Batumelebi | „ეს არა მარტო ამ წლის, მომავალი წლის მარცხიც შეიძლება აღმოჩნდეს“ „ეს არა მარტო ამ წლის, მომავალი წლის მარცხიც შეიძლება აღმოჩნდეს“ – Batumelebi
RU | GE  

„ეს არა მარტო ამ წლის, მომავალი წლის მარცხიც შეიძლება აღმოჩნდეს“

რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება ან მარცხი ქვეყნის ცხოვრებაში 2016 წელს? რა საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე დგას საქართველო, რომელიც მომავალშიც შეიძლება გაგრძელდეს; რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყანამ გეოპოლიტიკურ სივრცეში, რომელიც მნიშვნელოვნად შეიცვალა? წლის მოვლენები  „ბათუმელებთან“  „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა, პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ შეაფასა.

თქვენი, როგორც პოლიტოლოგის შეფასებით, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა 2016 წელს საქართველოში და რატომ?

ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ამ წელს გვირაბის ბოლოს გამოჩნდა შუქი და დაიწყო ვიზალიბერალიზაციის პროცესი, საგარეო პოლიტიკასთან, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი წინსვლა, რაც შეძლო ქვეყანამ. თითქმის ყველა დარწმუნებული ვართ, რომ გაზაფხულზე საქართველო მიიღებს უვიზო რეჟიმს. ნაწილობრივ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მეტ-ნაკლებად მშვიდობიანად ჩავატარეთ საპარლამენტო არჩევნები, მიუხედავად იმ ხარვეზებისა, რომლებიც ახლდა ამ პროცესს. თუმცა, ნეგატიური უფრო ბევრი გვაქვს.

არჩევნების შედეგად მოსულმა საკონსტიტუციო უმრავლესობამ რა ტიპის საფრთხეები შეიძლება შექმნას ქვეყანაში. ასევე, ლიბერალური ფრთის მარცხი შეიძლება განვიხილოთ წლის ნეგატიურ მოვლენებს შორის?

არჩევნების შემდეგ იყო ოპოზიციის სტრუქტურული დაშლა. თუ გადავხედავთ ოპოზიციური ფრთის პარტიებს, ისინი კრიზისში არიან და, ბუნებრივია, გარკვეულ გამოწვევებს ქმნის ქართულ პარტიულ პოლიტიკაში იმ კუთხით, რომ მმართველ პარტიას აღარ რჩება მეტოქე. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რა პროცესებიც მიმდინარეობს  „ნაციონალურ მოძრაობაში“  – უახლოეს ხანში იქნება ყრილობა, რომელიც შესაძლოა ამ პარტიის გაყოფით დამთავრდეს. ეს კიდევ უფრო დაასუსტებს ოპოზიციას და გაზრდის შანსს, რომ სახელისუფლებო გუნდი ხიბლში ჩავარდეს. მას შეიძლება ჰქონდეს ცდუნება, მით უმეტეს, რომ უკვე ჰყავს საკონსტიტუციო უმრავლესობა. კონსტიტუციური უმრავლესობის მქონე ხელისუფლებები კი, მეტ-ნაკლებად ცდილობენ ხელისუფლების ყველა შტოზე კონტროლის მოპოვებას, რომელიც საბოლოოდ ძალიან ცუდად მთავრდება. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს ხელისუფლება გაუძლებს ამ ცდუნებას. თუმცა, თუ გადავხედავთ წინასწარ განცხადებებს, რომლებიც კეთდება პრეზიდენტის ინსტიტუტთან თუ სხვა ცვლილებებთან დაკავშირებით, ჩნდება ეჭვები, რომ ამ მიმართულებით წავალთ.

ობიექტურობისთვის უნდა აღვნიშნო, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მმართველ პარტიას აძლევს შესაძლებლობას, იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს რეფორმისტული პროგრამა, განახორციელოს ცვლილებები როგორც ეკონომიკაში, ასევე საგარეო პოლიტიკაში. ამ ეტაპზე, ალბათ, ეს გამორიცხულია, იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც ქართულ ეკონომიკაში შეიქმნა. ამ ფონზე რამდენად მოახერხებს ხელისუფლება ახალი ტიპის რეფორმების დაწყებას, ეს კიდევ საკითხავია.

 ლარის კურსის ვარდნა შეიძლება ჩაითვალოს წლის ეკონომიკურ მარცხად?

კი, ეს არა მარტო წლის, იმედი მაქვს, რომ არ იქნება მომავალი წლის მარცხიც. გამომდინარე იქედან, რომ ყოველდღიურად ეცემა კურსი და იგივე პროცესები არ გადავა ახალ წელსაც. ამ მხრივ მნიშვნელოვანია მომავალი წლის რამდენიმე თვე  – პროცესები გვაჩვენებს სად დგას ქვეყანა, როგორც ეკონომიკურ რეფორმებთან, ასევე ეკონომიკურ სტაბილურობასთან დაკავშირებით.

 თქვენ ახსენეთ რეფორმები, თუ არ გაძლიერდა ეკონომიკა, არ უნდა ველოდეთ რეფორმებს?

ხელისუფლებას კი ჰყავს კონსტიტუციური უმრავლესობა, მაგრამ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ძალიან ფრთხილია და ცოტა არ იყოს, ნაკლებად რეფორმისტული. ისინი ერიდებიან ამომრჩევლის გაღიზიანებას, რადგან მათ დიდ ნაწილს სიტყვა  „რეფორმა“  არ მოსწონს და ხშირად ნეგატიურ კონტექსტშიც კი აღიქვამს. ბუნებრივია, ხელისუფლება არჩევნებამდე ცდილობდა სტატუს კვო მეტ-ნაკლებად შეენარჩუნებინა, მაგრამ ახლა საზოგადოება მათგან ითხოვს შედეგს. შექმნილი სიტუაცია როგორც ეკონომიკურ, ასევე სოციალურ სფეროში აიძულებს ხელისუფლებას, რომ სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადადგას. ამ ნაბიჯების სისწორეზე იქნება დამოკიდებული ხელისუფლების წარმატება.

თქვენი აზრით, რა შეიცვალა არჩევნების შემდეგ სახელისუფლებო გუნდის მუშაობაში. რა ისწავლა ან ვერ ისწავლა ხელისუფლებამ წინა ოთხი წლის გამოცდილებით?

ამ ხელისუფლებას ემჩნევა, რომ ის თითქოს არ არის ერთიანი გუნდი. სახელისუფლებო სტრუქტურებში შეიმჩნევა სხვადასხვა პატარ-პატარა გუნდები და დაჯგუფებები, რომელთაც განსხვავებული შეხედულებები აქვთ, როგორც ეკონომიკურ რეფორმებთან, ასევე სხვა საკითხებთან მიმართებაში. ეს ხელს უშლის რეფორმების პაკეტის კონსოლიდაციას, თუკი ასეთი რამე არსებობს საერთოდ. გაჟღერებულია ოთხპუნქტიანი გეგმა, მაგრამ არ ჩანს ეს როგორ უნდა განხორციელდეს, ვინ იქნება ამის ინიციატორი, ვინ შეასრულებს ლიდერის როლს. ეკონომიკის მინისტრს და არც პრემიერ-მინისტრს არ სურს მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პირობებში აიღოს საკუთარ თავზე ინიციატივა.

 თუ ეს ლიდერი არ გამოიკვეთა, მაშინ რა მოხდება?

თუ არ გამოიკვეთა, მაშინ ფაქტია, რომ ვეყანა მიუახლოვდა კრიზისის დაწყების ნიშნულს. ამან ძალიან სერიოზული პრობლემები შეიძლება შეუქმნას ქვეყანას სტაბილურობასთან დაკავშირებით, შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოების მხრიდან გარკვეული აქტიურობა ხელისუფლების წინააღმდეგ. პროცესები დამოკიდებულია იმაზე, რამდენად იქნება ხელისუფლება ქმედითი. ახალი ხედვებით, პროგრამებით კონკრეტული შედეგები თუ არ დაიდო, მაშინ ძალიან გაუჭირდებათ ნდობის შენარჩუნება.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ არჩევნებზე საზოგადოების 51 პროცენტი საერთოდ არ მისულა. მართალია, საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღეს, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი მაინც საკმაოდ სკეპტიკურად არის განწყობილი და შესაძლებელია ამ პროცესში პროტესტის მუხტი შემოიტანოს.

საგარეო პოლიტიკას რომ დავუბრუნდეთ, ამ ერთ წელიწადში საგრძნობლად შეიცვალა პოლიტიკური გარემო საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. როგორ აისახება რუსეთის გაძლიერება ან თურქეთში განვითარებული მოვლენები ჩვენზე? 

ბუნებრივია, საქართველო იზოლირებული კუნძული ვერ იქნება თანამედროვე გლობალურ, საერთაშორისო სისტემაში. თუ რეგიონს გადავხედავთ, საქართველო რჩება მეტ-ნაკლებად სტაბილურ კუნძულად, იგივე თურქეთში განვითარებული მოვლენების ფონზე. აზერბაიჯანში საშინელი მდგომარეობაა, ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსის წინაშეა, სიტუაცია იქამდეა მოსული, რომ მოსახლეობა აღარ ენდობა ბანკებს და გამოაქვს თანხები. რუსეთში ვიცით რა მდგომარეობაა, სომხეთშიც სერიოზული კრიზისია, ამ ფონზე საქართველო, პრობლემების მიუხედავად, მაინც ინარჩუნებს სტაბილურობას. თუმცა ბევრი რამ დამოკიდებულია გარე აქტორებზე, მათ შორის აშშ-ს ახალ ხელისუფლებაზე, თუ როგორი იქნება მათი ხედვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან დაკავშირებით, სად და როგორ ხედავენ ისინი საქართველოს ადგილს.

რა ეტაპზე შეიძლება უფრო მეტად ნათელი გახდეს ეს?

ტრამპის წინასაარჩევნო რიტორიკას თუ მოვისმენთ, ჩვენთვის სასარგებლო არაფერი იკვეთება, რადგან აპირებს გადახედოს ურთიერთობებს რუსეთთან და ევროპელ მოკავშირეებთან, იგივე ნატოსთან მიმართებაში, რამაც შეიძლება ახალი გამოწვევები წარმოშვას ევროატლანტიკურ სივრცეში. მაგრამ რეალობას უფრო ნათლად დავინახავთ, როცა დაიწყებს საგარეო პოლიტიკის განხორციელებას აშშ-ს ახალი ხელისუფლება. წინასწარ რთულია პროგნოზი, რადგან ერთია წინასაარჩევნო რიტორიკა და მეორეა  –  რეალური პოლიტიკა, რადგან აშშ-ს პოლიტიკას მარტო პრეზიდენტი არ ქმნის, მთელი სახელმწიფო სისტემა მუშაობს და, ბუნებრივია, ამის შემდეგ, როგორც კი გამოიკვეთება კონტურები, უფრო მეტი კონკრეტიკა შეგვეძლება.

 რუსეთის აქტიურობა თურქეთ-სირიის მიმართულებით რა საფრთხეებს ქმნის საქართველოსთვის უსაფრთხოების კუთხით და რა პოზიციები სჭირდება ქვეყანას?

მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს ჰგონია, რომ სირიის კონფლიქტი ჩვენ არ გვეხება, ეს ასე არ არის, თუ გავითვალისწინებთ რუსეთს, რომელიც არა მარტო ჩართულია, არამედ მხარეც კი გახდა კონფლიქტში და მხარს უჭერს ასადის ხელისუფლებას. რუსეთი ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას და ამ ყველაფერმა ტრაგიკული მოვლენები გამოიწვია, მათ შორის რუსეთის ელჩის მკვლელობაც ანკარაში. ბუნებრივია, ეს გავლენას ახდენს რეგიონალურ უსაფრთხოებაზე და მათ შორის ჩვენზეც.

 ვიზალიბერალიზაცია დაეხმარება საქართველოს უსაფრთხოების თვალსაზრისით, თუ ამ მხრივ მხოლოდ ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობაა გადამწყვეტი?

ევროკავშირისთვის საქართველო, სამწუხაროდ, ვერ არის ბოლომდე აღქმული. გამომდინარე იქედან, რომ რეგიონის მიმართ არ არის ერთიანი მიდგომა, თუ რა ადგილი უკავია სამხრეთ კავკასიას ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაში. თუმცა საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის დაახლოება, გარკვეული სკეპტიციზმის მიუხედავად, მთლიანობაში მაინც დადებითად აღიქმება.

უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩვენ ნატოსთან დაახლოება გვჭირდება. თუმცა ამ ეტაპზე საქართველოს მხრიდან ახალი ხედვები და მიდგომები საგარეო პოლიტიკის მიმართულებით არ შეინიშნება, მეტი აქტიურობა მართებს ხელისუფლებას. ჩვენ გარშემო გეოპოლიტიკური ლანდშაფტი შეიცვალა, ამიტომ უფრო აქტიურები უნდა გავხდეთ. სტრატეგიული გარემო, რომელიც არ არის მაინცადამაინც ჩვენს სასარგებლოდ, უნდა შეიცვალოს. ამას სჭირდება როგორც ხელისუფლების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ბიზნესწრეებისა და რგოლების ერთიანი ძალისხმევა, რადგან ევროინტეგრაციის გზა არ არის მხოლოდ ხელისუფლების ვალდებულება, საზოგადოების ვალდებულებაცაა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com