სიახლეები

საზოგადოება ბათომის დამფუძნებელი არქიტექტურის სამსახურის უფროსს მიმართავს

22.04.2015
საზოგადოება ბათომის დამფუძნებელი არქიტექტურის სამსახურის უფროსს მიმართავს


„არ ვიცი გაცემულია თუ არა ნებართვა ვაჟა-ფშაველას ქუჩის N13-ში მდებარე სახლის დემონტაჟზე, მაგრამ ვფიქრობ ყველაფერი უნდა იღონოთ, რომ ეს არ დაუშვათ.


არაფერ შუაშია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. 
კანონი კიდევ მინიმუმ 4 პარამეტრის გამო იცავს ამ შენობას:

1. ისტორიული მემკვიდრეობა.
2. კულტურული მემკვიდრეობა.
3. ძეგლის ნიშნის მქონე ნაგებობა.
4. მინიმუმ 100 წლის ხანდაზმული ნაგებობა.


ამ შენობას იცავს არა მარტო „საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“, არამედ სხვა არაერთი საერთაშორისო კანონი, მაგალითად „საერთო ევროპული კონვენცია“, რომელიც საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებული აქვს.


ეს მეც კი ვიცი, სამყაროში ყველაზე ჩაუხედავმა კაცმა კანონმდებლობაში და დარწმუნებული ვარ ჩემგან არ გესწავლებათ. არც ის, რომ ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შეგნებული განადგურება სისხლის სამართლის დანაშაულია.


სისხლის სამართალს რომ თავი დავანებოთ, ვფიქრობ მთლად ლამაზიც არ უნდა იყოს საკუთარი ქალაქის ისტორიისა და კულტურის ნგრევა.


ორიოდე წლის წინ „ბათომმა“ და „ტფილისის ჰამქარმა“ ერთობლივი ღია და საჯარო პროექტი განვახორციელეთ, რომელიც იმ შენობების აღწერას ითვალისწინებდა, რომელთაც ძეგლის სტატუსი არ ჰქონდათ და ამას იმსახურებენ.


ამ პროექტის აუცილებლობა კი იმიტომ გახდა საჭირო, რომ ბოლო წლებია აქტიური პროპაგანდა მიმდინარეობს ხელისუფლებისა და ე.წ. ინვესტორების მხრიდან, რომ რასაც ძეგლის სტატუსი არა აქვს, აუცილებლად უნდა დაინგრეს. განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ეს შენობა ისტორიულ და კომერციულ უბანში დგას.


„ე.წ.“ იმიტომ დავწერე, რომ ინვესტორი იმას არ ჰქვია, ვინც კულტურულ მემკვიდრეობას ანადგურებს.


ამდენად, დიდი სიამოვნებით მოგაწვდით უაღრესად კვალიფიციურ სახელოვნებათმცოდნეო დასკვნას ვაჟა-ფშაველას N13-ს შესახებ, თუკი თქვენი სურვილიც იქნება.


ხელისუფლებამ, რომელსაც წარმოადგენთ, ჩემი ხმა სწორედ იმაში მიიღო ავანსად, რომ შეწყვეტილიყო კულტურული მემკვიდრეობის არნახული ნგრევა და თუ ამ ჯგუფს ზერელედ მაინც გადაავლებთ თვალს, დარწმუნდებით, რომ არც სხვას მიუცია ხმა ისტორიის განადგურებისთვის და დიდი უმრავლესობა კატასტროფულად უარყოფითად აფასებს კულტურული მემკვიდრეობის მიზანმიმართული განადგურების პოლიტიკას ბათუმში.


ჯგუფი „ბათომი“ დღეს 3 წლის გახდა და ამ წუთისთვის ამ ჯგუფში 13. 672 წევრია.


სიმართლე გითხრათ, ძალიან კარგად ვხვდები ამ წერილის გულუბრყვილობას და იმაშიც დარწმუნებული ვარ, ჩემი ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის განადგურება ტემპსაც კი არ შეანელებს, მაგრამ მცირე იმედი კი მაქვს.

ძალიან მცირე.

მაგრამ იმის კი დიდი იმედი მაქვს, რომ ამ წერილმა მაინც გიპოვათ, მიუხედავად იმისა, რომ ფეისბუკზე ვერ გიპოვეთ.

პატივისცემით, 
შოთა გუჯაბიძე. 
საქართველოს მოქალაქე“


საჯარო მიმართვა ფეისბუქზე, საზოგადოება „ბათომის” გვერდზე გამოქვეყნდა. 


ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული სახლი ამჟამად ცარიელია. შპს „სლავა 2015“-ს გადაწყვეტილი აქვს, ამ ადგილას რვასართულიანი კორპუსი ააშენოს. კომპანიის ხელმძღვანელმა მურმან ჯინჭარაძემ გუშინ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ სახლი ავარიულია  და რესტავრაციას არ ექვემდებარებოდა, თუმცა ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურში ამბობენ, რომ მათ ჯერ არც დემონტაჟის და არც მშენებლობის ნებართვა არ გაუციათ. 


გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.