კვირის ამბები,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

პრემიების პოლიტიკა მაღალმთიანეთში

29.12.2016 • 22703
პრემიების პოლიტიკა მაღალმთიანეთში

წელს პრემია აჭარის სამივე მთიან მუნიციპალიტეტებში გაიცა, სახელფასო დანამატი კი – მხოლოდ ხულოს მუნიციპალიტეტში.  როგორ გადანაწილდა საპრემიო ფონდი აჭარის მთაში და ვინ რა ოდენობის პრემია-დანამატი აიღო 2016 წელს?

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებული თანამშრომლებიდან სახელფასო დანამატი წელს ყველაზე ბევრჯერ [რვაჯერ, თვეში 250 ლარის ოდენობით] გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის მძღოლმა მერაბ ცეცხლაძემ მიიღო.

მერაბ ცეცხლაძემ დანამატი აპრილში, მაისში, ივნისში, ივლისში, აგვისტოში, სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში აიღო. დანამატთან ერთად მას პრემიაც აქვს მიღებული ექვსჯერ, სულ 2 000 ლარი. პრემია-დანამატი ერთდროულად ხულოს გამგეობაში მერაბ ცეცხლაძის გარდა კიდევ ცხრა თანამშრომელმა აიღო. ცხრიდან ექვსს დანამატი ექვსჯერ, ოთხს – ხუთჯერ და ერთს ოთხჯერ დაერიცხა.

პრემია წელს ხულოს გამგეობაში ყველა თანამშრომელზე ექვსჯერ გაიცა. გამგეობის თანამშრომლებზე გაცემულმა პრემიამ ჯამში 301 970 ლარი შეადგინა, ხოლო საკრებულოს აპარატის თანამშრომლებსა და თანამდებობის პირების პრემიამ – 107 980 ლარი. ყველაზე დიდი ოდენობის პრემია – 11 925 ლარი საკრებულოს თავმჯდომარეს, ჯამბულ ხოზრევანიძეს აქვს აღებული. 7 650 ლარი აქვს მიღებული საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ოთარ ცეცხლაძეს.

რაც შეეხება გამგეობას, მიღებული საპრემიო თანხით – 10 600 ლარით აქ გამგებელი ლიდერობს. 6 000 აიღო გამგებლის პირველმა მოადგილემ ლაშა ბოლქვაძემ, 4 000 ლარი კი სამსახურის უფროსებმა აიღეს. ხულოში წელს სულ 13 850 ლარი დანამატი და  409 950  ლარი პრემია გაიცა.

ხულოს გამგებლის თქმით, დანამატი გამგეობაში მხოლოდ ტექნიკური ზედამხედველობის ჯგუფმა მიიღო.

„რადგან არ გვაქვს იმდენი ტექნიკური საშუალება, რომ ზედამხედველობის ჯგუფი გადაადგილდეს, მათი ტრანსპორტის ხარჯების დასაფარად, დანამატის სახით, გავეცით ეს თანხა. რაც შეეხება მერაბ ცეცხლაძეს, მას 24 საათის განმავლობაში უწევს მუშაობა და წავახალისეთ“, –  ამბობს გამგებელი.

კვარტალურად თუ სადღესასწაულოდ პრემიები-დანამატები არ მიუღიათ მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ აიპებისა და შპს-ების თანამშრომლებს.

„მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებს აქვთ ბევრი საქმე, შრომითი ანაზღაურება კი – მცირე. ჩემი აზრით, მათი წახალისება აუცილებელია. პრემიების გაცემის საკითხი კომისიურად გადაწყდა. რაც შეეხება აიპებსა და შპს-ების თანამშრომლებს, წლის დასაწყისში მათ ხელფასის 50% ოდენობის პრემია მიიღეს, წლის ბოლოსაც მიიღებენ 50%-ს“, – ამბობს გამგებელი.

შუახევის აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ორგანოში წელს დანამატი არ გაცემულა, პრემია კი ხუთჯერ დარიგდა – იანვარში, მარტში, აპრილიში, ივნისსა და აგვისტოში. პრემიებზე წელს აქ 334 699 ლარი დაიხარჯა, აქედან 100 380 ლარი საკრებულოს, 234 319 ლარი კი გამგეობის თანამშრომლებზე.

ყველაზე მეტი პრემია შუახევშიც გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მიიღეს – 10 600 ლარი. გამგებლის მოადგილემ ავთანდილ დიასამიძემ – 5478 ლარი პრემია აიღო, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ – გურამ ზოიძემ კი – 6 800 ლარი. პრემია – 4 000 ლარი აიღო აპარატის უფროსმა. გამგეობა-საკრებულოს თანამშრომლებისგან განსხვავებით, აიპების თანამშრომლებს, რომელთა ხელფასი საშუალოდ 200-300 ლარია, პრემია მხოლოდ ერთხელ შეხვდათ.

გამგებელი ტარიელ ებრალიძე მიიჩნევს, რომ დასახვეწია თანამდებობრივი სარგო, პასუხისმგებლობისა და დატვირთვის მიხედვით:

„პრემიები კვარტალურად დატვირთვა-დამსახურების მიხედვით გავეცით, არის თანამდებობები, რასაც მეტი დატვირთვა აქვს და, ვფიქრობ, უფრო მეტსაც იმსახურებენ… აიპში დასაქმებულებს იმდენი დატვირთვა არ აქვთ, როგორც გამგეობაში, მაგრამ ჩვენ გვინდა ყველა ადამიანმა იგრძნოს შეღავათი სახელმწიფოსგან. ვფიქრობ, სამომავლოდ აიპებში რეორგანიზაცია გატარდება, – რამდენიმე გამსხვილდება. მე, პირადად, რა პრემიაც ავიღე, ყველა სახლში არ წამიღია, მუნიციპალიტეტში საქველმოქმედო ფონდი გვაქვს, ამ ფონდით კი ადამიანებს ვეხმარები“.

აჭარის მთის მუნიციპალიტეტების გამგებლებიდან ყველაზე ნაკლები პრემია ქედის გამგებელს აქვს აღებული – სულ 7 420 ლარი. 3 640 ლარის ოდენობის პრემია აიღეს გამგებლის მოადგილეებმა. რაც შეეხება საკრებულოს, ქედის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ცინცაძემ იმავე ოდენობის პრემია აიღო, რამდენიც გამგებელმა. მის მოადგილეს გურამ ანანიძეს პრემიის სახით წელს 5 690 ლარი, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებს კი 3 780 ლარი აქვთ მიღებული.

ქედის გამგეობასა და საკრებულოში  პრემია წელს ოთხჯერ გაიცა, სამჯერ – ხელფასის სრული ოდენობით. ქედაში პრემიებზე სულ 233 338  ლარი დაიხარჯა, აქედან 71 974 ლარი საკრებულოს თანამდებობის პირებმა და აპარატის თანამშრომლებმა მიიღეს. ქედის გამგებელი ამბობს, რომ საპრემიო ფონდს შესრულებული სამუშაოების შესაბამისად განკარგავს.

„პრემიების გაცემისას ვითვალისწინებთ რამდენი პროცენტით შესრულდა ბიუჯეტი. წელს, მაგალითად, ბიუჯეტის 100%-იანი შესრულება გვაქვს, ანუ ყველა რგოლმა წარმატებით იმუშავა და თანამშრომლებმაც დამსახურებით მიიღეს პრემია“.

აიპებისა და შპს-ების თანამშრომლებმა ხელფასის 50%-ის ოდენობის პრემია  ქედაშიც მხოლოდ ერთხელ, წლის დასაწყისში მიიღეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: