მთავარი,სიახლეები

ასი სკოლა ლაბორატორიით უნდა აღიჭურვოს

29.12.2016 • 3190
ასი სკოლა ლაბორატორიით უნდა აღიჭურვოს

რეგიონებში 100 საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება და ლაბორატორიებით აღიჭურვება.  „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, მაგდა მაღრაძის განცხადებით, 12 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია, 18 საჯარო სკოლაში კი სამუშაოები ახლა მიმდინარეობს. ასივე სკოლის რეაბილიტაცია-აღჭურვა 2019 წელს დასრულდება. პროექტის ღირებულება, რომელიც „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ მხარდაჭერით ხორციელდება, 54 მილიონი დოლარია.

„ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ“  2013 წელს საქართველოს დაუმტკიცა 140 მილიონი დოლარის გრანტი, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების განვითარებაზე დაიხარჯება. მაგდა მაღრაძის ინფორმაციით, გრანტი მოხმარდება როგორც სკოლების რეაბილიტაცია-აღჭურვას, ასევე პედაგოგების პროფესიულ გადამზადებას.

გადამზადდება საბუნებისმეტყველო საგნების, – ფიზიკა-ქიმია, ბიოლოგიის, მათემატიკის, გეოგრაფიის, ინგლისური ენისა და გეოგრაფიის 22 ათასამდე მასწავლებელი.

როგორც მაგდა მაღრაძე გვეუბნება, პროექტი მიზნად ისახავს ამ სფეროებში სპეციალისტების მომზადებას:  „თუკი საჯარო სკოლებში არ გაუმჯობესდება სწავლა-სწავლების პროცესი, ბუნებრივია, შესაბამის კადრებს ვერც უმაღლესი სასწავლებლებიდან მივიღებთ. ამ პროექტის მიზანი ის არის, რომ ყველა სკოლას, რომლებშიც რეაბილიტაციას ვატარებთ, აღვჭურვავთ ლაბორატორიებით. ამ ლაბორატორიებში შესაძლებელი იქნება სამივე საგნის – ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის გამართული სწავლება ერთ ლაბორატორიაში“.

მაგდა მაღრაძის თქმით, ლაბორატორიების აღჭურვის შემდეგ, პედაგოგებს შეეძლებათ ყველა გაკვეთილი ცდების თანხლებით ჩაატარონ.

„ჩვენ შევიმუშავეთ ექსპერიმენტების ჩამონათვალი, რომლის საფუძველზეც დავაკომპლექტეთ ლაბორატორიები. ჩვენ ვზრუნავთ იმაზეც, რომ ლაბორატორიებს რეაქტივებისა და რეკვიზიტების რეზერვი შევუქმნათ.“

მაგდა მაღრაძის აზრით, ლაბორატორიები ხარჯეფექტიანი უნდა ყოფილიყო, რადგან საქართველოს ძვირადღირებული მასალების შესყიდვის ფუფუნება არ აქვს.  „ერთი ტენდერი ჩავატარეთ, მაგრამ ძვირადღირებული მასალები შემოგვთავაზეს. ამიტომ, ტენდერს თავიდან ვატარებთ. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ძვირადღირებული მასალები ვიყიდოთ. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ თუკი ეს პროექტი წარმატებული აღმოჩნდება და დადებითად აისახება სწავლა-სწავლების პროცესზე, მთავრობას ექნება საშუალება, მსგავსი ლაბორატორიებით საქართველოს ყველა საჯარო სკოლა აღჭურვოს“, –  გვეუბნება მაგდა მაღრაძე.

სკოლების შერჩევის დროს, როგორც მაგდა მაღრაძე გვეუბნება, აქცენტი მაღალკონტინგენტიან სკოლებზე კეთდებოდა: „პროექტმა 35 ათასი მოსწავლე უნდა მოიცვას. კვლევების საფუძველზე შემუშავდა სისტემა, რის მიხედვითაც თავდაპირველად შეირჩა რეგიონის 400 სკოლა, შემდეგ კი, შემთხვევითობის პრინციპით ავარჩიეთ ასი საჯარო სკოლა. აქცენტი გაკეთდა იმ სკოლაზე, სადაც მეტი სოციალურად დაუცველი მოსწავლე სწავლობს. სკოლა, ფაქტობრივად, ჩონჩხის დონეზე დადის და მისი სრული რეაბილიტაცია კეთდება“.

როგორც ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ხელმძღვანელი გვეუბნება, მაღალმთიან რეგიონებში, სადაც ყველა სკოლა მცირეკონტინგენტიანია, ის სკოლები შეარჩიეს, რომლებშიც ყველაზე მეტი მოსწავლე სწავლობდა.

„ზედა ლეღვას სკოლა სიცოცხლისთვის საშიშია და აუცილებელია რემონტის ჩატარება“  –  ამ შინაარსის წერილი აჭარის მთავრობამ ცოტა ხნის წინ მიიღო აჭარის უმაღლესი საბჭოდან. მთავრობამ კი პასუხად გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ  „ლეღვას და ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლებს, ასევე ბათუმის მე-18 სკოლის რეაბილიტაციის სურვილი  „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“  გამოთქვა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მემორანდუმის პროექტზე მუშაობა“.

მაგდა მაღრაძე ამბობს, რომ აჭარის მთავრობის თხოვნით, აჭარაში რამდენიმე სკოლა შეამოწმეს, თუმცა სანამ არ შეისწავლიან ამ სკოლებს და საბოლოო შეთანხმება არ შედგება, მანამ სკოლების დასახელების უფლება არ აქვთ: „ჩვენ აჭარაში შევამოწმეთ სკოლები სამინისტროსთან ერთად, იყო ექვსი სკოლა რომელსაც სჭირდება რეაბილიტაცია და მოხვდნენ ჩვენს სიაში,  მაგრამ ვერ გეტყვით რომელი, იმიტომ რომ ამ სკოლებში ჯერ ინჟინრები უნდა ჩავიდნენ და შეამოწმონ. მას მერე, რაც მემორანდუმს გავაფორმებთ აჭარის მთავრობასთან,  უკვე დადასტურდება რომელი სკოლებია“.

მაგდა მაღრაძის თქმით, პირველ სარეაბილიტაციო სეზონზე 30 სკოლა შეირჩა. „არ გვინდა სკოლები დიდხანს დავკეტოთ, ამიტომ რეაბილიტაცია ცხრა თვეს გრძელდება. 12 სკოლა უკვე დავასრულეთ, 18 სკოლის რეაბილიტაცია კი ახლა მიმდინარეობს. აჭარის მთავრობასთან დადებული მემორანდუმის შემდეგ, აჭარიდან შერჩეული სკოლების რეაბილიტაცია 2018 წელს დაიწყება. 2019 წლის ზაფხულამდე ასივე სკოლა იქნება რეაბილიტირებული და ლაბორატორიებით აღჭურვილი“.

ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, პროექტის ფარგლებში შვიდი ათასამდე საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგი საგნობრივ კომპეტენციებში გადამზადდა. ლაბორატორიაში მუშაობის ტრენინგები კი 2017 წლიდან იწყება – პედაგოგები, ცდების დაწყებამდე ისწავლიან ქიმიურ ნივთიერებებთან მუშაობას,  „რადგან ბევრი ისეთი საშიში მასალა, რომლის სწორი გამოყენებაც უნდა იცოდეს მასწავლებელმა“.  ტრენინგების გავლის შემდეგ რეგიონის დონეზე პედაგოგებთან უცხოელი და ქართველი ტრენერები მუშაობას ისევ გააგრძელებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: