სიახლეები

დისკრიმინაცია სქესის მიხედვით

23.04.2015 • 2344
დისკრიმინაცია სქესის მიხედვით

 

მირანდა კონცელიძეს ორი შვილი ჰყავს. უმცროსი ცხრა თვისაა. მან დეკრეტული შვებულებით პირველად 2013 წელს ისარგებლა, როცა პირველი შვილი გაუჩნდა. მეორე ბავშვზე ორსულობის გამო მირანდამ დეკრეტული შვებულებით სარგებლობის ვადა გააგრძელა. როგორც ამბობს, სამსახურში დათქმულ დროს, 2015 წლის თებერვალში გამოცხადდა, თუმცა სასტუმროს მენეჯერმა, სადაც ის მზარეულის თანაშემწედ მუშაობდა, შვებულების გაგრძელება გაზაფხულამდე, ანუ იმ პერიოდამდე შესთავაზა, ვიდრე ბათუმში ტურისტული სეზონი დაიწყებოდა. სამსახურში მირანდა რამდენიმე დღის წინ ანუ აპრილში მივიდა, მაგრამ სასტუმროში მენეჯმენტი შეცვლილი დახვდა. მას უთხრეს, რომ შეევსო განაცხადი და საჭიროების შემთხვევაში მის რეზიუმეს განიხილავდნენ.
`ავუხსენი, რომ დეკრეტული შვებულებით ვსარგებლობდი. მითხრეს, რომ არ აინტერესებდათ სად ვიყავი. არ უთქვამთ, რომ სამსახურიდან გამიშვეს, არც ის ვიცი, შტატი, სადაც ვმუშაობდი, გააუქმეს თუ არა, ვიცი ის, რომ ვაკანსიები აქვთ გამოცხადებული და მე სამსახურში მუშაობა დეკრეტულის შემდეგ არ გამაგრძელებინეს. ეს უსამართლობაა“, – ამბობს მირანდა.

 

Feet under a desk
Feet under a desk

სასტუმრო „ოაზისის“ გენერალური მენეჯერი მაია ჩიქვანაია „ბათუმელებთან“ საუბრისას ამბობს, რომ ამ ეტაპზე სასტუმროში პერსონალის გადამზადების პროცესი მიმდინარეობს და სასტუმროს მუშაობა სეზონამდე, დროებით შეჩერებულია: „ბრალდება იმაზე, რომ ვინმე სამსხაურიდან გავუშვი ალოგიკურია, რადგან ჩვენ გვაქვს ვაკანსიები და მჭირდება ადამიანები, რომლებსაც ჩვენთან დავასაქმებთ, მზარეულებსა და შეფმზარეულებს მაისში დავიბარებთ და თუ არსებობს ადამიანი, რომელსაც ჩვენთან მზარეულის თანაშემწედ მუშაობის გამოცდილება აქვს, ის შეიძლება უკვე მზარეულის პოზიციაზეც დავასაქმოთ. ჩვენ მაისში დავუკავშირდებით ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩვენთან სამზარეულოში მუშაობის სურვილი აქვს, განაცხადიც ამიტომ შევავსებინეთ.”
გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელი ილია ვერძაძე მირანდა კონცელიძის მაგალითზე ამბობს, რომ ადგილი არა დისკრიმინაციას, არამედ უყურადღებობას აქვს: „ახალ მენეჯერს შეუძლია უთხრას, რომ მას ხელშეკრულების ვადა გაუვიდა თებერვალში. წინა მენეჯერთან ლაპარაკი არაფერს ნიშნავს, თუ ეს არ დაფიქსირებულა დოკუმენტის სახით. ეს ეშმაკობაა, რომელსაც ყველა შევეგუეთ“.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია პრობლემაა საქართველოში: „საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, გენდერული უთანასწორობა შრომის ბაზარზე ჯერ კიდევ გადაუჭრელი რჩება. დამსაქმებლები თავს იკავებენ სამსახურში ქალთა დასაქმებზე, რადგან ისინი არარენტაბელურად მიაჩნიათ. ამ მდგომარეობას ისიც ადასტურებს, რომ დღეს ქალები და კაცები სხვადასხვა ტიპის სამუშაო ადგილებზე არიან დასაქმებული, მათი ანაზღაურება განსხვავებულია, ისევე როგორც განსხვავდება მათი სამუშაო პირობები“.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი აჭარაში ამბობს, რომ ქალთა შრომითი დისკირიმინაცია არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა: „ამ გამოწვევის წინაშე დგას მსოფლიო. ამას ადასტურებს საერთაშორისო დონეზე მიღებული არაერთი სამართლებრივი აქტი, სადაც სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ ხელი შეუწყონ ქალთა უფლებების რეალიზებას შიდა დონეზე. საქართველომ ამ კუთხით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა, მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ვხვდებით სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებს, სახელშეკრულებო ურთიერთობების დროს თანაბარი ღირებულების შრომისთვის, თანაბარი ანაზღაურების, პრემიების გაცემისა თუ სამსახურში დაწინაურების პროცესში…”

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად მოამზადა ანგარიში „ქალთა გაძლიერება შრომითი დისკრიმინაციის წინააღმდეგ და გენდერული ძალადობის დასამარცხებლად“. „ამ კვლევამ აჩვენა, რომ ისევ იკვეთება შრომით ურთიერთობებში გენდერის კუთხით უთანასწორო მოპყრობის საფრთხეები. შესაბამისად, აუცილებელია ცვლილებები, რაც მიმართული იქნება საჯარო სამსახურებში დაწინაურებასა და კარიერულ წინსვლასთან, გენდერული ბიუჯეტის შემუშავების პრაქტიკასთან დაკავშირებით და ა.შ. ვფიქრობ, ამ კუთხით სახელმწიფომ მეტი სამუშაო უნდა გასწიოს“.


კვლევის შედეგების მიხედვით, დამსაქმებელი ერიდება კონკრეტულ სამუშაოზე ქალის დასაქმებას. „ხშირია შემთხვევა, როდესაც დამსაქმებელი ამჯობინებს კაცის დასაქმებას. მაგალითად, საწარმოებში, სადაც მძიმე სამუშაოა, ძირითადად მამაკაცები მუშაობენ. თუმცა, არის ამ სამსახურებში ისეთი სამუშაო ადგილები, რომლებზეც თავისუფლად შეიძლება ქალის დასაქმება, მაგრამ არსებობს სტერეოტიპული დამოკიდებულება, რომ ამა თუ იმ სფეროში ქალი არ უნდა მუშაობდეს”, – წერია კვლევაში.

გამოკითხულ რესპონდენტთა აზრით, სწორედ არსებული სტერეოტიპები განაპირობებს იმ დისკრიმინაციულ მდგომარეობას, რომელიც დღეისათვის არსებობს შრომის ბაზარზე, რაც სამუშაოს შესრულების შესაძლებლობების რეალურად შეფასებას არ ეფუძნება.
კვლევის შედეგების მიხედვით, კანონმდებლობაში დისკრიმინაციის რეგულირების გამკაცრება ან ქალებისთვის დამატებითი გარანტიების დაწესება, გარკვეულ შემთხვევებში, იწვევს უკურეაქციას – დამსაქმებელი ერიდება ისეთი ადამიანის აყვანას სამუშაოზე, რომლის მიმართ კანონი დამატებით ვალდებულებებს აწესებს. „რაც უფრო რთული რეგულაცია არსებობს კანონმდებლობაში, იგივე დეკრეტულ შვებულებასთან დაკავშირებით, ეს ავტომატურად უბიძგებს დამსაქმებელს არ დაიქირაოს ქალი, თუ ის პოტენციურად ისეთ ასაკშია, რომ მალე შეიძლება დაორსულდეს ან დაქორწინდეს, ვინაიდან კანონმდებლობით გაიზარდა დეკრეტული შვებულების პერიოდი”, – წერია კვლევაში.

 

კვლევის ავტორები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ სტატისტიკური მონაცემების წარმოებას: ერთადერთი, რისი საშუალებითაც შეიძლება გამოვლინდეს დისკრიმინაციის შემთხვევები, არის სტატისტიკა. ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტი თავის რეკომენდაციაში აღნიშნავს, რომ სახელმწიფოებს აქვთ ვალდებულება, შექმნან და მუდმივად იზრუნონ სტატისტიკის გაუმჯობესებაზე და განახორციელონ ქალის მიმართ განხორციელებული ყველა ფორმის დისკრიმინაციის ანალიზი. პროფკავშირების თქმით, განსაკუთრებული როლი შრომითი უფლებების დაცვაში ენიჭება მედიაციასა და კოლექტიური ხელშეკრულებების გაფორმებას, რაც პრევენციული ხასიათის მატარებელია. 

 

სტატისტიკა იმის შესახებ, რამდენმა ქალმა დაკარგა სამსახური დეკრეტულში გასვლის შემდეგ, პროფკავშირებს არ აქვს. ბოლო წლებში ამ პრობლემით მათთვის არავის მიუმართავს. ილია ვერძაძის შეფასებით, მნიშვნელოვან პრობლემად რჩება სამოქალაქო საზოგადოების ნაკლებაქტიურობაც: „ჩვენს საზოგადოებაში სოლიდარობის დეფიციტია, ფაქტის მიჩქმალვა ხელს უწყობს პრობლემის გაღრმავებას, შესაძლოა სტატისტიკა ასეთი ფაქტების დიდია, მაგრამ არ ამჟღავნებენ. სახელმწიფო უნდა შეეცადოს აპლიკაციებისა და გასაუბრების დროს აკრძალოს ისეთი კითხვების დასმა, რომლითაც დამსაქმებელი ცდილობს, გაარკვიოს ქალი ელოდება თუ არა ბავშვს და უახლოეს პერიოდში აპირებს თუ არა ის დეკრეტულით სარგებლობას”.

 

ილია ვერძაძის თქმით, 15 ათასი ადამიანია გაწევრიანებული აჭარაში გაერთიანებულ პროფკავშირებში, მათ შორის ყველაზე ბევრი მასწავლებელი და ექიმია, ცოტაა მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საიტზე, სადაც ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება, 2010-2014 წლებში სულ 71 360 განცხადება დაფიქსირდა. აღნიშნულ ბაზებზე მდედრობით სქესზე ორიენტირებული ენის გამოყენება ვაკანსიების 10.01% შემთხვევაში ჩანს, ხოლო მამაკაცებზე ორიენტირებული ენა – 24.02% შემთხვევაში. უფრო კონკრეტულად კი, jobs.fe-ს ბაზაზე სიტყვა „მამაკაცის“ გამოყენება 1088-ჯერ დაფიქსირდა; ფრაზა – „სასიამოვნო გარეგნობა“ – 1589 განცხადებაში; სიტყვა „სტაბილურს“ – 780 განაცხადი შეიცავს; ხოლო სიტყვა „ქალბატონი“ – 607 შემთხვევაში იქნა გამოყენებული.

 

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ მსგავსი განცხადებების გავრცელება ხელს უწყობს შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციული პრაქტიკის განვითარებას. ვებგვერდ „ჯობს.გე“-ზე გამოქვეყნებული იმ განცხადებების უმეტესობა, რომლებიც შეიცავს მითითებას კონკრეტულ სქესზე, გარეგნობასა თუ ოჯახურ მდგომარეობაზე, სამუშაოს მაძიებელ პირებს უზღუდავს შრომის ხელმისაწვდომობისა და არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს მათ ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან შედარებით. „იმის გამო, რომ „ჯობს.გე“ არ ახორციელებს დისკრიმინაციული სიტყვების შემცველი ვაკანსიების ფილტრაციას, ერთი მხრივ, ის ხელს უწყობს დამსაქმებლებს გაავრცელონ დისკრიმინაციული ვაკანსიები და მისი მეშვეობით განახორციელონ დისკრიმინაცია დასაქმების ეტაპზე, ხოლო მეორე მხრივ, ამ დისკრიმინაციული პრაქტიკის ტირაჟირებას ახორციელებს. ამით კი, ხელს უწყობს დამსაქმებლებს განახორციელონ დისკრიმინაცია და აფერხებს შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის აღმოფხვრისთვის ბრძოლას“, – წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

სახალხო დამცველმა ორგანიზაციას მიმართა, შეიმუშავოს ისეთი რეგულაციები, რომლითაც აღმოიფხვრება დისკრიმინაციული ვაკანსიების გამოქვეყნება ვებგვერდზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: