სიახლეები

„ინტელექტმა“ ქედასა და შუახევში საკრებულოს საუკეთესო წევრები გამოავლინა

24.04.2015 • 1405
„ინტელექტმა“ ქედასა და შუახევში საკრებულოს საუკეთესო წევრები  გამოავლინა


ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირის კონკურსის – „საკრებულოს საუკეთესო წევრი“  გამარჯვებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვაჟა ბოლქვაძე გახდა, შუახევში კი, საკრებულოს საუკეთესო წევრად პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატი ფატი ჭაღალიძე დასახელდა.

 

„ობიექტურად მიმაჩნია არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასება, თუმცა ამის მოლოდინი არ მქონდა,  რადგან უმცირესობაში ვართ, ვფიქრობდი, გამოკითხვით საუკეთესოდ არ დაგვასახელებდნენ, თუმცა შეფასებისას სხვა ნიუანსებიც ჰქონდა არასამთავრობო ორგანიზაციას“ – ამბობს ვაჟა ბოლქვაძე.

 

„ინტელექტის“ პროექტების კოორდინატორი დავით არძენაძე აცხადებს, რომ საკრებულოს საუკეთესო წევრები გამოვლინდა სხვა მუნიციპალიტეტებშიც, თუმცა მათი ვინაობა საკრებულოს სხდომებზე გახდება ცნობილი.

 

„ინტელექტის“ პროექტების კოორდინატორის თქმით,  საკრებულოს საუკეთესო წევრების გამოვლენა მათი საქმიანობის მონიტორინგის საფუძველზე მოხდა.

 

 „საუკეთესო დეპუტატის გამოსავლენად ქედის, შუახევის, ხელვაჩაურის, ქობულეთისა და ხულოს მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან გამოვითხოვეთ და შევისწავლეთ საკრებულოს სხდომისა და კომისიის სხდომის ოქმები. საუკეთესო წევრები მუნიციპალიტეტების საკრებულოებში კრიტერიუმების საფუძველზე გამოვლინდა. კრიტერიუმები იყო საკრებულოს სხდომებსა და კომისიის სხდომებზე დასწრება, აქტიურობა, მოხსენებები სხდომებზე, ინიცირებული საკითხების რაოდენობა, შუამდგომლებები ზემდგომ ორგანოებში, მოსახლეობის დახმარება  – შუამდგომლობა, საკრებულოს წევრების რეკომენდაციები.   საკრებულოს საუკეთესო წევრი გამოვავლინეთ ყველა მუნიციპალიტეტში“ – აცხადებს დავით არძენაძე.  

 

არასამთავრობო ორგანიზაციამ გამარჯვებულ დეპუტატებს დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადასცა.

გადაბეჭდვის წესი