შევარდნაძის დროინდელი ცესკოს მდივანი “ოცნებამ” უსკოში დანიშნა

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ თავისი წარმომადგენელი უმაღლეს საარჩევნო კომისიაში შეცვალა. ფიქრია აფაქიძე მამუკა კოპალეიშვილმა ჩაანაცვლა. მამუკა კოპალეიშვილი 1999 – 2003 წლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივნად მუშაობდა. ამ პერიოდის საარჩევნო დარღვევები არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდა. არჩევნების გაყალბება იყო 2013 წლის „ვარდების რევოლუციის“ მთავარი მიზეზი.

კანონმდებლობის მიხედვით, პარტიას ნებისმიერ დროს აქვს უფლება თავისი სურვილის მიხედვით შეცვალოს საკუთარი წარმომადგენელი უსკოში. პარტია “ქართული ოცნების” ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ირაკლი ჭეიშვილი ამბობს, რომ მამუკა კოპალეიშვილის დანიშვნის დროს მისთვის არაფერი უკითხავთ და გადაწყვეტილება პარტიის ცენტრალურმა ოფისმა მიიღო.

ირაკლი ჭეიშვილმა “ბათუმელებს” უთხრა, რომ კოპალეიშვილის პოზიცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მის დიდ გამოცდილებაზე მიუთითებს: “თქვენგან გავიგე, არც ვიცოდი, თუ ცესკოში მუშაობდა. გამოდის, ძალიან გამოცდილი კადრი ყოფილა. კი იყო მაგ პერიოდში დარღვევები და გაყალბები, მაგრამ შემდეგ წლებში არ იყო?… არ ვფიქრობ, რომ ჩვენთვის უნდა ეკითხათ, ვის დანიშნავდნენ. არ არის ეს ასე მნიშვნელოვანი საკითხი”.

მამუკა კოპალეიშვილი
მამუკა კოპალეიშვილი

დაახლოებით იგივე გვითხრა მამუკა კოპალეიშვილმაც და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ კონკრეტულად მისი ბრალეულობა არაფერში გამოკვეთილა: “დარღვევები იყო მაშინაც და იმის შემდეგ წლებშიც ძალიან ბევრი, მაგრამ მე ვიყავი მდივანი და ვასრულებდი ჩემს კონკრეტულ მოვალეობას. ვინმეს პრეტენზია თუ ჰქონდა ჩემ მიმართ, გამოეძიებიათ. მე მაქვს მდიდარი გამოცდილება საარჩევნო ადმინისტრაციებში მუშაობის კუთხით და ალბათ, ამიტომაც გაკეთდა არჩევანი ჩემზე“.

მამუკა კოპალეიშვილი პარტია “ქართული ოცნების” საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის უფროსია 2013 წლიდან. 2016 წლის იანვრიდან მამუკა კოპალეიშვილი ა(ა)იპ “თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის” ადმინისტრაციის უფროსია. ის ერთადერთია კომისიის წევრებს შორის, ვისაც საკონტაქტო ინფორმაცია უსკოს ინტერნეტგვერდზე მითითებული არ აქვს.

რის გამო გათავისუფლდა ფიქრია აფაქიძე, რომელიც აქამდე პარტია “ქართულ ოცნებას” უსკოში წარმოადგენდა? “ამ ფაქტს ვადასტურებ, მაგრამ მიზეზებზე საუბარი არ მსურს”  – მხოლოდ ეს უთხრა “ბათუმელებს” ფიქრია აფაქიძემ და ტელეფონი გათიშა.

უმაღლეს საარჩევნო კომისიაში, 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის, 13 წევრია. აქედან 7 წევრი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის, მათ შორის  „ქართული ოცნების“ მიერაა დანიშნული. საარჩევნო პერიოდში კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები [პარტიები] კომისიაში თითო წარმომადგენელს ნიშნავენ.

ძალადობის მსხვერპლი: ქმარი პროსტიტუციას მაიძულებდა

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი ბექა ე.-ს საქმეს განიხილავს. მისთვის წაყენებული ბრალდებებებიდან ერთ-ერთი ოჯახში ძალადობაა არასრუწლოვანი პირების თანდასწრებით. ბექას საკუთარი ცოლი უჩივის.

გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში დაზარალებულმა თქვა, რომ მას ქმარი პროსტიტუციას აიძულებდა საკუთარ სახლში და თვითონ კარის ღრიჭოდან უთვალთვალებდა. წყვილს საერთო შვილები არ ჰყავთ. გამოძიების ვერსიით, ძალადობის ფაქტს ბრალდებულის ორი გერი, ანუ დაზარალებულის მცირეწლოვანი შვილები უყურებდნენ. მოსამართლემ ბრალდებულს ჩვენებიდან ის ამონარიდიც გააცნო, რომლის მიხედვითაც ბექა მეუღლეს სხეულზე სიგარეტს აწვავდა. ამ ფაქტის შემდეგ სთხოვა დაზარალებულმა დახმარება სამართალდამცველებს.

ცემის კვალი და დამწვრობაც სამხარაულის ექპერტიზამ უკვე დაადასტურა. ექსპერტიზამ ასევე დადო დასკვნა თავად ბრალდებულის სხეულის დაზიანებებზე. ბექა ე.-მ სასამართლო დარბაზში მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილს მოუყვა, როგორ სცემეს წინასწარი დაკავების იზოლატორში.

„დასკვნაში წერია, რომ ბექას აქვს ცხვირის ძვლების მოტეხილობა, მარჯვენა მკლავის დაზიანება და ფეხის დაჟეჟილობა. ამ ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება. ბრალდებული ამბობს, როს მას პოლიციელები დაკავების დროს და შემდეგ იზოლატორში სცემდნენ.  ბექა კატეგორიულად გამორიცხავს ცოლის იძულებას სექსმუშაკობისთვის. ის მხოლოდ ცოლზე ფიზიკურ ძალადობას აღიარებს და ნარკოტიკების მოხმარებას“, – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა, ლია მაისურაძემ.

ოჯახური ძალადობის გარდა, ბექა ე.-ს სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, ცივი იარაღის ტარება და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება ბრალად.

“არის თუ არა მცდელობა, შედგეს საპროცესო გარიგება?“ – იკითხა მოსამართლემ, რაზეც პროკურორმა ლევან მურვანიძემ პასუხი დაუყოვნებლივ გასცა: „ეს გამორიცხულია, რადგან ის თავს დამნაშავედ არ სცნობს“.

სასამართლოს მორიგ სხდომაზე ჩვენებას დაზარალებული მისცემს, ბექას ცოლი. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბექა ე.-ს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება.

წიგნების გამოფენა-გაყიდვა ევროპის მოედანზე [ანონსი]

„მოი(ზღვა)ვე წიგნები“ – ამ სახელწოდებით წიგნების გამოფენა-გაყოდვა ბათუმში, ევროპის მოედანზე გაიმართება, სადაც საქართველოს 8 წამყვანი გამომცემლობის წიგნების შეძენა შეგეძლებათ. გამოფენაზე წიგნები 40-60%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.

აქცია მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის ტარდება და მას საქველმოქმედო მიზანიც აქვს – წიგნების გამავრცელებელი კომპანია „ორიათონი“ წიგნებს მაღალმთიანი სოფლების ბიბლიოთეკებს გადასცემს.

წიგნების გამოფენა-გაყიდვა 30 და 31 ივლისს გაიმართება 12:00 საათიდან 21:00 საათამდე.

 

ბათუმის მერია უპილოტო საფრენ აპარატს შეიძენს

ბათუმის მერია ერთ საფრენ აპარატს [„დრონი“], ასევე დამატებით – ელემენტს, ორ ცალ SD ბარათსა და „დრონის“ სატარებელ ჩანთას, გამარტივებული ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. შესყიდვის მაქსიმალური თანხა 5 250 ლარია.

საფრენი აპარატი უნდა იყოს ახალი და უნდა გააჩნდეს დისტანციური მართვის პულტი. როგორც მერიის სატენდერო კომისიაში გვითხრეს, „დრონი“ მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს სჭირდება.

ამავე თემაზე:

ვის სჭირდება სამგანზომილებიანი ბათუმი

სარფში ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები ამოიღეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „ვალეა“ და „სარფი“ მებაჟე ოფიცრებმა 287 აბი ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს.

როგორც შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შს სამინისტროს შესაბამის ორგანოებს გადაეცათ.

როგორც „ბათუმელებს“, რესპუბლიკურ საავადმყოფოში უთხრეს, ბათუმში მედიკამენტოზური მოწამვლის შემთხვევები ხშირია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 11 ავტომობილის შესაძენად 200 ათასი ლარი გამოყო

11 ერთეული მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილის შესყიდვას, მაქსიმუმ 200 ათას ლარად გეგმავს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. შესაბამისი ტენდერი სამინისტრომ უკვე გამოაცხადა. ავტომობილები უნდა იყოს ახალი, 2014-2016 წლის გამოშვების.

სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ავტომობილები პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისთვის უნდა შეიძინონ და ისინი ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს გადაეცემათ.

2014 წელს, 21 ავტომანქანა სამინისტრომ ხულოს, შუახევისა და ქედის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისთვის, გაეროს ფონდის თანადაფინანსებით შეიძინა [238 939 ლარი – გაეროს ფონდიდან, ხოლო დამატებით 190 400 ლარი – სამინისტროს ბიუჯეტიდან]. ამჯერად, თანხა – 200 000 ლარი, მთლიანად სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოიყო.

egaaa+
შესასყიდი ავტომობილის ტექნიკური პარამეტრები / სატენდერო დოკუმენტაციიდან

292 ათასი ლარი ნურიგელის ტბის აერაციისთვის

ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო 6 მაისის პარკში არსებული ტბის აერაციის სისტემის შეძენასა და დამონტაჟებაში 292 400 ლარს გადაიხდის. სააგენტოში თვლიან, რომ ხელოვნური აერაცია ტბისთვის აუცილებელია.

აერაციის სისტემა იქნება ჰიბრიდული ტიპის, როგორც ზედაპირული, ასევე ფსკერის, დიფუზიური. ის წარმოადგენს მოტივტივე პლათფორმას, რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს მაღალი წნევის და დეკორატიული ილუმინაციის სისტემით. ფსკერის დიფუზიური აერაციის სისტემა უნდა მოიცავდეს ფსკერის კვანძებს, მილგაყვანილობას და დაბალი წნევის ჰაერის კომპესორებს. სააგენტო, აერაციის სისტემას, ელექტრონული ტენდერით შეისყიდის.

სააგენტოს ინფორმაციით, „ნურიგელის ტბა წარმოადგენს მინერალური და ორგანული ნივთიერებების დაგროვება-აკუმულაციის კერას. ტბის ეკოსისტემაში ჟანგბადს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჟანგბადის ნაკლებობა იწვევს ტბის ცოცხალი ორგანიზმების დაღუპვას, წყალმცენარეების გამრავლებას და ლპობის პროცესს, წყალში ნახშიროჟანგის დაგროვებით. ამ პროცესების დაბალანსება უნდა მოხდეს წყალში ჟანგბადის გაჯერებით და ხელოვნური ცირკულაციით, აერაციით“.

ნურიგელის ტბა / 27.07.2016
ნურიგელის ტბა / 27.07.2016

ბათუმის ტბებში ეკოსისტემა დარღვეულია, თუმცა ლაბორატორიული კვლევის შედეგად კონკრეტული მიზეზი ფაქტობრივად დადგენილი დღემდე არ არის. ბათუმის მერიამ მიმდინარე თვის დასაწყისში გამოთქვა მზადყოფნა მოეხდინათ ტბის ხელოვნური აერაცია. სააგენტო აცხადებს, რომ ტბაზე თევზაობა სასტიკად აკრძალულია, თუმცა თევზაობას მეთევზეები მაინც არ წყვეტენ. ნურიგელის ტბაზე აიკრძალა ნავებით სეირნობაც.

ნურიგელის ტბის სიგრძე 360 მ-ია, სიგანე – 160 მ, მაქსიმალური სიღრმე – 6,3 მ,  ზედაპირის ფართობია 57 600 კვ/მ ხოლო წყლის სავარაუდო მოცულობაა 230 000 კუბ/მ.

m

 

ზოგად უნარებში ჩაჭრილთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 800-ით გაიზარდა

გასულ წელთან შედარებით, ზოგადი უნარების გამოცდაზე ჩაჭრილთა რაოდენობა, დაახლოებით 800-ით გაიზარდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ზოგადი უნარების გამოცდის პირველადი შედეგების სტატისტიკურ ანალიზს აქვეყნებს. წელს პირველად აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩააბარეს.

წელს ზოგადი უნარების გამოცდაზე დარეგისტრირდა 35 930 აბიტურიანტი, ხოლო გამოცხადდა – 34 816. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 15.87%-მა – 5 600-მდე აბიტურიენტმა ვერ გადალახა. გასული წლის მონაცემებით კი, გამოცდაზე გამოცხადებულ 37 161 აბიტურიენტს შორის, 12.7% – 4 800-მდე აბიტურიენტი ჩაიჭრა.

წელს ზოგად უნარების გამოცდაზე დაფიქსირებული საშუალო ქულა დაახლოებით 37,38-ია, ხოლო გასულ წელს ეს რიცხვი 38.85 იყო.

გასული წლისგან განსხვავებით წელს მაქსიმალური – 80 ქულა არც ერთ ვარიანტში არ დაფიქსირებულა. პირველ და მეორე ვარიანტებში დაფიქსირებული მაქიმალური შედეგი 78-78 ქულა იყო, ხოლო მესამე და მეოთხე ვარიანტებში – 79. ზოგადი უნარების გამოცდაზე წელს სულ სამი 78 და ორი 79 ქულა დაიწერა. გასულ წელს ამავე გამოცდაში ერთი – 80 და ოთხი – 79 ქულა დაიწერა.

„ბათუმელები“ ესაუბრა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელს სოფო დოლიძეს. შეკითხვას, თუ რით არის გამოწვეული ჩაჭრილთა რაოდენობის ზრდა და უკავშირდება თუ არა ის ნაწილობრივ ელექტრონულ ფორმატს ან ტესტის სირთულეს, მან უპასუხა, რომ ცვლილება რადიკალური არ არის, ამიტომ რთულია რაიმე ერთი ფაქტორის დასახელება: „ტესტის სირთულე არ შეგვიცვლია, რადგან ისედაც შეცვლილი ფორმატი ხვდებოდათ აბიტურიენტებს [ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატი] რის გამოც 10 წუთი დავუმატეთ კიდევაც. შეიძლება ბევრ ფაქტორზე მსჯელობა, თუნდაც ეს [ფორმატის ცვლილება], ან, მაგალითად ვთქვათ ის, რომ წელს არ იყო ისეთი ძალიან ადვილი დავალება, როგორიც იყო შარშან… ძალიან ბევრია ფაქტორია. შეიძლება მოსწავლეთა დონე არ ყოფილიყო წელს ისეთივე“, – აღნიშნა სოფო დოლიძემ.

როგორც NAEC-ის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი ამბობს, აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ტესტების ვარიანტებს შორის მინიმალური სირთულეც კი სკალირების პროცესში თანაბრდება და შესაბამისად ყველანი თანაბარ პირობებში იმყოფებიან, როგორც უნივერსიტეტის მისაღებ, ასევე საგრანტო კონკურსშიც.

აჭარაში არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების კვლევა დაიწყო

21 ივლისიდან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა საქართველოს მასშტაბით არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების კვლევა დაიწყო.

არაგადამდები დაავადებები, მათ შორის – გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, დიაბეტი და ა.შ. 21-ე საუკუნის გლობალური ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანესი გამოწვევააა. ასეთ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობა არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების კვლევის ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსის, ნინო გუგუშვილის ინფორმაციით, დაავადებათა კვლევა წარმოებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტული ინსტრუმენტის STEPS მეთოდოლოგიით, რაც გულისხმობს კვლევების თანმიმდევრულად, ეტაპობრივ წარმართვას.

მეთოდოლოგია მოიცავს კვლევის სამ ეტაპს: სოციო-დემოგრაფიული და ქცევით რისკ-ფაქტორებთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებას; ფიზიკური მონაცემების – სიმაღლის, წონის, წელისა და თეძოს გარშემოწერილობისა და ასევე, სისხლის წნევისა და პულსის შეფასებას და ლაბოლატორიულ კვლევებს. შერჩეულ პირებს ინტერვიუს გავლის შემდეგ ჩაუტარდებათ – სისხლში გლუკოზის, ქოლესტეროლის განსაზღვრის ტესტი, შარდში კი მარილისა და კრეატინინის მაჩვენებლების შეფასება. ყველა ეს პროცედურა მოსახლეობისათვის უფასოა.

ნინო გუგუშვილის თქმით, კვლევაში მოხვდებიან შემთხვევითად შერჩეული პირები – „წინასწარ გაცემულია შერჩეული მისამართები, საცხოვრებელი ბინის ნომრები, მონაცემები დამუშავებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, რომლითაც ხელმძღვანელობს ინტერვიუერი“ – განმარტავს ნინო გუგუშვილი.

ამ ეტაპზე სულ გამოკვლეული იქნება 6000-მდე 18-69 წლის საქართველოს მოქალაქე, აჭარის რეგიონში კი სულ 495 პირის ინტერვიუ და კვლევა ჩატარდება.

ნინო გუგუშვილის თქმით, ევროპის რეგიონში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც საშუალება ეძლევა მეორედ (პირველად მსგავსი კვლევა 2010 წელს ჩატარდა) განახორციელოს STEPS კვლევა: „რაც გვაძლევს საშუალებს შევაფასოთ ქვეყანაში ჯანდაცის სისტემის პროგრესი, გარდა ამისა კვლევის შედეგები დაეფუძნება ახალი ინტერვენციებს ჯანდაცვის სისტემაში”.

კვლევას ახორციელებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერით.

ბათუმში 19 წლის დათი მღებრიშვილს ეძებენ

ბათუმში 19 წლის დათი მღებრიშვილს ეძებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ განცხადება სამინისტროში გუშინწინ შევიდა და
ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, თუმცა ჯერ დაკარგულის კვალს სამართალდამცავებმა ვერ 13631453_1015500291863849_8757056187972859204_nმიაგნეს.
დაკარგული ფეისბუქზე დარეგისტრირებულია როგორც Uchiha Dati, მისი ანგარიშიდან ბოლო აქტივობა, 25 ივლისის გამთენიისას 04:15 საათზე განხორციელდა – ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე გადაღებული ე.წ. სელფი გამოაქვეყნა.

მეგობრები, სხვადასხვა ფეისბუქგვერდებზე ავრცელებენ დაკარგულის ფოტოს. რაიმე ინფორმაციის ქონის შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ დაკარგულის მეგობარს, Nika Caracal ,რომელიც ბოლო დღეებია ეძებს დათი მღებრიშვილს ან მიმართონ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილებას, მისამართზე:  ლერმონტოვის ქ. №3 ან დარეკონ ნომერზე 577 26 36 52.

 

შენიშვნა: თავდაპირველად დათი მღებრიშვილის ასაკი შეცდომით იყო მითითებული, იგი 19 წლისაა. 27 ივლისისათვის, შსს-ს ინფორმაციით სამძებრო სამუშაოები კვლავ უშედეგოდ მიმდინარეობს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, 27 ივლისს ზღვაში ნაპოვნი მამაკაცის ცხედარი, ამოცნების შედეგად, დათი მღებრიშვილის აღმოჩნდა.

„უცნობი პორტისკენ“ – ანა დოლიძის წიგნის პრეზენტაცია ბათუმში [ანონსი]

29 ივლისს, 20 საათზე, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიმართება ანა დოლიძის პირველი წიგნის – „უცნობი პორტისკენ“ – წარდგინება.

კრებულში თავმოყრილი ესეები ბეჭდურ და ინტერნეტგამოცემებში 2006-2016 წლებში ქვეყნდებოდა. მათი უმრავლესობა დაწერილია ემიგრაციაში ყოფნის დროს მას შემდეგ, რაც ანა დოლიძემ დაასრულა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ უფლებადაცვითი საქმიანობა და სასწავლებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

წიგნს, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ათწლიანი პერიოდის ერთგვარი სარკეა, ორი მთავარი თემა აქვს – სამართლიანობა და თანასწორობა. სხვადასხვა საზოგადოებრივი მოვლენისა თუ საჭირბოროტო საკითხის შესახებ დაწერილ სტატიებს, ბლოგებსა და პორტრეტებს გამოქვეყნებისთანავე მოჰყვა ხმაურანი დისკუსია და საჯარო დებატები. სახელმწიფო და საზოგადოება, მეხსიერება და წარსულის ტრავმები, სახელმწიფოსა და ელიტების როლი და პასუხისმგებლობა, გენდერული თანასწორობა – ეს და სხვა თემები კრებულს აქტუალურს ხდის.

დასწრება თავისუფალია.

მის: ბათუმი, ზვიად გამსახურდიას 1/5

ფოტოკონკურსი ,,ანბანის კოშკის’’ გადაღებაზე

ანბანის კოშკის მენეჯმენტი  აცხადებს ფოტოკონკურს ანბანის კოშკის გადაღებაზე.

კონკურსის მთავარი პირობაა კადრში ჩანდეს ანბანის კოშკი ან/და ანბანის კოშკის  ინტერიერი და  ექსტერიერი

კონკურსის პირობების თანახმად თითოეული მონაწილე თავისუფალია ფოკუსის გადაწყვეტაში, თუმცა კონკურსის ორგანიზატორები მიესალმებიან ორიგინალურ მიდგომებსა და განსხვავებულ ხედვებს მონაწილეებისგან.

საერთო ჯამში გამოვლინდება სამი გამარჯვებული. ერთ გამარჯვებულს გამოავლენს ანბანის კოშკის მენეჯმენტი. ხოლო დანარჩენი ორი გამარჯვებული გამოვლინდება ფეისბუქ ლაიქების საშუალებით.

სამივე გამარჯვებულს გადაეცემათ ანბანის კოშკის რესტორნების 200 ლარიანი ვაუჩერი.

კონკურსში მონაწილეობის უფლება და წესები:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ერთი მონაწილისგან დასაშვებია სამი ფოტოს წარმოდგენა. კონკურსში მიიღება მობილური ტელეფონით გადაღებული ფოტოებიც.ფოტო უნდა იყოს JPG ფორმატის და ფაილის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5 მეგაბაიტს.

საკონკურსო ფოტომასალები მიიღება ელექტრონულად. შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@pravenue.ge

ფოტოკონკურსზე რეგისტრაციისათვის აუცილებელია ფოტოებთან ერთად მოგვწეროთ სახელი გვარი და საკონტაქტო ტელეფონი.  ასევე “საბჯექტში” გთხოვთ მიუთითოთ სიტყვა „ფოტოკონკურსი ანბანის კოშკი“

პლაგიატის ან დამუშავებული ფოტოს (ფოტოზე ზედმეტი დეტალების მოშორება, დამატება) აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსის ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას, კონკურსანტი მოხსნან კონკურსიდან. დასაშვებია ფერის შეცვლა, ფოტოების მსუბუქი კორექტირება.

საკონკურსო ფოტოები ყოველდღიურად გამოქვეყნდება ანბანის კოშკის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე

მასალები შეფასდება კონკურსის კონცეფციასთან თანხვედრით, ხარისხით და შემოქმედებითი უნარით. კონკურსში გამარჯვებულ ფოტოებზე საავტორო უფლება უნარჩუნდება ავტორს. თუმცა, ერთი წლის განმავლობაში ფოტოების ექსკლუზიურად გამოყენების უფლება ეკუთვნის პროექტის შემსრულებელ და დამკვეთ კომპანიებს. ფოტოები გამოყენებული იქნება შემსრულებლის ან/და დამკვეთის შეხედულებისამებრ. მაგ. განთავსდება ვებგვერდებზე, პოსტერებზე და სხვა პროდუქტებში

P.S.  გამარჯვებული ფოტოების გარდა, კონკურსში წარმოდგენილი  სხვა ნამუშევრებიც, რომელსაც გადაწყვეტს ანბანის კოშკის მენეჯმენტი  გამოიფინება ობიექტის სივრცეებში  და დარჩება როგორც გამოფენა –  გაყიდვა სექტემბრის ბოლომდე, რომელიც ასევე დაანონსდება ანბანის კოშკის ფეისბუქ გვერდზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღება უფასოა. კონკურსი დაიწყ 2016 წლის 25 ივლისსსაკონკურსო ფოტოების მიღება გაგრძელდება 2016 წლის აგვისტომდე. ფოტოების ლაიქ მხარდაჭერა 13 აგვისტომდე გაგრძელდება. გამარჯვებული 2016 წლის 20 აგვისტოს გამოვლინდება.

IMG_20160724_114053

ბათუმის ზოოკუთხის ბინადრები

„ზოოპარკის დანიშნულება არ არის ცხოველთა დატყვევება, ზოოპარკი ახდენს ცხოველთა მოვლა-პატრონობას და იმ ცხოველთა გადარჩენას უწყობს ხელს, რომელებსაც გადაშენების საფრთხე ემუქრება. ბათუმის ზოოკუთხე ცდილობს ამ გზაზე იაროს, ჩვენ რამდენჯერმე მოგვიყვანეს უდედოდ დარჩენილი რამდენიმე დღის ნუკრი, რომელიც აღვზარდეთ, მოვაძლიერეთ და ველურ ბუნებაში დავაბრუნეთ. ასევე ვაპირებთ ხალებიანი ირმების ბოტანიკურ ბარში გადაყვანას, რათა თავი უფრო თავისუფლად იგრძნონ და ასევე, ვგეგმავთ შემოსავლის გარკვეული ნაწილი ცხოველთა გადარჩენის საქმეს მოვახმაროთ“, – გვიყვება ბათუმის ზოოკუთხის დირექტორი ამირან მურვანიძე.

ბათუმის ზოოკუთხე. ფოტო 6 მაისის პარკის ფეისბუქგვერდიდან
ბათუმის ზოოკუთხე. ფოტო 6 მაისის პარკის ფეისბუქგვერდიდან

ამირან მურმანიძე უკვე 22 წელია ზოოპარკში მუშაობს. როგორც თავად ამბობს, ოჯახში მესამე თაობის წარმომადგენელია, ვინც ზოოპარკს დაუკავშირა საკუთარი საქმიანობა. პროფესიით მშენებელ-ინჟინერია, მაგრამ როგორც ამბობს, ზოოპარკის საქმეში მთავარი ცხოველების სიყვარულია და არც თანამშრომლების მიმართ აქვს პროფილური განათლების მოთხოვნა: „პრაქტიკულად არც არსებობენ ცხოველთა მოვლის სპეციალისტები, თუ არ ჩავთვლით ერთ გამონაკლისს ბელგიაში, სადაც სპეციალური კოლეჯია და სერტიფიცირებულ ცხოველთა მომვლელებს, ე.წ. კიფერებს ზრდიან“, – ამბობს ბათუმის ზოოკუთხის დირექტორი და დასძენს, რომ ზოოპარკში მუშაობის მსურველებს სამ და ექვსთვიანი სტაჟირება-სწავლების პერიოდი აქვთ, როდესაც უფროსი მომვლელი ამზადებს მათ ამ საქმიანობისთვის.

ბათუმის ზოოკუთხის 138 ბინადარს 12 მომვლელი, ორი ვეტერინარი და სამი სამეურნეო მიმართულების თანამშრომელი ემსახურება. თანამშრომლებს შორის ყველაზე ახალგაზრდა 25 წლისაა, ხოლო ყველაზე ასაკოვანი – 67 წლის.

ზოოპარკი ბათუმში 9 წლის წინ გადაკეთდა და ჩამოყალიბდა დღევანდელი სახით. ბოლოს 2010 წელს განახლდა, როდესაც თუთიყუშების განყოფილება დაემატა. განახლებულ კუთხეში არ არიან მტაცებელი ცხოველები. აქ წარმოდგენილია რვა სახეობის პრიმატი და 8 სახეობის თუთიყუში, ორი სახეობის ირემი, თითო სახეობის – ანტილოპა, ჩანთოსნები, შოტლანდიური პონები და ზებრები.

როგორც ამირან მურვანიძე ამბობს, მათ უმრავლესობას, 60-70 პროცენტს, ჰყავს ნამატი. მათ შორის ნამატია ხალებიან ირმებში, ანტილოპა გარნაში, შოტლანდიურ პონებში, თუთიყუშებში და ა.შ. თუთიყუშების ოჯახში ზოოკუთხის თანამშრომლებმა ბარტყის ხელოვნურად გამოზრდის მეთოდიც შეიმუშავეს: „ბარტყი დაიბადა ინკუბატორში და შემდეგ ხელოვნური კვებით გამოვზარდეთ. ორი წელია დამაკმაყოფილებელია მისი მდგომარეობა და ასევე ძალიან კომუნიკაბელურია, მას „ლაქი“ [იღბლიანი] დავარქვით, სახელზეც ძალიან კარგად რეაგირებს“, – გვიყვება ზოოკუთხის დირექტორი.

„ლაქისგან“ განსხვავებით ჯერ სახელი არ აქვს ზოოპარკის ყველაზე ახალგაზრდა ბინადარს, ერთი თვის შოტლანდიურ პონს, რომელიც ჯერ კიდევ საკარანტინო პირობებში დაკვირვების ქვეშ იმყოფება. მას სახელს ჯოგში დაბრუნების შემდეგ შეურჩევენ. თვეზე ოდნავ მეტის და თვე-ნახევრის ორი ნუკრიც ზოოკუთხის პატარა ბინადრები არიან.

სწორედ ის ფაქტი, რომ ზოოკუთხის ბინადრები ადაპტირებას კარგად გადიან და მრავლდებიან, ხელმძღვანელობას ზოოკუთხის სასწრაფო განახლების პროცედურების დაწყების მიზეზს აძლევს: „უკვე ცხრა წელია აქ ცხოვრობენ. ნამატს წყვილი სჭირდება, რომ არ მოხდეს ნათესაური სისხლის აღრევა და ამით გამოწვეული პრობლემები ავიცილოთ თავიდან. გაცვილითი ღონისძიებები უნდა დავაჩქაროთ. მაქსიმუმ ორ წელიწადში უნდა მოხდეს ზოოკუთხის განახლება“, – ამბობს ზოოკუთხის დირექტორი. მისი თქმით, ზოოკუთხეს ასევე გადაუდებლად ესაჭიროება კაპიტალური რემონტი, რაც მერიის ბიუჯეტში უკვე განისაზღვრა და სექტემბრის ბოლოდან დაიწყება ამაზე მუშაობს.

ბათუმის ზოოკუთხე. ფოტო 6 მაისის პარკის ფეისბუქგვერდიდან
ბათუმის ზოოკუთხე. ფოტო 6 მაისის პარკის ფეისბუქგვერდიდან
ბათუმის ზოოკუთხე. ფოტო 6 მაისის პარკის ფეისბუქგვერდიდან
ბათუმის ზოოკუთხე. ფოტო 6 მაისის პარკის ფეისბუქგვერდიდან

გარდა მატებისა, ზოოკუთხეში დაცემის [ცხოველთა დაღუპვის] შემთხვევებიც არის, რაც განსაკუთრებით რთულია თანამშრომლებისთვის. როგორც ამირან მურვანიძე ამბობს, ამის მიზეზი ძირითადად ასაკი ხდება, თუმცა არის ცხოველებს შორის კონფლიქტების შედეგად ცხოველთა დაცემის ფაქტებიც, „დომინირებისათვის ხშირია კონფლიქტები და ამის მართვა ძალიან რთულია“.

აქ უბედური შემთხვევაც ახსოვთ, გასული ზამთრის დიდთოვლობისას, როდესაც თოვლმა ხის ტოტი მოტეხა და ანტილოპა იმსხვერპლა. მაშინ ზოოპარკს მატერიალურ-ტექნიკური ზიანიც მიადგა.

ზოოკუთხე მხოლოდ ორშაბათს ისვენებს. დანარჩენ დღეებში 11 საათიდან 6 საათამდე მუშაობს, სეზონზე კი 8-9 საათამდეც ღიაა, რადგან ვიზიტორები საღამოს საათებში არჩევენ ზოოკუთხის დათვალიერებას. ბილეთი ორი ლარი ღირს და ზოოკუთხეში არსებული სამივე განყოფილების მონახულებაა შესაძლებელი, ექვს წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კი უფასოა.

ზოოკუთხე გაზაფხულიდან ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს დაქვემდებარებაში გადავიდა. როგორც აქ გვითხრეს, 15 მარტიდან ამ დრომდე გაყიდულია 3 415 ბილეთი, გასული წლის შემოსავლების მაჩვენებელმა კი 29 344 ლარი შეადგინა, რაც 14 672 გაყიდული ბილეთის ფასია. მერია ყოველწლიურად გამოყოფს 82 000 ლარს ზოოკუთხის ბინადართა კვებისთვის.

ბათუმის ზოოკუთხე. ფოტო 6 მაისის პარკის ფეისბუქგვერდიდან
ბათუმის ზოოკუთხე. ფოტო 6 მაისის პარკის ფეისბუქგვერდიდან

ბათუმში ახალი პოლიტიკური პარტია დააფუძნეს

25 ივლისს ბათუმში ახალი პოლიტიკური პარტია „ემსახურე საქართველოს“ დაფუძნდა .

პარტიის დამფუძნებლები არიან საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი  მურმან დუმბაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მედეა ვასაძე და ნუგზარ კეკელიძე, ამირან ცეცხლაძე და შალვა ჯინჭარაძე.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მედეა ვასაძემ უთხრა „ბათუმელებს“, პარტიის ოფიციალურად დასარეგისტრირებლად იუსტიციის სამინისტროს განცხადებით ხვალ, 27 ივლისს მიმართავენ.

„როგორც კი წარვადგენთ სადამფუძნებლო დოკუმენტებს რეგისტრაციისთვის, გავაკეთებთ სპეციალურ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ 12 აგვისტომდე მოხდეს სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა“, – აღნიშნა მედეა ვასაძემ. მისივე თქმით, სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მიხედვით, პარტიას ამ დროისათვის 1500 წევრი ჰყავს და პირველი ყრილობაც უკვე გაიმართა, რომელისაც 325 დელეგატი ესწრებოდა, მათგან 34 სტუმრის სტატუსით.

პარტია ოფიციალურ რეგისტრაციამდე სხვა პოლიტიკოსებთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, თუმცა მედეა ვასაძე არ გამორიცხავს, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსი შეიძლება აღმოჩნდეს „ემსახურე საქართველოს“ რიგებში.

მედეა ვასაძემ „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ წელს გეგმავენ არჩევნებში მონაწილეობას. მისი თქმით, ახალდაფუძნებულ პარტიას „არა თუ ბარიერის გადალახვის შანსი, არამედ სერიოზული წარმატებების მიღწევის შანსები აქვს“.

13664678_1131767076896484_478214943_n
პარტია „ემსახურე საქართველოს“ პირველი ყრილობა / 25.07.2016

დავით ბალაძე აჭარაში საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მრჩეველი იქნება

დავით ბალაძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩევლად დაინიშნა. ინფორმაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში დაგვიდასტურეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, ყოფილი მინისტრი მრჩევლად მხოლოდ აჭარის რეგიონზე იმუშავებს, თუმცა უცნობია, სად იქნება მისი სამუშაო ადგილი და რა იქნება მისი მოვალეობა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ახალი შტატი შექმნა დავით ბალაძისთვის. აქამდე მინისტრის მრჩეველი, რომელიც კონკრეტულად აჭარის რეგიონზე იმუშავებს, არ არსებობდა. დავით ბალაძე რომ აჭარის მთავრობის აპარატში არ იმუშავებს, ეს აჭარის მთავრობის პრესსამსახურის უფროსმა, სოფო გუჯაბიძემ გვითხრა. ამ დრომდე ინფორმაციას არ გვიდასტურებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო. დავით ბალაძემ დღეს “ბათუმელების” სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. იგი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად 2012 წლიდან მუშაობს. მან მინისტრის პოსტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე – არჩილ ხაბაძესთან ერთად დატოვა.

ამ დროისთვის უმუშევარია არჩილ ხაბაძე. პარტია „ქართული ოცნების“ წევრის, ირაკლი მიქელაძის თქმით, არჩილ ხაბაძე მხოლოდ პარტიის წევრია და ამ დროისთვის ის რომელიმე თანამდებობას პარტიის სტრუქტურაში არ იკავებს.

კიდევ ერთი ყოფილი მინისტრი – ზაურ ფუტკარაძე ლექციების წასაკითხად ემზადება ბათუმის საზღვაო აკადემიაში: „ლექტორად ადრეც ვმუშაობდი და ახლა უფრო მეტი საათის აღებას ვაპირებ. საჯარო უწყებაში მუშაობის სურვილი აღარ მაქვს“, – უთხრა ზაურ ფუტკარაძემ „ბათუმელებს“. მან ჩვენთან საუბრის დროს არ გამორიცხა იმ ბიზნესწილების გამოსყიდვა, რაც მას მინისტრობამდე ჰქონდა.

შენიშვნა: მოგვიანებით დაგვიკავშირდა და დავით ბალაძის მინისტრის მრჩევლად დანიშვნა დაგვიდასტურა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, თეა ბოლქვაძემ. მისი თქმით, დავით ბალაძე კონკრეტულად აჭარაზე არ იმუშავებს და არც ახალი შტატი შექმნილა. მრჩეველს დავალებებს კონკრეტულად მინისტრი განუსაზღვრავს.

უნივერსიტეტებს შორის მობილობის პროცესი იწყება

27 ივლისს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის მობილობის პროცესი იწყება. ერთი უნივერსიტეტიდან სხვა უნივერსიტეტში გადასვლის მსურველი სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ საიტზე  www.students.eqe.ge.

უნივერსიტეტების მიერ გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულებით ჩატარდება. მისაღებ ბარიერს თავად უნივერსიტეტები აწესებენ.

დღეს, დღის ბოლომდე დაზუსტდება ვაკანტური ადგილების რაოდენობა. რეგისტრაცია იწარმოებს 27 ივლისიდან 18 აგვისტომდე.

ზოგად უნარებში დაახლოებით 6 000 აბიტურიენტი ჩაიჭრა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ზოგადი უნარების შედეგები გამოაქვეყნა. naec-ს პრესსამსახურის ინფორმაციით ზოგადი უნარების გამოცდაში დაახლოებით აბიტურიენტების 16% – 6000 აბიტურიენტი ჩაიჭრა.

ტესტის პირველ, მეორე და მეოთხე ვარიანტში მინიმალური გამსვლელი ქულა იყო  24, ხოლო მესამე ვარიანტში  23 .

გამოცდების შედეგების ნახვა შესაძლებელია ვებ გვერდზე naec.ge.  ასევე აბიტურიენტები „მაგთის“,  „ჯეოსელის“ და „ბილაინის“  ქსელიდან თუ გააგზავნიან თავიანთ საინდეტიფიკაციო კოდს sms-ის სახით ნომერზე 93333 მიიღებენ ინფორმაციას საკუთარი შედეგების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ  წელს გამოცდებს აბარებდა 38 500 აბიტურიენტი.

ბათუმში წინასაარჩევნოდ მედიაცენტრი გაიხსნა

დღეს, 26 ივლისს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მედიაცენტრი გაიხსნა.

მედიაცენტრში მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაჟორიტარობის კანდიდატებსა და პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობა ექნებათ წინასაარჩევნო პერიოდში მოაწყონ დისკუსიები და გაავრცელონ ინფორმაცია. ასევე დაგეგმილია მედიაბრიფინგების ორგანიზება, კანდიდატებს შორის წინასაარჩევნო დებატების მოწყობა/ჩატარება, ჟურნალისტებისთვის არჩევნებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება და არჩევნების დღეს არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის მსგავსად, მედიაცენტრები გაიხსნა საქართველოში არსებულ სხვა ცენტრებშიც. მათივე ინფორმაციით, მედიაცენტრები იმუშავებენ 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით.

“დემოკრატიის ინსტიტუტი” ხელვაჩაურში ეკომიგრანტი ოჯახების შემსწავლელი კომისიის მუშაობას აფასებს

„დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულ  და თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახების შემსწავლელი კომისიის მუშაობის პროცესის შეფასება და რეკომენდაციები გამოაქვეყნა.

კომისია  მარტში შეიქმნა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლის პროგრამისათვის, თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ეკომიგრანტები უნდა შეარჩიოს.

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ შეფასებით „კომისიის მუშაობის სისტემა, პროცედურები მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებელი და გასაძლიერებელია“.

გავრცელებულ განცხადებაში ჩამოთვლილ პრობლემებს შორისაა კომისიის მუშაობის პროცესისადმი კომისიის წევრების დამოკიდებულება – დემოკრატიის ინსტიტუტის შეფასებით კომისიის წევრები ხშირად არ ესწრებიან სხდომებს, ან მალევე ტოვებენ. განცხადებაში ასევე საუბარია მათი მხრიდან დოკუმენტაციის ზედაპირულ შესწავლასა და კომისიის მუშაობის სტრატეგიის არარსებობაზე.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კომისია  არ თანამშრომლობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროსთან, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით გააჩნია ერთადერთი ელექტრონული ბაზა, რომელშიც აღრიცხულია ეკომიგრანტი ოჯახები.

კომისიის წევრები არიან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს წარმომადგენლები.

კინო ღია ცის ქვეშ ბათუმში

ყოველ საღამოს, კარგ ამინდში, ბათუმის პარკში, ღია ცის ქვეშ, მხატვრული ფილმებს აჩვენებენ. დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მინდორში, რომელიც დაახლოებით 200-300 მაყურებელს იტევს, რამდენიმე ათეული ნარინჯისფერი პუფიც დაგხვდებათ, თუმცა იმისთვის, რომ ადგილი გარანტირებული გქონდეთ, უმჯობესია თავი დაიზღვიოთ და სახლიდან პლედი მაინც წამოიღოთ.

„კინოთეატრი ჩარლი“ – ასე ქვია „სინემა გრუფისა“ და აჭარის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ პროექტს, რომელიც 21 ივლისიდან ამოქმედდა და კინოჩვენებების მოწყობას სექტემბრის ბოლომდე აპირებს. „შესაძლოა კინოჩვენებები ოქტომბერშიც გაგრძელდებს, ამინდზე ვართ დამოკიდებული,“ – ამბობს „სინემა გრუფის“ ადმინისტრაციის წარმომადგენელი რატი ქერქაძე.

პროექტის ორგანიზატორების თქმით, ყოველდღე, როცა არ იწვიმებს, ბათუმის 6 მაისის პარკში ორი ან სამი კინოსეანსი მოეწყობა ბავშვებისა და მოზრდილებისთვის. პირველი სეანსი საღამოს 9 საათზე დაიწყება, ბოლო სეანსი კი – 11:30-ზე და პირველ საათამდე გაგრძელდება. 3-4 დღის ანონსი ქალაქში აფიშების სახით გამოიკვრება.

როგორც „სინემა გრუფში“ გვითხრეს, ღია ცის ქვეშ ძირითადად გასართობ, სათავგადასავლო და კომედიური ჟანრის ფილმებს აჩვენებენ. ფილმები ნაჩვენები იქნება როგორც ქართული, ისე რუსული და ინგლისური გახმოვანებით. პროექტი კომერციული არ არის და კინოფილმების ნახვა ღია ცის ქვეშ უფასოდ შეიძლება.

კინოჩვენება ღია ცის ქვეშ
კინოჩვენება ღია ცის ქვეშ

პროექტის ორგანიზატორების თქმით, მომავალში კინოთეატრი „ჩარლი“ საქართველოს სხვა რეგიონებშიც იმოგზაურებს.

ბათუმში ღია ცის ქვეშ ფილმების ნახვა მაყურებელს აქამდე მხოლოდ ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ კინოჩვენებებზე შეეძლო. კინოფესტივალის მენეჯერი, ზვიად ელიზიანი წლებია ამბობს, რომ ერთი კინოთეატრი ბათუმისთვის არანაირად არ არის საკმარისი და ეს მხოლოდ ფესტივალის დროს არის პრობლემატური საკითხი. იგი მუნიციპალური კინოთეატრის საჭიროებაზე საუბრობს: „ზოგადად აუცილებლია არსებობდეს ალტერნატიული სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება არაკომერციული კინოს ჩვენება. ბევრ ქვეყანაში მოქმედებს მუნიციპალური კინოთეატრი, რაც საშულებას აძლევს კინომოყვარულებს იხილონ ის ფილმები, რომლებიც არასდროს გავა კომერციულ კინოთეატრში ან ტელევიზიაში. თუ ბათუმს აქვს პრეტენზია გახდეს ევროპული ქალაქი, კულტურის ერთ-ერთი ცენტრი ქვეყანაში – აუცილებელია ალტერნატიული კინოსივრცეების არსებობა,“ – ამბობს ის.

წელს ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ორგანიზატორებმა ბათუმის მერიას ღია ცის ქვეშ კინოჩვენებებისთვის გათვლილი მობილური კომპლექსის (ეკრანი, პროექტორი, აუდიოსისტემა) შეძენის ინიციატივით მიმართეს, თუმცა როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, მერიამ საინიციატივო ჯგუფის მიერ მოთხოვნილი ეკრანის ნაცვლად LCD ეკრანი იყიდა, რომელიც კინოს საჩვენებლად არ გამოდგება, რადგან მას სხვა პარამეტრები აქვს.

„საკრებულომ მხარი დაუჭირა ჩვენს პროექტს, დამატებით რვა წერილი (ქართველი რეჟისორების ერთობლივი წერილი, ოდესის, ვროცლავის და ჩიკაგოს ფესტივალების მენეჯმენტის, კინოთეატრების დამპროექტებელი პოლონური კომპანიის და ა.შ.) წარვადგინეთ, რომ კინოჩვენებებისთვის კინოეკრანია აუცილებელი და LCD ეკრანი არ გამოდგება ამისთვის. გვქონდა შეხვედრები და კონსულტაციები ვიცე-მერთან, ბატონ ალეკო მითაიშვილთან, რომელიც დაგვიპირდა, რომ მოხერხდებოდა კინოჩვენებებისთვის აუცილებელი მაღალი ხარისხის პროექტორის შეძენა. ჩვენთვის არსებული ბოლო ინფორმაციით, მზადდება ამისთვის საჭირო ტექნიკური დოკუმენტაცია (ტენდერისთვის) და იმედი გვაქვს, რომ სექტემბრამდე მოხერხდება მისი შეძენა,“ – ამბობს ზვიად ელიზიანი, ბათუმის საავტორო კინოფესტივალის მენეჯერი.

ბათუმის კინოფესტივალის ფარგლებში, ღია ცის ქვეშ კინოს უკვე რამდენიმე წელია აჩვენებენ ერას მოედანზე, ეს ტრადიცია წელსაც გაგრძელდება – ბათუმის მერიის მიერ ნაყიდი ან BIAFF-ის მიერ ნაქირავები ტექნიკური აღჭურვილობით.

კიდევ ერთი პროექტი, რომლის ფარგლებშიც მომავალში ჩამოვლენ და ბათუმში ღია ცის ქვეშ კინოს აჩვენებ, „მოხეტიალე კინოთეატრია“, რომლის ავტორებიც რუსთაველი სტუდენტები არიან.

„ჩვენს ქალაქში არ არის კინოთეატრი და სწორედ აქედან წამოვიდა ამ ტიპის კინოთეატრის შექმნის იდეა. 2012 წლიდან ვაწყობთ ასეთ კინოჩვენებებს იმ რეგიონებში, სადაც კინოთეატრები არ არის. ახლა გასვლით კინოჩვენებებს ვგეგმავთ და სამომავლოდ ბათუმშიც ვაპირებთ ჩამოსვლას. გვინდა სოფლები და ის რეგიონები მოვიცვათ, სადაც ასეთი სივრცეების ნაკლებობაა,“ – ამბობს „მოხეტიალე კინოთეატრის“ იდეის ავტორი და ორგანიზატორი ლევან კურტანიძე.

ლევან კინწურაშვილი: ველოდი, რომ სასამართლოში გვიჩივლებდნენ

ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე გონიოელების მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანას გამოეხმაურა. „ამას ველოდი. ჩვენი გადაწყვეტილება არის ახალი გარემოება გონიოელებისთვის, რომ მათ სასამართლოში დავა განეახლებინათ“ – ამბობს ლევან კინწურაშვილი.

60-მა გონიოელმა სასამართლოში სარჩელი ბათუმის საკრებულოს წინააღმდეგ დღეს შეიატანა. გონიოელების ინტერესებს სასამართლოში “საერთაშორისი გამჭვირვალობა საქართველო” დაიცავს. სარჩელის მოთხოვნა საკრებულოს საკუთრების კომისიის 27 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი გადაწყვეტილების მიღებაა.

„საკრებულოს შესაბამისი გადაწყვეტილება არის ბუნდოვანი, აბსურდული და ის არავითარ სამართლებრივ შედეგს არ მოიტანს“ – აცხადებს ანა ბერძენიშვილი, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტი.

ლევან კინწურაშვილი ამბობს, რომ სასამართლოში ვინც უჩივლა, სამოცივე ოჯახის შემთხვევა სასამართლოს აქვს განხილული და მათ შესახებ საკრებულოს კომისია ვერ იმსჯელებდა: “სასამართლომ თქვა, რომ მათ კანონიერად ჩამოერთვათ მიწის ნაკვეთები. ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ იმაზე, რაზეც უკვე სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს”

ანა ბერძენიშვილის თქმით კი, სამოცი გონიოელიდან მხოლოდ ათია ისეთი, ვისზე სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს: “სამოცივეს საქმე განხილული რომ ჰქონდეს სასამართლოს, ეს არ უშლიდა ხელს საკრებულოს კომისიას, ხელახლა ინდივიდუალურად შეესწავლა თითოეული მათგანის საქმე. არცერთ კანონში არ წერია, რომ სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, საკრებულოს უფლებამოსილ კომისიას არ აქვს საშუალება, აღიაროს საკუთრება. საკრებულოს საკუთრების კომისიას არ უცდია გამოერკვია, იყო თუ არა რაიმე ახალი გარემოება, მტკიცებულება, რაც სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მათთვის მიწის ხელახლა აღიარების საფუძველი გაჩენილიყო.“

„დავეთანხმები საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს იურისტს, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო ბუნდოვანი, მაგრამ ვერ დავეთანხმები იმას, რომ ის არაა სამართლებრივი შედეგის მომტანი. ეს არაკომპეტენტური განცხადებაა, ან ემსახურება სხვა მიზნებს. თუკი არსებობს ახალი მტკიცებულებები, ის უნდა განიხილოს სასამართლომ” – უთხრა ლევან კინწურაშვილმა “ბათუმელებს”.

“თავად საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გონიოს მიწებზე არის სრულიად არაკომპეტენეტური”, – ამბობს ანა ბერძენიშვილი “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან”: “ჩვენი ორგანიზაციის კომპეტენტურობას ადასტურებს სასამართლოს ორ ინსტანციაში გონიოს მკვიდრის, ენვერ ირემაძის საქმის მოგება, ვის ინტერესებსაც ასევე ჩვენ ვიცავთ. სასამართლომ თქვა, რომ მისი საქმე უნდა განიხილოს საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ იმის მიუხედავად, რომ სასამართლოს მანამდე აქვს გადაწყვეტილება მიღებული იგივე ენვერ ირემაძის საქმეზე. ჩვენ კომპეტენციას ადასტურებს თავად ლევან კინწურაშვილის კომისიაში ჩვენი ჩართულობაც. მათი მიწვევით ვმუშაობდით ჩვენ კომისიაში და გავეცით რეკომენდაციები”

 

სოფელ ზედა აჭყვაში მისასვლელი გზა ორ კვირაზე მეტია ჩახერგილია

ზედა აჭყვაში, მეწყრის შედეგად ჩახერგილი გზის გაწმენდითი სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. ამის შესახებ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა კახა შაშიკაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ივლისის დასაწყისში, მეწყრული პროცესების განვითარების დროს ადგილზე იმყოფებოდნენ როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა და შესაბამისი სამსახურები, ასევე აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების შესაბამისი სამსახურები, საგზაო და გეოლოგიური სამსახურები. თუმცა მეწყრული პროცესების მასშტაბურობის გამო, ამ დრომდე ვერ მოხერხდა გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება. „უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, ისინი მეწყრული პროცესების დასტაბილურებას ელოდებოდნენ. ამას გეოლოგიური სამსახურიც გვიდასტურებს“, – განაცხადა კახა შაშიკაძემ. მისივე განცხადებით, ამ ეტაპისთვის მეწყრული პროცესები უკვე დასტაბილურებულია, გზების დეპარტამენტი მობილიზებულია და აღნიშნული გზების გაწმენდა უახლოეს დღეებში დაიწყება.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ღებულობს გადაწყვეტილებას, ცხოვრებისათვის საფრთხის შემცველი სახლებიდან ოჯახების დროებით ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაყვანის შესახებ. ხოლო თუკი დაზიანებულ სახლებზე აღდგენითი სამუშაოების ჩატარება იქნება შეუძლებელი, კომისია განიხილავს ამ ოჯახებისთვის ალტერნატიული ფართობის შეთავაზების საკითხს.

როგორც „ბათუმელებს“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლმა, სულხან ევგენიძემ უთხრა, სტიქიის შედეგად დაზარალებული ორი ოჯახიდან ერთ-ერთი უკვე გადაყვანილია დროებით ალტერნატიულ საცხოვრებელში, ხოლო მეორე ოჯახისათვის უკვე გამოძებნილია შესაბამისი ფართობი და უახლოეს მომავალში მოხდება გადაყვანა.

ქობულეთში 9 ივლისს მეწყრული პროცესები განვითარდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: ხალა, აჭყვისთავი, ჩაისუბანი, ჭახათი, ზედა აჭყვა. მაშინ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობდა გზების გაწმენდითი სამუშაოები, ხოლო გეოლოგების მოთხოვნით სახლის დატოვება მოუწია ერთ ოჯახს სოფელ ლეღვაში, ერთ ოჯახს – ხალაში, ერთს – ჭახათში, ხოლო ორ ოჯახს – სოფელ ზედა აჭყვაში.

ბათუმში მედიკამენტოზური ინტოქსიკაციით ორი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს

დღეს, 25 ივლისს, ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისში მდებარე ერთ-ერთი ღია ბარიდან, უგონო მდგომარეობაში მყოფი ორი ახალგაზრდა მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც „ბათუმელებს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში უთხრეს, სავარაუდო მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია: „ადგილზე მისულ ბრიგადას ერთ-ერთი გონებადაკარგული დახვდა, ხოლო მეორეს ღებინება ჰქონდა. ორივე უკონტაქტო იყო, სავარაუდოდ 24-25 წლის“.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ადასტურებენ, რომ პაციენტები მედიკამენტოზური ინტოქსიკაციით შეიყვანეს საავადმყოფოში და ამ დროისათვის მათ უტარდებათ დეზინტოქსიკაციის პროცედურა.

„ჩვეულებრივი მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა. ერთ-ერთი მათგანი უფრო მეტად აღგზნებულია, მეორე უფრო მეტად ადექვატური, მაგრამ ამ წუთში რეანიმაციის საჭიროება ან რამე ასეთი არ არსებობს, სტაბილურ მდგომარეობაში არიან“, – გვითხრეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში და იქვე დასძინეს, რომ მსგავსი შემთხვევები ხშირია.

რიოს ოლიმპიურ თამაშებზე აჭარიდან 6 სპორტსმენი იასპარეზებს

ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში  31-ე ოლიმპიურ თამაშები საქართველოდან 39 სპორტსმენი 13 სახეობაში იასპარეზებს.

ოლიმპიურ ნაკრებში 6 სპორტსმენი აჭარის რეგიონიდანაა:  შმაგი ბოლქვაძე [ჭიდაობა], ხათუნა ნარიმანიძე [მშვილდოსნობა], იულია ლობჟანიძე [მშვილდოსნობა], ვარლამ ლიპარტენიანი [ძიუდო], ამირან პაპინაშვილი [ძიუდო], ირაკლი თურმანიძე [ძალოსნობა].

DSCN0645ოლიმპიური თამაშების ზოგიერთ მონაწილეს, დღეს, 25 ივლისს,  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე,  ზურაბ პატარაძე  შეხვდა. შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი მუხრან ვახტანგაძე და მწვრთნელებიც ესწრებოდნენ, რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პრობლემაზეც ისაუბრეს.

მუხრან ვახტანგაძის თქმით, სპორტსმენები აჭარიდან ოლიმპიადაზე მედლებს აუცილებლად მოიპოვებენ. თუმცა, ისიც აღნიშნა, რომ  წინასწარ პროგნოზის გაკეთება ძნელია. სპორტსმენებს წარმატებები უსურვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძე: „ჩემი ოცნება იყო ოლიმპიურ თამაშებზე მიმეღო მონაწილეობა და მოვიპოვე კიდეც ოლიმპიური ლიცენზია.  4 აგვისტოს მივემგზავრები რიოში. მოსამზადებელი წვრთნები  ბელორუსიაში გავიარე. ყველანაირად ვეცდები, გავხდე ოლიმპიური ჩემპიონი და ვასახელო სამშობლო, ჩემი კუთხე.“

გონიოელებს ბათუმის საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვთ

ბათუმის საკრებულოს წინააღმდეგ გონიოში მცხოვრები 60 მოქალაქე სასამართლოში სარჩელს დღეს, 25 ივლისს, 5 საათზე შეიტანს. ისინი საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიის 27 ივნისის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ოქმი. 2010 წელს ამ ოქმით გონიოში 271 ოჯახს ის მიწის ნაკვეთები ჩამოართვეს, რომელიც მანამდე რამდენიმე თვით ადრე, წინასაარჩევნოდ დაურეგისტრირეს.

გონიოელების ინტერესებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ დაიცავს. ორგანიზაციის შეფასებით, საკრებულოს კომისიის გადაწყვეტილება არის აბსურდული და ის სამართლებრივ შედეგს ვერ მოიტანს: „ამის მაგალითია საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე რამდენიმე გონიოელის მიმართვა საჯარო რეეესტრისთვის. რეესტრმა მათ უპასუხა, რომ მიწის დარეგისტრირებისთვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარე არაოფიციალუარდ ეუბნება გონიოს მკვიდრებს, ნახაზები და ორთოფოტოები წარმოადგინეთო. ეს არ ხდება ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, რაც აძლიერებს ეჭვს, რომ საკრებულო პროცესის კიდევ უფრო გაჭიანურებას ცდილობს“, – ამბობს “ბათუმელებთან” ანა ბერძენიშვილი, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტი.

ანა ბერძენიშვილის შეფასებით, საკრებულოს არ სჭირდებოდა 4 წელი იმის სათქმელად, რომ ვერ იმსჯელებს შემთხვევებზე, რაც უკვე განიხილა სასამართლომ: “ასევე საკრებულოს კომისიამ ამ გადაწყვეტილებით გონიოელებს უთხრა, ვისაც მართლზომიერების დამადასტურებელი დოკუმენტი გაქვთ, მიმართეთ საჯარო რეესტრსო. გაურკვეველია, რას ნიშნავდა კომისიის ეს მოწოდება, როცა ცნობილია, რომ საკუთრების აღიარებამდე გონიოელებს თვითნებურად ჰქონდათ დაკავებული მიწის ნაკვეთები”.

გონიოელები სასამართლოში საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც კომისიამ ინდივიდუალურად უნდა შეისწავლოს თითოეული შემთხვევა.

საკრებულოს 27 ივნისის გადაწყვეტილებამდე გონიოელები საპროტესტო აქციებს მართავდნენ ბათუმის საკრებულოს შენობასთან. 22 ივნისს გონიოელების საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობასთან პოლიციამ უკანონოდ დაშალა.

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი მეისი გრეიმ დახურა

24 ივლისს, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში, შავი ზღვის რიგით X ჯაზ-ფესტივალი სოულის ამერიკელი შემსრულებლის მეისი გრეის კონცერტით დაიხურა.

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი 15 ივლისს 27 გრემის მფლობელი ჯაზის მუსიკოსის ქუინსი ჯონსის პროექტით  – QUINCY JONES & THE GLOBAL GUMBO ALL STARS-ით გაიხსნა. სადაც ქუინსი ჯონსმა ფესტივალის სტუმრებს  არტისტი – რიჩარდ ბონა, ალფრედო როდრიგესი და ჯეიკობ კოლიერი, პირადად წარუდგინა.

ჯეიკობ კოლიერი

16 ივლისს, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში, მაყურებლის წინაშე მაილს ელექტრიკ ბენდი  (MILES ELECTRIC BAND) წარსდგა. 11 მუსიკოსისგან დაკომპლექტებულიმა ბენდმა  მაილს დევისის დისშვილის, მუსიკოსი ვინს უილბერნის ხელმძღვანელობით, მაილს დევისის „ელექტრონული პერიოდის“ მუსიკა დაუკრა.

მაილს ელექტრიკ ბენდი

17 ივლისს, ფესტივალის ფარგლებში, ამერიკელი მომღერლის, კომპოზიტორის, რეპერისა და პროდიუსერის  – მის ლორენ ჰილის კონცერტი ჩატარდა. მუსიკოსი შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზე 17 კაციანი ბენდით წარსდგა და კონცერტი სიმღერით – Conformed To Love-ით გახსნა.

მის ლორენ ჰილი

21 ივლისს, შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში, ფესტივალისთვის ჟანრობრივად ყველაზე მოულოდნელი და ყველაზე მოთხოვნადი – ბრიტანული ელექტრონული ჯგუფის The Prodigy-ს კონცერტი ჩატარდა. კონცერტზე ყველა ბილეთი გაიყიდა.

22 და 23 ივლისს, თურქეთში მომხდარი მოვლენების გამო, ფესტივალის მონაწილეთა სიაში ცვლილებები მოხდა. კერძოდ, 22 ივლისს დაგეგმილი ჯეიმი კალუმის კონცერტის ნაცვლად, ფესტივალზე ამერიკელმა ბასისტმა, კომპოზიტორმა და მომღერალმა ნიკ ვესტმა იმღერა. 23 ივლისს კი, ბათუმის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში, ამერიკელი პოპვარსკვლავის ქრის ბრაუნის ნაცვლად ამერიკელი რეპერი, პროდიუსერი და მსახიობი ბასტა რაიმსი გამოვიდა.

მათ ვისაც ქრის ბრაუნისა და ჯეიმი კალუმის კონცერტზე ნაყიდი ბილეთები, სანაცვლოდ გამოსული შემსრულებლების კონცერტებზე არ გამოუყენებით, შეუძიათ ბილეთები უკან დააბრუნონ. ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის ინფორმაციით – მათ თანხა სრულად აუნაზღაურდებათ. ბილეთების თანხის დაბრუნება 27 ივლისიდან იწყება.

ფესტივალის ფარგებში ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს, ფასიანი კონცერტების გარდა, საშუალება ჰქონდათ უფასოდ დასწრებოდნენ „BRASS BAND“-ების კონცერტებს, რომელიც ბათუმის ბულვარში მთელი დღის განმავლობაში იმართებოდა.

ამავე თემაზე: შავი ზღვის ჯაზფესტივალის 7 დღე ბათუმში – რას მოვუსმენთ

შეთანხმება თუ გარიგება – განუხორციელებელი „ყაზახური ინვესტიცია“ აჭარაში

კომპანიასთან, რომელმაც ათი წლის განმავლობაში ნაკისრი ვალდებულებები, ფაქტობრივად, ვერ შეასრულა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ახალი შეთანხმება გააფორმა. ამით „ყაზახურ ინვესტიციასთან“ დაკავშირებული ხელშეკრულება ახალი პირობებით ამოქმედდა. აჭარის უკვე ყოფილ მთავრობას ახალი შეთანხმებისთვის ოთხი წელი დასჭირდა. ხელშეკრულება სწორედ მაშინ გაფორმდა, როცა მწვანე კონცხით მილიარდერი, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა.

რაზე შეთანხმდნენ მთავრობა და კერძო კომპანია იმ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, სადაც დაგეგმილი პროექტების განხორციელება 10 წლის წინ უნდა დაწყებულიყო და სადაც, ძირითადად, ტურისტული ობიექტები იყო განთავსებული? რა ბედი ელის აჭარის სანაპირო ზოლში ამ ქონებას მაშინ, როცა აღნიშნული ზოლით უკვე „ქართუ ჯგუფიცაა“ დაინტერესებული?

რატომ არ შესრულდა ვალდებულებები

21 ობიექტი, ყაზახური ინვესტიციის განხორციელების პირობით, 2006 წელს, მაშინდელმა მთავრობამ ნიდერლანდებში ერთი კვირის დარეგისტრირებულ კომპანიას მიჰყიდა.

მყიდველმა 21-დან მხოლოდ ერთი ვალდებულება შეასრულა – „მედეას“ ადგილზე „რედისონ ბლუ“ ააშენა. დანარჩენ ობიექტებზე პროექტები დღემდე განუხორციელებელია, ქონება – დანგრეული ან გავერანებული.

„2006 წელს განხორციელდა ობიექტებში შესახლებული იძულებით გადაადგილებული პირების ოჯახების კომპენსირება; 2007 წელი დაეთმო უსახური და ექსპლუატაციისათვის უვარგისი ობიექტების დემონტაჟს; საქართველოში პირველად, აფეთქების გზით მოხდა სასტუმროების: „მესხეთის“, „აისისა“ და „ჰორიზონტის“, ასევე სხვა შენობების დემონტაჟიც, ტერიტორიების მოსუფთავება და შემოსაზღვრა.

კომპანიამ რამდენიმე მილიონი აშშ დოლარი დახარჯა აღნიშნულ სამუშაოებზე. პარალელურად, მიმდინარეობდა პროექტების განვითარების კონცეფციის შემუშავება და ანგარიშგების მიწოდება აჭარის მთავრობაში,“ – უთხრეს „სილქ როუდ ჯგუფში“ „ბათუმელებს“.

ათი წლის წინ ყაზახ პარტნიორებთან ერთად საქართველოში ინვესტიციების განხორციელების სურვილი სწორედ „სილქ როუდ ჯგუფმა“ გამოთქვა, მიზანი აჭარაში ტურიზმის, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა იყო.

IMG_1505
მწვანე კონცხი

რატომ არ დაიწყო მშენებლობა? – კომპანიაში აცხადებენ, რომ სამშენებლო პროცესის დაწყება 2008 წლისათვის იყო დაგეგმილი, თუმცა, „მსოფლიოში არსებულმა ფინანსურმა კრიზისმა, შემდგომ საქართველოში მომხდარმა ომმა, მნიშვნელოვნად შეაფერხა საინვესტიციო პროექტი. შეთანხმებული პროექტებიდან მხოლოდ სასტუმრო „რედისონის“ მშენებლობის დასრულება შევძელით 2011 წელს“.

გაუმჭვირვალე პროცესი გარიგების ელფერით

„ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო კომპანიის მიმართ არავითარი სანქცია არ გატარებულა; მხარეების მიერ ხელმოწერილი ნასყიდობის ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, საკითხი [ხელშეკრულების ბათილობის მოთხოვნის შემთხვევაში] საბოლოო გადაწყვეტისთვის პარიზში, საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან არსებულ საარბიტრაჟო სასამართლოს უნდა გადაცემოდა. ამ უფლებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ამ დრომდე არ უსარგებლია,“ – ესაა ამონარიდი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევიდან, რომელიც ორგანიზაციამ გასული წლის ივნისში გამოაქვეყნა.

„ამჯერად, ახალი შეთანხმებით, ეს ქონება ფაქტობრივად დაბრუნებულია აჭარის საკუთრებაში და კომპანიებთან ურთიერთობა გაგრძელდება ახალი პირობებით,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ გელა ცინცაძემ, რომელსაც შეთანხმებაზე ხელი მოწერილი აქვს, როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურისტს.

შეთანხმება, ერთი მხრივ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და მეორე მხრივ, კომპანიებს – „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვი.“-ს, „აჭარის კურორტებს“, „ქობულეთის კურორტებსა“ და „აჭარა რიალ ისთეითს“ შორის გაფორმდა. მეორე მხარის, ანუ ამ ოთხი კომპანიის მხრიდან, როგორც მყიდველი, შეთანხმებას მხოლოდ ერთი, მინდობილი პირი და დირექტორი, სერგო ცანავა აწერს ხელს.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის სერგო ცანავას დაუკავშირდა, რომელმაც ფაქტობრივად „სილქ როუდ ჯგუფში“ გადაგვამისამართა. კითხვებზე პასუხები ამ კომპანიიდან კი წერილობით მივიღეთ.

„რადგან ვალდებულება ვერ შესრულდა, ქონების დაბრუნება, მეტ-ნაკლებად სწორი ფორმაა. თუმცა, ამ პროექტთან დაკავშირებით პროცესები გამჭვირვალე არ არის, რადგან, თუ საჯარო მოხელეების ზეპირი განცხადებებით ვიმსჯელებთ, დაბრუნდა ქონების მხოლოდ ნაწილი, რაც ეჭვებს აჩენს. როცა ინფორმაცია სრული არ არის და არ კეთდება განმარტებები, ეს სულ ცოტა, გარიგებების ელფერს აძლევს პროცესს. როცა ჩვენი ორგანიზაცია დაინტერესდა საკითხით, მთელი პროცესი ისე წარიმართა, რომ ინფორმაცია ფაქტობრივად არ მოგვაწოდეს და ეს იმ ფონზე, როცა აჭარის ყოფილი მთავრობის თავმჯდომარე და ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ქონების დაბრუნებაზე საჯარო განცხადებებს აკეთებდნენ,“ – ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანალიტიკოსი ნათია ზოიძე.

ახალი შეთანხმება და პირობები

ინფორმაციის სრულად მიღება სამინისტროდან და აჭარის მთავრობიდან „ბათუმელებსაც“ გაუჭირდა. ამჯერად მიზეზად მთავრობის გადაყენების პროცესი დასახელდა. მიუხედავად ამისა, სამინისტრომ მოგვაწოდა შეთანხმების ტექსტი, სადაც აღნიშნულია, რომ მხარეებს სურთ შეცვალონ არსებული ხელშეკრულებები, თუმცა მიზეზებზე მასში საუბარი არ არის. ერთადერთი, აღნიშნულია, რომ მხარეები შეთანხმების გაფორმებისას მოქმედებდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის 2016 წლის 20 აპრილის ბრძანებითა და მთავრობის ამავე დღეს გამოცემული განკარგულების შესაბამისად [ამ დოკუმენტების მიღებას მთავრობიდან ველოდებით]. ახალი შეთანხმება კი, როგორც რეესტრის ამონაწერებიდან ჩანს, მთავრობის თავმჯდომარის ბრძანების გამოცემიდან ოთხ დღეში, 24 აპრილსაა დამოწმებული.

„სილქ როუდ ჯგუფში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „პროექტის მასშტაბურობის გათვალისწინებით, 2006 წლიდან დღემდე, მუდმივად ხდებოდა მისი დახვეწა და განვითარება. ეს სამუშაო პროცესია და სხვანაირად შეუძლებელია კონკრეტული ობიექტების მიზანშეწონილობაზე მსჯელობა“.

კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ „მიზანშეწონილობის კვლევიდან გამომდინარე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება საინვესტიციო პროექტის ახალი ფორმით ჩამოყალიბების შესახებ… ახალ პროექტებში მკაცრადაა გაწერილი ინვესტიციების მოცულობა, პროექტების განხორციელების რეალური ვადები და გრაფიკი“.

სილქ როუდ ჯგუფი დაქართუ ჯგუფი მწვანე კონცხზე

შეთანხმების მიხედვით, მყიდველმა 2017 წლის 31 დეკემბრამდე უნდა უზრუნველყოს მწვანე კონცხის ტერიტორიაზე არსებული 6 ობიექტის [ყოფილი სანატორიუმ „აჭარას“ სამი კორპუსი, დასასვენებელი სახლი „მწვანე კონცხი“, ტურბაზა „მწვანე კონცხი“ და პიონერთა ბანაკი „მწვანე კონცხი“] განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავება, წარდგენა და დამტკიცება. ამასთან, 2020 წლის 31 დეკემბრამდე, ჯამში, 18 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება.

მწვანე კონცხზე, გასულ წელს, ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტერიტორიის დიდი ნაწილი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ – „ბიზნეს დეველოპმენტმა“ შეისყიდა. ამ კომპანიამ აქ არანაკლებ 30 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

IMG_1504
მწვანე კონცხი

ამ ტერიტორიის გვერდით, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში და მის მიმდებარედ კი მრავალმილიონიან პროექტებს „ფონდი ქართუ“ ახორციელებს. უნდა აშენდეს საბაგირო გზაც. ფაქტობრივად, სწორედ ამ ტერიტორიებს ესაზღვრება მწვანე კონცხზე ყოფილი სანატორიუმები, ძირითადად სანატორიუმ „აჭარას“ პირველი, მეორე და მესამე კორპუსები.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, თუ რა კავშირშია ეს პროექტები და ახალი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები ერთმანეთთან და ხომ არ იგეგმება „მწვანე კონცხის პროექტის“ მხოლოდ „ქართუს“ მიერ განხორციელება?

„ბიზნეს დეველოპმენტში“ თავის დროზე „ქართუ ჯგუფთან“ ურთიერთობის შესახებ გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია.

რაც შეეხება „სილქ როუდ ჯგუფს“, ისინი სხვა ინვესტორებთან თანამშრომლობისთვის მზად არიან: „ქართუ ჯგუფის“ წარმომადგენლებთან გვქონდა შეხვედრები და ინფორმაციის დონეზე ზოგადად განვიხილეთ მწვანე კონცხის განვითარების პერსპექტივები, თუმცა ერთობლივი პროექტის განხორციელებაზე მსჯელობა არ ყოფილა. მწვანე კონცხის პროექტის განხორციელებას ვახდენთ ჩვენ მიერ შემუშავებული გეგმით, დამოუკიდებლად, თუმცა მზად ვართ სხვა ინვესტორებთან თანამშრომლობისთვის“.

10 წლის წინ დაპირებული ყაზახური ინვესტიცია

2005-2006 წელს დაპირებული ყაზახური ინვესტიცია აჭარაში არ განხორციელებულა. აჭარის ახალი თავმჯდომარის, ყაზახეთში ყოფილი ელჩის, ზურაბ პატარაძის ერთ-ერთი დაპირებაც ყაზახური ინვესტიციების მოზიდვაა: „ჩვენ გვაქვს ყაზახური ინვესტიციები რეგიონში და ველოდებით კიდევ დამატებით ინვესტორებს, საინვესტიციო პროექტებს და მალე გვექნება ამის შესახებ ინფორმაცია“ – განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონება აჭარის კურორტებზე სწორედ ყაზახურ ბანკში იყო ჩადებული. ამასთან ყაზახური მხარე უკმაყოფილო იყო საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოთი. „სილქ როუდ ჯგუფში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მათ 2014 წელს წარმატებით დაასრულეს მოლაპარაკება ყაზახურ „ბითიეი“ ბანკთან: „სესხის გადახდის სანაცვლოდ, ბანკმა ობიექტები გაათავისუფლა იპოთეკისგან.“

კითხვაზე, იგეგმება თუ არა ახალი ვალდებულებების შესასრულებლად ყაზახური ინვესტიციის ჩადება, კომპანიაში გვიპასუხეს, რომ ყაზახურ მხარესთან ამ კუთხით მოლაპარაკებას ამ ეტაპზე არ აწარმოებენ.

ახალი ვალდებულებები

„საერთო მინიმალური საინვესტიციო მოცულობა დარჩენილ ობიექტებზე განისაზღვრა არანაკლებ 30 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით,“ – მოგვწერეს „სილქ როუდ ჯგუფიდან“. ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტებით კი ირკვევა, რომ ახალი შეთანხმებით აღებული ვალდებულება, მეტი ინვესტიციის ჩადებას ითვალისწინებს – არანაკლებ 33,5 მილიონ აშშ დოლარს.

გარდა მწვანე კონცხისა, კომპანია ვალდებულია არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრისა, უზრუნველყოს სასტუმრო „მესხეთის“ ტერიტორიაზე არანაკლებ 100-ნომრიანი ბრენდირებული აპარტოტელის მშენებლობის დასრულება, ექსპლუატაციაში მიღება და ამოქმედება. ამ მიზნით არანაკლებ 11,5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება.

კომპანიას დაევალა ყოფილი სასტუმრო „მესხეთის“ ტერიტორიაზე სამშენებლო მოედნის უსაფრთხოების დამცავი ღობის დემონტაჟი და ტერიტორიის უსაფრთხო მდგომარეობაში მოყვანაც. ამ ტერიტორიაზე, ბათუმში, „ჰილტონის“ გვერდით, დამცავი ღობე უკვე აღებულია [აღსანიშნავია, რომ აქვე, გვერდით, მიწის ნაკვეთი უნდა გადასცენ თვენახევრის წინ დარეგისტრირებულ კომპანიას, რომლის მეპატრონეც ყოფილი ჩინოვნიკი და „ქართული ოცნების“ შემწირველია. აკაკი სონგულიამ „ოცნებას“ 2014 წელს 20 000 ლარი შესწირა. ამ ტერიტორიის უსასყიდლოდ, მაგრამ პირობებით გასხვისებაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბათუმის საკრებულომ თანხმობა უკვე მისცა].

„სილქ როუდ ჯგუფმა“ 2020 წლის 31 დეკემბრამდე უნდა უზრუნველყოს ასევე ყოფილ სანატორიუმ „ნარინჯის“ ტერიტორიაზე არანაკლებ 300 ათასი დოლარის, ხოლო ტურბაზა „ციხისძირის“ ტერიტორიაზე არანაკლებ 200 ათასი დოლარის ინვესტიციის განხორციელება.

უნდა შემუშავდეს და 2018 წლის 31 დეკემბრამდე დამტკიცდეს ასევე ბობოყვათის პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმა. კომპანიამ აქ 2025 წლის 31 დეკემბრამდე პროექტი უნდა დაასრულოს, რაშიც 15 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს. ხელშეკრულების მიხედვით, საუბარია 4 ჰექტარ ტერიტორიაზე, თუმცა, რეესტრში გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ ჯამში იმ ნაკვეთების ფართობი, სადაც ეს პროექტი უნდა განხორციელდეს, თითქმის 10 ჰექტარია.

ეს ვალდებულებები მიმდინარე წლის აპრილის ცვლილებით განისაზღვრა ხელშეკრულებაში. ეს 2006 წელს დადებულ ხელშეკრულებაში მეხუთე ცვლილებაა. მანამდე ის ოთხჯერ შეიცვალა – 2006, 2008, 2009 და 2011 წელს. ეს ცვლილებები ინვესტორის სასარგებლოდ, ძირითადად, პროექტების ვადის გახანგრძლივებას ითვალისწინებდა.

დაბრუნებული ქონება

ახალი ხელშეკრულებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად უკვე აღირიცხა 18 საკადასტრო ერთეული – მიწის ნაკვეთები ქობულეთში, ციხისძირში, მწვანე კონცხსა და მახინჯაურში, ჯამში დაახლოებით 31 ჰექტარი ტერიტორია [312 057 კვ/მ], მათ შორის ყოფილი პანსიონატებისა და ტურბაზების ტერიტორიები: „ჩირაღდანი“, „ტალღა“, „ჰორიზონტი“, ტურბაზა „ქობულეთი“, სანატორიუმი „ქობულეთი“, „ნიავი“, „ჩაქვი“, „აჭარა“.

რატომ და რის სანაცვლოდ დათანხმდა კომპანია მის საკუთრებაში არსებული ქონების ნაწილის სახელმწიფოსთვის დაბრუნებას? – „იმ მიზეზების გამო, რაც ზემოთ მოგახსენეთ, ჩვენ ვერ შევძელით სრულად შეგვესრულებინა ვალდებულებები. მოვახდინეთ იპოთეკისგან ქონების გათავისუფლება და ნაწილის სახელმწიფოსთვის დაბრუნება. სანაცვლოდ, კი ჩვენს საკუთრებაში დარჩენილ ობიექტებზე ახალი საინვესტიციო ვალდებულებები ავიღეთ,“ – გვიპასუხეს „სილქ როუდ ჯგუფიდან“.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ის, თუ რომელ მიწის ნაკვეთს დააბრუნებდნენ და რას დაიტოვებდნენ, აჭარის მთავრობასთან მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა: „კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ მოხდა ობიექტების გამოთავისუფლება, უვარგისი შენობების დემონტაჟი და ტერიტორიების მოწესრიგება, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს მოცემული ქონების ხელახალი და სახელმწიფოსათვის უფრო მომგებიანი პირობებით გაყიდვის შესაძლებლობას“.

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის 2006 წლის 14 თებერვლის ბრძანების საფუძველზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ხელი მოაწერა ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით, ნიდერლანდებში რეგისტრირებულ კომპანიას „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვი“-ს 21 ობიექტი პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა. ქონება 17,5 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა, აქედან 13,5 მილიონი აშშ დოლარი ამ სასტუმროებში შესახლებული იძულებით გადაადგილებული პირების საკომპენსაციო თანხას წარმოადგენდა, ხოლო 4 მილიონი აშშ დოლარი აქციათა პაკეტების საპრივატიზაციო ღირებულება იყო. ამ გადაწყვეტილების საფუძვლად ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ „აჭარა რიზორთ ჰოლდინგ ბი.ვი“-ს დაკავშირებულმა პირმა „Silk Road Group S.A“-მ 2005 წლის ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი. დოკუმენტით „სილქ როუდ ჯგუფმა“ სურვილი გამოთქვა, ყაზახ პარტნიორებთან ერთად საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაზე.

სანატორიუმ „აჭარას“ მეორე კორპუსი დღეს / მწვანე კონცხი / თორნიკე თავაძის ფოტო
სანატორიუმ „აჭარას“ მეორე კორპუსი დღეს / მწვანე კონცხი / თორნიკე თავაძის ფოტო

„ანაგის ფოტოკონკურსი’’ დღეს „ანბანის კოშკში“ საზეიმოდ დაიხურება [ანონსი]

დღეს, 24 ივლისს, „ანაგის ფოტოკონკურსი’’ საზეიმოდ დაიხურება. ცერემონია ბათუმში, „ანბანის კოშკში“ 18:00 საათზე დაიწყება.

საღამოზე მოეწყობა  ფოტოების  გამოფენაგაყიდვა;

 იქნება კარგი ბათუმური ყავა, ღვინო და ცოცხალი მუსიკა;

 მოწვეული სტუმრებისთვის უფასო ტური ანბანის კოშკის საინფორმაციო ტურისტულ ზონაში.

კოსტიუმირებული რეტრო ფოტოსესია, ბათუმის პანორამული ხედების ფონზე.

„ანაგის ფოტოკონკურსში“ გამარჯვებული ფოტოები
„ანაგის ფოტოკონკურსში“ გამარჯვებული ფოტოები

ფოტოკონკურსი სამი თვის განმავლობაში გრძელდებოდა და როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, სულ 384 განაცხადი შევიდა. გამოვლენილია 24 გამარჯვებული. აქედან 3 გამარჯვებულს დაუფინანსდება 1000 ლარით სწავლის ღირებულება ან/და გადაეცემა 1000 ლარი. ერთი გამარჯვებული საჩუქრად მიიღებს საგზურს,  ერთ-ერთ ყველაზე ძველ არქიტექტურულ ქალაქ რომში  და 20  facebook like-ბით გამოვლენილი გამარჯვებული საჩუქრად მიიღებს ფასიან საჩუქრებს.

ფოტოკონკურსის მიზანი იყო საზოგადოების მხრიდან შემდეგ აქტუალურ თემებზე ყურადღების გამახვილება:

 ქალაქების განვითარების პოლიტიკა;

 საქართველოს ევროპული პერსპექტივა;

 თანამედროვე არქიტექტურა და კულტურული მემკვიდრეობა.

კონკურსის ორგანიზატორები არიან ,,გაზეთ ბათუმელების” და ნეტგაზეთის მარკეტინგის სამსახური.

IMG_20160724_112021
მზადება „ანაგის ფოტოკონკურსის“ დახურვის ცერემონიისთვის „ანბანის კოშკში“ / 24.07.2016

IMG_20160724_112011IMG_20160724_111934IMG_20160724_114053

რა იცვლება მიწის რეგისტრაციისას

მიწის რეგისტრაციის შესახებ სამ ივნისს დამტკიცებული კანონპროექტი ძალაში ორ კვირაში შევა. რას მოუტანს ეს კანონი მოსახლეობას, რამდენად შესაძლებელია ქვეყნის მასშტაბით მიწების რეგისტრაცია კანონით გაწერილ ორწლიან ვადაში განხორციელება  და რა რისკები ვერ გათვალა საკანონმდებლო ორგანომ დროულად? – ამ საკითხებზე „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტს, ნინო სიორიძეს ესაუბრა.

რას ცვლის კანონი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ გლეხისთვის, რომელსაც უნდა მიწის დარეგისტირება?
ეს  ინიციატივა გლეხისთვის ბევრ რამეს ცვლის ფინანსური კუთხით. მაგალითად, პროგრამის ფარგლებში სანოტარო ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს. მნიშვნელოვანია ის, რომ მიწის ნაკვეთის იდენტიფიცირებაზე პასუხისმგებლობა მიწის მესაკუთრეს ენიჭება, მან ნაკვეთის ზუსტი საზღვრები უნდა მიუთითოს, ხოლო საკადასტრო ნახაზის სიზუსტეზე პასუხისმგებელი ის კომპანიაა, რომელიც აზომავს.

რას შეცვლის ეს კანონი მოსახლეობისთვის?
მოქალაქეებს, რომლებიც სარეგისტრაციო დოკუმენტებში სახელის, გვარის, მამის სახელისა და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების უზუსტობის გამო მიწის დარეგისტრირებას ვერ ახერხებდნენ, კანონის ამოქმედებისთანავე ეს გარემოება მიწის დარეგისტრირებისას ვერ შეაფერხებს. წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით შეირჩევიან ის კომპანიებიც, რომლებიც სავალდებულო ლიცენზირებას გაივლიან და მიწის აზომვით საქმიანობას გაწევენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ მთავრობის ეს ინიციატივა გარკვეულ რისკებს შეიცავს, კონკრეტულად რა რისკებზეა საუბარი?
ამ კანონის ფარგლებში მიწის რეგისტრაციის რეფორმა სისტემურად და სპორადულად განხორციელდება.
პილოტური პროექტი კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში არსებული ყველა მიწის ნაკვეთის სისტემურ რეგისტრაციას გულისხმობს. კანონის ფარგლებში ასეთი სისტემური რეგისტრაცია ქვეყნის მასშტაბით 12 დასახლებაში განხორციელდება, თუმცა რომელი დასახლებები შეირჩევა, ცნობილი არ არის.
რაც შეეხება სპორადულ რეგისტრაციას, ამ შემთხვევაში მიწის დარეგისტრირება ცალკეული მოქალაქეების განაცხადების საფუძველზე მოხდება.
სისტემური რეგისტრაციისას ნაკვეთების გადაფარვის რისკი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. რაც შეეხება სპორადულ რეგისტრაციას, ორი წლის განმავლობაში რეესტრი ქაოტურ რეჟიმში მიწის ნაკვეთებს მოქალაქეების მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე დაარეგისტრირებს და მიწის ნაკვეთების გადაფარვის რისკი მაღალია.
რეესტრში დღესაც ბევრი სარეგისტრაციო ჩანაწერი არსებობს, რომლებიც დაზუსტებული არ არის, ანუ მოქალაქის პირველადი რეგისტრაციით დარეგისტრირებული მიწის ზუსტი კოორდინატები და საზღვრები დაუზუსტებელია, რეესტრის ელექტრონულ ბადეზე აღნიშნული მიწის ნაკვეთი ზუსტად  მონიშნული არ არის და ასეთი დაუზუსტებელი რეგისტრაციის არსებობისას მარეგისტრირებელ ორგანოს უჭირს გადაამოწმოს ზუსტი ინფორმაცია და გადაფარვა აირიდოს.

ნინო სიორიძე
ნინო სიორიძე

ყველაზე დიდი რისკი, რაც შეიძლება მიწების სპორადული რეგისტრაციისას იყოს, ესაა სწორედ მიწის ნაკვეთების გადაფარვა, რაც ნეგატიური შედეგების მომტანია მოსახლეობისთვის პირველ რიგში იმიტომ, რომ ნაკვეთების გადაფარვისას მოქალაქეებმა უნდა დაიწყონ დავა, რომელიც შესაძლოა წლები გაგრძელდეს და კანონის მოქმედების ვადის ამოწურვამდე ვერ დასრულდეს. რა შეიძლება გაკეთდეს ორწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, თუ მსგავსი დავები გაგრძელდება და მიწის რეგისტრაცია ვერ განხორციელდა, ამ ეტაპზე კანონში გაწერილი არ არის. იმ  ადამიანებმა, რომლებსაც მიწა დაუზუსტებელი სახით აქვთ რეგისტრირებული, უმჯობესია მიწის რეფორმის დაწყებამდე რეესტრში წარადგინონ ელექტრონული საკადასტრო აზომვითი ნახაზები და დააზუსტონ საკუთარი მიწის ნაკვეთის საზღვრები.

თქვენი აზრით,  მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად რა უნდა გაეთვალისწინებინა საკანონმდებლო ორგანოს?
რთულია ორი წლის ვადაში ქვეყნის მასშტაბით სერიოზული რეფორმა განხორციელდეს. ორწლიანი ვადის დაწესება პროცედურას აჩქარებს, მართალია, მოქალაქეების დაინტერესებას და მონდომებას  ზრდის, თუმცა არის ბევრი ისეთი დეტალი, რომელიც შეიძლება გასცდეს ორწლიან ვადას და ვერ მოესწროს, სწორედ ასეთი დეტალები უნდა გაეთვალისწინებინათ კანონში.
თავის დროზე ჩვენი ორგანიზაციის რეკომენდაცია იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით პილოტური პროექტი განხორციელებულიყო, ანუ რეგისტრაცია ყველგან მომხდარიყო სისტემური წესით.

ამ  კანონით როგორაა განსაზღვრული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების რეგისტრირებული, მაგრამ დაუზუსტებელი ფართობის მქონე მიწის ნაკვეთის ხელახლა რეგისტრაცია? 
თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციისა და საკადასტრო აღწერის შედეგების შედარებით აღმოჩნდა, რომ დოკუმენტში არსებულ დაუზუსტებელ ფართობს მაქსიმუმ 15%-ით აღემატება ამ ნაკვეთის რეალური ფართობი, რომელიც შემოსაზღვრულია მყარი სასაზღვრო ნაგებობით [ღობით ან სხვა], ამ შემთხვევაში რეესტრში რეგისტრირდება ღობით შემოსაზღვრული ფართობი.

კონკრეტულად ვის უნდა მიმართოს მოქალაქემ?
უძრავი ქონების რეგისტრაცია ისევ ისეთი პრინციპით განხორციელდება, როგორც ხორციელდებოდა – მოქალაქემ საჯარო რეესტრს უნდა წარუდგინოს საკადასტრო ნახაზები, მიწის  მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები და საკუთრების მოწმობა.

მოწმის ჩვენებიდან: პოლიციელმა ფოტოსურათი ამოცნობამდე გვაჩვენა

მოწმის მიერ ნათქვამი ფრაზა, რომ მას პოლიციელმა ფოტოსურათი ბრალდებულის ამოცნობამდე აჩვენა, საქმეში მთავარ მტკიცებულებას აბათილებს და პოლიციელის პასუხისმგებლობას აყენებს.

საუბარია 4 მარტს ბათუმში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სკვერში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე, სადაც კახაბერ ტ. სავარაუდოდ დანით დაჭრეს. ბრალდებული გიორგი ა. ბრალს უარყოფს, მას პროკურატურა სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით ედავება.

„…4 მარტი იყო, ღამის 12 საათი, ეკლესიის წინ სკვერში ვიდექი, როცა კახაბერი მოვიდა და მითხრა, ჩემთან წავიდეთ, ყავა დავლიოთო.  წავედით თუ არა, იქვე კაცი მოვიდა, რომელმაც ჯერ გინება დაიწყო, მერე დანა დაარტყა კახაბერს,“ – მოუყვა მოწმე ნათია ჩ.-მ მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილს. მოწმის თქმით, ის თავდამსხმელს არ იცნობდა, მაგრამ მისი ფოტოსურათი პოლიციელმა იმავე ღამეს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში აჩვენა: „კახაბერს დიდი ხანია ვიცნობდი, რესპუბლიკურში მივედი, საუბარი უჭირდა და მაგ დროს პოლიციელი მოვიდა, გაგვესაუბრა და ფოტოსურათი გვაჩვენა, ამას თუ იცნობთო. ვუთხარით, რომ არ ვიცნობდი“.

„ვისი ფოტოსურათი გაჩვენათ პოლიციელმა?“ – ჰკითხა მოწმეს ბრალდებულის ადვოკატმა თემურ მახაძემ. მოწმემ ხელი ბრალდებულისკენ გაიშვირა. მან ადვოკატს დაუდასტურა ისიც, რომ ის ამოცნობის პროცედურაზე პოლიციის მესამე განყოფილებაში შემთხვევიდან დაახლოებით 20 დღის შემდეგ დაიბარეს, თუმცა არ ახსოვს, ვინ იყო პოლიციელი, ვინც მას და დაზარალებულს საავადმყოფოში ბრალდებულის ფოტოსურათი აჩვენა: „პოლიციის განყოფილებაში სამი მამაკაცის სურათი გვაჩვენეს, მეორე ნომერი იყო ეს, ვინც ახლა ჩემ წინ ზის“.

„ამოცნობა არის არსებითი კანონდარღვევით ჩატარებული და ის დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა მიიჩნიოს სასამართლომ“, – ამბობს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. მისი განმარტებით, საპროცესო კანონმდებლობაში დეტალურადაა გაწერილი ამოცნობის წესები და ამომცნობისთვის მხოლოდ ერთი ამოსაცნობი პირის ფოტოსურათის წინასწარ ჩვენება კანონის უხეში დარღვევაა: „ამოცნობის დროს არანაკლებ სამი პიროვნება უნდა წარედგინოს ამომცნობს. ამასთანავე, დაუშვებელია ამომცნობისთვის წინასწარ მითითება ამოსაცნობი პირის ნიშან-თვისებების შესახებ. ამოცნობა ფოტოსურათით მხოლოდ იმ შემთხვევაშია ნებადართული, თუკი ამოსაცნობი პირის ადგილსამყოფელი ვერ დგინდება, იძებნება და ასე შემდეგ. ამ წესის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული. რაც შეეხება პოლიციელის პასუხისმგებლობას, ეს საგამოძიებო ორგანოს რეაგირებაზეა დამოკიდებული“.

სასამართლოს მორიგ სხდომაზე ჩვენებას მისცემს თავად დაზარალებული კახაბერ ტ., რომელიც გულ-მკერდის არეში იყო დაჭრილი. ბრალდებულის ადვოკატის, თემურ მახაძის თქმით, ამოცნობის ოქმია სწორედ საქმეში მთავარი მტკიცებულება. დაზარალებულმა და ორმა მოწმემ ბრალდებულს დაადეს ხელი ამოცნობის დროს.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, გიორგი ა.-ს ჯარიმის გადახდა ელოდება და გამასწორებელი სამუშაო ექვს თვემდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.

ძალადობის მსხვერპლი ქალები პროფესიის და დასაქმების გარეშე

დღეს 23 ივლისს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, საქველმოქმედო ორგანიზაცია „იალქანის“ ინიციატივით, ოჯახში ძალადობის თემაზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სახალხო დამცველის  რეგიონალური დეპარტამენტის აჭარის საამართველოს ხელმძღვანელი, ციალა ქათამიძეც ესწრებოდა.

საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თიკო აბაშიძის განცხადებით, ორგანიზაცია ოჯახში ძალადობის მსხვერპლ რვა ქალს უწევს დახმარებას. თუმცა, ორგანიზაციას არ ჰყოფნის იმის რესურსი რომ ძალადობის მსხვერპლ ქალებს გარკვეული პროფესიის დაუფლებაში ან განათლების მიღებაში დაეხმაროს.

„იმისათვის რომ ამ ქალებმა საბოლოდ დააღწიონ თავი მოძალადეს და დამოუკიდებლად შეძლონ ცხოვრება, აუცილებელია რომ რაიმე პროფესიას დაეუფლონ, რადგან არცერთ მათგანს არ აქვს განათლება და შესაბამისად, ვერც სამუშაოს პოულობენ“-გვეუბნება თიკო აბაშიძე.

ორგანიზაციის წარმომადგენელთა აზრით, აუცილებელია საზოგადოების,  განსაკუთრებით კი დამსაქმებელთა აქტივობა რომ ძალადობის მსხვერპლ ქალებს  ამ პრობლემის გადასაჭრელად დახმარება შესთავაზონ.

შეხვედრა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ოჯახში ძალადობის თემაზე
შეხვედრა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ოჯახში ძალადობის თემაზე

„ქალები იძულებული არიან, სამი თვის შემდეგ, თავშესაფრიდან ისევ მოძალადის ოჯახში დაბრუნდნენ, სადაც ისინი კიდევ უფრო მეტი საფრთხის ქვეშ არიან. მათ არ აქვთ წასასვლელი, არ აქვთ პროფესია,  სახელმწიფოს  არ აქვს სისტემა  რომელიც დაეხმარება ამ ადამიანებს. ამიტომ, თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შევთავაზოთ ამ ადამიანებს დახმარება“- ამბობს „იალქანის“ ხელმძღვანელი.

ორგანიზაციის წარმომადგენლები საუბრობენ კონკრეტულ შემთხვევებზე, როცა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალის სახლში მიღებაზე უარს ამბობენ ქალის მშობლები: „ერთ-ერთ ოჯახში გვითხრეს, –  „მირჩევნია ჩემი სიძე ცემდეს და აგინებდეს ჩემს შვილს, ვიდრე უკან დავაბრუნო“. ეს ქალი არანაკლებ რთულ მდგომარეობაშია მშობლების ოჯახში, მაგრამ არსად არ აქვს წასასვლელი, არ შეუძლია ბინის ქირაობა, რადგან არ აქვს პროფესია, სამუშაო“.

შეხვედრის მონაწილეები მიიჩნევენ რომ მანამ, სანამ სახელმწიფო შეიმუშავებს რაიმე გზებს ამ ქალების დასახმარებლად, მანამდე აუცილებელია საზოგადოების აქტივობა და მათი ძალისხმევა ძალადობის მსხვერპლი ქალების და მათი შვილების დასახმარებლად.

ორსართულიანი, ნაწილობრივ ადაპტირებული მატარებლები

39 მილიონ ევროდ შეძენილი შტადლერის ფირმის მატარებლების პრეზენტაცია „საქართველოს რკინიგზამ“ უკვე გამართა. პრეზენტაციის დროს განაცხადეს  რომ მატარებლები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. პრეზენტაციაზე იმყოფებოდა  თომა კაკაბაძეც, რომელიც ეტლით მოსარგებლეა და ამბობს, რომ ახალი მატარებლები ნაწილობრივ ადაპტირებულია და არა სრულად. 400 ადგილიან მატარებელში, ადაპტირებული მხოლოდ ორი ადგილია.

„როცა აანონსებენ რომ სრულიად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზეო, ეს ასე არ არის. მხოლოდ ეტლით მოსარგებლე პირები ხომ არ არის შშმ პირები.  უსინათლო პირებისთვის ან სმენის არმქონე პირებისთვისაც უნდა იყოს ადაპტირებული. უსინათლოებისთვის უნდა იყოს მანიშნებლები კედელზე, თუ საით უნდა იმოძრაონ, ტუალეტზეც უნდა იყოს ბრაილის შრიფტით მინიშნება რომ ეს არის ტუალეტი. საპირფარეშოში არის ასევე დახმარების ღილაკი, რომელსაც წარწერა აქვს ქართულად და ამ შემთხვევაშიც უნდა ჰქონდეს წარწერა ბრაილის შრიფტით. წყლის ონკანი არის სენსორზე და ამისთვისაც უნდა იყოს მინიშნებები.

მე პრეზენტაციის დღესაც მივეცი რეკომენდაცია „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლებს რომ  პერსონალი უნდა გადაამზადონ ჟესტურ ენაში, რომ  შეძლონ სმენის არმქონე პირებზე მომსახურება“-გვეუბნება ის.

გარდა ამ დეტალებისა, თომა კაკაბაძე ამბობს, რომ  შშმ პირებისთვის განკუთვნილი ადგილი მატარებელში იზოლირებულია: „საერთო სივრცეში კი არ არის, ცალკეა გამოყოფილი. თანაც, სავარძლები არის წყვილ-წყვილად და როცა ეტლით მოსარგებლე დგება, სავარძლები იკეცება. ორი მგზავრის შემთხვევაში იკეცება 8 სავარძელი, ანუ მესამე ვეღარ იმგზავრებს. იქნებ  ჯგუფი მიემგზავრება, გამოდის მარტო ტურისტებზეა გათვლილი რაც არასწორი მიდგომაა“.

ორსართულიანი მატარებელი მხოლოდ სამ სადგურში – ურეკში, ქობულეთსა და ბათუმში გაჩერდება, რასაც საზოგადოების ნაწილი შშმ პირების დისკრიმინაციად მიიჩნევს.

უკმაყოფილებას ამის შესახებ სოციალურ ქსელებშიც გამოხატავდნენ ადამიანები. ერთ-ერთი მათგანი ზურა ფირცხალავა ფეისბუკში წერს, რომ ეს დისკრიმინაციაა: „ტურიზმი კარგია, მაგრამ ეს შშმ პირების უფლებების შელახვის ხარჯზე არ უნდა ხორციელდებოდეს. საქართველოს პარლამენტმა კონვენციის რატიფიცირება 2013 წელს მოახდინა, მე ავუხსნი რკინიგზის ხელმძღვანელობას თუ როგორ არღვევენ გაეროს კონვენციას“.

მატარებლები ევროპაშია აწყობილი, სადაც მაღალია ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი, ამიტომ რატომ არ მოხდა მსგავსი დეტალების გათვალისწინება, თომა კაკაბაძე ამბობს, რომ ამის თაობაზე  „საქართველოს რკინიგზის“ პოზიცია არ მოუსმენია. „იმ ვიდეოებში რაც ინტერნეტ სივრცეში მინახავს,  ყველა მატარებელი სრულიად ადაპტირებულია. ჩვენ არ ვიცით ეს მატარებლები უკვე დამზადებული წამოიღეს თუ დაკვეთით დაამზადებინეს, მაგრამ  მსგავსი დეტალები რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ გათვალისწინებულიარ არის“.

ორსართულიანი მატარებლები მგზავრების მომსახურებას ორშაბათიდან შეძლებენ.

 

 

აჭარაში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 134 589 ლარია

ოფიციალური ინფორმაციით, აჭარაში, მაისში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგები, დათვლილია.   უხვი ნალექის მიერ, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებისთვის მიყენებული ზარალი  134 589 ლარს შეადგენს. სტიქიის შედეგები მუნიციპალიტეტის გამგეობებმა ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე იყო წარმოდგენილი.

ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციით, 2016 წლის 7-8 ივლისს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა გამგეობის ბალანსზე რიცხული ინფრასტრუქტურული ობიექტები: სოფელ შევაბურის აბულაძეების უბანი საავტომობილო გზაზე საყრდენი კედლის მოწყობა, სოფელ გეგელიძეებში ერთ-ერთი ოჯახის საცხოვრებელ სახლთან საყრდენი კედლის და სანიაღვრე არხის მოყწობა, სოფელ ჯალაბაშვილებში მცხოვრებ ორი ოჯახის საცხოვრებელ სახლთან სანიაღვრე არხისა და გაბიონის მოწყობა, სოფელ ზედა ბზუბზუში ერთ-ერთი ოჯახის მისასვლელ გზასთან საყრდენი კედლისა და სანიაღვრე არხის მოწყობა, სოფელ ზედა მახუნცეთში ერთ-ერთი ოჯახის საცხოვრებელ სახლთან სოფლის საავტომობილო გზაზე საყრდენი კედლის მოწყობა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, რამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით, რომელიც ამავდროულად სტიქიის სალიკვიდიციო შერეული სამთავრობო კომისიის წევრიცაა – ზარალმა ქედაში 87 845 ლარი შეადგინა.

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ წარმგენილი ინფორმაციით, 2016 წლის 28 ივნისს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა კვირიავლის საცალფეხო ხიდი, სოფელ ლაკლაკეთში მცხოვრები ერთ-ერთი ოჯახის წისქვილი, სოფელ სამოლეთში მცხოვრები ერთ-ერთი ოჯახის წისქვილი. ასევე 10 ოჯახს დაუზიანდა სახნავ-სათიბი სავარგულბი, მათშორის ერთ ოჯახს საკალმახე მეურნეობა. შუახევში ზარალი სულ 46 744 ლარს შეადგენს.

სხდომაზე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების გამგებლებმა,  2012 წლის დეკემბრის თვეში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფისათვის, ბინის ქირის სამი თვის ვადით გაგრძელების თაობაზე იმსჯელეს. როგორც რამაზ ჯინჭარაძე ამბობს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ასეთი 13 ოჯახია, ხელვაჩაურში კი 9. თითოეული ოჯახის  ყოველთვიური ბინის ქირისთვის 300 ლარი გამოიყოფა.

 

„ოცნების ქალაქის“ მაცხოვრებლები ზურაბ პატარაძესთან შეხვედრას ითხოვენ

ამ წუთებში, ე.წ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ადამიანები, საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი  იმ გარემო პირობებს აპროტესტებენ, რაშიც მათ ოჯახებს უწევთ ცხოვრება. აქ მცხოვრები ოჯახები აჭარის მთავრობას თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს სთხოვენ, რომ სანამ მათი ბინებით უზრუნველყოფის საკითხი გადაწყდება, მანამდე, მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა „ოცნების ქალაქში“.

„გვინდა შევხვდეთ ზურაბ პატარაძეს რომ ჩვენი მოთხოვნები მოისმინოს. საკანალიზაციო სისტემა, განათება და გზები მოგვიწესრიგონ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციები გაგრძელდება“-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახები ზურაბ პატარაძესთან შეხვედრას გეგმავენ
„ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახები ზურაბ პატარაძესთან შეხვედრას გეგმავენ

ვიდეოსათვალთვალო კამერები პოლიციელების წინააღმდეგ

აჭარის მთავარი პროკურორი ლევან პაქსაშვილი გამოძიების დაწყებას ბრალდებულების – გიორგი პაპიძისა და კარლო სურგულაძის ოჯახის წევრებს დაჰპირდა. შეხვედრა საპროტესტო აქციის შემდეგ შედგა. აქციის მონაწილეები იმ კადრების ამოღებას მოითხოვენ, რომელიც მათი მტკიცებით, პოლიციელებმა ბრალდებულების დაკავებისთანავე რამდენიმე ობიექტიდან ამოიღეს. გასულ კვირას ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაამართლა ბრალდებული სხვა საქმეზე, სადაც გადამწყვეტი აფთიაქის ვიდეოკამერის ჩანაწერი აღმოჩნდა – ჩანაწერმა გამორიცხა ის, რაც მანამდე პოლიციელებმა სასამართლოში თქვეს.

„ვაცხადებ უვადო შიმშილობას. მოვითხოვ იმ პოლიციელების დასჯას, ვინც იარაღი ჩამიდო,“ – მიმართა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილს ბრალდებულმა გიორგი პაპიძემ. მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. გამოძიების ვერსიით, გიორგი პაპიძეს ჩხრეკის დროს პისტოლეტი ამოუღეს. ამავე საქმეში კიდევ ერთი ბრალდებული კარლო სურგულაძეა. ჩხრეკის ოქმის მიხედვით, მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოუჩინეს. სურგულაძე დაკავებიდან, ანუ 27 მაისიდან გასული თვის ბოლომდე შიმშილობდა. სასამართლოს წინა სხდომაზე კარლო სურგულაძეს წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს, მიზეზი მისი ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება გახდა. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

გიორგი პაპიძე და კარლო სურგულაძე ბათუმში, ლერმონტოვისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავების ადგილი სავარაუდოდ დააფიქსირა როგორც „პოლიგრაფ-სერვისის“, ისე „V TB ბანკის“ ვიდეოსათვალთვალო კამერებმა. ბრალდებულების ადვოკატი, პაატა ბოლქვაძე გვიყვება, რომ ვიდეოჩანაწერები ორივე ობიექტში პოლიციელებმა ამოიღეს და მიჩქმალეს:

„თავდაპირველად ბანკის მენეჯერს, ზაზა ფარსენაძეს ბრალდებულის სიმამრი შეხვდა. მას ფარსენაძე კადრების მიწოდებას დაჰპირდა. რამდენიმე დღეში მივედი და მითხრა, ჩანაწერები პოლიციელებმა წაიღეს და აღარ გვაქვსო, წერილიც მაჩვენა, სადაც პოლიცია ბანკს ვიდეოჩანაწერის მიწოდებას სთხოვდა…“

„ჩანაწერი ბანკში რამდენიმე დღის განმავლობაში ინახება, დანარჩენზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, უსაფრთოების სამსახურმა უნდა ისაუბროს ამაზე,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ზაზა ფარსენაძემ, „VTB ბანკის“ ბათუმის ფილიალის მენეჯერმა. ამ ბანკის უსაფრთხოების სამსახურში, რომლის საკონტაქტო ინფორმაციაც ბანკის მენეჯერმა მოგვცა, ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

კომენტარზე უარი გვითხრეს პროკურატურაში, სადაც გვინდოდა გაგვეგო, რატომ არ ჩანს საქმეში ვიდეოჩანაწერები, როგორც მტკიცებულება, თუკი ვიდეოჩანაწერები ბანკისგან პოლიციელებმა ამოიღეს. ადვოკატი პაატა ბოლქვაძე ამბობს, რომ კადრების ამოღება „პოლიგრაფ-სერვისიდანაც“ სცადა, მაგრამ უშედეგოდ. იქ ადვოკატს უთხრეს, რომ ვიდეოსათვალთვალო კამერა საერთოდ არ იწერს.

„ასეა, ჩვენი კამერები ჩანაწერს არ აკეთებს. დღისით კამერიდან აკვირდება დაცვის თანამშრომელი მაღაზიის შესასვლელს, ხოლო ღამით დაცვის სპეციალური სამსახური მუშაობს უსაფრთხოებაზე, ღამით ჩვენ კამერას არ ვიყენებთ. შესაბამისად, კამერის ჩანაწერი არ გვჭირდება“, – გვითხრა ისმეთ ტანტიბამ, „პოლიგრაფ-სერვისის“ დირექტორმა.

„ვიდრე ოფიციალურად ამ პასუხს მივიღებდით, რომ კამერა ჩანაწერს არ აკეთებს, „პოლიგრაფშიც“ ბრალდებულის ნათესავი მივიდა და უთხრეს, კადრები პოლიციამ წაშალა, მაგრამ თქვენ თუ პროგრამისტს მოიყვანთ, შესაძლებელია მაგის აღდგენაო. შემდეგ ამაზეც უარი გვითხრეს. ორივე შემთხვევაში, ბრალდებულების ახლობლები არიან მთავარი მოწმეები, რაც ალბათ ნაკლებად დამაჯერებელია ვინმესთვის, მაგრამ რამდენად დამაჯერებელია ის, რომ კომერციული ობიექტები ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერს არ ინახავს?“ _ კითხულობს ადვოკატი, პაატა ბოლქვაძე.

IMG_0004კანონმდებლობის მიხედვით, მტკიცებულების მოპოვება, ამ შემთხვევაში ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერის ამოღება, ადვოკატს შეუძლია, თუკი მესაკუთრისგან თანხმობას მიიღებს. პროკურატურას კი შეუძლია შუამდგომლობა დააყენოს და მოსამართლის თანხმობის შემთხვევაში, იძულების წესით ამოიღოს ვიდეოჩანაწერი, თუკი მესაკუთრე მის მიწოდებაზე ნებით უარს აცხადებს. ამ საქმეში ბრალდების მხარის მთავარი მტკიცებულებები იმ პოლიციელების ჩვენებებია, რომლებიც ამბობენ, რომ ბრალდებულებს ნარკოტიკი და ცეცხლსასროლი იარაღი ამოუღეს.

„ორივე ბრალდებული ნასამართლევია წარსულში ნარკოტიკზეც და იარაღის უკანონო ტარებაზეც. ამას დადებითი სტატისტიკის შესაქმნელად აკეთებს პროკურატურა და თან იმ პირებს სჯიან, ვის შემთხვევაშიც წაყენებული ბრალი დამაჯერებელი იქნება“, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, თამაზ ბაკურიძე.

პოლიციელების ჩვენებები იყო მთავარი მტკიცებულება თორნიკე ხარაზის საქმეშიც, რომლის მიმართაც გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ. ხარაზს პროკურატურა დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენას, შენახვას და გადაზიდვას ედავებოდა, რაც თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე ვადით. პოლიციელთა ჩვენებების მოსმენის შემდეგ ადვოკატებმა სააფთიაქო ქსელ „ფარმადეპოს“ ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერი წარმოადგინეს, რამაც პოლიციელთა ჩვენების სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ახლო წარსულში 28 წლის თორნიკე ხარაზიც ნარკოდანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს.

ადვოკატი რამინ პაპიძე: „პოლიციელებმა თქვეს, სამმა დავაკავეთო, კადრებში კი შვიდი პოლიციელი ჩანს. ჩვენებების მიხედვით, გამომძიებელი დაკავების ადგილზე თითქოს ხუთ წუთში მივიდა, კადრებში კი ჩანს, რომ ის დაახლოებით ერთ საათს იგვიანებს… პროკურატურა ბოლომდე ამტკიცებდა, რომ კადრები არ იყო ავთენტური და ეს იყო მონტაჟი. თავისთავად ეს იყო ჩანაწერის ასლი და ვერ იქნებოდა ავთენტური, ასევე ნებისმიერი ჩარევა ვიდეოფირზე არის მონტაჟი – კადრების გადმოცემის დროს აფთიაქმა სახეები დაბურა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის გამო. სადავო არ გამხდარა ის, ნამდვილად ამ დაკავებას რომ ასახავდა ვიდეოჩანაწერი“.

ადვოკატები – რამინ პაპიძე და მერი ცინარიძე ვერ ასახელებენ რასთან გვაქვს საქმე, როცა პოლიციელების ჩვენება განსხვავდება ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერებისგან. „თავად ბრალდებული ამბობდა, რომ მას პოლიციელებთან ჰქონდა კონფლიქტი და ამის გამო სჯიდნენ. ფაქტია, რომ ამ ტიპის საქმეები მომრავლდა, სადაც პოლიციელების ჩვენება მოსამართლეებისთვის დამაჯერებელი აღარ არის. გარდა ამისა, ადვოკატებსაც მოგვეცა უფრო მეტი მოქმედების საშუალება, მაგალითად, წლების წინ აფთიაქი ვერ გაბედავდა მოეცა ჩვენთვის ვიდეოკამერის ჩანაწერები“, – ამბობს რამინ პაპიძე.

პოლიციელების აშკარა ტყუილი გამოჩნდა შალვა ქორიძის საქმეშიც, რაზეც „ბათუმელები“ მიმდინარე წლის მარტში წერდა. მაშინ პოლიციელების ჩვენების სიყალბე თავად პოლიციის  მიერ გადაღებულმა ვიდეოკადრებმა გამოავლინა. კადრები შსს-ს საკუთარ ინტერნეტგვერდზე ჰქონდა ატვირთული. შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსი მიხეილ ბარნოვი, ასევე დეტექტივ-გამომძიებლები მალხაზ დუმბაძე, მინდია მალაყმაძე და გიორგი ნაკაშიძე – ამ პირებმა მისცეს ჩვენება შალვა ქორიძის წინააღმდეგ. მათი პასუხისმგებლობის საკითხი დღემდე არ დამდგარა.

Exit mobile version