მთავარი,სიახლეები

პატიმარი ბათუმის ციხიდან: „მეც ადამიანი ვარ“

26.03.2016
პატიმარი ბათუმის ციხიდან: „მეც ადამიანი ვარ“

„მიმდინარე წლის 21 მარტს, დღის 5 საათიდან უშედეგოდ ვითხოვდი და მთელი ღამე ველოდებოდი, რომ ნებისმიერი ნემსი გაეკეთებინათ, რომ მუხლის არეში ტკივილი გამყუჩებოდა. მე ვარ წამების მსხვერპლი და ირღვევა ჩემი უფლელები…  სავალდებულო არ არის ფიზიკურად გამისწორდნენ. როდემდე  უნდა გავიყუჩო ტკივილები გამაყუჩებელი ნემსით“, – წერს პატიმარი კახა მეცხვარიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

პატიმარი სამედიცინო დახმარების მიღების თხოვნით ჟურნალისტებს, ასევე უფლებათადამცველებს და სხვადასხვა უწყებას მიმართავს. კახა მეცხვარიშვილისგან წერილი „ბათუმელებს“ აქამდეც არაერთხელ მიუღია ისევ სამედიცინო მომსახურების პრობლემებზე. ამჯერად ის ბათუმის მე-3 საპყრობილის მთავარ ექიმს, ინგა სურმანიძის მიმართავს და აღნიშნავს, რომ 10 დღის განმავლობაში ექიმს დახმარება რამდენჯერმე სთხოვა, მაგრამ პასუხის მიღებაც კი ვერ შეძლო: „ქალბატონო ინგა, გაუსაძლისი ტკივილები მაქვს, ვითხოვ სასწრაფოდ გამოკვლევებს და მკურნალობის კურსის დაწყებას. ბევრი დაავადებები მე არ მქონია სხვა დაწესებულებებში და აღნიშნულიც არის ეს ჩემს სამედიცინო ისტორიაში. მეც ადამიანი ვარ და მაქვს ტკივილის გრძნობა“, – წერს პატიმარი.

კახა მეცხვარიშვილი გასულ კვირას მოუნახულებიათ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს. „მანამდეც ბევრჯერ ვნახეთ ეს პაციენტი. ის მუდმივად მოითხოვს შესაბამის სამედიცინო მომსახურებას. ჩვენ ინფორმაცია მოგვაწოდა სასჯელაღსრულების სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტმა, სადაც აღნიშნულია, რომ შესაძლებლობების ფარგლებში პაციენტს უტარდება შესაბამისი გამოკვლევები და მკურნალობა. კახა მეცხვარიშვილს ნამდვილად აწუხებს სხვადასხვა დაავადება“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ციალა ქათამიძე,  სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი.

როგორ უნდა დადგინდეს, სამართლიანია თუ არა პატიმრის მოთხოვნა? – სახალხო დამცველის აპარატში გვითხრეს, რომ ამის დადგენის მექანიზმი მათ არ აქვთ.

ამ შემთხვევაზე სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინსიტრომ წერილობით გვიპასუხა: “მსჯავრდებული კ.მ, რომელიც სასჯელს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N3 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის, ყველა საჭირო სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფილია. მას უტარდება ყველა საჭირო სამედიცინო გამოკვლევა და მედიკამენტები ექიმის დანიშნულებისამებრ მიეწოდება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, მსჯავრდებულმა კ.მ-მ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მადლობის წერილით მომართა, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ N3 დაწესებულებაში პროფესიონალი ექიმები არიან დასაქმებული, მადლობას უხდის მათ და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს”

სასჯელაღსრულების სამინისტროს წერილობით პასუხს ელოდებიან „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“. „ჩვენი მთავარი ინტერესია გავიგოთ, უარესდება თუ არა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მიუხედავად იმისა, რომ მას მკურნალობა უტარდება. როგორც ვიცით, პატიმრებს სამედიცინო კუთხით ყოველთვიურად ამოწმებენ“, – უთხრა „ბათუმელებს“ საია-ს იურისტმა პაატა დიასამიძემ, რომელიც არ გამორიცხავს, რომ სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების მიღების მოთხოვნით, კახა მეცხვარიშვილის ინტერესები სასამართლოში დაიცვას. პაატა დიასამიძე: „ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა პასუხს მივიღებთ. თუკი პაციენტს მკურნალობა უტარდება, მაგრამ მისი მდგომარეობა მკვეთრად უარესდება, კითხვის ნიშნები ჩნდება“.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: