადებული და მე სამსახურში მუშაობა დეკრეტულის შემდეგ არ გამაგრძელებინეს. ეს უსამართლობაა“, – ამბობს მირანდა.

 

Feet under a desk
Feet under a desk

სასტუმრო „ოაზისის“ გენერალური მენეჯერი მაია ჩიქვანაია „ბათუმელებთან“ საუბრისას ამბობს, რომ ამ ეტაპზე სასტუმროში პერსონალის გადამზადების პროცესი მიმდინარეობს და სასტუმროს მუშაობა სეზონამდე, დროებით შეჩერებულია: „ბრალდება იმაზე, რომ ვინმე სამსხაურიდან გავუშვი ალოგიკურია, რადგან ჩვენ გვაქვს ვაკანსიები და მჭირდება ადამიანები, რომლებსაც ჩვენთან დავასაქმებთ, მზარეულებსა და შეფმზარეულებს მაისში დავიბარებთ და თუ არსებობს ადამიანი, რომელსაც ჩვენთან მზარეულის თანაშემწედ მუშაობის გამოცდილება აქვს, ის შეიძლება უკვე მზარეულის პოზიციაზეც დავასაქმოთ. ჩვენ მაისში დავუკავშირდებით ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩვენთან სამზარეულოში მუშაობის სურვილი აქვს, განაცხადიც ამიტომ შევავსებინეთ.”
გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელი ილია ვერძაძე მირანდა კონცელიძის მაგალითზე ამბობს, რომ ადგილი არა დისკრიმინაციას, არამედ უყურადღებობას აქვს: „ახალ მენეჯერს შეუძლია უთხრას, რომ მას ხელშეკრულების ვადა გაუვიდა თებერვალში. წინა მენეჯერთან ლაპარაკი არაფერს ნიშნავს, თუ ეს არ დაფიქსირებულა დოკუმენტის სახით. ეს ეშმაკობაა, რომელსაც ყველა შევეგუეთ“.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია პრობლემაა საქართველოში: „საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, გენდერული უთანასწორობა შრომის ბაზარზე ჯერ კიდევ გადაუჭრელი რჩება. დამსაქმებლები თავს იკავებენ სამსახურში ქალთა დასაქმებზე, რადგან ისინი არარენტაბელურად მიაჩნიათ. ამ მდგომარეობას ისიც ადასტურებს, რომ დღეს ქალები და კაცები სხვადასხვა ტიპის სამუშაო ადგილებზე არიან დასაქმებული, მათი ანაზღაურება განსხვავებულია, ისევე როგორც განსხვავდება მათი სამუშაო პირობები“.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი აჭარაში ამბობს, რომ ქალთა შრომითი დისკირიმინაცია არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა: „ამ გამოწვევის წინაშე დგას მსოფლიო. ამას ადასტურებს საერთაშორისო დონეზე მიღებული არაერთი სამართლებრივი აქტი, სადაც სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ ხელი შეუწყონ ქალთა უფლებების რეალიზებას შიდა დონეზე. საქართველომ ამ კუთხით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა, მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ვხვდებით სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებს, სახელშეკრულებო ურთიერთობების დროს თანაბარი ღირებულების შრომისთვის, თანაბარი ანაზღაურების, პრემიების გაცემისა თუ სამსახურში დაწინაურების პროცესში…”

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად მოამზადა ანგარიში „ქალთა გაძლიერება შრომითი დისკრიმინაციის წინააღმდეგ და გენდერული ძალადობის დასამარცხებლად“. „ამ კვლევამ აჩვენა, რომ ისევ იკვეთება შრომით ურთიერთობებში გენდერის კუთხით უთანასწორო მოპყრობის საფრთხეები. შესაბამისად, აუცილებელია ცვლილებები, რაც მიმართული იქნება საჯარო სამსახურებში დაწინაურებასა და კარიერულ წინსვლასთან, გენდერული ბიუჯეტის შემუშავების პრაქტიკასთან დაკავშირებით და ა.შ. ვფიქრობ, ამ კუთხით სახელმწიფომ მეტი სამუშაო უნდა გასწიოს“.


კვლევის შედეგების მიხედვით, დამსაქმებელი ერიდება კონკრეტულ სამუშაოზე ქალის დასაქმებას. „ხშირია შემთხვევა, როდესაც დამსაქმებელი ამჯობინებს კაცის დასაქმებას. მაგალითად, საწარმოებში, სადაც მძიმე სამუშაოა, ძირითადად მამაკაცები მუშაობენ. თუმცა, არის ამ სამსახურებში ისეთი სამუშაო ადგილები, რომლებზეც თავისუფლად შეიძლება ქალის დასაქმება, მაგრამ არსებობს სტერეოტიპული დამოკიდებულება, რომ ამა თუ იმ სფეროში ქალი არ უნდა მუშაობდეს”, – წერია კვლევაში.

გამოკითხულ რესპონდენტთა აზრით, სწორედ არსებული სტერეოტიპები განაპირობებს იმ დისკრიმინაციულ მდგომარეობას, რომელიც დღეისათვის არსებობს შრომის ბაზარზე, რაც სამუშაოს შესრულების შესაძლებლობების რეალურად შეფასებას არ ეფუძნება.
კვლევის შედეგების მიხედვით, კანონმდებლობაში დისკრიმინაციის რეგულირების გამკაცრება ან ქალებისთვის დამატებითი გარანტიების დაწესება, გარკვეულ შემთხვევებში, იწვევს უკურეაქციას – დამსაქმებელი ერიდება ისეთი ადამიანის აყვანას სამუშაოზე, რომლის მიმართ კანონი დამატებით ვალდებულებებს აწესებს. „რაც უფრო რთული რეგულაცია არსებობს კანონმდებლობაში, იგივე დეკრეტულ შვებულებასთან დაკავშირებით, ეს ავტომატურად უბიძგებს დამსაქმებელს არ დაიქირაოს ქალი, თუ ის პოტენციურად ისეთ ასაკშია, რომ მალე შეიძლება დაორსულდეს ან დაქორწინდეს, ვინაიდან კანონმდებლობით გაიზარდა დეკრეტული შვებულების პერიოდი”, – წერია კვლევაში.

 

კვლევის ავტორები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ სტატისტიკური მონაცემების წარმოებას: ერთადერთი, რისი საშუალებითაც შეიძლება გამოვლინდეს დისკრიმინაციის შემთხვევები, არის სტატისტიკა. ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტი თავის რეკომენდაციაში აღნიშნავს, რომ სახელმწიფოებს აქვთ ვალდებულება, შექმნან და მუდმივად იზრუნონ სტატისტიკის გაუმჯობესებაზე და განახორციელონ ქალის მიმართ განხორციელებული ყველა ფორმის დისკრიმინაციის ანალიზი. პროფკავშირების თქმით, განსაკუთრებული როლი შრომითი უფლებების დაცვაში ენიჭება მედიაციასა და კოლექტიური ხელშეკრულებების გაფორმებას, რაც პრევენციული ხასიათის მატარებელია. 

 

სტატისტიკა იმის შესახებ, რამდენმა ქალმა დაკარგა სამსახური დეკრეტულში გასვლის შემდეგ, პროფკავშირებს არ აქვს. ბოლო წლებში ამ პრობლემით მათთვის არავის მიუმართავს. ილია ვერძაძის შეფასებით, მნიშვნელოვან პრობლემად რჩება სამოქალაქო საზოგადოების ნაკლებაქტიურობაც: „ჩვენს საზოგადოებაში სოლიდარობის დეფიციტია, ფაქტის მიჩქმალვა ხელს უწყობს პრობლემის გაღრმავებას, შესაძლოა სტატისტიკა ასეთი ფაქტების დიდია, მაგრამ არ ამჟღავნებენ. სახელმწიფო უნდა შეეცადოს აპლიკაციებისა და გასაუბრების დროს აკრძალოს ისეთი კითხვების დასმა, რომლითაც დამსაქმებელი ცდილობს, გაარკვიოს ქალი ელოდება თუ არა ბავშვს და უახლოეს პერიოდში აპირებს თუ არა ის დეკრეტულით სარგებლობას”.

 

ილია ვერძაძის თქმით, 15 ათასი ადამიანია გაწევრიანებული აჭარაში გაერთიანებულ პროფკავშირებში, მათ შორის ყველაზე ბევრი მასწავლებელი და ექიმია, ცოტაა მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საიტზე, სადაც ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება, 2010-2014 წლებში სულ 71 360 განცხადება დაფიქსირდა. აღნიშნულ ბაზებზე მდედრობით სქესზე ორიენტირებული ენის გამოყენება ვაკანსიების 10.01% შემთხვევაში ჩანს, ხოლო მამაკაცებზე ორიენტირებული ენა – 24.02% შემთხვევაში. უფრო კონკრეტულად კი, jobs.fe-ს ბაზაზე სიტყვა „მამაკაცის“ გამოყენება 1088-ჯერ დაფიქსირდა; ფრაზა – „სასიამოვნო გარეგნობა“ – 1589 განცხადებაში; სიტყვა „სტაბილურს“ – 780 განაცხადი შეიცავს; ხოლო სიტყვა „ქალბატონი“ – 607 შემთხვევაში იქნა გამოყენებული.

 

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ მსგავსი განცხადებების გავრცელება ხელს უწყობს შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციული პრაქტიკის განვითარებას. ვებგვერდ „ჯობს.გე“-ზე გამოქვეყნებული იმ განცხადებების უმეტესობა, რომლებიც შეიცავს მითითებას კონკრეტულ სქესზე, გარეგნობასა თუ ოჯახურ მდგომარეობაზე, სამუშაოს მაძიებელ პირებს უზღუდავს შრომის ხელმისაწვდომობისა და არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს მათ ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან შედარებით. „იმის გამო, რომ „ჯობს.გე“ არ ახორციელებს დისკრიმინაციული სიტყვების შემცველი ვაკანსიების ფილტრაციას, ერთი მხრივ, ის ხელს უწყობს დამსაქმებლებს გაავრცელონ დისკრიმინაციული ვაკანსიები და მისი მეშვეობით განახორციელონ დისკრიმინაცია დასაქმების ეტაპზე, ხოლო მეორე მხრივ, ამ დისკრიმინაციული პრაქტიკის ტირაჟირებას ახორციელებს. ამით კი, ხელს უწყობს დამსაქმებლებს განახორციელონ დისკრიმინაცია და აფერხებს შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის აღმოფხვრისთვის ბრძოლას“, – წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

სახალხო დამცველმა ორგანიზაციას მიმართა, შეიმუშავოს ისეთი რეგულაციები, რომლითაც აღმოიფხვრება დისკრიმინაციული ვაკანსიების გამოქვეყნება ვებგვერდზე.

გეოგრაფიული ასპექტები ,, დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაში “

 

 


იმისთვის, რომ ნაწარმოების ამ კუთხით შესწავლა ბევრად უფრო ნაყოფიერი იყოს და დროშიც არ გაიწელოს, გადავწყვიტეთ შეგვექმნა რუკა, სადაც მოვნიშნეთ ყველა მნიშვნელოვანი გეოგრაფიული პუნქტი, ციხე თუ ეკლესია-მონასტრები. 

თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კოსმოსიდან გადაღებულ რუკაზე მოვძებნოთ ეს ადგილები, ზემოდან შევხედოთ და რეალურად აღვიქვათ გამსახურდიას გეოგრაფიული სივრცე.თემაზე მუშაობა დავიწყე იმით, რომ ამოვიწერე ყველა ის გეოგრაფიული ადგილი, რომელიც ნახსენებია ნაწარმოებში. რა თქმა უნდა, შესაბამის კონტექტსთან ერთად. შემდეგ მოვიძიე ინფორმაცია თითოეულ მათგანზე ვიკიპედიის, ენციკლოპედიები სა და ქართულ ტოპონიმთა განმარტებით ეტიმოლოგიური ლექსიკონის დახმარებით. შევკრიბე დღემდე შემორჩენილი ციხეებისა თუ ეკლესიების სურათები და გეოგრაფიულ ადგილთა მცირე რუკები. ამის შემდეგ გადავიტანე თითოეული გეოგრაფიული პუნქტი ინტერნე ტრუკაზე scribble maps-ის საშუალებით.

მივიჩნიე, რომ ასევე საინტერესო იქნებო და ხელით შექმნილი რუკა და გეოგრაფიის მასწავლებლის დახმარებით შევასრულე ეს სამუშაო. ჩემი მიზანია, რომ ჩემ მიერ მოძიებული მასალა, სურათები და რაც მთავარია, შექმნილი რუკები გახდეს ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი. ამიტომაც, გადავწყვიტე, შემექმნა სპეციალური ბლოგი იმავე სათაურით www.didodtatismarjvena.wordpres.com, სადაც განთავსდა ეს მასალები. ინტერნეტსივრცის მეშვეობით ჩვენი ნამუშევარი ყველასთვის გახდება ხელმისაწვდომი და ამ მშვენიერი ნაწარმოების სწავლებაში შეუწყობს ხელს მოსწავლესა თუ მასწავლებელს.


ნაწილი II

გარდა ცალკეული გეოგრაფიული ადგილებისა, ასევე შევეცადეთ ელექტრონულ რუკაზე შეძლებისდაგვარად აღგვენიშნა ძელიცხოვლის ისტორია, რომელიც X თავში (გვ. 52-54) საკმაოდ საინტერესოდაა წარმოდგენილი. თუმცა, ისტორია იმდენად ჩახლართულია, ძნელია, ფეხდაფეხ მიჰყვე, ამიტომაც აღნიშნული გეოგრაფიული პუნქტები მიახლოებითია და არა უზუსტესი. ჩვენ პირობითად დავნომრეთ თითოეული ცნობა და ნომრების მიხედვით გადავიტანეთ რუკაზე:

1. პირველი ცნობა ძელიცხოვლის შესახებ. ვახტანგ გორგასალს ჰქონდა იგი, როგორც ,,საომარი ჯვარი”;

 

2. ძელიცხოველი დაიკარგა 628 წელს, როცა ხაზარებმა ჯიბღუ-ხაკანის მეთაურობით პირველად აიღეს თბილისი.

 

3. ,,აშოტ კურაპალატს უტარებია სარკინოზების წინააღმდეგ ომებში ძელიცხოველი” – ,,და შეიბნეს ქსანსა ზედა აშოტ და გრიგოლ”. გრიგოლი იყო კახეთის მთავარი, რომელსაც ამ ბრძოლაში სარკინოზები ეხმარებოდნენ.

 

4. ძელიცხოველი ბუღა თურქს ჩაუვარდა ხელთ: ,,853 წელს, როცა სარკინოზებმა ტფილისი აიღეს, კახაი და ტარხოჯი მოკლეს. ჯვარი ბუღა თურქს ჩავარდნია ხელში “.

 

5. ბუღა თურქმა ძელიცხოველი დაკარგა. ბუღა თურქმა მთიულეთში გაილაშქრა. ცხავატამდე მიაღწია, სადაც ,,მთიულებმა და ზვავებმა მოუჭრეს გზა… ერთმა მთიელმა მონადირემ არაგვის პირად დახოცილ სარკინოზების გვამთა შორის დიდძალი ნაალაფარი და ერთი ვაშკარანი იპოვნა, ვაშკარანში სავსებით გაძარცვულიძელიცხოველი და ბაგრატ კურაპალატს მიუტანა უფლისციხეში “.

 

6. ,, იმ ბნელ ეპოქიდან სულ მცირე ცნობები მოღწეულა ჩვენ დრომდის; მესხური ერთი დავითნის მინაწერიდან ირკვევა; კიდევ ერთი ტაოსკარში – გიორგი I-ის ბასილ II-თან დამაომი მოუგია ბაგრატ კურაპალატს ,, მეოხებითა ძელისა ჭეშმარიტისათა “. ადგილი უცნობია.

 

7.,,’ბარდას სკლიაროსის შემუსვრისას ძელიცხოველი წინ უძღოდა თურმე თორნიკე ერისთავის ლაშქარს”-  ამორიუმის ჩრდილო აღმოსავლეთით იყო ბარდა ფოკასა და ბარდა სკლიაროსის გადამწყვეტი ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობდა თორნიკე ერისთავი 12 ათასიანი ლაშქრით.

 

8. ზორაკერტი. ბაგრატ III-მ და გაგიკ სომეხთა მეფემ შემუსრეს განძელი ამირა ფადლონი. ეს გამარჯვება ძელიცხოველს მიაწერეს.

 

9. ძელიცხოველი ერთმა ბერმა ნახა ტაოსკარში- გიორგი I-ის ბასილ II-თან დამარცხების შემდეგ ძელიცხოველი ისევ დაიკარგა. ორი წლის შემდეგტაოსკარში ერთმა ბერმა იპოვა ეს ჯვარი და მაწყვერელ ეპისკოპოსს მიუტანა, მაწყვერელმა მელქისედეკ კათალიკოსს, ხოლო  ,,ახალ წელს მეფეს უკვლია მელქისედეკმა იგი ” . ეს ის გეოგრაფიული პუნქტებია, რომელიც მოხსენიებულია ძელიცხოველთან დაკავშირებით. რუკა იხილეთ ბლოგზე: www.didostatismarjvena.wordpres.com 

იმედია, ჩვენ მიერ შექმნილი ბლოგი და რუკა გაუადვილებს ყველა მკითხველს, რეალურად წარმოიდგინოს კონსტანტინე გამსახურდიას შესანიშნავ რომანში ასახული საინტერესო და მრავალფეროვანი გეოგრაფიული სივრცე.


 

ხელმძღვანელები: შპს განათლება – სკოლა ,, იმედის”

 ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია მენაბდე,

 გეოგრაფიის მასწავლებელი მიხეილ ჟორჟოლიანი

პრემიები ბათუმის საკრებულოში – საერთაშორისო გამჭვირვალობა საკითხის გადახედვას ითხოვს

 

ბათუმის საკრებულოში გაცემული პრემიების ოდენობამ 2015 წლის პირველ კვარტალში 70 ათას 80 ლარი შეადგინა – ინფორმაცია ბათუმის საკრებულოდან „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოითხოვა.

 

საკრებულოში ყველაზე მაღალი პრემია – 4 125 ლარი საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი ჭეიშვილს აქვს აღებული. პრემია მისი სამი თვის ხელფასის ნახევარს შეადგენს.

 

2015 წლის პირველ კვარტალში 3 525 ლარი პრემია აქვს მიღებული ირაკლი ჩავლეიშვილს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს.

 

3 000 ლარის ოდენობით აქვთ მიღებული პრემია საფინანსო და ეკონომიკური რეფორმების კომისიის თავმჯდომარეს თენგიზ აფხაზავას, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა თავმჯდომარეს, ლევან კინწურაშვილს, ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარეს, ლაშა სირაბიძეს, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თამჯდომარეს, დიმიტრი დარჩიას, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თამჯდომარეს, ნინო ბერაძეს. ასევე ფრაქციის თავმჯდომარეებს: თამაზ თურმანიძეს, თეიმურაზ ყურაშვილს, კობა ჩხეიძეს, გიორგი კირთაძეს და გიორგი ცინცქილაძეს [თითოეულს, ცალკე, ხელფასის სახით, პირველ კვარტალში 6 000 ლარი აქვთ მიღებული].  

 

პრემიის სახით 2015 წლის პირველ კვარტალში საკრებულოს მაღალი თანამდებობის პირებზე გაცემულმა თანხამ სულ 37 650 ლარი შეადგინა.

 

პირველი იანვრიდან მარტის ჩათვლით საკრებულოს აპარატის 38 თანამშრომელს სულ 32 430 ლარი აქვს მიღებული პრემიის სახით. მათგან ყველაზე მაღალი პრემია – 1650 ლარი – აპარატის უფროსს, პარმენ მგელაძეს აქვს მიღებული, ყველაზე მცირე – 200 ლარი კი, მეორე კატეგორიის სპეციალისტს.

 

საერთო ჯამში, 2015 წლის 1 იავნრიდან მარტის ჩათვლით, ხელფასისა და პრემიების სახით ბათუმის საკრებულოში 243 ათას 106 ლარი და 36 თეთრი გაიცა.

 

 „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის ოფისის კოორდინატორმა მალხაზ კჭადუამ დღეს, 22 აპრილს, საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი ჭეიშვილს მიმართა წერილით და ბათუმის საკრებულოს პრემიების ყოველთვიური გაცემის პრაქტიკის გადახედვა სთხოვა.

 

„ბათუმის საკრებულოში 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პრემიების გაცემის საკითხი ისეთივე სიმწვავით დგას, როგორც ეს მანამდე იყო. საკრებულოდან მიღებული საჯარო ინფორმაციით  დგინდება, რომ საკრებულოს თითქმის ყველა თანამდებობის პირს 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის მარტის ჩათვლით პრემია ყოველთვიურად გაქვთ აღებული. მეტიც, საკრებულოს თანამდებობის პირებმა წინა თვეში აღებული პრემიების სამმაგი ოდენობა მიიღეთ. ამ გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა ჩვენთვის ამ დრომდე გაუგებარია. საერთო ჯამში, 2015 წლის პირველ კვარტალში ბათუმის საკრებულოს თანამდებობის 12 პირზე 37 650 ლარი გაიცა, მაშინ როცა საკრებულოს 38 თანამშრომელზე – 32 430 ლარი. თანამდებობის პირებსა და თანამშრომლებზე გაცემულ პრემიებს შორის დისბალანსი აშკარაა.

 

ვფიქრობთ, რომ საკრებულოდან და მერიიდან პრემიებისა და დანამატების შესახებ მიღებული მონაცემები გადაუდებელ აუცილებლობას ქმნის, საკითხი ბათუმის თვითმმართველობის ორგანოს მიერ მოწესრიგდეს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის დადგენილება საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის შესახებ მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებდა, რამდენიმე მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა საკითხი მოეგვარებინა და არსებული მანკიერი პრაქტიკისთვის გადაეხედა.

 

აქედან გამომდინარე, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო ბათუმის საკრებულოს მოუწოდებს, გადახედოს პრემიების ყოველთვიური გაცემის პრაქტიკას – მიიღოს საკითხის დამარეგულირებელი დადგენილება“ – აღნიშნულია წერილში.   

საზოგადოება ბათომის დამფუძნებელი არქიტექტურის სამსახურის უფროსს მიმართავს


„არ ვიცი გაცემულია თუ არა ნებართვა ვაჟა-ფშაველას ქუჩის N13-ში მდებარე სახლის დემონტაჟზე, მაგრამ ვფიქრობ ყველაფერი უნდა იღონოთ, რომ ეს არ დაუშვათ.


არაფერ შუაშია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. 
კანონი კიდევ მინიმუმ 4 პარამეტრის გამო იცავს ამ შენობას:

1. ისტორიული მემკვიდრეობა.
2. კულტურული მემკვიდრეობა.
3. ძეგლის ნიშნის მქონე ნაგებობა.
4. მინიმუმ 100 წლის ხანდაზმული ნაგებობა.


ამ შენობას იცავს არა მარტო „საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“, არამედ სხვა არაერთი საერთაშორისო კანონი, მაგალითად „საერთო ევროპული კონვენცია“, რომელიც საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებული აქვს.


ეს მეც კი ვიცი, სამყაროში ყველაზე ჩაუხედავმა კაცმა კანონმდებლობაში და დარწმუნებული ვარ ჩემგან არ გესწავლებათ. არც ის, რომ ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შეგნებული განადგურება სისხლის სამართლის დანაშაულია.


სისხლის სამართალს რომ თავი დავანებოთ, ვფიქრობ მთლად ლამაზიც არ უნდა იყოს საკუთარი ქალაქის ისტორიისა და კულტურის ნგრევა.


ორიოდე წლის წინ „ბათომმა“ და „ტფილისის ჰამქარმა“ ერთობლივი ღია და საჯარო პროექტი განვახორციელეთ, რომელიც იმ შენობების აღწერას ითვალისწინებდა, რომელთაც ძეგლის სტატუსი არ ჰქონდათ და ამას იმსახურებენ.


ამ პროექტის აუცილებლობა კი იმიტომ გახდა საჭირო, რომ ბოლო წლებია აქტიური პროპაგანდა მიმდინარეობს ხელისუფლებისა და ე.წ. ინვესტორების მხრიდან, რომ რასაც ძეგლის სტატუსი არა აქვს, აუცილებლად უნდა დაინგრეს. განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ეს შენობა ისტორიულ და კომერციულ უბანში დგას.


„ე.წ.“ იმიტომ დავწერე, რომ ინვესტორი იმას არ ჰქვია, ვინც კულტურულ მემკვიდრეობას ანადგურებს.


ამდენად, დიდი სიამოვნებით მოგაწვდით უაღრესად კვალიფიციურ სახელოვნებათმცოდნეო დასკვნას ვაჟა-ფშაველას N13-ს შესახებ, თუკი თქვენი სურვილიც იქნება.


ხელისუფლებამ, რომელსაც წარმოადგენთ, ჩემი ხმა სწორედ იმაში მიიღო ავანსად, რომ შეწყვეტილიყო კულტურული მემკვიდრეობის არნახული ნგრევა და თუ ამ ჯგუფს ზერელედ მაინც გადაავლებთ თვალს, დარწმუნდებით, რომ არც სხვას მიუცია ხმა ისტორიის განადგურებისთვის და დიდი უმრავლესობა კატასტროფულად უარყოფითად აფასებს კულტურული მემკვიდრეობის მიზანმიმართული განადგურების პოლიტიკას ბათუმში.


ჯგუფი „ბათომი“ დღეს 3 წლის გახდა და ამ წუთისთვის ამ ჯგუფში 13. 672 წევრია.


სიმართლე გითხრათ, ძალიან კარგად ვხვდები ამ წერილის გულუბრყვილობას და იმაშიც დარწმუნებული ვარ, ჩემი ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის განადგურება ტემპსაც კი არ შეანელებს, მაგრამ მცირე იმედი კი მაქვს.

ძალიან მცირე.

მაგრამ იმის კი დიდი იმედი მაქვს, რომ ამ წერილმა მაინც გიპოვათ, მიუხედავად იმისა, რომ ფეისბუკზე ვერ გიპოვეთ.

პატივისცემით, 
შოთა გუჯაბიძე. 
საქართველოს მოქალაქე“


საჯარო მიმართვა ფეისბუქზე, საზოგადოება „ბათომის” გვერდზე გამოქვეყნდა. 


ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული სახლი ამჟამად ცარიელია. შპს „სლავა 2015“-ს გადაწყვეტილი აქვს, ამ ადგილას რვასართულიანი კორპუსი ააშენოს. კომპანიის ხელმძღვანელმა მურმან ჯინჭარაძემ გუშინ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ სახლი ავარიულია  და რესტავრაციას არ ექვემდებარებოდა, თუმცა ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურში ამბობენ, რომ მათ ჯერ არც დემონტაჟის და არც მშენებლობის ნებართვა არ გაუციათ. 


დაანონსებული 50-მილიონიანი ინვესტიცია აჭარაში

 

„რეკან დრუპ ჯორჯია“ შემოსვლისა და 50-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების პირობის შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ ორი კვირის წინ სასტუმრო „რადისონში“ გამართულ პროექტების პრეზენტაციაზე გააკეთა კომენტარი, თუმცა მინისტრი მაშინ მხოლოდ მცირე ინფორმაციით შემოიფარგლა.

 

კომპანიამ ბათუმის ახალ ბულვარში მრავალფუნქციური კომპლექსის ასაშენებლად ნაკვეთი აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან, პირადაპირი წესით, სამი მილიონ დოლარად და გარკვეული ვალდებულებებით მიიღო.

 

შეთანხმების თანახმად, კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის დასრულება და ექსპლუატაციაში შეყვანა, შენობა-ნაგებობის არანაკლებ 7700 კვ.მ ფართობში სასტუმრო კომპლექსის განთავსება, არანაკლებ 39 000 კვ.მ ფართობში აპარტამენტების განთავსება, არანაკლებ 5000 კვ.მ-ში კომერციული ფართობის განთავსება და არანაკლებ 13400 კვ.მ-ზე არანაკლებ 400 ავტომანქანაზე გათვლილი, დახურული ტიპის ავტოპარკინგის მოწყობა უნდა დაასრულოს.

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტში არანაკლებ 50 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, კომპანია საქართველოში 2014 წელს დარეგისტრირდა და მისი მეპატრონე ერაყის მოქალაქე აჰმედ ალი აზეეზია.
ცაგო კახაბერიძე

უფასო გამოკვლევები მახუნცეთის თემში

 

აქცია „ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკის“ ინიციატივითa და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ქედის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართება. 

ბოლო ორი თვის განმავლობაში აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 5 უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა. „ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკის“ ექიმებმა მსგავსი აქცია 27 მარტს ცხმორისის თემში ჩაატარეს.

 

ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ნარკორეალიზატორი დააკავეს

 

უწყების ცნობით, სამართალდამცავებმა დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ჰეროინის შემცველი 400,696 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.  ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი მე-3 ნაწლის „ა“ ქვეპუნქტით).

Exit mobile version