სიახლეები

სხვისი შვილები – როგორ მუშაობს მინდობით აღზრდის პროგრამა

24.04.2015 • 2130
სხვისი შვილები – როგორ მუშაობს მინდობით აღზრდის პროგრამა

გიული 33 წლისაა და საკუთარი შვილებიც ჰყავს. პატარა ბიჭი მას შემდეგ შეეძინა, რაც აღსაზრდელად ორი ბავშვი – 4 და 6 წლის და-ძმა აიყვანა. გიული ამბობს, რომ ეს საჩუქარი მან სხვისი შვილების სიყვარულის სანაცვლოდ მიიღო. 

„რაც ეს ორი პატარა ავიყვანე, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი წინ წავიდა. სულ მინდოდა, რომ ანას გვერდით კიდევ ყოფილიყვნენ ბავშვები. მეც სახლში ვიყავი, არ ვმუშაობდი და ვიფიქრე, ამ ბავშვების აღზრდით კარგ საქმეს გავაკეთებდი“.

გიული საკუთარ და მინდობილი ბავშვების ემოციებზე გვიყვება: „ისინი დედიკოს მეძახიან, დედას კი, სახელით მიმართავენ. ამაზე ბიოლოგიურ დედას რეაქცია აქვს და ცრემლი ერევა ხოლმე, მაგრამ ვამშვიდებ და ვეუბნები, –  ნუ გეშინია, თქვენზე ყოველთვის ვესაუბრები მათ-მეთქი. ბავშვებსაც ვეუბნები, რომ მას დედა დაუძახონ და უყვარდეთ“.

პატარა და-ძმა საკუთარ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა. დედა ალკოჰოლდამოკიდებულია, მამა კი არ ჰყავთ. „დედა ძმასთან ცხოვრობს, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს. ალბათ სცემდნენ ბავშვებს, რადგან თავდაპირველად დიდი სტრესის ქვეშ იყვნენ. ოთახში მარტო ვერ ვტოვებდი. „არ დაგვტოვო დედიკოო“ – ყვიროდნენ და ყველაფრის ეშინოდათ. ახლა უკეთესად არიან, საბავშვო ბაღშიც დადიან და მათთან ფსიქოლოგიც მუშაობს“, – ამბობს გიული.

ბიოლოგიურ დედას ბავშვების ნახვის უფლება თვეში ერთხელ აქვს, თუმცა, როგორც გიული ამბობს, ბავშვები ამასაც განიცდიან: „წასვლა არ უნდათ, მაშინვე ტირილს იწყებენ. დედაც ძალიან მეცოდება. არ ვიცი, რაიმე სარეაბილიტაციო პროგრამაში არის თუ არა ჩართული და ცდილობს თუ არა, რომ სასმელზე აღარ იყოს დამოკიდებული“.

ოთახში, სადაც უამრავი სათამაშოა, სამივე პატარა ერთად იძინებს: „ანა მეოთხეკლასელია და მათ ფორტეპიანოზე სიმღერებსაც ასწავლის. ზღაპრებსაც ხშირად უკითხავს და-ძმას, რადგან ძალიან უყვართ“.

სახელმწიფოს თითო ბავშვზე თვეში 400 ლარი აქვს გათვალისწინებული. გიული ამბობს, რომ ლარის ინფლაციის პირობებში ცდილობს მაქსიმალური გააკეთოს ბავშვებისთვის: „ბავშვს ბევრი რამე სჭირდება – ჩაცმა, კარგი საკვები, კარგი განათლება, დასასვენებლადაც ხომ უნდა წაიყვანო. ზოგჯერ, როცა მესმის „ფულის გამო აიყვანე“, მაჟრიალებს, რადგან ადამიანებს ვერ წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება სხვისი შვილიც შეიყვარო და საკუთარივით გაზარდო. მე, უბრალოდ, ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე ვამბობ ამას“.

სახლი ნათელი და მზიანია. მწვანე ეზოში პატარა ძაღლი ყეფს, ეზოს კუთხეში პატარა ველოსიპედიც დგას.

„ზღვაზე რომ ჩავიყვანე, გაგიჟდნენ, „სად ვართ, ეს რა არის?“- გვეკითხებოდნენ. არაფერი არ იცოდნენ. ელემენტარული, კოვზის დაჭერაც არ იცოდა ბიჭმა, ისეთ პირობებში იზრდებოდნენ. ახლა ძალიან შეცვლილები არიან. წელს ბიჭი სკოლაში მიდის… მათ სიყვარული აკლდათ და ვფიქრობ, რომ ოჯახში მათ ეს სიყვარული დაინახეს.“

გიული ამბობს, რომ ერთადერთი, რასაც წინასწარ განიცდის, იმ აზრთან შეგუებაა, რომ პატარა და-ძმა ერთ დღეს მათ ოჯახს დატოვებს.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მარი წერეთლის განცხადებით, მინდობით აღზრდის პროგრამა საქართველოში საკმაოდ წარმატებულია.

„როცა დეინსტიტუციონალიზმის პროცესში 45 ბავშვთა სახლი დაიხურა, ბავშვების ნახევარი ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნდა, ნაწილი მცირე საოჯახო ტიპის სახლებში გადავიდა, დიდი ნაწილი კი მინდობით აღზრდაშია, რამაც, ვფიქრობ, ყველაზე კარგად იმუშავა“.

არსებობს სამი ტიპის მინდობით აღზრდა: რეგულარული, გადაუდებელი და ნათესავთან მინდობით აღზრდა. განსხვავებულია ბავშვებისთვის გათვალისწინებული სახელმწიფო დახმარებაც. ნათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებულ ჯანმრთელ ბავშვზე სახელმწიფო თვეში 200 ლარს იხდის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის აღზრდაში კი – 300 ლარს.

არანათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული შშმ ბავშვის აღზრდისთვის სახელმწიფოს დღეში 20 ლარი აქვს გათვალისწინებული, იმდენივე თანხაა განსაზღვრული გადაუდებელი მინდობით აღზრდის შემთხვევაშიც.

მარი წერეთლის თქმით, „აღნიშნული სერვისებით ის ბავშვები და მოზარდები სარგებლობენ, რომლებიც ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი ან მათზე ბიოლოგიური მშობლები უარს ამბობენ.

სახელმწიფოს მიაჩნია, რომ ყველაზე კარგია, როცა ბავშვი ნათესავის ოჯახში იზრდება, „რადგან ასეთი ოჯახი ბავშვისთვის გენეტიკურად ბიოლოგიური გარემოა“. თუმცა, როგორც სტატისტიკა აჩვენებს, ყველაზე მეტი ბავშვი მაინც არანათესაურ მინდობით აღზრდაში იმყოფება.
არის შემთხვევები, როცა მინდობილი ოჯახებიც იცვლება, მაგრამ როგორც მარი წერეთელი ამბობს, მსგავსი ფაქტები არც თუ ისე ხშირია.

ბავშვთა მინდობით აღზრდის პროგრამაზე სახელმწიფო ბიუჯეტში 2015 წელს ექვსი მილიონი ლარია გათვალისწინებული. 

გადაბეჭდვის წესი