მთავარი,სიახლეები

სასჯელაღსრულების სამინისტრო ბათუმის ციხეში დაფიქსირებულ უკანონო სამედიცინო საქმიანობაზე

28.12.2016 • 3893
სასჯელაღსრულების სამინისტრო ბათუმის ციხეში დაფიქსირებულ უკანონო სამედიცინო საქმიანობაზე

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრომ ბათუმის ციხეში უკანონო სამედიცინო საქმიანობის შემთხვევაზე მოგვწერა. საუბარია მსჯავრდებულ კახა მეცხვარიშვილზე, რომელიც წლის განმავლობაში ათეულობით წერილის წერით აპროტესტებდა მის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს. ამავე პატიმრის წერილის საფუძველზე და სახალხო დამცველის თხოვნით, სამედიცინო რეგულირების სააგენტომ ბათუმის ციხეში ერთ-ერთი ექიმის, თამილა ვარშალომიძის მიმართ უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტი დაადგინა. რამდენიმე ექიმის საქმიანობაში ასევე დაფიქსირდა სხვადასხვა სახის ხარვეზი.

სასჯელაღსრულების სამინისტრო ადასტურებს უკანონო სამედიცინო საქმინობის ფაქტს. უწყებიდან მიღებული წერილის მიხედვით, კონკრეტული ექიმი [ვინაობას სამინისტრო არ ამხელს], ვის მიმართაც დარღვევა დადგინდა, მიმდინარე წლის 11 აპრილიდან აღარ მუშაობს ბათუმის მე-3 დაწესებულებაში, ანუ მან მანამდე დატოვა თანამდებობა, ვიდრე სამედიცინო რეგულირების სააგენტო მის მიმართ დარღვევას დაადგენდა.

სამინისტროდან მიღებულ წერილში ვკითხულობთ: „მსჯავრდებული კ.მ. ისევე, როგორც ყველა სხვა მსჯავრდებული, უზრუნველყოფილია სრული სამედიცინო სერვისით.“

ანალოგიური შინაარსის წერილი მივიღეთ ჩვენ მარტშიც იგივე სასჯელაღსრულების სამინისტროსგან, როცა კახა მეცხვარიშვილი სამედიცინო მომსახურების ხარისხს აპროტესტებდა. მაშინ სამინისტროს წერილში არ აღუნიშნავს, რომ მსჯავრდებულის წერილის საფუძველზე მიმდინარეობდა მოკვლევა, ან რომელიმე სხვა უწყება შეისწავლიდა ბათუმის ციხეში გაწეულ სამედიცინო მომსახურებას. „ბათუმელების“ ხელთ ასებული ინფორმაციის მიხედვით, ის, რასაც პატიმარი აპროტესტებდა, ნაწილობრივ დაადასტურა სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტომ მხოლოდ სახალხო დამცველის მიმართვის შემდეგ.

სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ დღეს, 28 დეკემბერს მოწერილი წერილიდან არ ირკვევა, ექიმმა, ვისაც სერთიფიკატი ერთი თვით შეუჩერეს, თავისი ნებით დატოვა თანამდებობა, თუ გაათავისუფლეს: „აღნიშნულ ექიმს N3 დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექიმის თანამდებობა მიმდინარე წლის 11 აპრილიდან აღარ უკავია.  საბჭოს მიერ  დაწესებულების სხვა ექიმების მიმართ პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი არ დასმულა“, – ვკითხულობთ წერილში.

მსჯავრდებულ კახა მეცხვარიშვილის მიერ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ვიზიტს ადასტურებს სასჯელაღსრულების სამინისტრო: „მსჯავრდებულ კ.მ.-ს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში  კონსულტაციის შედეგად ექიმის მიერ დაენიშნა მედიკამენტები, რომლებიც არ შედის ბაზისური მედიკამენტების ნუსხაში. აღნიშნული მედიკამენტების შეძენის მიზნით, მთავარი ექიმის მიერ შესაბამისი მოთხოვნა უკვე გაგზავნილია.“

სამინისტროს მიერ მოწერილ წერილში არაფერია ნათქვამი, იყო თუ არა გადაყვანილი კახა მეცხვარიშვილი სამარტოო საკანში და მოექცა თუ არა მას აგრესიულად ციხის ადმინისტრაცია, რასაც მსჯავრდებული ამჟამად აპროტესტებს და წერს, რომ ამის გამო შიმშილობას აპირებს. სასჯელაღსრულების სამინისტრო წერილში მხოლოდ ამას აღნიშნავს: „მსჯავრდებული შიმშილობდა 16-17 დეკემბერს და 19-22 დეკემბერს.  კ.მ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობას მუდმივად აკონტროლებს დაწესებულების სამედიცინო პერსონალი.“

კახა მეცხვარიშვილისგან ბოლო წერილი „ბათუმელებმა“ 26 დეკემბერს, ორშაბათს მიიღო. იმავე დღეს ჩვენ სასჯელაღსრულების სამინისტროს დავუკავშირდით. ამ უწყებისგან წერილობითი პასუხი დღეს, 28 დეკემბრის საღამოს მივიღეთ, მას შემდეგ, როცა ბათუმის ციხეში დაფიქსირებულ დარღვევებზე ინფორმაცია უკვე გავრცელებული გვქონდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: