კვირის ამბები,მთავარი

თუკი პოლიცია ღამით ფოტოს გადაღებას გაიძულებთ

30.07.2016 • 13841
თუკი პოლიცია ღამით ფოტოს გადაღებას გაიძულებთ

ღამით საპატრულო პოლიციის თანამშრომლები რომ ქუჩაში მყოფ ადამიანებს, ძირითადად ახალგაზრდა მამაკაცებს, ფოტოებს უღებენ, ამის შესახებ „ბათუმელებს“ რამდენიმე მოქალაქე ესაუბრა. ისინი პატრულის თანამშრომლებმა საღამოს ან ღამის საათებში ბათუმის ქუჩებში გააჩერეს. არც ერთი მათგანისთვის პოლიციას არ აუხსნია, რისთვის უღებდნენ ფოტოსურათს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, საპატრულო პოლიცია კანონდარღვევით მოქმედებს.

ბექა ნ. ამბობს, რომ ის თანმხლებ ორ ახალგაზრდასთან ერთად საპატრულო პოლიციამ მოულოდნელად შეაჩერა ქუჩაში და პირადობის მოწმობები მოსთხოვა: „ვაჩვენეთ პასპორტი, ერთს არ ჰქონდა. გვკითხა, ღამით რატომ ხართ ქუჩაშიო. ვუთხარით, რამეს ვაშავებთ-თქო? არაფერი უპასუხია. მანქანაში მიბრუნდა და ფოტოაპარატი გამოიტანა. ცალ-ცალკე დაგვაყენა და სურათები გადაგვიღო. ვკითხე, რა ხდება, ეგ რაში გჭირდებათ-მეთქი და ზედმეტ კითხვებს სვამთო“.

პატრულს გაუჩერებია ქუჩაში პაატა დიასამიძეც, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. პაატას თქმით, პატრული მასობრივად იყენებს ფოტოების გადაღების მეთოდს და მასთან კონსულტაციისთვის ამ საკითხით შეწუხებული რამდენიმე მოქალაქეც მისულა: „მეც გამაჩერეს და ვინაობა გამომკითხეს. ფოტოსურათიც უნდა გადაგიღოთო. ვუთხარი, რომ ამის უფლება არ ჰქონდათ, რადგან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ვაჩვენე, იმის მიუხედავად, რომ წინასწარ არ განმიმარტეს, რისთვის გამაჩერეს. როცა კანონისკენ მივანიშნე, ფოტოს გადაღება გადაიფიქრეს და წავიდნენ.“

საიას იურისტის, პაატა დიასამიძის განმარტებით, პატრულის თანამშრომელს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს მოქალაქისთვის ფოტოს გადაღების უფლება, როცა პირის იდენტიფიცირება შეუძლებელია:

„ამას არეგულირებს პოლიციის შესახებ კანონის მე-18 მუხლი, რომლის მიხედვითაც საზოგადოების უსაფრთხოებისა და წესრიგის დასაცავად პოლიციელს შეუძლია განახორციელოს პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის, პირის გამოკითხვა, ზედაპირული შემოწმება ან დათვალიერება. ამ მოქმედების დაწყებამდე პოლიციელმა უნდა განუმარტოს მოქალაქეს, რის საფუძველზე და რა მიზეზით ახდენს გამოკითხვას. პოლიციელის ეჭვის საფუძველი შეიძლება იყოს ის, რომ პირი იმყოფება დანაშაულის ჩადენის, ან საპოლიციო კონტროლს დაქვემდებარებულ ადგილებში, ატარებს იარაღს და შეუძლებელია სხვა ფორმით იარაღის ტარების კანონიერების დადგენა და ასე შემდეგ.

ფოტოს გადაღება კი მაშინაა ნებადართული, თუკი გამოსაკითხი პირი უარს ამბობს ვინაობის გამხელაზე, არ აქვს პირადობის მოწმობა და არსებობს ეჭვი, რომ ის პირად ინფორმაციას არ ამხელს. ამ შემთხვევაში, უნდა შეივსოს შესაბამისი ოქმი და პირს განემარტოს, რა აუცილებლობითაა ამის გაკეთება გამოწვეული.

მოქალაქეები, ვინც ჩვენ მოგვმართა, ამბობენ, რომ მათ პირადი ინფორმაციის გამხელაზე უარი არ უთქვამთ, მაგრამ ფოტოსურათი მაინც გადაუღეს, ეს პირდაპირ კანონის დარღვევაა. ბოლოს ერთი შემთხვევა გვქონდა, როცა დედასთან ერთად ქუჩაში გამოსულ არასრულწლოვანსაც გადაუღეს ფოტო“.

პაატა დიასამიძე მიიჩნევს, რომ მიდგომა სისტემურია და პოლიცია ამ გზით პრევენციის გაძლიერებას ცდილობს. იურისტის შეფასებით, კანონის დარღვევით პრევენციული ღონისძიების გატარება დაუშვებელია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მონაცემებით, ჯერ პრაქტიკაში არ ყოფილა შემთხვევა, როცა მოქალაქეს უკანონო გამოკითხვის, ან ფოტოს გადაღების გამო პატრულისთვის სასამართლოში ეჩივლოს: „ამ დროს მოთხოვნა შეიძლება იყოს ზიანის ანაზღაურება, მაგრამ ამის დადასტურება მაშინ შეიძლება, თუკი მესამე პირი მოახერხებს უკანონო ფოტოგადაღების დაფიქსირებას სხვა ფოტოთი,“ – განმარტავს იურისტი პაატა დიასამიძე.

რატომ არის საჭირო მოქალაქეების ღამით ქუჩაში გაჩერება და მათთვის ფოტოების გადაღება, ან რატომ შეიძლება ეს არ იყოს კანონდარღვევა? – „ბათუმელების“ შეკითხვას შინაგან საქმეთა სამინისტრომ კვირის განმავლობაში არ უპასუხა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: