“ჩემი შვილები ამაყობენ რომ მამა ჯარისკაცი ჰყავთ”

2006 წელი იყო, არჩილმა ახალი პირადი საქმის შედგენა დაიწყო… მიზანი სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის სრული მზადყოფნა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვის მოტივი იყო. კარგად ახსოვს ის დღე, რომელმაც სამხედრო საქმეს, როგორც პროფესიასა და კარიერას მჭიდროდ დააკავშირა.

„სავალდებულო სამხედრო სამსახურში 2016 წლის 3 ოქტომბერს ჩავირიცხე“. თუმცა მანამდე იყო სტუდენტობა და სხვა პროფესიის დაუფლების ხანგრძლივი პროცესი, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკურად რთულ პერიოდს დაემთხვა.

„არ დავმალავ, ბავშვობიდან ჯარისკაცობაზე არ მიფიქრია. იმიტომ რომ 92-ში ქუთაისის ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. მაშინ ისეთი პერიოდი იყო, რომ სამოქალაქო სამსახურები ჭირდა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში სამხედრო კათედრა სტუდენტს უმცროსი ლეიტენანტის წოდებას აძლევდა. სწორედ ამის შემდეგ რეზერვის ოფიცრად ჩავირიცხე”.

აგვისტოს ომამდე პროფესიულ ჯარში ორი წელი იმსახურეთ, ასეთ რთულ საბრძოლო სიტუაციაში ჩართვისთვის გქონდათ საკმარისი გამოცდილება და მზაობა?

დიახ, რადგან მანამდე კიდევ 2 წლიანი სავალდებულო სამხედრო სამსახურის გამოცდილებაც მიწყობდა ხელს. ვიცოდი რა იყო და სად მივედი. ბევრს ვკითხულობდი, ინტერნეტთან მქონდა წვდომა და ყველაფრის საშუალება იყო, რაც სამხედროს განვითარებისთვის იყო საჭირო. მონდომებული ადამიანი ყველაფერს გააკეთებდი.

2008 წლის მოვლენებმა მის ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ შეცვალა…

გამთენიისას განგაშით გამოგვიძახეს. მივიღეთ ბრძანება, რომ გადავსულიყავით ცხინვალის რეგიონში. ფაქტიურად ომი იყო და ძალიან დაძაბული სიტუაცია შეიქმნა.

არჩილ აბულაძე ბრძოლის ველზე მოულოდნელად აღმოჩნდა, ამბობს, რომ გაცნობიერებაც კი გაუჭირდა, რასთან ჰქონდა საქმე.

უბრალოდ მივდიოდით იმისთვის, რომ ჩვენ უკან ჩვენი ოჯახები იდგნენ. მე ვერ ვაცნობიერებდი რა იყო ეს. გამთენიისას ჩვენმა ოცმილიმეტრიანმა რომ გაისროლა, სწორედ მაშინ გავაცნობიერე რომ ნამდვილ ომში ვიყავი.

ბრძოლის ველზე თქვენს მოვალეობებში რა შედიოდა?

ჩვენ ვიყავით რეზერვის შტაბში, სადაც ჩემი მოვალეობა ბრძოლის ველზე დაჭრილ-დაშავებული ჯარისკაცების აღრიცხვა იყო.

„ავნევი მალე დაგვატოვებინეს, რადგან დიდი კოლონა შემოვიდა, სოფლების დაბომბვა დაიწყეს. 11 აგვისტო რომ გათენდა, კიდევ უფრო დაიძაბა სიტუაცია. დიდი რაოდენობით ტექნიკა შემოდიოდა. შემდეგ მოხდა რაციების ჩახშობა და ინფორმაციის ნაკლებობაც იყო“.

მიუხედავად იმისა, რომ არჩილი მაშინდელ სიტუაციას მძიმედ აღწერს და ამბობს, რომ ამ ყველაფრის გადატანა ფსიქოლოგიურადაც ძალიან რთული იყო აღნიშნავს: “ვიდექით იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავით, გვეცვა ფორმა და მზად ვიყავით სიცოცხლის ფასად დაგვეცვა ჩვენი ქვეყანა“.

11 აგვისტოს, საღამოს 6 საათისთვის, ბრძანება მიიღეს, რომ შინდისის გზით ტერიტორია უნდა დაეტოვებინათ. შემდეგ იყო მძიმე შეტაკება. ქართველი ჯარისკაცები შეცდომაში მტრის ქვეითთა საბრძოლო მანქანამ შეიყვანა, რომელსაც სპეციალურად საქართველოს დროშა ჰქონდა ამოწეული, ქართველები მტრის ალყაში მოექცნენ.

არჩილის ავტომობილის ძრავას ორი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა მოხვდა. ამბობს, რომ გაუმართლა. ყუმბარები მანქანაში არ შევარდა. თუმცა სწორედ მაშინ დაიჭრა…

„საერთოდ ვერ გავიგე დაჭრა, ტკივილი არ მიგრძნია, ყუმბარის ნაწილი მარცხენა მხარში ისეთ ადგილას მომხვდა, რომ მთავარ არტერიას 7 მილიმეტრით ასცდა“.

არჩილ აბულაძე
არჩილ აბულაძე

რამდენიმე გადარჩენილმა ხოხვით გადაიარა მინდორი. გზად საინჟინრო ასეულის ორი ჯარისკაცი შემოხვდათ, ჯარისკაცებს იმედი მიეცათ, უკვე ბევრნი იყვნენ… „კარგა ხანს ვიარეთ, სოფელ ვარიანთან გავიყავით, რომ ნაკლებად გამოვჩენილიყავით, ასე სიარულიც ნაკლებ ხმაურს გამოიწვევდა. მე და მამაო ერთად წამოვედით“. ასე შეიფარა სოფელში ერთმა ოჯახმა. დააპურეს, ჭრილობა გადაუხვიეს და გაუშვეს.

არჩილ აბულაძე იხსენებს, რომ გონება მხოლოდ სახლის სადარბაზოსთან მისულმა დაკარგა, მაშინ, როდესაც თავი სამშვიდობოს იგრძნო. ექვსთვიანი სამკურნალო შვებულების შემდეგ სამსახურს დაუბრუნდა.

მიუხედავად ტრავმისა, არჩილი განვითარებას არ წყვეტს, ამ ეტაპზე ინგლისური ენის კურსს გადის, საერთაშორისო კურსებში საკმაოდ გამოცდილია, ნორვეგიაში თავდაცვის სამინისტროს ეგიდით სპეცკურსიც აქვს გავლილი, 2011 წელს კი კაპიტნის საკარიერო კურსი წარმატებით დაამთავრა.

„ახლა კაპიტანი ვარ და მაიორის წოდება რომ მიიღო, აუცილებელია ინგლისურის ცოდნა, სწორედ ამიტომ, თავს არ ვზოგავ განვითარებისთვის და ამაში სამინისტროც მეხმარება”.

ახლა რომ თავიდან იწყებდეთ ცხოვრებასა და კარიერას, შეცვლიდით რაიმეს?

არა, რა თქმა უნდა, ახლა კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მაქვს, ვიდრე 2008 წლის აგვისტომდე. ჩემი შვილები ამაყობენ რომ მამა ჯარისკაცი ჰყავთ. თუ ისინიც გადაწყვეტენ, რომ გახდნენ ჯარისკაცები, ჩემი მთავარი მოთხოვნა იქნება, რომ იყვნენ თავიანთი საქმის პროფესიონალები, ინოვატორები. მე ყველანაირად შევუწყობ ხელს, იმ გზას ვასწავლი, რაც მე გამივლია.

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ–ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ–გვერდი: mod.gov.ge

“კომპეტენცია, გამჭვირვალობა, უსაფრთხოება, ერთიანობა”

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური გაძლიერებისთვის, თანამშრომლების პროფესიული განვითარებისთვის, ეროვნულ დონეზე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე ერთიანი მიდგომების ჩამოყალიბებისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებთან, ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის საქართველოში დღეს უკვე არსებობს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (Defence Institution Building School).

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის 13 ინიციატივას შორის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც საქართველოში მოვლენილი ნატოს ექსპერტთა ჯგუფის აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება. სკოლის დაარსება სწორედ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში მოხდა, რომელიც საქართველოს 2014 წლის ნატოს უელსის სამიტზე მიენიჭა. პაკეტის მიზანი თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება, ნატოსთან თავსებადობის ამაღლება და საქართველოს ნატოში გაწევრიანების ხელშეწყობაა.

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის პროფესიული განვითარების პროგრამები განკუთვნილია როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის სამოქალაქო თუ სამხედრო პირებისთვის, ასევე აღნიშნული სფეროს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის. შემდგომ ეტაპზე, სკოლის კურსებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა უცხოელ მონაწილეებსაც ექნებათ.

სკოლის პროფესიული განვითარების პროგრამები ხელს შეუწყობს თავდაცვის ტრანსფორმაციას და უსაფრთხოების სექტორის რეფორმებს, რაც გააძლიერებს ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს და დააჩქარებს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა ნატოსთან თავსებად თანამედროვე სასწავლო მეთოდოლოგიებსა და მართვის მოდელს გამოიყენებს, რაც სკოლას შესაძლებლობას მისცემს ნატოს სკოლის სტატუსი მიიღოს.

საქართველოში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა 2016 წლის 28 ივნისს საზეიმოდ გაიხსნა. სკოლა ოფიციალურად საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწემ თაკიმ ილდემმა გახსნეს.

საზეიმო ცერემონიალზე მოწვეულ სტუმრებს საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა: “სულ უფრო მეტი ქვეყანა, როგორც ევროპაში ასევე აზიაში, ხედავს ჩვენი რეგიონის მნიშვნელობას. ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ სტაბილურობას ნატოში ინტეგრაციაში ვხედავთ. ჩვენ არაერთი მტკიცე ნაბიჯი გადაგვიდგამს ამ მიმართულებით. დღეს როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ამ მნიშვნელოვანი ახალი ინსტიტუტის შექმნაზე, ეს არის ის წარმატება, რომელიც 2014 წელს უელსიდან წამოვიღეთ. მაგრამ ის წარმატება, თავის მხრივ, მიღწეული იყო არა ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურის გმირული შრომის და გმირული მოღვაწეობის შედეგად“.

თინათინ ხიდაშელის განცხადებით, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის გახსნა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი ნატო-საქართველოს ურთიერთობებში.

„ამ სკოლის მთავარი დევიზია „კომპეტენცია, გამჭვირვალობა, უსაფრთხოება, ერთიანობა“. ეს არის ის მთავარი ამოცანები, რომელსაც თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა უნდა ემსახუროს. ეს არის პრინციპები, რომელსაც სკოლა დაეფუძნება. ეს არის პრინციპები, რომლის მიმდევარი იქნება მისი ყოველი მსმენელი, პროფესორი და მასწავლებელი. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა არის პროექტი, რომელიც უელსის სამიტიდან წამოვიღეთ და ამ ერთი წლის განმავლობაში მინდა მადლობა გადავუხადო თავდაცვის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომლებმაც ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადეს ამ სკოლის გახსნაში. ეს იყო საკმაოდ გრძელი და რთული გზა. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ სექტემბერში სკოლა უკვე მიიღებს პირველ მსმენელებს”.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასასრულს სკოლის მემორიალური დაფა გაიხსნა.

საზეიმო ცერემონიალს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სკოლის დაარსებასთან დაკავშირებით ჩვენ ვესაუბრეთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში სტრატეგიული კომუნიკაციების ბრიტანელ მრჩეველს, ქალბატონ სანდრა ხადურს:

– არის თუ არა თბილისში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის გახსნა ნატო-საქართველოს ურთიერთობებში წინ გადადგმული ნაბიჯი?

„თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა, რეგიონში და რეგიონს გარეთ, სწავლებების და წვრთნების შესაძლებლობებსა და ფართო უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუციურ განვითარებას გვთავაზობს. კარგი მართვა ნატოს ქვეყნების თავდაცვის შესაძლებლობების საწყისებშია. მაშასადამე, ეს აუცილებლად იქნება სკოლის სასწავლო პროგრამის ნაწილი. ამასთან ერთად, სკოლა სხვადასხვა სახის დისკუსიის გამართვის ფორუმიც იქნება. მაგალითად, ჩრდილოატლანტიკური საბჭო და ნატოს გენერალური მდივანი სექტემბერში მაღალი დონის ვიზიტისთვის შეხვედრას სწორედ აქ გამართავენ.

ნატო-საქართველოს ურთიერთობების ფარგლებში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასა და ნატოს წევრ ქვეყნებში არსებულ ანალოგიურ სტრუქტურებს შორის კავშირის დამყარების პერსპექტივაა, როგორიც არის ნატოს თავდაცვის კოლეჯი რომში. ეს ხელს შეუწყობს ცოდნის, გამოცდილების და იდეების გაზიარებასა და მჭიდრო ურთიერთობების განვითარებას. სკოლა ასევე მხარს დაუჭერს ნატოსთან თავსებადობის გაზრდას, ვინაიდან ის ეფექტური უსაფრთხოების პოლიტიკის საერთო მიდგომებსა და აღქმას უზრუნველყოფს. საქართველო ნატოში საკუთარ ნიშას შექმნის, რადგანაც სტანდარტული მიდგომა ამ მიმართულებით არ არსებობს და თითოეულ ქვეყანას საკუთარი, უნიკალური მიდგომა და უნარ-ჩვევები აქვს, რომელთა გაზიარებაც შესაძლებელია. საქართველოს ამ ნიშის განსაზღვრაში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა დაეხმარება“.

– რა ხდის თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას უნიკალურს საქართველოსა და რეგიონისთვის?

„თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა შეიქმნა უკვე არსებული ეროვნული თავდაცვის აკადემიის საფუძვლებზე. ეროვნული თავდაცვის აკადემია მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამხედრო კარიერის განვითარებაში. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას უფრო მეტი თავისუფლება ექნება სასწავლო პროგრამის განსაზღვრასა და დარგების განვითარებაში, ისევე, როგორც სწავლისადმი მრავალფეროვანი მიდგომების გამოყენებაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს სკოლა, რომელსაც უკვე აქვს მყარი სამომავლო სასწავლო გეგმა, საკმარისად მოქნილია იმისათვის, რომ უპასუხოს და განვითარდეს ცვალებად უსაფრთხოების გარემოში“.

hignit

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ–ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ–გვერდი: mod.gov.ge

კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა მისაღებ გამოცდებზე წელს პირველად გოგონები მიიღო

გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმატებით დასრულებული მისაღები გამოცდები

2010 წლის შემდეგ, გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში წელს უკვე მეექვსედ ჩატარდა მისაღები გამოცდები. საბჭოთა კადეტთა კორპუსის ძველი კლიშეები ინგრევა და მოსწავლეები, ისევე როგორც მათი მშობლები, აცნობიერებენ, რომ ეს არის არა სოციალურად დაუცველთა პანსიონატი, არამედ საქართველოში საუკეთესო საჯარო სკოლა, სადაც წელიწადში თითოეულ ბავშვზე 10 000 ლარზე მეტი იხარჯება. ფაქტობრივად, გარანტირებულია ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და სამოქალაქო უნივერსიტეტებში მისაღებად ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება დამატებითი გადამზადებისა თუ ხარჯების გარეშე. ლიცეუმში მოსწავლეთა განათლებაზე უმაღლესი დონის პედაგოგები ზრუნავენ.

ამ კუთხით, ლიცეუმისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ გაზაფხულზე დაგეგმილმა და განხორციელებულმა საინფორმაციო კამპანიამ თავისი შედეგები გამოიღო. საშუალოდ, თითოეული ადგილისათვის ხუთი აბიტურიენტი იბრძოდა. მათ შორის დიდი ნაწილი ფრიადოსნები და მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები იყვნენ.

მოზარდები ლიცეუმში ორი მთავარი მოტივაციით მოდიან:

1.მიიღონ მაღალი დონის აკადემიური განათლება;

2. პირველი ნაბიჯები გადადგან მომავალი სამხედრო კარიერისკენ.

ვარაუდები კონკრეტული შედეგებით დადასტურდა. კერძოდ, 2014 წელს აბიტურიენტთა რაოდენობა 515 იყო, 2015 წელს 552, წელს კი 625-ს მიაღწია.

მნივნელოვანია, რომ 2016 წელს ლიცეუმში პირველად გოგონებსაც იღებენ. თუმცა აბიტურიენტთა რაოდენობის მატება გოგონათა ხარჯზე არ მომხდარა, რადგან წელს განაცხადი 45-მა გოგონამ შემოიტანა, ბიჭი კი 580 იყო, რაც თავისთავად, წინა წლების მონაცემებთან შედარებით, დარეგისტრირებული ბიჭების რაოდენობის ზრდაზეც მიანიშნებს.

მთავარი არის არა რაოდენობრივი, არამედ ხარისხობრივი მაჩვენებელი _ წინა წლებში მისაღებ გამოცდებში გამსვლელ ქულას 35-სთვის არასდროს გადაუჭარბებია, იყო უფრო ნაკლებიც. წელს კი გამსვლელმა ქულამ 41-ს მიაღწია.

აღნიშნულის მიღწევა მნიშვნელოვანია, რამდენიმე მიმართულებით: როგორც წინა ექვსი წლის გამოცდილება გვიჩვენებს, სწორედ ის კადეტები, რომლებმაც 40 ქულაზე ნაკლები მიიღეს, ფეხს ვერ უწყობდნენ ლიცეუმის სწავლის დონეს და აკადემიური მოსწრების გამო ირიცხებოდნენ ლიცეუმიდან. სწორედ ამიტომ, კურსდამთავრებულ კადეტთა რაოდენობა 30-40%-ით ჩამორჩებოდა მიღებული კონტიგენტის რაოდენობას. მაგალითად, ყოველწლიურად ლიცეუმი ღებულობს 126 კადეტს, წელს კი კურსდამთავრებული მხოლოდ 76 კადეტი იყო. ანუ, სამწლიანი სასწავლო პროცესის მანძილზე 50 მათგანი გაირიცხა. წლევანდელი მონაცემების მიხედვით, ძალიან დიდი ალბათობით, ჩვენ მინიმუმამდე შეგვიმცირდება აკადემიური მოსწრების გამო გარიცხულ კადეტთა რაოდენობა. ეს თავის მხრივ, ლიცეუმში სწავლის დონის ამაღლებას, მისი რეპუტაციის კიდევ უფრო ზრდას, უფრო მეტ კურსდამთავრებულსა და ბოლოს, შეიარაღებული ძალებისთვის, ასევე ქვეყნისთვის უფრო მეტი ახალგაზრდისა და ნიჭიერი თაობის მომზადებას გულისხმობს.

ლიცეუმი ორიენტირებულია ნებისმიერი სოციალური ფენის მოაზროვნე ახალგაზრდობის მიღებაზე, რომლებსაც სათანადო რეჟიმში ყოფნას და შრომისმოყვარეობას აჩვევენ. ლიცეუმი უფრთხილდება მოზარდთა ნიჭს და არ აძლევს მოსწავლეებს საკუთარ შესაძლებლობათა „გაფლანგვის“ საშუალებას.

აღსანიშნავია საგამოცდო პროცესის გამჭვირვალობა და სამართლიანობა: აქ იყო ჩართული უზარმაზარი მაკონტროლებელი მექანიზმები. კერძოდ, თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა უწყებამ გამოყო დამკვირვებლები და ადგილზე იმყოფებოდნენ მთელი პროცესის მანძილზე. გამოცდები კამერათა დაკვირვების ქვეშ მიმდინარეობდა. ტესტების შედეგების გასწორებისას გამსწორებელმა არ იცოდა ნაშრომის ავტორი, რადგან ტესტს მხოლოდ შტრიხკოდი ეწერა. თითოეული ტესტი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გაასწორა სამმა სხვადასხვა შემფასებელმა. უფრო მეტიც, ყველაფერ ამის შემდეგაც აბიტურიენტებს მიეცათ სააპელაციო უფლება. მათ, კომისიის თანდასწრებით, თავად შეუძლიათ შეადარონ თავიანთი ნაშრომი სწორ პასუხებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია გოგონათა მიღება, რაც წელს პირველად მოხდა: ლიცეუმში განაცხადი წელს 45-მა გოგონამ შემოიტანა. ჩვენ გოგონებისთვის განსაზღვრული 20 ადგილი გვქონდა, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ 9 მათგანმა შეძლო ტესტის სათანადო დონეზე შესრულება, რაც ხუთი აბიტურიენტიდან ერთ პოტენციურ კადეტს უდრის. ანალოგიური მონაცემი გვაქვს ბიჭებთან მიმართებითაც, 580 ბიჭიდან 117 წარმატებულთა შორის მოხვდა, ანუ ხუთიდან ერთი. მომავალ წლებში ჩვენ გვჭირდება გოგონა აბიტურიენტთა რაოდენობის გაზრდა, რათა 20-მა მათგანმა შეძლოს სათანადო ზღვარის გადალახვა და ლიცეუმში ჩარიცხულთა შორის მოხვედრა.

მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა გადალახონ ის ფსიქოლოგიური ბარიერი, რომ მათ გოგონებს შეუძლიათ დამოუკიდებლად ისწავლონ, მიაღწიონ წარმატებას და იყვნენ ამ ქვეყნის განათლებული, ღირსეული მოქალაქეები. გიორგი კვინიტაძის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი და მისი მაღალკვალიფიციური პედაგოგიური პერსონალი ყველა პირობას ქმნის ამისთვის, რადგან ეს არის სახლი სახლიდან მოშორებით.

ბექა კობახიძე
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი

შიგნითვბფგჰ (1)

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ–ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ–გვერდი: mod.gov.ge

“საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის პროგრამა იქნება გარდამტეხი მომენტი და პრინციპულად ახალი ერის დასაწყისი ქართული ჯარისთვის” – თინათინ ხიდაშელი

„პირველად ხდება, როცა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა გვეხმარება არა მხოლოდ სამშვიდობო მისიებსა თუ ნატოს ოპერაციებში, არამედ, იმაში, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ქართულ სახელმწიფოს. საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის პროგრამა იქნება გარდამტეხი მომენტი და პრინციპულად ახალი ერის დასაწყისი საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის. როდესაც ვთქვით, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო იქნებოდა უფრო ძლიერი, ეს არის, სწორედ, ამ სიძლიერის კიდევ ერთი გამოვლინება. ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, ამერიკელ სამხედროებთან და ინსტრუქტორებთან ერთად სრულიად საქართველოს შეიარაღებული ძალები, მისი ყველა დანაყოფი ამ პროგრამის საშუალებით პრინციპულად ახალი სწავლების რეჟიმზე გადავიყვანოთ, ახალი ტიპის აღჭურვილობითა და შესაძლებლობებით, როგორიც ქართულ ჯარს აქამდე არასდროს ჰქონია“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

20 ივლისს აშშ-ში სამუშაო ვიზიტად მყოფმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით პენტაგონში შეხვედრები დაიწყო. ვიზიტის მიზანი თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს შორის ორმხრივი კონსულტაციების გამართვა და აშშ-საქართველოს შორის გაფორმებული თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული პირობების შესრულების დაწყება იყო.

აშშ-ის თავდაცვის უწყებაში მხარეებმა მომავალი სამი წლის სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივა და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს და საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის ახალ პროგრამაზე იმსჯელეს, რომელსაც, მემორანდუმის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში განახორციელებს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ ქართული ჯარისთვის პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „ეს არ იქნება მხოლოდ ქვედანაყოფების მომზადება, საუბარია თავდაცვის სისტემაში ყველა მიმართულებით ინსტიტუციურ ცვლილებებზე – პირადი შემადგენლობიდან დაწყებული ლოგისტიკური საკითხებითა და რესურსების მართვით დამთავრებული. ეს პროგრამა მოგვცემს საშუალებას, რომ შეიარაღებული ძალები უფრო მაღალ დონეზე მოვამზადოთ, ავამაღლოთ მზადყოფნა და ქვედანაყოფების შესაძლებლობა, აწარმოონ თავდაცვითი ოპერაციები ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნა პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ.

ახალი პროგრამის ფარგლებში სექტემბერში საქართველოში ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვა და ქართულ მხარესთან ერთად აღნიშნული პროგრამის განხორციელების გეგმაზე მუშაობას დაიწყებს. პროგრამით გათვალისწინებული მიმართულებების შესრულება მომავალი წლიდან დაიწყება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ თინათინ ხიდაშელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-სთან გაფორმებული ახალი მემორანდუმის განხორციელების მნიშვნელობას და განაცხადა, რომ აშშ-საქართველოს პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადადის. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სრულიად განსხვავებული ციკლი, რომელსაც ამერიკელებთან ვიწყებთ, რაც შეიძლება სწრაფად, დეტალურად გაიწეროს, რათა 2017 წლის დასაწყისიდან მისი განხორციელება შესაძლებელი გახდეს. დღეს სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ უფრო ფართო თემებზე ვისაუბრეთ. ეს უკვე აღარ იყო მხოლოდ შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების ღონისძიებები. სახელმწიფო დეპარტამენტის ინტერესი, მისი მანდატი გაცილებით უფრო ფართოა. საუბარია ტერორიზმის, ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ სტატუსზე, რეგიონალურ უსაფრთხოებაზე და ყველა იმ გამოწვევაზე, რომელიც საქართველოს წინაშე დგას. ვარშავის სამიტის მონაპოვარით და ქართულ-ამერიკული თავდაცვისა და უსაფრთხოების ახალი მემორანდუმით შეიარაღებულები ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ დისკუსიების შემდეგ მოვახერხებთ, შემოდგომაზე უკვე გეგმები საბოლოოდ გაიწეროს და 1-ლი იანვრიდან ახალი პროექტების განხორციელება დავიწყოთ“.

ფგბფგბფშიგნით

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ–ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ–გვერდი: mod.gov.ge

ენმ-მ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა „მოსალოდნელი უამინდობის“ გამო გადადო

„ნაციონალური მოძრაობმა“ დღეს, 30 ივლისს, 2016 წლის საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში წარსადგენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების პრეზენტაცია გადადო. პარტიას დღეს ბათუმში, ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატები უნდა დაესახელებინა.

როგორც პარტიის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ განუმარტეს, პრეზენტაციის გადადების მიზეზი მოსალოდნელი უამინდობა გახდა.

„კანდიდატების წარდგენა უნდა მომხდარიყო ღია ცის ქვეშ. მოსალოდნელი ცუდი ამინდის გამო კი, ღონისძიება ხვალისთვის გადავდეთ“ – აცხადებენ პრესსამსახურში.

31 ივლისს, ანუ ხვალ, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელვაჩაურის მაჟორიტარ კანდიდატებსაც წარადგენს.

მარიხუანა და არათანმიმდევრული სახელმწიფო მიდგომა

არჩილ ა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 20 გრამი მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის დამნაშავედ ცნო, მაგრამ მას სასჯელი ვერ შეუფარდა. არჩილ ა. ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს, მაგრამ დასჯის ნაცვლად, გაათავისუფლეს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ,  გასული წლის 24 ოქტომბრიდან მარიხუანას შეძენა-შენახვაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება პირისთვის დაუშვებელია. პარლამენტმა დღემდე ამ კუთხით კანონმდებლობის შეცვლა ვერ მოახერხა.

„გაურკვეველი პოლიტიკაა ამ მიმართულებით,“ – ამბობს ადვოკატი დავით ჯაფარიძე. მისი შეფასებით, მიდგომა დისკრიმინაციულია, რადგან არ შეიძლება 70 გრამი მარიხუანას შეძენაზე ან მოხმარებაზე ადამიანს სჯიდე [კანონმდებლობით, 50 გრამზე მეტი გამომშრალი მარიხუანა დიდ ოდენობად ითვლება] და ერთი ტაბლეტი სააფთიაქო ნარკოტიკის შეძენისთვის თავისუფლების აღკვეთას უფარდებდე. „საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მივესალმები, მაგრამ არ შეიძლება, საერთოდ სასჯელის გარეშე რჩებოდეს ნარკოტიკის მომხმარებელი. მე, როგორც ერთი ადვოკატი, ვთვლი, რომ ყველა ამ შემთხვევაში და მხოლოდ მარიხუანაზე არა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უნდა დგებოდეს. ბოლოს შემთხვევა მქონდა, როცა პირის მიმართ მარიხუანას მოხმარებაზე გამამტყუნებელი შედეგი დადგა, მაგრამ მას გირაოც უკან დაუბრუნეს და გაუშვეს. სახელმწიფომ უნდა თქვას, რომ ეს აღარაა დანაშაული და მარიხუანას დეკრიმინალიზაცია მოახდინოს, ან „სისხლის სამართლის კოდექსში“ ასახოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება,“ – ამბობს დავით ჯაფარიძე.

საკონსტიტუციო სასამართლომ გასული წლის 24 ოქტომბერს გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე „ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. სასამართლომ მარიხუანას შეძენა-შენახვაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება და თავისუფლების აღკვეთა 7-დან 12-წლამდე მიიჩნია „შეუსაბამოდ მძიმედ, არაპროპორციულად, სასტიკად და ღირსების შემლახველად“.

საკონსტიტუციო სასამართლომ  კონკრეტულად „სისხლის სამართლის კოდექსის“ 260-ე მუხლის მეორე ნაწილი განიხილა, რომელიც მარიხუანას შეძენას და შენახვას ეხებოდა. ადვოკატი ედიშერ მახარაძე ამბობს, რომ ფართო გაგებით, გადაწყვეტილება 70-გრამამდე გამომშრალი მარიხუანას მოხმარებასაც უნდა შეეხოს და კულტივაციასაც, თუმცა პრაქტიკა განსხვავებულია: „გაურკვეველია, თუკი 70 გრამი მარიხუანას შეძენაზე არ მსჯი, მაშინ კულტივაციაზე რატომ მსჯი? კანონის გამოყენებას უნდა ჰქონდეს თანმიმდევრული დამოკიდებულება, თუკი ამას აქვს პრევენციული მიზანი. ფაქტია, რომ არსებობს სამართლებრივი პრობლემა და ფაქტია ისიც, რომ პარლამენტი არის უმოქმედო. ამაში უნდა ჩართულიყვნენ მეცნიერები, ანალიტიკოსები, ნარკოლოგებიც და ამ გზით უნდა შეცვლილიყო ნარკოპოლიტიკა. პარლამენტი არის არაკომპეტენტური და ამის შედეგია ეს მოცემულობა, რაც გვაქვს. შედეგი არის ის, რომ ნარკოტიკული დანაშაულის მაჩვენებელი, მათ შორის, მარიხუანას კუთხით, არ შემცირებულა“.

გიორგი ხიმშიაშვილი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი: „საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება ყველას, ნებისმიერ პირს, ვის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა მარიხუანას შეძენა-შენახვის, მოხმარების თუ კულტივაციისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ 260-ე მუხლს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე განმარტებები ვერ გავრცელდება სხვა მუხლებზე, რომელიც შეეხება მარიხუანას. ვფიქრობ, მსგავსი მიდგომა თავიდანვე არასწორია, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აქვს პრეცედენტული ხასიათი, ამიტომ მსჯელობისას ყურადღება უნდა მიექცეს არამხოლოდ იმას, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, არამედ იმასაც, თუ რას განმარტავს სასამართლო ამ გადაწყვეტილებაში. სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით დაადასტურა 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის შეძენა/შენახვისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაპროპორციულობაზე.“

გიორგი ხიმშიაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტი ვერც ამ შემთხვევაში აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე, როცა „სისხლის სამართლის კოდექსი“ უცვლელი დატოვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად: „საკონსტიტუციო სასამართლოს არ ჰქონდა შესაძლებლობა ემსჯელა „სისხლის სამართლის კოდექსის“ სხვა მუხლებზე, სადაც საუბარია მარიხუანას დასჯადობაზე. ამიტომ ჯერი პარლამენტზე იყო, რომელსაც უნდა მიეღო სწორი და დაბალანსებული პოლიტიკა მარიხუანასთან მიმართებით და ამით მეტი სიცხადე შეეტანა საზოგადოებაში, მაგრამ როგორც სხვა ბევრ საკითხთან მიმართებით, პარლამენტი აქაც ვერ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე, რაც მათი მუშაობის არაეფექტურობაზე მიუთითებს“.

„საჭირო იყო კანონში ცვლილების შეტანა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა“, – გვითხრა ვახტანგ ხმალაძემ, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ. კანონპროექტი ამ კუთხით პარლამენტთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს მოუმზადებიათ. კანონპროექტი კენჭისყრაზე არ გასულა, თაროზე დევს. ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ კანონპროექტისთვის კენჭისყრას აზრი არ ჰქონდა: „დღემდე ორი ურთიერთსაპირისპირო პოზიციაა. კანონპროექტის ავტორები, მათ შორის მე, მომხრე ვიყავით სანქციების შემსუბუქების და მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის განსაზღვრით. მეორე ნაწილი კი თვლიდა, რომ არანაირი სახდელი მარიხუანას მოხმარებაზე არ უნდა ყოფილიყო. შეთანხმება ამ პოზიციებს შორის ვერ მოხერხდა. ამ დამოკიდებულებამ განაპირობა მოცემულობა, რომელიც გვაქვს“.

წიგნების გამოფენა-გაყიდვა გრძელდება

წიგნების გამოფენა-გაყიდვა ევროპის მოედანზე გრძელდება. პროექტის “მოი(ზღვა)ვე წიგნების” ფარგლებში მკითხველს წიგნების შეძენა 40-დან 60 პროცენტამდე ფასდაკლებით შეუძლია. გამოფენაზე 7 გამომცემლობის წიგნებია წარმოდგენილი.

„თუკი ისევ იწვიმებს, აქცია აქვე რომელიმე დახურულ ადგილზე გადაინაცვლებს“ – უთხრა “ბათუმელებს” აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თაკო პარკაულმა.

აქცია მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის ტარდება და მას საქველმოქმედო მიზანიც აქვს – წიგნების გამავრცელებელი კომპანია „ორიათონი“ წიგნებს მაღალმთიანი სოფლების ბიბლიოთეკებს გადასცემს.

წიგნების გამოფენა-გაყიდვა 31 ივლისს, საღამოს 9 საათამდე გაგრძელდება.

დისკუსია მშენებელ მუშათა უფლებებზე

“მშენებელ მუშათა უფლებები და სახელმწიფო” – ამ თემაზე დისკუსია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. თემის გააქტიურების ერთ-ერთი მიზეზი მშენებელთა დაღუპვის მაჩვენებელია – პროფესიული კავშირების მონაცემებით, ბოლო 9 წლის განმავლობაში მხოლოდ ბათუმში 53 მუშა დაიღუპა, ხოლო 114 დასახიჩრდა.

დისკუსიის ერთ-ერთმა მომხსენებელმა, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ტექნიკური უსაფრთხოების მონიტორინგის განყოფილების უფროსმა ირაკლი მოქიამ  შეკრებილებს უთხრა, როგორ რეაგირებს მერია შემთხვევებზე, როცა უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის.

“თავდაპირველად კომპანიას ეძლევა მითითება, გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, თუკი შეუსრულებელია მითითება, კომპანია 500 ლარით ჯარიმდება”, – აღნიშნა ირაკლი მოქიამ. ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილებაში ტექნიკური ზედამხედველობა, მაგალითად, სამშენებლო მასალის ხარისხის კონტროლი არ შედის.

დისკუსიის კიდევ ერთი მომხსენებელი იაკობ გურგენიძე იყო,  აჭარის მშენებელთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი. მისი თქმით, მდგომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ დამძიმდა, როცა სახელმწიფომ შრომის ინსპექცია გააუქმა კორუმპირებულობის მიზეზით: „შესაძლოა იყო კორუფციაც, მაგრამ გაუქმება არ იყო გამოსავალი. ამჟამად მხოლოდ შრომის და ჯანმრთელობის სამინისტროშია სპეციალური დეპარტამენტი, რომელსაც შეუძლია, მხოლოდ მესაკუთრის თანხმობის შემთხვევაში, შეამოწმოს მშენებლობა და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში რეკომენდაციას გასცემს. ფაქტია, რომ ეს საკმარისი არ არის”

IMG_20160730_150545
დისკუსია

იაკობ გურგენიძის თქმით, მშენებელს უსაფრთხოების პირობების უზრუნველსაყოფად დაახლოებით 5 ათასი ლარი სჭირდება. სახელმწიფოს ნების შემთხვევაში, უსაფრთოების პირობების დაცვა პრობლემა არ უნდა იყოს. დისკუსიის მონაწილემ, “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ხელმძღვანელმა ასლან ჭანიძემ აღნიშნა, რომ ჯერ-ჯერობით სახელმწიფოს ნება არ ჩანს, მშენებლობების პროცესში დაიცვას მოქალაქის ინტერესი: “მერიის წინ შენდებოდა სახლი, სადაც უსაფრთხოების არცერთი ნორმა დაცული არ იყო. ეს ნათელი მაგალითია სახელმწიფოს დამოკიდებულების ამ თემის მიმართ”. ასლან ჭანიძემ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ჯარიმის ოდენობა – 500 ლარი, არაადეკვატურია და ჯარიმის ოდენობა მეტი უნდა იყოს.

“ჩემს წინ შენდება კორპუსი, თან ისე, რომ მეზობელ კორპუსში ხელს ჩამოვართმევ ვინმეს. არ იყო არცერთ სართულზე სამშენებლო უსაფრთხოების ბადეები. გამოვიძახეთ ზედამხედველობის სამსახური, მოვიდნენ, რაღაც ბადე ჩამოაფარეს, რომელიც სამ დღეში ისევ აღარ იყო. ახლა მოხალისე ბაბუა გვყავს ეზოში და ის უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხო გასვლა-გამოსვლას …” – თქვა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრმა, რეზო შავაძემ.

დისკუსიის კიდევ ერთმა მონაწილემ საკრებულოს წევრმა “თავისუფალი დემოკრატებიდან” ჯაბა ბერიძემ აღნიშნა, რომ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები 2012 წელს პროფესიული ნიშნით არ შერჩეულან: “მართალია, ახლა ზედამხედველობის სამსახურში 18 თანამშრომელია, მაგრამ საქმე ისევ იმ ძველი 7 ადამიანის გასაკეთებელია”.

დისკუსია “სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის” ორგანიზებით ჩატარდა და მისი მოდერატორი გაზეთ “ბათუმელების” ჟურნალისტი, ნანა კვაჭაძე იყო. პროგრამის მხარდამჭერია ამერიკული ფონდი “ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის” (National Endowment for Democracy – NED).

თუკი პოლიცია ღამით ფოტოს გადაღებას გაიძულებთ

ღამით საპატრულო პოლიციის თანამშრომლები რომ ქუჩაში მყოფ ადამიანებს, ძირითადად ახალგაზრდა მამაკაცებს, ფოტოებს უღებენ, ამის შესახებ „ბათუმელებს“ რამდენიმე მოქალაქე ესაუბრა. ისინი პატრულის თანამშრომლებმა საღამოს ან ღამის საათებში ბათუმის ქუჩებში გააჩერეს. არც ერთი მათგანისთვის პოლიციას არ აუხსნია, რისთვის უღებდნენ ფოტოსურათს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, საპატრულო პოლიცია კანონდარღვევით მოქმედებს.

ბექა ნ. ამბობს, რომ ის თანმხლებ ორ ახალგაზრდასთან ერთად საპატრულო პოლიციამ მოულოდნელად შეაჩერა ქუჩაში და პირადობის მოწმობები მოსთხოვა: „ვაჩვენეთ პასპორტი, ერთს არ ჰქონდა. გვკითხა, ღამით რატომ ხართ ქუჩაშიო. ვუთხარით, რამეს ვაშავებთ-თქო? არაფერი უპასუხია. მანქანაში მიბრუნდა და ფოტოაპარატი გამოიტანა. ცალ-ცალკე დაგვაყენა და სურათები გადაგვიღო. ვკითხე, რა ხდება, ეგ რაში გჭირდებათ-მეთქი და ზედმეტ კითხვებს სვამთო“.

პატრულს გაუჩერებია ქუჩაში პაატა დიასამიძეც, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. პაატას თქმით, პატრული მასობრივად იყენებს ფოტოების გადაღების მეთოდს და მასთან კონსულტაციისთვის ამ საკითხით შეწუხებული რამდენიმე მოქალაქეც მისულა: „მეც გამაჩერეს და ვინაობა გამომკითხეს. ფოტოსურათიც უნდა გადაგიღოთო. ვუთხარი, რომ ამის უფლება არ ჰქონდათ, რადგან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ვაჩვენე, იმის მიუხედავად, რომ წინასწარ არ განმიმარტეს, რისთვის გამაჩერეს. როცა კანონისკენ მივანიშნე, ფოტოს გადაღება გადაიფიქრეს და წავიდნენ.“

საიას იურისტის, პაატა დიასამიძის განმარტებით, პატრულის თანამშრომელს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს მოქალაქისთვის ფოტოს გადაღების უფლება, როცა პირის იდენტიფიცირება შეუძლებელია:

„ამას არეგულირებს პოლიციის შესახებ კანონის მე-18 მუხლი, რომლის მიხედვითაც საზოგადოების უსაფრთხოებისა და წესრიგის დასაცავად პოლიციელს შეუძლია განახორციელოს პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის, პირის გამოკითხვა, ზედაპირული შემოწმება ან დათვალიერება. ამ მოქმედების დაწყებამდე პოლიციელმა უნდა განუმარტოს მოქალაქეს, რის საფუძველზე და რა მიზეზით ახდენს გამოკითხვას. პოლიციელის ეჭვის საფუძველი შეიძლება იყოს ის, რომ პირი იმყოფება დანაშაულის ჩადენის, ან საპოლიციო კონტროლს დაქვემდებარებულ ადგილებში, ატარებს იარაღს და შეუძლებელია სხვა ფორმით იარაღის ტარების კანონიერების დადგენა და ასე შემდეგ.

ფოტოს გადაღება კი მაშინაა ნებადართული, თუკი გამოსაკითხი პირი უარს ამბობს ვინაობის გამხელაზე, არ აქვს პირადობის მოწმობა და არსებობს ეჭვი, რომ ის პირად ინფორმაციას არ ამხელს. ამ შემთხვევაში, უნდა შეივსოს შესაბამისი ოქმი და პირს განემარტოს, რა აუცილებლობითაა ამის გაკეთება გამოწვეული.

მოქალაქეები, ვინც ჩვენ მოგვმართა, ამბობენ, რომ მათ პირადი ინფორმაციის გამხელაზე უარი არ უთქვამთ, მაგრამ ფოტოსურათი მაინც გადაუღეს, ეს პირდაპირ კანონის დარღვევაა. ბოლოს ერთი შემთხვევა გვქონდა, როცა დედასთან ერთად ქუჩაში გამოსულ არასრულწლოვანსაც გადაუღეს ფოტო“.

პაატა დიასამიძე მიიჩნევს, რომ მიდგომა სისტემურია და პოლიცია ამ გზით პრევენციის გაძლიერებას ცდილობს. იურისტის შეფასებით, კანონის დარღვევით პრევენციული ღონისძიების გატარება დაუშვებელია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მონაცემებით, ჯერ პრაქტიკაში არ ყოფილა შემთხვევა, როცა მოქალაქეს უკანონო გამოკითხვის, ან ფოტოს გადაღების გამო პატრულისთვის სასამართლოში ეჩივლოს: „ამ დროს მოთხოვნა შეიძლება იყოს ზიანის ანაზღაურება, მაგრამ ამის დადასტურება მაშინ შეიძლება, თუკი მესამე პირი მოახერხებს უკანონო ფოტოგადაღების დაფიქსირებას სხვა ფოტოთი,“ – განმარტავს იურისტი პაატა დიასამიძე.

რატომ არის საჭირო მოქალაქეების ღამით ქუჩაში გაჩერება და მათთვის ფოტოების გადაღება, ან რატომ შეიძლება ეს არ იყოს კანონდარღვევა? – „ბათუმელების“ შეკითხვას შინაგან საქმეთა სამინისტრომ კვირის განმავლობაში არ უპასუხა.

“ნაციონალური მოძრაობა” ღორჯომში სასწრაფო დახმარების მანქანის გადაცემაზე

Continue reading ““ნაციონალური მოძრაობა” ღორჯომში სასწრაფო დახმარების მანქანის გადაცემაზე”

დაბა შუახევში მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაცია განხორციელდება

საქართველოს მთავრობამ ის დასახლებები განსაზღვრა, სადაც საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაცია განხორციელდება. 12 ასეთ დასახლებას შორის, დაბა შუახევიც მოხვდა.

ეს დასახლებებია:

  1.  კარალეთი (გორის მუნიციპალიტეტი).
  2. ჯიმითი (გურჯაანის მუნიციპალიტეტი).
  3.  არბოშიკი (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი).
  4.  არხილოსკალო (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი).
  5.  სალხინო (ვანის მუნიციპალიტეტი).
  6.  მანგლისი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი).
  7.  ზარიძეები (თიანეთის მუნიციპალიტეტი).
  8.  ვედიდკარი (მარტვილის მუნიციპალიტეტი).
  9.  ლახამულა (მესტიის მუნიციპალიტეტი).
  10.   საგურამო (მცხეთის მუნიციპალიტეტი).
  11.  მზისგული (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი).
  12.  შუახევი (შუახევის მუნიციპალიტეტი).

აღნიშნულ დასახლებებში, საპილოტო პროექტის ფარგლებში, სისტემური რეგისტრაციის სამუშაოების დაწყების დროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განსაზღვრავს. საპილოტო პროექტის ფარგლებში უფლებათა რეგისტრაცია წარმოებს 2018 წლის 1 ივლისამდე. მთავრობის შესაბამისი დადგენილება მიმდინარე წლის 31 ივლისიდან ამოქმედდება.

მიწის რეგისტრაციის შესახებ სამ ივნისს დამტკიცებული კანონპროექტი ძალაში პირველი აგვისტოდან შევა. „საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ აცხადებენ, რომ სისტემური რეგისტრაციისას ნაკვეთების გადაფარვის რისკი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.  დანარჩენ დასახლებებში მიწის რეგისტრაცია სპორადულად, მოქალაქეთა მიმართვიანობის საფუძველზე განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ 13 აგვისტოდან ამოქმედდება საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს, მიწა საკუთრებაში დაირეგისტრირონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც 1992 წლის რეფორმის ფარგლებში არ მიუღიათ მიწის ნაკვეთები. საქართველოს მთავრობამ აჭარის მთავრობას დაავალა მიეწოდებინა იმ დასახლებების სია, სადაც 1992 წელს მიწის რეფორმა არ გატარებულა. აჭარის მთავრობის მიერ კი თბილისში გადაგზავნილი იქნა შემდეგ დასახლებათა ნუსხა:

ხულოს მუნიციპალიტეტი [მთლიანად, ანუ დაბა ხულოსა და ყველა სოფლის ჩათვლით] – გარდა რეკრეაციული ზონებისა: კურორტი ბეშუმი და კურორტი გოდერძი;

შუახევის მუნიციპალიტეტი – გარდა მთა ღომას, მთა ჩირუხისა და კურორტ გომარდულისა;

ქედის მუნიციპალიტეტი – გარდა დაბა ქედისა და აწჰესის დასახლებისა.

რატომ არ აღმოჩნდა ამ სიაში ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტები, სადაც ასევე არ გატარებულა მიწის რეფორმა? – აღნიშნულთან დაკავშირებით აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ „მოცემული ნუსხა ატარებს საპილოტე ხასიათს და მომავალში შესაძლებელია დამატებით წარდგენილი იქნეს სხვა დასახლებების ნუსხაც, რომლებიც ამ ეტაპზე არ იქნა ასახული“.

მთავრობის სარეზერვო და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდები 20 მილიონით გაიზარდა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი 5 მილიონი ლარით, ხოლო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 15 მილიონი ლარით გაიზარდა.

განკარგულება მთავრობამ 14 ივლისს მიიღო. აღსანიშნავია, რომ ფონდები, „საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებების“ 20 მილიონი ლარით შემცირების ხარჯზე გაიზარდა.

კონკრეტულად რას მოხმარდება ეს 20 მილიონი, მთავრობის განკარგულებაში მითითებული არ არის. ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა  – საქართველომ“  მოუწოდა მთავრობას, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში თავი შეიკავოს მის მიერ დაგეგმილი თუ განხორციელებული პროექტების რეკლამირებისგან.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტს 6 ახალი „შკოდა“ გადასცეს

შსს-ს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტს „შკოდას“ მარკის 6 ახალი ავტომანქანა გადასცეს. შს მინისტრის პირველი მოადგილის ბესიკ ამირანაშვილის თქმით, დეპარტამენტის ავტოპარკის განახლების გადაწყვეტილება სამინისტრომ რეგიონებში სამართალდამცველების სამსახურებრივი შესაძლებლობების განვითარების მიზნით მიიღო.

„შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, პოლიციის დეპარტამენტების ავტოპარკი მთელი საქართველოს მასშტაბით განახლდება.“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხულოში იალაღებზე ელექტროგადამცემი ქსელი მოეწყობა

ხულოს სოფლების – აგარა, საციხური, გელაურის სამთო იალაღებზე ელექტროგადამცემი ქსელი მოეწყობა. შესაბამისი ელექტრონული ტენდერი ხულოს მუნიციპალიტეტმა უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 221 055 ლარია.

ტენდერში წინადადებების მიღება 17 აგვისტოს დასრულდება. გამარჯვებულმა სამუშაოების წარმოების პარალელურად, უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა და სამუშაო არეალში ხეების და მცენარეების სიცოცხლისუნარიანობა.

სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების დღიდან და დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 84 დღეში.

დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 500-ზე მეტი ადამიანი დაჯარიმდა

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 505 ადამიანი დაჯარიმდა.

პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო დაჯარიმდა – 402 ადამიანი, 50 – ნიშანში დგომის გამო, 22 – ტროტუარზე დგომისთვის, 9 – ტაქსის, სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის, 21 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და მხოლოდ 1 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომისთვის.

უსახლკარობა და ეკომიგრაცია – სახალხო დამცველის საჯარო დებატები

ამ წუთებში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს სახალხო დამცველი, საჯარო დებატებს მართავს, დებატების თემაა – „უსახლკარობა, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა და ეკომიგრაციის სფეროში არსებული გამოწვევები აჭარაში“.

შეხვედრის მოდერატორია საქართველოს სახალხო დამცველი – უჩა ნანუაშვილი.

მომხსენებლები არიან:  საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, აჭარის სამმართველოს უფროსი – ციალა ქათამიძე, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტის უფროსი – დალი ქიქავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი – კონსტანტინე რაზმაძე, ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი – სოფიო მიქელაძე და ააიპ “დემოკრატიის ინსტიტუტის” აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე – გენო გელაძე.

შეხვედრაზე მომხსენებლები ისაუბრებენ აჭარაში შიდა მიგრაციული პროცესების გამომწვევ სოციალურ-ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და შრომით ფაქტორებზე; აჭარაში მიმდინარე შიდამიგრაციულ პროცესებზე აჭარის მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ, ასევე განხილული იქნება აჭარის მთავრობის სამოქმედო გეგმა შიდა მიგრაციული პროცესების რეგულირების მიზნით; მომხენებლები ისაუბრებენ ეკომიგრაციის შესახებ სახელმწიფო პოლიტიკის ხარვეზებსა და ალტერნატივებზე; განხილული იქნება „თვითნებური შესახლებები“ და გამომწვევი ფაქტორების ანალიზი, მომხენებლები ისაუბრებენ რეკომენდაციების შესახებაც.

 

 

დისკუსია – მშენებელ მუშათა უფლებები და სახელმწიფო [ანონსი]

შაბათს, 30 ივლისს, 14:30 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება სამოქალაქო მოსმენები თემაზე: „მშენებელ მუშათა უფლებები და სახელწიფო“. დისკუსიის მომხსენებლები არიან: იაკობ გურგენიძე, აჭარის მშენებელთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი და ირაკლი მოქია, ბათუმის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი. დისკუსიის მოდერატორია ნანა კვაჭაძე, გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტი.

დისკუსიას დაესწრებიან სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და თემით დაინტერესებული პირები.

დასწრება თავისუფალია.

ღონისძიება ტარდება “სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის” ორგანიზებით. პროგრამის მხარდამჭერია ამერიკული ფონდი “ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის” (National Endowment for Democracy – NED).

მისამართი: ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. 62–64, „დემოკრატიული ჩათულობის ცენტრი“.

დაბინძურებული გრიგოლეთის პლაჟი [ფოტო]

გრიგოლეთის სანაპირო ზოლი, სუფსის გამგებლის მოადგილის, ნუგზარ ცინცაძის ინფორმაციით, ყოველი შტორმის შემდეგ სუფთავდება. „აღნიშნული პლაჟი  ყოველი წვიმის შემდეგ სუფთავდება, იწმინდება ის ნარჩენები რაც შტორმის დროს ზღვას გამოაქვს, პლაჟი არის ახალი დასუფთავებული,“ – ამბობს ის.

ადგილზე დამსვენებლების მიერ, “ბათუმელებისთვის” მოწოდებულ ფოტოებში კი სანაპირო ზოლი სხვადასხვა, მათ შორის საყოფაცხოვრებო და ნაწილობრივ სამშენებლო მასალების ნარჩენებით არის დაბინძურებული.

სამშენებლო და სხვა სახის ნარჩენები გრიგოლეთის სანაპირო ზოლთან


ფოტოები გადაღებულია 28 ივლისს.

რატომ ვამბობთ უარს ჩაის კულტურაზე

3,5-მილიონიანი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ჩაის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, აჭარაში არ ხორციელდება. სპეციალისტების თქმით, პროგრამა რეგიონში მეჩაიეობის აღორძინებაზე ორიენტირებული არ არის და შემორჩენილი 400 ჰექტარამდე ფართობიც რეაბილიტაციას თითქმის აღარ ექვემდებარება. ჩაის საკრეფად კი რეგიონის მოსახლეობა მასობრივად მეზობელ ქვეყანაში, თურქეთში გადადის.

ბათუმელი მედეა აბაშიძე ჩაის კრეფის სეზონზე ყოველ დღე გადადის თურქეთში, მუშაობს და საღამოს ისევ სახლში ბრუნდება. ამბობს, რომ თურქეთში საქართველოდან ჩაის საკრეფად სამ სეზონზე მიდიან – მაისში, შემდეგ ივნისის ბოლოდან ივლისის ბოლომდე პერიოდში  და სექტემბრიდან კიდევ ერთი თვით.

„სარფში გადავდივარ, ბირჟაზე მოდის ჩაის მეპატრონე თავისი მანქანით, მიყავხარ სახლში,  გასაუზმებს დილით, შუადღითაც და შესაძლოა ისეთი ოჯახი შეგხვდეს, რომ საღამოსაც გავახშმოს მსუბუქად. იშვიათი გამონაკლისია, კოკა-კოლა ან ნაყინი მოგართვას. გამთენიისას 4 საათზე გადავდივართ სარფში, იქაური დროით 7 საათამდე მოვლენ, გაყვები და უკვე 8 საათზე იწყებ მუშაობას,“ – ამბობს მედეა აბაშიძე.

მისი თქმით, ზოგიერთები მთელ სეზონზე რჩებიან თურქეთში და მუშაობენ სარფიდან ტრაპიზონის ჩათვლით დასახლებებში, სადაც კი ჩაის პლანტაციებია, თუმცა მას ოჯახური პირობები არ უწყობს ხელს, თურქეთში სამუშაოდ დარჩეს.

„შემოსავალი შეიძლება გამოგივიდეს დღეში 150, მაქსიმუმ – 170 ლირა. ახლა დღიურად თითქმის არავინ იხდის ფულს – 1 კგ მოკრეფილ ჩაის ფოთოლში 30-დან 40-თეთრამდე გვიხდიან. 250-300 კგ. ჩაის ფოთოლს კრეფს ერთი ადამიანი. არიან ისეთები, 400-500 კგ-საც რომ კრეფენ დღეში… ჩვენთან რომ აღადგინონ პლანტაციები, იქ აღარ გადავალთ, აქ ვიმუშავებდით და ვიშოვიდით პურის ფულს“.

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო, 3,5 მილიონი ლარითაა დაფინანსებული და მას საქართველოს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს.

მიუხედავად იმისა, რომ გათვალისწინებულია როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსება, პროგრამაში ჩართვის მსურველის არც ერთი განცხადება არაა აჭარის რეგიონიდან სააგენტოში შესული.

აჭარაში ფიქრობენ, რომ ფართობების ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე თანადაფინანსება არასაკმარისია. პროგრამით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება ერთ ჰა-ზე არ უნდა აღემატებოდეს 2 500 ლარს. ამასთან, თანადაფინანსება განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოებს შეასრულებს სააგენტოს მიერ წინასწარ შერჩეული კომპანიებიდან ერთ-ერთი. სააგენტოს მიერ ხუთი ასეთი კომპანიაა შერჩეული, აქედან აჭარაში შპს „მექანიზატორი“ ფუნქციონირებს [ქობულეთის სერვისცენტრი, დაბა ჩაქვში], რომელიც სახელმწიფო კომპანიაა.

ქობულეთის სერვისცენტრში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მათთვის ამ დრომდე არავის მიუმართავს.

„ეტყობა, გადაათვალიერა ფართობები იმ ხალხმა, ვინც იყო დაინტერესებული და უნდოდა ჩართვა პროგრამაში, მაგრამ ამ დაინტერესებულ პირს არ შეუძლია რეაბილიტაცია თავად განახორციელოს. ეს სააგენტოს მიერ შერჩეულმა კომპანიამ უნდა გააკეთოს და ამ ფაქტორმაც უარყოფითად იმუშავა ალბათ. ეს 2500 ლარი არ ეყოფა ჰექტარზე ჩასატარებელ სამუშაოებს,“ – ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე.

პროგრამაში ჩართვის მსურველს საკუთრებაში უნდა ჰქონდეს მინიმუმ 5 ჰექტარი  ფართობის ჩაის პლანტაცია და უნდა უზრუნველყოს ჩაის ფოთლის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა/გაფართოება. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა კი ფოთლის გადამამუშავებელი შენობა-ნაგებობა უნდა მოაწყოს.

ავთანდილ მესხიძის ინფორმაციით, განაცხადი ითვალისწინებს, რომ პროგრამაში ჩართვის მსურველი იყოს შპს ან კოოპერატივი: „კოოპერატივს უპირატესობა ენიჭება, მაგრამ აჭარიდან საერთოდ არ არის განაცხადი შესული – სხვა რეგიონებიდანაც ძალიან ცოტაა. საქმე იმაშია, რომ აჭარაში პრივატიზება არ მომხდარა ჩაის ფართობების, შესაბამისად, არც ერთ კოოპერატივს თუ შპს-ს ეს ნაკვეთები საკუთრებაში არ აქვს. ჩაი 5700 ჰექტარზე იყო აჭარაში გაშენებული და დღეს 400 ჰექტარი თუ იქნება, ისიც ისეთ მდგომარეობაშია, შესაძლოა არც დაექვემდებაროს რეაბილიტაციას და არც კომპაქტურადაა, დაფანტულია ფართობები. ჩვენთან არ არის ისეთი ძლიერი კოოპერატივები, რომ პროექტით გამოყოფილი თანხა ეყოს, ასეთ გაფანტულ ნაკვეთებს მოუყაროს თავი და ჩაერთოს პროგრამაში –  ეს ვერ მოხდება“.

აჭარაში, სამინისტროს მონაცემებით, ჩაის ფოთლის წარმოება-გადამუშავებას დღეს შვიდი კომპანია ახორციელებს.

„მაგალითად, ქობულეთში, ოჩხამურში, არის ჩაის პლანტაციები, კრეფს ადგილობრივი მოსახლეობა, მაგრამ მხოლოდ 15 თეთრს უხდიან კილოგრამში. ამ ფასად მუშაობა არ ღირს, მაგრამ ხალხს სხვა გზა არ აქვს. ვინც სხვაგან ვერ ახერხებს გასვლას, ის კრეფს. არადა, 20 თეთრიც რომ გადაუხადონ, ვიცი, იმათთვის ესეც შეღავათი იქნება,“ – ამბობს მედეა აბაშიძე.

„ნამდვილად არ ვარ მომხრე აქ ჩაი იმ ფასად კრიფონ, რასაც თურქეთში უხდიან. ხარისხიანი ჩაი 30 თეთრად არ მოიკრიფება, ის გაცილებით მეტი უნდა ღირდეს. 4 კგ ნედლეულია საჭირო, რომ 1 კგ მზა პროდუქცია მიიღო. ბაზარზე არსებული ფასების მიხედვით, 2-გრამიანი პაკეტის ჩაი რომ ავიღოთ [პაკეტის ჩაი არის ყველაზე დაბალი ხარისხის] და კილოგრამებზე გადავიანგარიშოთ, სულ ცოტა, 30 ლარია კილოგრამი ჩაის გაყიდვის ფასი. თუ 30-თეთრად მოაკრეფინებ, ესე იგი, 1 კგ ჩაის ნედლეული ჯდება 1 ლარი და 20 თეთრი. დამუშავების, დაფასოებისა და ყველა ხარჯი რომ გავთვალოთ, 5-ლარს დიდად არ გადააჭარბებს თვითღირებულება. მოგება აქ გამოდის სულ ცოტა 500%. ვფიქრობ, უნდა იყოს შერჩევითი კრეფა, გადაუხადონ მაღალი ფასი მკრეფავს და შესაბამისად, გაიყიდოს მაღალხარისხიანი ჩაი. ხელით კრეფა არის საუკეთესო ხარისხის გარანტი. აგროწესების დაცვით ერთი ადამიანი 30-40 კგ ხარისხიანი ჩაის მოკრეფას თუ შეძლებს. სხვა მხრივ რაოდენობის გაზრდა ყოველთვის ხარისხის ხარჯზე ხდება, თუმცა ნებისმიერი ხარისხის პროდუქტს დღეს თავისი კლიენტი ჰყავს,“ – აცხადებს ავთანდილ მესხიძე და დასძენს, რომ მათ ხშირად უკავშირდებიან ბელორუსიიდან, ასევე ამერიკიდანაც არის მოითხოვნა ხარისხიან ჩაიზე.

ავთანდილ მესხიძის თქმით, ჩაის აქვს სოციალური დატვირთვაც: „როცა ჩაის კულტურა არის განვითარებული, თავისი აგროტექნიკური ღონისძიებებიდან გამომდინარე, 10 თვის განმავლობაში მუშახელი დასაქმებულია – გადაბარვა, სასუქების შეტანა, გასხვლა და შემდეგ 7 თვის განმავლობაში კრეფა. ჩაი რენტაბელური კულტურაა. არა თუ აღდგენა/რეაბილიტაცია, არამედ რომც გავაშენოთ, მაინც მომგებიანი იქნება რამდენიმე წელში. ნებისმიერი პროგრამის დაწყებამდე კი აუცილებლად უნდა მოხდეს აღწერა სახელმწიფო დონეზე არსებული  ფართობების და კულტურათა განლაგება უნდა იქნას გათვალისწინებული“.

„ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა უკვე განწირულია აჭარაში, ისევე, როგორც ეს მოხდა 2002 და 2005 წლებში,“ – აცხადებს საზოგადოებრივ ექსპერტთა კავშირის თავმჯდომარე თამაზ ცინცაძე და ამის მთავარ მიზეზად ასახელებს იმას, რომ არ გაკეთდა შესაბამისი ანალიზი. მისივე თქმით, მიმდინარე პროგრამას მეჩაიეობის აღორძინებასთან საერთო არაფერი აქვს.

ჩაის კრეფა / სარფი, თურქეთი / ფოტო: თორნიკე თავაძე
ჩაის კრეფა / სარფი, თურქეთი / ფოტო: თორნიკე თავაძე

აჭარაში დოკუმენტური ფილმების წარმოების დაფინანსების კონკურსი გამოცხადდა

აჭარის რეგიონში მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ან ფილმების სერიის წარმოების დაფინანსებისთვის  აჭარის კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა.

განაცხადების მიღება 28 ივლისს დაიწყო და 3 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

საკონკურსო ფონდი 30 000 ლარს შეადგენს.

დაფინანსების მოთხოვნის უფლება აქვთ საქართველოში დარეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან კო-პროდუქციის (თანამშრომლობის) შემთხვევაში კი, განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართველი კო-პროდიუსერის ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ. კონკურსში მონაწილე კონკურსანტს მხოლოდ  ერთი  პროექტის წარდგენის უფლება აქვს.

დოკუმენტური ფილმის (ფილმების სერიის) თემა უნდა უკავშირდებოდეს აჭარის რეგიონს (ყოფა-ცხოვრება, ეთნოკულტურა და სხვა).

კულტურის სამინისტროში წარდგენილ პროექტებს კომისია ერთობლივად განიხილავს. კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება აჭარის კულტურის სამინისტროს ვებ-გვერდზე, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 10 დღის ვადაში.

 სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ სამინისტროსგან მოთხოვნილი თანხა სრულად უნდა დაიხარჯოს აჭარის რეგიონში, კერძოდ, ქირავნობა, მომსახურება ან/და საქონლის შესყიდვა მიღებული უნდა იქნას აჭარაში რეგისტრირებული ორგანიზაცი(ებ)ის ან  მოქალაქ(ებ)ისგან. (გამონაკლისი: აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები).

პროექტის წარმოდგენისთვის საჭირო დოკუმენტაცია

ეს პროგრამა სამინისტროს მიერ მეოთხე წელია ხორციელდება.

C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ქობულეთში

27 ივლისიდან რეგიონში C ჰეპატიტის სკრინინგის ორკვირეული დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მობილური ლაბორატორიები ბათუმისა და მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე უფასო ტესტირებებს ჩაატარებენ მოსახლეობაში.

დღეს, C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ჩატარდება ქობულეთის მუნიციპალიტეტში, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. სკრინინგს  NCDC აჭარის სამმართველო, აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და ზიანის შემცირების ქსელი–კავშირი ,,იმედი” ჩაატარებს.

სკრინინგი 11:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათზე დასრულდება.

ამავე თემაზე: C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ბათუმის ბულვარში

უსახლკარობა და ეკომიგრაცია – საჯარო დებატები ბათუმში [ანონსი]

2016 წლის 29 ივლისს ქალაქ ბათუმში გაიმართება საქართველოს სახალხო დამცველის საჯარო დებატები თემაზე – „უსახლკარობა, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა და ეკომიგრაციის სფეროში არსებული გამოწვევები აჭარაში“.

მომხსენებლები:

ციალა ქათამიძე – საქართველოს სახალხო დამცველი აპარატის, აჭარის სამმართველოს უფროსი:

  • შიდა მიგრაციული პროცესების გამომწვევი სოციალურ-ეკონომიკური, ეკოლოგიური, შრომითი ფაქტორები აჭარაში

დალი ქიქავა – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტის უფროსი:

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები აჭარაში მიმდინარე შიდამიგრაციულ პროცესებზე;
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამოქმედო გეგმა შიდა მიგრაციული პროცესების რეგულირების მიზნით;

კონსტანტინე რაზმაძე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი:

  • სამინისტროს ხედვა ეკომიგრაციის სფეროს საკანონმდებლო რეგულაციასთან დაკავშირებით;
  • ეკომიგრაციის სფეროში სახელმწიფოს პოლიტიკის მიმართულებები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და სხვა უწყებებთან თანამშრომლობის ფორმები;
  • სამინისტროს საქმიანობის ანალიზი და სამომავლო გეგმები

სოფიო მიქელაძე – ქალაქ ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი:

  • ქალაქ ბათუმის მერიის სოციალური და უსახლკარო მოსახლეობის მხარდამჭერი პროგრამების ანალიზი;

გენო გელაძე – ააიპ “დემოკრატიის ინსტიტუტის” აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე:

  • ეკომიგრაციის შესახებ სახელმწიფო პოლიტიკის ხარვეზები და ალტერნატივები;
  • ე.წ. „თვითნებური შესახლებები“ და გამომწვევი ფაქტორების ანალიზი და რეკომენდაციები;

დებატებს, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 55-ე აუდიტორიაში გაიმართება, მოდერაციას გაუწევს უჩა ნანუაშვილი – საქართველოს სახალხო დამცველი. დებატები 16 საათზე დაიწყება.

გრიგოლ გეგელია: არ შეიძლება მოზარდების გამოყენება პოლიტიკურ მასალად

„სოციალისტური საქართველოს“ ყრილობაზე, რომელიც საბჭოთა კავშირის ჰიმნით დაიწყო და სტალინის და პუტინის რეჟიმის განდიდებით გაგრძელდა, წითელყესახვევიანი მოზარდებიც მონაწილეობდნენ. როდის და რატომ იყენებენ ბავშვებსა და მოზარდებს პოლიტიკური ძალები პარტიულ ატრიბუტად და ვინ არის პასუხისმგებელი, როცა ბავშვის უფლებების კონვენცია ირღვევა? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია საუბრობს.

ბატონო გრიგოლ, პოლიტიკური მოძრაობის მხრიდან, რომელიც სტალინის და საბჭოთა კავშირის სიყვარულს ქადაგებს და ოცნებობს, რომ რუსული ჯარი დაბრუნდეს საქართველოში, მოზარდების გამოყენება პარტიულ ატრიბუტად რამდენად საგანგაშოა? 

პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ამ ძალას, რომელიც სტალინის და პუტინის სიყვარულს ქადაგებს, არანაირი შეხება არ აქვს მემარცხენეობასთან. ის, რასაც ვალერი კვარაცხელია აკეთებს, არის პოსტსაბჭოთა ნოსტალგიის გამოყენების მცდელობა, იმ ხალხის მხრიდან, ვისაც ენატრებათ სახელმწიფო ფორმებით კომუნიზმი. მით უმეტეს ამორალურია განცხადებები იმაზე, რომ თურმე აფხაზები და ოსები „ამერიკის ჩექმას გაქცევიან“.   ეს არის ძალიან სამარცხვინო პოზიცია ქართული ისტორიის წინააღმდეგ. ამასთანავე, ეს არის ჩვეულებრივი ისტორიული უვიცობის გამოხატულებაც.

თუ ფოტოებით ვიმსჯელებთ, მოზარდები, რომლებიც პარტიულ ყრილობაში მონაწილეობდნენ და მათ იყენებენ პარტიული მესიჯების გასავრცელებლად, სრულწლოვნები არ არიან. ბუნებრივია, ეს ბავშვები გაიზრდებიან, ისწავლიან რაღაცას და ძალიან დიდი შანსია, რომ 5-6 წლის შემდეგ შერცხვებათ იმის, რომ დგანან წითელი ყელსახვევით და საჯაროდ მხარს უჭერენ ვალერი კვარაცხელიას და მის სამარცხვინო პოლიტიკას. მოზარდები გაიგებენ იმას, თუ რა იყო საბჭოთა კავშირი, რა მიმართებაში იყო საქართველოს ისტორიასთან და რა უბედურებები დატრიალდა მის მიერ.

 როგორ ფიქრობთ, არ იციან ამ მოზარდებმა საბჭოთა კავშირის შესახებ?  და თუ არ იციან,  ვისი პრობლემაა ეს,  განათლების თუ ოჯახის?

გრიგოლ გეგელია. ისტორიკოსი
გრიგოლ გეგელია. ისტორიკოსი

აი, ეს ფუნდამენტური კითხვა დგება დღის წესრიგში სწორედ დღეს.  უნდა იცოდეს თუ არა 14 წლის მოზარდმა საბჭოთა კავშირის ისტორია ისე, რომ მას აღარ მოუნდეს წითელი ყელსახვევის გაკეთება?  წესით, უნდა იცოდეს მოზარდმა უფრო მეტი. ბუნებრივია, მას სსრკ ყრილობების ჩანაწერების ცოდნას ვერ მოვთხოვთ, მაგრამ ის, თუ როგორი ტერორისტული წარმონაქმნი იყო საბჭოთა კავშირი და როგორ გაანადგურა უამრავი ადამიანი არაფრის გამო, მათ შორის ამ მოზარდების წინაპრებიც, ეს კარგად უნდა იცოდნენ.

ბავშვის უფლებები დაირღვა ამ ყრილობაზე? და ვის ეკისრება ამაზე პასუხისმგებლობა?

ჩემი აზრით დაირღვა, რადგან არ შეიძლება ბავშვების, მოზარდების გამოყენება პოლიტიკურ მასალად. მათ არ იციან რას ნიშნავს წითელი ყელსახვევი, რას ნიშნავდა კომუნიზმი და რა პოლიტიკას აგრძელებს პუტინის კრემლი. ამიტომ მათი გამოყენება არის აბსოლუტური დაცემა მორალურად.

 როდის დაიწყო ბავშვების და მოზარდების პოლიტიკური მიზნით გამოყენება და როგორი პოლიტიკური ძალები აკეთებენ ამას?

მოზარდების და ბავშვების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების ორი მთავარი მაგალითი იყო საბჭოთა კავშირის და ჰიტლერის ნაცისტური გერმანიის დროინდელი ახალგაზრდული გაერთიანებები. ორივეს მიღმა არსებითად მსგავსი ფსიქოლოგია იდგა, რომელიც ცდილობდა ეჩვენებინა, რომ ახალი თაობა, ახალი სისხლი არის პოლიტიკური პარტიისა და იდეოლოგიის მხარეს. ჰიტლერის ერთ-ერთ იდეა იყო ათასწლოვანი რაიხის დამყარება, სწორედ ამისთვისთვის სჭირდებოდა მას ასეთი ფსიქოლოგიის გამოყენება. თუმცა, ახალგაზრდების მობილიზების კიდევ უფრო პრაქტიკული მიზეზი იყო მომავალი თაობების აბსოლუტური ინდოქტრინაციის მცდელობა. ასეთი რამ ამართლებს მაშინ, როცა პოლიტიკური სივრცეები საბოლოოდ იხურება და პოლიტიკური ძალა სრულიად აცხადებს უარს გარე გავლენებზე, რისი მაგალითიცაა ჩრდილოეთ კორეა, სადაც კატასტროფული ყოფაა, სახელმწიფომ საბოლოოდ დაცალა ადამიანები ყოველგვარი აზრისაგან, რადგან მათ მართლა დახშეს გონებრივი, ისე როგორც პოლიტიკური საზღვრები. ცხადია, საქართველოში ამაზე არ გვაქვს საუბარი, რადგან ამ ძალას არა აქვს არავითარი გასაქანი, მაგრამ ფაქტია, რომ იგი იგივე ფსიქოლოგიით ოპერირებს და იგივე მოდელებს იყენებს.

რაქტიკა აჩვენს, რომ ზოგადად, პოლიტიკოსებს მოსწონთ ბავშვების ხელში აყვანა, მათი აფიშირება საარჩევნო თუ სხვა პოლიტიკური პროცესების დროს, როგორ უყურებს ამას განვითარებული სამყარო?

ცივილიზებულ ქვეყნებში კარგა ხანია აღარ არის „ლენინი და ბავშვების“ პრაქტიკა. დასავლელი ლიდერები, რომლებსაც უნდათ, რომ ბავშვებთან ჩანდნენ, მიდიან სკოლებში, კოლეჯებში და აწყობენ შეხვედრებს, კითხვა-პასუხების სესიებს და საჯარო კითხვის სესიებს. განსაკუთრებით პრეზიდენტის ცოლები აქტიურობენ, ხშირად დადიან საჯარო წრეებზე, კითხულობენ ბავშვებთან ერთად ზღაპრებს და მოთხრობებს და ა.შ მაგრამ ისინი ბავშვებს არ წარმოაჩენენ როგორც პარტიულ ატრიბუტიკას. ბავშვების იმ ფორმით გამოყენება, როგორც იყო საბჭოთა კავშირში, ან ახლა ვნახეთ ბათუმში, არცერთ წესიერ სახელმწიფოში არ ხდება. ცხადია ყველა პარტიას აქვს დღეს ახალგაზრდული ფრთები და ეს კარგია, რადგან ახალგაზრდა უნდა იყოს პოლიტიკურად აქტიური, თუმცა 18 წლამდე მათი გაერთიანება პარტიულ სტრუქტურებში კატეგორიულად მიუღებელია. ის, რომ ბავშვები არ იყვნენ გამოყენებული პარტიულ მასალად, ამაზე მშობელი უნდა ზრუნავდეს, მით უმეტეს, როცა ხდება ასეთი სამარცხვინო მიზნებისთვის მათი გამოყენება. ბავშვის ოფიციალურ პოლიტიკური აქტივობისთვის გამოყენებას კანონი ეხება, მაგრამ მისი თავისუფალი ჩართულობის საკითხს მშობელი უნდა არეგულირებდეს თავისი მორალური პრეფერენციებიდან გამომდინარე და ეს უნდა ესმოდეს მშობელსაც და ვალერი კვარაცხელიასაც.

მედე ვასაძე და მურმან დუმბაძე პარტიის შექმნას ლევან ვარშალომიძის დაბრუნებას უკავშირებენ

პოლიტიკური პარტიის „ემსახურე საქართველოს“ დაფუძნებას, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მედეა ვასაძე, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის აჭარაში დაბრუნებას და მის პოლიტიკურ გააქტიურებას უკავშირებს:  „ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და დღეს კიდევ ერთხელ დავადასტურებ იმ ფაქტს, რომ პარტიის ჩამოყალიბება საბოლოოდ მას შემდეგ გადავწყვიტეთ, რაც აჭარაში ყოფილი მთავრობის თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე გამოჩნდა“.

მედეა ვასაძის თქმით „ემსახურე საქართველოს“ ამ დრომდე იყო საზოგადოებრივი მოძრაობა, დღეს კი პარტიაა, რომლის თავმჯდომარეა მურმან დუმბაძე, ხოლო გენერალური მდივანი  თავადაა. მურმან დუმბაძემ და მედეა ვასაძემ დღეს ბრიფინგი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართეს.

ლევან ვარშალომიძის დაბრუნებას პარტიის დამფუძნებლები „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის ერთგვარ გარიგებად აფასებენ. „ჩვენ ოპონირებაში ვიქნებით, როგორც „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ასევე „ქართულ ოცნებასთან“. პოლიტიკური პარტია „ემსახურე საქართველოს“ იქნება ერთადერთი ძალა, რომელიც არ დაუშვებს ყოფილი ხელისუფლების დაბრუნებას,“ – ამბობს მედეა ვასაძე.

პარტიის თავმჯდომარემ, მურმან დუმბაძემ დღეს მიმართა იუსტიციის სამინისტროს „საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გამოიჩინოს პოზიტიური ვალდებულება და მაქსიმალურად არ გაწელოს პარტიის რეგისტრაციის დრო“.

მურმან დუმბაძის თქმით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შეუძლია ერთიდან ოცდაათი დღის ვადაში ნებისმიერ დროს დაარეგისტრიროს პარტია, 12 აგვისტოს კი  პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა წარადგინონ განაცხადი არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად: „ამიტომ, 12 აგვისტომდე არსებული დრო არის საკმარისი იმისათვის, რომ იუსტიციის სამინისტრომ გადაამოწმოს ყველა წარდგენილი დოკუმენტაცია და დაარეგისტრიროს პარტია. იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება პარტიის ჩვენს მიერ მოთხოვნილ ვადაში რეგისტრაცია, ჩავთვლით, რომ ხელისუფლებას აქვს ძალიან დიდი შიში და ეს აქამდეც დადასტურებულია… მეორე – არსებობს უამრავი ალტერნატიული გზა, რომ გავაგრძელოთ პოლიტიკური მოღვაწეობა“.

ბათუმში ახალი პოლიტიკური პარტია „ემსახურე საქართველოს“ 25 ივლისს დაფუძნდა. 

ბათუმში ქრისტინა აგილერა ჩამოვიდა

27 ივლისს, ღამით, ბათუმში ქრისტინა აგილერა ჩამოვიდა. ექვსი გრემის მფლობელი პოპულარული მომღერალი 30 ივლისს Black Sea Arena-ზე იმღერებს.

საკონცერტო დარბაზი BLACK SEA ARENA, რომელიც ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ქართუ ჯგუფმა ააშენა 200 მილიონიანი ინვესტიციით და სახელმწიფოს გადასცა, სწორედ კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნება. მომღერალი საქართველოში რამდენიმე დღით ადრე შოუს დასადგამად ჩამოვიდა.

ქრისტინა აგილერა სასტუმრო „ჰოლტონში“ ცხოვრობს.

საკონცერტო დარბაზი BLACK SEA ARENA 10 000 ადამიანზეა გათვლილი. სივრცე ორ დამოუკიდებელ შენობას აერთიანებს – ერთ მათგანში განთავსებულია კინოთეატრის დარბაზები, სწრაფი კვების ობიექტები, შეხვედრის ოთახები, სამედიცინო პუნქტი და ვიპდარბაზები, ხოლო მეორეში- ადმინისტრაციული ნაწილი, საგრიმიოროები, ტექნიკური ოთახები და კაფეტერია. სივრცე გათვლილია არა მხოლოდ მუსიკალური ღონისძიებებისათვის, არამედ სპორტული, თეატრალური და საცირკო წარმოდგენებისთვისაც.

ქრისტინა აგილერას კონცერტზე ამ დროისათვის ასამდე 50-ლარიანი ბილეთია ხელმისაწვდომი. ყველაზე ძვირადღირებული ე.წ. „ვიპ” კატეგორიის ბილეთებია, რომლის ფასი 600 ლარია. tkt.ge-ს მონაცემებით ამ დროისათვის ასეთი 34 ადგილია დარჩენილი.

„მიწის რეფორმა“ მხოლოდ ხულოში, შუახევსა და ქედაში?

საქართველოს მთავრობამ აჭარის მთავრობას დაავალა მიეწოდებინა იმ დასახლებების სია, სადაც 1992 წელს მიწის რეფორმა არ გატარებულა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის მთავრობის მიერ თბილისში გადაგზავნილი იქნა შემდეგ დასახლებათა ნუსხა:

ხულოს მუნიციპალიტეტი [მთლიანად, ანუ დაბა ხულოსა და ყველა სოფლის ჩათვლით] – გარდა რეკრეაციული ზონებისა: კურორტი ბეშუმი და კურორტი გოდერძი;

შუახევის მუნიციპალიტეტი – გარდა მთა ღომას, მთა ჩირუხისა და კურორტ გომარდულისა;

ქედის მუნიციპალიტეტი – გარდა დაბა ქედისა და აწჰესის დასახლებისა.

რატომ არ აღმოჩნდა ამ სიაში ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტები, სადაც ასევე არ გატარებულა მიწის რეფორმა? – აღნიშნულთან დაკავშირებით აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ „მოცემული ნუსხა ატარებს საპილოტე ხასიათს და მომავალში შესაძლებელია დამატებით წარდგენილი იქნეს სხვა დასახლებების ნუსხაც, რომლებიც ამ ეტაპზე არ იქნა ასახული“.

მთავრობაში „ბათუმელებს“ ისიც უთხრეს, რომ ზღვისპირა მუნიციპალიტეტში მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, მაღალმთიანი აჭარისგან განსხვავებით საკმაოდ რთულია… მაგალითად, არ არის საკურორტო-ტურისტული ზონები განსაზღვრული და სხვ. თუმცა „მთავრობა მუშაობს რომ ეს ორი მუნიციპალიტეტიც მოხვდეს ზემოაღნიშნულ ნუსხაში“.

საქართველოს მთავრობის დადგენილება – „ზოგიერთ დასახლებაში ფიზიკურ პირთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ – მიზნად ისახავს იმას, რომ მიწა საკუთრებაში დაირეგისტრირონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც 1992 წლის რეფორმის ფარგლებში არ მიუღიათ მიწის ნაკვეთები. პროგრამა მიმდინარე წლის 13 აგვისტოდან უნდა ამოქმედდეს. იმისთვის, რომ ამ პროგრამის ფარგლებში მიწა დაირეგისტრიროს, დაინტერესებულ  პირს შეუძლია 2018 წლის 30 ივნისამდე მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს დასახლების საერთო კრების მოწვევის თაობაზე.

მიუხედავად მიწის საკითხთან დაკავშირებული და წინასაარჩევნოდ ამოქმედებული მორიგი პროგრამებისა თუ საკანონმდებლო ცვლილებისა, ფაქტობრივად, ე.წ. მიწის რეფორმის საკითხის გადაჭრა, როგორც ჩანს, აჭარაში კვლავ პრობლემად დარჩება. პრობლემური რჩება მიწაზე საკუთრების აღიარება გონიოსა და ხელვაჩაურის იმ სოფლებშიც, რომლებიც დღეს ქალაქ ბათუმის საზღვრებშია.

მიწისძვრა დასავლეთ საქართველოში

დღეს, 28 ივლისს, დასავლეთ საქართველოში ორჯერ, 3,7 და 4,1 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, პირველი მიწისძვრა 05:27 საათზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. ეპიცენტრი იყო ქალაქ ქობულეთის სამხრეთით 3კმ-ში, სოფელ ზედა აჭყვაში.

მეორე, 4,1 მაგნიტუდას სიძლიერის მიწისძვრა კი ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 06:05 საათზე დაფიქსირდა. ამ შემთხვევაში მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქი ხობის დასავლეთით, სოფელ გამოღმა პირველი ხორგას მიმდებარედ დაფიქსირდა.

C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ბათუმის ბულვარში

დღეს, ჰეპატიტებთან ბრძოლის მსოფლიო დღეს, 11:00 საათზე, ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი იწყება. სკრინინგს NCDC აჭარის სამმართველო, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და ზიანის შემცირების ქსელი –კავშირი ,,იმედი” ატარებს.

მსოფლიო დღის აღსანიშნავად 27 ივლისიდან რეგიონში სკრინინგის ორკვირეული იწყება, რომლის ფარგლებშიც მობილური ლაბორატორია ბათუმისა და მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე უფასო ტესტირებას ჩაატარებს მოსახლეობაში, ასევე გაავრცელებს საინფორმაციო მასალას.

ტესტირებით დადებითი შედეგის მქონე პირი წარმოადგენს C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარს.
C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ღონისძიებები მოიცავს:
1. C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკას
a) მკურნალობაში ჩართვამდე და
b) მკურნალობის პროცესის მონიტორინგისთვის აუცილებელი კვლევების ჩატარებას.
2. C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა მკურნალობას.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან 400-მა პაციენტმა უკვე წარმატებით დაასრულა მკურნალობა. ამჟამად პროგრამაში 800 პაციენტია ჩართული, კვლევა ჯამში ჩაუტრდა 2500 პაციენტს.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირთა თანადაფინანსებას სსიპ აჭარის ა.რ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი უზრუნველყოფს, ხოლო ქალაქ ბათუმში რეგისტრირებული პირებისთვის – ბათუმის მერია.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2015 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 1 ივლისამდე ცენტრის მიერ თანადაფინანსებით ისარგებლა 1074–მა ბენეფიციარმა, მიმდინარეობს აღნიშნულ პირთა ჩართვა მკურნალობის კომპონენტში.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს 2016 წლის სლოგანია – იცოდე ჰეპატიტი, იმოქმედე ახლავე!
ახალი სტრატეგია მიზნად ისახავს ჰეპატიტების (B და C) ახალი შემთხვევების 30% –ით და სიკვდილიანობის 10%–ით შემცირებას 2020 წლისთვის, რისი მიღწევისთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი – ჰეპატიტის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

„არ გვეშინია, რადგან დანაშაული არ ჩაგვიდენია“ – სკოლები, როგორც პოლიტიკური სამიზნე

ბათუმში „შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან“, –  განაცხადა ბათუმში თურქეთის გენერალურმა კონსულმა თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თუმცა მოგვიანებით თურქეთის საელჩომ განაცხადა, რომ ეს თარგმანის არასწორი ინტერპრეტაცია იყო. ვინ დააარსა „შაჰინის  სკოლა-ლიცეუმი“  ბათუმში და რატომ გახდა ის პოლიტიკური სამიზნე; აქვს თუ არა მას რაიმე კავშირი ყოფილ იმამთან და მწერალთან ფეტულა გულენთან, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს და რა განწყობებია სკოლა-ლიცეუმში პოლიტიკური განცხადებების შემდეგ? ამ თემაზე „ბათუმელებთან“  შაჰინის სკოლა-ლიცეუმის დირექტორმა ელგუჯა დავითაძემ ისაუბრა.

ბატონო ელგუჯა, რამდენი წელია რაც თქვენი სკოლა-ლიცეუმი არსებობს და ვისი იდეა იყო ამ სკოლის დაარსება?

სკოლა-ლიცეუმი არსებობს 1994 წლიდან. 22 წელია ბათუმში ეს სკოლა ფუნქციონირებს. სკოლა ორ ქვეყანას, თურქეთ-საქართველოს მეგობრობის საფუძველზე გაიხსნა. იდეა ეკუთვნის რეფაედდინ შაჰინს, რომელიც ეთნიკურად ქართველია და ქართულ პასპორტსაც ატარებდა, იმ დროს თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო და მის პატივსაცემად დაერქვა მისი სახელი.

 როგორც ვიცით, სკოლა-ლიცეუმში სწავლება ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ხორციელდება. სხვა რა პროგრამები გაქვთ კიდევ, რაც განასხვავებს თქვენს სასწავლებელს სხვებისგან?

სკოლაში გაძლიერებულად ისწავლება ინგლისური, ყურადღება ექცევა იმას, რომ სასკოლო ოლიმპიადებში მონაწილეობა მიიღონ მოსწავლეებმა, რომ მაქსიმალურად მიაღწიონ ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე წარმატებებს. სკოლაში ჩამოყალიბებულია საოლიმპიადო ჯგუფები ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, მათემატიკაში, რომლებიც ფუნქციონირებს სკოლაში მეხუთე კლასის შემდეგ და მოწვეული პედაგოგების საშუალებით ხორციელდება მოსწავლეთა

გადამზადება ეროვნული და საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის. გარდა ამისა, მსურველებისთვის შაბათ-კვირას ტექნიკური საგნები ინგლისურ ენაზე ისწავლება. ეს მათთვის, ვინც აპირებს უცხოეთის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებას.

საიდან გყავთ მოწვეული სპეციალისტები? თურქეთიდან თუ იწვევთ მასწავლებლებს და რომელი საგნების?

60-დან ათი მასწავლებელი გვყავს მხოლოდ თურქეთიდან მოწვეული, რომლებიც, ინფორმატიკას, თურქულ და ინგლისურ ენას ასწავლიან. ძირითადად ქართველი მასწავლებლები გვყავს. ინგლისურისა და მათემატიკის სპეციალისტები რუსთაველის უნივერსიტეტიდან არიან მოწვეული.

თქვენი სასწავლებლის მისამართით გაკეთებული განცხადებების შემდეგ თურქეთის ხელისუფლების მხრიდან ხომ არ ყოფილა რაიმე, ასე ვთქვათ,ზეწოლა?

არავითარი ზეწოლა არ ყოფილა, მოსწავლეებმა, კურსდამთავრებულებმა და მშობლებმა გააკეთეს განცხადება, რომ ჩვენ ერთობლივად ვმოქმედებთ და მიგვყავს სასწავლო პროცესი საქართველოს განათლების მიერ გაწერილი ეროვნული პროგრამის შესაბამისად.

თურქი პედაგოგების გაწვევაზე ხომ არ ყოფილა საუბარი?

არავითარი. ჩვეულებრივ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას, არავითარი შეშფოთება.

 მშობლების მხრიდან ხომ არ გაჩენილა კითხვები, ან ამ განცხადებების შემდეგ ხომ არ უთქვამს რომელიმეს, რომ ბავშვის გაყვანას აპირებს სკოლიდან?

პირიქით, მშობლები დაგვიკავშირდნენ და გამოგვიცხადეს თანადგომა, დიდი ხანია ვთანამშრომლობთ თქვენთან და ვიცით რა საქმიანობას ეწევითო. ამ განცხადების გაკეთებიდან მეორე დღეს ერთ-ერთმა მშობელმა მე-5 კლასში შემოიყვანა შვილი, ვიცი ამ სკოლის განათლების ხარისხი და ეს განცხადება არის ბრალდებაო. ამ მხარდაჭერის პასუხად ჩვენ მის შვილს ერთი წლის განმავლობაში 30-პროცენტიანი ფასდაკლება გავუკეთეთ.

თურქეთის საელჩოს ან საკონსულოს მაღალჩინოსნების შვილებს თუ უსწავლიათ თქვენს ლიცეუმში ან ახლა თუ სწავლობენ?

რა თქმა უნდა. არა მარტო დიპლომატების, ყველა იმ საქმიანი ადამიანის შვილები სწავლობენ ჩვენთან, რომლებსაც საქართველოში აქვთ ბიზნესი. ასეთი დაახლოებით 25 მოსწავლე სწავლობს ჩვენთან.

დაფინანსების წყარო რა არის, თურქეთიდან თუ იღებთ დახმარებას და კონკრეტულად ვისგან?

დამფინანსებლები არიან ჩვენივე მოსწავლეები, რადგან სწავლის საფასური წლის განმავლობაში არის 3 800 ლარი და მოსწავლეთა რაოდენობა საბავშვო ბაღთან ერთად 600-ია. სკოლის ბიუჯეტი საკმარისია იმისთვის, რომ სხვა შემოსავლები არ ვეძებოთ. წლიური ბიუჯეტი ორ მილიონამდე ლარია წელიწადში და სახელმწიფო ბიუჯეტში სამასი ათასამდე ლარი შევიტანეთ გადასახადი. არც სკოლის დამფუძნებლიდან მიგვიღია რაიმე სახის დაფინანსება.

 ფეტულა გულენს, რომელთან კავშირის გამოც მოითხოვდა თურქეთის ხელისუფლება თქვენი სკოლის დახურვას, ამ წლების განმავლობაში ჰქონია რაიმე სახის კომუნიკაცია თქვენი სკოლის ადმინისტრაციასთან ან რომელიმე პედაგოგთან?

არავითარ შემთხვევაში. არასოდეს არ ყოფილა არც ამ ადამიანის იდეების გატარება, არც რაიმე სახის კავშირი ჩვენს სკოლასთან და ვინ იყო ეს ადამიანი, წარმოდგენა არ აქვთ საერთოდ.

როგორ ფიქრობთ, ამ განცხადებამ სკოლის იმიჯზე იქონია უარყოფითი გავლენა?

მე მგონია, რომ პირიქით, უფრო პოზიტიური, რადგან ყველამ გაიგო ჩვენი სკოლის შესახებ, რა პროგრამით ვმუშაობთ. განათლების მინისტრმაც განაცხადა, რომ ჩვენ ვართ სამინისტროს მიერ ლიცენზირებული დაწესებულება და ეს ანტირეკლამა რეკლამა უფრო გამოვიდა.

ცალკეულმა პოლიტიკურმა პირებმა განაცხადეს, რომ უნდა დაიხუროს ყველა სკოლა, რომელიც გულენთან კავშირში დასახელდა. როგორ ფიქრობთ, არსებობს მაინც საფრთხეები, რომ შესაძლებელია პოლიტიკურმა ინტერესებმა დააზარალოს თქვენი სკოლა?

ამაზე კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან ჩვენ აპოლიტიკური დაწესებულება ვართ და პოლიტიკურ განცხადებებს შესაბამისი ორგანოები უნდა გამოეხმაურონ. შიში არ გვაქვს, რადგან რაიმე დანაშაული ან უკანონობა არ ჩაგვიდენია. როდესაც რაღაცას ხურავ ან აუქმებ, დანაშაულის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. ქართულმა ხელისუფლებამ გააკეთა ამის თაობაზე განცხადება, რაც ჩვენთვის სრულიად მისაღებია.

მიწის რეფორმის ალტერნატივა აჭარაში – ვის მიჰყიდის მიწებს სახელმწიფო

საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა პროგრამა, რომელიც მიწის რეფორმის ერთგვარი „ჩანაცვლებაა“ იმ დასახლებებში, სადაც რეფორმა არ ჩატარებულა. ასეთი დასახლებებია აჭარის რეგიონის, მესტიის, თიანეთის, ახმეტისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების გარკვეული სოფლები. პროგრამა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს პრივატიზების გზით.

განსაზღვრულ დასახლებებში სახელმწიფო პროგრამა გავრცელდება მხოლოდ იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებსაც 1992 წლის რეფორმის ფარგლებში არ მიუღიათ მიწის ნაკვეთები. სარგებლობით კი ისარგებლებს ის, ვინც ბოლო 15 წლის განმავლობაში ფლობდა და პროგრამის ამოქმედების დღისთვისაც ფაქტობრივად ფლობს მიწის ნაკვეთს როგორც საკუთარს. პროგრამა მიმდინარე წლის 13 აგვისტოდან ამოქმედდება.

იმისთვის, რომ ამ პროგრამის ფარგლებში მიწა დაირეგისტრიროს, დაინტერესებულ  პირს შეუძლია 2018 წლის 30 ივნისამდე მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს დასახლების საერთო კრების მოწვევის თაობაზე. ეს მიწის საკუთრებაში დარეგისტრირების პირველი საფეხურია.

პირმა უნდა წარადგინოს გარკვეული დოკუმენტაციაც, მათ შორის მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზი ან/და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე თითოეული ნაკვეთის მესაკუთრის დასტური, რომ ის ბოლო 15 წლის განმავლობაში ფლობდა ამ ქონებას. ასევე, სხვა დოკუმენტებიც, მათი არსებობის შემთხვევაში – როგორიცაა, მაგალითად, მიწის გადასახადის გადახდის ქვითარი, ფაქტობრივი ფლობის დამადასტურებელი ფოტო/ვიდეომასალა და სხვ. ასევე საჭიროა ოჯახის წევრთა წერილობითი თანხმობა, მიწის ნაკვეთის დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან დაინტერესებულ პირსა და მათ თანასაკუთრებაში გადაცემის შესახებ.

გამგებელი/მერი ამოწმებს წარდგენილ დოკუმენტებს და უზრუნველყოფს დასახლების საერთო კრების მოწვევის დღის წესრიგში დაყენებას. შემდეგ უკვე ამ დოკუმენტაციას შეისწავლის საერთო კრება, რომელიც გამგებელს/მერს გადაწყვეტილებას წარუდგენს კრების მოწვევის ინიცირებიდან ერთი თვის ვადაში [წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ კრება უარს ამბობს ქონების საკუთრებაში გადაცემაზე].

ამის შემდეგ, მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს წარუდგენს შუამდგომლობას დაინტერესებულ პირზე უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ინიციირების შესახებ. სააგენტო კი,  თავის მხრივ, უზრუნველყოფს საკითხის საქართველოს მთავრობის სხდომაზე გატანას.

სააგენტო მთავრობის სხდომაზე საკითხს იმ შემთხვევაში არ გაიტანს, თუ:

ესა თუ ის ნაკვეთი არ წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას;

ის გადაცემულია სარგებლობის უფლებით ან/და არ ექვემდებარება პრივატიზებას; უძრავ ნივთზე მიმდინარეობს სასამართლო დავა;

თუ უძრავი ნივთი ექვემდებარება საკუთრების უფლების ობიექტად აღიარებას;

თუ უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას.

ამასთან, თუ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტი ხორციელდება ან შესაძლოა განხორციელდეს, მაგალითად, გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობა და სხვ. ამ შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია, დაინტერესებული პირის თანხმობით, მას შესთავაზოს შესაბამისი მიწის ნაკვეთის  ტოლფასი ღირებულების სხვა ნაკვეთი.

მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება მისი დაინტერესებული პირისათვის საკუთრებაში ან დაინტერესებული პირისა და მისი ოჯახის წევრებისათვის თანასაკუთრებაში გადაცემით.

თითოეული დაინტერესებული პირის შემთხვევაში, პრივატიზებას ექვემდებარება არა უმეტეს 5 ჰა მიწის ნაკვეთი. ამასთან, უძრავი ნივთის საპრივატიზებო საფასური 1,2 ჰა-მდე ფართობის მიწის ნაკვეთზე განისაზღვრება სიმბოლური ფასით – 1 ლარით, ხოლო 1,2 ჰა-დან 5 ჰა-მდე ფართობის მიწის ნაკვეთის შემთხვევაში – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფასურის ოდენობით.

აჭარის სოფლების სია, სადაც მიწის რეფორმა არ ჩატარებულა, საქართველოს მთავრობას აჭარის მთავრობამ უნდა გადაუგზავნოს.

ამავე თემაზე:

გონიოელებს ბათუმის საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვთ

ლევან კინწურაშვილი: ველოდი, რომ სასამართლოში გვიჩივლებდნენ

“სოციალისტური საქართველოს” ყრილობაზე რუსული ჯარის დაბრუნება მოითხოვეს

საბჭოთა კავშირის ჰიმნით გაიხსნა დღეს, 27 ივლისს, სახალხო მოძრაობა “სოციალისტური საქართველოს” აჭარის ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობა ბათუმში. ყრილობაზე სიტყვით რამდენიმე ახალგაზრდაც გამოვიდა, რომლებსაც პიონერის ყელსაბამი ეკეთათ.

ყრილობას ესწრებოდა რუსეთის დუმის დეპუტატი ვლადიმერ სიმაგინი, რომელმაც თქვა, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო ოკუპირებული არ არის და ისინი „ამერიკულ ჩექმას გაექცნენ“. სიმაგინი დუმაში “კომუნისტურ პარტიას” წარმოადგენს. პარტიის ქართველმა ლიდერებმა ყრილობაზე საქართველოში რუსული ჯარის დაბრუნება მოითხოვეს.

სახალხო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი თემურ სამნიძეა, „კომუნისტური პარტიის“ ხელმძღვანელი ბათუმში. მისი თქმით, სახალხო მოძრაობის წევრი უკვე ასეულობით ადამიანია და მზადდება ხელმოწერები პოლიტიკური მოძრაობის საარჩევნო რეგისტრაციისთვის. “სოციალისტური საქართველოს” პირველი ყრილობა ქალაქ გორში შედგა.

პარტიის თავმჯდომარე, ვალერი კვარაცხელიამ  ყრილობაზე საქართველოში რუსეთის ჯარის დაბრუნება მოითხოვა. თქვა, რომ საქართველომ უნდა თქვას უარი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე და რუსული სამხედრო ბაზა, რომელიც ბათუმშიც იყო განთავსებული, უნდა დაბრუნდეს.

ყრილობის შემდეგ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, ვლადიმერ სიმაგინმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის “კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენით” არის დაინტერესებული: „მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად საქართველოსა და რუსეთს შორის პრაქტიკულად არ არსებობს კავშირი,  ჩვენი ხელისუფლებისთვის სულერთი არ არის, რა ხდება მეზობელ ქვეყანაში. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ კეთილმეზობლური ურთიერთობებით, ამიტომაც ვიმყოფები ახლა აქ, “სოციალისტური საქართველოს” სახალხო მოძრაობის რეგიონულ, დამფუძნებელ ყრილობაზე.  ვფიქრობთ, რომ ეს მოძრაობა მიმართულია მეგობრული ურთიერთობის აღდგენისკენ რუსეთის  ფედერაციასთან და ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით ამ მოძრაობას. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობები მალე აღდგება.“

ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია დეპუტატს ურთიერთობის აღდგენა რუსეთთან, ოკუპაციის ფონზე, ვლადიმერ სიმაგინმა განაცხადა: „ქართველებისგან კი არ გაქცეულან აფხაზები და ოსები, ისინი გაიქცნენ ამერიკული ჩექმისგან. ჩვენმა პრეზიდენტმა, პუტინმაც განაცხადა, რომ მზად ვართ დავსხდეთ აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და საქართველოს ლიდერებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან. ჩვენ გვქონდა ასეთი პრობლემა რუსეთში, როცა რუსეთი ფაქტობრივად არ აკონტროლებდა ჩეჩნეთს, ორი წლის მანძილზე ჩეჩნეთი იყო დე ფაქტო დამოუკიდებელი სახელწიფო, მაგრამ ეყოთ რუსეთის პრეზიდენტსა და ჩეჩნეთის ხელისუფლებას სიბრძნე, დამსხდარიყვნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან. ვფიქრობ, ასეთი გზა უნდა იქნეს არჩეული ამ შემთხვევაშიც. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა ამის შესახებ და პარლამანეტშიც არაერთგზის განვაცხადეთ, რომ მზად ვართ ამისათვის.“

რუსეთის დუმის დეპუტატის განცხადებას თავხედობას უწოდებს ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე. მისი შეფასებით, რუსეთის ინტრესი აშკარაა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისადმი და ის თანმიმდევრულად ცდილობს საქართველოს ორიენტაცია შეცვალოს: “რუსეთი ყოველმხრივ ცდილობს, შეცვალოს საქართველოს საგარეო ორიენტაცია. რუსეთის დუმის დეპუტატი სრულიად თავხედურად აცხადებს, რომ თურმე ჩეჩნეთში დაულაგებია რუსეთს ვითარება და მიღწევადია ურთიერთობის  დალაგება საქართველოსთანაც. ჩვენ ვიცით, რის ფასად “დალაგდა” მდგომარეობა ჩეჩნეთში. როგორც ჩანს, საქართველოსაც რაღაც მსგავს უპირებენ. სამწუხაროა, რომ ამას უშიშროების სამსახური არ აქცევს ყურადღებას და ისინი სრულიად ინერტულები არიან. დღვანდელ ყრილობაზე გამოყენებული საბჭოთა სიმბოლიკის გამოც არ მგონია, რომ ვინმე დაისაჯოს. არადა მინიმუმ უნდა დაჯარიმდნენ ეს ადამიანები.“

ლაშა ბაქრაძე თვლის, რომ საზოგადოებას მსგავს განცხადებებზე უნდა ჰქონდეს რეაქცია და არ შეიძლება მისი მიყრუება. მისი აზრით, „სოციალისტური საქართველო“, როგორც ერთი პოლიტიკური მოძრაობა, შესაძლოა, მარგინალური ჯგუფია, მაგრამ ერთად აღებული აშკარა პრორუსული ჯგუფები სერიოზულ საფრთხეს უქმნიან მთლიანად ქვეყანას და მის ევროპულ არჩევანს:

„ჩემი აზრით, რუსეთს საერთოდაც არ უნდოდეს საქართველოს შეერთება, მთავარი არის რუსეთისთვის გამოჩნდეს საქართველო, როგორც არშემდგარი სახელმწიფო. რუსეთს სურს აჩვენოს, რომ საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებს არ აქვთ ძალა და რესურსი ჩამოყალიბდნენ, როგორც წარმატებული სახელმწიფო. საქართველო რუსეთის ამ სურვილს წინააღმდეგობას არ უწევს, მე არ ვიტყოდი, რომ ვერ უწევს… ეს ძალიან ცუდის ნიშანია. ამგვარად ხდება საზოგადოებრივი აზრის შექმნა, რომ რუსეთი არის ალტერნატივა. ამ მოძრაობის მიზანია, რომ რუსეთი აღარ აღიქმებოდეს, როგორც საფრთხე და ამისთვის დიდ ძალისხმევასაც არ გაწევს რუსეთი, არც ფინანსებს ხარჯავს. საქართველოში საკმაოდ ბევრია შავბნელი და მავნებელი ძალები…”

socialisturi partia

socialisturi 2

socialiuturi 3

 

 

DSCN0728
საბჭოთა სიმბოლიკის გარდა, ყრილობა საბჭოთა კავშირის ჰიმნით გაიხსნა

 

 

 

 

 

19 წლის დათო მღებრიშვილის ცხედარი იპოვეს

შს სამინისტროს ინფორმაციით ამოცნობილია დღეს, ზღვაში ნაპოვნი მამაკაცის ცხედარი.

ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილი 19 წლის დათო მღებრიშვილია, რომელსაც სამი დღეა ეძებდნენ. „ცხედარი ოჯახის წევრებმა ამოიცნეს“, – აცხადებს შს სამინისტროს პრესსამსახური.

ბათუმში ზღვაში ახალგაზრდა ქალი დაიხრჩო

შს სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 27 ივლისს, დაახლოებით საათნახევრის წინ,  ახალგაზრდა ქალი ზღვაში დაიხრჩო.

„გამოძიება დაწყებულია სს კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „გოგონა 20 წლამდე ასაკისაა, ადგილობრივია თუ დამსვენებელი ჯერ ინფორმაცია არ გვაქვს“ – აცხადებს შს სამინისტროს პრესსამსახური.

ზღვაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

დაახლოებით დღის პირველ საათზე ზღვაში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული და იგი ამოცნობილი არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ადრეული ქორწინების პრობლემა ქართულ და ამერიკულ სამართლებრივ სისტემებში – საჯარო ლექცია ბათუმში

30 ივლისს, 19 საათზე ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში, გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: “ადრეული ქორწინების პრობლემა ქართულ და ამერიკულ სამართლებრივ სისტემებში”.

საჯარო ლექციას ერთობლივად გამართავენ ნორთვესტერნის უნივერსიტეტის (ჩიკაგო, აშშ) პროფესორი – ბრიჯიტ არიმონდი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი თამარ გურჩიანი.

ლექციაზე განხილული იქნება ამერიკული კანონმდებლობა ადრეულ ქორწინებასთან, როგორც გოგონათა უფლებების დარღვევის ფორმასთან, დაკავშირებით. ასევე, საუბარი შეეხება საქართველოში არსებულ მანკიერ პრაქტიკაზე.

საჯარო ლექცია იმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების, აღმოსავლეთ- დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამასთან – „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ თანამშრომლობით.

ლექციაზე დასწრება თავისუფლია.

მისამართი: თანამედროვე ხელოვნების სივრცე, ბათუმი, ზვიად გამსახურდიას ქუჩა 1/5

უსკოს წევრები აჭარის მაღალმთიანეთში

უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, პარმენ ჯალაღონია კომისიის წევრებთან ერთად  ქედის, შუახევისა და ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებს შეხვდა. საუბრის თემა  2016 წლის 8 ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის მოსამზადებელი ღონისძიებები იყო.

საარჩევნო ოლქებისა და უსკოს კოორდინირებული მუშაობისთვის შეხვედრაზე ისაუბრეს ოლქებში უსკო-ს წარმომადგენლის დანიშნვის საკითხზე. უსკოს წარმომადგენელმა შემაჯამებელი ოქმების უსკოსთვის ოპერატიულად მიწოდების საკითხი უნდა უზრუნველყოს.

უმაღლესი საარჩევნო კომისია მომდევნო შეხვედრებს ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების საოლქო საარჩევნო კომისიებში გაიმართავს.

Exit mobile version