სიახლეები

პრემიები ბათუმის საკრებულოში – საერთაშორისო გამჭვირვალობა საკითხის გადახედვას ითხოვს

22.04.2015 • 1388
პრემიები ბათუმის საკრებულოში – საერთაშორისო გამჭვირვალობა საკითხის გადახედვას ითხოვს

 

ბათუმის საკრებულოში გაცემული პრემიების ოდენობამ 2015 წლის პირველ კვარტალში 70 ათას 80 ლარი შეადგინა – ინფორმაცია ბათუმის საკრებულოდან „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოითხოვა.

 

საკრებულოში ყველაზე მაღალი პრემია – 4 125 ლარი საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი ჭეიშვილს აქვს აღებული. პრემია მისი სამი თვის ხელფასის ნახევარს შეადგენს.

 

2015 წლის პირველ კვარტალში 3 525 ლარი პრემია აქვს მიღებული ირაკლი ჩავლეიშვილს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს.

 

3 000 ლარის ოდენობით აქვთ მიღებული პრემია საფინანსო და ეკონომიკური რეფორმების კომისიის თავმჯდომარეს თენგიზ აფხაზავას, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა თავმჯდომარეს, ლევან კინწურაშვილს, ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარეს, ლაშა სირაბიძეს, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თამჯდომარეს, დიმიტრი დარჩიას, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თამჯდომარეს, ნინო ბერაძეს. ასევე ფრაქციის თავმჯდომარეებს: თამაზ თურმანიძეს, თეიმურაზ ყურაშვილს, კობა ჩხეიძეს, გიორგი კირთაძეს და გიორგი ცინცქილაძეს [თითოეულს, ცალკე, ხელფასის სახით, პირველ კვარტალში 6 000 ლარი აქვთ მიღებული].  

 

პრემიის სახით 2015 წლის პირველ კვარტალში საკრებულოს მაღალი თანამდებობის პირებზე გაცემულმა თანხამ სულ 37 650 ლარი შეადგინა.

 

პირველი იანვრიდან მარტის ჩათვლით საკრებულოს აპარატის 38 თანამშრომელს სულ 32 430 ლარი აქვს მიღებული პრემიის სახით. მათგან ყველაზე მაღალი პრემია – 1650 ლარი – აპარატის უფროსს, პარმენ მგელაძეს აქვს მიღებული, ყველაზე მცირე – 200 ლარი კი, მეორე კატეგორიის სპეციალისტს.

 

საერთო ჯამში, 2015 წლის 1 იავნრიდან მარტის ჩათვლით, ხელფასისა და პრემიების სახით ბათუმის საკრებულოში 243 ათას 106 ლარი და 36 თეთრი გაიცა.

 

 „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის ოფისის კოორდინატორმა მალხაზ კჭადუამ დღეს, 22 აპრილს, საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი ჭეიშვილს მიმართა წერილით და ბათუმის საკრებულოს პრემიების ყოველთვიური გაცემის პრაქტიკის გადახედვა სთხოვა.

 

„ბათუმის საკრებულოში 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პრემიების გაცემის საკითხი ისეთივე სიმწვავით დგას, როგორც ეს მანამდე იყო. საკრებულოდან მიღებული საჯარო ინფორმაციით  დგინდება, რომ საკრებულოს თითქმის ყველა თანამდებობის პირს 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის მარტის ჩათვლით პრემია ყოველთვიურად გაქვთ აღებული. მეტიც, საკრებულოს თანამდებობის პირებმა წინა თვეში აღებული პრემიების სამმაგი ოდენობა მიიღეთ. ამ გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა ჩვენთვის ამ დრომდე გაუგებარია. საერთო ჯამში, 2015 წლის პირველ კვარტალში ბათუმის საკრებულოს თანამდებობის 12 პირზე 37 650 ლარი გაიცა, მაშინ როცა საკრებულოს 38 თანამშრომელზე – 32 430 ლარი. თანამდებობის პირებსა და თანამშრომლებზე გაცემულ პრემიებს შორის დისბალანსი აშკარაა.

 

ვფიქრობთ, რომ საკრებულოდან და მერიიდან პრემიებისა და დანამატების შესახებ მიღებული მონაცემები გადაუდებელ აუცილებლობას ქმნის, საკითხი ბათუმის თვითმმართველობის ორგანოს მიერ მოწესრიგდეს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის დადგენილება საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის შესახებ მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებდა, რამდენიმე მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა საკითხი მოეგვარებინა და არსებული მანკიერი პრაქტიკისთვის გადაეხედა.

 

აქედან გამომდინარე, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო ბათუმის საკრებულოს მოუწოდებს, გადახედოს პრემიების ყოველთვიური გაცემის პრაქტიკას – მიიღოს საკითხის დამარეგულირებელი დადგენილება“ – აღნიშნულია წერილში.   

გადაბეჭდვის წესი