კვირის ამბები

„სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას“ დირექტორი: მოუწიათ წუნდებული სამუშაოს გამოსწორება

23.04.2015 • 3836
„სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას“ დირექტორი: მოუწიათ წუნდებული სამუშაოს გამოსწორება

 

დავით ლეკიშვილი
დავით ლეკიშვილი

იმ სტატიასთან დაკავშირებით, რომელიც „ბათუმელების“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა 14 აპრილს, მინდა მოგაწოდოთ შემდეგი მონაცემები. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ფაქტი, თითქოსდა „სოკარის“ ქვეკონტრაქტორ კომპანიაში გაიცემა თანამშრომლების კუთვნილი ხელფასების 50%, არის სრული აბსურდი, აღნიშნული პრეტენზია არც აქციის მონაწილე პირებიდან არ გამოთქმულა, აქციის მონაწილეებმა სატელევიზიო ინტერვიუებიც მისცეს და არც იქ გამოთქმულა ეს პრეტენზია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, კომპანიაში არ არსებობს ისეთი თანამშრომელი , რომელსაც კუთვნილი ხელფასის 50% არ აეღოს. ასეთი რამ არ მომხდარა და ეს არის სიცრუე.

 

რაც შეეხება „სოკარის“ საქმიანობას, მინდა საზოგადოებისთვის ცნობილი იყოს, რომ „სოკარი“ ახორციელებს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს და ბუნებრივი გაზის მიწოდებას. „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარა“ წარმოადგენს ლიცენზიანტ კომპანიას, რომელსაც კანონით გათვალისწინებული მთელი რიგი ვალდებულებები აკისრია. აუცილებელია ყველა მოქალაქის გაზმომარაგება მაღალი სტანდარტით – უსაფრთხოების ნორმები უნდა იყოს დაცული და აქედან გამომდინარე კონტროლის მექანიზმები ამ კუთხით ჩვენს კომპანიაში არის ძალიან გაძლიერებული. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ერთ-ერთი წარმატებული კომპანია ვართ და ჩვენზე დაკისრებულ ვალდებულებებს პირნათლად და მაღალი სტანდარტით ვასრულებთ.

 

აღნიშნული უკმაყოფილება გარკვეული ჯგუფის მხრიდან გამოწვეულია მხოლოდ იმ გარემოებიდან, რომ თითოეული სამონტაჟო სამუშაო მოწმდება დეტალურად, რომ არ იყოს დარღვეული უსაფრთხოების ნორმები და სამუშაოები მაღალი ხარისხით იყოს შესრულებული. წუნის შემთხვევაში კონკრეტულ სამონტაჟო სამუშაოებს ექსპლუატაციაში არ ვიღებთ ანუ იმ დრომდე არ გაიცემა კუთვნილი ხელფასი შემსრულებელზე, სანამ აღმოჩენილი წუნი არ აღმოიფხვრება სტანდარტების შესაბამისად.

 

ჩვენს კომპანიაში  ამ საქმიანობით 250-მდე ადამიანია დაკავებული. თითოეულის საშუალო ხელფასი არის 800-1000 ლარი. მათგან 15-20-მა ადამიანმა გაძლიერებული კონტროლის მიმართ გამოთქვა პრეტენზიები. მინდა საზოგადოებისთვის ასევე ცნობილი იყოს, რომ აბსოლუტურად გაუგებარია რაში მდგომარეობდა მათი პრეტენზიები.

 

თქვენ ამბობთ, რომ გაძლიერებული კონტროლი გაქვთ და ამან გამოიწვია პროტესტი, ანუ ხარისხის მოთხოვნამ?

საზოგადოებისთვის მინდა იყოს ცნობილი, რომ ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 1200-1500 ბინაში სრულდება ინდივიდუალური გაზიფიცირება. თითოეული სამუშაო მოწმდება როგორც ტექნიკური, ისე სტანდარტების შესაბამისად. რამდენიმე ათეულ აბონენტთან შესრულებულ სამუშაოებზე დავადგინეთ წუნი. ამიტომ ეს სამუშაოები ექსპლუატაციაში ვერ მივიღეთ – გაზი არ გავუშვით და იმ ათეული მონტაჟის ხარვეზის გამოსწორება მოვითხოვეთ. ესენი გამომუშავებით იღებენ ანაზღაურებას, აქედან გამომდინარე შეჩერდა კონკრეტული 50-მდე სამონტაჟო სამუშაოს შესრულებისთვის განკუთვნილი ხელფასის გაცემა სამუშაოს გამოსწორებამდე.

 

ახალი რეგულაციები გაქვთ კონტროლის ნაწილში, ადრეც ხომ იყო ეს რეგულაციები, თუ რამე ახალი მოთხოვნები შემოვიდა და ეს არის მათთვის მიუღებელი?

არის ეტაპი, როდესაც იმატებს სამონტაჟო სამუშაოების რაოდენობა, ძირითადად ზამთრის პერიოდში, ზაფხულში – იკლებს. როდესაც სამუშაოს მოცულობა იზრდება, ჩვენც, როგორც ხარისხის მაკონტროლებელი, ვაძლიერებთ კონტროლს. ექსპლუატაციისა და ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურები ცალ-ცალკე ამოწმებენ შესრულებულ სამუშაოს. როცა ერთ ადგილას აღმოჩნდა, რომ შესრულებული მონტაჟი არ აკმაყოფილებდა სტანდარტებს, კონტროლი გავაძლიერეთ. 1500 მონტაჟში ვნახეთ დაახლოებით 50 ისეთი მონტაჟი, რომლის მიღებაც ექსპლუატაციაში არ შეიძლებოდა.  დაბალი ხარისხით შესრულებული მონტაჟისთვის არ შეხვდათ ხელფასი, ანუ მოუწიათ წუნდებული სამუშაოს გამოსწორება, ორმაგი შრომა. წუნი აღმოიფხვრა და ხელფასიც გაიცა.

 

ზამთრობით იმატებს მოთხოვნაო თქვით. მოქალაქეები კი იმაზე ჩივიან, რომ დიდხანს უწევთ რიგში დგომა. რატომ არ ამატებთ შტატებს, რომ ადამიანებს რიგში დგომის გარეშე დაუმოტაჟოთ შესაბამისი მოწყობილობა?

ამ მიმართულებით დღეს კომპანიაში მუშაობს 75 ჯგუფი. ეს ნიშნავს, რომ დღეს კომპანიას შეუძლია ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 3 ათასი ინდივიდუალური სამონტაჟო სამუშაო შეასრულოს. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, სამი ათასი ასეთი მატება არც დეკემბერში გვქონია, არც – იანვარში. პიკი მოთხონების იყო 2000-2200 სამონტაჟო სამუშაო. სტანდარტულ სიტუაციაში ეს დაახლოებით 1000-1200 სამონტაჟო სამუშაოა.   კომპანია მობილიზებულია, რომ ყველა დატვირთვას გაუძლოს. ჩვენი ვალდებულებაა შევასრულოთ ეს სამუშაოები და შევასრულოთ ხარისხიანად. ამიტომ მე, როგორც ხელმძღვანელი, თუ დავინახავ რაიმე სახის რისკებს, რა თქმა უნდა, კონტროლს გავაძლიერებ.

 

ბათუმის რამდენი პროცენტია დღეის მდგომარეობით გაზიფიცირების გარეშე?

ახალშემოერთებული ბათუმის ჩათვლით დაახლოებით 25-30%-ი. ბათუმში ელექტროენერგიის მომხმარებელი 100%-ით არის დარეგისტრირებული. თუ ამ სტატისტიკას და ჩვენსას ერთმანეთს შევადარებთ, 53 ათასი მოსახლიდან დაახლოებით 40 ათასი ჩვენი აბონენტია.  

გადაბეჭდვის წესი


ასევე: