მთავარი,სიახლეები

ჯარისკაცი თხილის პლანტაციაში ოჯახის სარჩენად, ათწლიანი სამსახურისა და ოთხი ომის შემდეგ

04.04.2016 • 3763
ჯარისკაცი თხილის პლანტაციაში ოჯახის სარჩენად, ათწლიანი სამსახურისა და ოთხი ომის შემდეგ

სერჟანტი რამაზ ბერიძე თავდაცვის სამინისტროს სასამართლოში უჩივის. თავდაცვის სამინისტრომ ჯარისკაცთან ხელშეკრულება მას შემდეგ შეწყვიტა, როცა რამაზ ბერიძის ჯანმრთელობა დაზიანდა. ავღანეთში, ISAF-ს სამშვიდობო მისიის შესრულების დროს რამაზი ნაღმზე ორჯერ აფეთქდა და მარჯვენა ყურში სმენა სრულიად დაკარგა. 2013 წელს რამაზ ბერიძე NATO-ს მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, საპატიო მედლით დააჯილდოვა – სამშვიდობო მისიაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის. ოთხი ომის მონაწილეს და 10-წლიანი სამხედრო გამოცდილების მქონე ვეტერანს, თავდაცვის სამინისტრო ისე დაემშვიდობა, რომ ერთჯერადი კომპენსაცია – 7 ათასი ლარიც კი არ გადაუხადა.

„გადაადგილების დროს, დაახლოებით 20 საათსა და 15 წუთზე, ჯავშანმანქანა „ემრაფი“, რომელშიც იმყოფებოდა რამაზ ბერიძე, აფეთქდა თალიბთა ტერორისტული დაჯგუფების წევრთა მიერ სამშვიდობო მისიაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეთა წინააღმდეგ დადებულ თვითნაკეთ ნაღმზე, ე.წ. „აიდი“-ზე, რის შედეგადაც ჯავშანმანქანაში მყოფმა რამაზ ბერიძემ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ბაროტრავმის სახით“, – ასე აღწერს სერჟანტის ნაღმზე აფეთქებას ოფიციალურ წერილში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი კახაბერ ჩიხრაძე.

ეს ამბავი 2013 წლის 15 ნოემბერს მოხდა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში. ორი დღის შემდეგ, რამაზ ბერიძე ისევ აფეთქდა ნაღმზე – ის ჰელმანდის პროვინციაში გადაჰყავდათ, სამხედრო ბაზა „ფაიზელში“, სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარებლად.

„მახსოვს, საშინელი ქარი იყო და მტვერი, ვერაფერს ვხედავდი. სამი მანქანით გამოვედით სამედიცინო ცენტრიდან, სადაც ტკივილგამაყუჩებელი გამიკეთეს, რომ დამძინებოდა. მანქანას 5 კმ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობის უფლება არ ჰქონდა… გზაზე ერთი ხევი იყო, სადაც წყალი მხოლოდ წვიმის დროს ჩამოდიოდა. იმ დღეს წყლის ხმა გავიგონე. თურმე მართვადი ნაღმი იყო წყლის ქვეშ დადებული. გაიარა ერთმა მანქანამ, მეორემ და მესამეზე აფეთქდა. იმ მანქანაში ვიწექი მე.

ყველაზე მეტად დავშავდი, რადგან განმეორებით ავფეთქდი. მეთაური მეუბნებოდა, გაგივლის, არ შეგეშინდესო, მაგრამ წივილის ხმა მესმოდა სულ“ – იხსენებს რამაზი.

დაშავებულ სერჟანტს ავღანეთში მდებარე ბრიტანულ სამხედრო ჰოსპიტალში უმკურნალეს, თუმცა დაკარგული სმენა რამაზს აღარ დაბრუნებია. „ფასდაუდებელი წვლილისთვის“ დაჯილდოვებულ ჯარისკაცს გორის სამხედრო ჰოსპიტალში უთხრეს, რომ ყურში არსებული ნერვი უკვე მკვდარია. 2014 წლის 18 აგვისტოდან თავდაცვის სამინისტრომ რამაზ ბერიძესთან დადებული ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყვიტა – ავადმყოფობის გამო.

რამაზ ბერიძე

რამაზ ბერიძე

„მითხრეს, იძულებული ვართ, ხელშეკრულება უნდა გავწყვიტოთო, – გვიყვება რამაზ ბერიძე, – ვთხოვე, იქნებ სადმე სხვაგან მიპოვოთ სამსახური, მე სხვა არაფერი ვიცი-მეთქი. არც პენსია მოუციათ და არც კომპენსაცია. მას შემდეგ ვეძებ სამსახურს, მაგრამ პროფესია მე არ მაქვს და ვინ მამუშავებს? ავღანეთში მეტყვიამფრქვევე ვიყავი. მანამდე ერაყსა და კოსოვოს ომში ვიბრძოდი. აგვისტოს ომშიც ბოლო დღეებამდე ვიყავი…“

ბოლო წერილი რამაზ ბერიძემ თავდაცვის სამინისტროსგან რამდენიმე დღის წინ მიიღო. სამინისტრომ მის მატერიალურ დახმარებაზე კიდევ ერთხელ თქვა უარი. თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის #560 ბრძანების 38-ე მუხლი სამხედრო მოსამსახურისთვის ერთჯერადად კომპენსაციის გაცემას მხოლოდ ორ შემთხვევაში ითვალისწინებს – „დასახიჩრება“ და „დაჭრა“. სამინისტრო 2014 წლის 14 თებერვლით დათარიღებულ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას დაეყრდნო, სადაც წერია, რომ „რამაზ ბერიძეს სხეულზე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება“. ამ დასკვნიდან რამდენიმე თვეში რამაზ ბერიძეს თავდაცვის სამინისტრომ კონტრაქტი ვადაზე ადრე შეუწყვიტა – ავადმყოფობის გამო.

„ამ საქმეს როცა თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავდა, თავდაცვის სამინისტრო ადასტურებდა, რომ სმენა რამაზს ნამდვილად დაუქვეითდა, მაგრამ ეს არ ემთხვევა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულ „დასახიჩრებას“ და „დაჭრას“. ჩვენი შეფასებით ეს ჯარისკაცის შეურაცხყოფაა. არ შეიძლება კანონმდებლობა ასე ვიწროდ განმარტო“ – ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ანა მდინარაძე, რომელიც სასამართლოში რამაზ ბერიძის საქმეს ხელახლა შეიტანს. წინა პროცესზე სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა, რაც ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ხარისხს შეაფასებდა. „ამის ჩატარება საკმაოდ ძვირია და რამაზს მისი დაფინანსების საშუალება არ ჰქონდა“, – გვითხრა ანა მდინარაძემ.

თავდაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით, სამხედრო ვალდებულებების შესრულების დროს, პირმა შესაძლოა ერთჯერადი კომპენსაცია მიიღოს: მძიმე დაზიანების დროს – 7 ათასი ლარი, ნაკლებად მძიმედ დაზიანებულმა – 3 ათასი, ხოლო მსუბუქად დაზიანებულმა – 2 ათასი ლარი. ნაღმზე აფეთქებული ჯარისკაცი ვერც ერთ კატეგორიაში მოხვდა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ თავდაცვის სამინისტრომ აუცილებლად უნდა გადახედოს როგორც კომპენსაციის ფინანსური ნაწილს, ასევე კატეგორიების ჩამონათვალს, რომლითაც განისაზღვრება ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი არის თუ არა „დასახიჩრება“.

აპირებს თუ არა თავდაცვის სამინისტრო გადახედოს ბრძანებას, რომელიც დაზარალებული სამხედრო მოსამსახურეების კომპენსირებას ითვალისწინებს? რატომ არ ჩათვალა სამინისტრომ „დასახიჩრებად~ ნაღმზე აფეთქება და სმენის დაკარგვა? რას სთავაზობს სახელმწიფო ოთხი ომის მონაწილეს, უმუშევრად დარჩენილ, სმენადაქვეითებულ ვეტერანს? – ამ კითხვებით „ბათუმელებმა“ თავდაცვის სამინისტროს მიმართა. უწყების პრესსამსახური თავდაპირველად პასუხს დაგვპირდა, თუმცა სამუშაო დღის ბოლოს გვითხრეს, რომ „თავდაცვის სამინისტრო დიდი უწყებაა და პასუხს რადმენიმე დღე უნდა დაველოდოთ“.

რამაზ ბერიძის ჯილდოები

რამაზ ბერიძის ჯილდოები

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო და კონკრეტულად თავდაცვის სამინისტრო თავს არიდებს პასუხისმგებლობას. „მთავარი პრობლემა არის დამოკიდებულება, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ავლენს ომში დაზარალებული სამხედრო მოსამსახურის მიმართ. ასე ილახება სახელმწიფოს იმიჯი და იკარგება პატრიოტიზმის განცდა. ამ დამოკიდებულებით საზოგადოება კარგავს პატივისცემას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ და ის ვალდებულება, რომელიც ჩვენ გვეკისრება ქვეყნის წინაშე, ქრება“, – ამბობს „ბათუმელებთან“ საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილი.

სამართლის დადგენის მოლოდინი აღარ აქვს რამაზ ბერიძეს. ის საკუთარი ოჯახის (ცოლის და ორი შვილის) ფიზიკური არსებობისთვის თურქეთში გადადის და ხან თხილის პლანტაციაში მუშაობს, ხან სხვა სეზონურ სამუშაოს ეძებს. რამაზ ბერიძემ „ბათუმელებს“ ათობით მედალი და მადლობის წერილი აჩვენა. გვითხრა ისიც, რომ ბავშვობაში კაპიტნობაზე ოცნებობდა. „საზღვაო აკადემიაში ერთი წელი ვისწავლე, მერე ოჯახს ფულის გადახდის საშუალება არ ჰქონდა და შევწყვიტე. მას მერე საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე ვიყავი.“

რამაზი ომიდან გამოყოლილ სამხედრო ფორმასაც ინახავს. ამბობს, რომ იშვიათად იცვამს, მხოლოდ მაშინ, როცა მარტო რჩება, ან ბუნებაში გადის: „ადამიანებთან აღარ მინდა ასე გამოჩენა“.

რამაზ ბერიძე

რამაზ ბერიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: