„ფაქტობრივად, ხელისუფლების ნებისმიერი კრიტიკა, როგორი საფუძვლიანიც არ უნდა იყოს ის, შეიძლება გახდეს ჟურნალისტების და მათ შორის, მოქალაქეების დასჯის საფუძველი“- ამბობს იურისტი, მკვლევარი გურო იმნაძე.
როგორ აპირებს „ოცნება“ გააჩუმოს ყველა, ვინც მაღალჩინოსნების მხილებას დააპირებს? – „ბათუმელები“ მას ამ თემაზე ესაუბრა.
- ბატონო გურო, „ოცნების“ პარლამენტი აპირებს ცვლილებები შეიტანოს კანონში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. გვინდა ნათლად ავუხსნათ საზოგადოებას, რატომ არის ეს ცვლილება სახიფათო და რა ზიანს მიიღებს ამით როგორც საზოგადოება, ასევე მედია?
დიდი ხანია ამ ცვლილებებს აანონსებს „ქართული ოცნება“ და მათი უფრო რადიკალური მხარდამჭერები ამ ცვლილებებს ითხოვენ.
ცვლილების შინაარსი ისეთია, რომ ნებისმიერი სახის კრიტიკა შეიძლება გახდეს სამართლებრივი დავის საფუძველი მოქალაქეების წინააღმდეგ, მოქალაქეს მოუწევს ამტკიცოს კრიტიკის საფუძვლიანობა და სამართლიანობა.
თუკი ამ დრომდე ხელისუფლების მიმართ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები შეიძლება ჩათვლილიყო გამოხატვის თავისუფლებით დაცულ ნაწილად და ამის გამო ადამიანებს არ მოეთხოვებოდათ პასუხი, ამ ცვლილებებით ასე აღარ იქნება.
თუკი ეს კრიტიკა გახდება სამართლებრივი დავის საფუძველი სასამართლო დავაში, მოქალაქეს დაეკისრება სამართლებრივი მტკიცების ტვირთი, რომ მის მიერ გაჟღერებული კრიტიკა იყო, მაგალითად, საფუძვლიანი და არგუმენტირებული.
- ცვლილებების დოკუმენტში წერია არა კრიტიკა, არამედ „შეურაცხყოფა“. შესაძლებელია, რომ ის, რაც მოქალაქეს მიაჩნია კრიტიკად და რაც არის რეალურად კრიტიკა, „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენელმა მიიჩნიოს შეურაცხყოფად და ამის გამო გიჩივლოს?
ორი სხვადასხვა ამბავია. ერთი არის წმინდა შეურაცხყოფა და ბოლო ცვლილებით, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა, უკვე ისედაც დასჯადი ქმედებაა შეურაცხყოფა. მაგალითად, ადამიანისთვის „მოღალატის“ დაძახება შეიძლება გახდეს დაჯარიმების საფუძველი.
- მაგალითად, „მოღალატე“ ან „რუსო“, მონა“, როცა ეძახიან „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ან მათ რომელიმე წარმომადგენელს მოქალაქეები, დღეს არსებული რედაქციით ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში, ამ ცვლილებით ეს გახდება შეურაცხყოფა?
გამოხატვის თავისუფლების კანონი სხვადასხვა ფორმით ვრცელდება სხვადასხვა ტიპის ურთიერთობაზე. ფაქტია, რომ ამგვარი ქმედება, ამგვარი გამოხატვა, ადამიანისთვის აღარ არის უსაფრთხო და მას კანონი აღარ იცავს, რადგან გამოხატვის თავისუფლების კანონის მოქმედების ბუნება იცვლება.
თუკი აქამდე გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გაჟღერებული კრიტიკა იყო დაცული იმ გაგებით, რომ მოქალაქეს არ ჰქონდა ვალდებულება ემტკიცებინა იმ კრიტიკის ნამდვილობა, ამ შემთხვევაში მასზე გადავა მტკიცების ტვირთი.
და ამან შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევით პასუხისმგებლობის ტვირთი, მათ შორის – სამოქალაქო სამართლებრივი დავაც და კომპენსაციის დაკისრების პასუხისმგებლობა მოქალაქეზე.
- აქამდე მომჩივანზე იყო მტკიცების ტვირთი, ახლა კი „ოცნების ხელისუფლება“ აპირებს, მტკიცების ტვირთი დააკისროს მხოლოდ მოქალაქეს?
რა თქმა უნდა. კიდევ უფრო გასაგები რომ იყოს, რატომ არის ეს პრობლემა, განვმარტავ:
შეიძლება ადამიანს გაუჩნდეს კითხვა, – თუკი აკრიტიკებ, ვთქვათ, საჯარო მოხელეს ან ადამიანი რაღაც მძიმე ფაქტს აჟღერებს, ეს ხომ არ უნდა ეფუძნებოდეს არსაიდან მოტანილ ინფორმაციას, ასეთ მძიმე შეფასებას უნდა ამყარებდეს კონკრეტული მტკიცებულებები. მაგრამ რატომ არის ეს სახიფათო?
იმიტომ, რომ რეალურად დემოკრატიულ სახელმწიფოებში შეიძლება გამოხატვის თავისუფლების სხვადასხვაგვარი მოწესრიგება, მტკიცების ტვირთვის სხვადასხვაგვარი განაწილება, მაგრამ ასეთ ავტორიტარულ რეალობაში, სასამართლოს ასეთ მკაცრ დაქვემდებარებულობაში და საჯარო უწყებების ძალიან ჩაკეტილობასა და დახურულობაში ხშირად შეუძლებელიც კი არის მოქალაქეს ჰქონდეს ინფორმაცია, მათ შორის მედიას, რომ თუკი რაიმე ბრალდებას აჟღერებს, ეს სრულყოფილად დაამტკიცოს სასამართლოს წინაშე.
მეორე მხრივ, სახელმწიფოს ჰქონდეს ამაზე ეფექტიანი რეაგირება.
მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ. რამდენიმე დღის წინ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვის ბრალდებით ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე დააკავეს. ამ ფაქტს რამდენიმე თვით ადრე წინ უძღოდა საგამოძიებო რეპორტაჟები, სადაც იყო საუბარი იმაზე, რომ მინისტრის მოადგილე ჩართული იყო შესაძლო კორუფციულ ქმედებებში და შესაძლო უკანონო გამდიდრების პროცესებში.
ამ ფაქტზე, ამ ცვლილების მიხედვით, ჟურნალისტებს დაეკისრებოდათ სამოქალაქო პასუხისმგებლობა სწორედ იმის გამო, რომ მათ აქვთ ლიმიტირებული ინფორმაცია.
მაგრამ ლოგიკური კითხვაა, თუ ერთი წლის წინ არსებობდა ეს ინფორმაცია, დღეს რატომ ვიგებთ რომეო მიქაუტაძის დაკავების ფაქტს? რას ელოდებოდა ამდენი ხანი სამართალდამცავი უწყება?!
- მაგალითად, ამ საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ რომ მომზადებულიყო ეს საგამოძიებო სიუჟეტი და მიქაუტაძეს ეჩივლა მედიისთვის „სახელის გატეხვის“ საბაბით, ჟურნალისტებს დაეკისრებოდათ პასუხისმგებლობა, ხომ?
დიახ.
ჩვენ, რომ გვქონდეს აბსოლუტურად დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყებები და დამოუკიდებელი სასამართლო, ცხადია, მაშინაც პრობლემური იქნებოდა ეს ცვლილებები, მაგრამ არა იმ მასშტაბით, როგორიც ახლაა.
ახლა, ფაქტობრივად, ნებისმიერი კრიტიკა, როგორი საფუძვლიანიც არ უნდა იყოს ის, შეიძლება გახდეს ჟურნალისტების და მათ შორის, მოქალაქეების დასჯის საფუძველი.
- როცა მედია იყენებს ტერმინს – „სავარაუდოდ“, ამის გამოც შესაძლოა წარმოიშვას დავა?
ძალიან რთულია ამის თქმა, რადგან ეს პრაქტიკის საკითხია. თუმცა ჩივილით ნებისმიერ რამეზე შეუძლიათ უჩივლონ, მერე უკვე სასამართლოზეა დამოკიდებული, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი წინასწარ დათქმას აკეთებს, რომ შესაძლოა, ეს იყოს ვარაუდი.
საბოლოო ჯამში, დანაშაულზე როცაა საუბარი, საბოლოო გადაწყვეტილების უფლება აქვს საგამოძიებო ორგანოს.
- ეს იმას ნიშნავს, რომ კორუფციის შესახებ მასალების მომზადება გახდება პრობლემური?
უფრო მეტად სარისკო გახდება და ალბათ უფრო მეტად მოუწევთ ჟურნალისტებს თვითცენზურა. იმიტომ, რომ ნებისმიერი კრიტიკული შეფასება საჯარო მოხელის მიმართ გაკეთებული შეიძლება გახდეს მათ მიმართ სამართლებრივი დავის საფუძველი.
- ეს ცვლილება ასევე ითვალისწინებს იმას, რომ თუკი მოქალაქეს ან ჟურნალისტს გაამტყუნებს სასამართლო, მოდავე პირს შეუძლია მოითხოვოს როგორც ქონებრივი, ასევე მატერიალური ზიანის ანაზღაურებაც.
ეს ის ნაწილია, როდესაც „სახელის გამტეხი“ მონაცემების გაჟღერებაზეა საუბარი, სამოქალაქო დავის დროს მხარეს აქვს უფლება, რომ იდავოს, მათ შორის მატერიალურ კომპენსაციაზეც.
- აქამდე დაცული იყო ჟურნალისტი, რომ არ გაემხილა წყარო და ეს აძლევდა ადამიანებს იმის შესაძლებლობას, საზოგადოებამდე მიეტანა კორუფციის ან სხვა დანაშაულების შესახებ ინფორმაცია. წყაროს გაუთქმელობის უფლების მოშლა რას გამოიწვევს მედიაში და რა ზიანს მიიღებს ამით საზოგადოება?
პრობლემა ორმხრივია. ერთი მხრივ, მედიისთვის არის ეს ცვლილება ძალიან რთული, იმიტომ რომ მედიის ეფექტიანობის, სანდოობის ერთ-ერთი გარანტია ცხადია არის ის, რომ ფარავს წყაროს, რა გარემოებაც არ უნდა იყოს და მეორე მხრივ, მოქალაქეებს, აქამდე ჰქონდათ რწმენა, რომ მედიისთვის გაზიარებული მამხილებლური ინფორმაცია, კორუფციაზე იქნება ეს თუ სხვა ტიპის დანაშაულებზე, იქნებოდა იმგვარად გამოყენებული, რომ მისი ვინაობა არ იქნებოდა გასაჯაროებული.
მსგავსი გარანტია თუ არ არსებობს, ეს კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის მოქალაქეს და კიდევ უფრო ნაკლებ მოტივაციას უჩენს მას, რომ ითანამშრომლოს საგამოძიებო ჟურნალისტიკასთან.
- საკანონმდებლო ცვლილებაში წერია ასეთი რამ – „საჯარო სივრცეში პირდაპირი შეურაცხყოფა“. საჯარო სივრცე ფართო ცნებაა, რა შეიძლება მოიაზრონ აქ?
ნებისმიერი უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ გამოთქმული საჯარო ფორმით და ეს საჯაროობა არ გულისხმობს მხოლოდ დიდ აქციაზე ან ქალაქის ქუჩებში რუპორით რაღაცის ძახილს. საჯარო გამოხატვა მიემართება სოციალურ ქსელებში კრიტიკის გამოხატვასაც, რადგან დიდ აუდიტორიას ესაუბრება ადამიანი, ვიდრე რეალურ სივრცეში, ხომ?!
ამიტომ, ვირტუალურ სივრცეში დაფიქსირებული კრიტიკული აზრიც შეიძლება გახდეს მოქალაქეების მიმართ სამართლებრივი დავის საფუძველი და მათ მოუწიოთ კომპენსაციების გადახდა და ასე შემდეგ.
- „ნებისმიერი ფორმით“ როცა წერია, აქ რა შეიძლება იგულისხმებოდეს? მაგალითად თანამდებობის პირის გაშარჟებაც?
შეიძლება. ესეც სასამართლო პრაქტიკის ნაწილია, მაგრამ არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მაგალითად, გაშარჟება არ მოექცევა ამ ნაწილში და, ასევე, სხვის მიერ დაწერილი პოსტის გაზიარება ან ასეთ პოსტზე დაკომენტარება-დათანხმება… ბევრნაირი შეიძლება იყოს გამოხატვის ფორმა, რომელიც ექცევა ამ რეგულირების ქვეშ.
- თუ ეს ყველაფერი გახდა რეალური, როგორ სახელმწიფოს, რა საზოგადოებას მივიღებთ?
ფაქტობრივად ხელისუფლების კრიტიკა იკრძალება, ასეთ რეალობას ვიღებთ.
მეორე მხრივ, არსებითად უთანასწორო, ცალკარა თამაშის წესებს ადგენს „ოცნების“ ხელისუფლება, რადგან მათ პოლიტიკური გამოხატვის ფარგლებში, ფაქტობრივად, ყველას მიმართ შეუძლიათ არათუ კრიტიკის, არამედ ნებისმიერი ლანძღვის და მძიმე ბრალდებების გავრცელება ადამიანებზე ისე, რომ ამაზე პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ და მათ რომ საპირისპირო დაუძახო, მოქალაქეს დაეკისრება პასუხისმგებლობა.
და ეს არ არის მხოლოდ გამოხატვის პრობლემა, ამას ძალიან ბევრ მძიმე და სტრუქტურულ პრობლემამდე მივყავართ.
ხელისუფლების ჯანსაღი კრიტიკის რეალური სივრცე თუ აღარ იარსებებს ქვეყანაში, ეს აუცილებლად მოიტანს დაუსჯელობის სინდრომს, როდესაც მოხელეები, მათთან დაახლოებული პირები, ფაქტობრივად ნებისმიერი რამის გაკეთების უფლებას მისცემენ საკუთარ თავს, რადგან ხმის ამომღები არავინ იქნება.
ეს არსებითად გაზრდის ქვეყანაში უსამართლობას, რადგან ვინც კი დაახლოებული იქნება ამ პოლიტიკურ ელიტასთან, ის უსაფრთხოდ იგრძნობს თავს, სხვა ადამიანები კი იქნებიან მუდმივად დაჩაგრულები.
- ეს ფაქტობრივად დემოკრატიული საზოგადოების ტერორია, როცა ადამიანებს ეკრძალებათ ხელისუფლების კრიტიკა…
რა თქმა უნდა. ეს არსებითად გაზრდის კორუფციის არათუ რისკებს, არამედ მასშტაბებს, რადგან კორუფციის ჩამდენი მეტ-ნაკლებად ფრთხილობს, რომ სამსახურიდან გავა ეს ინფორმაცია, რომ რომელიმე კრიტიკულმა მედიამ მასზე არ გააკეთოს სიუჟეტი და არ დადგეს მისი სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ. ასეთი მოცემულობაც თუ აღარ იქნება, ცხადია, ეს კიდევ უფრო მეტად გაზრდის მოხელეების მადას.
- თქვენ ცალი კარი ახსენეთ და მოქალაქეს თუ შეუძლია, მაგალითად, უჩივლოს იმ კონკრეტულ პირებს, რომლებიც მათ „უცხო ქვეყნის აგენტებს“ ეძახიან, ყოველგვარი საფუძვლის და მტკიცებულების გარეშე? მათზე არ მოდის მტკიცების ტვირთი?
კარგი კითხვაა, მაგრამ რთულად საპასუხო, რადგან რეალურად საჯარო მოხელესაც შეუძლია უჩივლოს მოქალაქემ თუ რაიმეს მიიჩნევს მისი ღირსების შემლახავად, მაგრამ საჯარო მოხელეზე არ არის მტკიცების ტვირთი. მით უმეტეს, ჩვენი სასამართლოს პირობებში მინიმალური შანსიც არ არის, რომ პოლიტიკოსების მხრიდან მსგავს გამოხატვას ექნება ადეკვატური შეფასება.
ჩვენ უნდა გავმიჯნოთ დღეს რეალურად რისი უფლება გვაქვს მოქალაქეებს და ამ უფლების ეფექტიანად დაცვის მოლოდინები რამდენად უნდა გვქონდეს.
რეალურად, ის, რაც ხდება, ყველას პრობლემაა. იმიტომ, რომ როცა მთავარი უსამართლობა და უკანონობა კანონის სახელით კეთდება, მერე უკვე კანონის იმედიც აღარ უნდა გვქონდეს, რომ სამართლებრივი დავით დავიცავთ ჩვენს უფლებებს.
ამიტომ ძალიან გამიჭირდება იმის თქმა, რა არის ჩვენი დაცვის გარანტი.
- შესაძლოა ვინმემ იფიქროს, რომ მათ დაიცავს დუმილი?
თუკი მოქალაქე იქნება აბსოლუტურად ჩუმად, იქნება მორჩილი, ამან შესაძლოა „დაიცვას“, თუმცა არც ესაა ბოლომდე მისი დაცვის გარანტია, რადგან რეალურად, დღეს მოქალაქეს არაფერი იცავს.
შეიძლება გაჩუმების მასშტაბი შენ არ შეგეხოს, მაგრამ შეეხოს შენი ოჯახის წევრს, ნათესავს და მაინც და მაინც პოლიტიკურ საკითხებზე არ იყოს აქ საუბარი. მაგრამ იმ გარემოში, სადაც ცხოვრობ, უცებ გაიგე, რომ დიდი ჰესი შენდება, ან კორპუსს გიშენებენ ფანჯარასთან და კითხვა თუ გაგიჩნდა, – ასეთი ნებართვა კორუფციული გარიგების შედეგად ხომ არ გაიცა? ეს უკვე შეიძლება აღმოჩნდეს პრობლემა.
ამიტომ ეს გაჩუმება ყოველთვის ვერ დაგიცავს, რადგან მადა იზრდება და იზრდება მიზეზებიც, რის გამოც მოქალაქე უნდა გაჩუმდეს. შემდეგ კი, ძალიან ბევრის დათმობა მოუწევთ ადამიანებს.






