მთავარი,სიახლეები

რატომ ამბობს უარს მთავრობა ფსიქიატრიულისთვის პროფილის შენარჩუნებაზე

27.12.2016
რატომ ამბობს უარს მთავრობა ფსიქიატრიულისთვის პროფილის შენარჩუნებაზე

„როგორ წარმოგიდგენიათ ახლა, 10 წლის განმავლობაში განვითარდეს საავადმყოფო, ჩაიდოს ინვესტიცია და მერე შეიცვალოს პროფილი?“,  – გვითხრა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ. მინისტრი დარწმუნებულია, რომ ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფოს გასხვისებით მისი პროფილი არ შეიცვლება, თუმცა აუქციონის პირობებში მას არ ჩაუდია პირობა, რომლის მიხედვითაც 10 წლის შემდეგ კერძო მესაკუთრისთვის რაიმე პირობის წაყენების უფლება ექნება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო შპს „რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ 100%-იან წილს პირობებიან, ელექტრონულ აუქციონზე ყიდის. საწყისი ფასი 100 ათასი ლარია. აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველმა მხოლოდ 10 წლის განმავლობაში უნდა შეინაჩუნოს საავადმყოფოს პროფილი.

„ეს არის მაქსიმალური ვადა, რაც შეიძლებოდა ჩაგვედო პირობად. აქამდე პრაქტიკაში ხშირად 5, ან უფრო ნაკლებ ვადას ვიყენებდით. კანონის შესაბამისად მოხდა ამის განსაზღვრა“, – ირწმუნება რამაზ ბოლქვაძე. კითხვაზე, კანონი უკრძალავდა თუ არა სამინისტროს პროფილის შესანარჩუნებლად უფრო ხანგრძლივი პერიოდის დაწესებას, მინისტრმა გვიპასუხა, რომ უკრძალავდა და მან კანონით განსაზღვრული მაქსიმალური ვადა გამოიყენა: „ჩვენ ავიღეთ კანონით განსაზღვრული 10 წელი, ეს მაქსიმუმია“.

„ამ კუთხით შეზღუდვა არ არსებობს. არსებული საკანონმდებლო ნორმატიული ბაზის საფუძველზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო უფლებამოსილია ქონების განკარგვა მოახდინოს იმ პირობებით და ვადით, რასაც ის ჩათვლის მიზანშეწონილად,“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე. მისი შეფასებით, რეალურია საფრთხე, რომ 10 წლის შემდეგ რეგიონში ფსიქიატრიული საავადმყოფო აღარ გვქონდეს: „ეკონომიკის სამინისტრო უნდა აკეთებდეს გრძელვადიან პროგნოზს საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე. ამ უწყებას უფრო მეტი დაცვის მექანიზმი უნდა შეემუშავებია. იგივე პროფილის შესანარჩუნებლად ვადები უნდა ყოფილიყო უფრო მეტი“.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ინვესტორი 10 წლის შემდეგ ფსიქიატრიული საავადმყოფოს პროფილის შენარჩუნებაზე უარს იტყვის? – კითხვაზე კონრკეტული პასუხი 10 წლის შემდეგ ექნება აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრს, ზაალ მიქელაძეს. ეს მინისტრიც ადასტურებს, რომ ინვესტორს შეუძლია საავადმყოფო დახუროს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ამას სამედიცინო ბიზნესში შემოსული პირი არ გააკეთებს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, რამაზ ბოლქვაძის განმარტებით, დღეს ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფო კრიტიკულ მდგომარეობაშია და სამინისტრომ ელექტრონული, პირობიანი ტენდერისთვის მინიმალური საწყის ფასად მხოლოდ 100 ათასი ლარი განსაზღვრა. აჭარის მთავრობა ამ ფასის გამო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკრიტიკა. პარტიის წევრის, მიხეილ ბოლქვაძის თქმით, ტერიტორია, სადაც ფსიქიატრიული მდებარეობს, მიწის ნორმატიული ფასი 65 ლარია, სამინისტრო კი მას დაახლოებით 3 ლარად ყიდის.

„ეს არის მინიმალური ფასი და იგი გაიზრდება ვაჭრობის შედეგად. ეს არის ელექტრონული აუქციონი, სადაც მონაწილეობა ნებისმიერ პირს შეუძლია“, – ამბობს რამაზ ბოლქვაძე. მინისტრი არ აკეთებს დაშვებას, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოზე შესაძლოა ვაჭრობა არ შედგეს და 65 ლარად შეფასებული მიწის ნაკვეთი 3 ლარად გაიყიდოს.

აუქციონი შპს „რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოზე“ 30 დეკემბერს დასრულდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: