მთავარი,სიახლეები

აჭარა შესაძლოა ფსიქიატრიულის გარეშე დარჩეს

27.12.2016 • 2502
აჭარა შესაძლოა ფსიქიატრიულის გარეშე დარჩეს

30 დეკემბერს ელექტრონული აუქციონის წესით ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ახალი მესაკუთრის ვინაობას გავიგებთ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო შპს „რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ 100%-იან წილს პირობებიან, ელექტრონულ აუქციონზე ყიდის.

აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვეში უნდა უზრუნველყოს შენობისათვის საჭირო სარემონტო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყება, რაც არაუგვიანეს 36 თვეში დასრულდება. აუქციონის ერთ-ერთი პირობაა – 10 წლის განმავლობაში სამედიცინო პროფილის უწყვეტად შენარჩუნება.

რა მოხდება 10 წლის შემდეგ, თუკი სამედიცინო დაწესებულების მესაკუთრე პროფილს შეცვლის და აჭარას ფსიქიატრიული საავადმყოფო აღარ ექნება? – კითხვას აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ ასე უპასუხა: „10 წლის შემდეგ გიპასუხებთ კონკრეტულად, როცა დაგარწმუნებთ, რომ ამ სფეროში შემოსული ადამიანი ნაკლებად ფიქრობს პროფილის შეცვლას“.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი დარწმუნებულია, რომ მესაკუთრე ფსიქიატრიულ დაწესებულებას პროფილს არ შეუცვლის, თუმცა არ აქვს პასუხი კითხვაზე: რატომ არის მითითებული აუქციონის პირობაში პროფილის შენარჩუნება მხოლოდ 10 წელი. მას ამ თემაზე ეკონომიკის სამინისტროსთან არ უსაუბრია. ზაალ მიქელაძე ბათუმის ონკოლგიური საავადმყოფოს გასხვისებას იხსენებს: „მაშინაც იყო ხმაური, მაგრამ დავინახეთ, რომ არათუ პროფილი შეინარჩუნა, პირიქით, გაფართოვდა კიდეც, მძლავრ ცენტრად ჩამოყალიბდა და ახალ კორპუსებს აშენებს. ჩვენი სახელმწიფო პროგრამები კიდევ უფრო ადაპტირებული ხდება ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით და დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება. ეს უქმნის მეტ მოტივაციას მყიდველს. არა მგონია, ფსიქიატრიულის შემთხვევაშიც ტერიტორიის გამო ჰქონდეს ინტერესი მყიდველს, ქალაქში ისედავ ბევრი საკურორტო დაწესებულებაა”

ჯანდაცვის მინისტრს შევახსენეთ, რომ ფსიქიატრიული საავადმყოფო ქალაქის ტერიტორიაზეა, ზღვასთან ახლოს, ხოლო ბათუმის მერმა რამდენიმე დღის წინ ისაუბრა სასტუმროების სიმწირეზე, როცა „ორბი ჯგუფს“ კონკრეტული პირობებით მიწის ნაკვეთები გადასცა.

„მესმის, შეიძლება ასეცაა. მე არასდროს მიმუშავია ბიზნესში, მაგრამ დღეს ბიზნესია უკვე იქ მოზიდული კონკრეტული პროგრამები,” – გვიპასუხა ზაალ მიქელაძემ, აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა.

ბათუმში, კახაბრის ქუჩა N36-ში მდებარე ფსიქიატრიული საავადმყოფოს შენობების საერთო ფართობი 25459 კვ/მ, ხოლო მასზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთის ფართობია 5232 კვ/მ. ამასთან „რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს“ გააჩნია კრედიტორული [105 727 ლარი] და დებიტორული [398 394 ლარი] დავალიანება .აღნიშნულ პროექტში ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის განმავლობაში მყიდველმა არანაკლებ 1 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. აუქციონის საწყისი ფასი 100 ათასი ლარია.

ბათუმის „ფსიქიატრიული საავადმყოფოს“ გასხვისება დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააპროტესტა. აქ მიიჩნევენ, რომ მთავრობა მოგების მომტან საწარმოს არ უნდა ყიდდეს. ასევე გაურკვეველია, როგორ განისაზღვრა აუქციონის საწყისი ფასი.

„გაურვეველია, რატომ ყიდის აჭარის მთავრობა კლინიკას, სადაც ყოველთვიური მოგება 20-30 ათასს ლარს შეადგენს. რატომ ყიდის აჭარის მთავრობა კვადარტულ მეტრს დაახლოებით 3 ლარად, როცა ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე ბათუმის საკრებულოს მიერ დადგენილი ფასი – 65 ლარია. გარდა ამისა, აუქციონის პირობა მხოლოდ შენობის რემონტს ითვალისწინებს, ამაში ჩაიდება ინვესტიცია და არავინ იცის, რაში გამოიყენებს ინვესტორი ამ საავადმყოფოზე მიმაგრებულ მიწის ნაკვეთს“, – აცხადებს მიხეილ ბოლქვაძე, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

როგორ განისაზღვრა ფსიქიატრიული საავადმყოფოს აუქციონზე გასატანი საწყისი ფასი – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: