მთიანი აჭარა

216 სოფლის პრობლემები

25.04.2015 • 1638
216 სოფლის პრობლემები

 

 

მაღალმთიან სოფლებში ძირითადად გზების შეკეთებას ითხოვენ

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხიდან ყველაზე მეტი თანხა წელს გზების მოწესრიგებას მოხმარდება. თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია, კონკრეტულად რამდენი დაიხარჯება შიდა სასოფლო გზების მოწესრიგებაზე. როგორც მუნიციპალიტეტების გამგეობებში აცხადებენ, ყველა სოფელში ჩატარდა კრება და გამოიკვეთა პრიორიტეტები, გამგეობების შესაბამისი სამსახურები კი, კრების ოქმებს ამუშავებენ.

 

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზაზა აბულაძე ამბობს, რომ ოქმების დამუშავების შემდეგ მონაცემებს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაუგზავნიან შესათანხმებლად, თუ რამდენად შეესაბამება მოსახლეობის მიერ პრიორიტეტად დასახელებული ღონისძიება პროგრამას, რის შემდეგ მუნიციპალიტეტის საკრებულო პროგრამას დაამტკიცებს და სოფლებში სამუშაოების განხორციელებას დაიწყებას.

 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხულოს წელს 909 061 ლარი გამოეყო. კრება 83 სოფელში ჩატარდა და მოსახლეობამ პრიორიტეტად კვლავაც გზების მოწესრიგება დაასახელა, აგრეთვე სანიაღვრე არხებისა და გარე განათების მოწყობა, სასაფლაოების შეღობვა და ა.შ. მას შემდეგ, რაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტი პროგრამას დაამტკიცებს, დავიწყებთ სამუშაოებს სოფლებში“, – განაცხადა ზაზა აბულაძემ.

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებლად შუახევის მუნიციპალიტეტში, გასულ წელთან შედარებით, წელს 3 602 ლარით მეტი თანხაა გამოყოფილი.

 

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის ედნარ შარაშიძის თქმით, თანხის მატება მოსახლეობის რაოდენობის დაზუსტებამ გამოიწვია. მისი თქმით, გასულ წელს რიგ სოფლებში მცხოვრებთა რაოდენობა არასწორად იყო მითითებული.

 

„მალე გამოვაცხადებთ ტენდერს, მშენებლებთან ხელშეკრულებას სავარაუდოდ მაისის შუა რიცხვებში გავაფორმებთ. რაც შეეხება პრიორიტეტებს, მოსახლეობა ძირითადად გზებზე რკინა-ბეტონის საფარის დაგებას, მოტობლოკების შეძენას, გარე განათების მოწყობას ითხოვს“, – ამბობს ედნარ შარაშიძე.

 

ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით 22 282 ლარით ნაკლებ თანხას მიიღებს ქედის მუნიციპალიტეტი პროგრამის განსახორციელებლად. 65 სოფელში ღონისძიების გასატარებლად აქ 552 202 ლარია გამოყოფილი. ქედის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის სულიკო ბოლქვაძის თქმით, ქედაშიც მოსახლეობამ პრიორიტეტად სოფლის გზებზე ბეტონის დაგება მოითხოვა.

 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ ფარგლებში ინვენტარის შეძენასა თუ ინფრასტრუქტურული ღონისძიების გასატარებლად, არსებული კანონმდებლობა მუნიციპალიტეტებს არ ავალდებულებს სამუშაოები ელექტრონული ტენდერით განახორციელონ, შესაბამისად, როგორ გატარდება ღონისძიებები – ტენდერით თუ ერთ პირთან მოლაპარაკებით, გადაწყვეტილებას გამგეობები მიიღებენ.

 

ზაზა აბულაძე იმედოვნებს, რომ სამუშაოების წარმოებისთვის ხულოში ელექტრონული ტენდერები არ გაიმართება: „კრების საფუძველზე გამოვლინდება ის მეწარმეები, რომლებსაც შესასრულებელ სამუშაოებზე ხელშეკრულებას გავუფორმებთ. სამუშაოებზე იმავე სოფლის მცხოვრებლები დასაქმდებიან“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: