მთავარი,სიახლეები

როგორ ხვდებოდნენ ახალი წლის მოსვლას აჭარაში

31.12.2016 • 4603
როგორ ხვდებოდნენ ახალი წლის მოსვლას აჭარაში

ავტორი: თამილა ლომთათიძე, ისტორიის აკადემიური დოქტორი

ფოტოზე: აჭარა, სოფელი გომარდული. შოთა გუჯაბიძის ფოტო 

_______________________________________________

აჭარაში ახალი წლის შესახვედრად ადრიდანვე იჭერდნენ თადარიგს: ვალებს გაისტუმრებდნენ, თუ რამ განათხოვრებული ჰქონდათ, ყველაფერს უკან დაიბრუნებდნენ, რადგან სწამდათ, რომ ახალი წლის ღამე საოჯახო ნივთებმაც, ისევე, როგორც ადამიანებმა და საქონელ-ფრინველმა, საკუთარ ჭერქვეშ უნდა გაატარონ.

აჭარაში საახალწლო სამზადისის დროს არავის არაფერს არც მოსთხოვდნენ და არც მისცემდნენ, რომ „ხელი არ გადაყოლოდა“ და ბარაქა ოჯახიდან არ გასულიყო.

ახალი წლის დღესასწაულის შესახვედრად ოჯახის ყველა წევრი ფუძე-სახლში იყრიდა თავს, რადგან ახალი წელი, მართალია საყოველთაო, საზოგადო დღესასწაულია, მაგრამ, ამავე დროს, იგი ძირითადად ოჯახური ზეიმია.

ხალხის რწმენით წლის პირველი დღე განსაზღვრავდა მთელი წლის იღბლიანობა-უიღბლობას. ამიტომაც აჭარაში ცდილობდნენ ახალი წლის დილით განსაკუთრებით მარჯვედ ყოფილიყვნენ, ხელი არაფერში მოსცარვოდათ, ახალ წელს მაძღრისად შეხვედროდნენ.

ამ მიზნით ახალი წლის წინა ღამით ბალიშის ქვეშ მჭადის ლუკმას ამოიდებდნენ. ოჯახის თითოეული წევრი ცდილობდა გათენებამდე გამოეღვიძა და შენახული მჭადის ლუკმა მამლის ყივილამდე ან ჩიტის პირველ დაძახილამდე შეეჭამა, რათა ფრინველისაგან „დაძლეული“, დამარცხებული არ დარჩენილიყო და მომავალი წელი მისთვის უიღბლო არ გამომდგარიყო.

გარდა ამისა, ამ დღეს ასრულებდნენ გარკვეულ წეს-ჩვეულებებს, რომელთა დანიშნულებაც მომავალი სამეურნეო საქმიანობის იღბლიანობის უზრუნველყოფა იყო.

პირველი დღის მაგიის რწმენა კარგად ჩანს მეკვლეობის ინსტიტუტში. გადმოცემით, სახლი უნდა ეფერხვა „კაი ფეხის“ ადამიანს. იგი დილით ადრე უნდა მისულიყო სახლში. მეკვლეს ანუ მფერხავს ხელში ტკბილეული ეჭირა. იგი კარზე დააკაკუნებდა. ოჯახის უფროსი მეკვლეს გამოეპასუხებოდა. მათ შორის იმართებოდა დიალოგი, რომლის დროსაც მეკვლე ოჯახს ხვავს, ბარაქას, სითბოს, სიტკბოს, სიხარულსა და ბედნიერებას დაუბედებდა და ოთახში შევიდოდა. შესასვლელში იდგა პატარა სკამი (ჯორკო), რომელზეც იდო ბრინჯიანი თასი. მფერხავი აიღებდა თასს, დაჯდებოდა ჯორკოზე და სამჯერ წაინაცვლებდა წინ, ოჯახის საქმე წინ წავიდესო. მერე ბრინჯს და კანფეტს მოაყრიდა ოთახებში.

შემდეგ მეკვლე კერაში ნაკვერცხალს გაჩხრეკდა, ნაპერწკლებს ააყრევინებდა და დაილოცებოდა: „რამდენი ნაპერწკალიც ავარდა, იმდენი სიმინდი, იმდენი ოქრო-ვერცხლი, იმდენი საქონელ-ფრინველი, ხვავი და ბარაქაო“. ამ დღეს არ შეიძლებოდა ოთახის დაგვა, ხვავი და ბარაქა ოჯახიდან რომ არ გასულიყო.

გომარდული. შოთა გუჯაბიძის ფოტო

ძველად აჭარაში გავრცელებული იყო კარდაკარ ჩამოვლისა და მილოცვის ჩვეულება. მომლოცველები ახალი წლის საღამოს ჯგუფებად იწყებდნენ კარდაკარ ჩამოვლას. დადიოდნენ თითქმის გათენებამდე, გალობით ულოცავდნენ ოჯახებს ახალი წლის მოსვლას.

მასპინძლები მომლოცველებს ასაჩუქრებდნენ ფულით, ტკბილეულით, ხილით. სულ ბოლოს კარდაკარ ჩამოვლის მონაწილეები თავიანთ ოჯახებს ულოცავდნენ და მიუმღერებდნენ. დილიდან იწყებოდა ერთმანეთთან სტუმრობა.

საახალწლო წეს-ჩვეულებათა უმეტესი ნაწილი აჭარაში ნაყოფიერების მაგიას უკავშირდებოდა და მოსავლიანობისა და საქონელ-ფრინველის სიმრავლის უზრუნველყოფისათვის იყო განკუთვნილი.

ნაყოფიერებისა და ბარაქიანობის გამომწვევი ძალების გაძლიერებას ემსახურებოდა აჭარაში ფრაგმენტების სახით შემორჩენილი აგრარულ-რელიგიური ხასიათის დღესასწაული „ბოსლობა“ და „ცხემლის ჭრის“ რიტუალი, რომელთა დანიშნულებაც ბუნების ძალთა აღორძინება და ნაყოფიერების უზრუნველყოფა უნდა ყოფილიყო.

ტრადიციულად, აჭარაში ახალ წელს სავსე სუფრით ხვდებოდნენ, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა მოხარშულ სიმინდს. სიმინდს გარკვეულ ხანს წყალში გააჩერებდნენ, შემდეგ მოხარშავდნენ და მარილთან ერთად მიირთმევდნენ ან ამზადებდნენ სირსვალს – ნივრით და ნიგვზით  შეკაზმულ, მოხარშული, კანგაცლილი სიმინდის შეჭამანდს.

სწამდათ, რომ, როგორც „კარდალში გასივდება და აივსება სიმინდი, ისე აივსება ნათესი და კაი მოსავალი იქნებაო“. სირსვალის ჭამა აუცილებელი იყო ოჯახის წევრებისათვის, მაგრამ სხვას, უცხოს მას არ აჭმევდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ „ოჯახიდან ბარაქა წავიდოდა“.

აჭარაში საახალწლო რიტუალებში ნაყოფიერების სიმბოლოს დატვირთვა ჰქონდა მარცვლეულს (ბრინჯი, ხორბალი, ღომის მარცვალი და სხვ.). მაგალითად, ახალ წელს ბოსლობის რიტუალის შესრულებისას, ოჯახის უფროსი მამაკაცი საქონელს ირგვლივ შემოუვლიდა და მარცვალს მიმოფანტავდა. ან კიდევ, საქონელს მარცვალს აჭმევდა, ახორში ბრინჯს, სიმინდს, ხაპის გულს მოაპნევდა  – „ბერექეთი იყოსო!“

ახალი წლის ღამეს დიასახლისი მარცვლეულს აპნევდა როგორც ოთახის კუთხეებში, ასევე საახალწლო სუფრაზეც. ამ სუფრაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო მოხარშული კვახი. ხშირად კვახს ტაბლაზევე დაჩეხავდნენ, რომ მისი თესლი სუფრაზე დაყრილიყო. ეს სიუხვისა და ბარაქის უზრუნველყოფის აუცილებელ პირობად ითვლებოდა.

აჭარაში საახალწლო რიტუალებში განსაკუთრებული საკრალური მნიშვნელობა ენიჭებოდა წყალს. ახალი წლის დილას დიასახლისი ადრე ადგებოდა, გააღვივებდა ცეცხლს და ხმისამოუღებლად მოიტანდა წყალს, რომელსაც კერის პირას ან ოთახის კუთხეებში მოაპკურებდა, თან დაილოცებოდა: „ამ წყალივით წინ წავიდეს ოჯახის საქმეო“.

წყლის მაგიური ძალის რწმენა კარგად ჩანს აჭარაში ახალი წლის დილას „საქონლის წყალზე გაყვანის“ ჩვეულებაში, რაც ზემო აჭარაში დღესაც სრულდება.

ახალი წლის დღეებში ყველა ერიდებოდა უსიამოვნებას, ჩხუბს, აყალ-მაყალს, ბილწსიტყვაობას. ერთმანეთს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ექცეოდნენ, ერიდებოდნენ ბავშვების დატუქსვასაც კი, რათა მთელი წელი ოჯახში ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების მშვიდობიანი ატმოსფერო ყოფილიყო.

ასე, სხვადასხვაგვარი სიმბოლოების, რიტუალური ელემენტებისა და წეს-ჩვეულებების საშუალებით ცდილობდნენ აჭარაში უზრუნველეყოთ მომავალი წლის იღბლიანობა ოჯახისათვის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: