კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

რის შეცვლას აპირებენ აჭარის მაჟორიტარები საქართველოს კონსტიტუციაში

30.12.2016 • 3005
რის შეცვლას აპირებენ აჭარის მაჟორიტარები საქართველოს კონსტიტუციაში

საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსული ხელისუფლება კონსტიტუციის შეცვლას აპირებს.  საკონსტიტუციო კომისია მუშაობას უკვე შეუდგა, ცვლილების პროექტი მომავალი წლის აპრილში უნდა იყოს მზად. არჩევნებამდე „ქართული ოცნება“ აჭარის ხელისუფლების უფლებამოსილების გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობდა. დეპუტატები აჭარიდან ახლაც იმავე აზრზე არიან, თუმცა ისინი პოლიტიკიდან უკვე წასული პაატა ბურჭულაძის წინასაარჩევნო გზავნილს ააქტიურებენ და ძირითადად ადგილობრივი კადრების ჩაგვრაზე ამახვილებენ ყურადღებას. კიდევ, მაგალითად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის სტატუსის მოხსნის ან მინიჭების უფლებამოსილების აჭარისთვის გადმოცემას აპირებენ. ეს იმის მიუხედავად, რომ ადგილობრივი მთავრობა ძეგლებს არსებული კომპეტენციის ფარგლებშიც ვერ იცავს.

„მაგალითად, ღორჯომის სკოლის დირექტორის დანიშვნაზე მთელი თბილისი უნდა შეიძრას, ესაა საქმე?.. აჭარის განათლების სამინისტროს დამოუკიდებლად უნდა შეეძლოს მოქმედება და უმაღლეს საბჭოსაც. საქართველოს მთავრობას უნდა შეათანხმონ, კი ბატონო, მაგრამ მთლად ასეც არ გამოვა. ჩემი აზრი ეს იქნება“, – გვითხრა ანზორ ბოლქვაძემ. მას ვკითხეთ, კონკრეტულად რა კუთხით უნდა გაიზარდოს აჭარის ხელისუფლების უფლებამოსილება. ანზორ ბოლქვაძე ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარი დეპუტატია პარლამენტში. მან პირველი რიგის ამოცანად სოფლის გაძლიერება დაგვისახელა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ თითოეულ თემსა და სოფელს საკუთარი გამგებელი უნდა ჰყავდეს:  „მოსახლეობა მოითხოვს ამას, მე კი არა. დღეს სამ და ოთხ სოფელს ერთი ხელმძღვანელი ჰყავს. შეიძლება უფრო პატარა ხელფასები გასცე და ყველა სოფელს ჰყავდეს თავისი. მე, როგორც დეპუტატი, ამას დავუჭერ მხარს. სოფელი ასევე ითხოვს შეიცვალოს საპენსიო ასაკი. შეიძლება ეს ყველაფერი კონსტიტუციასთან კავშირში არ არის, მაგრამ ხალხი ამას ითხოვს. კიდევ ადგილობრივი კადრები უნდა დასაქმდნენ უფრო მეტად… კონკრეტულად ვერ დაგისახელებთ, ვის შეუქმნეს პრობლემა, მაგრამ, ჩემი აზრით, უნდა დაისვას ეს საკითხიც… მე არ ვიცი ჯერ, ვიქნები თუ არა ამ კომისიაში, მაგრამ ყველა ვიქნებით ჩართული.“

იქნება თუ არა წარმოდგენილი საკონსტიტუციო კომისიაში, არც ნუკრი ბეჟანიძემ იცის – ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში. ანზორ ბოლქვაძის მსგავსად, ამ კანონმდებელმაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრის დროს ადგილობრივი კადრების დასაქმებაზე გაამახვილა ყურადღება. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი კადრები იბლოკებიან:

„ბევრ შემთხვევაში კადრები ცენტრალური ხელისუფლოების დონეზე ინიშნებიან, ადგილობრივ კადრებსაც სჭირდებათ წინსვლა. ადგილობრივს ბევრ შემთხვევაში აღარ აქვს წინსვლის ინტერესი, ის გარკვეულწილად დაბლოკილია. მაქსიმალური, რასაც შეიძლება მიაღწიოს ადგილობრივმა კადრმა, აი, მოადგილე შეიძლება გახდეს გარკვეულ თანამდებობაზე, არ აქვს  მას წინსვლისა და განვითარების შანსი. დამოუკიდებლობა და უფრო მეტი თავისუფლება რომ ექნება ადგილობრივ მთავრობას, თვითონ გადაწყვეტს, რომ მისი კადრები დასაქმდნენ“.

ნუკრი ბეჟანიძეს ვთხოვეთ დაესახელებია ადგილობრივი კადრების დაბლოკვის კონკრეტული ფაქტები: „კარგით რა, თქვენც კარგად იცით, რაზეც ვსაუბრობ. ბევრია შემთხვევა, როცა სხვა რეგიონიდან ჩამოსული ხალხი მუშაობს და მე არ გამიგია, ჩვენი რეგიონიდან სხვა რეგიონში დანიშნულიყო ვინმე. რატომ არ შეიძლება პროფესიონალი იყოს რეგიონში. პროფესიონალი მხოლოდ ცენტრშია?… რასაკვირველია, პროფესიონალიზმი გადამწყვეტია, მაგ აზრს ნუ მახვევთ თავზე. მეტი თავისუფლება უნდა ამ კუთხით ადგილობრივ მთავრობას, ეს არაა სეპარატიზმი.“

კანონმდებელი რეგიონის ხელისუფლებისთვის უფლებამოსილების გაზრდის საჭიროებას კიდევ ერთი მიმართულებით ხედავს – ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის სტატუსის განსაზღვრა: „უბრალო მაგალითს გეტყვით: დავუშვათ, ძეგლის წოდება აქვს თავდადებულის ქუჩაზე, მუსიკალური სასწავლებლის წინ, ორსართულიან, ძველ შენობას, სადაც ხალხს აწვიმს, ძალიან სარემონტოა და ნახევრად დანგრეული შენობაა. ამ შენობას აქვს ძეგლის სტატუსი და ადგილობრივი მთავრობა ვერ კიდებს ხელს, რადგან ეს არის ძეგლი. მოხსნაზე კი არაა უშუალოდ ლაპარაკი, სწორად გამიგეთ, ლაპარაკია იმაზე, რომ მთავრობას უნდა ჰქონდეს საშუალება, განაგოს შენობა…“

ქობულეთის მაჟორიტარი, პროფესიით ექიმი კობა ნაკაიძე ჯანდაცვის სფეროზე აკეთებს აქცენტს. მისი აზრით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს საავადმყოფოებში სამედიცინო საქმიანობის კონტროლის უფლება უნდა ჰქონდეს: „რასაც აკეთებს დღეს ცენტრალურ დონეზე რეგულირების სააგენტო, იგივე უნდა იყოს ადგილზე. შეიძლება ეს იყოს ცენტრალური სააგენტოს დაქვემდებარებაში, მაგრამ რეგიონში უნდა არსებობდეს ოპერატიულად და ეფექტურად მოქმედების შესაძლებლობა… არ ვიცი, აქამდე რატომ არ მიანიჭეს რეგიონს ამის უფლება. ალბათ, ცენტრალიზებულად სჭირდებოდათ აქამდე.“

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში იმუშავებენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე და პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მაჟორიტარი ხელვაჩაურიდან ილია ნაკაშიძე.

„შეგიძლიათ თქვათ, რომ დავით გაბაიძე ზედმეტი სიფრთხილით უდგება ამ საკითხს, მაგრამ მირჩევნია, ვიყო ფრთხილი, რადგან ჯერ არ ვიცი, რამდენად ფართო იქნება კომისიის მოქმედების დიაპაზონი. არ ვიცი, კომისია მხოლოდ გამოვლენილი ხარვეზების შესწორებაზე იმუშავებს თუ, მაგალითად, ისეთ საკითხზე, როგორიცაა ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხი“, – გვითხრა დავით გაბაიძემ.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს სურს იმუშაოს იმ ჯგუფებთან, რომლებიც ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და სასამართლო ხელისუფლების საკითხებს განიხილავენ: „ჩვენი კონსტიტუცია გვეუბნება, რომ ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივი მოწყობა უნდა განისაზღვროს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ.

როცა ვსაუბრობთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციებზე, ფაქტია, რომ მათი განსაზღვრა უნდა ხდებოდეს ქვეყნის დანარჩენი რეგიონების სტატუსის ფარგლებში. თუ ამას შეეხება ეს ცვლილებები, ვისაუბრებთ. შესაძლებელია, კონკრეტული კომპეტენციების ცვლილებაზეც იყოს საუბარი. მე, ზოგადად, მგონია, რომ ამ საკითხის ამდენ ხანს ღიად დატოვება არ არის მაინცადამაინც კარგი.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე უარს ვამბობთ. აჭარაში რომელიმე სამინისტროს უფლებამოსილება პირდაპირ დაკავშირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებთან… გამოსასწორებელია საკითხები, რომლებიც მუშაობის პროცესში გამოჩნდა და ამის შესახებ ვისაუბრებ კომისიაში, მაგალითად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადადგომის საკითხი. ალბათ, გახსოვთ, როგორი გაუგებრობა შეიქმნა ამ კუთხით“.

P.S. სტატია „ბათუმელებში“ გამოქვეყნდა 26 დეკემბერს.

ვინ გახდნენ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: