სიახლეები

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული ქიმიაში

24.04.2015 • 2814
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული ქიმიაში

 

საბა თავდგირიძე
საბა თავდგირიძე

საბა ამბობს, რომ მეცხრეკლასამდე ქიმიას ჩვეულებრივ საგნად აღიქვამდა და მის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული არ გამოუჩენია, თუმცა ცოტა ხნის წინ მისი ინტერესი ამ საგნის მიმართ შეიცვალა. „დღეს უკვე ქიმიას ისე ვუყურებ, როგორც თანამედროვე სამყაროში წარმატების მიღწევის ერთ-ერთ საშუალებას, რადგან ქიმია ყველგანაა“ – ამბობს საბა. 


საბამ ქიმიაში მიღწეული წარმატების შემდეგ მომავალ პროფესიაზე ფიქრიც დაიწყო. ამ ეტაპზე ბიოინფორმატიკით და გენური ინჟინერიითაა დაინტერესებული, თუმცა ამ ორს შორის რომელზე გააკეთებს არჩევანს, ჯერ არ იცის. ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ორი წელი ჯერ კიდევ წინ აქვს.

 

„გენური ინჟინერია საკმაოდ პერსპექტიულია საქართველოში. არის ეროვნული ღეროვანი უჯრედების ცენტრი, აგრარულ და თავისუფალ უნივერსიტეტებსაც აქვთ მსგავსი მიმართულებები და როგორც ვიცი, უცხოელი სპეციალისტებიც ჩამოჰყავთ. თუ ამ მიმართულებით წავალ, ალბათ ამ უნივერსიტეტებს ავირჩევ ან უცხოეთში ვისწავლი“.

 

საბა ამბობს, რომ მისი ქიმიაში წარმატება გარდა სკოლის პედაგოგისა, მშობლებისა და პირადი ინტერესის დამსახურებაა:


„ვერ ვიტყვი, რომ სკოლაში ქიმიის სწავლისთვის კარგი პირობებია, ქიმიას ნამდვილად სჭირდება პრაქტიკა, რადგან მხოლოდ თეორიით ძნელია მოსწავლეს გააგებინო, რატომ სწავლობს ქიმიას. მით უმეტეს ბათუმის სკოლებში, სადაც ერთ-ორ ლაბორატორიაში თუ იქნება ცდის ჩატარების შესაძლებლობა. მეც ერთი-ორჯერ ვარ სულ ლაბორატორიაში ნამყოფი. მესმის, რომ ლაბორატორიის შენახვა ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ ეს კაბინეტებიც მხოლოდ იმიტომ არ უნდა იყოს, რომ უბრალოდ ლაბორატორია ეწეროს“ – ამბობს საბა.

 

მისი თქმით, სიყვარული საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ მათემატიკოსი მშობლების დამსახურებაა: „რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ ჩემი პედაგოგის ნანა პაპუნაიშვილის როლს. მან შემაყვარა საგანი და დამატებითაც ვმეცადინეობ მასთან. ცალკე მეცადინეობის დადებითი მხარე ის არის, რომ მასწავლებელი მეტ ყურადღებას გითმობს, თანაც შემიძლია ერთი კვირა კარგად ვიმეცადინო და შემდეგი კვირა საერთოდ დავისვენო. მნიშვნელოვანია თვითგანვითარებაც, რადგან ქართულ ენაზე არ არის ახალი ლიტერატურა ქიმიაში, ამაზონიდან ვიწერ და ინგლისურენოვან წიგნებს ვკითხულობ“.

 

საბა ამბობს, რომ საბუნებისმეტყველო საგნებზე მოთხოვნა რომ გაიზარდოს, ამისთვის სახელმწიფომ მის პოპულარიზაციას უნდა შეუწყოს ხელი.

 

„ცუდია, რომ არც ერთ ტელევიზიაში არ არის სამეცნიერო, შემეცნებითი გადაცემები, რამაც შეიძლება დაგაინტერესოს. არც ლიტერატურაა ხელმისაწვდომი, შესაბამისად, ვერც მასწავლებლები ვითარდებიან და ვერც მოსწავლეები, დღემდე საბჭოთა პერიოდში ნათარგმნი ლიტერატურით სარგებლობენ. მეტი აქტიურობაა საჭირო როგორც მოსწავლეების, ასევე სახელმწიფოს მხრიდანაც. მესმის, რომ მასწავლებლებიც ნაკლებად იხარჯებიან, რადგან დაბალია ანაზღაურება.

 

იმას, რა წარმატებასაც მე მივაღწიე ამ ეტაპზე, შეიძლება მიაღწიო თეორიითაც, თუ კარგად ისწავლი, მაგრამ შემდეგ ეტაპებზე, მარტო თეორიით ძნელია წარმატების მიღწევა. უფრო მაღალი ეტაპები პროექტების მომზადებას ითვალისწინებს, რისთვისაც მე ჯერ არ ვარ მზად“.

 

საბა ამბობს, რომ ქიმიის გარდა მათემატიკა და ხატვაც აინტერესებს. მოსწონს გრაფიკაში მუშაობა: „3D მოდელირება მომწონს და კომპიუტერში ვხატავ ხოლმე. ვმუშაობ ხელითაც. სპორტისთვის მეტ-ნაკლებად ვიცლი, ზოგჯერ მივდივართ კლასელები და ფეხბურთს ვთამაშობთ. კომპიუტერთან მეც ვზივარ, ისევე როგორც სხვა მოზარდები. ფეისბუქში რომ შეხვალ, ვეღარ აღწევ თავს, თუმცა ვახერხებ იმასაც, რომ სასარგებლო ინფორმაციაც მივიღო“.

 

საბა ამჯერად საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ემზადება. ნაკრები თბილისში უნდა შეირჩეს. პირველი ოთხეული გაემგზავრება ბაქოში საერთაშორისო ოლიმპიადაზე, რომელიც ზაფხულში უნდა გაიმართოს, მეორე ოთხეული კი, რეზერვში იქნება. საბა ამბობს, რომ პირველ ოთხეულში მოხვედრის იმედი აქვს.

გადაბეჭდვის წესი