მთავარი,სიახლეები

პოლიციელს ზედაპირული დათვალიერებისთვის „ლეგიტიმური მიზანი“ უნდა ჰქონდეს

28.12.2016 • 3048
პოლიციელს ზედაპირული დათვალიერებისთვის „ლეგიტიმური მიზანი“ უნდა ჰქონდეს

„კონსტიტუციური ნორმებით განმტკიცებული ადამიანის ძირითად უფლებებში ჩარევისათვის აუცილებელია არსებობდეს აუცილებელი წინაპირობა, ლეგიტიმური მიზანი, ხოლო უფლების დაცულ სფეროში ჩარევას უნდა ჰქონდეს დასაშვები, შესაბამისი და პროპორციული ხასიათი“, – ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია. სასამართლომ სამართალდარღვევის ფაქტის არარსებობის გამო შეწყვიტა საქმის განხილვა მოქალაქე ირაკლი კიკილაშვილის მიმართ, რომელსაც გამოძიება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩიულებლობას ედავებოდა.

ირაკლი კიკილაშვილი მიმდინარე წლის 5 ნოემბერს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზედაპირული დათვალიერების მიზნით გააჩერეს. მოქალაქე პოლიციელს სთხოვდა, განემარტათ ზედაპირული დათვალიერების საფუძველი, თუმცა პოლიციელებმა მას განმარტება არ მისცეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე ვკითხულობთ: „ზედაპირული დათვალიერების წინაპირობას წარმოადგენს ,,საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის”, რომ პირს თან აქვს ნივთი, რომლის გადატანა შეზღუდულია, ან რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. აღნიშნული კი, სასამართლოს მოსაზრებით, გულისხმობს იმას, რომ პოლიციელი უნდა მოქმედებდეს ობიექტურად შეცნობადი და არა სუბიექტურად აღქმული გარემოებების მიხედვით. სასამართლოს მიაჩნია, რომ სწორედ ასეთ შემთხვევაშია შესაძლებელი პოლიციელის მოთხოვნა, მის მიერ ჩატარებული ზედაპირული დათვალიერება იყოს კანონიერი.“

ირაკლი კიკილაშვილის ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავდა. იურისტი ნონა ქურდოვანიძე მიიჩნევს, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სხვა მსგავს შემთხვევებზეც მოახდენს გავლენას: „მოქალაქეებს შეუძლიათ შეახსენონ პოლიციელებს სასამართლოს ეს გადაწყვეტილება. ყველა შემთხვევა შეიძლება იყოს ინდივიდუალური, მაგრამ პოლიციელს უნდა ჰქონდეს განმარტება, სამართლებრივი საფუძველი, თუ რის გამო მოითხოვს პირის ზედაპირულ დათვალიერებას. დათვალიერება გულიხმობს ადამიანის ხელით ან რაიმე მოწყობილობით შემოწმებას“.

მიმდინარე წლის ივლისში ჩვენ ვწერდით შემთხვევებზე, როცა მოქალაქეებს ღამით პოლიციელები ფოტოებსაც უღებდნენ. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, პაატა დიასამიძე ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვისაც პოლიციელმა ღამით ფოტოს გადაღება დაუპირა. პაატას შეფასებით, ფოტოს გადაღების უფლება პოლიციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთ, თუკი პირი ვინაობის გამხელაზე უარს ამბობს, ან მისი იდენტიფიცირება ვერ დგინდება. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სამართალდამცველები ისევ აჩერებენ ადამიანებს ქუჩებში და ფოტოებს უღებენ. იურისტების განმარტებით, სამართდამცველს უნდა შეეძლოს შემოწმების დასაბუთება, მაგალითად, თუკი პირი ატარებს კანონით აკრძალულ ნივთს და ასე შემდეგ.

საიას იურისტი, ნონა ქურდოვანიძე მოქალაქეებს ურჩევს ყველა მსგავს მსგავს სიტუაციაში, როცა პოლიციელი დასაბუთების გარეშე მოქმედებს, მიმართონ შსს-ს გენერალურ ინსპექციას, ან კონკრეტული სამართალდამცველის ზემდგომს.

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: