Batumelebi | განახლდა საქმის განხილვა, სადაც პოლიციის საიდუმლო თანამშრომელი გაიშიფრა განახლდა საქმის განხილვა, სადაც პოლიციის საიდუმლო თანამშრომელი გაიშიფრა – Batumelebi
RU | GE  

განახლდა საქმის განხილვა, სადაც პოლიციის საიდუმლო თანამშრომელი გაიშიფრა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხელახლა დაიწყო იაგო ც.-ს საქმის განხილვა. მას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა და ტარება ედება ბრალად. გასული წლის ბოლოს ექსპერტიზის დასკვნა დაიდო, რითაც გაირკვა, რომ იარაღზე დარჩენილი თითის ანაბეჭდები იაგოს ნაცვლად, გივი ა.-ს ეკუთვნოდა. გივი ა. პოლიციის საიდუმლო თანამშრომელი, ე.წ. კონფიდენტია. საქმის განხილვა გასული წლის დეკემბერში შეწყდა.

დეკემბრამდე იარაღის უკანონო ტარების საქმეს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი განიხილავდა. საქმის განხილვა მას შემდეგ შეწყდა, როცა ეს მოსამართლე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა. იმის გამოც, რომ ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფება, საქმის განხილვა აქამდე გაჭიანურდა. იაგო ც.-ს საქმეს ამჯერად მოსამართლე ირაკლი შავაძე განიხილავს. გუშინ, 21 ოქტომბერს მოსამართლემ ბრალდების და დაცვის მხარის შესავალი სიტყვები ხელახლა მოისმინა. შემდეგ სხომებზე ხელახლა დაკითხავენ მოწმეებს, მათ შორის, გივი ა.-ს, რომელმაც სასამართლოს დახურულ სხდომაზე აღიარა, რომ თითის ანაბეჭდი ნამდვილად მას ეკუთვნოდა და მან მიაწოდა ინფორმაცია პოლიციას იაგო ც.-ს შესახებ.

იაგო ც.-ს ჩვენების მიხედვით, მას, როგორც ტაქსის მძღოლს, მანქანაში ჩაუჯდა გივი ა. და “ხოფის ბაზრობაზე” კონკრეტული პირთან მის ნაცვლად მისვლა სთხოვა. იმავე დღეს იაგოს მანქანა პოლიციელებმა გაჩხრიკეს და იქ იარაღი აღმოაჩინეს.

მას შემდეგ, რაც იარაღზე გივი ა.-ს ანაბეჭდი დადასტურდა, მან სასამართლოს უთხრა, რომ პოლიციის საიდუმლო თანამშრომელია და შემთხვევით შეეხო მანქანაში იარაღს, როცა მას მძღოლმა უთხრა, იარაღით დვდივარ და არაფრის მეშინიაო.

საქმეში მონიტორინგის მიზნით ჩართულია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი