Batumelebi | მოქალაქეს პოლიციის შენობაში ნეკნი ჩაუმტვრიეს მოქალაქეს პოლიციის შენობაში ნეკნი ჩაუმტვრიეს – Batumelebi
RU | GE  

მოქალაქეს პოლიციის შენობაში ნეკნი ჩაუმტვრიეს

„…გულმკერდის მარჯვნივ აღენიშნება მე-8 ნეკნის მოტეხილობა. მოყვანილია პოლიციის თანხლებით, უჩივის ტკივილს მარჯვენა გვერდში, რომელიც ძლიერდება მოძრაობის დროს. პაციენტის გადმოცემით, ის სცემეს…“ – ეს ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს მიერ გაცემულ ჯანმრთელობის ცნობაში წერია. ცნობა ირაკლი ქაჯაიას მისცეს, რომელიც საავადმყოფოში პირდაპირ პოლიციის განყოფილებიდან მიიყვანეს. პოლიციაში რომ ირაკლი ქაჯაია ჯანმრთელი შეიყვანეს, ეს პოლიციელების მიერ გაფორმებული ოქმით დასტურდება. ირაკლი ქაჯაიას 31 ივლისს 7 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე სალიხ შაინიძემ. შემთხვევას სწავლობს სახალხო დამცველის აპარატი და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.

23 წლის ირაკლი ქაჯაია 26 ივლისს, დილის ოთხის ნახევარზე დააკავეს ბულვარში, ერთ-ერთ ღამის კლუბთან. მას გამოძიება წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.

დაკავებული პოლიციის მე-6 განყოფილების შენობაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს, ავთანდილ ბერულავას მიუყვანია.

პოლიციის მეექვსე განყოფილება ბათუმში

პოლიციის მეექვსე განყოფილება ბათუმში

დაკავების ოქმში აღნიშნულია, რომ ვიზუალური დათვალიერებით დაკავებულს რაიმე სახის ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნებოდა.
გათენებამდე, ზუსტად დილის 5 საათზე, ირაკლი ქაჯაია პოლიციის შენობიდან პოლიციელების თანხლებით რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოში თქვეს და ოფიციალურადაც აღნიშნეს, რომ დაკავებულს ჩამტვრეული ჰქონდა ნეკნი და გახეთქილი ჰქონდა წარბი. გრაფაში „ავადმყოფობის მიმდინარეობა“ მინიშნებულია – „მწვავე“.

სამედიცინო დასკვნა, რითაც დასტურდება, რომ ირაკლი ქაჯაიას ნეკნი აქვს გატეხილი

სამედიცინო დასკვნა, რითაც დასტურდება, რომ ირაკლი ქაჯაიას ნეკნი აქვს გატეხილი

პოლიციის შენობიდან საავადმყოფოში დაკავებულის გადაყვანამდე პოლიციელებმა ოქმში ჩაწერეს: „დაკავებულმა პოლიციის ადმინისტრაციის შენობაში თავისით იატაკს დაარტყა თავი და მიიღო დაზიანება წარბის არეში. მან ოქმისთვის ხელის მოწერაზე უარი განაცხადა…~ ოქმში არაფერია ნათქვამი ჩამტვრეული ნეკნის შესახებ. საავადმყოფოს მიერ გაცემული დოკუმენტაციის მიხედვით, ირაკლი ქაჯაიას ჩაუტარდა დიაგნოსტიკური კვლევები, გულმკერდის რენტგენოგრაფია და კლინიკიდან იგი დილის 6 საათსა და 20 წუთზე გაწერეს.

კლინიკიდან გამოწერილი ქაჯაია 07:08 საათზე დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. აქ შევსებულ ოქმში აღნიშნულია, რომ დაკავებულ ირაკლი ქაჯაიას დათვალიერების დროს აღენიშნებოდა დაზიანებები და დაკავებულის თქმით, მას ეს დაზიანებები პოლიციის მე-6 განყოფილების შენობაში პოლიციელებმა მიაყენეს. ოქმს ხელს აჭარის და გურიის რეგიონული დროებითი მოთავსების იზოლატორის ინსპექტორი, რამინ ხიმშიაშვილი აწერს. მას ოქმშივე აღნიშნული აქვს, რომ დაკავებულის პრეტენზიის შესახებ აცნობა იზოლატორის ზედამხედველ პროკურორს, მიქაელ ქობულაძეს.

„ჩვენ ყოველთვის ვახდენთ მყისიერ რეაგირებას. ამ შემთხვევაში, რა მოხდა, დაგირეკავთ ცოტა ხანში და გეტყვით,“ – უთხრა „ბათუმელებს“ პროკურორმა მიქაელ ქობულაძემ. მოგვიანებით პროკურორმა გვითხრა, რომ ეს საქმე მას არ აწერია და არც ის იცის, დაიწყო თუ არა გამოძიება: „თუკი იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები, სავარაუდოდ დაიწყებოდა გამოძიება, ზუსტად არ ვიცი“, – გვითხრა მიქაელ ქობულაძემ.

დაწყებულია თუ არა გამოძიება პოლიციელების წინააღმდეგ, ან დაინტერესდა თუ არა ამ შემთხვევით გენერალური ინსპექცია? – ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია არ მოგვაწოდა.

ირაკლი ქაჯაიას დედა, ნინო დუმბაძე „ბათუმელებს“ კვირას ესაუბრა, მას შემდეგ, როცა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო: „მანამდე თავი შევიკავე, როგორც თქვენთან, ასევე საიასთან კომუნიკაციაზე, რომელსაც 26 ივლისს დახმარება ვთხოვე. ოჯახის ახლობელმა პოლიციელმა გვნახა და გვირჩია, საჯარო განცხადებებისგან თავი შეგვეკავებინა. მიმანიშნა, რომ მყავდა მეორე ბიჭიც…“ – გვიყვება ირაკლი ქაჯაიას დედა.

ნინო დუმბაძემ „ბათუმელებს“ ახლობელი პოლიციელის ვინაობა არ გაუმხილა. მან გვითხრა ისიც, რომ ოჯახში იმყოფებოდნენ შსს-ს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები, რომლებიც ირაკლისაც გაესაუბრნენ. ნინო დუმბაძე ამბობს, რომ მას ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ მიუღია გამოძიების დაწყების შესახებ. „26 ივლისიდან ირაკლი თავის ტვინის შერყევით იწვა და ექიმმა გვირჩია, არ იმოძრაოსო. სასამართლო დარბაზიდან იგი პირდაპირ დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც არ ვიცი, რა სამედიცინო დახმარებას გაუწევენ,“ – ამბობს ნინო დუმბაძე.

ირაკლი ქაჯაიას სასამართლო პროცესმა ისე ჩაიარა, რომ მას ადვოკატიც კი არ დასწრებია. ირაკლი ქაჯაიას დედა ამბობს, რომ ეს მისი სტრატეგია იყო, რომელიც ახლობელი პოლიციელის რჩევით მიიღო და ახლა ძალიან ნანობს, რომ სასამართლო პროცესის შესახებ საიას და ჟურნალისტებს არ აცნობა.

დროებითი მოთავსების იზოლატორში ირაკლი ქაჯაია, სადაც მან ადმინისტრაციული პატიმრობა უნდა მოიხადოს, მოინახულა სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამართველოს უფროსმა, ციალა ქათამიძემ. მისი თქმით, ქაჯაიას ტკივილგამაყუჩებელი გაუკეთეს.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი პაატა დიასამიძე კი ამბობს, რომ თუკი იზოლატორი საჭირო სამედიცინო მომსახურებას ვერ უზრუნველყოფს, მაშინ ქაჯაია საავადმყოფოში უნდა გადაიყვანონ. ორგანიზაცია ირაკლი ქაჯაიას ინტერესებს დაიცავს.

ორგანიზაციის იურისტმა, პაატა დიასამიძემ 26 ივლისს საკუთარი თვალით ნახა ფეხსაცმლის კვალი ირაკლი ქაჯაიას პერანგის იმ ნაწილზე, სადაც მას ნეკნი ჰქონდა ჩამტვრეული:

ირაკლი ქაჯაია

ირაკლი ქაჯაია

„ვნახე, მაგრამ ექსპერტიზამ უნდა დაადასტუროს, რა ხარისხის დაზიანებები აქვს მას მიყენებული და რა საგნის ზემოქმედების შედეგად. გამოძიების კომპეტენციაა ამის სამართლებრივი შეფასება და კვალიფიკაციის მინიჭება. პოლიციის შიდა ბრძანებების მიხედვით, პოლიციის განყოფილებაში მოთავსების დროს უნდა ხდებოდეს ადამიანის ვიზუალური დათვალიერება და თუ აღენიშნება რაიმე დაზიანება, უნდა გამოიძახონ პროფესიონალი. ამ შემთხვევაში, დაკავებული პირდაპირ პოლიციის განყოფილების შენობიდან გადაიყვანეს საავადმყოფოში. თუ პოლიციელებმა გადაამეტეს საკუთარ უფლებამოსილებას, მაშინ ზოგადი წესით უნდა დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი. უნდა დაიკითხონ ის პირები, ვინც ამ დროს იმყოფებოდნენ პოლიციის განყოფილებაში, შემდეგ უნდა ჩატარდეს ამოცნობა. ქაჯაიამ არ იცის იმ პოლიციელების ვინაობა, ვინც მისი თქმით, ფიზიკურად გაუსწორდა, მაგრამ ამბობს, რომ მათი ამოცნობა შეუძლია. თუკი ამ შემთხვევაზე გამოძიება დაწყებული არ არის, ეს პირდაპირ კანონის დარღვევაა“ – ამბობს იურისტი.

ირაკლი ქაჯაიამ 26 ივლისს მიმართა სახალხო დამცველის აპარატსაც. რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი ციალა ქათამიძე ამბობს, რომ ვიზუალური დათვალიერებით აშკარად აღენიშნებოდა ქაჯაიას ფიზიკური დაზიანებები. ომბუდსმენის აპარატმა აღნიშნული საქმის წარმოება უკვე დაიწყო: „ჩვენ ვეცდებით დავადგინოთ ამ დაზიანებების მიზეზები, დრო, ადგილი. ამას დავადგენთ დოკუმენტაციის მიხედვით, რაც საქმეში იქნება“, – ამბობს ციალა ქათამიძე.

„სამართლის მიმართ ნიჰილისტური დამოკიდებულება“ – საიას იურისტი, პაატა დიასამიძე ამ შედეგს მოელის, თუკი პოლიციელების მხრიდან პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქის ფიზიკური ანგარიშსწორება დადასტურდება: „ეს შეამცირებს ნდობას სამართალმდაცველების მიმართ და მოქალაქეებს აღარ ექნებათ სურვილი, მიმართონ პოლიციელებს. ეს სერიოზული რისკია“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი