სიახლეები

საქართველოში ბელარუსის დიპლომატიური წარმომადგენლობა გაიხსნება

24.04.2015 • 1644
საქართველოში ბელარუსის დიპლომატიური წარმომადგენლობა გაიხსნება



ლუკაშენკომ აღნიშნა რომ, პოლიტიკურ თემებზე საქართველოსა და ბელარუსს არანაირი უთანხმოება არ აქვთ და რომ ამ ეტაპზე საქართველოსთან მიმართებაში ნომერ პირველი – სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებია. 

“მე და საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ და დღეს განვიხილეთ ეს პრობლება.  უფრო სწორად არა პრობლემა, არამედ კონკრეტული საკითხი. ჩვენ ბელარუსში ასეთი მიდგომა გვაქვს – როდესაც საკმაოდ მაღალ დონეზე აგვყავს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, მაშინ ვწყვეტთ საელჩოს გახსნის საკითხს. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენს საელჩოებს რამდენიმე განსხვავებული ფუნქცია აქვთ, ვიდრე, მაგალითად, რუსეთის ან საქართველოს საელჩოებს. მაგალითად, საგარეო საქმეთა სამინისტრო საგარეო ეკონომიკური კავშირებით არის დაკავებული, ამიტომ საგარეო საქმეთა სამინისტროში სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები ნომერ პირველი საკითხია” – განაცხადა ლუკაშენკომ. მისივე თქმით, საქართველოსა და ბელარუსს შორის 200 მილიონიან სასაქონლო ბრუნვას ვარაუდობენ და სწორედ ამიტომაც არის აუცილებელი საქართველოში ბელარუსის დიპლომატიური წარმომადგენლობა.

ამ ეტაპზე სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და ბელარუსს შორის 60-70 მილიონი ლარია.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო და ბელარუსი სხვადასხვა მიმართულებით ითანამშრომლებენ, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კი, ეკონომიკური პროექტები იქნება:

ჩვენ ვიმუშავებთ ბევრი მიმართულებით, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური პროექტები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ამ ეკონომიკური პროექტების უკან დგას ის ფაქტი, რომ ბელარუსი აღრმავებს თავის ურთიერთობას საბაჟო კავშირის მიმართულებით და საქართველო ამაღლებს თავის ეკონომიკურ კავშირებს ევროკავშირის მიმართულებით, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვნად ამ ურთიერთობის უკან დგას ის ფაქტი, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს არჩევანს და ამ არჩევანიდან ვცდილობთ, მაქსიმალური შედეგი მოვუტანოთ ჩვენს ქვეყნებს” – თქვა მან. მისივე თქმით, საქართველოსა და ბელარუსის სხვადასხვა ბლოკებში გაერთიანებას ის უყურებს, როგორც შესაძლებლობებს და არა როგორც – ბარიერების შემქმნელ ფენომენს.

”მინდა ასევე ხაზი გავუსვა, რომ პრეზიდენტ ლუკაშენკოს სახით, საქართველომ დაინახა ნამდვილი მეგობარი. მეგობარი, რომელიც პატივს სცემს ქვეყანას, მის სახელმწიფოებრიობას, მის სუვერენიტეტს და ამ წინაპირობებზე დაყრდნობით ფიქრობს მაქსიმალური ურთიერთობების გაღრმავებას და მაქსიმალურად საერთო, მშვიდობიანი გარემოსთვის ერთობლივ მუშაობას. ბელორუსის პრეზიდენტის როლი პოსტსაბჭოთა სივრცეში ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ სწორედ, მინსკი გახდა ის ადგილი, სადაც ბევრი პროცესი თავის მშვიდობიან გამოსავალს ჰპოვებს”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

დღევანდელ შეხვედრაზე ხელი მოეწერა ქალაქ ბრესტსა და ბათუმს შორის დამეგობრების მემორანდუმს. მემორანდუმს ხელი ბრესტის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე როგაჩუკმა და ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა მოაწერეს. გიორგი ერმაკოვის თქმით, ქალაქების მერებმა ისაუბრეს იმ ურთიერთობების შესახებ, რომლებიც შესაძლოა ჩამოყალიბდეს ბრესტსა და ბათუმს შორის – ძირითადად ტურიზმის მიმართულებით.

მემორანდუმის ხელმოწერამდე ალექსანდრე ლუკაშენკო, დღევანდელი ვიზიტის ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძესაც შეხვდა.

 

გადაბეჭდვის წესი