სიახლეები

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი დახმარებას პრეზიდენტს სთხოვს

25.04.2015 • 1274
უმაღლესი საბჭოს დეპუტატი დახმარებას პრეზიდენტს სთხოვს

 

 

 

 

ბატონო ჯემალ, თქვენი ვიცე-სპიკერად არჩევა-არ არჩევის საკითხი ისევ ღიაა, თუ რაიმე გადაწყვეტილებამდე მიხვედით?

 

 იმ პერიპეტიებზე აღარ მოვყვები, რაც მოხდა და საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია. უმაღლესმა საბჭომ ჩემ არჩევასთან დაკავშირებით შესაბამისი დადგენილება არ გამოსცა, ანუ არ აღიარა სხდომის შედეგები ლეგიტიმურად და, ფაქტობრივად, უმაღლესი საბჭო ორ ნაწილადაა გაყოფილი. დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე არჩეული ვარ და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს მოხდა კანონიერების დაცვით.

 

 სასამართლოში რატომ არ იჩივლეთ?

 

 ჩვენ მივიჩნევდით, რომ რადგან ამირჩიეს, რაღა უნდა გამეპროტესტებინა?

 

თუნდაც იმ დადგენილების არ გამოცემა.

 

 ეს დადგენილება აუცილებლად უნდა გამოიცეს, რადგან არსებობს ამ სხდომის სტენოგრაფიული ჩანაწერი. ყველაფერი დაფიქსირებულია, მაგრამ ვაწყდებით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წინააღმდეგობას, ვინც გამოხატავს ე.წ. სახელისუფლებო უმრავლესობის აზრს. ისინი არ ესწრებოდნენ ამ სხდომას, არ მიუღიათ მონაწილეობა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არჩეული ვარ, ისინი მიიჩნევენ, რომ არა ვარ არჩეული. გაურკვეველია, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი. თუ უმაღლესი საბჭოს სესიაზე კიდევ დადგება ვიცე-სპიკერის არჩევის საკითხი და აირჩევენ სხვას, ჩვენ შესაბამის ღონისძიებებს მხოლოდ მას შემდეგ გავატარებთ. მაგრამ ეს გამორიცხულია, რადგან „ქართულ ოცნებას“ უკვე არ აქვს უმაღლეს საბჭოში ის უმრავლესობა, რომ ვიცე-სპიკერის კანდიდატურა გაჩნდეს მათი რიგებიდან. ის დეპუტატები, რომლებმაც ვიცე-სპიკერის არჩევას უკვე დაუჭირეს მხარი, ახალ კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ, რადგანაც მათ უკვე აირჩიეს ვიცე-სპიკერი. ამდენად მე მივიჩნევ, რომ ეს საკითხი ამოწურულია და ახალი ვიცე-სპიკერის არჩევას უმაღლესი საბჭო ვერ შეძლებს.

 

 მაგრამ, თქვენი საუბრიდან გამომდინარე, მარტის თვის ბოლოს კომისიის თავმჯდომარის ხელფასი აგიღიათ და არა ვიცე-სპიკერის. ასეა?

 

თანხა როდესაც ირიცხება, მას არ აწერია რისი სარგოა. კომისიის თავმჯდომარისა და ვიცე-სპიკერის ხელფასს შორის სხვაობა მცირეა. გარდა ამისა, მე სახელფასო სარგოს გაზრდით არ ვარ დაინტერესებული. თუ სარგოზეა საუბარი, მოვითხოვ, რომ შემცირდეს ვიცე-სპიკერის სარგო და თანაფარდობაში მოვიდეს კომისიის თავმჯდომარის ხელფასთან. თანამდებობას, მის ღირებულებას, მის გავლენას უმაღლეს საბჭოში არ ვზომავ ხელფასით. მაგრამ რადგან გაინტერესებთ გეტყვით, რომ ნამატი ჩემს ხელფასზე, ჯერჯერობით, არ ასახულა.

 

 ბატონო ჯემალ, რამდენ ხანს შეიძლება ვიცე-სპიკერის არჩევა-არ არჩევის საკითხი იყოს ღია ან დავის საგანი, ამას კანონმდებლობა არ არეგულირებს? 

 

 ამ საკითხზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს რამდენჯერმე მივმართეთ. თუ ისინი მიიჩნევენ, რომ ჯემალ ფუტკარაძე არ არის არჩეული, მაშინ მათ უნდა დააყენონ ახალი კანდიდატურა. წესით, როგორც კომისიის თავმჯდომარე, ასევე ვიცე-სპიკერი ათი დღის ვადაში უნდა აირჩეს. ისინი შეგუებულნი არიან აზრს, რომ ვიცე-სპიკერი არჩეულია, მაგრამ უჭირთ ამის აღიარება. ალბათ დრო სჭირდებათ, რომ აღიარონ და შესაბამისად დამენიშნება ვიცე-სპიკერის ხელფასი და გადმომეცემა კაბინეტი თუ ავტომობილი, რომელზეც კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მე გართულება არ მაქვს.

 

უმაღლესი საბჭოს სესიაზე მე მოვუწოდე ხელმძღვანელობას და ე.წ. სახელისუფლებო უმრავლესობას, რომ უმაღლესი საბჭო მუშაობის რეჟიმს დაუბრუნდეს. ახლა ის პარალიზებულია. ასევე მივმართე საქართველოს პრეზიდენტს. ცენტრალური ხელისუფლებიდან მხოლოდ მას აქვს პრეროგატივა, რომ ჩაერიოს უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტი დაინტერესდება. მე მჯერა, რომ ეს განცხადება მაინც გამოაფხიზლებს ხელმძღვანელობას და უახლოეს პერიოდში ახალი ძალით შევუდგებით მუშაობას.

 

 პრეზიდენტს მისწერეთ თუ მხოლოდ ზეპირი განცხადება გაავრცელეთ?

 

 ეს განცხადება თითქმის ყველა საინფორმაციო საშუალებამ აჩვენა. მე ვფიქრობ პრეზიდენტის შესაბამისი სამსახურები ამაზე გაამახვილებენ ყურადღებას. ჩვენ დაველოდებით პრეზიდენტის რეაქციას და შემდეგ ჩემს თანამოაზრეებთან ერთად ცალკე მივმართავ პრეზიდენტს. შეიძლება მასთან შეხვედრაც მოვითხოვოთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: