როგორ აპირებს „ოცნება“ გააჩუმოს ყველა, ვინც კრიტიკას დააპირებს – ინტერვიუ

„ფაქტობრივად, ხელისუფლების ნებისმიერი კრიტიკა, როგორი საფუძვლიანიც არ უნდა იყოს ის, შეიძლება გახდეს ჟურნალისტების და მათ შორის, მოქალაქეების დასჯის საფუძველი“- ამბობს იურისტი, მკვლევარი გურო იმნაძე.

როგორ აპირებს „ოცნება“ გააჩუმოს ყველა, ვინც მაღალჩინოსნების მხილებას დააპირებს? – „ბათუმელები“ მას ამ თემაზე ესაუბრა.

  • ბატონო გურო,ოცნების“ პარლამენტი აპირებს ცვლილებები შეიტანოს კანონში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. გვინდა ნათლად ავუხსნათ საზოგადოებას, რატომ არის ეს ცვლილება სახიფათო და რა ზიანს მიიღებს ამით როგორც საზოგადოება, ასევე მედია?

დიდი ხანია ამ ცვლილებებს აანონსებს „ქართული ოცნება“ და მათი უფრო რადიკალური მხარდამჭერები ამ ცვლილებებს ითხოვენ.

ცვლილების შინაარსი ისეთია, რომ ნებისმიერი სახის კრიტიკა შეიძლება გახდეს სამართლებრივი დავის საფუძველი მოქალაქეების წინააღმდეგ, მოქალაქეს მოუწევს ამტკიცოს კრიტიკის საფუძვლიანობა და სამართლიანობა.

თუკი ამ დრომდე ხელისუფლების მიმართ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები შეიძლება ჩათვლილიყო გამოხატვის თავისუფლებით დაცულ ნაწილად და ამის გამო ადამიანებს არ მოეთხოვებოდათ პასუხი, ამ ცვლილებებით ასე აღარ იქნება.

თუკი ეს კრიტიკა გახდება სამართლებრივი დავის საფუძველი სასამართლო დავაში, მოქალაქეს დაეკისრება სამართლებრივი მტკიცების ტვირთი, რომ მის მიერ გაჟღერებული კრიტიკა იყო, მაგალითად, საფუძვლიანი და არგუმენტირებული.

  • ცვლილებების დოკუმენტში წერია არა კრიტიკა, არამედ „შეურაცხყოფა“. შესაძლებელია, რომ ის, რაც მოქალაქეს მიაჩნია კრიტიკად და რაც არის რეალურად კრიტიკა, „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენელმა მიიჩნიოს შეურაცხყოფად და ამის გამო გიჩივლოს?

ორი სხვადასხვა ამბავია. ერთი არის წმინდა შეურაცხყოფა და ბოლო ცვლილებით, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა, უკვე ისედაც დასჯადი ქმედებაა შეურაცხყოფა. მაგალითად, ადამიანისთვის „მოღალატის“ დაძახება შეიძლება გახდეს დაჯარიმების საფუძველი.

  • მაგალითად, „მოღალატე“ ან „რუსო“, მონა“, როცა ეძახიან „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ან მათ რომელიმე წარმომადგენელს მოქალაქეები, დღეს არსებული რედაქციით ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში, ამ ცვლილებით ეს გახდება შეურაცხყოფა?

გამოხატვის თავისუფლების კანონი სხვადასხვა ფორმით ვრცელდება სხვადასხვა ტიპის ურთიერთობაზე. ფაქტია, რომ ამგვარი ქმედება, ამგვარი გამოხატვა, ადამიანისთვის აღარ არის უსაფრთხო და მას კანონი აღარ იცავს, რადგან გამოხატვის თავისუფლების კანონის მოქმედების ბუნება იცვლება.

თუკი აქამდე გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გაჟღერებული კრიტიკა იყო დაცული იმ გაგებით, რომ მოქალაქეს არ ჰქონდა ვალდებულება ემტკიცებინა იმ კრიტიკის ნამდვილობა, ამ შემთხვევაში მასზე გადავა მტკიცების ტვირთი.

და ამან შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევით პასუხისმგებლობის ტვირთი, მათ შორის – სამოქალაქო სამართლებრივი დავაც და კომპენსაციის დაკისრების პასუხისმგებლობა მოქალაქეზე.

  • აქამდე მომჩივანზე იყო მტკიცების ტვირთი, ახლა კი „ოცნების ხელისუფლება“ აპირებს, მტკიცების ტვირთი დააკისროს მხოლოდ მოქალაქეს?

რა თქმა უნდა. კიდევ უფრო გასაგები რომ იყოს, რატომ არის ეს პრობლემა, განვმარტავ:

შეიძლება ადამიანს გაუჩნდეს კითხვა, – თუკი აკრიტიკებ, ვთქვათ, საჯარო მოხელეს ან ადამიანი რაღაც მძიმე ფაქტს აჟღერებს, ეს ხომ არ უნდა ეფუძნებოდეს არსაიდან მოტანილ ინფორმაციას, ასეთ მძიმე შეფასებას უნდა ამყარებდეს კონკრეტული მტკიცებულებები. მაგრამ რატომ არის ეს სახიფათო?

იმიტომ, რომ რეალურად დემოკრატიულ სახელმწიფოებში შეიძლება გამოხატვის თავისუფლების სხვადასხვაგვარი მოწესრიგება, მტკიცების ტვირთვის სხვადასხვაგვარი განაწილება, მაგრამ ასეთ ავტორიტარულ რეალობაში, სასამართლოს ასეთ მკაცრ დაქვემდებარებულობაში და საჯარო უწყებების ძალიან ჩაკეტილობასა და დახურულობაში ხშირად შეუძლებელიც კი არის მოქალაქეს ჰქონდეს ინფორმაცია, მათ შორის მედიას, რომ თუკი რაიმე ბრალდებას აჟღერებს, ეს სრულყოფილად დაამტკიცოს სასამართლოს წინაშე.

მეორე მხრივ, სახელმწიფოს ჰქონდეს ამაზე ეფექტიანი რეაგირება.

მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ. რამდენიმე დღის წინ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვის ბრალდებით ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე დააკავეს. ამ ფაქტს რამდენიმე თვით ადრე წინ უძღოდა საგამოძიებო რეპორტაჟები, სადაც იყო საუბარი იმაზე, რომ მინისტრის მოადგილე ჩართული იყო შესაძლო კორუფციულ ქმედებებში და შესაძლო უკანონო გამდიდრების პროცესებში.

ამ ფაქტზე, ამ ცვლილების მიხედვით, ჟურნალისტებს დაეკისრებოდათ სამოქალაქო პასუხისმგებლობა სწორედ იმის გამო, რომ მათ აქვთ ლიმიტირებული ინფორმაცია.

მაგრამ ლოგიკური კითხვაა, თუ ერთი წლის წინ არსებობდა ეს ინფორმაცია, დღეს რატომ ვიგებთ რომეო მიქაუტაძის დაკავების ფაქტს? რას ელოდებოდა ამდენი ხანი სამართალდამცავი უწყება?!

  • მაგალითად, ამ საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ რომ მომზადებულიყო ეს საგამოძიებო სიუჟეტი და მიქაუტაძეს ეჩივლა მედიისთვის „სახელის გატეხვის“ საბაბით, ჟურნალისტებს დაეკისრებოდათ პასუხისმგებლობა, ხომ?

დიახ.

ჩვენ, რომ გვქონდეს აბსოლუტურად დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყებები და დამოუკიდებელი სასამართლო, ცხადია, მაშინაც პრობლემური იქნებოდა ეს ცვლილებები, მაგრამ არა იმ მასშტაბით, როგორიც ახლაა.

ახლა, ფაქტობრივად, ნებისმიერი კრიტიკა, როგორი საფუძვლიანიც არ უნდა იყოს ის, შეიძლება გახდეს ჟურნალისტების და მათ შორის, მოქალაქეების დასჯის საფუძველი.

  •  როცა მედია იყენებს ტერმინს – „სავარაუდოდ“, ამის გამოც შესაძლოა წარმოიშვას დავა?

ძალიან რთულია ამის თქმა, რადგან ეს პრაქტიკის საკითხია. თუმცა ჩივილით ნებისმიერ რამეზე შეუძლიათ უჩივლონ, მერე უკვე სასამართლოზეა დამოკიდებული, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი წინასწარ დათქმას აკეთებს, რომ შესაძლოა, ეს იყოს ვარაუდი.

საბოლოო ჯამში, დანაშაულზე როცაა საუბარი, საბოლოო გადაწყვეტილების უფლება აქვს საგამოძიებო ორგანოს.

  • ეს იმას ნიშნავს, რომ კორუფციის შესახებ მასალების მომზადება გახდება პრობლემური?

უფრო მეტად სარისკო გახდება და ალბათ უფრო მეტად მოუწევთ ჟურნალისტებს თვითცენზურა. იმიტომ, რომ ნებისმიერი კრიტიკული შეფასება საჯარო მოხელის მიმართ გაკეთებული შეიძლება გახდეს მათ მიმართ სამართლებრივი დავის საფუძველი.

  • ეს ცვლილება ასევე ითვალისწინებს იმას, რომ თუკი მოქალაქეს ან ჟურნალისტს გაამტყუნებს სასამართლო, მოდავე პირს შეუძლია მოითხოვოს როგორც ქონებრივი, ასევე მატერიალური ზიანის ანაზღაურებაც.

ეს ის ნაწილია, როდესაც „სახელის გამტეხი“ მონაცემების გაჟღერებაზეა საუბარი, სამოქალაქო დავის დროს მხარეს აქვს უფლება, რომ იდავოს, მათ შორის მატერიალურ კომპენსაციაზეც.

  • აქამდე დაცული იყო ჟურნალისტი, რომ არ გაემხილა წყარო და ეს აძლევდა ადამიანებს იმის შესაძლებლობას, საზოგადოებამდე მიეტანა კორუფციის ან სხვა დანაშაულების შესახებ ინფორმაცია. წყაროს გაუთქმელობის უფლების მოშლა რას გამოიწვევს მედიაში და რა ზიანს მიიღებს ამით საზოგადოება?

პრობლემა ორმხრივია. ერთი მხრივ, მედიისთვის არის ეს ცვლილება ძალიან რთული, იმიტომ რომ მედიის ეფექტიანობის, სანდოობის ერთ-ერთი გარანტია ცხადია არის ის, რომ ფარავს წყაროს, რა გარემოებაც არ უნდა იყოს და მეორე მხრივ, მოქალაქეებს, აქამდე ჰქონდათ რწმენა, რომ მედიისთვის გაზიარებული მამხილებლური ინფორმაცია, კორუფციაზე იქნება ეს თუ სხვა ტიპის დანაშაულებზე, იქნებოდა იმგვარად გამოყენებული, რომ მისი ვინაობა არ იქნებოდა გასაჯაროებული.

მსგავსი გარანტია თუ არ არსებობს, ეს კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის მოქალაქეს და კიდევ უფრო ნაკლებ მოტივაციას უჩენს მას, რომ ითანამშრომლოს საგამოძიებო ჟურნალისტიკასთან.

  • საკანონმდებლო ცვლილებაში წერია ასეთი რამ – „საჯარო სივრცეში პირდაპირი შეურაცხყოფა“. საჯარო სივრცე ფართო ცნებაა, რა შეიძლება მოიაზრონ აქ?

ნებისმიერი უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ გამოთქმული საჯარო ფორმით და ეს საჯაროობა არ გულისხმობს მხოლოდ დიდ აქციაზე ან ქალაქის ქუჩებში რუპორით რაღაცის ძახილს. საჯარო გამოხატვა მიემართება სოციალურ ქსელებში კრიტიკის გამოხატვასაც, რადგან დიდ აუდიტორიას ესაუბრება ადამიანი, ვიდრე რეალურ სივრცეში, ხომ?!

ამიტომ, ვირტუალურ სივრცეში დაფიქსირებული კრიტიკული აზრიც შეიძლება გახდეს მოქალაქეების მიმართ სამართლებრივი დავის საფუძველი და მათ მოუწიოთ კომპენსაციების გადახდა და ასე შემდეგ.

  • „ნებისმიერი ფორმით“ როცა წერია, აქ რა შეიძლება იგულისხმებოდეს? მაგალითად თანამდებობის პირის გაშარჟებაც?

შეიძლება. ესეც სასამართლო პრაქტიკის ნაწილია, მაგრამ არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მაგალითად, გაშარჟება არ მოექცევა ამ ნაწილში და, ასევე, სხვის მიერ დაწერილი პოსტის გაზიარება ან ასეთ პოსტზე დაკომენტარება-დათანხმება… ბევრნაირი შეიძლება იყოს გამოხატვის ფორმა, რომელიც ექცევა ამ რეგულირების ქვეშ.

  • თუ ეს ყველაფერი გახდა რეალური, როგორ სახელმწიფოს, რა საზოგადოებას მივიღებთ?

ფაქტობრივად ხელისუფლების კრიტიკა იკრძალება, ასეთ რეალობას ვიღებთ.

მეორე მხრივ, არსებითად უთანასწორო, ცალკარა თამაშის წესებს ადგენს „ოცნების“ ხელისუფლება, რადგან მათ პოლიტიკური გამოხატვის ფარგლებში, ფაქტობრივად, ყველას მიმართ შეუძლიათ არათუ კრიტიკის, არამედ ნებისმიერი ლანძღვის და მძიმე ბრალდებების გავრცელება ადამიანებზე ისე, რომ ამაზე პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ და მათ რომ საპირისპირო დაუძახო, მოქალაქეს დაეკისრება პასუხისმგებლობა.

და ეს არ არის მხოლოდ გამოხატვის პრობლემა, ამას ძალიან ბევრ მძიმე და სტრუქტურულ პრობლემამდე მივყავართ.

ხელისუფლების ჯანსაღი კრიტიკის რეალური სივრცე თუ აღარ იარსებებს ქვეყანაში, ეს აუცილებლად მოიტანს დაუსჯელობის სინდრომს, როდესაც მოხელეები, მათთან დაახლოებული პირები, ფაქტობრივად ნებისმიერი რამის გაკეთების უფლებას მისცემენ საკუთარ თავს, რადგან ხმის ამომღები არავინ იქნება.

ეს არსებითად გაზრდის ქვეყანაში უსამართლობას, რადგან ვინც კი დაახლოებული იქნება ამ პოლიტიკურ ელიტასთან, ის უსაფრთხოდ იგრძნობს თავს, სხვა ადამიანები კი იქნებიან მუდმივად დაჩაგრულები.

  • ეს ფაქტობრივად დემოკრატიული საზოგადოების ტერორია, როცა ადამიანებს ეკრძალებათ ხელისუფლების კრიტიკა…

რა თქმა უნდა. ეს არსებითად გაზრდის კორუფციის არათუ რისკებს, არამედ მასშტაბებს, რადგან კორუფციის ჩამდენი მეტ-ნაკლებად ფრთხილობს, რომ სამსახურიდან გავა ეს ინფორმაცია, რომ რომელიმე კრიტიკულმა მედიამ მასზე არ გააკეთოს სიუჟეტი და არ დადგეს მისი სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ. ასეთი მოცემულობაც თუ აღარ იქნება, ცხადია, ეს კიდევ უფრო მეტად გაზრდის მოხელეების მადას.

  • თქვენ ცალი კარი ახსენეთ და მოქალაქეს თუ შეუძლია, მაგალითად, უჩივლოს იმ კონკრეტულ პირებს, რომლებიც მათ „უცხო ქვეყნის აგენტებს“ ეძახიან, ყოველგვარი საფუძვლის და მტკიცებულების გარეშე? მათზე არ მოდის მტკიცების ტვირთი? 

კარგი კითხვაა, მაგრამ რთულად საპასუხო, რადგან რეალურად საჯარო მოხელესაც შეუძლია უჩივლოს მოქალაქემ თუ რაიმეს მიიჩნევს მისი ღირსების შემლახავად, მაგრამ საჯარო მოხელეზე არ არის მტკიცების ტვირთი. მით უმეტეს, ჩვენი სასამართლოს პირობებში მინიმალური შანსიც არ არის, რომ პოლიტიკოსების მხრიდან მსგავს გამოხატვას ექნება ადეკვატური შეფასება.

ჩვენ უნდა გავმიჯნოთ დღეს რეალურად რისი უფლება გვაქვს მოქალაქეებს და ამ უფლების ეფექტიანად დაცვის მოლოდინები რამდენად უნდა გვქონდეს.

რეალურად, ის, რაც ხდება, ყველას პრობლემაა. იმიტომ, რომ როცა მთავარი უსამართლობა და უკანონობა კანონის სახელით კეთდება, მერე უკვე კანონის იმედიც აღარ უნდა გვქონდეს, რომ სამართლებრივი დავით დავიცავთ ჩვენს უფლებებს.

ამიტომ ძალიან გამიჭირდება იმის თქმა, რა არის ჩვენი დაცვის გარანტი.

  • შესაძლოა ვინმემ იფიქროს, რომ მათ დაიცავს დუმილი?

თუკი მოქალაქე იქნება აბსოლუტურად ჩუმად, იქნება მორჩილი, ამან შესაძლოა „დაიცვას“, თუმცა არც ესაა ბოლომდე მისი დაცვის გარანტია, რადგან რეალურად, დღეს მოქალაქეს არაფერი იცავს.

შეიძლება გაჩუმების მასშტაბი შენ არ შეგეხოს, მაგრამ შეეხოს შენი ოჯახის წევრს, ნათესავს და მაინც და მაინც პოლიტიკურ საკითხებზე არ იყოს აქ საუბარი. მაგრამ იმ გარემოში, სადაც ცხოვრობ, უცებ გაიგე, რომ დიდი ჰესი შენდება, ან კორპუსს გიშენებენ ფანჯარასთან და კითხვა თუ გაგიჩნდა, – ასეთი ნებართვა კორუფციული გარიგების შედეგად ხომ არ გაიცა? ეს უკვე შეიძლება აღმოჩნდეს პრობლემა.

ამიტომ ეს გაჩუმება ყოველთვის ვერ დაგიცავს, რადგან მადა იზრდება და იზრდება მიზეზებიც, რის გამოც მოქალაქე უნდა გაჩუმდეს. შემდეგ კი, ძალიან ბევრის დათმობა მოუწევთ ადამიანებს.

უფასოდ ვერავინ დაგიცავს, ვერც ფეისბუქზე დაწერ, მედია ვერ გააშუქებს – „ოცნება“ ყველა კარს კეტავს

„ახლა მხოლოდ ის კი არ არის რისკი, რომ მოქალაქე, რომელსაც დახმარება სჭირდება და იურისტის დაქირავების შესაძლებლობა არ აქვს, დაუცველი დარჩება. ის უკვე მედიასაც ვეღარ მიაკითხავს, რადგან მისთვის აღარავის ეცლება და ეს მოხდება ისედაც უსამართლო სასამართლოს პირობებში“ – ამბობენ უფლებადამცველები, რომლებიც საქართველოში წლების განმავლობაში მუშაობდნენ, რომ კვალიფიციური დახმარება გაეწიათ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ადვოკატის დაქირავების საშუალება არ ჰქონდათ.

„ოცნება“ პარლამენტში დასამტკიცებლად ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებებით ფაქტობრივად ყველა კარს კეტავს იმ დაუცველი მოქალაქეებისთვის, რომელთაც არც ფული აქვთ ძვირადღირებული იურიდიული კონსულტაციების მისაღებად და არც „გავლენიან პირებთან კავშირები“ – პრობლემების მოსაგვარებლად.

უფლებადამცველების თქმით, ცვლილებები კანონში, რომლებიც „ოცნებამ“ ბოლო პერიოდში დაამტკიცა და რომელთა დამტკიცებასაც უახლოეს მომავალში გეგმავს, მწვანე შუქია საჯარო მოხელისთვის, ცრუ მოწმე პოლიციელისთვის, პროკურორისთვის, მოსამართლისთვის – ყველა მათგანისთვის, ვინც „ჭრის და კერავს ამ საქმეებს“, ვინც ამაში მონაწილეობს. „თქვენ დამემორჩილეთ და კვალსაც არ დავტოვებ, არაფერი იქნება თქვენს წინააღმდეგო – ეუბნება მათ ოცნება“ – მიიჩვევენ უფლებადამცველები. 

მაგალითად, მორიგი საკანონმდებლო ცვლილებებით „ოცნება“ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიციირებულია და მისი განხილვა დაჩქარებული წესით იგეგმება.

„ოცნების“ პარლამენტი ასევე დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომელიც სასამართლო პროცესების გაშუქების წესებს ფუნდამენტურად ცვლის, რის საფუძველზეც მედიისთვის პროცესების გაშუქება, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდება ვიდეო და ფოტომასალით.

ამის პარალელურად დაუცველი შეიძლება დარჩეს მოქალაქე, რომელსაც, მაგალითად, მიწის ნაკვეთს არ დაურეგისტრირებენ, არ ჩასვამენ სახელმწიფო პროგრამაში, არ მისცემენ დახმარებას, დააკავებენ უკანონოდ, დაჩაგრავენ… მედია კი, ახალი კანონის პირობებში, ვეღარ შეძლებს აჩვენოს საზოგადოებას, როცა სისტემა მოქალაქეს უსამართლოდ ექცევა. 

  •  „ახალი კანონი კლავს ყველა პლატფორმას, სადაც მოქალაქეს შეუძლია დარღვეულ უფლებაზე ილაპარაკოს“

„ეს არის რუსული კანონის გაგრძელება. ჩვენ ვამბობდით, რომ ყველაფერი ზუსტად ასე მოხდებოდა“ – ამბობს ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის ორგანიზაციის მკვლევარი გოჩა მჟავანაძე. იგი მათ შორისაა, ვინც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაუცველ მოქალაქეებს უწევდა კვალიფიციურ კონსულტაციებს და ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებდა პროექტებს მათი ხელშეწყობისა და დაცვის მიზნით.

გოჩა მჟავანაძე ამბობს, რომ „ოცნება“ არ იშურებს ძალისხმევას ჩანაფიქრის ბოლომდე მისაყვანად და ეს მთლიანად ერთი პაკეტია – რუსული კანონი.

„მაგალითად, ადამიანი ცხოვრობს, თვითდასაქმებულია. ნებისმიერი უფლების დარღვევის შემთხვევაში მას შეეძლო მიემართა დამოუკიდებელი მედიისთვის, პრობლემების შესახებ ესაუბრა, მისულიყო არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელიც უფასოდ გაუწევდა სამართლებრივ კონსულტაციას, იურიდიულ დახმარებას და წარმოადგენდა მის ინტერესებს სასამართლოში იქნებოდა ეს თუ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში. ახლა, ამ საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, ამის შესაძლებლობა მას ფიზიკურად არ ექნება.

რეპრესიული კანონები პირველ რიგში მიმართულია იქითკენ, რომ ნებისმიერი დამოუკიდებელი მედია, რომელიც რეჟიმისთვის არის მიუღებელი, შეზღუდოს, გაანადგუროს, მოკლას. მოქალაქეს არ უნდა ჰქონდეს არანაირი პლატფორმა, რომლითაც ისაუბრებს თავის გულის ტკივილზე, დარღვეულ უფლებებზე.

ამის პარალელურად, „ოცნების“ მიზანია გაქრობა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც არ არიან დაქვემდებარებული რეჟიმზე და იცავენ ადამიანის უფლებებს – ეს იქნება პენსიონერის დარღვეული უფლებების აღდგენა, მიწის რეგისტრაციის პროცესში უფასო დახმარება, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული ადამიანების დახმარება თუ სხვა ნებისმიერი პრობლემა“. 

გოჩა მჟავანაძე

იურისტი ირმა აბაშიძე, რომელიც ასევე, დაუცველი ადამიანების უფლებების დასაცავად მუშაობს, ჩვენთან საუბარში ვრცლად მიმოიხილავს იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც ბოლო პერიოდში „ოცნებამ“ დაამტკიცა ან/და რომელთა მიღებასაც გეგმავს. მათ შორის არის რუსული კანონი და „ოცნების ფარა“.

იურისტი ამბობს, რომ კანონმდებლობაში უკვე მიღებული და დაგეგმილი ცვლილებები მთლიანად ცვლის რეალობას და ადამიანის უფლებებს, სიტყვისა და გამოხატვის სტანდარტს აუარესებს.

იურისტი საკუთარი გამოცდილების მაგალითზე გვიხსნის, როგორ დააზარალებს საზოგადოებას სასამართლოში ფოტო-ვიდეო გადაღების აკრძალვა და ე.წ. ცრუ მოწმეებს მისცემს საშუალებას მეტი ტყუილი უფრო თამამად თქვან:

„საქმეებიდან გამომდინარე, რაც ბოლო 2 წლის მანძილზე გვქონია, პირები, რომლებიც პროცესზე მოდიან, სასამართლოს აწვდიან ინფორმაციას ისეთი ფაქტობრივი გარემოების შესახებ, რომლებსაც მხოლოდ ისინი ასახლებენ და სხვა ნეიტრალური მტკიცებულებებით ეს ვერ დასტურდება.

მეტსაც გეტყვით – პროცესზე წარვადგინე ფოტო-ვიდეო მასალა, უწყვეტი კადრები, სადაც სრულად ჩანდა რა ხდებოდა. ამის საპირისპიროდ მოწმეები დიდ დროს უთმობდნენ იმის ჩამოყალიბებას, თუ რას არღვევდა მხარე. ვიდეომასალაში ამის მინიმალური ფაქტიც კი არ დაფიქსირებულა. იმ შემთხვევაში ბენეფიციარებს გაუმართლათ, რომ არსებობდა უწყვეტი კადრები, მაგრამ ეს სასამართლოსთვის არ აღმოჩნდა მნიშვნელოვანი. ვიდეოკადრი, რომლის ავთენტურობაც სადაო არ გამხდარა, აჩვენებდა სიმართლეს, თუმცა მოსამართლე მაინც მოწმის ჩვენებებს დაეყრდნო.

როცა ასეთი მოწმეების შესახებ მედიით ვრცელდება ინფორმაცია, საზოგადოების წინაშე მორალური პასუხისმგებლობის ნაწილი იწევს წინა პლანზე, თუნდაც ის, რომ ფართო მასები იცნობდნენ იმ ადამიანებს, ვინც სასამართლო პროცესებზე ტყუილ ინფორმაციას ავრცელებენ… ამ ნაწილშიც კი, ფოტო-ვიდეო გადაღების აკრძალვა შეუწყობს ხელს, რომ ასეთმა პირებმა კიდევ უფრო მეტი ტყუილი თქვან.

ყველა ცვლილება მიდის იქითკენ, რომ ადამიანებმა ვერ გამოხატონ პროტესტი მოსალოდნელი რეპრესიების გამო, რაც შეიძლება გამოიყენონ მათ წინააღმდეგ და იყენებენ კიდეც. არაერთი პირის ადვოკატი ვარ და არის საქმეები, რომლებიც ეხება შეკრებისა და გამოხატვის ფარგლებში განხორციელებულ ქმედებებს“. 

  • „ვერც ფეისბუქზე დაწერ“

გოჩა მჟავანაძე ჩვენთან საუბრისას ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ მედიისა და არასამთავრობოების გაქრობის პარალელურად „ოცნება“ ცდილობს ისეთი ცვლილებები შეიტანოს კანონში, რაც სოციალურ ქსელშიც დაარეგულირებს პოზიციის გამოხატვას:

„მოქალაქეს, რომლისთვისაც არც მედია იქნება ხელმისაწვდომი, რჩება მხოლოდ სოციალური ქსელი და იქაც კი კონტროლის მექანიზმი შედის. ინიციირებული ცვლილებების მიხედვით, ნებისმიერ თანამდებობის პირზე კრიტიკული პოსტისთვის შეიძლება გამოყენებული იყოს ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა, 3-4 თვემდე ვადით. ნებისმიერ პრობლემაზე პოსტი – ეს იქნება ინფრაქტრუქტურული, სოციალური თუ ეკონომიკური კრიტიკული პოზიცია, შეიძლება რეჟიმმა შეურაცხყოფად აღიქვას და დააყენოს ავტორის ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის საკითხი“ – განმარტავს გოჩა მჟავანაძე. 

  • „მეზობელმა ან შვილმა არ უნდა ნახოს ტელევიზორში, როგორ ტყუის ცრუ მოწმე პოლიციელი“

„ოცნების“ პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომელიც სასამართლო პროცესების გაშუქების წესებს ფუნდამენტურად ცვლის.

კანონპროექტის თანახმად, არა მხოლოდ სასამართლო სხდომის დარბაზში, არამედ მთლიანად სასამართლოს შენობაში და მის ეზოშიც ფოტო-ვიდეო გადაღება იკრძალება. გამონაკლისები იქნებიან სასამართლოს თანამშრომლები ან სასამართლოს უფლებამოსილი პირები – მათთვის გადაღება დაშვებული იქნება. რაც შეეხება სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერას, ეს დაიშვება მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნებართვით. 

„ეს ემსახურება იმას, რომ არ უნდათ ხალხმა დაინახოს სასამართლოში არსებული უსამართლო სიტუაცია, ცრუ მოწმეები, შეთითხნილი საქმეები, შეკერილი ბრალდებები, ცრუ მოსამართლეები, რომლებიც თავის გადაწყვეტილებებს არ აფუძნებენ არგუმენტებს, მტკიცებულებებს და პირიქით – ემსახურებიან რეჟიმს. არ უნდათ, რომ მოხდეს ამის ამსახველი ვიდეო-აუდიო ჩაწერა, დაარქივება და შემდგომში მისი გამოყენება ამ ხალხის მიმართაც, ვინც უკანონო გადაწყვეტილებებს იღებს.

შვილმა არ უნდა ნახოს ტელევიზორში, რას ეუბნება მამა სასამართლოს, ამით „ოცნება“ სისტემის თანამშრომლებს, პროკურორებს, მოსამართლეებს ეუბნება – ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენს მიმართ არანაირი მტკიცებულება არ შეიქმნას რეალური სახით, ვიდეო იქნება ეს თუ ფოტო. ამით სისტემა ერთგვარად დაცულობის გარანტიას აძლევს მათ.

პარალელურად, მესამე მხარე, რომელიც ვერ ახერხებს სასამართლო პროცესებზე დასწრებას, მაგრამ უნდა, რომ ინფორმაცია მიიღოს, ამ ინფორმაციას ვერ მიიღებს. თუ არ მოხდება გადაღება, ასახვა და მიწოდება დამოუკიდებელი მედიის საშუალებით, ინფორმაცია მიუწვდომელი იქნება.

ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი მოწმე პოლიციელი ე.წ. დაზიანებით არის სამ საქმეში წარმოდგენილი, პროცესებზე ეს თემა გაიშიფრა და საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს არის რეალურად ცრუმოწმე, ეს ვიდეოკადრები კი სამომავლოდ მის მიმართ შეიძლება გამოდგეს, როგორც მტკიცებულება“ – ამბობს გოჩა მჟავანაძე. 

იურისტი ირმა აბაშიძე, თავისი პრაქტიკის გათვალისწინებით, გვიყვება პროცესების გაშუქების მნიშვნელობაზე და ხაზს უსვამს, რომ თუ მედია პროცესებს ვერ გადაიღებს, საზოგადოება პროპაგანდის ამარა დარჩება, რაც კიდევ უფრო გაართულებს მდგომარეობას:

„დაგვრჩება პროპაგანდა, რასაც მასები უსმენენ და აღმოჩნდება, რომ სწორი ინფორმაცია საზოგადოების დიდ ნაწილამდე ვეღარ მივა. ამდენი ცვლილების შემდეგ უარეს რეალობაში შეიძლება აღმოვჩნდეთ, ეს ცუდ გავლენას ახდენს არასამთავრობო სექტორზე, რომელსაც თავისი დღის წესრიგის მორგება უწევს ამ ცვლილებებზე და ეს ძალიან რთულია“.

ირმა აბაშიძე, ადვოკატი
  •  რატომ ვეღარ გაიგებთ, რომ ღარიბი ქვეყნის თანამდებობის პირები მილიონიან სახლებს ყიდულობენ და ასიათასობით ლარს საათებში იხდიან 

კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით უქმდება კანონის ის პუნქტი, რომლის მიხედვითაც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.

კანონპროექტის მიღების შედეგად ცილისწამების თაობაზე დავების განხილვისას სასამართლოში მტკიცების ტვირთის გადატანა მოხდება მოპასუხეზე. მოსარჩელე, რომელმაც მიიღო შესაძლო მორალური, რეპუტაციული ზიანი, გათავისუფლდება მოპასუხის მიერ გავრცელებული ფაქტების მცდარობის მტკიცების ტვირთისაგან და ამასთანავე, მოპასუხეს დააკისრებს იმის მტკიცების ტვირთს, რომ მისი განცხადება არ შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ.

კანონპროექტის თანახმად, დაზუსტდება ცილისწამების განმარტებაც, როგორც არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირის სახელის გამტეხი განცხადება.

„ბოლო ცვლილებით შეცვლილი და დაზუსტებულია ცილისწამების ნაწილი, შეცვლილია ასევე მტკიცების სტანდარტი. აქამდე თუ მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელეს, ვინც თვლიდა, რომ ზიანი მიადგა, ახლა შებრუნებულია და პირიქით, მოპასუხეს ეკისრება მტკიცების ტვირთი.

მარტივად რომ ვთქვათ, თუ ადამიანს აქვს ყოფითი პრობლემა, მაგალითად სჭირდება გზა და გამოხატავს თავის პოზიციას ცოტა მწყრალად, შესაძლოა ამ ფორმულირებით ის სხვა შედეგამდე მივიდეს. ის კი არა, რომ სახელმწიფომ თავისი ვალდებულება უნდა შეასრულოს და უზრუნველყოს მოქალაქისთვის ღირსეული საცხოვრებელი გარემო, პირიქით, იქითკენ იქნება მიმართული, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს, შემცირდეს და სრულიად აღმოიფხვრას უკმაყოფილო ადამიანების მხრიდან პროტესტის გამოხატვის რაიმე ფორმა“ – ამბობს იურისტი ირმა აბაშიძე.

გოჩა მჟავანაძე ამას „მტკიცების ტვირთის შემობრუნებას“ უწოდებს. მისი განმარტებით, „ოცნებას“ იქით მიჰყავს საკანონმდებლო ცვლილებები, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მაგალითად, ვერ გამოაქვეყნონ ინფორმაცია, კვლევები თანამდებობის იმ პირების შესახებ, რომლებიც კავშირში იქნებიან კორუფციასთან, ნეპოტიზმთან, უკანონო მშენებლობასთან თუ კანონის მიღმა არსებულ საქმიანობასთან.

„აქამდე ვამხელდით საჯარო პირს, რომ ის არის სავარაუდოდ, კორუფციულ გარიგებაში, მაშინ როცა დარწმუნებულიც კი ვიყავით, რომ კორუფციულ გარიგებას ჰქონდა ადგილი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ ვართ კომპეტენტური ორგანო, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს, ასეთი ორგანო არის სასამართლო და სანამ სასამართლო არ გადაწყვეტს, მანამდე ადამიანზე არ შეგიძლია თქვა, რომ მან კორუფციული გარიგება ჩაიდინა, ამიტომ ვიყენებდით აპრობირებულ მიდგომას, რომ „სავარაუდოდ ჩაიდინა“ და მოვუწოდებდით შესაბამის სამსახურებს გამოეძიებინათ, მოეკვლიათ ეს საკითხი.

ეს ცვლილები, რაც არის ინიციირებული და მალე შევა ძალაში, აჩენს შესაძლებლობას, რომ ჩვენ თუ ვამხელთ თანამდებობის პირს შესაძლო კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობაზე, ეს პირი წავა სასამართლოში, იჩივლებს რეპუტაციული ზიანისა და სახელის გატეხის საფუძვლებით და ჩვენ მოგვიწევს სასამართლოში მტკიცება, დოკუმენტების წარდგენა, თუ რატომ ვსაუბრობთ სავარაუდო კორუფციაზე ამ შემთხვევაში.

ანუ, მტკიცების ტვირთი გადმოდის ჩვენზე, რაც ალოგიკურია. გამოდის, რომ შეიზღუდება ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობა, ვინც მონიტორინგს უწევს საჯარო ფინანსების ხარჯვას, ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

ანუ უნდა განაწილდეს, ვინ იმუშავებს ინფორმაციის მოძიებაზე და საზოგადოებისთვის გაცნობაზე და ცალკე რესურსი დასჭირდება იმას – თუ ვინ წავა და სასამართლოზე დაიწყებს ამის მტკიცებას.

ამ უსამართლო სასამართლოს პირობებში კი ნებისმიერ საქმეზე იქნები დამნაშავე და ვერავის ვერაფერს დაუმტკიცებ, დოკუმენტები და მტკიცებულებებიც რომ გქონდეს წარდგენილი. დაგეკისრება მორალური ზიანის ანაზღაურება, რასაც მოჰყვება ყადაღა, ინკასო და ასე შემდეგ.

გამოდის, რომ საჯარო თანამდებობის პირებს მწვანე შუქს უნთებს რეჟიმი – „მიდით, აკეთეთ პარტიასთან შეთანხმებით ყველაფერი, იყავით ჩემი მორჩილი, შედით კორუფციულ გარიგებებში, მიიღეთ არალეგალური შემოსავლები, შევთანხმდეთ და მე დაგიცავთ, ვინმე თუ თქვენზე რამეს იტყვის“… შეიტანს სასამართლოში მარტივი ფორმით საჩივარს და მერე მოგიწევს იმის მტკიცება, რასაც ამ სასამართლოში ვერ დაამტკიცებ“.

  • სოფლად მცხოვრები ღარიბი მოქალაქის ცხოვრება უფრო გართულდება 

სპეციალისტები შიშობენ, რომ ზემოთ მითითებული ყველა ახალი გარემოების გათვალისწინებით, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი კიდევ უფრო გაუარესდება:

„ქვეყანაში, სადაც 700 ათასამდე სოციალურად დაუცველი გვყავს და ეს მონაცემები წლიდან წლამდე იზრდება, რეჟიმი გვეუბნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვსო, მაგრამ ამის პარალელურად დაუცველთა ბაზაში მონაცემები იზრდება, 70 ათასამდე ბავშვი შიმშილობს რეალურად ქვეყანაში, ამის პარალელურად საჯარო მოხელეს, თანამდებობის პირს შეუძლია შეიძინოს მილიონიანი ქონება, უცხოეთში შეიძინოს ბინა, იცხოვროს ჩვენს ხარჯზე და ამაზე ვერავინ ვერ გამოაქვეყნებს, იმის გამო, რომ ამის რესურსი ფიზიკურად აღარ იქნება“ ამბობს გოჩა მჟავანაძე.

იგი განმარტავს, რომ ვერც არასამთავრობო ორგანიზაციები შეისწავლიან კორუმპირებული საჯარო მოხელეების საქმიანობას და ვერ წარმოადგენენ მამხილებელ დოკუმენტებს:

„არასამთავრობო ორგანიზაციები ვერ იქნებიან ფიზიკურად და ამ ჩინოვნიკს ექნება საშუალება, რომ მისი შემოსავლები არალეგალურად კიდევ უფრო გაზარდოს, სოფლად, გაჭირვებაში მცხოვრები მოქალაქის ეკონომიკური პირობები და ფაქტორები კი უფრო მეტად დამძიმდება, ეს უფრო მეტ სიღარიბეს მოასწავებს მისთვის.

მას აღარც ექნება საშუალება, რომ ამის წინააღმდეგ ხმა ამოიღოს, გამოთქვას პროტესტი და იქნება იმაზე დამოკიდებული თუ რას მიაწვდის მას რეჟიმი“.

გიორგი ბადრიძე
  • „ახლა თითოეულმა მოქალაქემ უნდა გადაწყვიტოს, აპირებს თუ არა შეეგუოს დიქტატურას“

ანალიტიკოსი გიორგი ბადრიძე ამბობს, რომ ახლა, როცა „ოცნება“ ყველა კარს კეტავს, ყველაზე მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ, თითოეულმა მოქალაქემ გადაწყვიტოს, დიქტატურაში ცხოვრებას აპირებს თუ არა:

„ეს ჩვეულებრივი დიქტატურისკენ მიმავალი გზაა, უფრო სწორად უკვე იქ ვართ.

უბრალოდ საკუთარ თავს ადამიანმა ძალიან მარტივად უნდა კითხოს – თანახმაა ამ დიქტატურაში უდრტვინველად, წინააღმდეგობის გარეშე ცხოვრებაზე თუ არა.

ეტყობა საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ ეს მათ არ შეეხება, მაგრამ არ არსებობს არავინ, ვისაც ეს არ შეეხება, იქნება ეს თვითონ თუ ოჯახის წევრი… და რაც მთავარია, შეეხება მთელ ქვეყანას და მის ისტორიულ ბედს.

ასე რომ, საკუთარი საქმის კეთება, იმის ილუზიით, რომ ეს მის გარეშე შეიძლება შეიცვალოს, არის ძალიან მავნე თვითდამშვიდება და თავის მოტყუება. ამის გააზრება არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი“ – მიიჩნევს ანალიტიკოსი.

ბათუმის ცენტრში სასტუმროსთან კაცი დაჭრეს – ქუჩა გადაკეტილია

დღეს, 25 ივნისს, საღამოს, ბათუმში, ჟორდანიას ქუჩაზე გასროლის ხმა იყო. პირველადი ინფორმაციით, აქ კაცი დაჭრეს.

თვითმხილველების თქმით, კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაჭრეს.

დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს.

სასტუმრო „ლონდონთან“, სადაც აღნიშნული შემთხვევა მოხდა, ქუჩა გადაკეტილია.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში ამ ეტაპზე მომხდარის შესახებ ვერაფერი გვითხრეს. ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

განახლება: შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 19-108-ე [მკვლელობის მცდელობა] და 236-ე [ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება, შენახვალ და გამოყენება] მუხლებით. ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა.

შემთხვევის ადგილი. ფოტო: „ბათუმელები“
  • ნახეთ „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვა შემთხვევის ადგილიდან:

გაემგზავრეთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ჯაზ მატარებლით

11-13 ივლისს, ბათუმი რიგით მე-18 ჯაზ ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება. შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის დღეების საუკეთესო დასაწყისის შესაქმნელად, 11 ივლისს, თიბისი კონცეპტი და VISA, გთავაზობთ ჯაზ მატარებლის კიდევ ერთ თავგადასავალს, რომელიც თბილისიდან ბათუმში გამოგზაურებთ.

კომფორტული მგზავრობისა და გზად ბევრი საინტერესო აღმოჩენის მხარდამჭერი ტრადიციულად საქართველოს რკინიგზაა.

ჯაზ მატარებელი თბილისიდან 11 ივლისს, 10:50 საათზე დაიძვრება. მგზავრების განწყობაზე მატარებელში, მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნებენ: კატო კვარაცხელია, ლუკა თოფურია, ნიკალა ზუბიაშვილი. მგზავრობისას გათვალისწინებულია: ლანჩბოქსი და ტკბილეულობა, გამაგრილებელი სასმელი, სახალისო აქტივობები და საჩუქრები.

ჯაზ მატარებლით მოგზაურობა უფასოა!

მგზავრობისას გათვალისწინებულია:

ჯაზ მატარებელზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: TKT.GE/JazzTrain.

რეგისტრაციისთვის აუცილებელია ვალიდაციის გავლა თიბისი კონცეპტის VISA სადებეტო ბარათით, პირადი ნომრითა და ფესტივალის ბილეთის უნიკალური კოდის მითითებით.

ადგილზე აუცილებელია წარადგინოთ თქვენი პირადობის მოწმობა და ჯაზ-ფესტივალის ბილეთი.

6 წლამდე ბავშვებისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია მშობლის ჯაზ-ფესტივალის ბილეთის უნიკალური კოდის მითითებით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

თუ ჯერ არ შეგიძენიათ ჯაზ ფესტივალის ბილეთი, გაიგე რას გთავაზობს 11-13 ივლისს შავი ზღვის რიგით მე-18 ჯაზ ფესტივალი. თიბისი კონცეპტის Visa-ს სადებეტო ბარათის მფლობელებს, შესაძლებლობა აქვთ, ბილეთები 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ.

ირანში 5 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით და ასობით დააკავეს ისრაელთან ჯაშუშობის ბრალდებით – მედია

ირანის ხელისუფლებამ ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ასობით ადამიანი დააკავა, ხუთი დაკავებული უკვე სიკვდილით დასაჯეს – წერს „ბიბისი“ ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით.

მედიის ცნობით, ხუთი ადამიანი ჩამოახრჩვეს, მათგან სამი – დღეს, 25 ივნისს.  ირანის ხელისუფლება მათ „მოსადის აგენტებს“ უწოდებს.

„ბიბისი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ  ყველა მათგანი „სიონისტური რეჟიმის სასარგებლოდ თანამშრომლობაში“ გაასამართლეს, კერძოდ, აღჭურვილობის კონტრაბანდისთვის, რომელიც მოგვიანებით ანონიმური მაღალი თანამდებობის პირების მკვლელობისთვის გამოიყენეს.

„ბიბისი“ მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების, მათ შორის „ამნესტი ინტერნეშენალის“ მონაცემებით, ირანი მსოფლიოში მეორე ადგილზეა ყოველწლიურად სიკვდილით დასჯის რაოდენობით ჩინეთის შემდეგ.

კიდევ ერთი გავლენიანი მედიის, „ფაინანშალ თაიმსის“ წყაროების ცნობით, დაკავებულები ძირითადად ირანელი და ავღანელი მოქალაქეები არიან, მათ შორის ბევრია უმუშევარი და, ასევე, სატვირთო მანქანის მძღოლი.

________________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ABEDIN TAHERKENAREH

“არ მისცეთ ნება სისტემას, დაგადოთ უხილავი ბორკილები” – მათე დევიძის წერილი ციხიდან

მათე დევიძის და, ელენე დევიძე მათეს მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილს ავრცელებს. როგორც ელენე დევიძე წერს, წერილი 12 ივნისსაა დაწერილი, იმ დღეს, როდესაც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მათეს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ მათე დევიძის წერილს.

„თანამებრძოლებო, დღეს 12 ივნისია. განაჩენის დღე. ფანატიკოსების მოსამართლემ 4 წელი და 6 თვე მომისაჯა. მიზეზი, სამშობლოს და თავისუფლების სიყვარული. ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ჩვენი წინაპრები გადიოდნენ. ისინი ჩვენი თავისუფლებისთვის მეგობრებს, ოჯახის წევრებს, სიყვარულს, ერთადერთ სიცოცხლეს წირავდნენ. ეს მათ გამოუვიდათ. რთულად, მაგრამ მაინც გამოუვიდათ. მათ ფონზე ეს არაფერია. ვიცი რომ ეს განაჩენი არ შესრულდება, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა. ეს ჩემი სიამაყის წლები იქნება. ჩვენი ვალია შევინარჩუნოთ ეს სისხლით მოპოვებული თავისუფლება.

სიმართლე გითხრათ ვერ დამიჯერებია, რომ ამას მე ვწერ. ასე მგონია დიდ ზღაპარს ვკითხულობ. ოღონდ ჯერჯერობით ყველაფერი ბოროტების ხელშია. ყოფილა მომენტები, რომელიც დასასრულს წააგავდა. მაგრამ ზღაპარი რა ზღაპარია თუ ბოროტმა გაიმარჯვა.

თუ ცუდად მთავრდება, ესე იგი ჯერ დასასრული არაა. ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. ეს მოხდა დღეს. ზღაპარი გაგრძელდა. წიგნს ფურცლები შეემატა და ახალი, ლამაზი სიტყვები დაიწერა. ლამაზი სიტყვების ავტორები თქვენ ხართ.

ეს დღე არასდროს დამავიწყდება. მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე მემახსოვრება. ჩემთვის სრულიად უცნობი უამრავი ადამიანი ჩემს სახელს იძახდა. ჩემთვის სრულიად უცნობი უამრავი ადამიანი ჩემს გამო ტიროდა. ღმერთო ეს ცრემლები… არ შემიძლია ეს არ ვიგრძნო. თქვენ ხართ იმედი. ერთადერთი გადარჩენის გზა. თავისუფალი საზოგადოება.

მინდა ყველასთან მოვიდე და პირადად გადაგიხადოთ მადლობა ჩემი ოჯახის განხნევებისთვის და ძალის მიცემისთვის. მადლობა იმ პატარა, ლამაზი სამყაროს აღდგენისთვის, რომლის შენარჩუნების ბრძოლას ჩემი ფიზიკური თავისუფლება შეეწირა.

რწმენა, რომელიც ჩვენს გულებში ასე საგულდაგულოდაა დაბუდებული, აუცილებლად გაიმარჯვებს.

ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან. ცრემლები მხოლოდ გამარჯვების შემდეგ. ისიც ბედნიერების. მე არ მოვმკვდარვარ და ამ ბრძოლაში არავინ მოკვდება.

„რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს

სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ“.

არასდროს არ მისცეთ ნება სისტემას დაგადოთ უხილავი ბორკილები, რომელიც მისმა ყურმოჭრილმა მონებმა უკვე შეისისხლხორცა.

რაც შეეხება მათ, ვინც ჯერ კიდევ ჩუმადაა. არცერთ ჩვენგანს არ გვეგონა რომ გისოსებში გამოგვამწყვევდნენ. აიმაღლეთ ხმა, თორემ სისხლიანი ხელები თქვენს კარზეც დააკაკუნებს.

არ დათმოთ… იბრძოლეთ თქვენი თავისუფლებისთვის…

იბრძოლეთ, სანამ გვიან არაა…

თავისუფლება თქვენ, ჩვენ და სრულიად საქართველოს.

და ლამის დამავიწყდა… კიდევ ერთი თხოვნა მაქვს. მე უბრალო ბიჭი ვარ, რომელსაც თქვენსავით უყვარს სამშობლო და თავისუფლება. ნუ დამიძახებთ გმირს. მე არ ვარ გმირი… (მაგრამ ვარ თავისუფალი. თქვენსავით)”

სრული სვლით თავისუფლებისკენ!“ – წერს მათე დევიძე.

ჟურნალისტები მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით „რუსთავი 2“-თან აქციას გამართავენ

„ჟურნალისტების მოძრაობა მზიას თავისუფლებისთვის“ დღეს, 25 ივნისს, 22:00 საათზე, აქციას გამართავს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან [თბილისი, ანჯაფარიძის ქუჩა 5ა].

ჟურნალისტები ითხოვენ მზია, ამაღლობელის ადვოკატს შესაძლებლობა მიეცეს, გადაცემა „ღამის კურიერში“ უპასუხოს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას, რომლითაც მან მზია ამაღლობელის მიმართ განზრახ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა და მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია.

ამ მოთხოვნით მზია ამაღლობელის კოლეგებმა „რუსთავი 2“-ს წერილობით ჯერ კიდევ 6 მაისს მიმართეს, მაგრამ პროფესიული და საკანონმდებლო ვალდებულებების მიუხედავად, არხის მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.

ონლაინგამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა მზია ამაღლობელმა, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ხუთ თვეზე მეტია უკანონოდ ჰყავს დაპატიმრებული, ცილისწამებისთვის სასამართლოშიც უჩივლა ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს და სოზარ სუბარს. მზია ამაღლობელი მის მიმართ გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადებების საჯაროდ უარყოფას ითხოვს.

მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო. მას ბრალდება სისხლის სამართლის წესით წარუდგინეს და პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სილის გაწვნის შედეგად ირაკლი დგებუაძეს არანაირი დაზიანება არ მიუღია, თუმცა ის აცხადებს, რომ „ლოყა ეტკინა“.

დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის შენობაში ხელბორკილდადებულ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, დაკავებულს რამდენიმე საათის განმავლობაში არ აძლევდნენ სასმელს წყალს და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას, სამ საათზე მეტ ხანს მასთან არ უშვებდნენ ადვოკატებს.

მზია ამაღლობელის ჩვენების თანახმად, დგებუაძე მის ცემასაც ცდილობდა და ის თანამშრომლებმა შეაკავეს.

პროკურატურამ არ გამოიძია მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი დანაშაულები.

მზია ამაღლობელი დაპატიმრების შემდეგ 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. უკანონო პატიმრობის პერიოდში მას მხედველობა საგანგაშოდ დაუქვეითდა – მარჯვენა თვალში 10 %-მდე შემცირდა, ხოლო მარცხენა თვალში 0,04 %-ია.

_____________

ფოტოზე: ბათუმის საქალაქო სასამართლო, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის დაწყებამდე. ფოტო: „ბათუმელები“

„მზიაზე, ფაქტობრივად უსინათლო ადამიანზე ამბობენ, რომ შეიძლება პოლიციას თავს დაესხას” – ეთერ თურაძე

„მზიას დაკავების შემდეგ, როდესაც ვსაუბრობდი, რომ მას ჰქონდა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა, მაშინ ვგულისხმობდი ზუსტად მხედველობას. მზიას აქვს ძალიან მძიმე დიაგნოზი – კერაკოტონუსი, არის ასეთი დაავადება. აქვს ქირურგიული ჩარევები თვალზე და ა.შ.

სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა. ახლა მზიას ცალ თვალში პრაქტიკულად მხედველობა არ აქვს და მეორე თვალში მისი მხედველობა ჩამოვიდა 10%-მდე,“ – თქვა „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა ეთერ თურაძემ დღეს, 25 ივნისს, „ფორმულას“ დილის გადაცემაში, პირდაპირი ჩართვისას.

23 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამართულ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელმა ერთ თვალში მხედველობა თითქმის სრულად დაკარგა, მეორე თვალში კი მას მხედველობა 10%-მდე დაუქვეითდა.

შესაბამისი კვლევები მზია ამაღლობელს საპატიმროში მოხვედრის შემდეგ, 4 და 6 თებერვალს აქვს ჩატარებული კლინიკა „ვივამედში“.

23 ივნისს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ასევე იმსჯელა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზეც.

პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა თქვა, რომ ისევ არსებობს „მზია ამაღლობელის მხრიდან განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკი“, ხოლო მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პროკურატურის პოზიცია სრულად გაიზიარა და მზია ამაღლობელი ისევ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

„ეს არ არის თეორია, ეს არის „ვივამედში“ ჩატარებული კვლევების მონაცემები. როდესაც მზიას ამ მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაჟღერდა, მოსამართლე ნინო სახელაშვილს რეაქცია არ ჰქონია. არადა, ახალგაზრდა ქალია.

მინდა იცოდეს ნინო სახელაშვილმა და მისმა ოჯახმა, მისმა გარემოცვამ, ვინც ჰყავს, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა რა დღეშიც არის, ეს არის მისი პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობას ვერასოდეს ვერ აირიდებს.

მზია ამაღლობელის მდგომარეობა რეგრესირებს, საჭიროა მყისიერი ჩარევა, საჭიროა მკურნალობა.

ასევე მინდა პასუხისმგებლობა იგრძნოს თორნიკე გოგეშვილმა და მისმა ოჯახმა. გოგეშვილი არის მზია ამაღლობელის საქმის პროკურორი, რომელიც ცინიკურად იქცევა ყოველ პროცესზე.

მისი ყოველი ქცევა, მე მზიასთან კომუნიკაცია არ მაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მატრავმირებელია მზიასთვის.

თორნიკე გოგეშვილმაც და მისმა ოჯახმაც იცოდეს, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ ის შეიძლება გახდეს უსინათლო, ამ კაცის მხრებზეც არის. იცოდეს ეს ორთავემ – ნინო სახელაშვილმა და თორნიკე გოგეშვილმა.

ვიცი, რომ მზიას სისტემა ებრძვის, თორნიკე გოგეშვილს, ისევე როგორც ნინო სახელაშვილს, არავინ კითხავს, უნდა გამოყენებულიყო თუ არა არასაპატიმრო ღონისძიება. თუმცა მაინც, ნინო სახელაშვილს შეეძლო მზია ამაღლობელის აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა, მაგრამ მან გულცივად, როგორც კედელმა, ისე მიიღო გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვების შესახებ.

ფაქტობრივად, უსინათლო ადამიანზე ამბობენ, რომ არის საფრთხე და შეიძლება დაესხას თავს პოლიციას,“ – თქვა ეთერ თურაძემ.

მისი თქმით, სასამართლო კლანი არსებობს იმისათვის, რომ იყოს სასტიკი და დაუნდობელი.

„მზია ამაღლობელის სილა, ყველამ ვიცით ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, შეუძლებელია იყოს სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი.

თბილისის აქციებზე რამდენიმე დღის წინ ადამიანმა განზრახ დააჯახა ხალხს მანქანა და მის მიმართ წაყენებული მუხლი ითვალისწინებს ორ წლამდე პატიმრობას, ან ჯარიმას. განზრახ დაეჯახა და ადამიანს ნეკნები ჩაუმტვრია.

მზიას შემთხვევაში, როდესაც მან პოლიციელს სილა გააწნა, არ გვაქვს არავითარი დაზიანება და მას ემუქრება 7 წლამდე პატიმრობა.

ეს იმიტომ, რომ რეჟიმის მიმართ თუ იქნები ლოიალური, შეიძლება დაიმსახურო მისგან „ჰუმანურობა“, იმ ეტაპზე, როდესაც რეჟიმისთვის სხვა „საფრთხეები“ არსებობს, სხვა ჯგუფები ჰყავს გასანადგურებელი – მედია, სამოქალაქო საზოგადოება და ა.შ.

პოსტის კი არა უკვე კომენტარის გამო დააჯარიმეს ქალი. ეს არის რეჟიმის ბუნება, რეჟიმს არ შეუძლია სხვანაირად. რეჟიმი არის სასტიკი და იმიტომაა რეჟიმი“, – ამბობს ეთერ თურაძე.

„ერთ თვალში მხედველობა აქვს 10 %, მეორეში – 0,04-ია“ – მზია ამაღლობელის ადვოკატი

„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი პოლონეთში წარადგინა

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გუნდმა სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა.

ქ. ვარშავაში ადგილობრივი პარტნიორების – Exclusive Poland-ის  ორგანიზებით, BNI-სა და BYD Polska-ს  მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებაზე “ამბასადორი აილენდ ბათუმის” დელეგაციამ, ინოვაციური პროექტი საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით დაინტერესებულ აუდიტორიას წარუდგინა. ღონისძიების ფარგლებში მაღალი რანგის შეხვედრები გაიმართა, რომელსაც პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ქალბატონი დიანა ჟღენტი და საელჩოს პირველი მდივანი ბატონი ზურაბ ხუციანიძე ესწრებოდნენ.

BNI (Business Network International საერთაშორისო ბიზნეს ქსელი), როგორც პოლონეთში, ასევე მთელ მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ქსელურ ბიზნეს ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც 1984 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა, ხოლო პოლონეთში 2006 წლიდან ოპერირებს. ამგვარი თანამშრომლობა, ქართულ და პოლონურ კომპანიებს შორის, ორივე ქვეყნისთვის მტკიცე, გრძელვადიან ურთიერთობების ხელშეწყობისკენ გადადგმულ, კიდევ ერთ, მტკიცე ნაბიჯს წარმოადგენს.

„ჩვენი გუნდი, მოწოდებულია, რომ სათანადოდ მოვახდინოთ ქვეყნის საინვესტიციო და ტურისტული შესაძლებლობების საერთაშორისო აუდიტორიისთვის წარდგენა. აღსანიშნავია, რომ პოლონეთში გამართული ღონისძიება, ევროპულ ბაზარზე, ჩვენი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის საწყის ეტაპს წარმოადგენს, რომელიც უახლოეს მომავალში არაერთ სტრატეგიულ ლოკაციაზე გაგრძელდება,“- აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა კამკიამ.

კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს. „ამბასადორი აილენდ ბათუმი,“ რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის 84 ჰექტარზე, ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად, მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება. პროექტს, როგორც ტურისტული, ასევე რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანიშნულება გააჩნია, რაც ბათუმსა და ზოგადად საქართველოს, მსოფლიოს ახალ საინვესტიციო რუკაზე მოახვედრებს.

მოსამართლე: ამ კანონპროექტით მივიღებთ მოსამართლეებისთვის დაწესებულ უამრავ შეზღუდვას

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი ფეისბუქზე ეხმიანება „ოცნების“ მიერ ინიციირებულ ცვლილებებს კანონში საერთო სასამართლოების შესახებ და აღნიშნავს, რომ ამ ცვლილებებით დაწესდება შეზღუდვები თავისუფალი მოსამართლეებისთვის.

„გავეცანი საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს.

კანონპროექტთან დაკავშირებით გეტყვით ჩემი, როგორც ერთი ჩვეულებრივი მოსამართლის აზრს, რომლისთვისაც მოსამართლეობა არ არის პანაცეა, არამედ თავისუფალი მოსამართლეობაა იდეა, რომლისთვისაც ამ პოზიციაზე ყოფნა ღირს.

საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების ნაწილი არ არის მოსამართლის თავისუფლების იდეასთან თავსებადი.

თუ აღნიშნული ცვლილებების „ლეგიტიმური“ მიზანი ის არის, რომ მოსამართლეების მხრიდან ლექცია- სემინარებში მონაწილეობამ, კონფერენციებზე აზრის გამოთქმამ, სამეცნიერო საქმემ და ა. შ. არ გააჩინოს სასამართლოს გაჯანსაღების, მეტი დემოკრატიული პროცესის წარმართვისა და ინდივიდუალური მოსამართლის კიდევ უფრო გაძლიერების საჭიროების განცდა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ სასამართლოში მიმდინარე ჯანსაღი თუ არაჯანსაღი პროცესის ინდიკატორი ჩვენი, მოსამართლეების გადაწყვეტილებებია.

ჩვენი გადაწყვეტილებებით ჩვენ თავად ვწყვეტთ სხვასთან ერთად ჩვენივე ბედს და ვაჩვენებთ, თითოეული მოსამართლის მხრიდან თავისუფალი სუნთქვის მასშტაბს. და ეს უფრო ხმამაღლა მეტყველებს ყველა მოვლენაზე, ვიდრე კონფერენციასა, თუ სემინარებში გამოთქმული რაიმე მოსაზრება.

ამიტომ, ამ ცვლილებებით ვერ მიიღწევა ის მიზანი, რაც შეიძლება ამ კანონპროექტს ჰქონდეს. სამაგიეროდ, მივიღებთ უამრავ შეზღუდვას, დაწესებულს თავისუფალი მოსამართლეებისთვის, ჩემი უამრავი საუკეთესო კოლეგისთვის.

ერთი რამ, რაც შეიძლება დაბეჯითებით გითხრათ, საკუთარი საქმის განსახილველად ყველა ისეთ მოსამართლეს ისურვებს, რომელიც თავისუფალი და მამაცია. თუ დღეს ვინმე ფიქრობს, რომ არ სჭირდება და მას კანონში ხანგრძლივი მივლინების ჩანაწერით დააშინებს, ხვალ მასაც აუცილებლად დასჭირდება ასეთი მოსამართლე.

ამიტომ, ნუ შეიტანთ კანონში ისეთ ცვლილებებს, რომელიც ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობისათვის ესოდენ საფრთხის შემცველია. არ გამოადგება ეს ხალხს, ქვეყანას და არც თქვენ, ამ კანონპროექტის ინიციატორებს გრძელვადიან პერსპექტივაში“ – წერს ქეთევან მესხიშვილი.

  • რა ხდება?

„ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით ცვლის „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონს.

კერძოდ, „ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით ცვლის მოსამართლეთა დანიშვნის წესს და ზრდის მათ ხელფასებს, ცვლის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესს, ზღუდავს სასამართლო სხდომების გაშუქებას, აფართოებს დაინტერესებული პირის ცნებას და სხვა.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის ავტორებიც არიან „ქართული ოცნების“ წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა 27 ივნისამდე, ანუ 2-3 დღეში უნდა მიიღოს.

ამავე თემაზე: 

რას ცვლის „ოცნება“ დაჩქარებული წესით სასამართლოების შესახებ კანონში

„აუცილებელია დაზღვევა გქონდეს“ – მეწარმე, რომელსაც თოვლმა საქონელი გაუნადგურა

„ღამით მოხდა და არა დღისით, თორემ აქ სულ ხალხი მოძრაობს და საბედნიეროდ, არავინ დაზარალებულა“ – ამბობს ქუთაისელი კახაბერ თავაძე, რომლის ავეჯის საწყობის სახურავიც 2025 წლის თებერვალში, საქართველოში მოსულმა უხვმა თოვლმა ჩამოანგრია.

ზარალი დიდი იყო. სტიქიამ სრულად გაანადგურა დასაწყობებული ავეჯი.

კომპანიებმა, რომელთა ქონება „ჯიპიაი ჰოლდინგში“ იყო დაზღვეული, ზარალის კომპენსაცია უკვე მიიღეს. მათ შორის აღმოჩნდა კახაბერ თავაძის ბიზნესიც.


კახაბერ თავაძე

„ეს არის საოჯახო ბიზნესი. თურქეთიდან შემოგვაქვს მეორადი და ახალი ავეჯი, ვუკეთებთ რესტავრაციას, ვყიდით ადგილზე და ვაწოდებთ პატარ-პატარა მაღაზიებსაც“ – ამბობს კახაბერი.

კახაბერ თავაძე 46 წლისაა და უკვე 13 წელია ამ საქმიანობას ეწევა.

13 წლის წინ ჯარისკაცი იყო, შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და წამოვიდა სამსახურიდან. ის მრავალშვილიანი მამაა და საჭირო იყო დროულად ემოქმედა. მალე იპოვა შემოსავლის ალტერნატიული წყარო, რომელიც წლების განმავლობაში საოჯახო საქმედ გადაიქცა და ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარდა.

„26 თებერვალს, დილის 6 საათზე ჩაირთო განგაში, დაცვამ გამაღვიძა და მოვედით. ავეჯი, ჭერი და თოვლი იყო ერთმანეთში არეული, მთლიანად ეფარა სახურავი და თოვლი ზემოდან. საშინელი სანახავი იყო. ეს ზარალი იყო ჩემთვის დაახლოებით 10 წლის ნაშრომი, ყველაფერი აქ მქონდა, მთელი ჩემი საქმიანობა, ხელსაწყოები, ყველაფერი განადგურდა ბოლომდე.

დავთვალეთ სადაზღვევოს ექსპერტებთან ერთად, შევაფასეთ და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ეს ზარალი იყო 50 ათასი ლარი. ორი კვირის ვადაში ამინაზღაურეს ეს 50 ათასი და ჩამირიცხეს. დაზღვევის დაფინანსებული თანხით ჩამოვიტანე ისევ საქონელი და გავაგრძელე საქმიანობა“ – გვიყვება კახაბერ თავაძე.

დაზღვევის როლზე საუბრის დროს ის ერთმნიშვნელოვნად ურჩევს ყველას, რომ ისარგებლონ სადაზღვევო კომპანიების მომსახურებით და ამის დასტურად სწორედ საკუთარი მაგალითი მოჰყავს:

„ჯერ ერთი რაღაც დავაზღვიეთ, შემდეგ – მეორე, მესამე და ასე ვვითარდებით, წინ მივდივართ… აუცილებელია დაზღვეული იყო“.


გიორგის საწყობი „ჯიპიაის“ დახმარების აღდგა

სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაიში“ ამბობენ, რომ წელს ზარალის მასშტაბები როგორც კახაბერ თავაძის შემთხვევაში, ისე ზოგადად, დასავლეთ საქართველოში, ძალიან დიდი იყო, განურჩევლად იმისა მსხვილი ბიზნესი იყო, საშუალო თუ მცირე და რომ არა დაზღვევა, კომპანიების ნაწილი საქმიანობის გაგრძელებასაც კი ვერ შეძლებდა.

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ქონების დაზღვევის ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერია და ამ მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

კომპანია დაზღვევის მსურველებს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებს სთავაზობს, რომელიც ევროპელ პარტნიორებთან ერთად შეიმუშავა. დაზღვევის პოლისი სრულად ითვალისწინებს ქართული კომპანიების ბიზნეს-საჭიროებებს და ყველა იმ ფინანსურ რისკს ფარავს, რომელიც ბიზნესს შეიძლება საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე დაუდგეს.

დიმიტრი ძირტკბილაშვილი, „ჯიპიაი ჰოლდინგის საოპერაციო დირექტორი:

6 მილიონი ლარი ავნაზღაურეთ ქართულ ბიზნესს და ამით ძალიან ვამაყობთ. ნამდვილად ისტორიული და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია ქართული სადაზღვევო სექტორისთვის ნდობის ამაღლების კუთხით.

ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ და აშკარად დაგვანახა, რომ ქონების დაზღვევა არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი ყველა ბიზნესის გამართულად ფუნქციონირებისთვის. რისკებისგან დაცვა სჭირდება როგორც მსხვილ, ისე მცირე და საშუალო ბიზნესსაც.

ჩვენი დაზღვეულები, მიუხედავად უდიდესი ზარალისა, შეუფერხებლად განაგრძობენ ფუნქციონირებას, რადგან ფინანსურ ხარჯებზე დაზღვევამ იზრუნა. მათ არ უწევთ თანხის მოძიება დანგრეულის და განადგურებულის აღსადგენად, მილიონობით ლარის ანაზღაურება მიიღეს პოლისისთვის, რომელშიც თვეში არც ისე დიდ თანხას იხდიან.

გვინდა ეს ამბავი მაგალითი გახდეს ყველა სხვა ბიზნესისთვის, რადგან, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ქონების და ბიზნესის დაზღვევა არც ისე პოპულარული პროდუქტია.

ბიზნესი რისკების გარეშე არ არსებობს, დაზღვევა კი ფინანსური რისკებისგან დაცვის ყველაზე მყარი და უტყუარი გარანტიაა. რაც არ უნდა მოხდეს, იცი, რომ მიყენებულ ზარალს აგინაზღაურებენ და შენ მშვიდად შეგიძლია განაგრძო საქმიანობა“.

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობისგან დაზარალებულ ბიზნესებს წელს ჯამში 6 მილიონი ლარის ზარალი აუნაზღაურა. „ჯიპიაისგან“ ანაზღაურება 79-მა ბიზნეს კომპანიამ მიიღო.

ბიზნესის ქონებრივი რისკების დაზღვევა მოიცავს როგორც უძრავ და მოძრავ ქონებას, მარაგების ჩათვლით, ისე – მანქანა-დანადგარების, პასუხისმგებლობისა და საქმიანობის შეფერხების (მიუღებელი მოგება) დაზღვევასაც.

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ პროდუქტი ხელმისაწვდომია და ფასი ინდივიდუალურად, ბიზნესის საჭიროებებიდან და ზომიდან გამომდინარე ითვლება.

„ჯიპიაის ჰოლდინგის“ ქონების დაზღვევით საქართველოში 5000-ზე მეტი კომპანია სარგებლობს.

დაგეგმილი ცვლილებები გააუარესებს მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ხარისხს – სახალხო დამცველი

„პარლამენტში ინიციირებული ცვლილებებით ამოღებული იქნება ის მნიშვნელოვანი გარანტიები, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოში საქმეთა განხილვის საქვეყნოობას, რაც საგრძნობლად გააუარესებს ქვეყანაში მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ხარისხს, ასევე მედიის ხელმისაწვდომობას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესზე“ – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში, რომელიც დღეს, 25 ივნისს გამოქვეყნდა.

საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე კვირას დაჩქარებული წესით დაიწყო „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონსა და მის თანმდევ კანონპროექტებში ცვლილებათა პაკეტის განხილვა.

წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა სასამართლო სხდომების გაშუქება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების და მოსამართლეთა მივლინების წესები, სასამართლო აქტების საჯარო ინფორმაციის სახით ხელმისაწვდომისა და სასამართლო ხელისუფლების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა არაერთი ფუნდამენტური საკითხი.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მითითებული საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით  განხილვა არ იძლევა, მასში სრულფასოვანი ჩართვის და მონაწილეობის შესაძლებლობას, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს საკანონმდებლო პროცესს.

„სამწუხაროდ, პარლამენტში ინიცირებული ცვლილებებით ამოღებული იქნება ის მნიშვნელოვანი გარანტიები, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოში საქმეთა განხილვის საქვეყნოობას, რაც საგრძნობლად გააუარესებს ქვეყანაში მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ხარისხს, ასევე მედიის ხელმისაწვდომობას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესზე. კანონპროექტის მიხედვით, დღეს დამკვიდრებული საქვეყნოობის პრინციპი არსებითად იცვლება და ღიაობის ნაცვლად, ძირითად წესად აკრძალვა მკვიდრდება.

ინიცირებული კანონპროექტი საქართველოში 2007 წლიდან 2013 წლამდე მოქმედ რეგულაციას აბრუნებს, რომლის თანახმადაც სასამართლოში, ასევე სასამართლო სხდომის დარბაზში საქმის განხილვისას ფოტო, კინო, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იყო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებდნენ სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირები.

ყურადსაღებია, რომ ასეთი პრაქტიკა, მკაცრად გააკრიტიკა სახალხო დამცველმა 2007 წლის  საპარლამენტო ანგარიშში.

სახალხო დამცველის შეფასებით, სასამართლოში გადაღების საკითხზე 2013 წლამდელი რეგულაციის შემოღება სერიოზულად გააუარესებს ქვეყანაში როგორც მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ხარისხს, ასევე მედიის მუშაობას სასამართლო დარბაზებში.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს, არ განიხილოს აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით და ამ ცვლილებების განხილვა მოხდეს საქართველოს რეგლამენტით დადგენილი ზოგადი წესით“-ნათქვამია განცხადებაში.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 ივნისის 21 საათიდან 26 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 17 – 21 გრადუსი სითბო
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა – 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 27-28 ივნისს აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

დნიპროში 18-მდე გაიზარდა რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა

უკრაინაში, ქალაქ დნიპროში 18-მდე გაიზარდა რუსეთის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი.

„დღეს გლოვობს დნიპრო, რომელმაც მტრის თავდასხმის შედეგად 18 მცხოვრები დაკარგა. ასევე სამარა, სადაც აგრესორმა 2 ადამიანი მოკლა“ – წერს დღეს, 25 ივნისს, ტელეგრამზე დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი.

მისი თქმით, რუსეთის გუშინდელი, 24 ივნისის დარტყმის შედეგად, დნეპროპეტროვსკის ოლქში 300-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის მინიმუმ 27 ბავშვია.

დნიპროში, რომელიც უკრაინის სიდიდით მეოთხე ქალაქია, 25 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა 24 ივნისს ქალაქზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად.

______________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 25 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 25 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 014 650 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +950]
  • ტანკი – 10 967 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 22 885 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 29 569 ერთეული [+58]
  • MLRS – 1 425 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 188 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 416 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 337 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 42 046 ერთეული [+131]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 388 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 53 084 ერთეული [+123]
  • სპეცტექნიკა – 3 920 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 24 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 663 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 65 137 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 611 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 029 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 572 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 26 545 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 37 225 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

დნიპროში 18-მდე გაიზარდა რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ერთი შანსი გვაქვს იმისთვის, რომ წუმპიდან ამოვიდეთ“ – არმაზ ახვლედიანი

„დღეს უკვე ვართ იმ ვითარებაში, როცა სამოქმედო არეალი იმდენად შევიწროებული აქვს როგორც ოპოზიციას, ისე საზოგადოების აქტიურ ნაწილს, რომ ფაქტობრივად, ამ წუმპიდან ამოსვლისთვის შეიძლება გვქონდეს ერთი შანსი დარჩენილი, მაგრამ ამ შანსის რეალიზებისთვის დრო არის დარჩენილი ძალიან მცირე“, – ამბობს არმაზ ახვლედიანი, პოლიტიკოსი, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი.

7 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერი ციხეშია. შესაძლოა დააკავონ სხვებიც. როგორ უნდა იმოქმედოს ხალხმა, როცა ოპოზიციურ ველზე აქტორები, ფაქტობრივად, არ რჩება? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ესაუბრა არმაზ ახვლედიანს.

  • ბატონო არმაზ, პროტესტის განმავლობაში ჩვენ გვესმოდა ფრაზები – „მე არ დავდგები ამ პოლიტიკოსების გვერდით“, „მე არ მომწონს ის ლიდერი“ და ასე შემდეგ. ახლა, როცა პოლიტიკური ოპოზიცია, ფაქტობრივად, ციხეშია, რას გამოიწვევს ეს – იმ ხალხის გაერთიანებას, ვინც იწუნებდა არსებულ ოპოზიციას, თუ რა პროცესი შესაძლოა განვითარდეს, თქვენი დაკვირვებით?

უპირველეს ყოვლისა, მაინც უნდა ვთქვათ რამდენიმე სიტყვა, როგორ მოვედით ამ წერტილამდე. საქმე ისაა, რომ პოლიტიკური ველის მოსუფთავებამდე ივანიშვილმა დაიწყო არაერთი სხვა ველის მოსუფთავება. მან, როგორც ცნობილია, სრულად დაიმორჩილა, დაიქვემდებარა სასამართლო. მეორე მხრივ, შეძლო ქვეყანაში არსებული მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების სრულად დაქვემდებარებაც.

ამ მომენტისთვის ყველა და ყველაფერი ექვემდებარება ივანიშვილს. ის ხვდება, რომ ახლა, სწორედ ამ ეტაპზე, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, კორუფციით მიტაცებული ქონების, უამრავი თანხის შესანარჩუნებლად და გასამრავლებლად, მას სჭირდება ახალი ამოცანების გადაწყვეტა. მათ შორისაა პოლიტიკური ველის ამგვარად მოსუფთავება.

ამიტომ, არაფერი არ ხდება დღეს ისეთი საქართველოში, რასაც ვერ წარმოვიდგენდით ორი, ოთხი და თუ გნებავთ, ათი წლის წინ.

ივანიშვილმა ეს რუსული სპეცოპერაცია ჩაიფიქრა და დაგეგმა კარგა ხნის წინ.

ახლა ისმის კითხვა – ვინ სად ვიყავით მაშინ, ვინ როგორ ვეწინააღმდეგებოდით საქართველოს რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევის ამ ბინძურ გეგმას, საქართველოში ავტორიტარიზმის დამყარების გეგმას, ვინ სად მივქარეთ, ვინ რა გავაკეთეთ და ვერ გავაკეთეთ.

ეს ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანი კითხვაა და არა მხოლოდ პოლიტიკური ისტორიის მკვლევრებისთვის, არამედ საზოგადოებისთვის, რომ ამის შემდეგ ამ ღრმა ჩიხში შესულებმა მომდევნო ნაბიჯები მაინც დავგეგმოთ სწორად.

  • დღეს, როცა გიორგი ვაშაძე დააკავეს, ელენე ხოშტარიამ თქვა – „ფაქტობრივად, დავრჩი მარტო და ვაცხადებ ერთიანობას“. ფაქტია, რომ აქამდე ეს ერთობა ვერ შედგა. ფიქრობთ, რომ ეს პროცესი მაინც შეუწყობს ხელს ოპოზიციის გაერთიანებას?

საქმე ისაა, რომ უბრალოდ გაერთიანება არაფრის მომტანი, არაფრის მომცემია. საჭიროა კონკრეტული იდეის, გეგმის, მიზნების ირგვლივ გაერთიანება.

აი, ეს არის მნიშვნელოვანი. სხვა ყველანაირი გაერთიანება იქნება ხელოვნური და უშედეგო.

რა უნდა იყოს მთავარი იდეა ასეთი გაერთიანებისთვის, რაც აქამდე უნდა მომხდარიყო, მაგრამ ვერ მოხერხდა? რა უნდა იყოს გეგმა და რა ამოცანები უნდა დაისახოს დღეს ნორმალურმა ოპოზიციამ იმ ფონზე, როცა ბარიერგადალახული პარტიების ხელმძღვანელები არიან საპყრობილეში უკანონოდ და სხვები დგანან რიგში?

შეგვეძლო, რომ აქამდე არ მოვსულიყავით, მაგრამ ახლა რა ვაკეთოთ?!

ვფიქრობ, აუცილებელია იდეის ჩამოყალიბება და იდეა უნდა შედგებოდეს ორნაწილიანი გეგმისგან. პირველი – როგორ მოხერხდეს საქართველოს გათავისუფლება ივანიშვილის ავტორიტარული რუსული რეჟიმისგან და მეორე – რა ხდება ამის შემდეგ.

სამწუხაროდ, პოლიტიკოსების და საზოგადოების ნაწილს მხოლოდ პირველი კითხვა აღელვებთ და მეორე კითხვაზე პასუხი ან ბუნდოვანია, ან საერთოდაც არ იყო.

არადა, ჩემი დაკვირვებით, საქართველოს საზოგადოების დიდი უმრავლესობა სწორედ მეორე შეკითხვაზე ელის მკაფიო პასუხს – რა უნდა მოხდეს საქართველოში ივანიშვილის რეჟიმისგან გათავისუფლების შემდეგ.

აი, ამ გეგმის კონკრეტული ასპექტების გაწერის, გამოქვეყნების შემდეგ და ამ იდეით, ვფიქრობ, გაერთიანება იქნებოდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და შედეგის მომტანი.

რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, არ შემიძლია არ დავადასტურო მის მიმართ დიდი პატივისცემა, ამ უდრეკი და ნამდვილად მებრძოლი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკური ლიდერის მიმართ. ასევე, ჩემი დიდი სოლიდარობა ყველა იმ პოლიტიკურ ხელმძღვანელს, ვინც ახლა უკანონო პატიმრობაშია, მაგრამ უპირველესად, სოლიდარობა მზია ამაღლობელს და სხვა პოლიტპატიმრებს, რადგან ჩვენ მაშინ უნდა მივმხდარიყავით, რა მოხდებოდა, როცა მზიას საქმე ასე შეიკერა და ათობით კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი, მათ შორის ახალგაზრდები, აღმოჩნდნენ საპყრობილეში.

სამწუხაროდ, რეჟიმის ვერცერთი ნაბიჯი ვერ აღმოჩნდა სათანადო, სწორი შეტყობინება პოლიტიკოსებისთვის და ვერც საზოგადოებისთვის.

  • ფაქტია, რომ ვერ მოხდა ამ ყველაფრის დროული გააზრება. ახლაც, დაპატიმრებული პოლიტიკოსებისგან ვისმენთ, რომ „რუსული სქემა აქ ვერ გავა, არ გავჩერდებით“, მაგრამ ფაქტია, რომ ჯერჯერობით „გადის ეს რუსული სქემა“. რა უნდა ყოფილიყო ამაზე რეაქცია?

გადის და ჩემთვის ასეთი ემოციური შეფასებები არასაკმარისია. ზოგ შემთხვევაში დამაზიანებელიც, უნდა გითხრათ გულწრფელად.

ჩვენ რაც არ უნდა ემოციას მივეცეთ და ვისაუბროთ სიმართლეც – გარკვეულწილად, ეს ვერ ცვლის ივანიშვილის მკაფიოდ ჩამოყალიბებულ გაწერილ გეგმას, ჩვენ კი ამ სიტუაციის მძევლები ვხვდებით. ამ მდგომარეობიდან გამოსვლა შეიძლებოდა გაცილებით ადრე, რაც, საუბედუროდ, ვერ მოხერხდა.

მე არაერთხელ მითქვამს თქვენთანაც და სხვაგანაც, რომ ჩვენ ამ წერტილში მოვიდოდით, იმიტომ, რომ პოლიტიკური კლასი ვერ ჩამოყალიბდა უმთავრეს გეგმაზე. საქართველოს სჭირდება არა მხოლოდ გეგმა ივანიშვილის რეჟიმისგან საქართველოს გათავისუფლების, არამედ შემდგომი ნაბიჯებისაც, რაც დაარწმუნებს საზოგადოების დიდ ნაწილს, რომ შეიძლება ენდო ამა თუ იმ ოპოზიციურ დაჯგუფებას.

  • რა არის ეს გეგმა, საყოველთაო დაუმორჩილებლობა?

ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ, რომ სხვადასხვა ეტაპზე გეგმა სხვადასხვაგვარია. დაუმორჩილებლობა შეიძლება იყოს ერთ ეტაპზე, მაგრამ იყო სხვა, განვლილი ეტაპები, როცა შეიძლებოდა ამ უდიდესი პრობლემის მოგვარება სხვაგვარად, სხვა მეთოდებით, სხვა გზებით.

ოპოზიციამ ვერ შეძლო სწორად ემართა ვერც წინასაარჩევნო პროცესი და ვერც პოსტსაარჩევნო პროცესი, ამიტომ გეგმა იცვლება.

დღეს რა შეიძლება იყოს გეგმა, დაუმორჩილებლობა თუ სხვა რამ, იმ მოცემულობაში, როცა ივანიშვილმა სრულად დაიმორჩილა სახელმწიფო ინსტიტუტები, როცა აღარ არსებობს ქვეყანაში არაფერი, რაც თქვენს, ჩემსა და საზოგადოების უფლებებს დაიცავს და ივანიშვილს შეუძლია დარჩენილიც ფეხქვეშ გათელოს, ამ ვითარებაში საგანგებო გეგმაზეც უნდა ვისაუბროთ.

გეგმაზე, რომელიც შეიძლება არც იყოს სტანდარტული და არც ასე საჯაროდ განხილვა შეიძლებოდეს.

  • ვინ უნდა ისაუბროს ამ გეგმაზე? პოლიტიკოსთა ნახევარი ციხეშია, ნახევარი – დაკავების მოლოდინში. ხატია დეკანოიძეც ამბობდა, რომ საჭიროა სრული კონსოლიდაცია, რომ გადავარჩინოთ ქვეყანაო და ვინ ერთიანდება – ის, ვინც გარეთ დარჩა, თუ პროტესტში მყოფ ხალხზეა აქ საუბარი?

ჩვენ შეიძლება ყველას მოგვწონდეს სიტყვები „კონსოლიდაცია, ერთობა“, მაგრამ თუ სწორი ნაბიჯები არ იქნა გადადგმული ოპოზიციის და საზოგადოების აქტიური ნაწილის მიერ, ამას ვერ მოჰყვება კონსოლიდაცია: გეგმა უნდა შეიცავდეს ორ მთავარ ნაწილს, როგორც აღვნიშნე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, რომელიც უბრალოდ დაიღალა, დაიქანცა ივანიშვილის ამ ყოვლად უმსგავსო, აღვირახსნილი მმართველობით, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იყოს დარწმუნებული, რომ ამ აღვირახსნილობის შემდეგ, წესიერება და სამართლიანობა დასადგურდება საქართველოში.

და ამის მთქმელი და გამკეთებელი უნდა იყოს თავად წესიერი და სამართლიანი. ამიტომ ვამბობ ახლა და ვამბობდი შარშანაც, რომ საჭიროა კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული ფიგურები, პერსონები. ვინ მეუბნება მე, რომ გავყვე მას ივანიშვილის ამ სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ – აი, ამის მთქმელი არ გვივარგა.

  • საზოგადოების ის ნაწილიც კი, რომელიც იდგა შემოდგომის პროტესტებზე, ყოველდღიური რუტინითაა დაკავებული – კაფეში დადიან, ირუჯებიან, მოგზაურობენ, ყოფით საჭიროებებზე ზრუნავენ და თითქოს განზე დგანან. ამიტომ, სად არის ის ხმა, ვინ არის ის, ვინც ამ გეგმას გააჟღერებს. ლიდერს ველოდებით? ფაქტია, რომ ხალხისგან ეს ლიდერი არ ამოიზარდა, რისი მოლოდინიც არსებობდა თავდაპირველად.

მე არარეალურს არაფერს ველოდები და ვინც ელოდება, უნდა ვუთხრა, რომ იმედი კიდევ უფრო მეტად გაუცრუვდებათ, რადგან დღეს არსებულ გარემოში, სადაც ასე ჭარბობს გაუნათლებლობა, უკულტურობა, სადაც პოლიტიკური შეგნება ასეთი დაბალია ამ რუსული რეჟიმის წყალობით, რა თქმა უნდა და ყველა წინა რეჟიმისაც, რადგან დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, აგერ 30-ზე მეტი წელი გავიდა და ვერავინ მოახერხა მთავარი, ფუნდამენტური საკითხის მოგვარება – ეს არის განათლების სისტემა.

გაუნათლებელი ადამიანი არის ასეთი ავტორიტარული რეჟიმის პირველი მკვებავი, წყარო, მასაზრდოებელი. გაუნათლებელი ადამიანია ის, ვინც ეგუება, ვინც არ აპროტესტებს, ვინც მიჰყვება დინებას.

  • მაშინ წაუგია სამოქალაქო საზოგადოებას ეს ბრძოლა, გამოდის?

ამ დროს გამოსავალი არსებობს. უნდა გამოჩნდეს ისეთი პასუხისმგებლობიანი, განათლებული, შეგნებული, წესიერი ადამიანების ერთობა, რომლებიც შეძლებენ ამ პროცესის ფორსირებას.

დრო გადის, დრო იწურება, რადგან ის, რაც შესაძლებელი იყო გუშინ და გუშინწინ, დღეს უკვე შესაძლებელი აღარ არის.

ამიტომაც, აბსოლუტურად არაორდინალურ გარემოში აღმოვჩნდით, სადაც, ჩემი დაკვირვებით, იმ ორი მთავარი გეგმის გარდა კიდევ უნდა იყოს მკაფიოდ გაწერილი გეგმა, კონკრეტული ამოცანებით და აი, ამაზე სასაუბროდ, ამაზე მსჯელობისთვის არაერთი პატრიოტი, განათლებული, წესიერი ადამიანი გვჭირდება, იქნება ის პოლიტიკოსი თუ არაპოლიტიკოსი.

  • ფაქტია, რომ ასეთი ადამიანებიც გვყავს საზოგადოებაში, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ისინი არ შემოდიან ამ პოლიტიკურ ველზე როგორც ლიდერები, არ იღებენ ამ ტვირთს…

დავაზუსტებდი – ისინი, ვინც აპროტესტებენ ამ რეჟიმს 200-ზე მეტი დღე, თბილისში, ბათუმსა თუ სხვაგან, ეს ადამიანები, იმის მიუხედავად, ვის რა დიპლომი აქვს და აქვს თუ არა საერთოდ დიპლომი, ჩემი დაკვირვებით, არიან ყველაზე დიდი პატრიოტები, სწორედ ამ ადამიანების გაუტეხელობაზე, ამ მოქალაქეების შეგნებულობაზე გადის საქართველოს დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლის გეზი.

ამიტომ აუცილებელი იყო ამ წრიდან, პროტესტში მყოფი ადამიანებიდან შექმნილიყო ახალი პოლიტიკური ჯგუფი.

  • ჩვენ გვახსოვს, აქციების პირველ ეტაპზე თითქოს გამოიკვეთა ეს ახალი ბირთვი, თუმცა შემდეგ აღარ ჰქონდა განვითარება ამ პროცესებს და რატომ მოხდა ასე?

სწორედ ამიტომ დავიწყე ჩვენი საუბარი იმით, ვინ რა დავაკელით, ვინ რა არ გავაკეთეთ – ეს მნიშვნელოვანია ძალიან.

ადამიანი ამ კითხვას საკუთარ თავს უნდა უსვამდეს მაშინ, როცა შენთვის ყველაზე ძვირფასი, შენი ქვეყანა, შენი სამშობლო არის ასეთ წარმოუდგენელ განსაცდელში. მაგრამ მე არ ვარ იმის მომხრე, რომ ეს ხდებოდეს ყოველთვის მაშინ, როცა ურემი გადაბრუნდება. ერთი-ორი ნაბიჯით, ერთი-ორი დღით ან წლით მაინც უნდა ვასწრებდეთ მოვლენებს. ხომ უნდა გვყოფნიდეს იმდენი შეგნება, იმდენი აზროვნება და განათლება, რომ გავთვალოთ წინასწარ ის, რაც უეჭველად გველოდება.

ჯერ კიდევ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დღის ბოლოს ვთქვი ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში, რომ ყველა იგემებდა ივანიშვილის ავტორიტარიზმის გემოს. მაშინ ჩემი ეს განცხადება ალბათ იყო შოკისმომგვრელი ბევრისთვის.

და რა ვქენით?! არ გავუწიეთ წინააღმდეგობა. ვერ მოვახერხეთ გაერთიანება ვერცერთ ეტაპზე მთავარი იდეის ირგვლივ, რომ ჩამოვაშოროთ საქართველოს ივანიშვილის რეჟიმი და შევქმნათ მყარი პირობები, რომ არასდროს, არანაირმა რეჟიმმა აქ არ მოიკიდოს ფეხი და იყოს ნორმალური, სამართლებრივი, ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფო.

დღეს უკვე ვართ იმ ვითარებაში, სამოქმედო არეალი იმდენად შევიწროებული აქვს როგორც ოპოზიციას, ისე საზოგადოების აქტიურ ნაწილს, რომ ფაქტობრივად, შეიძლება გვქონდეს ერთი შანსი დარჩენილი, ერთი შანსი იმისთვის, რომ ამ წუმპიდან ამოვიდეთ.

აქ არ შეიძლება მხოლოდ გარე ფაქტორების იმედზე დარჩენა, ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი თავის იმედად.

მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ლიდერს იმისკენ, რომ ვისაუბროთ სწორედ ამ ორპუნქტიან გეგმაზე, იქნება ეს ნებისმიერი მომდევნო არჩევნების კონტექსტში თუ არჩევნების გარეშე. ამ გეგმის გარეშე საზოგადოება არ აჰყვება არც ერთ ოპოზიციას.

როცა ვსაუბრობთ ამ ერთ დარჩენილ შანსზე, ეს ნიშნავს იმას, რომ თუ შესაძლებლობის ფანჯარა დაიკეტება, იგი ვეღარ გაიღება მომდევნო არაერთი წლის განმავლობაში.

  • ამ ერთ შანსში გულისხმობთ ხალხისა და არსებული ოპოზიციის გაერთიანებას? იქნებ დავაზუსტოთ კიდევ ერთხელ.

ამ ერთ შანსში ვგულისხმობ იმას, რომ საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა, მათ, ვინც აპროტესტებს, მოახერხოს პოლიტიკურ სპექტრში და საკუთარი რიგებიდან ისეთი ახალი კონფიგურაციის ჯგუფის ან ჯგუფების შექმნა, რომელიც შეძლებდა საზოგადოების უმრავლესობის ნდობის მოპოვებას.

ამას სჭირდება ის, რომ ამ ჯგუფში შესული ადამიანები იყვნენ გამორჩეულნი წესიერების, პოლიტიკური თუ სახელმწიფოებრივი გამჭრიახობისა და გაბედულების მქონენი და დემოკრატიულად მოაზროვნეები. ეს შესაძლებელია. ასეთი ადამიანები არიან.

რა არის საჭირო? – ნება, მოქმედება და შედეგი აუცილებლად დადგება. ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ ახლა, ამ უკიდურესად დრამატულ ვითარებაში, უახლოესი ერთი-ორი თვის განმავლობაში, რადგან ჩვენს საზოგადოებაში, ვისაც წესიერი და კეთილი განზრახვა აქვს, იპოვის მინიმუმ 10-15 საუკეთესო მოქალაქეს და რა გახდა ამ ადამიანების გაერთიანება? რა უშლის ამას ხელს?!

რა თქმა უნდა, ივანიშვილის მზაკვრული, ავტორიტარული რეჟიმი, მაგრამ სხვებიც არ აკლებენ ხელს, ზოგჯერ შურის გამო, ზოგჯერ – შეუგნებლობის და ასე შემდეგ.

ამ შანსის რეალიზებისთვის დრო არის დარჩენილი ძალიან მცირე. თუ ეს ერთადერთი სწორი ნაბიჯი არ გადაიდგა, ამის შემდეგ საქართველოში შესაძლოა კარგა ხნით დავრჩეთ ივანიშვილისეულ ავტორიტარიზმში.

რას ამბობდა წულუკიანი გერმანიაზე 2020 წელს და რას ამბობს დღეს – „გერმანელების წყალობით ვდგავართ ჩვენ ფეხზე“ 

„ანტიგერმანული გამონათქვამები ისმის, სად ხართ მედია?“ – კითხულობდა თეა წულუკიანი 2020 წელს. დღეს, ამ განცხადებიდან 5 წლის შემდეგ, იგივე თეა წულუკიანი ანტიგერმანული და ანტიდასავლური რიტორიკითაა დაკავებული და გერმანიის ყოფილს ელჩს ღიად ადანაშაულებს საქართველოს მთავრობისთვის „დავალებების მიცემაში“.

ე.წ. საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელი და არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თეა წულუკიანი – ივანიშვილის დიქტატურის დამყარების გზაზე – საკუთარ თავთან დაპირისპირებული აღმოჩნდა:

2020 წელს თეა წულუკიანი დასავლეთის და კონკრეტულად გერმანიის შესახებ ამას ამბობდა:

„ეს არ მომხდარა საქართველოში დღემდე: ანტიგერმანული, ანტიგერმანული გამონათქვამები ისმის, სად ხართ მედია? ეს არის სირცხვილი და თავის მოჭრა ქართველი ერისთვის. გერმანელები, რომლებიც, როცა დავიბადეთ ახლიდან 90-იან წლებში, მათი წყალობით, ამერიკელების წყალობით, ევროკავშირის წყალობით ვდგავართ დღეს ჩვენ ფეხზე. კოდექსები რომ გვაქვს, ვინ დაწერა ეს კოდექსები: თედო ნინიძესთან, ჯონი ხეცურიანთან და ლადო ჭანტურიასთან ერთად? გერმანელებმა, თავიანთი ჯიბიდან ფული ამოიღეს და ჩვენ მოგვცეს, როცა გვშიოდა და კანონი არ გვქონდა. დღეს ანტიგერმანულ გამონათქვამებს ვისმენთ,“ – ამბობდა თეა წულუკიანი 2020 წელს „რუსთავი 2“-ის ღია ეთერში.

თეა წულუკიანმა 2025 წელს ე.წ. კომისიის სხდომაზე სრულიად განსხვავებულად ალაპარაკდა და თქვა, რომ გერმანიის ყოფილი ელჩი ჰებერტ ქნირში „პირდაპირ და უზრდელად“ დავალებებს აძლევდა საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებს. ჰებერტ ქნირში გერმანიის ელჩი იყო საქართველოში 2018-2022 წლებში.

„ბატონი ჰებერტ ქნირში გამოირჩეოდა იმით, რომ ჩემთვის მოუცია დავალებები, რომლებიც არ შემისრულებია, მძიმე საუბარი იყო, რომელიც ყველაფერი იყო, დიპლომატიურის გარდა. შევსწრებივარ სხვა საუბრებს, ჩვენს მაღალი თანამდებობის პირებთან, როდესაც ის პირდაპირ, უზრდელად ესაუბრებოდა მაღალი თანამდებობის პირებს და ეუბნებოდა, რომ „შენ ახლა ეს უნდა შეასრულო“.

ჩემთვის მოუცია დავალება, რომელიც არ შევასრულე, როგორც კულტურის მინისტრმა. მინახავს სხვებისთვის მიცემული დავალებები და მძიმე საუბრები. რატომ არის გამორიცხული, რომ ასეთ პერსონაჟს გახარიასთვისაც მიეცა რაღაცა ტიპის არასწორი დავალება და წამოეგო პროვოკაციაზე? ან სხვას, რომელიც გარეთ იყო?

იქნება გაიხსენოთ, რას აკეთებდა ეს დიპლომატი იქ, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრი იღებდა ოპერატიულ გადაწყვეტილებებს აქციის დაშლასთან დაკავშირებით?“ – ჰკითხა თეა წულუკიანმა კომისიაზე დაბარებულ გიორგი ჭოლაძეს, რომელიც 2018-2019 წლებში საქართველოს პრემიერის აპარატის ხელმძღვანელი იყო, თეა წულუკიანი კი, ამჯერად გახარიას პასუხისმგებლობის საკითხს არკვევს 20 ივნისის აქციის დარბევასთან დაკავშირებით.

კომისიაზე დაბარებული გიორგი ჭოლაძის თქმით, მას არ მოუსმენია და არ დაუნახავს, ელჩს რაიმე სახის მითითება მიეცა გიორგი გახარიასთვის.

„ოცნების“ არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა ე.წ. კომისიის სხდომაზე სცადა „ოცნების“ ბოლოდროინდელი ე.წ. Deep state-ის ვერსია გაეაქტიურებინა. მან ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მხრიდან „დავალებების მიცემაზეც“ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ 5 წლის წინ, 2020 წელს, იგივე თეა წულუკიანი სწორედ ამერიკელებს და გერმანელებს უხდიდა მადლობას „საქართველოს ხელახლა დაბადებაში“, როცა გვშიოდა და კანონი არ გვქონდა, საკუთარი ჯიბიდან გვეხმარებოდნენო.

„ადამიანს [გიორგი გახარიას], რომელსაც აქვს მაღალი დონის განათლება, ეს უნდა ვუღიაროთ, ასე არ გამოვა, რომელსაც აქვს მაღალი დონის უნარ-ჩვევები, ესეც უნდა ვთქვათ, ნიჭიერი და ასე შემდეგ, ხომ არ იყო ეს სხვა რაღაცის ბრალი? აი, ელჩის ეპიზოდი ძალიან საეჭვოა, ხომ არ იღებდა ის რაღაც ტიპის არასწორ რჩევებს?

გადადგომისას, რომელიც დღემდე ბურუსით არის მოცული, მან აქ თქვა, რომ მე ღამით შევხდი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩსო და რაზე ისაუბრეს, არ გაგვიმხილა, რამდენიმე საათით ადრე კი, ყველას გვარწმუნებდა, რომ იმუნიტეტი აუცილებლად უნდა მოეხსნათ დეპუტატებს ნიკანორ მელიასთვის. ამ დროს თვითონ გადადგა მას შემდეგ, რაც შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს.

ხომ შეიძლება ასეც ყოფილიყო, რომ ეს ყოფილიყო არა არაკომპეტენტურობა პირდაპირი გაგებით, არამედ არცოდნა ძალოვანი სტრუქტურების – იმ დარგში გამოუცდელობა, პლუს რაღაც ტიპის დავალებები გარედან?“ – იკითხა ე.წ. საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელმა და არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა.

„ქართული ოცნების“ მთავრობა განსაკუთრებით ბოლო ერთი წელია აქტიურად ავრცელებს ანტიევროპულ პროპაგანდას, რაც ხშირად დეზინფორმაციას ეფუძნება.
გერმანელების, ამერიკელების, ევროკავშირის წყალობით ვდგავართ ჩვენ ფეხზე - თეა წულუკიანი, 2020 წელი

ფინანსური დავის „ქურდული გარჩევა“ ოზურგეთში – რა გადაწყვიტა სასამართლომ

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 3 პირი დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე წარმოშობილი ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით მხარეებმა „ქურდული სამყაროს“ წევრს მიმართეს.

„ფინანსური დავის „ქურდული გარჩევის“ გზით გადაწყვეტაში ასევე ჩართული იყო „ქურდული სამყაროს“ ორი მხარდამჭერი.

2024 წლის 22 ივნისს „ქურდული სამყაროს“ წევრმა მოდავე მხარეების და „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერების მონაწილეობით ოზურგეთში „ქურდული გარჩევა“ მოაწყვეს, რის შედეგადაც ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორეს სასარგებლოდ 15 000 ლარის გადახდა დააკისრეს, რომელიც მან დათქმულ ვადაში გადაიხადა. თანხის ნაწილი დავის გადაწყვეტაში მონაწილე „ქურდული სამყაროს“ წევრს და „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერებს შორის გადანაწილდა“ – წერს პროკურატურა.

პროკურატურამ 2 პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა), ერთ პირს სისხლის სამართლის კოდექსის 223 ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა), 265-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება) და 273 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შეძენა და შენახვა) წარუდგინა.

ოზურგეთის სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობაში ბრალდებულს ერთ პირს სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერასა და ნარკოტიკულ დანაშაულში ბრალდებულს – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; ხოლო, ქურდული სამყაროს“ წევრობაში კიდევ ერთი ბრალდებულის ქმედება „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაზე გადააკვალიფიცირა და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ამავე თემაზე: 

„წილის დათმობას სთხოვდა ქურდული სამყარო“ – ვერსია აჭარისწყალთან მომხდარ მკვლელობაზე

ბათუმელი მასწავლებლები დაკავებული პედაგოგის მხარდასაჭერად 26 ივნისს აქციას გამართავენ

26 ივნისს ბათუმში მასწავლებლების აქცია ანონსდება პატიმრობაში მყოფი მასწავლებლისა და აქტივისტის, ნინო დათაშვილის მხარდასაჭერად.

„სოლიდარობა ნინო დათაშვილს და სინდისის პატიმრებს“ – ასეთია აქციის სლოგანი.

ბათუმში აქცია 26 ივნისს, 19 საათზე, დრამატულ თეატრთან, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან გაიმართება.

  • რა ხდება?

ნინო დათაშვილს „ოცნების“ პროკურატურა საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული თავდასხმას ედავება.

ნინო დათაშვილი 20 ივნისს დააკავეს. როგორც სასამართლოში აღინიშნა, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა პირებმა მას სამარშრუტო ტაქსების გაჩერებაზე წაართვეს ტელეფონი და არ მისცეს საშუალება ორი საათის განმავლობაში, დაერეკა შვილთან, 19 წლის ლუკასთან და მიეცა მისთვის სახლის გასაღები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

საჯარო მოსამსახურე, ვისაც, პროკურატურის თქმით, ნინო დათაშვილი „თავს დაესხა“, სასამართლოს მანდატური გიორგი შარიქაძეა.

შემთხვევა 9 ივნისს მოხდა, ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 8 სინდისის პატიმრის პროცესის მიმდინარეობისას. მანდატურმა ნინო დათაშვილს დარბაზთან მიახლოების უფლება არ მისცა, რის შემდეგაც დერეფანში ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა. დაიწყო სიტყვიერი დაპირისპირება ნინო დათაშვილსა და მანდატურს შორის. მას შემდეგ კი, რაც მანდატურმა მისი იძულების წესით გაყვანა სცადა, ეს უკვე ფიზიკური შეხლა-შემოხლაშიც გადაიზარდა. საბოლოოდ ნინო დათაშვილი რამდენიმე მანდატურმა ძალის გამოყენებით გააძევა სასამართლოს შენობიდან.

ნინო დათაშვილმა, როგორც მაშინვე აღნიშნა და სასამართლოშიც გაიმეორა, მომხდართან დაკავშირებით მიმართა 112-ს და პატრული გამოიძახა, თუმცა პატრული მის გამოძახებაზე სასამართლოში არ გამოჩენილა.

დათაშვილის ადვოკატის, თამარ გაბოძის ინფორმაციით, 112-ს მიმართა სასამართლოს მანდატურის სამსახურმაც და სწორედ ეს გახდა 11 ივნისს დათაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების ფორმალური საფუძველი.

„გაუსაძლისი სუნია, ფანჯარას ვერ ვაღებთ“ – 7 მლნ ლარი კორპუსებში კანალიზაციის გარეშე

ბათუმში, გენერალ კვინიტაძის ქუჩაზე მძაფრი, უსიამოვნო სუნი დგას. შუა ქუჩაში ამოტეხილი ასფალტიდან საკანალიზაციო წყალი ამოდის. გვერდით, ღია ეზოში, ბავშვები თამაშობენ.

„აი, აქ, ამ „ჩანჩქერზე“ იბანდა პატარა ბავშვი სილით დასვრილ ფეხებს,“ – გვეუბნება ნონა ზაქარაძე და შუა ქუჩაში ამოტეხილი ასფალტიდან ამომავალ წყალზე გვანიშნებს.

ნონა და მისი 14 მეზობელი გენერალ კვინიტაძის ქუჩაზე მდებარე ახალაშენებულ კორპუსებში 6 თვის წინ შეასახლა ბათუმის მერიამ.

მანამდე ისინი შანიძის ქუჩაზე, ავარიულ სახლში ცხოვრობდნენ.

„ერთადერთი შეღავათი, რაც მივიღეთ აქ გადმოსვლით, ისაა, რომ თავზე კედლები აღარ გვენგრევა. მაგრამ ფანჯარას ვერ ვაღებთ, გაუსაძლისი სუნი დგას. ბავშვების ეზოში გამოშვება საშიშია – ვუხსნით, რომ არ მიეკარონ საკანალიზაციო ჭას, მაგრამ ბავშვები არიან და მაინც მიდიან,“ – ამბობს ნონა.

ამ ქუჩაზე ბათუმის მერიამ ავარიული სახლების ნაცვლად სამი ახალი კორპუსი ააშენა.

გენერალ გიორგი კვინიტაძის ქ.№1, 3, 11 ნომერში აშენებულ 3 ექვსსართულიან შენობაში ჯამში 60 ბინაა.

არც ერთი ბინა არაა დაერთებული ცენტრალურ კანალიზაციას. ეზოში 50 -ტონიანი ე.წ. შამბოა მოწყობილი, რომელიც 6 თვეში აივსო. სწორედ ამ შამბოს გამო დგას კვინიტაძის ქუჩაზე გაუსაძლისი სუნი და ქუჩაში ამოდის საკანალიზაციო წყალი.

კვინიტაძის ქუჩაზე ავარიული სახლების ნაცვლად სამი 6 -სართულიანი კორპუსი შპს „ერთმა“ ააშენა.

ხელშეკრულება ბათუმის „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის „სამმართველოსა“ და შპს „ერთს“ შორის 7 მილიონ ნახევარ ლარზე 2022 წელს გაფორმდა.

ამ თანხით კომპანიამ გენერალ გიორგი კვინიტაძის ქ.№1, 3, 11-ში მდებარე შენობები დაანგრია და ააშენა ახალი კორპუსები. პროექტში განსაზღვრული იყო, რომ კანალიზაციის ქსელის არ არსებობის შემთხვევაში კომპანიას უნდა მოეწყო შამბო.

„არაერთგზის მივმართეთ მერიას. დავრეკავთ, გამოუშვებენ ერთ-ორ მანქანას, ამოიღებენ და წავლენ. სამივე სახლი ერთ შამბოზეა დაერთებული. ცოტა ხანში ისევ ივსება და ვართ ასე. სამ კორპუსს ერთი შამბო არ ყოფნის. ვთხოვეთ, დაეცალათ, მთლიანი შამბო ამოეწმინდათ, რაღაც დროის განმავლობაში ისინიც დაისვენებდნენ და ჩვენც,“ – ამბობს ნონა ზაქარაძე.

ნონას თქმით, მის კორპუსში ჯერჯერობით 9 ოჯახი ცხოვრობს.

„მერიის ბალანსზეა ჩემს კორპუსში რამდენიმე ბინა ისევ. გადმოსასვლელები არიან ახალი მცხოვრებები. როცა სრულად შეივსება კორპუსი, ალბათ უფრო გაუსაძლისი გახდება სიტუაცია,“ – ამბობს ნონა ზაქარაძე.

ე.წ. შამბო, რომელშიც სამი კორპუსის საკანალიზაციო წყალი გროვდება

„მეექვსე თვეა აქ ვცხოვრობ. ორი თვეა რაც კანალიზაციის პრობლემა გაჩნდა. გაივსო შამბო. დავრეკავთ მერიაში, გამოუშვებენ მანქანას, რომ ჭირდება 4-5 რეისი, აკეთებენ ერთს. ხომ შეიძლება, რომ ამოიწმინდოს ბოლომდე, ჩვენც დავისვენებთ და იმათაც აღარ შევაწუხებთ ცოტახანს.

როცა ვუსვამთ კითხვას, რატომ არ აკეთებენ, ბევრი გამოძახებაა, საკმარისი მანქანები არ გვყავსო – ამბობენ. მაგრამ მე ვფიქრობ, შესაძლებლობა აქვთ, უბრალოდ არ აკეთებენ.

აივანზე ვერ გამოხვალ, ისეთი სუნი დგას ხოლმე აქ. ბავშვების ეზოში გამოშვებაც პრობლემაა“, – ამბობს რევაზ ქოქოლაძე, გენერალ კვინიტაძის ქუჩის მცხოვრები.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის მერიას, საიდანაც „ბათუმის წყალში“ გადაგვამისამართეს.

„აღნიშნულ მისამართზე, ბათუმის წყალს წყალარინების ქსელი არ გააჩნია.  კომპანია შესაძლებლობების ფარგლებში, უსასყიდლოდ ეხმარება მოსახლეობას და ახორციელებს გაწმენდით სამუშაოებს. აღნიშნული მისამართიდან მოსახლეობიდან შემოსული ზარების უმეტეს ნაწილზე  ხდება რეაგირება შესაძლებლობების ფარგლებში,“ – მოგვწერეს „ბათუმის წყლიდან“.

ნახეთ ვიდეო: 

7 მილიონი ლარი დაიხარჯა კორპუსებში, რომელსაც საკანალიზაციო სისტემა არ აქვს

„სოლიდარობა ნინო დათაშვილს“ – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბი

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრები სოლიდარობას უცხადებენ პატიმრობაში მყოფ მასწავლებელსა და აქტივისტს, ნინო დათაშვილს.

კლუბის წევრებმა განცხადება დღეს, 24 ივნისს გაავრცელეს.

„ჩვენ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრები, სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს კოლეგას, ნინო დათაშვილს.

მასწავლებელი არის ადამიანი, ვინც არა მხოლოდ ცოდნას გადასცემს მოსწავლეებს, არამედ ასწავლის ადამიანობას, სამართლიანობას, თანადგომას, სოლიდარობასა და პასუხისმგებლობას. ის ქმნის იმ ღირებულებებს, რომლებზეც დგას თავისუფალი და სამართლიანი საზოგადოება. ამიტომ მასწავლებლების მხარდაჭერა და მათი ღირსების დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა.

მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, რომ საქმე წარიმართოს სამართლიანად და გამჭვირვალედ, რათა აღდგეს სამართალი და დაცული იყოს მასწავლებლის უფლებები“ – ნათქვამია განცხადებაში.

ნინო დათაშვილს ბრალად საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული თავდასხმა ედება. ის 20 ივნისს დააკავეს. როგორც სასამართლოში აღინიშნა, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა პირებმა სამარშრუტო ტაქსების გაჩერებაზე წაართვეს მას ტელეფონი და არ მისცეს საშუალება ორი საათის განმავლობაში, დაერეკა შვილთან, 19 წლის ლუკასთან და მიეცა მისთვის სახლის გასაღები.

ამავე თემაზე:

„ერთი თვე მაინც რომ ვიყო თავისუფლებაზე?“ — ნინო დათაშვილის გზა სასამართლოდან ქალთა კოლონიამდე

„ოპოზიციის ლიდერები ხელბორკილებით, ჟურნალისტები ციხეში. საით მიდიხარ საქართველო?“ – გერმანიის ელჩი

გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი X-ზე წერს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხეშია. ელჩი ფიშერი წერს, რომ ეს განცდა გაუჩნდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, სადაც საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი განიხილებოდა.

„მე ვარ ქართველი და მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“ – ფართოდ გავრცელებული კრედოა. თუმცა, საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხეშია. ეს განცდა იყო დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.

ოპოზიციის ლიდერები ხელბორკილებით, არასამთავრობო ორგანიზაციები თავდასხმის ქვეშ, ჟურნალისტები ციხეში. საით მიდიხარ საქართველო?“ — წერს პეტერ ფიშერი.

ამავე თემაზე:

„სადაც არ წავედი საქართველოში, ხალხი მეუბნება: გვინდა, ჩვენს პასპორტზე ეწეროს – European Union, Georgia“ | ინტერვიუ

გიორგი ვაშაძეს 7 თვით მიუსაჯეს პატიმრობა

დღეს, 24 ივნისს, კიდევ ერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს მიუსაჯეს 7-თვიანი პატიმრობა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.

გიორგი ვაშაძეც, ისევე როგორც სხვა პოლიტიკოსები, წულუკიანის კომისიაზე არ მისვლისთვის გაასამართლეს.

„ჩვენი პატიმრობა არაფერია იმასთან შედარებით, რა უსამართლობაც ქვეყანაში ხდება. ტოტალური უსამართლობაა, ახალგაზრდა ადამიანები ციხეში, ქალები ციხეში, მაგრამ მთავარია ის, რომ ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ.

დარწმუნებული ვარ, გაცილებით მალე ვიზეიმებთ გამარჯვებას, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია. მივმართავ ივანიშვილს: შენ ხარ ამ ქვეყნის მტერი! შენ ხარ ადამიანი, რომელსაც ციხეში მე და სხვა კი არა, გინდა მთელი ქვეყანა გამოკეტო, არ გაგივა!“ – განაცხადა ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ.

ამავე თემაზე: 

მამუკა ხაზარაძეს 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს, ზურა ჯაფარიძეს – 7 თვით

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ 1 100 000 ლარის ზარალი აუნაზღაურა „აჭარა ტექსტილს“

წელს გურიაში, აჭარასა და იმერეთში მოსულმა უხვმა ნალექმა უპრეცედენტოდ დიდი მატერიალური და ფინანსური ზიანი მიაყენა როგორც მსხვილ, ისე მცირე და საშუალო საწარმოებს. ჩამოინგრა შენობების სახურავები, განადგურდა მანქანა – დანადგარები, საწყობებში არსებული საქონელი და მარაგები.

კომპანიებმა, რომელთა ქონება „ჯიპიაი ჰოლდინგში“ იყო დაზღვეული, ზარალის კომპენსაცია უკვე მიიღეს.

„ჯიპიაიში“ ამბობენ, რომ ზარალის მასშტაბები ძალიან დიდი იყო, როგორც მსხვილი, ისე მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის და რომ არა დაზღვევა, მათი ნაწილი საქმიანობის გაგრძელებას ვერც კი შეძლებდა.

დაზარალებულთაგან ერთ-ერთი კომპანია „აჭარა ტექსტილია“, რომლის 2 საწარმო დააზიანა დიდთოვლობამ, მათგან ერთი საწარმო ბათუმში მდებარეობს, მეორე კი – ქობულეთში. ბათუმის საწარმოს ერთ-ერთი ფლიგელის სახურავი მთლიანად ჩაინგრა, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა საწარმოო პროცესი და ასევე, ქონებრივი ზარალიც საკმაოდ დიდი იყო.

„15 წელია ვთანამშრომლობთ „ჯიპიაისთან“. გვქონდა რაღაც პატარ-პატარა ზარალის შემთხვევები, მაგრამ ასეთი მასშტაბური – დღემდე არ გვქონია. ზარალი ორ მოქმედ საწარმოში, ბათუმსა და ქობულეთში, 1 100 000 ლარი იყო, რომელიც სრულად იქნა ანაზღაურებული. ეს ზარალი იყო ძირითადად ქონებრივი, ბიზნესის შეფერხება ჩვენ არ გვქონდა დაზღვეული, მაგრამ მომავალში აუცილებლად დავაზღვევთ ამასაც.

ზოგადად, „ჯიპიაის“ ყველა პროდუქტით ვსარგებლობთ, რაც ბიზნესის მიმართულებით აქვთ და ამასაც დავიწყებთ სამომავლოდ“ – ამბობს კომპანია „აჭარა ტექსტილის“ დირექტორი გია ლომინაძე.


გია ლომინაძე

შპს „აჭარა ტექსტილი“ საქართველოში უკვე 18 წელია ფუნქციონირებს. ამ პერიოდის განმავლობაში ბიზნესჯგუფმა განახორციელა ძალიან ბევრი და წარმატებული პროექტი. კომპანია დღეისთვის უკვე თანამშრომლობს ისეთ გლობალურ ბრენდებთან, როგორებიცაა: Nike, Adidas, Under Armour, Umbro. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს სპორტული ბრენდები იღებენ ისეთი ცნობილი საფეხბურთო კლუბების შეკვეთებს, როგორებიცაა: მადრიდის „რეალი“, ლონდონის „არსენალი“, ლონდონის „ჩელსი“, მილანის „ინტერი“, „ლივერპული“ და მათ ფორმებს სწორედ „აჭარა ტექსტილი“ კერავს თავის საწარმოებში.

გია ლომინაძის აზრით, ბიზნესისთვის დაზღვევა შეუფერხებლად მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა.

„ჩვენს შემთხვევაში, 15-წლიანი თანამშრომლობის პერიოდში, დიდად ზარალი არ გვქონია, მაგრამ ეს შეიძლება რამდენიმე წელიწადში ერთხელ მოხდეს და ამიტომ, ნებისმიერ და მითუმეტეს, საერთაშორისო ბიზნესს აუცილებლად უნდა ჰქონდეს დაზღვეული თავიანთი ქონება, რათა მინიმუმამდე შეამციროს სადაზღვევო რისკები, რაც შეიძლება სამუშაო პროცესში მოხდეს.

ეს შეიძლება იყოს არა მარტო სტიქიით გამოწვეული ზარალი, არამედ ხანძარი, წყალდიდობა და ა.შ. მსგავსი ფაქტების წინაშე შეიძლება ნებისმიერი ბიზნესი დადგეს ამიტომ, მე ფიქრობ ყველა პასუხისმგებლობიან ბიზნესს უნდა ჰქონდეს თავისი ქონება დაზღვეული“ – ამბობს ის.


„აჭარა ტექსტილის“ საწარმო, რომლის სახურავიც ჩამოანგრია თოვლმა.

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ქონების დაზღვევის ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერია და ამ მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

კომპანია დაზღვევის მსურველებს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებს სთავაზობს, რომელიც ევროპელ პარტნიორებთან ერთად შეიმუშავა. დაზღვევის პოლისი სრულად ითვალისწინებს ქართული კომპანიების ბიზნეს-საჭიროებებს და ყველა იმ ფინანსურ რისკს ფარავს, რომელიც ბიზნესს შეიძლება საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე დაუდგეს.

დიმიტრი ძირტკბილაშვილი, „ჯიპიაი ჰოლდინგის საოპერაციო დირექტორი:

6 მილიონი ლარი ავნაზღაურეთ ქართულ ბიზნესს და ამით ძალიან ვამაყობთ. ნამდვილად ისტორიული და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია ქართული სადაზღვევო სექტორისთვის ნდობის ამაღლების კუთხით.

ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ და აშკარად დაგვანახა, რომ ქონების დაზღვევა არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი ყველა ბიზნესის გამართულად ფუნქციონირებისთვის. რისკებისგან დაცვა სჭირდება როგორც მსხვილ, ისე მცირე და საშუალო ბიზნესსაც.

ჩვენი დაზღვეულები, მიუხედავად უდიდესი ზარალისა, შეუფერხებლად განაგრძობენ ფუნქციონირებას, რადგან ფინანსურ ხარჯებზე დაზღვევამ იზრუნა. მათ არ უწევთ თანხის მოძიება დანგრეულის და განადგურებულის აღსადგენად, მილიონობით ლარის ანაზღაურება მიიღეს პოლისისთვის, რომელშიც თვეში არც ისე დიდ თანხას იხდიან.

გვინდა ეს ამბავი მაგალითი გახდეს ყველა სხვა ბიზნესისთვის, რადგან, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ქონების და ბიზნესის დაზღვევა არც ისე პოპულარული პროდუქტია.

ბიზნესი რისკების გარეშე არ არსებობს, დაზღვევა კი ფინანსური რისკებისგან დაცვის ყველაზე მყარი და უტყუარი გარანტიაა. რაც არ უნდა მოხდეს, იცი, რომ მიყენებულ ზარალს აგინაზღაურებენ და შენ მშვიდად შეგიძლია განაგრძო საქმიანობა“.

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობისგან დაზარალებულ ბიზნესებს წელს ჯამში 6 მილიონი ლარის ზარალი აუნაზღაურა. „ჯიპიაისგან“ ანაზღაურება 79-მა ბიზნეს კომპანიამ მიიღო.

ბიზნესის ქონებრივი რისკების დაზღვევა მოიცავს როგორც უძრავ და მოძრავ ქონებას, მარაგების ჩათვლით, ისე – მანქანა-დანადგარების, პასუხისმგებლობისა და საქმიანობის შეფერხების (მიუღებელი მოგება) დაზღვევასაც.

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ პროდუქტი ხელმისაწვდომია და ფასი ინდივიდუალურად, ბიზნესის საჭიროებებიდან და ზომიდან გამომდინარე ითვლება.

„ჯიპიაის ჰოლდინგის“ ქონების დაზღვევით საქართველოში 5000-ზე მეტი კომპანია სარგებლობს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 24 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 24 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 013 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 200]
  • ტანკი – 10 966 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 22 879 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 29 511 ერთეული [+21]
  • MLRS – 1 424 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 188 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 416 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 337 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 41 915 ერთეული [+198]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 388 ერთეული [+12]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 52 961 ერთეული [+100]
  • სპეცტექნიკა – 3 920 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 24 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 663 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 65 137 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 611 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 029 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 572 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 26 545 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 37 225 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რატომ ითხოვს პროკურორი თორნიკე გოგეშვილი მზია ამაღლობელის პატიმრობას – ვიდეო

რატომ ითხოვს პროკურორი გოგეშვილი მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვებას

დღეს, 23 ივნისს, მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარმოადგინა ციხეში ჩატარებული სამედიცინო კვლევის შედეგები – „ფორმა 100“, რის მიხედვითაც ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელმა საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ცალ თვალში საერთოდ დაკარგა მხედველობა, მეორე თვალში კი მხედველობა დაუქვეითდა 10%-მდე.

ამის მიუხედავად პროკურორი თორნიკე გოგეშვილი ამტკიცებს, რომ მზია ამაღლობელის გათავისუფლება საფრთხის შემცველია და განმეორებით დანაშაულს [სილის გაწნა] ჩაიდენს.

პროკურორმა გოგეშვილმა ამ მოტივით ისევ მოითხოვა დღეს მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება, ხოლო მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პროკურორის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

„მზია ისეთივე ტყვეა, როგორი ტყვეც ასლან აბაშიძეს ჰყავდა“- ადვოკატი მაია მწარიაშვილი

„მზია ისეთივე ტყვეა, როგორი ტყვეც ასლან აბაშიძეს ჰყავდა [გულისხმობს თენგიზ ასანიძეს] და არაფრის ძალით არ ათავისუფლებდა“- განაცხადა მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა 23 ივნისს, სასამართლო სხდომის შემდეგ მედიასთან საუბრისას.

23 ივნისს, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ხელახლა განიხილა აღკვეთის საკითხი და მზია ამაღლობელი ისევ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა თქვა, რომ ყველა ჯერზე აქვს მოლოდინი, რომ სასამართლო ამდენ უსამართლობას ვეღარ დაძლევს, თუმცა ყველა ჯერზე იმედგაცრუებულია:

„ყველა ჯერზე მაქვს რაღაც პროფესიული მოლოდინი, რომ ადამიანი ამას უკვე ვეღარ იზამს, აი, ამას ვეღარ დაძლევს, ასეთ უკანონობაზე ვეღარ წავა, მაგრამ ყველა ჯერზე იმედგაცრუებული ვარ. სასამართლო მოიქცა ისე, როგორც იქცევა ყველა სასამართლო ამ ქვეყანაში და დატოვა მზია ამაღლობელი პატიმრობაში.

აი, მე გამახსენდა ასლან აბაშიძე, რომელსაც ჰყავდა ტყვე და არაფრის ძალით არ უშვებდა, აი, ასეთი ტყვეა მზია ამაღლობელი.

მოსამართლემ თქვა, ამ კატეგორიის საქმეებზე პატიმრობის გადაწყვეტილებას ვიღებთო, ეს არის სამართლებრივად უდიდესი აბსურდი, იმიტომ, რომ აღმკვეთისთვის არა აქვს მნიშვნელობა დანაშაულს, ბათუმის საქმეა იმავე კვალიფიკაციით, სადაც ბრალდებული გირაოთი ჰყავთ გაშვებული“.

შერჩევით სამართალზე საუბრისას ადვოკატს ჰკითხეს ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის, გელა გელაძის მამის მიერ ჩადენილი დანაშაულისა და მისი გირაოთი გათავისუფლების შესახებ. შს მინისტრის მამამ, პოლიციელმა დავით გელაძემ, 18 წლის ბიჭი დაჭრა, სასამართლომ კი ის 15-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

„დიახ, ამ შემთხვევაში გამოიყენა გირაო სასამარლომ, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა ითხოვდა პატიმრობას და რისი ნიშანია ეს? – რა თქმა უნდა, ამას დიდი გამოცნობა არ სჭირდება. აი, იმის ნიშანია, რაც ხდება დღეს ჩვენს მართლმსაჯულებაში, როგორც გაუხარდებათ ისე ჭრიან და კერავენ. გასაგებია, რომ ეს ლამაზი თვალების გამო არ არის და ამის უკან სხვადასხვა ინტერესია. ახსნაც უხერხულია, ზედაპირზე დევს.

მზიამ, ასე ვთქვათ, ერთხელ მსუბუქად გაულაწუნა ბატონ დგებუაძეს და დღემდე იმყოფება ტყვეობაში, მაშინ როდესაც ეს საქმე და სხვა არაერთი საქმე, რაც უფრო მძიმე შემთხვევა იყო… მე ვიცი ბათუმში იმავე კვალიფიკაციის საქმე, სადაც შორს რომ არ წავიდეს სამართალწარმოება, გირაო გამოიყენეს, იმავე კვალიფიკაციით, იმავე მუხლის შემთხვევაში, იქ კაცია. კაცი გირაოთი გამოუშვეს გარეთ, მზია ქალია და ამასთან – პირადი ტყვეა“.

ადვოკატმა ასევე განმარტა, რატომ არ არის მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვების არგუმენტი დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რასაც ასახელებს პროკურორი და ეყრდნობა მოსამართლეც.

„პატიმრობის შეფარდების, შენარჩუნების მტკიცების ტვირთი ევალება პროკურორს და არა დაცვას. საერთოდ რომ არ ჰყავდეს ადვოკატი ბრალდებულს, ბრალმდებელმა უნდა გასწიოს ეს მტკიცების ტვირთი და მტკიცებისთვის მას აქვს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი.

მოსაზრებებს კი არ უნდა გვიზიარებდეს პროკურორი, მე მიმაჩნია, რომ მზია ჩაიდენს დანაშაულსო. პროკურორს რა გონია, არავის არ აინტერესებს, მან მტკიცებულებებით უნდა გასწიოს მტკიცების ტვირთი, მაგრამ უბედურებაც იმაშია, რომ არც სასამართლოს აინტერესებს, პროკურატურა აწევს თუ არა ამ ტვირთს, არც ეკითხება და არც პროკურორი იწუხებს თავს, მანაც იცის, რომ სასამართლო ისედაც გააკეთებს ამას.

ასე რომ, ჩვეულებრივი ფარსია, ახალი და დასაბუთებული არაფერია“ – ამბობს მაია მწარიაშვილი.

ამავე თემაზე: 

შსს-მ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე ვიდეოებით იმანიპულირა – ექსპერტის დასკვნა

მზია ამაღლობელი მოსამართლემ უკანონო პატიმრობაში დატოვა – რეპორტაჟი სასამართლოდან

„შს მინისტრის პოლიციელმა მამამ – დავით გელაძემ 18 წლის ბიჭი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციელი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა. ქალბატონო ნინო, მზია ამაღლობელს ისევ პატიმრობაში ტოვებთ?“- ამ შინაარსის ტრანსპარანტებით დადგნენ დღეს, 23 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს შესასვლელთან ჟურნალისტები და მოქალაქეები.

ბათუმის საქალაქო სასამართლო, 23 ივნისი, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი
ბათუმის საქალაქო სასამართლო, 23 ივნისი, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის დაწყებამდე

დღეს, 23 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაცვის მხარის მოწმეების მოსმენის გარდა, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხიც განიხილა: მოსამართლეს დღესაც შეეძლო მზია ამაღლობელი პატიმრობიდან გაეთავისუფლებინა, მაგალითად, გირაოს სანაცვლოდ, ან იგი საერთოდ აღკვეთი ღონისძიების გარეშე დაეტოვებინა, თუმცა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელი ისევ უკანონო პატიმრობაში დატოვა.

მთელი პროცესის განმავლობაში მზია ამაღლობელი ბრალდებულისთვის განკუთვნილ ადგილზე ფეხზე იდგა, პერიოდულად კი, რამდენიმე ნაბიჯით უახლოვდებოდა ან შორდებოდა დარბაზს.

„როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“- დღესაც ხელში ეჭირათ ეს წიგნი დარბაზში. სწორედ ამ სიმბოლური დატვირთვის მქონე წიგნით ხელში გამოჩნდა მზია ამაღლობელი თავის პირველ სასამართლო პროცესზე.

„თავისუფლება მზიას!“- რამდენჯერმე გაისმა მოქალაქეების ხმა სასამართლოს შენობის გარეთ, ვიდრე მოსამართლე საქმის განხილვას შეუდგებოდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩის მოადგილე, ასევე დანიის, პოლონეთისა და ჩეხეთის საელჩოების წარმომადგენლები.

„ცეცხლი ოლიგარქიას“- ომახიანად მიაძახეს დარბაზიდან მოქალაქეებმა მზია ამაღლობელის საქმის პროკურორს, თორნიკე გოგეშვილს, ვიდრე იგი სხდომათა დარბაზში პროკურორისთვის განკუთვნილ ადგილს დაიკავებდა.

დღეს სასამართლო სხდომაზე სასამართლოს ჩვენება მისცა აკაკი გვიანიძემ. ის ბათუმის საკრებულოს წევრი და პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეა – აკაკი გვიანიძე 11 იანვარსაც აქციაზე იყო, როცა მშვიდ სიტუაციაში პოლიციელებმა მოულოდნელად ძმები გაბაიძეების დაკავება გადაწყვიტეს და საპოლიციო ჭყლეტა მოაწყვეს.

აკაკი გვიანიძის თქმით, 11 იანვრის საღამოსაც საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ.

„…ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დააკავეს ციალა ქათამიძე. ამას მხოლოდ მე კი არა, ამბობს უწყვეტი ვიდეოკადრი – დააკავეს დეპარტამენტის შესასვლელთან სტიკერის დაკვრისთვის. ჩვენ ვკითხულობდით: რატომ დააკავეთ? მე ეს ვკითხე გრიგოლ ბესელიასაც, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს…“ – უთხრა აკაკი გვიანიძემ მოსამართლეს და მერე ისიც აღწერა, როგორ აკავებდნენ ადამიანებს მხოლოდ შეკითხვის დასმის გამო.

„პოლიციამ გამოავლინა სრული არაკომპეტენტურობა – უცებ მოგვაწვებოდნენ, აწყობდნენ ჭყლეტას…“- თქვა მოწმემ.

აკაკი გვიანიძე. მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომა, 23 ივნისი

აკაკი გვიანიძის თქმით, როდესაც გაათავისუფლეს აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული ქალები, ცნობილი გახდა „ცუდი ამბავი“: აქციაზე დაკავებულ კაცებს, მათ შორის, ბათუმელ მედროშეს და ქართველი მუჰაჯირების შთამომავალს, პოლიციის დეპარტამენტში სცემდნენ.

მოწმემ თქვა ისიც, რომ პოლიციელებისგან ამ დროს ვერც ის გაიგო, სად, რომელ იზოლატორში გადაიყვანეს აქციაზე დაკავებულები.

„უცებ გამოვარდნენ პოლიციელები, მანამდე არავითარი დაპირისპირება არ იყო… ვიღაცას აკავებენ, ჭყლეტა მოაწყვეს… მოწმენდილ ცაზე გამოვარდა გრიგოლ ბესელია და რა ხდებაო, კითხულობს. ვუთხარი, თქვენ გამოვარდით და ჩვენ გვეკითხებით-მეთქი?!

თუ ვინმე პროვოცირებდა იმ დღეს, პროვოცირებდა პოლიცია.

მაგალითად, აქციის მონაწილეს მიაყენეს შეურაცხყოფა, მივმართეთ იქვე პოლიციელებს და 112-ში დარეკეთო… ერთმა პოლიციელმა გვითხრა- „თქვენი ევროპაო“… რას ნიშნავს „თქვენი ევროპა“? სხვათა შორის, ეს პოლიციელი [დავით ათაბეგაშვილი – აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე] ბელარუსში დაუნიშნავთ, სწორად შეურჩევიათ ისე ქვეყანა,“- აღნიშნა მოწმემ.

მოწმის თქმით, აქციის მონაწილეებს არავითარი შეურაცხყოფა პოლიციელებისთვის არ მიუყენებიათ და რადგან სტიკერის გაკვრის გამო პოლიციას არავის დაკავების უფლება არ ჰქონდა, შსს-მ შეთხზა ამბავი, გააყალბა საქმის მასალები და თქვა, რომ აქციის მონაწილეები, მათ შორის, მზია ამაღლობელი, ანუ სტიკერის გაკვრის გამო კი არა, თითქოს პოლიციელების შეურაცხყოფის გამო დააკავეს.

მოწმეების ჩვენებების მიხედვით, 11 იანვრის აქციაზე პოლიციელებმა მოაწყვეს საპოლიციო ჭყლეტა, უსაფუძვლოდ და უკანონოდ დააკავეს მოქალაქეები, ხოლო შემდეგ პოლიციელები არც კი პასუხობდნენ მოქალაქეების, მათ შორის, მზია ამაღლობელის შეკითხვას: „რატომ დააკავეთ?“ სწორედ ამ ვითარებაში დააკავეს სისხლის სამართლის წესით მზია ამაღლობელი.

პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა ყურადღება გაამახვილა აქციის მონაწილე თათია აბულაძეზე, რომელმაც პოლიციის დეპარტამენტთან მისვლამდე, ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოსთან პოლიციელ გოჩა ვანაძეს ქურთუკზე მიაკრა სტიკერი – „იფიცება საქართველო“.

პროკურორმა იკითხა, რატომ გამოუცხადეს აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა თათია აბულაძეს, რომელმაც პოლიციელს მიაკრა სტიკერი.

„ეს იყო არა მოქალაქისგან პოლიციელზე სტიკერის მიკვრა, არამედ კურსელის მოქმედება კურსელისადმი,“ – უპასუხა პროკურორს აკაკი გვიანიძემ. მისი თქმით, ის, თათია აბულაძე და პოლიციელი გოჩა ვანაძე თანაკურსელები არიან.

პროკურორმა ასევე იკითხა, რატომ მოაწყვეს პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელის ბლოკირება აქციის მონაწილეებმა.

„რა იყო ბლოკირებული – ერთი მხრიდან იჭერდნენ, მეორე მხრიდან – გაჰყავდათ,“- დარბაზიდან მიაძახეს პროკურორს.

მოსამართლე ნინო სახელაშვილი

ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა გააპროტესტა ტერმინი „ბლოკირება“ – სამართლებრივად ბლოკირება სხვა სახის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, ეს ფაქტი კი არ დასტურდება.

„გამორიცხავთ, რომ მაგალითად, იმ გოგოს მიეყენებინა შეურაცხყოფა პოლიციელისთვის, რომლის დაკავებაც თქვენ არ დაგინახავთ?“- მიუბრუნდა მოწმეს პროკურორი.

„არ ყოფილა შეურაცხყოფა, გავიგონებდი… ახლა ყურში თუ ჩაუჩურჩულა, არ ვიცი“, – აკაკი გვიანიძის ამ პასუხზე დარბაზში ჩაეცინათ.

„ყოველ წამს და ყოველ წუთს ადევნებდით თვალს? ყველა მათგანს ვგულისხმობ, ვის დაკავებასაც თქვენ შეესწარით,“- ისევ იკითხა პროკურორმა.

„მე დავინახე, რომ ტყუილად დააკავეს მზია ამაღლობელი, ტყუილად დააკავეს ციალა ქათამიძე, მათე ცენტერაძე, თემურ ქათამაძე“ – ხმამაღლა გაუმეორა პროკურორებს აკაკი გვიანიძემ.

დღევანდელ სხდომაზე ასევე გამოიკვლიეს დაცვის მხარის წერილობითი მტკიცებულებები: მაგალითად, სამედიცინო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც მზია ამაღლობელს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში შეყვანის დროს აღენიშნებოდა სხეულზე დაზიანებები, მათ შორის – „მოლურჯო-მოყვითალო ფორმის სისხლნაჟღენთები მხრის არეში“.

ამავე საქმეშია ადვოკატ მაია მწარიაშვილის წერილი, როცა მან გენპროკურორს მიმართა და პოლიციელების მიერ უფლებამოსილების გადამეტების და სხვა უკანონო მოქმედების გამო რეაგირება მოსთხოვა – დღემდე მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის გამო, მათ შორის, როცა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა – არავინ დასჯილა.

„ერთი თვალის გარჩევადობა უკვე სინათლე-სიბნელის დონეზეა,“- მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა და ექიმის ის დასკვნა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც მზია ამაღლობელის მხედველობა მისი დაპატიმრების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუარესდა.

„თქვენ აბრმავებთ და აწამებთ ადამიანებს“- დარბაზიდან წამოიძახა ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა.

მოსამართლემ რეპლიკის ავტორი ფეხზე წამოაყენა. გელა მთივლიშვილმა ხმამაღლა გაუმეორა მოსამართლეს:

„აბრმავებთ და აწამებთ ადამიანებს!“

„შენიშვნას გიცხადებთ“- მიმართა ჟურნალისტს მოსამართლემ.

საქმეშია შეტყობინებაც, როცა მზია ამაღლობელმა დაკავების დღესვე სახალხო დამცველს უთხრა, როგორ აღმოჩნდა პოლიციის დეპარტამენტის შენობაში ძალადობის და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.

რაც შეეხება აღკვეთი ღონისძიების შეცვლას – დღევანდელ სხდომაზე პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა თქვა, რომ არსებითი, ახალი გარემოება არ გამოვლენილა.

„ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს“- თორნიკე გოგეშვილის ამ ფრაზას დარბაზიდან წამოძახილები მოჰყვა – „კარგით, რა!“

მზია ამაღლობელის რეაქცია პროკურორის სიტყვებზე, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების შემთხვევაში მზია ამაღლობელმა შესაძლოა კვლავ ჩაიდინოს დანაშაული

„ეს არის მახინჯი პრაქტიკა, ჩვენ ვმსჯელობთ, რომ ორჯერ-ორი არის ოთხი“ – მოსამართლეს მიმართა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ახალი გარემოების არსებობის შემთხვევაში, ადვოკატებს შეეძლოთ თავად მიემართათ სასამართლოსთვის და მოეთხოვათ აღკვეთის შეცვლა, ხოლო როცა სასამართლო გადახედავს აღკვეთის ღონისძიებას, პროკურატურამ კონკრეტულად უნდა დაასაბუთოს, რომ მხოლოდ პატიმრობაა ერთადერთი გამოსავალი.

„ამ უკანონობის გამოძიების დრო მოვა,“ – პროკურორებს გახედა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა და შემდეგ მოსამართლეს მიუბრუნდა – სამწუხაროდ, ამ მახინჯ პრაქტიკას სასამართლო ამკვიდრებსო.

„მზია ამაღლობელი არის ჩვეულებრივი ტყვე“- განაცხადა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა და იქვე დასძინა, რომ მოსამართლისგან არც ამჯერად ელის სამართლიან გადაწყვეტილებას.

მოსამართლეს ბოლოს მზია ამაღლობელმა მიმართა:

„სიმართლე გითხრათ, სხდომიდან სხდომამდე ისე ვითარდება პროცესები ქვეყანაში, რომ ჩემს პატიმრობაზე მსჯელობა კი არა ფიქრიც კი მიჭირს, იმიტომ, რომ ყოველდღე, ზუსტად იმ მოტივით, რა მოტივითაც დღეს მე აქ ვარ, ანუ პოლიტიკური მოტივით, იჭერენ სტუდენტებს, მარტოხელა დედაც კი დააკავეს, ჩემი სოლიდარობა სინდისის პატიმრებს.

მე მოწყალებას არ ვითხოვ, ქალბატონო მოსამართლევ, რასაც სამართლიანობა მოითხოვს, ისე მოიქეცით.

სიმართლე გითხრათ, უფრო სასჯელის მოლოდინში ვარ და ალბათ მათე დევიძეს რომ მიუსაჯეს, იმაზე მეტის მოლოდინში ვარ, იმიტომ კი არა, რომ მისაღებია, იმიტომ, რომ დღეს ასეთი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ ხართ და არა მგონია, რომ თქვენ მოსამართლეობა იმისთვის გინდოდათ, რომ რეჟიმის და ოლიგარქის ხელისუფლებას ემსახუროთ,“ – უთხრა მოსამართლეს მზია ამაღლობელმა.

დაცვის მხარეს სასამართლოში ამ საქმეზე კიდევ რამდენიმე მოწმე დარჩა წარმოსადგენი. სასამართლო ასევე მოუსმენს თავად მზია ამაღლობელის ჩვენებას, რომლის შემდეგაც მხარეებმა უკვე დასკვნითი სიტყვები უნდა თქვან.

„მზია ამაღლობელის“ საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოში 4 ივლისს გაგრძელდება.

  • რა ხდება?

მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. მას სილის გაწვნის გამო პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. იგი უკვე 5 თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია.

უფლებადამცველების და კვალიფიციური იურისტების შეფასებით, მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია, რადგან სილის გაწვნა არათუ თავდასხმა არ არის, არამედ საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. ამასვე ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა საქართველოში. 

პროკურატურა მზია ამაღლობელის საქმეზე კიდევ 8 მოწმის წარმოდგენას აპირებდა სასამართლოში, თუმცა პროკურორებმა გადაწყვიტეს, რომ სასამართლოს მიერ დამტკიცებული ნუსხით გათვალისწინებული პოლიციელების დაკითხვა საჭირო აღარ არის. პროკურატურის მიერ ჩახსნილ მოწმეებს შორის იყო, მაგალითად, პოლიციელი ვლადიმერ ჩიტაია, რომელმაც გურიის პოლიციის უფროსს უპატაკა, რომ მზია ამაღლობელი „იღებდა ინსტრუქციებს“ და „თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილიო“. მის დაკითხვაზეც პროკურატურამ უარი თქვა.

მანამდე კი, სასამართლო სხდომებზე მოწმის სახით დაკითხული პოლიციის მაღალჩინოსნები ადვოკატებმა სიცრუეში ამხილეს. მაგალითად, დაზარალებულად ცნობილი ირაკლი დგებუაძის ერთმა მოადგილემ გოჩა ვანაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ მზია ამაღლობელი პოლიციელების შეურაცხყოფის გამო დააკავეს, მეორე მოადგილე გიორგი ბჟალავამ კი თქვა, რომ მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს.

ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილი ბათუმის პოლიციის უფროსი – ირაკლი დგებუაძე 8 მაისს დაკითხეს. ირაკლი დგებუაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ ტკივილი განიცადა.

მნიშვნელოვანი გარემოება ირაკლი დგებუაძის ჩვენებიდან: დაკითხვის დროს ირაკლი დგებუაძე იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ პოლიციელი, რომელიც მზია ამაღლობელს აგინებს და ემუქრება, თვითონ არის. „სისხლით დავიჭერ… ბო**შვილი ვიყო,” – ისმის ვიდეოში, რომელიც 12 იანვარს, მზია ამაღლობელის დაკავების მომენტს ასახავს. დაკავებულ ქალს, რომელიც ორ პოლიციელს მიჰყავს, ირაკლი დგებუაძე უკან მისდევს და აგინებს.

ირაკლი დგებუაძის მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არაფერი დაუდგენია – ირაკლი დგებუაძეს მზია ამაღლობელი და პროევროპული აქციის მონაწილე სხვა პირები 2025 წლის 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე დაკავების შემდეგ არაადამიანურ მოპყრობასა და ძალადობაში ადანაშაულებენ.

28 აპრილს გამართულ მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე კი, სასამართლომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსის, გრიგოლ ბესელიას ჩვენება მოისმინა. სხვა პოლიციელების მსგავსად, გრიგოლ ბესელიაც ამხილეს სიცრუეში მზია ამაღლობელის ადვოკატებმა.

მაგალითად, გრიგოლ ბესელიამ დაკითხვის დროს თქვა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 150-ე მუხლითაც, მაშინ, როცა ჩვენების მიცემის დროს – 2025 წლის 28 აპრილს მსგავსი ოქმი საერთოდ არ არსებობდა.

გრიგოლ ბესელიას ამ ჩვენებიდან 2 დღის შემდეგ – 2025 წლის 30 აპრილს პოლიციელმა ნოდარ ზენაიშვილმა [მან ცრუ ჩვენება ერთხელ უკვე მისცა მზია ამაღლობელის იმ ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელიც გაყალბებულია] დაწერა პატაკი მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.

მზია ამაღლობელი სტიკერის გამო ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკვე მეორედ გაასამართლა. გაყალბებული ოქმის და საქმის მასალების მიუხედავად, მზია ამაღლობელს ჯერ მოსამართლე სალიხ შაინიძემ შეუფარდა 2 000 ლარი ჯარიმის გადახდა, შემდეგ კი, მოსამართლე მარიანა ფომაევამ დააჯარიმა 1000 ლარით.

შსს-მ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეში წარმოადგინა ვიდეო ჩანაწერი, რომელსაც მოსამართლე სალიხ შაინიძე დაეყრდნო. ამ ვიდეო ჩანაწერში არსად ჩანს მზია ამაღლობელის მიერ სამართალდარღვევის ჩადენა, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ კვალიფიციური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ეს ვიდეო მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლების შემდეგაა გადაღებული.

მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე შოთა სირაძემ.

ამ თემაზე:

შსს-მ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე ვიდეოებით იმანიპულირა – ექსპერტის დასკვნა

არა მგონია, მოსამართლეობა ოლიგარქის სამსახურისთვის გინდოდათ – მზია ამაღლობელი მოსამართლეს

„სიმართლე გითხრათ, სხდომიდან სხდომამდე ისე ვითარდება პროცესები ქვეყანაში, რომ ჩემს პატიმრობაზე მსჯელობა კი არა, ფიქრიც კი მიჭირს, იმიტომ, რომ ყოველდღე, ზუსტად იმ მოტივით, რა მოტივითაც დღეს მე აქ ვარ, ანუ პოლიტიკური მოტივით, იჭერენ სტუდენტებს, მარტოხელა დედაც კი დააკავეს,  ჩემი სოლიდარობა სინდისის პატიმრებს.

მე მოწყალებას არ ვითხოვ, ქალბატონო მოსამართლევ, რასაც სამართლიანობა მოითხოვს, ისე მოიქეცით.

სიმართლე გითხრათ, უფრო სასჯელის მოლოდინში ვარ და ალბათ მათე დევიძეს რომ მიუსაჯეს, იმაზე მეტის მოლოდინში ვარ, იმიტომ კი არა, რომ მისაღებია, იმიტომ, რომ დღეს ასეთი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ ხართ და არა მგონია, რომ თქვენ მოსამართლეობა იმისთვის გინდოდათ, რომ რეჟიმის და ოლიგარქის ხელისუფლებას ემსახუროთ“ – უთხრა დღეს, 23 ივნისს, მზია ამაღლობელმა მოსამართლე ნინო სახელაშვილს.

დღეს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ხელახლა განიხილა აღკვეთის საკითხი და მზია ამაღლობელი ისევ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. 

ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 23 ივნისს, 13:00 საათზე განახლდა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დაცვის მხარის მოწმე, აკაკი გვიანიძე დაკითხა. ის აქციაზე იმყოფებოდა იმ ღამეს, როცა მზია ამაღლობელი დააკავეს.

მოწმე დეტალურად მოუყვა სასამართლოს როგორ ვითარდებოდა მოვლენები ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან 11- 12 იანვარს, როცა მზია ამაღლობელი დააკავეს.

მზია ამაღლობელი გამოცემების –  „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია.

მას სილის გაწვნის გამო პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მზია ამაღლობელი თითქმის 6 თვე უკანონო პატიმრობაშია.

„ერთ თვალში მხედველობა აქვს 10 %, მეორეში – 0,04-ია“ – მზია ამაღლობელის ადვოკატი

მზია ამაღლობელს, რომელიც 163 დღე უკანონო პატიმრობაშია, მხედველობა მკვეთრად დაუქვეითდა.

„ვივამედში“ ჩატარებული კვლევის შედეგები მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე გაასაჯაროვა.

„ვივამედში“ 6 თებერვალს ჩატარებული კვლევის თანახმად, მზია ამაღლობელს მარჯვენა თვალში შეუმცირდა მხედველობა და 10%-მდე ჩამოვიდა.

სათვალით კორექციის შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ 40 %-მდე. მაშინ, როდესაც დაკავებამდე ფორმა 100-ით, სათვალის შემთხვევაში ჰქონდა მას შანსი 90 %-მდე გაეზარდა.

ახლა ამის შანსი აღარ აქვს. ხოლო მარცხენა თვალში მისი მხედველობა გახლავთ 0,04 -ია (4 %). შესაბამისად, მზია ამაღლობელის მარცხენა თვალის გარჩევადობა ფაქტობრივად სინათლე-სიბნელის ტოლია“, – თქვა 23 ივნისს გამართულ სასამართლოს ხდომაზე მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა.

ადვოკატის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც კლინიკა “ვივამედში” ჩატარებულ კვლევებს ეყრდნობა, მარცხენა თვალიდან მზია ამაღლობელი პრაქტიკულად ვეღარ ხედავს.

მამუკა ხაზარაძეს 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს, ზურა ჯაფარიძეს – 7 თვით

დღეს, 23 ივნისს, პარტია „ლელოს“ დამფუძნებელსა და ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს მოსამართლე ზვიად შარაძემ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. მან განაჩენი ცარიელ დარბაზში გამოაცხადა.

ასევე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ცარიელ დარბაზში გამოაცხადა ზურა გირჩი ჯაფარიძის განაჩენიც. მას 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესს არც ჯაფარიძე დასწრებია და არც მისი ახლობლები. ჯაფარიძეს 2 წლით საჯარო თანამდებობის დაკავებაც აეკრძალა.

ზურაბ ჯაფარიძე, ისევე როგორც სხვა არაერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, დააკავეს „ქართული ოცნების” მიერ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაში არმონაწილეობის გამო.

პოლიტიკოსები ამ პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ და სხდომაზე არ მივიდნენ. კომისია ენმ-ის ხელისუფლების დროს მომხდარი ფაქტების გამოსაძიებლად შეიქმნა, ზურაბ ჯაფარიძეს კი წინა მთავრობის დროს არავითარი პოსტი არ ეკავა. მას არც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო არ გადაუხდია.

ორივე მათგანს, როგორც ზურა გირჩი ჯაფარიძეს, ასევე მამუკა ხაზარაძეს, თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებოდნენ. 

პროკურატურამ ე.წ. „წულუკიანის კომისიაზე“ გამოუცხადებლობის გამო მამუკა ხაზარაძეს ბრალდება პირველ აპრილს წარუდგინა. სასამართლომ მას აღკვეთის სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რომელიც ხაზარაძემ დათქმულ ვადაში გადაიხადა. ის მეორედ დაიბარეს.

ამ მონაცემებით, საქართველოში ოპოზიციური პარტიების 5 ლიდერი ციხეში ხვდება – დაკავება ემუქრება მამუკა ხაზარაძეს და უკვე დაკავებულნი არიან: ზურა გირჩი ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ირაკლი ოქრუაშვილი. 

განაჩენის გამოცხადებამდე „ლელომ“ ბრიფინგი გამართა.

„მე და ბადრი ვიყავით პირველები, რომლებმაც განვაცხადეთ უარი კომისიაზე მისვლაზე და მას მერე დაიწყო პოლიტიკური დევნა. თქვენ იცით, რომ მეორეჯერ დაგვიბარეს. აქაც ძალიან მკაფიო პასუხი მიიღეს – ჩვენ არ ვაპირებთ მეორეჯერ, მესამეჯერ და მეტჯერ არალეგიტიმურ კომისიაში მონაწილეობის მიღებას. ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური და ჩვენი მხრიდან ის არასოდეს იქნება აღიარებული. არ არსებობს ძალა, რომელიც ჩვენს შემართებას, სულისკვეთებასა და ბრძოლას ან ტემპს მოაკლებს, ან რაღაც კომპრომისზე წაიყვანს.
რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ დღეს, ძალიან მკაფიოდ ვუგზავნი ამას ბიძინა ივანიშვილს – არ არსებობს ძალა, რომ მე და ჩემს გუნდს შენი შეგვეშინდეს. ეს ბრძოლა არის თავისუფლებისთვის, თავისუფალ სამყაროსთან ინტეგრაციისთვის და არა ისეთი ქვეყნებისთვის, რომლის ლიდერების პანაშვიდებზე შენ ე.წ. პრემიერ-მინისტრს აგზავნი. 5 წელი დაგვდევდი, რომ 12-წლიანი მუხლით მოგესაჯა არ დაგვიტოვებია ქვეყანა და არც ახლა ვაპირებთ. ამ ბრძოლას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ. ჩემი სოლიდარობა ზურა ჯაფარიძეს”, – ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ “ლელოს” ოფისში გამართულ ბრიფინგზე მანამდე განაცხადა, სანამ მოსამართლე მას 8-თვიან პატიმრობას მიუსჯიდა.

წულუკიანის კომისია 2 ივლისის სხდომაზე მეორედ იბარებს გიორგი გახარიას.

კომისიის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს გახარიას წინააღმდეგ პროკურატურისთვის დღესვე მიმართვას და თქვეს, რომ კომისიის უფლებამოსილების ამჟამინდელი ვადის გათვალისწინებით, მას მაქსიმალურ დროს აძლევენ ქვეყანაში დასაბრუნებლად და სხდომაზე მეორედ მისასვლელად.

პარტია „საქართველოსთვის“ ცნობით, მათი ლიდერი ქვეყანაში არ იმყოფება და კომისიას დისტანციურად ჩართვა შესთავაზა. კომისიამ მას დისტანციურ გამოკითხვაზე უარი უთხრა.

„ოცნება“ და მისი სატელიტი ისევ ევროკავშირის ელჩს ესხმიან თავს

დღეს, 23 ივნისს, „ოცნების“ პრემიერის, ირაკლი კობახიძისა და „ოცნების“ სატელიტი პარტიის, „ხალხის ძალის“ კრიტიკის სამიზნე ისევ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი გახდა.

„ხალხის ძალა“ ფეისბუქზე ვრცელი სტატუსით გამოეხმაურა პაველ ჰერჩინსკის ინტერვიუს „ბათუმელებთან“ და მას „ე.წ. ელჩი“ და „დიფ სთეითის აგენტი“ უწოდა.

„საქართველოში ევროკავშირს წარმოადგენს ადამიანი, რომელიც სრულად დაცლილია იმ ევროპულობისა და ევროპული ღირებულებებისგან, რასაც უნდა წარმოადგენდეს, ისევე, როგორც მისი პატრონი, „დიფ სთეითის“ მიერ მართული ოფიციალური ბრიუსელი.

ევროკავშირის ბიუროკრატიამ კარგა ხანია ჩამოიხსნა ნიღაბი და „დიფ სთეითის“ დავალებით, უკვე ღიად ებრძვის საქართველოს სუვერენიტეტს“ – წერს „ხალხის ძალა“.

განცხადების თანახმად, როგორც ჩანს, „ხალხის ძალა“ გააღიზიანა იმანაც, რომ პაველ ჰერჩისნკიმ ინტერვიუში მზია ამაღლობელზე ისაუბრა. „ხალხის ძალა“ გადასწვდა ევროპარლამენტის რეზოლუციასაც და მას „კატასტროფული რეზოლუცია“ უწოდა.

„ ნებისმიერი სახელმწიფო პაველ ჰერჩინსკის მსგავს ანგაჟირებულ, „დიფ სთეითის“ აგენტ, არასასურველ პირს დიდი ხნის წინ გააძევებდა ქვეყნიდან, მაგრამ არსებული ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ შეგნებულად არ ვითხოვთ მის გაძევებას, რადგან მსგავსი გადაწყვეტილება პოზიტიური შედეგის მომტანი ვერ იქნება, ვინაიდან ევროპული ბიუროკრატია იმდენად სავალალო მდგომარეობაშია, ჰერნჩინსკის ნაცვლად შესაძლოა ბევრად უარესი კადრი მოავლინონ „ელჩად“ – წერს „ოცნების“ სატელიტი პარტია განცხადებაში.

დღესვე, 23 ივნისს, „ოცნების“ პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ „ჰერჩინსკი ტრაგიკული პიროვნებაა“.

„ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება, მას არ აძლევენ ელჩად მუშაობის საშუალებას. ეს არის ჩემი მკაფიო შეფასება. ის აიძულეს ჩარეულიყო დემოკრატიულ არჩევნებში საქართველოში, როდესაც პირდაპირ გამოხატა საკუთარი პოზიცია საზოგადოების წინაშე. საზოგადოებას მოუწოდა, გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და ხმა მიეცათ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ. ჩვენ ბატონ ჰერჩინსკისთანაც ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში და ეს რეჟიმი გაგრძელდება“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

პაველ ჰერჩინსკიმ „ბათუმელებთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს არ მიატოვებს და ვინც არ უნდა დაიკავოს საქართველოში ევროკავშირის ელჩის პოსტი, იგი იმავეს გააკეთებს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა „ოცნება“ პაველ ჰერჩინსკის ესხმის თავს.

ამავე თემაზე: 

„საქართველოს არ მივატოვებთ. ვინც არ უნდა შემცვალოს, იმავეს გააკეთებს“ – ინტერვიუ EU-ს ელჩთან

 

 

ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლოს საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან

დღეს, 23 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ესწრებიან ევროკავშირის ელჩის მოადგილე და წარმომადგენლები დანიის, პოლონეთისა და ჩეხეთის საელჩოებიდან.

საელჩოების წარმომადგენლებს სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას სინქრონულად, წერილობით მიეწოდებათ სხდომის თარგმანი.

მზია ამაღლობელის ყველა სასამართლო პროცესს ესწრებიან ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები.

9 ივნისს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ბათუმში დაესწრო დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი, მეორე პოლიტიკური მდივანი, საიმონ კუკი; 16 მაისს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ: პეტერ ფიშერი – გერმანიის ელჩი საქართველოში; ანნა ლიბერგი – შვედეთის ელჩი და მარგე მარდისალუ-კაჰარი – ესტონეთის ელჩი საქართველოში.

ამავე დღეს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს დაესწრო ავსტრიელი ევროპარლამენტარი ლენა შილინგი, რომელიც საგანგებოდ ჩამოვიდა მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად საქართველოში.

4 მარტს სასამართლო სხდომას ესწრებოდა საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი.

  • რა ხდება?

მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი 5 თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია და პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა.

მზია ამაღლობელი რომ ჟურნალისტური საქმიანობის გამო ისჯება, ამას რამდენიმე გარემოება ნათლად აჩვენებს, მაგალითად, გაყალბებული ოქმი, რომლის საფუძველზეც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს.

უფლებადამცველებისა და კვალიფიციური იურისტების შეფასებით, მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია, რადგან ბრალდება უკანონოა და სილის გაწვნა არათუ თავდასხმა არ არის, არამედ საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.

_______________

ფოტო: „ბათუმელები“

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 23 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 23 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 012 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 010]
  • ტანკი – 10 965 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 22 872 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 29 490 ერთეული [+58]
  • MLRS – 1 423 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 188 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 416 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 337 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 41 717 ერთეული [+138]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 376 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 52 861 ერთეული [+127]
  • სპეცტექნიკა – 3 920 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 663 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 64 682 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 611 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 997 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 572 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 26 451 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 37 102 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

გარდაიცვალა უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძე

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა სასამართლოში 23 ივნისს განახლდება

ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 23 ივნისს, 13:00 საათზე განახლდება.

მზია ამაღლობელი გამოცემების –  „ბათუმელები”/,,ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია.

მას სილის გაწვნის გამო პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მზია ამაღლობელი თითქმის 6 თვე უკანონო პატიმრობაშია.

23 ივნისს სხდომაზე მოსამართლე ნინო სახელაშვილი დაცვის მხარის მოწმეებს მოუსმენს.

პროკურატურის მოწმეების დაკითხვა უკვე დასრულდა.

ამავე თემაზე:

„რა ახალი დანაშაული, მეორედ გაარტყამდა სილას?“ – ექს-მოსამართლე დგებუაძისთვის სილის გაწნაზე

ძველი სახლი მერიის წინ, რომელსაც განზრახ ანგრევენ და პასუხი არავინ აგო – „ფრთხილად გაიარეთ“

სახლი, რომელიც საცხოვრებლად უკვე უვარგისია, ბათუმში, მარჯანიშვილის 2-ში მდებარეობს. თუ მიტოვებული სახლის მისაღებში შეხვალთ, მისი ფანჯრიდან ვარდების სკვერს მიღმა – ბათუმის მერის სამუშაო კაბინეტს დაინახავთ.

ბათუმის მერიის წინ ისტორიული სახლი ისე დააზიანეს, რომ უკანონო პროცესი არავის შეუჩერებია. ისტორიული სახლის განადგურებისთვის – ექსპერტიზის კატეგორიული დასკვნის მიუხედავად – არავინ დასჯილა.

ბათუმში, მარჯანიშვილის #2-ში მდებარე ორსართულიანი ძველი კორპუსის ერთი ნაწილი საცხოვრებლად უვარგისი 2015 წლიდან გახდა, მას შემდეგ, როცა ამ სახლის გვერდით – მარჯანიშვილის #4-ში მდებარე ისტორიული სახლი დაანგრიეს და მის ნაცვლად კორპუსი ააშენეს. ახალი კორპუსი მარჯანიშვილის 4-ში იმავე მისამართზე მდებარე სახლის ხუთმა მესაკუთრემ ააშენა, მათ შორისაა, „ქართული ოცნების“ აქტივისტი და ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ – რამაზ თავდგირიძე.

„ვფიქრობ, ის არის ერთ-ერთი მთავარი „გმირი“, სხვა რა ვიფიქრო, აბა?“ – კითხულობს მარჯანიშვილის #2-ში მდებარე ძველი სახლის ერთ-ერთი ბინის მესაკუთრე, თამარ გვაძაბია. იგი უკვე 10 წელია თავის ბინაში ვერ შედის და სამართალს ეძებს.

„შენობა მწვავედ ავარიულია… საკვლევ შენობაზე არსებული დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია მომიჯნავე ნაკვეთზე ჩატარებული სამუშაოებით,“ – შავით თეთრზე ჩაუწერია ექსპერტს დასკვნაში მარჯანიშვილის #2-ში მდებარე ისტორიული სახლის შესახებ. გამოძიება ამ შემთხვევაზე 2017 წელს დაიწყო, თუმცა პროკურატურას ამ დრომდე არავინ დაუსჯია.

სამოქალაქო დავა კი, ბათუმის საქალაქო სასამართლოში უკვე ორი წელი გრძელდება.

„…მარჯანიშვილის #4-ში სახლის ნგრევის დროს შენობის მზიდი კედელი ისე დაზიანდა, რომ ჩვენს ბინაში ცხოვრება საშიში გახდა. ჩვენ თბილისში ვიყავით და შემთხვევით ჩამოვედით იმ დღეს, თორემ საერთოდ დანგრეული დაგხვდებოდა სახლი.

მაშინ დაადასტურეს, რომ მართლაც შექმნეს საფრთხე და თითქოს გასამაგრებელი სამუშაოები ჩატარდა, მაგრამ სპონტანურად და სამშენებლო ნორმების უხეში დარღვევებით იმოქმედეს. ეს დასტურდება ექსპერტიზით,“ – გვიყვება თამარ გვაძაბია, მარჯანიშვილის #2-ში მცხოვრები, რომელსაც ექსპერტიზის დასკვნა აქვს: ბინა საცხოვრებლად უვარგისია.

ბათუმი, მარჯანიშვილის # 2-სა და 4 – ში მდებარე კორპუსები
თამარ გვაძაბიას ბინა მარჯანიშვილის 2-ში
ჩავარდნილი იატაკი მარჯანიშვილის 2-ში მდებარე სახლში – ამ იატაკის ქვევით თაღია და მას საერთო ეზოს 8 ოჯახი იყენებს ბინაში შესასვლელად

„ფრთხილად გაიარეთ“ – თამარ გვაძაბიას მიტოვებული ბინის კარს მისი მეზობელი გვიღებს და კართან ჩერდება. თამარ გვაძაბიას ოჯახი მარჯანიშვილის #2-ში მდებარე ორსართულიანი კორპუსის მეორე სართულზე 130 კვადრატული მეტრი ბინის მესაკუთრეა. უკვე 10 წელია ოჯახი ამ ბინით ვერ სარგებლობს.

ჩავარდნილი იატაკი, დაბზარული კედლები, დეფორმირებული ფანჯრები… განსაკუთრებით გაფიქრებს ის, რომ ამ ბინის კუთხეში ნახევრად ჩავარდნილი იატაკის ქვევით ძველი კორპუსის ქუჩიდან ეზოში შესასვლელი თაღია. ამ თაღის გავლა აუცილებელია იმისთვის, რომ 7 ოჯახი საკუთარ სახლში შევიდეს. აქ, სამეზობლოში გვითხრეს, რომ თაღის ქვეშ შიშით გადაადგილდებიან, ქვაც ჩამოვარდნილა, ახალი კორპუსის აშენების შემდეგ კი, მათ ბინებშიც გაჩნდა ბზარები.

ისტორიულ სახლში შესასვლელი – ბათუმი, მარჯანიშვილის #2

მეზობლები ძველი კორპუსის შესასვლელის – ე.წ. თაღის ზედა ნაწილზე მიგვითითებენ: „ნახეთ, როგორ მოკერეს დანგრეული კედელიო“.

ძველ კორპუსში მცხოვრები ოჯახები ინვესტორს ელიან, თუმცა ამ დრომდე რომელიმე ინვესტორთან შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება. თამარ გვაძაბიას აზრით, სპეციალისტებმა უნდა განსაზღვრონ: არის თუ არა შესაძლებელი ისტორიული სახლის გადარჩენა. ის პასუხს ვერც მერიიდან იღებს, ვერც პროკურატურიდან, უკვე ორი წელია – ვერც სასამართლოდან.

თამარ გვაძაბიას სახლი ახალი კორპუსის გვერდით

„მე ვერ შევდივარ ამ სახლში 10 წელია. ინვესტორი რომც მოვიდეს, რა კავშირშია ეს ამ ზარალთან, რაც მე მივიღე? აუდიტმა დაადგინა ჩვენი ბინის ღირებულება 200 ათასი დოლარი, ამ ზარალის ანაზღაურებას ვითხოვ.

ასევე ვითხოვ მორალურ კომპენსაციას – ჩემი მეუღლე, რევაზ ცინცაბაძე, ამ ბინაზე ნერვიულობას გადაჰყვა 2022 წელს,“ – ამბობს თამარ გვაძაბია.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მიუმართავს თამარ გვაძაბიას სასამართლოსთვის. სასამართლოს ამ საქმეზე ძირითადი სხდომა ჯერ არ ჩაუნიშნავს.

თამარ გვაძაბია გვიყვება, რომ 2015 წლის 21 ივნისს სახლი შეზანზარდა, როცა მეზობლად მძიმე ტექნიკა გამოჩნდა. ძველ სახლში მცხოვრებ ოჯახებს მეზობლად კორპუსის ნგრევა გაუპროტესტებიათ, მაგრამ ძველი, ორსართულიანი კორპუსი მარჯანიშვილის #4-ში იმავე დღეს დაუნგრევიათ.

ამ ნგრევას მიყოლია საერთო კედელი თამარ გვაძაბიას ბინასთან.

„არც უარყოფდნენ, რომ დავზარალდი, გამიყვანეს ქირით, მაგრამ 4 თვეში გვითხრეს, რომ თითქოს აღადგინეს კედელი. სინამდვილეში, სახლი უარესად ავარიული გახდა და ამას მოწმობს ექსპერტიზის დასკვნები, სახლში საერთოდ აღარ იცხოვრება. სამართალს ვერსად ვპოულობ.

მაინცადამაინც 26 მაისის ქუჩის ტრაგედია უნდა დატრიალდეს აქაც?

ამას ისიც დაუმატეს, რომ სახურავს ზემოდან დატოვეს საწრეტი მილები – განზრახ ანგრევენ ამ სახლს.

დანგრევის პირველივე დღეს გამოვიძახეთ პატრული და მერიის წარმომადგენელი, რომ შეეჩერებინათ ნგრევა, მაგრამ მაინც გაგრძელდა ნგრევა, გაგრძელდა რეიდერული მოქმედება, რაც გრძელდება დღემდე. არც დემონტაჟის პროექტი არსებობდა და არც შემდგომი ნებართვა. ეს ახალი კორპუსი დღემდე ჩაუბარებელია… იქ უკვე სასტუმროც მუშაობს, რესტორანიც და სხვა კომერციული ობიექტები.

როგორც ჩანს, მხარს უჭერენ ზემდგომი ორგანოები. არავინ არ დასჯილა ამ ყველაფრის გამო. მერია რომ მფარველობდა მშენებელს, ჩანს იმით, რომ ეს დემონტაჟი და შემდეგ მშენებლობაც იყო უნებართვო.

ბათუმის მერიას არაფერი არ ჰქონდა საძებნი, ყველაფერი მის ცხვირწინ ხდებოდა. სინამდვილეში სურდათ 80 სანტიმეტრით შემოჭრა ჩვენს სივრცეში და შემთხვევით ბინაში რომ არ ვყოფილიყავი, მიითვისებდნენ კიდეც,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თამარ გვაძაბიამ.

„თამარ გვაძაბიას კუთვნილი ბინის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, მისი შემდგომი ექსპლუატაცია დაუშვებელია,“ – აღნიშნულია ექსპერტიზის მიერ 2015 წელს მომზადებულ დასკვნაში.

იმის მიუხედავად, რომ 2015 წელსვე თამარ გვაძაბიას უკვე ჰქონდა ექსპერტიზის დასკვნა, შსს-მ 2017 წელს, როცა ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო, კირიკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმოლოგიისა და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრს დაუკვეთა ექსპერტიზა. დასკვნაში ჩაიწერა, რომ „დაზიანებები გამოწვეულია მის მომიჯნავედ, მარჯანიშვილის #4-ში შესრულებული სადემონტაჟო სამუშაოების გამო“.

მარჯანიშვილის #2-ში მდებარე შენობას ექსპერტიზა 2024 წელსაც ჩაუტარდა. ამჯერად მერიამ კიდევ ერთი ექსპერტიზა დანიშნა სახლის ავარიულობის ხარისხის დასადგენად. „შენობა მწვავედ ავარიულია“ – ჩაიწერა ექსპერტის კიდევ ერთ დასკვნაში. ამ დასკვნაშიც ხაზგასმულია, რომ ავარიულობა სხვადასხვა ფაქტორთან ერთად, განაპირობა „მომიჯნავე ნაკვეთზე ჩატარებულმა სამუშაოებმა“.

თამარ გვაძაბია პროკურატურამ ამ საქმეზე დაზარალებულად 2020 წელს მიიჩნია. თამარ გვაძაბიას ადვოკატის, პაატა გოგალაძის თქმით, პროკურატურას ექსპერტიზის დასკვნების მიუხედავად არ დაუწყია სისხლისსამართლებრივი დევნა. ადვოკატი განმარტავს, რომ ამის მიზეზად პროკურატურა კიდევ ერთ ექსპერტიზას ასახელებს, რომელიც დაახლოებით 3 წლის წინ დაინიშნა და რომელსაც ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი უნდა მოემზადებინა.

„ზიანი უნდა განისაზღვროს, რომ კონკრეტული პირის პასუხისმგებლობა დადგეს… ექსპერტს კი დაუფიქსირებია, რომ ვერ შევა ამ ბინაში და ვერ იმუშავებს, რადგან ეს საფრთხის შემცველია. ეს პროკურატურის პასუხისმგებლობაა – ექსპერტიზის დამნიშნავი არის პროკურატურა, მას უნდა უზრუნველეყო შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება,“ – განუმარტა პაატა გოგალაძემ „ბათუმელებს“.

„ბათუმელებმა“ სცადა რამაზ თავდგირიძესთან დაკავშირება, რომელიც მარჯანიშვილის #4-ში მდებარე კორპუსის ერთ-ერთი მესაკუთრეა და ამავდროულად ხელვაჩაურის საკრებულოს წევრია „ქართული ოცნებიდან“. მან ჩვენს სატელეფონო ზარებს და შეტყობინებას არ უპასუხა.

დავუკავშირდით მარჯანიშვილის #4-ში მდებარე კორპუსის მესაკუთრეების ინტერესების დამცველს, ჯუმბერ ქართველიშვილს, რომელმაც გვითხრა, რომ მესაკუთრეების სურვილის გარეშე ვერ დაგველაპარაკებოდა, შემდეგ კი, ამ კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეს, ჯემალ მელიქიშვილს დაგვაკავშირა. ჯემალ მელიქიშვილმა კომენტარზე უარი გვითხრა, ვიდრე ამ საქმის სასამართლო განხილვა არ დასრულდება.

ჩაბარებულია თუ არა მარჯანიშვილის #4-ში აშენებული კორპუსი და რა გააკეთა ბათუმის მერიამ იმისთვის, რომ ისტორიული სახლის ნგრევა მის თვალწინ შეეჩერებინა? – „ბათუმელების“ კითხვები უპასუხოდ დატოვეს ბათუმის მერიასა და მუნიციპალურ ინსპექციაში.

რატომ არავინ დაისაჯა? – „ბათუმელების“ კითხვა უპასუხოდ დატოვეს საქართველოს პროკურატურაშიც.

Exit mobile version